ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ
  • stories

  • Memories

  • About Me

ბლოგები

შეცდომა დასასრული არაა

თამუნა შაქარაშვილი 4 ივნისი, 2019
თამუნა შაქარაშვილი

ბინიდან გადავდივარ; ორი დღეა, ვალაგებ, ბარგი გადამაქვს და ძალიან დავიღალე. მეგონა, ყველაფერი დავალაგე, რომ უცებ ყუთიდან პატარა ბურთულები გადმომეყარა… ადვილი წარმოსადგენია, რაც დამემართებოდა.

ჩემი ძმა არაჩვეულებრივი ბიჭია, მაგრამ როცა დაინახა, უცბად წამოიძახა: „ყოჩაღ!“

კიდევ მეტად დამეცა თავზარი. ორი დღის განმავლობაში, გადაბარგების გამო, დაქანცული ვარ, ისევ ვალაგებ, ჩემი საყვარელი ძმა კი კომპიუტერს მისჯდომია და იქიდან იძახის: „ყოჩაღ!“ ?

ვიფიქრე, ამას რა აკრეფს-მეთქი, თან დამუხტულია და ყველაფერს ეკრობა.

უცებ შინაგანში გავიგონე სიტყვები: „შეცდომას შრომაში ვუშვებთ, და არა უსაქმურობაში.“ სწორედ ამიტომ მომივიდა რაღაც, რაც ყველას შეიძლება დაემართოს შრომის დროს, სხვადასხვა სახით.

დავიწყე აკრეფა, ვწვალობ, დავიტანჯე, ხელებიც ძალიან დამესვარა და ისევ მესმის ხმა: „როდესაც რაღაცისთვის ვშრომობთ და გვინდა რამის გამოსწორება, სუფთა ხელები არავის გვაქვს.“ შეიძლება ისინი არც რბილი იყოს და არც თეთრი, დავიხედე ხელებზე და შავია. ??  მინდა, ეს ყველაფერი სულიერებაში გადავიტანო! ?

ადამიანები ხშირად ვისჯით თავს ჩვენი შეცდომების გამო და გვგონია, ეს ჩვენ არ უნდა მოგვსვლოდა, ეს როგორ დაგვემართა; თუმცა ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ, არ ვსხედვართ უმოქმედოდ და სწორედ ამიტომ შეიძლება, რაღაც ისე ვერ გავაკეთოთ, როგორც გვსურს და მოგვიწიოს გამოსწორება, მუხლებზე დადგომა და სათითაოდ შეკოწიწება, თავიდან დაწყება, დალაგება, ჩალაგება და ბევრი სხვა რამ.

დიახ, ხანდახან ჩვენ ვდგებით მუხლებზე იმიტომ, რომ ყველაფერს რაღაც შედეგი აქვს — ან კარგი, ან ცუდი. შესაბამისად, გვიწევს გამოსწორება, განახლება და ხელების დაბანა; შემდეგ ყველაფრის თავიდან დაწყება, რადგან გვაქვს იმედი, რომ ხვალინდელი დღე დადგება.

მინდოდა, ამით მეთქვა: ყოველთვის, როდესაც რაღაც გაგვიფუჭდება, რაიმეს ისე არ, ან ვერ გავაკეთებთ, დავინახოთ, შევაფასოთ და ვიცოდეთ, რომ ჯდომასა და არაფრის კეთებაში შეცდომას ვერ დავუშვებთ; მხოლოდ საქმეში შეიძლება, რაღაც გაგვიფუჭდეს და უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ შეგვიძლია გამოსწორება.

მეც ასე, ავდექი, მშვიდად მოვაგროვე ეს პატარა ბურთულები, ჩავყარე ყუთში, შემდეგ მომიწია, ზედმეტი მინარევები მომეცილებინა მათთვის ისევე, როგორც ჩვენ გვიწევს, მოვიშოროთ ყველა არაჯანსაღი მინარევი, რომელიც „მივიკარით“ შეცდომის დროს. გავასუფთავე, დავაბრუნე ყველაფერი ისე, როგორც იყო, თითქოს არც არაფერი მომხდარა, თუმცა იმისთვის, რომ აქამდე მოვსულიყავი, ბევრი რამ ვიფიქრე და გავაკეთე.

ჩვენ უნდა გვქონდეს იმედი ხვალინდელი დღის. ⚓️  შრომა არასოდეს არის უაზრო. ყველაფერს აქვს თავისი დრო, შედეგი და ნაყოფი!

გისურვებთ ცხოვრებას, რომელშიც არ იქნება მსჯავრი და თვითგვემა, არამედ მშვიდობა, პატიება და განახლება იესოს ძალით, სულიწმიდის სიბრძნით და რწმენის მეშვეობით!

4 ივნისი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

უფალი წონის გულებს

გიორგი ოდიაშვილი 4 ივნისი, 2019
გიორგი ოდიაშვილი

„ღმერთმა ჩემი გული იცის.“  ̶  მსმენია, როგორ იმშვიდებენ ადამიანები თავს ამ სიტყვებით და შურით ავვსებულვარ; ნეტავ ოდესმე მეც დამამშვიდოს ამ სიტყვებმა, რადგან ახლა მხოლოდ მღელვარებასა და აფორიაქებას იწვევს ჩემში.

მართლაც, ღრმა მორევი ყოფილა გული კაცისა და მხოლოდ ღმერთმა უწყის ყველა ზრახვა და საიდუმლო გულისა…

მართლაც, კაცის გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვა და ანადგურებს მას… (მარკ. 7:21-23).

ოხ, გული მაქვს დამძიმებული და როგორ მინდა, რომ შემიმსუბუქდეს შინაგანი…

„რადგან როგორც გულში ფიქრობს ადამიანი, ისეთია იგი…“ (იგავ. 23:7).

მე ვსაუბრობ სიყვარულზე, მაგრამ იგი ხედავს ჩემს გულს. მოვუწოდებ ადამიანებს პატიებისაკენ, წმინდად ცხოვრებისაკენ, მაგრამ მან იცის ჩემი დაფარული ცხოვრება; მის თვალებს არაფერი გამოეპარება.

სხვებს მოვუწოდებ რწმენისა და გაბედულებისაკენ, მაგრამ ღმერთმა იცის საიდუმლო ოთახის შესახებ, სადაც მთელი ჩემი ურწმუნოება და უამრავი შიშია თავმოყრილი…

ვსაუბრობ გულმართლობასა და სიწრფელეზე, მაგრამ მან იცის ჩემი ნიღბების კარადის შესახებ…

ვსაუბრობ თავმდაბლობაზე და შექების მოსმენისას ვპასუხობ: „დიდება უფალს!“, მაგრამ მას ესმის ჩემი ფიქრები…

ვიდრეკ მუხლს, მაგრამ მან იცის ჩემი გულის ქედუდრეკობა… ვაქებ მას და ვუახლოვდები ბაგეებით, მაგრამ მან იცის ჩემი გულის სიშორე…

ადამიანებმა მხოლოდ ის იციან ჩემზე, რაც მე მინდა, რომ იცოდნენ… ისინი მხოლოდ ისეთად მიცნობენ, როგორადაც მე მინდა, რომ მიცნობდნენ… ისინი მხოლოდ იმას ხედავენ ჩემში, რისი დანახვის უფლებასაც მე ვაძლევ… კაცთაგან არავინ იცის, კაცთაგან არავინ მიცნობს, კაცთაგან ვერავინ მამხელს, მაგრამ ღმერთმა და მხოლოდ მან იცის საიდუმლონი გულისა. (ფსალ. 43:21).

რამდენიმე წლის წინ, ლოცვის ერთ-ერთ საღამოზე მუხლებზე ვიდექი, თავი მქონდა ჩაღუნული, როგორც დამნაშავეს სჩვევია და ჩემს უწმინდურებაზე ვტიროდი. ვიღაცამ შემამჩნია, მომიახლოვდა და მითხრა: „ნუ გეშინია, ღმერთმა შენი გული იცის.“

სავარაუდოდ, ჩემი გამხნევება ჰქონდა მიზნად, მაგრამ მე უფრო ძლიერად და მეტი სიმწრით ავტირდი, რადგან სწორედაც მაგის მეშინოდა, რომ ღმერთმა იცოდა ჩემი გულის ცბიერების შესახებ…

„ყველაფერზე ცბიერია გული და გაუკუღმართებული; ვინ ჩასწვდება მას?“ (იერ. 17:9).

დღევანდელ საუკუნეში ბევრი საფიქრალი და ბევრი საზრუნავი აქვს კაცობრიობას… ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს ყოველდღიურობაზე, ვშრომობთ, ვწვალობთ, რათა გამოვიმუშაოთ თანხა, რომლის მეშვეობითაც შევძლებთ საკვების ყიდვას და საკუთარი ოჯახის შიმშილისაგან დაცვას…

დამეთანხმებით, რომ ზრუნვისა და დაცვის სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება; ჩვენ ბევრ რამეზე ვზრუნავთ და ბევრ რამეს ვიცავთ, მაგრამ ღმერთის სიტყვა ამბობს:

„ყველაფერზე მეტად დაიცავი შენი გული, რადგან მისგან მოედინება სიცოცხლის წყაროები.“ (იგავ. 4:23).

მე არ მჯერა დაბადებიდან სუფთა გულების… გულს შრომა და დაცვა სჭირდება, რათა სუფთა და სათნო იყოს ღვთის წინაშე…

შეუძლებელია ღმერთის სტანდარტების ცვლილება, ამიტომაც აუცილებელია, ჩვენი გულები შეიცვალოს.

„ნეტარ არიან გულით სუფთანი, რადგან ისინი ღმერთს იხილავენ.“ (მათე 5:8).

სუფთა გულის ქონის წყურვილი ალბათ იქ იწყება, სადაც აცნობიერებ, რომ ის არ გაქვს.

ასე რომ, ჩემო მკითხველო, თუ ხედავ საკუთარ გულში უსუფთაობას, ისევე, როგორც მე ვხედავ ჩემს გულში, ნუ დანებდები, ისევე, როგორც მე არ ვაპირებ დანებებას, არამედ შედი დაფარულ  ̶- ლოცვის ოთახში და უფლება მიეცი ღმერთს, შეცვალოს შენი გული, რადგან ეს არის საუკეთესო ცვლილება, რაც კი შეიძლება მოხდეს შენში…

გაკურთხოს უფალმა!

4 ივნისი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

გაიღვიძე, მძინარავ!

ია ბობოხიძე 29 მაისი, 2019
ია ბობოხიძე

„რატომ იქვავებთ გულებს, როგორც იქვავებდნენ ეგვიპტელები და ფარაონი? განა არ გაუშვეს მათ ხალხი, როგორც კი სასტიკად დასაჯა ისინი უფალმა?!“ (1 მეფ. 6:6).

რატომ იქვავებ შენ, ადამიანო, გულს, როდესაც გაქვს შანსი, გეწიოს ყოველივე კარგი?

რატომ მიჰყვები მიმართულებას, რომელიც საბოლოოდ, ცუდი შედეგების გამომწვევია?

რატომ ირჩევ გზას, რომელსაც დაღუპვისკენ მიჰყავხარ?

ღიაა კარი წინსვლის…

ღიაა კარი წარმატებისა და გამარჯვების, გათავისუფლების!

ნუთუ უბედურების განცდაა საჭირო ამჟამინდელი სიკეთის დასანახად?

ნუთუ საჭიროა მკაცრი ხელი ან საერთოდაც, პასუხისგება შენს უკუღმართ საქციელზე, იმისათვის, რომ მოეგო გონს?!

კიდევ გაქვს დრო, კიდევ შეგიძლია, აირჩიო ვიწრო, მაგრამ ბოლოს გამარჯვების მომტანი ბილიკი.

გაქვს საშუალება, ტკივილის გარეშე მიიღო აღთქმული.

და თუ მაინც არ გინდა, მაშინ ძალით შექმნილ უბედურებას ღმერთს ნუ მიაწერ! მას ნუ მოჰკითხავ პასუხს შენს წარუმატებლობაზე! მას ნუ უსაყვედურებ იმ განსაცდელებისთვის, რომელთაც გაივლი.

შენი დაუმორჩილებლობა, არმოსმენა, გაქვავებული გული და გულისთქმა შობს ცოდვას, რომელსაც ექნება საზღაური!

გამოფხიზლდი, მძინარავ!

უფალი დგას და აკაკუნებს.

თუ გაუღებ გულის კარს, შემოვა და აღარ დაუშვებს შენს უკეთურებას.

გაიღვიძე, მძინარავ!

 

29 მაისი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

“ლგბტ საზოგადოება – როგორ მოვექცეთ?!”

ნიკა ჯიაძე 18 მაისი, 2019
ნიკა ჯიაძე

„მოვკლათ“, „ამოვწყვიტოთ“, „ამოვბუგოთ“, „ჩამოვახრჩოთ“, „გილიოტინა მაგათ!“  …

„ისინიც ადამიანები არიან“, „21-ე საუკუნეა“, „იყვნენ“, „ყველაფერი იცვლება“, „უბრალოდ თადარიგი დავიჭიროთ“ …

რომელ ფრთას გავყვეთ ლგბტ საზოგადოებასთან მიმართებით? პირველს, რომელიც სრულ განადგურებას მოითხოვს, თუ მეორეს, რომელიც შემწყნარებლობით გამოირჩევა?

არც ერთს, და არც მეორეს!

ღვთის თვალში ქორწინება კაცისა და ქალის ერთობაა, სხვა დანარჩენი, სხვა „ურთიერთობა“ კი ცოდვაა, მაგრამ…

სულ სხვა რამეზე უნდა დაფიქრდეთ: როცა ბრძნული სიტყვა ითქმის, სისულელე და უმეცრება განიდევნება; როცა ვაჟკაცური საქციელი გამოჩნდება, მხდალი და მშიშარა მიიმალება; როცა მართალი გამოდის, უმართლონი გარბიან; როცა სინათლე აღწევს ბნელ ოთახში, წყვდიადი მიიძურწება; როცა სიყვარული ძლიერდება, სიძულვილი სუსტდება; როცა ბედნიერება მძლავრობს, უიმედობა მიილევა…

რატომ ვამბობ ამ ყველაფერს?

რა ხდება, როცა სადავეებს ვუშვებთ, არ ვართ მოწოდების სიმაღლეზე, არ ვასრულებთ ჩვენს მოვალეობებს? მაშინ ბოროტება იჩენს თავს.

ჩვენ, ქრისტიანები, ბევრი რამისთვის ვართ მოწოდებულნი – სიყვარულისთვის, თანაგრძნობისთვის, სიმართლისა და ჭეშმარიტების დაცვისა და ლაპარაკისთვის, და ყველაზე მეტად კი იმისთვის, რომ მარილად და სანთლად მოვევლინოთ ქვეყანას. მარტივია, „ამოვწყვიტოთ“ და „ამოვბუგოთ“, ვიდრე ვიცხოვროთ ისე, რომ საშუალება არ მივცეთ ბოროტებასა და ცოდვას, ფესვი გაიდგას ჩვენში; ვიყოთ ნათელი და მარილი ხალხისთვის.

ყოველგვარი ბოროტება ცოდვაა. „თავი არ მოიტყუოთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთაყვანისმცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც დადედლებულნი, ვერც მამათმავალნი,

ვერც ქურდნი, ვერც ხარბნი, ვერც ლოთნი, ვერც მლანძღველნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სამეფოს.“ (ბიბლია).

ნუ გვექნება აქცენტი „მცირე ჯგუფზე“, ერთ კონკრეტულ ცოდვაზე; საკუთარი თავი გამოვიკვლიოთ, რადგან „ათი­სა და ოცის კა­ცის ავა­ზა­კო­ბა ისე ვერ და­ა­ზი­ა­ნებს ერის ცხოვ­რე­ბას, რო­გორც სხვაგ­ვა­რი ავა­ზა­კო­ბა ათა­სი­სა და ორი ათა­სი­სა.“ – ვაჟა-ფშაველა.

თუ სხეულის იმუნური სისტემა მოსუსტდა, ადვილად ავადდება ადამიანი; თუკი ვირუსმა შეაღწია სხეულში, უჯრედები გადაგვარებას იწყებს და ჯანსაღი უჯრედებიც იხოცება. ასე შეიძლება დავავადდეთ ჩვენ ცოდვით, როგორც საზოგადოება – მრავალგვარი ბოროტებით.

საუკეთესო გზაა ქრისტეს გზა, მისნაირად მოქცევა, მისი მცნებების დაცვა, რაც უზრუნველყოფს ძალას, სინათლესა და სიყვარულს საზოგადოების შესანახად და გასაძლიერებლად.

ასე რომ, ვინც ბოროტს ამართლებს, ცოდვას ნორმად მიიჩნევს, ბნელს ნათელს უწოდებს, მათ მიმართ, როგორც წმინდა წერილი გვასწავლის: „ასეთია ნება ღვთისა, რათა კეთილის ქმნით დაადუმოთ უგუნურ ადამიანთა უმეცრება.“

18 მაისი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

შენთან მოვა უფალი, არ დააგვიანებს

რომა შალამბერიძე 7 მაისი, 2019
რომა შალამბერიძე

„თუ დააყოვნებს, დაელოდე, ვინაიდან უცილობლად მოვა, არ დააგვიანებს. აჰა, მედიდურ კაცში გულიც არაწრფელია, მართალი კი თავისი რწმენით იცოცხლებს.“ (აბაკუმი 2:3-4).

ხშირად მორწმუნე ადამიანები დგებიან გამოწვევის წინაშე, დაელოდონ უფალს თავიანთი საჭიროების დროს და სათხოვრების ფონზე, თუ თავად დაასრულონ საქმე, რომელსაც აკეთებენ; ეს იქნება ოჯახის შექმნა, ახალი ურთიერთობის დაწყება, ახალი სამსახურის პოვნა, სხვა ქვეყანაში წასვლა სამსახურის საძიებლად თუ სხვა.

მათი იმედი თითქოს უფალშია, რაც მათ ლოცვებში გამოიხატება, თუმცა ბოლომდე ვერ იჩენენ სიმტკიცეს, ჰგონიათ, რომ უფალი აგვიანებს პასუხს.

ზოგჯერ თითქოს იმდენად ზუსტად გვაქვს გათვლილი ყველაფერი, რომ მხოლოდ ღმერთის თანხმობაღა გვაკლია, მაგრამ რადგან ის იგვიანებს, ჩვენი ძალებით ვცდილობთ საქმის სისრულეში მოყვანას და როცა ეს ყოველივე მარცხით სრულდება, ჩნდება კითხვა: „რატომ, ღმერთო?“ მე ხომ ვლოცულობდი. ღმერთის პასუხი კი ასეთი იქნება: „შენ არ დამელოდე.“

ადამიანებს ეჩქარებათ… ეჩქარებათ, აღასრულონ საკუთარი სურვილები.

მრავალი მორწმუნე იქცევა, როგორც ზრდასრული შვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ  თავად შეუძლია, გადაწყვიტოს მნიშვნელოვანი საკითხები და რომ სულაც არ არის საჭირო უფლის დალოდება.

ღვთის სიტყვა ასეთ ადამიანს მედიდურს უწოდებს, რომელთა გულიც ასეთ დროს არაწრფელია, რადგან ამ დროს ადამიანი არათუ თავს იმდაბლებს უფლის წინაშე, რომ მიიღოს მისგან პასუხი, არამედ გადაწყვეტილი აქვს, თუ რას გააკეთებს და რიტუალური ჩვეულების გამო მაინც ლოცულობს, რომ ღმერთმა გააკეთოს ისე, როგორც მისი საქმისთვისაა ხელსაყრელი. ასეთ დროს ადამიანი ღვთის მაგივრად იღებს გადაწყვეტილებას.

ამ ყოველივეს ნაცვლად, თავისი სიტყვით, ღმერთი მოგვიწოდებს, რომ დაველოდოთ მას. ის არ დააგვიანებს. უფალი აუცილებლად მოვა და დახმარებას აღმოგიჩენს.

ნუ ზრუნავთ, თქვენ არ შეგიძლიათ და ნურც ეცდებით, საკუთარი ძალებით გასცეთ პასუხი კითხვებს, რომლის პასუხსაც უფლისგან ელით. თუ უფალს სთხოვთ რაიმეს, დაე, დაელოდეთ მას, რომ გიპასუხოთ.

  როდესაც არ ჩანს გზა, არ ჩანს გამოსავალი, არ ჩანს არავინ, ვინც შენს საჭიროებას დააკმაყოფილებს და თითქოს უფალიც დუმს, კვლავ განაგრძე უფლის დალოდება რწმენით, ის მოვა შენთან, არ დააგვიანებს!..

იხილეთ სხვა ბლოგერების მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით:

 

ნატალია ჩიქოვანი – „დაემორჩილე უფალს და დაელოდე მას!“ (ფსალმუნი 36:7). ადამიანებს ლოდინი არ გვიყვარს, ვღიზიანდებით, ვჩქარობთ და ეს გვიბიძგებს თვითნებობისკენ. ქრისტიანობა კი სწორედ საკუთარი ნების უარყოფასა და უფლის ნების აღსრულებას გულისხმობს, რადგან უფლის ნების აღმსრულებელი რჩება უკუნისამდე.

გიორგი ოდიაშვილი – უფლის მოქმედებისათვის არდალოდება ნაყოფია გულის არასწორი მდგომარეობისა. ასეთ დროს ადამიანი თავის გულში ფიქრობს, რომ ღმერთს რაღაც ეშლება და ახლა უმჯობესია, საკუთარი სიბრძნით იმოქმედოს, ეს კი დამღუპველია მისთვის.

7 მაისი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

აღდგომის დროა!

თეონა მენაბდიშვილი 3 მაისი, 2019
თეონა მენაბდიშვილი

კიდევ ერთმა ბრწყინვალე დღესასწაულმა ჩაიარა. დიასახლისები მორჩნენ სააღდგომო სუფრის გაწყობა-ალაგებას,  თითქმის ყველა გამოფხიზლდა, საფლავებზე დაღვრილი ღვინო გაშრა და ალაგ-ალაგ მოჩანს წითელი კვერცხები. ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა ყველა. ახლა უფრო და უფრო იშვიათად გაიჟღერებს ქრისტეც და მისი აღდგომის ამბავიც, და თუ მაინც ვინმე ეცდება მასზე საუბრის წამოწყებას, ყველა ეჭვის თვალით შეხედავს და სასაუბრო თემის შეცვლას შეეცდება. აქ სეზონურია მორწმუნეობა. ყოველ წელს დგება დრო, როცა დამწუხრებული სახით, გრძელი სანთლითა და ათასი ეჭვით უნდა იდგე, თავს აიძულო ღამის გატეხა და თან კმაყოფილებით გაბრუებული ფიქრობდე, რომ ღმერთს აამე, მცირე ტანჯვით გადაფარე ხანგრძლივი განცხრომა და თვითგვემით გამოისყიდე ცოდვები.

მნიშვნელობა არ აქვს, რომელ მხარესაა საკურთხეველი, თუ ზურგით დგახარ ქრისტეს ჯვართან…

მნიშვნელობა არ აქვს, „მოკალი“ თუ არა ხორცი მარხვით, თუკი შენი სულიც მკვდარია…

მნიშვნელობა არ აქვს, გარდამოვიდა თუ არა ცეცხლი, თუკი მარადიულობა სწორედ ცეცხლში უნდა გაატარო…

უფალმაც ხომ იცოდა, რომ ვერასოდეს მივწვდებოდით ზეცას ჩვენი ძალისხმევით და სწორედ ამიტომ მოვიდა მიწაზე. აზრი არ აქვს მის გარეშე ქრისტიანობას,  თავად ქრისტეა აღდგომაცა და სიცოცხლეც.

და რომ მოგესმინათ ჩვენი უფლის ხმა…

რომ მოგესმინათ, როგორ გეძებთ მწყემსი კეთილი…

რომ აგხელოდათ თვალები და დაგენახათ თქვენი ცოდვები მასთან ერთად ჯვარზე გაკრული…

რომ გაგხსნოდათ  ყური სასმენად და გაგეგონათ გულის კარზე მისი კაკუნი…

ნუ გაიქვავებთ გულებს, შემობრუნდით ღმერთისკენ, ეძებეთ მისი სახე და მოუხმეთ უფლის სახელს გადასარჩენად.

„სხვაში არავისში არ არსებობს ხსნა, არც არის ცის ქვეშ ხალხისათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით.” (საქმეები 4:12).

„თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები. ვინაიდან გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად.“  (რომაელთა 10:9-10).

კიდევ ერთმა ბრწყინვალე დღესასწაულმა ჩაიარა…

და იქნებ სწორედ ახლაა დრო ნამდვილი აღდგომის?!

 

3 მაისი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

სიყვარული, რომელმაც სიკვდილი დაამარცხა!..

მარიამ ბაიდაშვილი 1 მაისი, 2019
მარიამ ბაიდაშვილი

ჩემი სიცოცხლე გამოსყიდულია… ამ სევდისფერ სამყაროში ჩემი გული ისევ ძგერს, რაც იმას ნიშნავს, რომ მე დავინახე კაცი, რომელიც ჩემ გამო ჯოჯოხეთში ჩასვლაზეც თანახმა იყო.

როგორ დააბიჯებდი, იესო, ამ ჭუჭყისფერ სამყაროში, ზეცის გარეშე, ბინძურ სამოსში გახვეულ კაცთათვის?

ქუჩაში ვდგავარ და კაბა მიფრიალებს…

იმ დღეს, სანამ ჩემი გამოსყიდვა აღსრულდებოდა, დუმდა დედამიწა, მშვიდად ეძინა ბოროტებას, შენ კი მარტო დარჩი, იესო, გეთსიმანიის ბაღში და მამას ეძებდი ზეცის მიღმა. ისე ძლიერ გტკიოდა, ისე ძლიერ, უფალო, რომ ოფლის ნაცვლად სისხლი გდიოდა. სამყაროს არ ესმოდა შენი ტკივილის, სამყარო ბოროტებას უღიმოდა იმ ღამით. ზეცამ ვერ გაუძლო შენს ტკივილს, იესო, და წვიმა შეგაშველა.

მიდიოდი გოლგოთის მთისკენ და სამყაროში ვინც კი დაიარებოდა, ყველა შენ გაწმენდდა დასვრილ ხელებს სპეტაკ სამოსზე. გოლგოთამდე შენი სამოსელი მთლად ჭუჭყისა და სისხლისფრად შეღებილიყო.

ვდგავარ ქუჩაში და კაბა ისევ მიფრიალებს…

იმ ღამით იესოს მზერა მარადიულ სიყვარულს მიმტკიცებდა. როდესაც მის თვალებს ჩახედავდი, შენს გამოსყიდულ სიცოცხლეს დაინახავდი და თუ ჰკითხავდი იესოს, ღირდა თუ არა სისხლის დაღვრა ამ ბინძური თაობისთვის, ის გაგიღიმებდა და მისი მზერა გეტყოდა:

„ღირდა! ღირდა ამ თაობისთვის სისხლის დაღვრა! ღირდა, თუნდაც მხოლოდ შენი სიცოცხლისათვის!“

და გამუდმებით ისმის სამყაროში ეს ხმა, რომელიც იმეორებს:

„ღირდა შენთვის მიწაზე მოსვლა და შენი გამოსყიდვა ჩემი სოცოცხლის ფასად!“

ეს არის მარადიული სიყვარული. სიყვარული, რომელმაც სიკვდილი დაამარცხა!..

1 მაისი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

მაცხოვრის სამარხად ქცეული გულები

თეონა მენაბდიშვილი 1 მაისი, 2019
თეონა მენაბდიშვილი

მოგესალმებით, თქვენ ღვთისმშობლის წილხვედრილ ქვეყანაში იმყოფებით, ფეხზე ნუ გაიხდით, მობრძანდით, თქვენი ნაფეხურები ნამდვილად არ დაემჩნევა სხვისი ჩექმით მოთხვრილ მიწას. 

გაგიმართლათ, რომ ამ პერიოდში მოხვდით ჩვენთან, ახლა აქ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობენ. მერე რა, თუ სიბნელე მეტია, ვიდრე ეს ბრწყინვალება, უბრალოდ სიტყვაზე მენდეთ. 

ახლა ისე ახსოვს ხალხს ღმერთი, როგორც წელიწადის არც ერთ სხვა დროს, ამას მათი საუბრით თუ არა, სოციალურ ქსელებში დაწერილი ფრაზებით მაინც მიხვდებით, მთელი რუდუნებით აზიარებენ წითელი კვერცხებისა და პასკის ფოტოს, მეტიც, ისინი არც უფლის სადიდებელ კომენტარებს იშურებენ. მრავლად შეხვდებით დავას მართლწერაზეც, „აღდგა“ თუ „აღსდგა.“ ხომ ხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ეს დღე. 

ადამიანები მზად არიან, მთელი ერთი კვირით ახსოვდეთ უფალი და მორწმუნეთა შესახედაობა ჰქონდეთ. ალბათ, ამიტომ ეწოდება ამ პერიოდს მძიმე კვირა, ადვილი ხომ არაა ასეთი სწრაფი გარდაქმნა. 

ნამდვილად კარგია, რომ აქ უფლისადმი მოწიწებისა და მოკრძალების სეზონზე იმყოფებით, განრიგში მრავალი სხვა დღესასწაულიცაა და ქრისტეს სახელიც იშვიათად გაიჟღერებს, მაგრამ ეს ხომ არაფერს ცვლის. უნდა მოისმინოთ, როგორ ამბობენ ჩვენთან უფლის სადღეგრძელოს და ღვთიური სასმლით გაბრუებულნი როგორი ენთუზიაზმით ჰყვებიან საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანობის ამბავს. 

სხვებთან თავის მოწონება გვჩვევია ქართველებს, თუმცა რამდენიც არ უნდა გესაუბროთ აღდგომაზე, თავადაც ხომ ხედავთ დაუმარცხებელ სიკვდილს… 

თავადაც ხომ ხედავთ უამრავ გულს, რომელიც მაცხოვრის სამარხად ქცეულა, თუმცა იმ რეალური ამბისგან განსხვავებით, ლოდი კვლავ ადევს სამარხის კარს და მცველებიც ყურადღებით დარაჯობენ. 

დიდი ხანია, ღამეა… 

დიდი ხანია, შეშინებული და დაფანტულია ერი.
მაგრამ მჯერა, რომ მალე მზე ამოვა, მოვლენ მენელსაცხებლე ქალები და ლოდს გადაგორებულს ნახავენ, რომ მთელი ქვეყანა მოისმენს ანგელოზის ხმას: „რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებს შორის?“ 

მჯერა, რომ გზაში შემოხვდება აღმდგარი უფალი მის მაძიებლებს, რომ არც დაეჭვებულთ დაივიწყებს – მოვა თომასთან იესო და აჩვენებს ხელებს. 

მწამს, რომ ყველას გულში არსებულ სამარხს ქრისტეს დიდების ტახტი შეცვლის, რომ ყველა ერთად ვიხილავთ მის ამაღლებას. 

მჯერა, ჩვენთანაც დადგება მესამე დღე, ადამიანები მთელი გულით, მთელი რწმენითა და მთელი შეგნებით იტყვიან: „ქრისტე აღდგა!“ და პასუხად მოისმენენ: „ჭეშმარიტად!“ 

  

1 მაისი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

რატომ არ ხდება ოცნებები?

ია ბობოხიძე 1 მაისი, 2019
ია ბობოხიძე

ხშირად ვოცნებობთ და ბევრჯერ, ალბათ, კითხვას ვსვამთ, თუ რატომ არ ხდება ჩვენი ოცნებები…

პასუხს კითხვითვე ვუპასუხებ: ემთხვევა ისინი უფლის ნებას შენს ცხოვრებაზე თუ არა?

ხშირად ადამიანური გონებით განვსჯით, რა არის კარგი და რა – არა, როდესაც გარკვევით წერია: „რადგან ვინ იცის, რა არის კარგი ადამიანისათვის ცხოვრებაში?“ (ეკლ. 6:12).

ძირითად პრობლემას ერთი საკითხი განაპირობებს: ჩვენი სურვილები გულისთქმით არის ნაკარნახები, თუ ღვთის ნების შესაბამისია.

„ითხოვეთ და მოგეცემათ…“ (მათე 7:7).

როდესაც ვითხოვთ ღმერთის ნების შესაბამისად, პასუხი აუცილებლად მოდის; და მეტსაც გეტყვით, მაშინვე მოდის.

„ვინაიდან ამბობს: ‘შესაფერ დროს გიპასუხე და ხსნის დღეს შეგეწიე.’ აჰა, ახლაა შესაფერი ჟამი; აჰა, ახლაა ხსნის დღე!“ (2 კორ. 6:2).

ეს „ახლა“ ადამიანური თვალსაზრისით ცოტა გაუგებარია. „თუკი ახლა მოდის პასუხი, რეალობა სხვა რატომ არის?“ – დაგვებადება კითხვა. არც ეს არის რთულად გადასაჭრელი საკითხი.

ღმერთი დროის გარეთაა. ეს ჩვენ ვართ მოცულნი მისით. როდესაც ამბობს ღმერთი „ახლა“-ს, იგი გულისხმობს ჩვენთვის შესაფერის დროს, რომელიც მისთვის „ახლა“ არის, თუმცა დედამიწაზე ჯერ არ დამდგარა.

ნათელი მაგალითია შემთხვევა, როდესაც ისრაელიანებს ქანაანელთა წინააღმდეგ უნდა ებრძოლათ.

ჰკითხეს ღმერთს ისრაელის ძეებმა, თუ ვინ გასულიყო საბრძოლველად და „თქვა უფალმა: ‘იუდა გავიდეს; აჰა, მისთვის ჩამიგდია ხელში ეს მიწა.’“ (მსაჯ. 1:2).

დააკვირდით გრამატიკულ დროებს, გამარჯვება ღმერთმა წარსულში მისცა, თუმცა უნდა გასულიყვნენ და ებრძოლათ, ე.ი. დრო და გარკვეული ქმედებები იყო საჭირო გამარჯვების დასამკვიდრებლად.

სწორედ ეს არის, ჩემო ძვირფასებო, რაც მოსასვლელია, მოვა! მთავარია, თქვენი სურვილი ღვთის ნებას ემთხვეოდეს, რომელიც არის კეთილი, სასურველი და სრულყოფილი!

 

1 მაისი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ახალი ბლოგები
ძველი ბლოგები
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    ბარაბას ადგილზე რომ ვყოფილიყავით…

    14 აპრილი, 2023
  • 2

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 3

    პატიება

    5 დეკემბერი, 2015
  • 4

    ვისთვის რა არის თავისუფლება?!..

    19 თებერვალი, 2019
  • საუბარი ღმერთთან

    4 მაისი, 2018


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ