„ყველაფერზე მეტად დაიცავი შენი გული, რადგან მისგან მოედინება სიცოცხლის წყაროები.“ (იგავ. 4:23).
და მაინც, რატომ არის გულის დაცვა და სისუფთავე ამდენად საჭირო?
ან უფრო მარტივი კითხვა დავსვათ: რისი მოშორება ხდის შენს გულს სუფთას? რისგან გათავისუფლება ტოვებს გულს დაცულად?
პასუხი უმარტივესია: ყოველივესგან, რაც უფლისგან არ არის.
ამ შემთხვევაში გალატელთა 5:20-ზე მსურს ყურადღების გამახვილება: „მტრობა, ჩხუბი, ეჭვიანობა, რისხვა, შუღლი, უთანხმოება, განხეთქილება, სიძულვილი…“
ამ ჩამონათვალის გულში დაგროვება და გაუთავისუფლებლობა აშენებს ერთ დიდ, მეტსაც გეტყვით, უდიდეს ლოდს, რომელიც აკავებს თქვენს პირად კურთხევას უფლისაგან.
ეს კურთხევა არის ის გზა, რომლის მეშვეობითაც არის შესაძლებელი უფლის კეთილი, სასურველი და სრულყოფილი ნების აღსრულება.
ყოველივე ამას კი ლოდის გადაგორება სჭირდება. ნუთუ ძალუძს ადამიანს თავისით, საკუთარი ძალით ლოდის ადგილმდებარეობის შეცვლა?
რაღა თქმა უნდა, არა.
ერთადერთი მხოლოდ და მხოლოდ ღმერთია შენი გულიდან ლოდის ჩამომშორებელი.
მას პირადად შენთვის აქვს მომზადებული გეგმა, რომელიც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია და ადამიანს არ გაუვლია გონებაში.
იმ ტვირთის, ლოდის ჩამოშორება, რომელიც გულით დაგაქვს, გამოათავისუფლებს იესოს, რომელიც შენშია და მისცემს საშუალებას, შენით იმოქმედოს.
ახლა კი შენი გადასაწყვეტია, მიანდობ უფალს ტვირთის ჩამოშორებას გულიდან, თუ აუკრძალავ მას მოქმედებას შენივე ეგოიზმით, სიამაყითა და საკუთარი თავის სიბრალულით.
„ნეტარ არიან გულით სუფთანი, რადგან ისინი ღმერთს იხილავენ.“ (მათე 5:8).
ზოგჯერ, წყვდიადში გაწოლილი, სამყაროს შავბნელ კუთხეში, დასჯილი ბავშვივით ვდგავარ და ვცახცახებ.
ზოგჯერ სიბნელე ქარიშხალივით ცდილობს გულში შემოჭრას, ჩემი გული კი ძველი ქოხივით ირხევა, ჭრიალებს.
ბნელა…
აქ ვარ, სადაც თავგაჭეჭყილი გველი გვირგვინით იფარავს დამარცხების კვალს.
აქ ვარ, სადაც მზე შავია, სხივები კი – ცივი.
აქ ვარ, ზეციდან შორს და ღმერთთან ახლოს.
თუმცა, წყვდიადში მოარულთა ღრიალი ვერ ფარავს უფლის ჩუმ ძახილს. ამ ცივ სამყაროში, მშობლის მიერ მოფარებული საბანივით თბილია მისი ჩურჩული.
მაშინ, როცა ხელ-ფეხი სუსტდება და გული ცახცახებს, როცა მავიწყდება ზეცის სურნელი და ტკივილის ღრუბელი ფარავს თვალთახედვას, როცა იმედის ბოლო წვეთებიც დათვლილი მაქვს და მოლოდინის სარკმლებიც დახურულია, უფლის მხოლოდ ერთი სიტყვა, მხოლოდ ერთი შეხებაც კი შეშინებულ ბავშვს ძლიერ მებრძოლად მაქცევს.
კვლავ მოდის და ნალურსმევი ხელით მწმენდს ცრემლებს, მაღლა მაწევინებს თავს, ფარსა და მახვილს მაჭერინებს, ხელებს მიმაგრებს და ფეხებს ძალას აძლევს.
ის აქცევს ჩემს გულს სინათლის სამყოფლად, ის აქცევს უძლურებას თავის იარაღად, ის აქცევს ჩემს ჭრილობებს სხვების განკურნებად, ის აქცევს ჩემს ცრემლებს საბრძოლო ყიჟინად.
აქ, სადაც მოურიდებლად მეტმასნება ბოროტება…
აქ, სადაც ღმერთისთვის ადგილი არ მოიძებნა…
აქ, სადაც ცხოვრობენ ისე, თითქოს სულაც არ არიან „მკვდრები“…
აქ, წყვდიადში გაწოლილი სამყაროს შავბნელ კუთხეში,
ვდგავარ სიბნელისაგან ვერდაძლეული სინათლის ძალით…
სიბნელისაგან ვერდაძლეული სინათლის ძალით ვდგავარ!..
არასწორი მოლოდინის გამო ძალიან ხშირად იმედგაცრუებულნი ვრჩებით, რაც მტკივნეულია ჩვენთვის…
რეალურად, არასწორი მოლოდინი რაღაცის კი არა, ვიღაცის „ბრალია“. ვგულისხმობ იმას, რომ განა კონკრეტული საკითხის მოლოდინი გვიცრუებს იმედს, არამედ კონკრეტული ადამიანი, რომელსაც უსაფუძვლოდ ვავალდებულებთ.
ვავალდებულებთ რაში?
ყურადღებას ვითხოვთ, მზრუნველობას, სიყვარულს… ბუნებრივია, ასეც უნდა ხდებოდეს, მაგრამ პრობლემა ამ შემთხვევაში დოზაა, რომელიც ხშირად გადამეტებულია...
ერთი ადამიანი ითხოვს მეორისგან ძირითადად იმას, რაც აკლია და ვერც კი ხვდება, იმდენად იჭრება მის პირად სივრცეში, საზღვრებს სცდება და სწორედ ამის შემდეგ იწყება პრობლემები.
და რატომ?
ძალიან მარტივი ასახსნელია.
კონკრეტული პიროვნება სხვისგან ითხოვს იმას, რაც, რეალურად, უნდა მიიღოს ღმერთისგან. ანუ ადამიანისა და ღმერთის ურთიერთმოვალეობას, დამოკიდებულებას ურევს ერთმანეთში და, ბუნებრივია, წყენით მთავრდება ურთიერთობა, ვინაიდან ვერც ერთი ადამიანი ვერ შეძლებს ღმერთის ადგილის ჩანაცვლებას.
ჭეშმარიტება ის არის, რომ ოქროს შუალედი, რომელიც ურთიერთობებში უნდა არსებობდეს, ირღვევა ღმერთის არშეცნობის გამო. შინაგანი, რომელიც უფლის სულით უნდა იყოს გაჟღენთილი, ვინაიდან უფლის ტაძრად იწოდება ყოველი, გავსებულია ყველაფრით, გარდა იესოსი და ადამიანი ნაკლოვანებას განიცდის სწორედ ამ დროს. ამიტომაც მიდის ერთი მეორესთან და ითხოვს იმ სიცარიელის შევსებას, რომელსაც ̶ მატერიალური თუ ბუნებრივი ̶ ვერაფერი ჩაანაცვლებს.
აქედან გამომდინარე, საჭიროა უფლის შეცნობა, რათა მისი უცოდინარობის გამო არ დაიღუპოს შენი შინაგანი წყენის, იმედგაცრუების, ტკივილისა და სიმარტოვის განცდით.
მიუახლოვდი უფალს, რათა განიცადო ღვთიური სიყვარული, და ის, რასაც ადამიანებში ეძებ, დაკმაყოფილებული იყოს სწორი პიროვნების, ღმერთის, მიერ!
„თუ ვინმეს უნდა, რომ გამომყვეს, უარყოს თავისი თავი, ყოველდღე აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს.“ /ლუკას 9:23/
რამდენჯერ მითქვამს: „სამყაროს ბოლომდე მოგყვები, ღმერთო!“ რამდენჯერ დაგპირებივარ, უფალო, ქვეყნის კიდემდე გამოყოლას… ბევრჯერ, უამრავჯერ… და ბოლო დროს სულ იმაზე მეფიქრება, ზოგჯერ ორ ნაბიჯზეც რომ ვერ მოგყვები… ზოგჯერ არ შემიძლია, უბრალოდ ჩემი მეზობლის კარამდე გამოგყვე, ღმერთო…
ადამიანებს ხომ გვჩვევია ყველაფრის გაუბრალოება, ჩვევად გადაქცევა, ჰოდა აი, ასე გავცვითე ჩემი დანაპირები და სინდისის აღთქმა. იქნებ უბრალოდ მოგვწონს საკუთარი წესებით თამაში, ცნებების გაიგივება იმასთან, რაც გვეადვილება. იქნებ უფრო ადვილია, ქრისტიანობა დავარქვა ეკლესიაში სისტემატურ სიარულს და თავი დავიმშვიდო, რომ „მოგყვები“… შენ კი სადა ხარ, ღმერთო…
ვინ იცის, სად ხარ, როცა მგონია, რომ მოგყვები, შენ კი დგახარ მრავალი გულგატეხილი ადამიანის კართან და მეძახი, მეძახი, რომ მოვიდე და შენი ნუგეში მოვიტანო ბაგეებით და შენმიერი შველა – ჩემი ხელებით.
ვინ იცის, სად ხარ?… იქნებ სულგამწარებულებთან ხარ იმ ქალაქში, იმ უბანში, სადაც მე ვცხოვრობ… იქნებ ლოთებთან და ნარკოდამოკიდებულებთან ერთად ზიხარ იმ კიბეზე, საღამოობით ნაჩქარევად რომ ავირბენ ხოლმე, თვალი რომ არ შევავლო მათ „ცოდვილ“ სახეებს… ვინ იცის, სად ხარ და რა გტკივა… თუმცა არა, ვიცი, რომ შენ იქ ხარ, სადაც ადამიანებს სჭირდებათ სიცოცხლე, ნათელი, იმედი, სიყვარული, დახმარება…. მე, მე სად ვარ, ღმერთო? როდის ჩამოგცილდი? როდის შევწყვიტე შენს ნაკვალევზე სიარული?… ეკლებმა ხომ არ შემაშინა? ან ფართო გზა ხომ არ გახდა ჩემთვის უფრო მიმზიდველი, ვიდრე ეკლიანი საცალფეხო ბილიკი მარადიულობისკენ? იქნებ სხვათა აზრს მეტად ვუფრთხი, ვიდრე შენსას? სადა ხარ, ღმერთო? ან მე სადა ვარ?…
მინდა, გამოგყვე სამყაროს ბოლომდე, მაგრამ მანამდე მინდა, ჩემს ახლობლებთან გამოგყვე ხოლმე ბოდიშის მოსახდელად, მადლობის სათქმელად, სიყვარულის გამოსახატავად… რა სასაცილოდ ჟღერს და რა ძნელია ზოგჯერ…
თვალი ამიხილე, ღმერთო, რომ დავინახო, სად ვარ, იქნებ ქვის სასროლ მანძილზე მოგშორდი უკვე, ან იქნებ უცხო ცეცხლთანაც ვზივარ, ვინ იცის… ადამიანებს ყველაზე მეტად ჩვენივე შექმნილ ილუზიაში ცხოვრება მოგვწონს… თვალი აგვიხილე, ღმერთო, რათა შევწყვიტოთ ქრისტიანობანას თამაში, რათა გვერქვას და ვიყოთ ქრისტიანები, რათა მოგყვებოდეთ ყველგან და ყოველთვის, რათა გვიყვარდე და გვიყვარდეს ადამიანები… თვალი აგვიხილე, ღმერთო…
„ამბობს უფალი: ‘წყეულია კაცი, რომელიც ადამიანზეა დანდობილი და ხორცისგან მოიცემს ძალას, უფალს კი შორდება მისი გული.’“ (იერემია 17:5).
უმეტესად, უამრავი ადამიანით ვართ გარშემორტყმულნი, ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები, სოციალური ქსელის სრულიად უცნობი აუდიტორია. გავურბივართ მარტოობას და ხშირად ამით არა მხოლოდ სოციალურ საჭიროებას ვიკმაყოფილებთ, არამედ ღმერთის ჩანაცვლებასაც ვცდილობთ.
ადამიანები იმ ტკივილგამაყუჩებლებივით მოქმედებენ ჩვენზე, რომლებსაც დროებითი ეფექტი აქვთ, განკურნება კი არ შეუძლიათ.
დგება მომენტები, როცა სრულიად მარტონი აღმოვჩნდებით, როცა სხვების გამხნევება, რჩევა, თანადგომა სრულიად უშედეგო ხდება და უამრავი ამაო მცდელობის შემდეგ კვლავ აღმოვაჩენთ, რომ არავის, გარდა ღმერთისა, არ შეუძლია ჩვენი სიცარიელის შევსება.
საკმარისია, მხოლოდ ღმერთი გვიჭერდეს მხარს, მაგრამ მაინც ადამიანებისას ვეძებთ; საკმარისია, მის წინაშე გვქონდეს გული წრფელი, ჩვენ კი მაინც ადამიანებისთვის ჩვენებას ვცდილობთ და ჩვენი გულიც თოკზე დარჩენილი სარეცხივით იმტვერება, ხუნდება…
მართალია, ისიც მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ ადამიანები ჩვენზე, როგორ შემოგვხედეს, რამდენად სწორად გაგვიგეს, რამდენად დაინახეს ჩვენი გული… მაგრამ ადამიანის თვალი ხომ ყველაფერს ვერ ხედავს და არც მის ყურს ესმის ყველაფერი. არც მათგან უარყოფაა მარადიული და არც მათი კეთილგანწყობა იქნება მუდმივი.
გულთამხილველი კი გვიცნობს.
ყველაფერი იცის ჩვენი გულისა, დაბუდებული ტკივილიც და შიშის წამიერი გაელვებაც; კართან ატუზული ეჭვიც და შემოჩვეული ცოდვაც.
„ღმერთმა იცის“ ნიშნავს, რომ მას უკვე გამოსავალიც აქვს.
გამოცდილებით ხომ უკვე ვიცით, რას ნიშნავს ადამიანზე დანდობილთა წყევლა; ხომ უკვე ვნახეთ, როგორ შეუძლიათ ̶ იმედი გაგვიცრუონ ყველაზე ძვირფასებმა; ხომ გვიგემია იუდას კოცნაც; ისიც ხომ ვნახეთ, რომ თანამგრძნობი, ერთგული მეგობრები, მშობლები ̶ ყველანი უძლურნი არიან, როცა საქმე ადამიანის გულსა და სულს ეხება.
მან, ვინც სული შთაბერა ადამიანს სიცოცხლისთვის, იცის, როგორ შეუბეროს სული მის ჭრილობებს; იცის, როგორ გვიმკურნალოს.
მოდით, გავისწოროთ გულები, გავაშიშვლოთ და შევამოწმოთ უფლის წინაშე.
უფრო მნიშვნელოვანი ხომ არ გახდა, ადამიანების თვალში ვიყოთ მართალნი, ვიდრე ღმერთისა? მის ნაცვლად ადამიანზე დანდობილნი ხომ არ გავხდით? ხომ არ ვცდილობთ, სხვებს დავაკისროთ ის, რაც მხოლოდ უფალს შეუძლია?
მოდით, კიდევ ერთხელ მივცეთ გულები ოსტატს გამოსაძერწად, თუნდაც ჩვენთვის არასასიამოვნო ჩურჩული მოვისმინოთ, რთული და რისკიანი.
მივცეთ გულები ოსტატს…
„კურთხეულია კაცი, რომელიც უფალზეა დანდობილი, უფალი იქნება მისი დასაყრდენი.“ (იერემია 17:7).
ოთხი დღეა, მხოლოდ საქართველოზე ვფიქრობ…
აქციები, მიტინგები, მსვლელობანი… დათხრილი თვალები… დასახიჩრებული სხეულები… მოწამლული ადამიანები…
იგივე მეორდება, არაფერი იცვლება…
„9 აპრილი“…
საითკენ მივდივართ?! ვინაა ჩვენი წინამძღოლი?!
არ გვინდა არსებული, ძველსაც ცხვირს ვუბზუებთ…
არც ერთ ძალას კვერს არ ვუკრავთ.
არც ომი გვინდა ვინმესთან, მხოლოდ – მშვიდობა…
დავიღალეთ, დამძიმდა ჩვენი სამშობლო…
გაიძახიან: „უპატრონოდ არიან ეს ახალგაზრდები“; „თავი უნდა ამ ყველაფერს!“; „ახალი ძალა!“
ბევრი რამ დავწერე, ბევრმაც გაიზიარეთ.
თუმცა ახლა რასაც ვწერ, იქნებ არც მოგეწონოთ, მაგრამ…
სულ რაღაც ერთი წუთით ჩავფიქრდი და მივხვდი, რომ იმაზე მეტი გვჭირდება, ვიდრე ჩვენ ვცდილობთ…
ჩვენი ქვეყნის ბუმბერაზების აზრებიც მოვისმინეთ, მაგრამ მაინც არ კმარა!
უფრო მეტნი შევიკრიბეთ, მეტი ძალა გამოჩნდა, მაგრამ რაღაც მეტი გვჭირდება!
გამოგვრჩა ყველაზე დიდი, რომელიც ამბობს: „შეჩერდით და გაიგეთ, რომ მე ვარ ღმერთი!“
„ავმაღლდები ერებს შორის!“
შევჩერდეთ, ერთი წუთით დავფიქრდეთ…
გავიგოთ, ვის უნდა მივმართოთ!
იცით, საოცარი რა არის? წმინდა წერილში წერია, რომ „ღმერთი განავრცობს ერებს და წარუძღვება მათ.“
ხომ ყველა ძალა მოვსინჯეთ? ხომ არ გვყავს წინამძღოლი და არც პატრონი? დაე, ღმერთი იყოს ჩვენი წინამძღოლი! როგორ?
გავიგოთ, რომ თავისუფლება, ძლიერება, მშვიდობა და შველა ღმერთისაა.
განა ეს ხელისუფლების მოშლას ნიშნავს? არა!
განა ეს მთავრობის არარსებობას ნიშნავს? არა!
განა ეს დანებებას და დალოდებას ნიშნავს? არა და არა!
მხოლოდ: ჩვენს გულებში ღმერთს დავუთმოთ ადგილი
და კვლავ, შევძახოთ ჩვენი უკვდავი შეძახილით:
„ღმერთი არს ჩვენთან!“
„პატარა ქვეყანა დიდი სატკივარია. ჩვენი ქვეყანა კი იმდენად პატარაა, ხელები რომ გაშალო, თავ-ბოლოს მისწვდები. ასეთ ქვეყანას სხეულივით უნდა გრძნობდე და როცა შენს მიწაზე უცხო მოძალადე დადის, ისე უნდა გტკიოდეს, თითქოს შენს სხეულზე დადიოდეს და შენს სხეულს თელავდეს.” /ჯემალ ქარჩხაძე/
პირველად ცხოვრებაში, არ ვიცი, საიდან დავიწყო წერა… თავიდან დავიწყებ: 1989 წელს დავიბადე… 9 აპრილის მოგონებებზე გავიზარდე, თავისუფლებისთვის ბრძოლის საფასური „ბნელი 90-იანები“ ჩემმა თაობამ საკუთარ თავზე გამოცადა. იყო მხედრიონი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, აგვისტოს ომი… ზედმეტად ბევრია იმისთვის, რომ ზუსტად იცოდე, ვინ არის მტერი და ვინ – მოყვარე.
შემხვედრიან ადამიანები, რომლებიც გამუდმებით მისტიროდნენ წარსულს: 37-მანეთიან ფრენას მოსკოვში, რუსულ ნაწარმსა თუ სხვა „სიკეთეებს“ და ყოველთვის, როდესაც ამ არაჯანსაღ ნოსტალგიას ვაწყდებოდი, საშინელი პროტესტის გრძნობა მეუფლებოდა, რადგან მგონია, რომ თავისუფლება უფლისაგან ბოძებული უმნიშვნელოვანესი რამაა, რომლის ჩანაცვლებაც არანაირ მატერიალურ კეთილდღეობას არ ძალუძს!
არა და არ დამთავრდა „გეორგიევსკის ტრაქტატი“ საქართველოსთვის, ისე გაუტკბა ჩრდილოელ მეზობელს მასპინძლის როლში ყოფნა ჩვენს ქვეყანაში, რომ ვერა და ვერ შეგველია, მაგრამ ვაი, რომ პრობლემა მხოლოდ ეს არ არის. საქართველოს არასდროს აკლდა ორჯონიკიძეები, ყორღანაშვილები, ბერბიჭაშვილები თუ ქუცნაშვილები… ხალხი, რომელიც გარეშე მტრის წისქვილზე ასხამდა წყალს საჭირო მომენტში.
„ერთმორწმუნეა მაინც“ – ხშირად გაუმართლებიათ მავანთ დამპყრობელი, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ქრისტიანობა მშვიდობისა და სიყვარულის რელიგიაა; იმ ძლიერთა და სუსტთა რელიგიაა, რომელთაც იციან, რომ ძლიერებმა სუსტების ტვირთი უნდა ზიდონ; პირადი მხსნელისა და სინდისის აღთქმის რელიგიაა და სწორედაც რომ არ ჰყოფნის სახელმწიფო რელიგიის სტატუსი, რათა ძალა ჰქონდეს რწმენას და საქმეებში გამოვლინდეს. მას რაღაც უფრო მეტი სჭირდება, ვიდრე კონსტიტუციაში ჩაწერა და ეს ადამიანთა გულებია, მათი პირადი გადაწყვეტილება – გაჰყვნენ იესოს! სიმბოლურია, რომ არსებული მღელვარება სწორედ „ერთმორწმუნეობის“ ნიადაგზე დაიწყო…
ჩვენი წარსული მუდმივი ბრძოლაა თავისუფლებისთვის (ბოლო 200 წელი კი სწორედ რომ „ერთმორწმუნე მეზობელთან“). ერის სისხლი კი, მისი გენეტიკური კოდი, საერთო ისტორიაა. ის, რაც ერთად გაგვივლია, რაც განგვიცდია, რაც ჩვენს საერთო იდენტობას ქმნის… ის, რაც გუშინ მოხდა, სწორედ რომ ისტორიას დარჩება და მომავალი დაარქმევს სახელს.
საქართველოში, რომლისთვისაც მტერთან ბრძოლა და არდანებება ცხოვრების წესი გახლდათ, ყოველთვის უყვარდათ გამოთქმა: „მტრის ჯინაზე“, არადა ბოლო დღეებია, მტრის გასახარად აღმართეს თანამოძმეებმა ერთმანეთზე ხელი.
საქართველოს კონსტიტუცია ამბობს: „სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი!” ხელისუფლება მოდის და მიდის, ხალხი კი რჩება და მას ყველაფერი ახსოვს. მარტივია, მაგრამ, რატომღაც, ყველა ხელისუფალებას სწორედ ხალხის მიერ რომ მიეცა ძალაუფლება, ავიწყდება ხოლმე ეს… ადამიანები – ძალაუფლებას ჩაჭიდებულნი – ადვილად ივიწყებენ, რომ სინამდვილეში უბრალოდ მსახურნი არიან ხალხისა, რომლებმაც ნდობის მანდატი გამოუცხადეს მათ. სამწუხარო და მტკივნეულია ის, რაც გუშინ ვიხილეთ, ძმა ძმის წინააღმდეგ, სწორედ მტრის გასახარად…
გურამ დოჩანაშვილი ამბობდა: „სამშობლო მხოლოდ მინდორი და მთები არაა, სამშობლო ადამიანიცაა.“ თითოეული ჩვენგანია საქართველო, თითოეული მათგანი, ვინც ახლა საავადმყოფოში თუ წინასწარი დაკავების საკანშია, თითოეული, ვინც ახლა აქციაზე დგას; თითოეული ემიგრანტია საქართველო, ცრემლჩამდგარნი რომ ლოცულობენ მშვიდობისთვის ახლა; თითოეული პოლიციელიც საქართველოა და როგორ მინდა, რომ ყველა მათგანი აცნობიერებდეს, რა მნიშვნელოვანია ერთად დგომა და სიყვარული დღეს ჩვენი ქვეყნისთვის.
დღეს, ჩვენ ყველას დაგვთხარეს თვალები, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით, მაგრამ სამართალი ახვეული თვალითაც ცნობს ჭეშმარიტებას. შესაძლოა, ადამიანზე იძალადო, დაჩაგრო და მოერიო მას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს შემოქმედი ზეცაში…
„ნეტარ არიან სამართლის დამცველნი და სიმართლის მოქმედნი ყოველ ჟამს.“ ფსალმუნი105:3
P.S. გთხოვთ, შემოგვიერთდეთ ლოცვაში ჩვენი ქვეყნისთვის. დაე, უფალი იცავდეს ჩვენს ქვეყანას!
ღმერთის შვილებს ხშირად გვიჩნდება კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ მოვისმინოთ უფლის ხმა? რატომ არ გვესაუბრება ის? რა უნდა გავაკეთო, რომ ღმერთმა ისურვოს ჩემთან საუბარი? მინდა, წმინდა წერილიდან ერთი მუხლი შემოგთავაზოთ, რომელიც მრავლისმთქმელია.
- „დავდგები ჩემს სადარაჯოზე, ავალ კოშკზე და დავაყურადებ, რომ ვნახო, რას მეტყვის და რა ვუპასუხო ჩემს მხილებაზე.“ (აბაკუმი 2:1)
წმინდა წერილის ეს ადგილი, სულ მცირე, სამ მნიშვნელოვან დეტალზე გვესაუბრება:
- დავდგები ჩემს სადარაჯოზე.
დავუდარაჯდეთ! სადარაჯო ̶ ეს არის ჩვენი ლოცვის ადგილი.
ყოველი ქრისტიანის ცხოვრებაში აუცილებელია, არსებობდეს ლოცვის ადგილი! დრო და მომენტი იმისათვის, რომ დაიღვარო უფლის წინაშე, დააფასო და დაუთმო ძვირფასი გამოყოფილი დრო მას… რომელი დროც მხოლოდ მისი იქნება, რომელ დროსაც შენ მარტო იდგები მის წინაშე ხელის შემშლელი ყველა ფაქტორის გარეშე.
- „უფალო! დილაობით მოისმინე ჩემი ხმა, დილაადრიან წარვდგები ლოცვით შენ წინაშე და დაგელოდები.“ (ფსალმუნი 5:3)
- ავალ კოშკზე და დავაყურადებ.
მივაყურადო – წრფელად მოვუსმინო.
შეწყვიტე საქმიანობა და მიაყურადე უფალს. მზად იყავი მის მოსასმენად, მიუხედავად იმისა, სასიამოვნო იქნება თუ არა მისი ხმა შენი ემოციური მდგომარეობისთვის / ხორციელი კაცისთვის. მივიღოთ მისი სიტყვა ზუსტად ისეთი, როგორიც არის, ყოველგვარი ადამიანური ინტერპრეტაციისა და გადაკეთების გარეშე, რამეთუ მან ზუსტად იცის, რა გვჭირდება!
„სული ჩემი მოელის უფალს უფრო მეტად, ვიდრე გუშაგი ̶ დილას, დიახ, ვიდრე გუშაგი ̶ დილას.“ (ფსალმუნი 129:6)
- რომ ვნახო, რას მეტყვის და რა ვუპასუხო ჩემს მხილებაზე…
ვუპასუხო ̶ მზად ვიყო მოსმენილის შესასრულებლად!
სანამ მის ხმას მოვისმენთ, უნდა გვესმოდეს, რომ მოგვიწევს პასუხის გაცემა; მოგვიწევს რეაგირება მოსმენილი სიტყვის შესაბამისად. ძალიან ხშირად სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც არ საუბრობს ღმერთი ჩვენს ცხოვრებაში. მან იცის, რომ მზად არ ვართ იმის მოსასმენად, რასაც ვითხოვთ.
ერთხელ ახალგაზრდა ჭაბუკმა მიირბინა იესოსთან და აღტაცებულმა ჰკითხა: „რა გავაკეთო, რომ გადავრჩე?“ როდესაც მოისმინა, რომ ყველაფერი უნდა გაეყიდა და შემდეგ დაბრუნებულიყო მასთან, ძალიან დაღონდა, რადგან მზად არ იყო დავალების შესასრულებლად.
ჩვენც, როდესაც უფალთან მივდივართ, უნდა გვესმოდეს, რომ ემოციებმა კი არა, მტკიცე გადაწყვეტილებამ უნდა მიგვიყვანოს იესოსთან. აბაკუმ წინასწარმეტყველი სანამ მოისმენდა უფლის ხმას, ის უკვე ფიქრობდა, რომ უნდა ეპასუხა კიდეც მისთვის!
ჩემო ძვირფასო მეგობარო, ღმერთს სურს შენთან საუბარი და ის ელოდება, თუ როდის მონახავ ადგილს, როდის დაელოდები მას, და როდის იქნები მზად, რომ მისი სიტყვის შესაბამისად იმოქმედო! სწორედ მაშინ გაიხსნება ღმერთის უხვი და კურთხეული ბაგე შენს ცხოვრებაში!..
„…კაცი მხოლოდ გარეგნობას ხედავს, ხოლო უფალი გულს უყურებს.“ (1 მეფ. 16:7)
რა სასიამოვნოა, რომ არსებობს ვიღაც, ვისაც უსაზღვროდ უყვარხარ… ვინც შენი ერთგულია, მიუხედავად შენი ნაკლოვანებებისა, და გეხმარება, რომ გახდე უკეთესი…
რა ბედნიერებაა, როდესაც არსებობს შენს ცხოვრებაში პიროვნება, რომელიც ხედავს შენს გულს, რომელსაც შეუძლია შენი მოტივების, ზრახვების დანახვა, მიუხედავად მათი გამოხატვის ფორმისა.
ნამდვილად საოცარი მომენტია, როდესაც სიტყვების გარეშე ესმის ვინმეს შენი; ახსნის გარეშე იგებს შენს ტკივილს და სწორედ ამ დროს უბრალო და დროული სიტყვით განუგეშებს; ანგრევს გულში მარტოობის, იმედგაცრუების, ტკივილის კედლებს, სამაგიეროდ კი შინაგანს თავისი სიკეთითა და მადლით ავსებს.
ერთ ამბავს მოგიყვებით, რომლითაც კიდევ უფრო მეტად აღმოვაჩინე, თუ რაოდენ მოწყალეა იესო და შევეცდები დაგანახვოთ, თუ რა არის განსხვავება ჩვენსა და იესოს შორის ადამიანების შეფასების დროს.
როგორც წესი, საკონტროლო წერის, წერითი ტესტის თუ გამოცდის დროს იკრძალება მობილური ტელეფონის გამოყენება. მე კი აღმოვჩნდი ისეთ სიტუაციაში, როდესაც ერთ–ერთმა სტუდენტმა მობილური ტელეფონი დამალა და შეეცადა, სათავისოდ გამოეყენებინა ის. ძალიან გავბრაზდი, ოღონდ არა შურის, არამედ უსამართლობის გამო და გულში გავიფიქრე: „გამოააშკარავე ახლა ეს, ღმერთო.“ არაფერი მომხდარა... მოგვიანებით, ფიქრებში გართულმა, სხვანაირად დავინახე ეს შემთხვევა. დავინახე, თუ რამდენად ეული და უიმედო იყო იმ მომენტში ის ადამიანი. მივხვდი, რომ საკუთარი თავის გარდა მას არავინ გააჩნდა, მობილური ტელეფონი იყო მისი ერთადერთი იმედი. ამას ემატებოდა კიდევ ერთი პრობლემა – საკმარისად ნამეცადინარი არ იყო და ამიტომაც გადარჩენის ბოლო გზა ტყუილი აღმოჩნდა მისთვის.
ამ დროს ჩემს თავს შევხედე, ნებისმიერ დროს უფალზე მინდობილ იას, რომელსაც ეს გრძნობა არ გამოუცდია ან უბრალოდ აღარ ახსოვს. აღარ მახსოვს, რას ნიშნავს მიტოვებულობა, რას ნიშნავს უიმედობა და მხოლოდ საკუთარი თავის იმედად დარჩენა. აღმოვაჩინე, თუ რამდენად მოწყალეა იესო, რომელიც ადამიანის ქცევაზე მაღლა მის გულს აყენებს, მის შინაგანს აკვირდება. სულგრძელობით ელოდება თითოეულს, გული ეწვის ადამიანთა უკეთურებაზე და თავისი სამართლით ცდილობს მათი გზების გამოსწორებას.
ნუ განაგრძობ არასწორის თესვას, ვინაიდან ამას აუცილებლად ექნება საზღაური… დაიწყე მოწყალე იესოს ძიება, რომელიც დიდი ხანია, რაც გელოდება. ის აავსებს შენს ცხოვრებას სიკეთით, მადლით, სიყვარულითა და ყოველივე იმით, რის ნაკლოვანებასაც განიცდი დღეს!..
„მპატიებელი და შემბრალეა უფალი, სულგრძელი და დიდად მოწყალე. ყველას მიმართ კეთილია უფალი და მისი წყალობა მის ყველა ქმნილებაზეა.“
ფსალ. 144:8-9
