ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ
  • stories

  • Memories

  • About Me

ბლოგები

შიში

ია ბობოხიძე 18 სექტემბერი, 2019
ია ბობოხიძე

ჩემი აზრით, არ არსებობს უარესი რამ, ვიდრე წაგება! არაფერია უფრო მტკივნეული, ვიდრე იმედგაცრუება და ყველაზე დიდი საფრთხის შემცველია შიში, რომელიც გიკეტავს გონებას და გაიძულებს არასწორად მოქმედებას, გავიწყებს ყველაფერს, გაშინებს სრულიად უსაფუძვლოდ… რაზეც ორი დღის წინ უპრობლემოდ თანხმდებოდი, ახლა ყურებაც კი გზარავს; ვერ ბედავ მოქმედებას, წინ სვლას; მთლიანად გებინდება გონება, კარგავ აღქმისა და საღად აზროვნების უნარს…

იმდენად გიპყრობს, რომ მკვდარ სისაზიზღრეს გიცოცხლებს და ლეშით გაშინებს. გავიწყდება, ყველაფერი გავიწყდება და თვალწინ გესახება მხოლოდ გონებაში შეთხზული სურათი, რომელსაც ისევ შიში განახვებს.

შენ წინ არის გასაღები, მაგრამ გონებადაბინდული და თვალებდაბრმავებული ვეღარ ამჩნევ, გიჭირს პოვნა; ხელოვნურად ცდილობ გზის გაკვლევას, მაგრამ არ გამოგდის…

შეიძლება ღმერთიც გავიწყდება მაგ დროს; მშვიდად მოსაუბრე, წყნარი, მზრუნველი სულიწმიდა… 

გელაპარაკება, გასწავლის გზას, გეძახის კიდეც, მაგრამ იმდენად ხარ მოცული შიშით, რომ ძახილი აღარ გესმის…

და იკარგები!..

იკარგები, ჰო, სრულიად არაფრის გამო, არარსებული შიშის და საფრთხის, უბრალო წარმოდგენების გამო, რომლებიც ტყუილით არის დახატული გონებაში.

ვინ იცის, რა ხდება ამ დროს ღმერთის გულში; როგორ უნდა შენთვის ხმის მოწვდენა.

ვინ იცის, როგორ სურს იმ მომენტში, რომ გაგახსენდეს და სთხოვო დახმარება, რისთვისაც მუდამ მზად არის!

ვინ იცის, როგორ გელოდება, მაგრამ შენ, შიშით მოცული და თვალებდაბრმავებული არსება, მზერას მხოლოდ შიშს აპყრობ, რითაც ივიწყებ იესოს და წარუმატებლობის გზაზე იწყებ გაქცევას. ყოველი ახალი გადაწყვეტილება, რომ დამორჩილდე შიშს, განაპირობებს სიჩქარის ზრდას ამ ბილიკზე სირბილის დროს. 

ამით იუარესებ მომავალს.

გზააბნეული მიედ-მოედები ყველაფერს, იკარგები და გიჭირს გამოსავლის მოძებნა. მძაფრდება შიშის გრძნობა, დრამატული წარმოდგენები, და მიტოვებულად, დამარცხებულად გრძნობ თავს…

უკვე თანახმა ხარ, დამორჩილდე ნებისმიერს, ანდაც დაარღვიო წესები, სრულიად უკუღმართად მოიქცე, ოღონდაც იპოვო გზა!..

მაგრამ, ვაი ამ მცდელობებს, რომ არ გამოგდის!

ეძებ პასუხს და ყველაფერს ამჩნევ გარდა ერთის – სიყვარულისა.

უცნაურია… იკითხავ, ალბათ, რა შუაშია სიყვარულიო, მაგრამ გეტყვი!

სიყვარულია ის, რაც დევნის შიშს და თავს გვაღწევინებს ტანჯვისგან: „სიყვარულში არ არის შიში, არამედ სრულყოფილი სიყვარული დევნის შიშს, ვინაიდან შიშში ტანჯვაა…“ (1 იოანე 4:18).

სიყვარული არის ერთადერთი პასუხი ნებისმიერ შიშზე გასამარჯვებლად. 

სიყვარული გვინათებს გზას, გვანახვებს სწორ მიმართულებას გაუგებრობის ლაბირინთში და გვეხმარება, რომ წმინდა გზებით დავაღწიოთ თავი დაბნეულობას; მისით განვდევნოთ შიში და ვიყოთ გამარჯვებულები!

და, აი, კავშირი შიშის დამარცხებასა და სიყვარულს შორის: „ღმერთი სიყვარულია.“ (1 იოანე 4:8).

გადაეცი იესოს შენი ყოველი საზრუნავი, სადარდებელი, პრობლემატური საკითხი და იგი, სრულყოფილი სიყვარული, იბრძოლებს შენ ნაცვლად, ჩამოგაშორებს ყოველგვარ ტვირთსა და დამაბრკოლებელ ცოდვას, და გასწავლის, როგორ თქვა უარი წარმოსახვაში შექმნილ შიშზე!

 

18 სექტემბერი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

კაცთა სისუსტე – ძილი!

ნიკა ჯიაძე 17 სექტემბერი, 2019
ნიკა ჯიაძე

რა ხდება მაშინ, როცა გვძინავს?

შენ მაშინ გღვიძავს!

ამ დროს ვინ იძვრის ცოცხლად?

ვინ უძღვის სამყაროს მაჯისცემას?

ვინ მფარველობს დიდსა თუ პატარას?

ვარსკვლავებს ებაასები,

პლანეტებს ესაუბრები,

ფრინველთ ასაზრდოებ, 

ცხოველთ აძლიერებ, 

გულს სიცოცხლის სუნთქვით ავსებ.

ჩვენ კი, უფალო…

ღმერთო, რა უსუსურები ვართ, 

ჩვენ გვძინავს! 

რა უპასუხისმგებლობაა ძილი! 

ვინ შეეწევა უბადრუკს, ვინ განიკითხავს ჩაგრულს, ვინ ანუგეშებს მარტოსულს, ვინ თანაუგრძნობს გულგატეხილს, ვინ დაიხსნის მომაკვდავს?

აი, კაცთა სისუსტე – ძილი! 

შენ კი გღვიძავს!

შენ არ შეგფერის ძილი, უფალო!

კი მაგრამ, უფალო! ერთგან სძინავთ და მეორეგან ღვიძავთ… 

ზუსტად ასეა!

მე კიდევ, როცა მძინავს, საერთოდაც არაფერზე არ ვფიქრობ, არავის ბედი არ მანაღვლებს… არც ჩემი მშობლების, არც მეგობრების… 

თუნდაც სიკვდილთან ქიშპობდნენ, ტკივილს ებმოდნენ,

ბნელთან ცილობდნენ და სენს ებრძოდნენ.

თუნდაც ერთი მეტრი მაშორებდეს მათგან…

როცა მძინავს, ვის სტკივა, ვის სცივა, ვინ კვდება… ჩემთვის სულერთია…

ღმერთო, რა გულგრილი ვარ!..

ერთ წუთს არ შეველევი…

და შენ, უფალო, 

ვინ შეგედრება?

რატომ არ ისვენებ, უფალო?

შენ რატომ არ იძინებ, უფალო?

ჭეშმარიტად შენ განაღვლებს ჩვენი ყოფა. 

ჭეშმარიტად შენ ხარ მარადის ცოცხალი და ყველგან მყოფი. 

ჭეშმარიტად შენ ხარ იმედი კაცთა.

ახლა ვხვდები, რომ კეთილი მხოლოდ შენ ხარ, უფალო!

და მე…

⁃ უფალო, დღეიდან გპირდები!

⁃ რას მპირდები?

– გავიღვიძებ, უფალო!

– და რას გააკეთებ?

– ვილოცებ, უფალო! მეც მოვუსმენ ჩაგრულთ, მეც ვიტირებ, მეც თანავუგრძნობ ობოლთ, მეც ამოვუდგები მხარში სუსტებს. ერთ წუთს მაინც გავიღვიძებ, უფალო, ერთ წუთს!

17 სექტემბერი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ჩემი მოწოდება სიწმინდეა

გიორგი ოდიაშვილი 17 სექტემბერი, 2019
გიორგი ოდიაშვილი

თუ მებადება კითხვები: „რატომ ვარ დეპრესიაში, რატომ დავკარგე სიხარული, რატომ არ მაქვს კარგი ურთიერთობა ღმერთთან, რატომ არ ვლინდება ღმერთის ძალა ჩემგან, რატომ ვგრძნობ თავს გარიყულად, რატომ მტანჯავს მარტოობის განცდა?“ ამ ყველაფერზე წმინდა წერილი გვაძლევს ასეთ პასუხს:

რომაელთა 6:23: „ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია...“

ყოველთვის, როდესაც ვცოდავ, მე ვკვდები… კვდება ჩემი სიხარული სულიწმიდაში, კვდება უნარი ღმერთის ხმის მოსმენისა და მასთან სიახლოვისა…

ცოდვა – ეს არ არის უბრალოდ ცუდად მოქცევა ან უარყოფითი ქმედება. ცოდვა თავისი არსით არის ქმედება, რომელიც ამბოხში მოდის ღმერთის ნებასთან…

არის ცოდვები, რომლებსაც ვერავინ ხედავს და არავინ იცის, არც ძმამ, არც დამ, ანდა დედამ ან მამამ – მხოლოდ ღმერთმა იცის დაფარული…

ყოველთვის, როდესაც მე ვცოდავ, არა მხოლოდ ცუდ საქციელს ვიდენ, არამედ ვეწინააღმდეგები ღმერთის ნების აღსრულებას ჩემზე…

ჩვენ მტრობა უნდა გამოვუცხადოთ ცოდვას და ვიდგეთ ჩვენს მოწოდებაში – სიწმინდეში:

ლევ. 19:2: „იყავით წმინდები, რადგან წმინდა ვარ მე, უფალი, თქვენი ღმერთი.“

როგორ ვიდგე სიწმინდეში? მე ვუყურებ ჩემს თავს ღმერთის სიტყვიდან გამომდინარე, რას ამბობს სიტყვა ჩემზე:

  •  მე ვარ გამოსყიდული ღმერთის სურვილის შესაბამისად.
    გალატ. 3:13: „ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევლისგან და ჩვენ ნაცვლად გახდა წყეული, ვინაიდან დაწერილია: „წყეულია ყველა, ვინც ძელზეა დაკიდებული.“
  •  ჩემი ცოდვები ნაპატიებია და კვლავაც მპატიობს, როცა ვაღიარებ და ვინანიებ.1 იოანე 1:9: „თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, ერთგული და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უმართლობისგან.”
  • ქრისტეს მადლია ჩემზე და უნარი მაქვს, ცოდვას შევებრძოლო.
    2 კორ. 12:9: „და მითხრა: ‘საკმარისია შენთვის ჩემი მადლი, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა.’ ამიტომ უფრო ხალისით დავიკვეხნი ჩემს უძლურებაში, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში!“
  • სულიწმიდა ცხოვრობს ჩემში და სწორ მიმართულებას მაძლევს სინდისის მეშვეობით. 1 კორ. 6:19: „ანდა ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში მყოფი სულიწმიდისა, რომელიც ღვთისგან გაქვთ და რომ თქვენს თავს არ ეკუთვნით?“

როდესაც ვიწყებ საკუთარი თავის დანახვას ღვთის სიტყვის ჭრილიდან, ვაკეთებ რწმენის აღიარებას ჩემზე, რომ მე ისეთი ვარ, რასაც ბიბლია ამბობს ჩემზე, თუნდაც კონკრეტულ მომენტში ასეთი სულაც არ ვიყო; ამის შემდეგ ჩემში თავისუფლდება რწმენა ღვთის სიტყვის საფუძველზე, რომელიც მაძლევს ძალას, ვიდგე ნებისმიერი ცოდვისა და ცდუნების წინააღმდეგ გამარჯვებული!

იდექი სიწმინდეში და ნება მიეცი ღმერთს, გამოგიყენოს თავის საოცარ საქმიანობაში. 2 ტიმ. 2:20-21: „დიდ სახლში მხოლოდ ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი არ არის, ასევეა ხისა და თიხისაც, ზოგი საპატიოდ სახმარი, ზოგიც – არასაპატიოდ. ამრიგად, ვინც ამათგან გასუფთავდება, ის იქნება პატივდებული ჭურჭელი, განწმენდილი და ხელმწიფისთვის სახმარი, გამზადებული ყოველი კეთილი საქმისთვის.“

ცოდვა – ეს სიამოვნებაა, მაგრამ სიწმინდე – ეს ბედნიერებაა.

17 სექტემბერი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

იმ დღეს…

თეონა მენაბდიშვილი 15 აგვისტო, 2019
თეონა მენაბდიშვილი

იმ დღეს გოლგოთის მთაზე შეკრებილნი ყვიროდნენ: „ჩამოდი ჯვრიდან“ და ჯოჯოხეთიდან ისმოდა ექო.

იმ დღეს მთელი ძალით ცდილობდა უძლურებაში დარჩენას ყოვლადძლიერი.

იმ დღეს ეკლის გვირგვინით ცდილობდნენ, მისი გონებიდან წავეშალეთ.

იმ დღეს ორ ავაზაკში ვინაწილებდით ადგილს – ზოგნი ვგმობდით, ზოგს გვწამდა.

ცაზე შეკრებილი შავი ღრუბლები ერთმანეთს აწყდებოდნენ იმ დღეს და მიწას არყევდა ხის ჯვრის სიმძიმე.

სამყაროს ბედი წყდებოდა იმ დღეს.

სინათლე ბნელდებოდა, 

სიცოცხლე კვდებოდა.

იმ დღეს შენ გწყუროდა, რომ ჩვენთვის მოგეცა წყალი სიცოცხლისა. 

იმ დღეს გტკიოდა, რომ შენი ჭრილობებით ჩვენ განგეკურნეთ. 

მიტოვებული იყავი იმ დღეს, რომ არასოდეს დავრჩენილიყავით მარტო. 

იმ დღეს კვდებოდი, რომ ჩვენ გაგეცოცხლებინეთ.

იმ დღეს ტკივილებზე ძლიერ შემიყვარე. 

იმ დღეს სამუდამოდ აღგებეჭდე ხელისგულზე. 

იმ დღეს სამუდამოდ შემიფარე ჭრილობებში.

 

15 აგვისტო, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

უფლის სიტყვა – ჩემში ჩამარხული ძალა

მარიამ ბაიდაშვილი 2 აგვისტო, 2019
მარიამ ბაიდაშვილი

სამყაროს შუაგულში ვდგავარ და მოაბიჯებს ტკივილთა ჯარი, თითქოს ყოველი გზა ჩემკენ მოდის, სადაც ტკივილი დაიარება. ხალხის ხელები, ჩემკენ გამოშვერილი უსამართლოდ ბრალს რომ მდებს, უფრო ნათელს ხდის ჩემს სამყოფელს და სადაცაა, უსამართლობა ტკივილთან ერთად პირს დააღებს და ჩამყლაპავს.

ერთი ცალი ვარ, ერთი ცალი, სამყაროს შუაგულში მდგარი, სამართალს მტვერი დაედო და კაბა გაეცრიცა, ნაცნობმა სხეულებმაც ზურგი მაქციეს და გაუჩინარდნენ. საკუთარ სხეულზე არსებულ ტალახს იფხეკენ და მე მესვრიან, მაიძულებენ, მიწის მტვერი ავიკრა ტანზე.

სამყაროს შუაგულში, კლდის პირას მდგარს შიში მიპყრობს, შიში მარტოობის, შიში სამართლის დაკარგვის, შიში იმისა, რომ უიმედოთა ქალაქი შენებას გააგრძელებს ჩემ გარშემო.

თუმცა, ყველასგან მიტოვებულს, ერთი რამ არასდროს მტოვებს, ერთი რამ გამუდმებით ხმამაღლა ისმის ჩემს გულში, გულში ჩამარხული წერილი ღვთისა. იმედი იმისა, რომ სიმართლისა და ნუგეშის მეფე ამ შტორმში ჩამომძახის:

მე შენთან ვარ,

შენთან ვარ,

ნუ გეშინია!

და ვიხრები მიწად, ხელში ფსალმუნთა უჭკნობელ კონებს ვიღებ და ჩუმად წარმოვთქვამ:

შენ ხომ მაინც ჩემთან ხარ, უფალო,

შენ ხომ მაინც ხარ,

შენ ხომ მაინც ხარ.

და ტკივილი თანდათან უკან ბრუნდება, ჩემკენ უსამართლოდ გამოწვდილი ხელებიც ძირს ეშვება, კლდის ნაპირებს ვშორდები და შემიძლია, სამყაროს დასალიერში ჩავიდე იმის ძახილით, რომ უფალი ჩემთან, ჩემ გვერდით, ჩემთან ახლოს, ჩემს გულთან მდგარი ჩემთვის ფხიზლობს.

წერილი ღვთისა, რომელიც შენს გულში ჩამარხულა, საჭირო დროს ამოიზრდება და ყვავილივით გაიფურჩქნება, სურნელებას მოჰფენს შენს გულსა და გონებას, დათრგუნავს შენში ჩაბუდებულ უიმედობას, შიშს და კიდევ ერთი ისტორია დაიწერება იმის შესახებ, რომ მამა გესაუბრება; რომ მამა არ წყვეტს შენს ნუგეშისცემას; რომ მამა გამუდმებით შენს მხარეს დგას; მამა, რომელიც სამართლისა და სიმართლის ფერია; მამა, რომელიც სიყვარულის ფერია; მამა, რომელიც ნუგეშისა და იმედის ფერია.

როგორც დავითი იტყოდა თავის ფსალმუნებში:

„შენი მცნებები სიხარულია ჩემთვის – ჩემი მრჩეველნი არიან ისინი.“ (ფსალმუნი 118:24)

და მართლაც:

უფლის სიტყვა ჩემში ჩამარხული ძალაა, ძალა, რომელიც არასოდეს მტოვებს!..

 

 

2 აგვისტო, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

რით კვებავ შენს ურთიერთობებს?

ია ბობოხიძე 31 ივლისი, 2019
ია ბობოხიძე

ვის უჭირავს შენი ურთიერთობების სადავეები?

სიკეთით არიან ისინი მართულნი თუ მხოლოდ ზიანი მოაქვთ შენთვის?

როგორ ფიქრობ, ტკივილი, შიში, ეჭვები უფლის კეთილი ნებაა? ან იმედგაცრუება, რომელიც კარს უხსნის ეშმაკს, რომ თავისი ბინძური აზრებით აავსოს ადამიანი, სასურველია უფლის თვალში? სრულყოფილია ყოველი ის ქმედება, რომელიც შინაგანად განგრევს და სამყაროსადმი უნდობლობას ბადებს შენში? რომელიც ყველაფერ ღვთიურსა და კეთილს აქრობს, ფუნქციას უკარგავს და სპობს?!

ვის აძლევ უფლებას, რომ იუფლოს მათზე?

შეგიძლია, დაინახო, რომელი ემოციით ხარ სავსე? რა განაპირობებს შენს ამგვარ დამოკიდებულებას ყველასადმი?

ვინ ან იქნებ რა არის განმკარგველი შენი განწყობისა?

უმარტივესია სხვაზე განაწყენება, გადაბრალება, შეცდომების დანახვა, მაგრამ რა შეგიძლია, როდესაც საქმე პირადად შენ გეხება?

აღიარებ, რომ დამნაშავე შენც ხარ? მანამდე კი დანახვა არის საჭირო…

იქნებ უბრალოდ დაჭრილი ხარ და აღარავინ არ გსურს. გინდა, რომ შეწყვიტო ყველასთან ურთიერთობა და შენ და ღმერთი დარჩეთ მხოლოდ. უფალი არ გიღალატებს, ფუჭად არ დაგელაპარაკება და ზიანს არ მოგაყენებს.

გასაგებია…

მაგრამ მაინც, რისთვის შექმნიდა ღმერთი ევას, თუკი ადამის მარტო ყოფნა მისაღები, კარგი იქნებოდა?

რისთვის გადაარჩენდა ნოეს ოჯახს, თუკი ადამიანთა სიცოცხლე არ ენდომებოდა?

რატომ გამოიყვანდა ებრაელ ერს ოთხასწლიანი მონობიდან, თუკი ტკივილი თავისი ხალხისთვის სასარგებლო იქნებოდა? 

ამ ყველაფერსაც რომ თავი დავანებოთ, რა მიზეზით გაეკვრებოდა ქრისტე ჯვარზე, თუკი შენი ეულად და მარტოსულად ყოფნა ენდომებოდა? სიბნელესა და ტკივილში დაგტოვებდა?!

აზრები, რომლებიც უარყოფითად აისახება თითოეულზე, მოდის ბოროტისგან. ერთგვარად, თითქოს სასიამოვნოა ამაზე ფიქრი, რადგან საკუთარ თავს იბრალებს ადამიანი, იცოდებს და უცოდველი გამოჰყავს. ეპატიჟება ასეთ დროს ეშმაკს და მის ჩახლართულ გზებს, რომ მან მართოს მისი ფიქრები, აზრები და „სცეს ნუგეში.“

თუმცა ფაქტია, რომ საბოლოოდ ყველაფერი არასასურველად მთავრდება. ადამიანს ორი არჩევანი აქვს, ტკივილისა და იმედგაცრუების შემდეგ: ან სიყვარული ჩაკლას თავისში და ამით დაკარგოს ნაწილი თავისი შინაგანისა, ან სთხოვოს უფალს უნარი, რომ ქრისტეს სიყვარულით შეიყვაროს თავისი გამანაწყენებელი. გატკენენ ხშირად, მაგრამ არანაკლებს იზამ შენც. მთავარია სიწრფელე… 

თუკი გადაწყვეტ სიყვარულს, უხვად მოგცემს იესო, ვინაიდან „ცოდვათა სიმრავლეს სიყვარული ფარავს.“ მან შენზე ბევრად უარესი გამოცადა და იმაზე უკეთ ესმის, ვიდრე შენ უგებ შენს საკუთარ თავს.

აპატიე, რომ გეპატიოს.

გადადგი ნაბიჯი და გაუხსენი გზა უფლის კურთხევას შენდამი.

ნუ დანებდები ბოროტს!..

31 ივლისი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ნუ ემსგავსებით ქვეყნიერებას

გიორგი ოდიაშვილი 31 ივლისი, 2019
გიორგი ოდიაშვილი

„ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით…“ (რომაელთა 12:2).

თუ ჩემს შვილებს (რომ მეყოლება) წავიყვან ბუნებაში პიკნიკზე, სადაც ახლოს არსად არის გზა და არც მანქანები მოძრაობენ, რაღა თქმა უნდა, არ დავარიგებ, რომ ფრთხილად იყვნენ გზაზე და მანქანებს მოერიდონ, რადგან, რეალურად, ეს საფრთხე არც კი არსებობს. ჩემი დარიგება იმასთან იქნება დაკავშირებული, რისი რეალური საფრთხეც იმ მომენტში იარსებებს.

თუკი ღმერთის მარად ცოცხალ და მოქმედ სიტყვაში წერია, რომ არ უნდა ვემსგავსოთ ქვეყნიერებას, ესე იგი, ის, როგორც კეთილი მამა, ხედავს ჩვენს ახლომახლო ამის რეალურ საშიშროებას და ამიტომ გვაფრთხილებს.

ქვეყნიერება, ეს არ არის სისტემა, სადაც მაინცდამაინც ყველა ადამიანი არის მკვლელი, მრუში, მოძალადე და ა.შ. ქვეყნიერებაზე ცხოვრობენ ოჯახის ერთგული ადამიანებიც, კარგი ყოფაქცევის მქონე ხალხი, რომლებიც „ჭიანჭველას ფეხს არ დაადგამენ“, მაგრამ ქვეყნიერებაზე მცხოვრები ადამიანების მთავარი მახასიათებელი თვისება არის ის, რომ ისინი თაყვანს არ სცემენ ღმერთს თავიანთი ცხოვრებით… შესაძლოა, რომელიმე რელიგიის და ტრადიციის ერთგულებიც კი იყვნენ, მაგრამ მათ არ აქვთ პირადი შეხება ცოცხალ ღმერთთან…

იაკობის 4:4: „…ასეა, ვისაც წუთისოფელთან მეგობრობა სურს, იგი ღმერთის მტერი ხდება!“

ერთ ღვთის კაცს, არტურ სიმონიანს, უთქვამს:

„კარგია, როდესაც ნავი არის წყალზე, მაგრამ დამღუპველია, როდესაც წყალი არის ნავში. ქრისტიანები ვცხოვრობთ ქვეყნიერებაზე, მაგრამ ქვეყნიერება არ უნდა ცხოვრობდეს ჩვენში.“

შეიძლება, ერთი შეხედვით, ქვეყნიერება უკეთესი ჩანს, თითქოს მეტი „თავისუფლება“, მეტი „სიამოვნება“, მეტი „გასაქანი“ და მეტი სიფართოვეა, მაგრამ გვახსოვდეს, რომ ფართოა კარი და გზა, რომელიც დაღუპვისაკენ მიდის და მრავალნი დადიან მასზე. ასე რომ, ქრისტიანო, ქრისტესგან ამორჩეულო, ნუ გაუშვებ ხელს შენს ჯვარს და განაგრძე სვლა ვიწრო გზაზე, მიუხედავად სირთულისა, მიუხედავად წინაღობისა; ნუ მისცემ საკუთარ ხორცს გეზის შეცვლის უფლებას, რადგან ვიწრო გზა სწორი გზაა; ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც საუკუნო სიცოცხლისაკენ მიდის და მცირედნი პოვებენ მას. 

უფალმა გაკურთხოთ და გაგაძლიეროთ, ჩემო თანამეგზურნო!

31 ივლისი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

იმედგაცრუების ძირითადი მიზეზი

თორნიკე ხუბაშვილი 31 ივლისი, 2019
თორნიკე ხუბაშვილი

თითოეულ ჩვენგანს აქვს ოცნება – კონკრეტული სურათი ჩვენი მომავლისა და შესაბამისი მოლოდინი… მოლოდინი, სწორედ ეს არის იმედგაცრუებამდე გადებული ბეწვის ხიდი, რომელზე სიარულსაც სწავლა უნდა, რადგან იგი არცთუ ისე უსაფრთხოა… წმინდა წერილი გვესაუბრება რწმენაზე, მოლოდინზე, მომავლის იმედზე, თუ საიდან უნდა მომდინარეობდეს ის ადამიანში.

რომაელთა მიმართ წერილის მე-10 თავის მე-17 მუხლში ვკითხულობთ:

„ამრიგად, რწმენა – მოსმენისაგან, ხოლო მოსმენა – ქრისტეს სიტყვისაგან.“

იმის გამო, რომ არსებობს არასწორი მოლოდინი, უფალი აფრთხილებს ადამიანებს, რომ მათი რწმენა და მოლოდინი უნდა ღვივდებოდეს ქრისტეს სიტყვის მოსმენისგან და არა ხორციელი სურვილებისგან…

ქრისტეს სიტყვასთან ხშირი ურთიერთობა განაპირობებს ჩვენს სწორ სურვილს, სწორ მოლოდინს, სწორ გადაწყვეტილებას და ადგილი აღარ აქვს იმედგაცრუების ტკივილს…

ჩვენ გვჭირდება ავირჩიოთ, თუ ვინ იქნება ჩვენთვის ნიმუში, და თუ ეს ნიმუში იქნება ქრისტე, მაშინ ჩვენი მიზნებიც, იდეებიც, რწმენაც და მოლოდინიც იქნება მისგან, ის კი ყოველთვის უფრთხილდება თავისი შვილების გრძნობებს და ემოციებს…

 

31 ივლისი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

დაიცავი შენი გული

ია ბობოხიძე 27 ივლისი, 2019
ია ბობოხიძე

„ყველაფერზე მეტად დაიცავი შენი გული, რადგან მისგან მოედინება სიცოცხლის წყაროები.“ (იგავ. 4:23).
და მაინც, რატომ არის გულის დაცვა და სისუფთავე ამდენად საჭირო?
ან უფრო მარტივი კითხვა დავსვათ: რისი მოშორება ხდის შენს გულს სუფთას? რისგან გათავისუფლება ტოვებს გულს დაცულად?
პასუხი უმარტივესია: ყოველივესგან, რაც უფლისგან არ არის.
ამ შემთხვევაში გალატელთა 5:20-ზე მსურს ყურადღების გამახვილება: „მტრობა, ჩხუბი, ეჭვიანობა, რისხვა, შუღლი, უთანხმოება, განხეთქილება, სიძულვილი…“
ამ ჩამონათვალის გულში დაგროვება და გაუთავისუფლებლობა აშენებს ერთ დიდ, მეტსაც გეტყვით, უდიდეს ლოდს, რომელიც აკავებს თქვენს პირად კურთხევას უფლისაგან.
ეს კურთხევა არის ის გზა, რომლის მეშვეობითაც არის შესაძლებელი უფლის კეთილი, სასურველი და სრულყოფილი ნების აღსრულება.
ყოველივე ამას კი ლოდის გადაგორება სჭირდება. ნუთუ ძალუძს ადამიანს თავისით, საკუთარი ძალით ლოდის ადგილმდებარეობის შეცვლა?
რაღა თქმა უნდა, არა.
ერთადერთი მხოლოდ და მხოლოდ ღმერთია შენი გულიდან ლოდის ჩამომშორებელი.
მას პირადად შენთვის აქვს მომზადებული გეგმა, რომელიც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია და ადამიანს არ გაუვლია გონებაში.
იმ ტვირთის, ლოდის ჩამოშორება, რომელიც გულით დაგაქვს, გამოათავისუფლებს იესოს, რომელიც შენშია და მისცემს საშუალებას, შენით იმოქმედოს.
ახლა კი შენი გადასაწყვეტია, მიანდობ უფალს ტვირთის ჩამოშორებას გულიდან, თუ აუკრძალავ მას მოქმედებას შენივე ეგოიზმით, სიამაყითა და საკუთარი თავის სიბრალულით.
„ნეტარ არიან გულით სუფთანი, რადგან ისინი ღმერთს იხილავენ.“ (მათე 5:8).

27 ივლისი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ახალი ბლოგები
ძველი ბლოგები
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 2

    მედროვე ადამიანთა ქმედებები…

    22 მარტი, 2019
  • 3

    მხსნელი უფალი

    26 თებერვალი, 2020
  • 4

    ღმერთი არ არის საშუალება

    5 დეკემბერი, 2022
  • 5

    ფიზიკური ნაკლი არ არის პრობლემა…

    7 ოქტომბერი, 2020


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ