ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ
  • stories

  • Memories

  • About Me

ბლოგები

ჩემი ტკბილი უფალი

გიორგი ოდიაშვილი 17 ოქტომბერი, 2019
გიორგი ოდიაშვილი

ყოველთვის მეშინოდა უფლისა, როდესაც პატარა ვიყავი… როდესაც მასზე ვფიქრობდი, ის ყოველთვის გაბრაზებული და რაიმეთი უკმაყოფილო მეგონა… ოხ, როგორ ამახინჯებს მკვდარი რელიგია წარმოდგენას კეთილ უფალზე… ვერასოდეს წარმოვიდგენდი მას ბავშვებთან მოთამაშედ, ბეღურების დამპურებლად, მხიარულ, პოზიტიურ და მოსიყვარულე პიროვნებად…

იესო ნაზარეველი, ღმერთი, რომელიც ხორცში იშვა, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა – გვეგემა უფალი და დავრწმუნებულიყავით, რომ ტკბილია იგი!

 „ვინაიდან იგემეთ, რომ ტკბილია უფალი.“

1-ლი პეტრე 2:3

17 ოქტომბერი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

მოიშორე ტვირთი…

თორნიკე ხუბაშვილი 17 ოქტომბერი, 2019
თორნიკე ხუბაშვილი

„გქონდეს რწმენა და კეთილი სინდისი, რომელიც ზოგიერთებმა უარყვეს და რამაც დაამსხვრია მათი რწმენის ხომალდი.“ (I ტიმოთე 1:19)

ჩვენს ცხოვრებაში დგება დრო და მომენტები, როდესაც სწორი არჩევანი უნდა გავაკეთოთ. ეს არჩევანი ყოველთვის დაკავშირებულია ტკივილთან, ცრემლთან და მწარე ემოციებთან, თუმცა მის გარეშე არ არსებობს მომავალი  ღმერთის ნებისამებრ მიმავალ გზაზე.

მაშინ, როდესაც ზღვაში გემი მწყობრიდან გამოდის და ჩაძირვას იწყებს, მეზღვაურები პირველ რიგში ტვირთს და სიმძიმეებს იშორებენ, რათა ჩაძირვას გადაურჩნენ. მნიშვნელობა არ აქვს, ტვირთი რამდენად ძვირფასია, ისინი ხვდებიან, რომ არჩევანს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის აკეთებენ, ამიტომ ოქროთი სავსე ჩანთებიც რომ იყოს, მოუწევთ გადაყარონ, რათა იცოცხლონ. სხვა შემთხვევაში უგუნურები იქნებიან, თუ ოქროსთან ერთად დაიხოცებიან.

არის დრო, როდესაც უნდა ავირჩიოთ, თუ რა არის ჩვენთვის ძვირფასი ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებაში, რას ან ვის მივუძღვნით ჩვენს სიცოცხლეს.

მოიშორე ყოველგვარი დამაბრკოლებელი ტვირთი! უმჯობესია, შენს ნავში უფალი იჯდეს, ვიდრე ოქროს სკივრი იდოს!

ნუ შეაგდებ სასწორზე შენი უფლის რწმენას, რადგან მასშია შენი მომავალი!

გაუფრთხილდი შენი რწმენის ხომალდს!

ებრაელთა 12:1-2:

„ამიტომ ჩვენც, გვაკრავს რა მოწმეთა ღრუბელი ირგვლივ, ჩამოვიცილოთ ყოველგვარი ტვირთი და დამაბრკოლებელი ცოდვა, და მოთმინებით გავირბინოთ ჩვენ  წინ მდებარე სარბიელი,

და ვუმზიროთ რწმენის წინამძღოლსა და სრულმყოფელ იესოს, რომელმაც მომავალი სიხარულისათვის ჯვარი დაითმინა, უგულებელყო სირცხვილი და ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა.“

17 ოქტომბერი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

სანთელი არაფერს კარგავს სხვა სანთლების ანთებით

ნიკა ჯიაძე 8 ოქტომბერი, 2019
ნიკა ჯიაძე

მოხუცებული თავდახრილი დაყრდნობოდა თავის ყავარჯენს. ერთი შეხედვით სათნოება იხატებოდა მის სახეზე, მაგრამ სევდის, ტკივილისა და ცრემლისთვისაც მოიპოვებოდა ადგილი. თითქოს დიდი ომი გამოიარაო, ახლა კი… მეზობელი მივიდა მასთან, შეხედა და…

– აი, ხომ ხედავ! რა შედეგი გამოიღო შენმა სიმართლის ქადაგებამ?! სიკეთე გინდოდა, შენს საჭმელს სხვებს უნაწილებდი; შენს ძალებს სხვებს ახმარდი; შენი ყველა ნიჭი და უნარი სხვა ადამიანებს მოახმარე; სხვისი ჭირი შენი ჭირი იყო; ადამიანებთან სიცოცხლის სიტყვა მიგქონდა; ყველაფრის გწამდა, ყველაფერს ითმენდი; ხშირად ნაწყენი, ხშირად დაჭრილი იმედს არ კარგავდი და საუკეთესოს ელოდი სხვათაგან.  აი, ახლა რა შედეგი მიიღე? შენ მარტო ხარ… ცრემლებით დაგსველებია კალთა. რა ამაოდ დახარჯულხარ.

– იცი, რატომ ვტირი? კიდევ მეტი შემეძლო! კიდევ მეტი! ახლა მოვხუცდი და როცა ჩემს ცხოვრებას გადავხედავ, ვფიქრობ, კიდევ რამდენი ადამიანის წამოყენება შემეძლო. იცი, სუნთქვას ერთხელ წყვეტს ადამიანი, მაგრამ მრავალჯერ კვდება. მე მინახავს ასეთები. ყოველდღე ვხედავდი, მაგრამ ხშირად გვერდს ვუვლიდი. არადა ერთი სიტყვა, ერთი გაღიმება სრულიად შეცვლიდა მათ ცხოვრებას… რა მოხდებოდა, რომ უფრო მეტისთვის მეთქვა: ყველაფერი უკეთ იქნება! ნუ დანებდები, წამოდექი, იბრძოლე!  მე მწამს, გაიმარჯვებ! ან იქნებ ისიც მიმეყოლებინა: შენ განსაკუთრებული ხარ! ეს ხომ სიმართლეა? დამერწმუნებინა ისინი, რომ ყველაზე ძვირფას ბრილიანტად წარმოედგინათ თავი. ალმასის პოვნა ურთულესია ბუნებაში, მაგრამ იგი არსებობს, მისი დამუშავება კი დიდი ხელოვნებაა და მთელი რიგი სამუშაო, მაგრამ შესაძლებელია. ალმასი ყველას შინაგანში იმალება, მთელი ღონე უნდა მოიშველიო, რომ უბრალო ქვად კი არა, ალმასად იქცე, ხოლო როცა აღმოაჩენ, რომ ალმასი ხარ, გჭირდება ის, ვინც დაგამუშავებს. ყველაზე დიდი ოსტატი კი თავად უფალია.

ეს რომ მეტისთვის მეთქვა…  რამდენის ღიმილს ვიხილავდი, რამდენის დაცემას ავირიდებდი, რამდენის სიკვდილს ავცდებოდი…  აი, ეს მატირებს.

დაიმახსოვრე:

სანთელი არაფერს კარგავს სხვა სანთლების ანთებით.

8 ოქტომბერი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ბოლში გახვეული ცხოვრება

გიორგი ოდიაშვილი 8 ოქტომბერი, 2019
გიორგი ოდიაშვილი

ეჰ, დაბოლილო შვილო, როგორ სტკივა შენს მშობელს და დაბოლილო მშობელო, როგორ სტკივა შენს შვილს?! …ოხ, დაბოლილო ექიმო, როგორ განდო ჩემი შვილი, როგორ ვენდო შენს დიაგნოზს?! ჯარისკაცო, მეომარო, დაბოლილო, როგორ ჰქონდეს საქართველოს შენი იმედი?! დაბოლილო მოძღვარო, შენში ვერ ვხედავ ქრისტეს… მასწავლებელო, მწეველო, როგორ ვიყო მშვიდად, როდესაც შენთან არის ჩემი შვილი, შენ რა უნდა ასწავლო საქართველოს შვილებს?! ოხ, როგორ მტკივა თითოეული თქვენგანი, ახალგაზრდებო, თვალებამღვრეულნო, სიცოცხლის ხალისდაკარგულნო, დაბოლილნო, ოხ, როგორ მტკივა!.. ვწუხვარ, ძმაო, დაბოლილო, ვერ გენდობი უკვე მყარად… ეჰ, დაბოლილო, დაბოლილო…

„ქურდი მხოლოდ იმისათვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს…“ (იოანე 10:10).

და რა სამწუხაროა, რომ ის, რასაც ქურდმა ვერ მიაღწია მახვილითა და იარაღით, ახლა ბოლის მეშვეობით ხდება მისთვის ხელმისაწვდომი…

8 ოქტომბერი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

მე ვარ დათუნა, 18 წლის…

ნიკა ჯიაძე 27 სექტემბერი, 2019
ნიკა ჯიაძე

გამარჯობათ! მე დათუნა ვარ და მინდა, 18 წლის შემდეგ მომხდარი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები მოგიყვეთ ჩემი ცხოვრებისა:

02/07/2010 – სკოლაში საუკეთესო მოსწავლედ მაღიარეს, რადგან მთელი ჩემი ძალით ვცდილობდი, საუკეთესო შედეგი დამეფიქსირებინა.

15/08/2010 – ჩემი ოცნება ახდა, ჩავაბარე სამედიცინო უნივერსიტეტში! ბავშვობიდანვე ჩამესმოდა, რომ სხვებს უნდა დავხმარებოდი და აი, დავადექი ამ გზას.

01/01/2011 – მშობლებმა მანქანით დამასაჩუქრეს! როგორ გამიხარდა!

თუმცა ზედმეტი მომივიდა. ერთ დღეს, მეგობრებთან ერთად, სიჩქარეს გადავაჭარბე, სველ საფარზე მოვსრიალდი და საგზაო შემთხვევაში მოვყევით. ყველანი საავადმყოფოში მოვხვდით… გადავრჩით, ოღონდ რის ფასად! ღმერთის წყალობით, სიკვდილს გადავურჩით. მიხაროდა და თან დამწუხრებული ვიყავი.

22/03/2012 – გავიცანი გოგონა, რომლის მსგავსიც დედამიწის ზურგზე არ დადიოდა! საოცრებას ვეძახდი.

ისეთი საოცრება იყო, დედამიწა ამაყობდა მისი არსებობით.

რაღაც იცვლებოდა ჩემში, სხვანაირი გავხდი. ხომ გესმით, სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი.

30/05/2012 – მეზობლად ხანძარი გაჩნდა, ცეცხლის ენები უკვე გარეთ აღწევდა, სამი პატარა ბავშვი იყო ოთახში გამოკეტილი, ეშინოდათ გარეთ გამოსვლის. ყველა იძახდა, სახანძროს დაველოდოთო, მაგრამ არ ვიცი, ექიმობას რომ ვაპირებდი, თუ რა ძალამ არ მომასვენა და სახლში შევვარდი… ღმერთო! როგორ ცხელოდა!

თვალები უმალ დამეხუჭა, გაგუდვის პირას ვიყავი და უკან გამოსვლა დავაპირე, რომ ბავშვების შეკივლება გავიგონე. გადარეულივით შევვარდი ოთახში და ეს გაგიჟებული ბავშვები გარეთ გამოვიყვანე.

რა გმირობა ჩავიდინე! იმ დღეს თითქოს რაღაც შემემატა. იმ დღეს მივხვდი, რომ ადამიანი მიყვარდა ზოგადად, და ვერ ვეგუებოდი ვინმეს სიკვდილს, ან ცრემლს, ან დაცემულ მდგომარეობას. გადავწყვიტე, ადამიანებს მოვმსახურებოდი!

თან სადღაც წავიკითხე, ვინც ერთი ადამიანი გადაარჩინა, მან მთელი მსოფლიო გადაარჩინაო.

25/06/2014 – უკვე წარჩინებულ სტუდენტს უცხოეთში სასწავლებლად მგზავნიან. ვგეგმავ საუკეთესო საავადმყოფოს აშენებას. საუკეთესო ატმოსფეროს შევქმნი, კოლეგებს ჩამოვიყვან, ძლიერი პერსონალი მეყოლება… სიყვარულითა და მშვიდობით გაჟღენთილი გარემო მექნება… რამდენ ადამიანს გადავარჩენთ, რამდენს მოვემსახურებით, რამდენს დავუბრუნებთ ძალას!

18/09/2016 – დავქორწინდი! ისეთი ადამიანი აღმოჩნდა ჩემი მეუღლე, რომ მიზნად დავისახეთ, უფასოდ მოვმსახურებოდით ადამიანებს. ამასთან, ოფიციალურადაც ვმუშაობდით, რათა ფული დაგვეგროვებინა საავადმყოფოს ასაშენებლად.

07/05/2018 – შვილი შეგვეძინა! უბედნიერესი ვიყავი. ადამიანები ყველაფერს სახელს ვარქმევთ და აღვწერთ, მაგრამ შვილის დაბადებას, ამ საოცარ გრძნობას სახელი ვერ დავარქვი!..

20/08/2019 – ამ ყველაფერთან ერთად, ხალხის სიყვარული მათთან დროის გატარებას მაიძულებდა. ანგარიშს არ ვუწევდი სტატუსს, სოციალურ მდგომარეობას თუ სხვა ნიშნებს; ყველასთან ვიყავი, ვეხმარებოდი, როგორც შემეძლო, და ამის გამო საპატიო მოქალაქის წოდებაც მივიღე.

შემდეგ…

მე თქვენ მოგატყუეთ! მწარედ მოგატყუეთ! ზემოთ ჩამოთვლილი არც ერთი თარიღი არ არსებობს ჩემს ცხოვრებაში. არც წარმატებული არ ვყოფილვარ, არც სტუდენტი არ გავმხდარვარ, არც არავინ გადამირჩენია, არც შეყვარებული არ მყოლია, არც შვილი არ გამჩენია, არც ჩემი საავადმყოფო არ ამიშენებია…

იმიტომ, რომ 18 წლის ასაკში თავი მოვიკალი. დიახ, თავი ჩამოვიხრჩვე, რადგან ჩემს ემოციებსა და პრობლემებს ვერ ვაჯობე. მივიჩნიე, რომ სუსტი ვიყავი. ვიფიქრე, რომ არაფერი გამომივიდოდა და, სიმართლე გითხრათ, სიცოცხლის გაგრძელების აზრსაც ვერ ვხედავდი.

მაგრამ ვწუხვარ… როგორ ვწუხვარ, ღმერთო!.. ეს რა გავაკეთე… რა სისულელე ჩავიდინე! როგორც კი სახრჩობელას ყულფში თავი გავყავი, უკვე ვნანობდი…

მაპატიეთ!

…გთხოვ, თუ დღეს ცოცხალი ხარ, კარგად დამიგდე ყური:

გთხოვ, იცოცხლე!

გთხოვ, გაუძელი!

გთხოვ, იბრძოლე!

გთხოვ, ილოცე!

გთხოვ, გაიმარჯვე!

წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი ხარ.

შენ ვალდებული ხარ, იცოცხლო!

ადამიანი ცალკე გარიყული კუნძული როდია, არამედ ყოველი ადამიანი ერთი მთლიანის ნაწილია. ყოველი ადამიანის სიკვდილით მე მაკლდება!

ასე რომ, ნუ იკითხავ: „რა აზრი აქვს?“

მარტო არ ხარ!

ბიბლია:

„ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ, ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ; განგამტკიცებ, შეგეწევი და მხარს დაგიჭერ…“

„თქვენი ყველა საზრუნავი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე.“

ავტორი: ნიკა ჯიაძე

27 სექტემბერი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ძველმა განვლო? ყოველივე ახალია?!

ნატალია ჩიქოვანი 27 სექტემბერი, 2019
ნატალია ჩიქოვანი

„არავინ აკერებს ძველ ტანსაცმელს ახალი ქსოვილის საკერებელს, თორემ ახლად დაკერებული მოეხევა ძველს და უარესი ნახევი გაუჩნდება.“ (მარკ. 2:21)

ხშირად საკუთარი წარმოდგენების ტყვეობაში ვცხოვრობთ და ჩვენი იმედგაცრუებანიც სწორედ ამ ხელოვნურად შექმნილი ტყვეობის ბრალია. წარმოვიდგენთ ხოლმე ადამიანებს ისეთებად, როგორნიც ჩვენ გვინდა, რომ იყვნენ; გვინდა, ჩვენი ფერებით გავაფერადოთ ირგვლივ სამყარო, ადამიანები კი ჩვენ გარშემო ისე ხედავდნენ საგნებსა და მოვლენებს, როგორც ჩვენ ვხედავთ. არცთუ იშვიათად, ლტოლვა – ყველაფერზე ჩვენი აზრი გვქონდეს, გვაიძულებს, ქრისტიანობაც ჩვენს სტანდარტებს მოვარგოთ, ჩვენეული რწმენა და „ჩვენი წილი“ ღმერთი ვიყოლიოთ.

დგება დღე, წუთი და წამი, როდესაც ჩვენი კოშკივით აშენებული მსოფლმხედველობა რყევას განიცდის და დომინოს ეფექტით იშლება ჩვენ თვალწინ შეხედულებები ქრისტიანობაზე, მსახურებაზე, ადამიანებზე, მეგობრობაზე, ცხოვრებაზე… ეს მტკივნეულია და იმდენად, რომ გგონია, ცხოვრება უშენოდ გრძელდება; გგონია, დაგვიანებული მგზავრივით დგახარ მარტოდმარტო გაჩერებასთან და რაც გიცხოვრია, თავისი სიხარულითა და სევდანარევი მოგონებებიანად, ხელში გიჭირავს სამგზავრო ჩემოდანივით და არ იცი, სად წაიღო.

„ახლაც ყველაფერი წაგებად მიმაჩნია ჩემი უფლის, იესო ქრისტეს შეცნობის უპირატესობის გამო, რისთვისაც უარი ვთქვი ყოველივეზე და ყველაფერს ნაგვად მივიჩნევ, რათა ქრისტე შევიძინო.“ (ფილიპელთა 3:8).

ქრისტიანობას აქვს ერთი მნიშვნელოვანი წესი – ის არ ეთვისება არაფერ ძველს, რაც შენი საკუთარი გამოცდილებით მოგაქვს წარსულიდან; მას არ შეუძლია, შედუღაბდეს შენებურ ხედვასთან, თუ ამ მზერას ჯერ ბიბლიური ხედვის ჭოგრიტში არ გაუვლია და ისე არ დაუნახავს სამყარო. და დგება დღე, როდესაც რღვევას იწყებს ძველზე უხეიროდ დაშენებული ახალი…

ქრისტიანი ხარ, მაგრამ სიცარიელეს განიცდი? შენს ცხოვრებაში ისე, როგორც დაბერილ ძარღვებში სისხლივით არ ჩქეფს ცხელი ლოცვები? არ გახსოვს, ბოლოს როდის იდექი მუხლებზე უფლის წინაშე, შენს დაფარულ ოთახში? ხშირად წუწუნებ – ზოგჯერ უძლურებით, ზოგჯერ გადაღლითა და სხვათა უყურადღებობით გაღიზიანებული? შენს ლექსიკაში გამრავლდა ფრაზა: „არ შემიძლია“? დრო კი თითებს შუა გისხლტება, როგორც წყალი და განცდა გაქვს, რომ ცხოვრება ჯერ არც დაგიწყია, ისე მთავრდება?..

იქნებ შენს შინაგანში „პრიორიტეტების თაროს“ დალაგების დრო მოვიდა, მეგობარო? იქნებ გჭირდება გადასინჯო, წარსულიდან მოყოლილი „ძონძები“ ხომ არ გიდევს სკივრში და გადასაგდებად გენანება, იქნებ გადაჩხრეკა სჭირდება შენს მოტივებს? იქნებ არ გემეტება ყოველივე, რაც გიფიქრია, ყოველი შეხედულება, რაც საკუთარ პიროვნებასთან გაგიიგივებია ქრისტემდე, ნაგვად მიიჩნიო ქრსტეს გულისათვის?

იქნებ სწორედ ის დროა ახლა, საკუთრ თავს კითხვა დავუსვათ: „ძველმა განვლო? ყოველივე ახალია?!..“

გისურვებთ განახლებულ, სულიწმიდით აღსავსე, საინტერესო და შეცვლილ ცხოვრებას ქრისტეში.

„ამრიგად, ვინც ქრისტეშია, ის ახალი ქმნილებაა. ძველი გადავიდა, ახლა ყოველივე ახალია.“ (2 კორ. 5:17)

27 სექტემბერი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

შენ ტოვებ კვალს…

თორნიკე ხუბაშვილი 27 სექტემბერი, 2019
თორნიკე ხუბაშვილი

თავს იკლავ და გგონია, რომ მხოლოდ შენ კვდები?!

გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ტოვებ კვალს, რომელზეც აუცილებლად გაივლის ვიღაც…

იხოცებიან შენი მშობლები – მათ ვერ დაასრულეს შვილის აღზრდა. შუა გზაში დაენგრათ ის, რასაც მსხვერპლითა და ტკივილით აშენებდნენ.

იხოცებიან შენი დები, ძმები – როდესაც ისინი დაოჯახდებიან და შვილების გაჩენას დააპირებენ, ყოველთვის შეეშინდებათ შენ გამო, რომ მათმა შვილებმაც იგივე არ გაიმეორონ.

კვდება შენი შვილი – შენ თუ სიცოცხლეს დაასრულებ, კვალს დატოვებ და იცოდე, რომ ერთ დროს შენი შვილიც აუცილებლად დაფიქრდება ამ ნაბიჯზე.

კვდება შენი მეუღლე – ის კარგავს ნახევარ სხეულს, ის სიკვდილამდე ნახევარი ადამიანი რჩება და ვეღარასოდეს შეივსებს იმ სიცარიელეს, რომელშიც შენ იყავი. მის გულსა და გონებაში შენს ადგილზე ყოველთვის ტკივილი და შიში იქნება. შესაძლოა, სხვა ადამიანით შეივსოს სიცარიელე, მაგრამ სხვა ადამიანი სხვა სიცარიელეს შეავსებს, ხოლო შენგან გამოწვეული ტკივილი, შიში და კვალი უცვლელი დარჩება.

გგონია, მხოლოდ ერთხელ კვდები?!

რამდენად ღირსეული შეგეძლო, ყოფილიყავი?!

შენში კვდება შვილი.

შენში კვდება მშობელი.

შენში კვდება და/ძმა.

შენში კვდება მეგობარი.

შენში კვდება მეუღლე.

შენში კვდება მომავალი გმირი.

შენში კვდება კარგი მოქალაქე.

შენ კვდები არასწორად!

გაურბიხარ შიშს, ნაცვლად იმისა, რომ თვალებში ჩახედო!

გაურბიხარ ტკივილს, ნაცვლად იმისა, რომ გაუმკლავდე!

შენ თვითმკვლელობით აქეზებ შენს ახლობლებს, შვილებს, ხალხს, რომ მათაც ვერ შეძლონ ცხოვრებასთან გამკლავება!

შენ ტოვებ კვალს, რომელზეც აუცილებლად გაივლის ვიღაც!

შენ შეგიძლია, სწორად მოკვდე!

შეგიძლია მოკვდე, როგორც გმირი!

შეგიძლია მოკვდე, როგორც კარგი შვილი!

შეგიძლია მოკვდე, როგორც ღვთისმოშიში!

შეგიძლია მოკვდე, როგორც გმირი მამა!

შეგიძლია მოკვდე, როგორც ღირსეული მეუღლე!

შეგიძლია მოკვდე, როგორც პატრიოტი!

მაგრამ ამისათვის ჯერ უნდა იცხოვრო… !

ნუ გააღებ მარცხისა და სიკვდილის კარს შენი ოჯახის ცხოვრებაში! მოტრიალდი და ჩაკეტე ის ყველასთვის, ვინც შენ უკან დგას და დატოვე სწორი კვალი!

სწორედ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ადვილი არაა, სწორედ ამიტომ, იყავი გმირი!

ღმერთმა მოგცა სიცოცხლე და თუ მოუხმობ მის სახელს, ის მოგცემს უნარს, რომ იცხოვრო და მოკვდე ღირსეულად!

? ფსალმუნი 114: 3-5

– გარს შემომერტყნენ სიკვდილის მარწუხები, საფლავის შიში მომადგა, გასაჭირსა და მწუხარებაში ჩავვარდი.

– და მოვუხმე უფლის სახელს: „გევედრები, უფალო, გადაარჩინე ჩემი სიცოცხლე.“

– მოწყალე და მართალია უფალი, შემბრალეა ღმერთი ჩვენი.

27 სექტემბერი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

განსაცდელში უფალს მიენდე

ია ბობოხიძე 27 სექტემბერი, 2019
ია ბობოხიძე

ვისთვის რასთან ასოცირებდა სიტყვა „განსაცდელი“… ზოგისთვის ტანჯვის გამომხატველია, ზოგისთვის – დაბრკოლების და სხვა მრავალი უარყოფითი ემოციის. თუმცა არსებობს ადამიანთა ის კატეგორია, რომლისთვისაც ეს დიდი გამოწვევაა და სულმოუთქმელად ელის მასთან შეხვედრას, რათა გადალახვის შემდეგ ძნელად, მაგრამ მაინც მოპოვებული გამარჯვებით დატკბეს.

და შენ, მკითხველო, რომელი მათგანი ხარ? გაურბიხარ პრობლემებს, თუ გამარჯვებულის პოზიციიდან იწყებ ბრძოლას ცხოვრების ყოველ ეტაპზე? გსურს შეცვლა დამოკიდებულებისა, რომელიც განსაცდელთა მიმართ გაქვს? იქნებ შენი სურვილია, მიეკუთვნებოდე ბოლო კატეგორიას, რომელიც ზეიმით ხვდება ახალ სირთულეს… თუ ეს ასეა, მინდა გითხრა, რომ სწორ გზას ადგახარ, თუ არადა, ვფიქრობ, პატარა ცვლილებებია საჭირო, რომელთა განხორციელების გზებზეც ქვემოთ მოგახსენებ.

შეუძლებელია, აღიქვამდე განსაცდელს გამოწვევად, თუკი შენს იმედს ღმერთზე არ დაამყარებ და ადამიანური ძალებით შეეცდები სირთულეთა გადალახვას. შეუძლებელია საუბარი მსგავს გარდასახვაზე, როდესაც მარტოს გიწევს ბრძოლა და საერთოდაც, არ გამოგივა არაფერი, როდესაც შენს მხსნელად უფალს არ მიიჩნევ… ვერ დაეყრდნობი ადამიანს და ვერ მიიჩნევ მას სწორი მიმართულების მიმცემად! ერთადერთი, ვინც აპობს ზღვას შუაზე, რათა შეუქმნას გადარჩენის გზა თავის მოყვარულებს, არის უფალი. მხოლოდ მან იცის, როგორ დააღწევინოს თავი განსაცდელისგან ნებისმიერს! ერთადერთი, რაც შენ გმართებს, მისდამი ნდობა და მორჩილებაა. აგრეთვე ცოდნა იმისა, რომ „ღმერთი არ იცდება ბოროტით და არც არავის ცდის.“ (იაკობი 1:13). მეტსაც გეტყვი, გვიცავს ისეთი შემთხვევებისგან, რომელთა შესახებ, რეალურად, წარმოდგენაც არ გვაქვს. ამავდროულად, უშვებს პატარა სირთულეებს, რომელთა მეშვეობითაც გვაქვს შანსი გაძლიერების. სწორედ ამაზე გვესაუბრება პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ პირველი წერილის 10:13-ში:

„სარწმუნო ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობებზე მეტად გამოიცადოთ, განსაცდელში გამოსავალსაც მოგცემთ, რომ შეძლოთ ატანა.“

ბევრმა ვიცით ეს, ბევრს გაგვიგია, მაგრამ ადამიანი, არასრულყოფილი ქმნილება, უმეტეს შემთხვევაში, ნაცვლად დადებითისა, უარყოფითზე იწყებს ჩაბღაუჭებას და მის ყურებას. ვივიწყებთ ღვთის სიტყვას, ბუნებას და სულ უბრალო, პატარა განსაცდელებზე ვწუწუნებთ, ვადანაშაულებთ ღმერთს და ხშირად განა არ შეგვიძლია, უბრალოდ არ ვიგებთ, რომ მოცემული მოვლენები არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს; პირიქით, გვაძლიერებს, გვასწავლის და წინ გვწევს.

ამიტომაც წერია ბიბლიაში: „ყოველივე სიხარულად ჩათვალეთ, ჩემო ძმებო, როდესაც მრავალნაირ განსაცდელში ცვივდებით.“ (იაკობი 1:2). როგორც უკვე იცით, არ დაუშვებს ღმერთი ჩვენს ისეთ მდგომარეობაში ყოფნას, რომელსაც ვერ გადავლახავთ; ხოლო, რაც შეეხება განსაცდელებს, სასიხარულოა ისინი, ვინაიდან ჩვენთვისვე მოაქვს სარგებელი. უფრო მეტად თუ გაინტერესებთ, რა სარგებელზე მაქვს საუბარი, წმინდა წერილზე დაყრდნობით გიპასუხებთ: პირველ რიგში, რწმენაზე, რომელიც შობს მოთმინებას. ხოლო შემდეგ, ჩვენს ცვლილებაზე. როდესაც შევძლებთ მოთმინების სრულყოფილად ამოქმედებას, ეს გაგვხდის სრულქმნილს, წუნდაუდებელსა და ყოველმხრივ უნაკლოს. ესეც გზა ცვლილებისა.

ამიტომაც, ვფიქრობ, გვმართებს ღმერთის მიმართ მადლიერება, რადგან თავიდან გვაცილებს უამრავ პრობლემას, რასაც ზოგჯერ ვერც კი ვხვდებით, და გვეხმარება განვითარებაში.

ბოლოს კი, ჩემო მეგობარო, მსურს, გაგამხნეო: თუკი რამე ხდება შენს ცხოვრებაში – კარგი თუ ცუდი, შესაძლებელია, სასიკეთოდ გეწიოს, ღვთის მადლით. არ აქვს არსებითი მნიშვნელობა გარემოებას, რადგან „იცის ღმერთმა, როგორ იხსნას განსაცდელისგან ღვთისმოსავნი.“ (2 პეტრე 2:9).

27 სექტემბერი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ენა – ჩვენი შინაგანი მდგომარეობის ინდიკატორი

გუჯა ჩაჩანიძე 24 სექტემბერი, 2019
გუჯა ჩაჩანიძე

„ერთი პირიდან გამოდის ლოცვა-კურთხევაც და წყევლაც. ასე არ უნდა იყოს, ჩემო ძმებო.“ (იაკობი 3:10).

ადამიანის ბაგიდან გამოსულ სიტყვას შეუძლია, დაანგრიოს მეორე ადამიანი.

ადამიანის ბაგიდან გამოსულ სიტყვას შეუძლია არა მხოლოდ ერთი ადამიანის დანგრევა და მისთვის იმედის მოსპობა, არამედ ხალხთა მასებისთვისაც.

იაკობის წერილში ენა აღწერილია შემდეგნაირად: „ასევეა ენაც; პატარა ასოა და ბევრს იქადის. აჰა, რა მცირე ალი ბუგავს დიდ ტყეს.“ (იაკობი 3:5).

ხშირად ვფიქრობთ, რომ უწყინარი ლაყბობა, სხვათა განკითხვა, ქილიკი, ან თუნდაც ხუმრობა მეგობრებს შორის, ისეთს არაფერს აშავებს, მაგრამ სახარება სხვანაირად უყურებს ამას. მათეს სახარებაში იესო ამბობს:

„ყოველი ფუჭი სიტყვისთვის, რომელსაც იტყვიან ადამიანები, პასუხს აგებენ განკითხვის დღეს.“ (მათე 12:36).

სახარება არასდროს არაფერს არ აჭარბებს. ის არ ცდილობს, შეგვაშინოს რამით, ან რაიმე გააბუქოს. და როცა იესო ამბობს – „ყოველი“, ე.ი ყოველი სიტყვისთვის (სხვადასხვა თარგმანებში გამოყენებულია უქმი სიტყვისთვის, ცუდი სიტყვისთვის), რომელიც არ ემსახურებოდა ადამიანთა აშენებას და უქმად ან ცუდად გამოვიდა ჩვენი ბაგიდან, არის ფუჭად გამოყენებული, რომლისთვისაც პასუხს ვაგებთ განკითხვის დღეს.

ენა ძლიერი იარაღია, რომელიც ეშმაკს შეუძლია, რომ გამოიყენოს.

იაკობის წერილში წერია: „ენაც ცეცხლია, უმართლობის მთელი სამყარო. ენა ჩვენს ასოებს შორის არის მოთავსებული. ის ბილწავს მთელ სხეულს და ჩვენი ყოფიერების ბორბალს აალებს. თვითონაც აალებულია ჯოჯოხეთისგან.“ (იაკობი 3:6).

ენა ჩვენი შინაგანი მდგომარეობის ინდიკატორიცაა.

მათეს სახარებაში იესო ამბობს: „როგორ შეგიძლიათ, ილაპარაკოთ კეთილი, როცა ბოროტები ხართ? რადგან გულის სისავსისგან მეტყველებს პირი.“ (მათე 12:34).

დავუკვირდეთ, ძვირფასებო, რა გამოდის ჩვენი ბაგიდან; აშენებს თუ ანგრევს ჩვენი ლაპარაკი ადამიანებს?!

თუ ჩვენი ბაგიდან გამოდის ბოროტი სიტყვები, სხვაზე თავის დამეტება, სხვისი დაცინვა, მაშინ ჩვენს შინაგანს მოწესრიგება სჭირდება, რაც შესაძლებელია უფლის დახმარებით.

„ვინაიდან ჩვენ ყველანი ბევრს ვცოდავთ. ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილი ადამიანია. მას შეუძლია, ალაგმოს მთელი სხეულიც.“ (იაკობი 3:2).

ენა ასევე ძლიერი იარაღია ღმერთის ხელში. მასში სიცოცხლის ძალაცაა.

მაშინ, როდესაც ჩვენი შინაგანი მოწესრიგებულია, ჩვენი ბაგიდან გამოდის იმედის და გამხნევების სიტყვა და არაფერია იმაზე სასიამოვნო, როცა შენი ბაგიდან გამოსული სიტყვით ადამიანი იმედს, სიხარულს და სიცოცხლეს იძენს!..

ჩვენი ბაგის და სიტყვის ჭეშმარიტი დანიშნულება უფლის განდიდება და ერთმანეთის მხარდაჭერაა.

თუ დააკვირდებით, ჩვენი ბაგიდან გამომავალ გამამხნევებელ სიტყვებს არა მარტო სხვა ადამიანების, არამედ ჩვენივე გამხნევებაც კი შეუძლია.

იგავებში წერია: „გულში დარდი კაცს დათრგუნავს, კეთილი სიტყვა კი გაახარებს.“ (იგავები 12:25).

ამ მუხლის მიხედვით, ადამიანთა სიხარული ჩვენს სიტყვაშია, რომელიც უნდა იყოს კეთილი, წრფელი და იმედიანი.

ასევე, ებრაელთა მიმართ წერილში წერია: „ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთს, წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისთვის.“

ამ მუხლით წერილის ავტორი მიუთითებს, რომ ჩვენი ბაგიდან ერთმანეთის შექება და გამხნევება უნდა გამოდიოდეს.

ღმერთმა სიცოცხლე ჩადო ჩვენს სიტყვაში, იმედი, კურნება, აშენება, მოტივაცია და ხსნაც კი, რომელიც შეგვიძლია ადამიანებს მოვუტანოთ, მისი სიტყვის სახარების მეშვეობით.

გავამხნეოთ ერთმანეთი, ძვირფასებო, გვაქვს სიხარულის, სიყვარულის და ერთმანეთის მხარდაჭერის მიზეზი, რადგან ჩვენი უფალი ცოცხალია და ის მალე დაბრუნდება, მას კი ჩვენი შინაგანი – მოწესრიგებული და ჩვენი ბაგე სუფთა უნდა დახვდეს.

და: „ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, ზოგიერთებს რომ სჩვევიათ, არამედ ვამხნევებდეთ ერთმანეთს, მით უმეტეს, რაც უფრო მეტად ატყობთ იმ დღის მოახლოებას.“ (ებრაელთა 10:25).

ამინ!

24 სექტემბერი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ახალი ბლოგები
ძველი ბლოგები
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 2

    მხსნელი უფალი

    26 თებერვალი, 2020
  • 3

    მედროვე ადამიანთა ქმედებები…

    22 მარტი, 2019
  • 4

    ღმერთი არ არის საშუალება

    5 დეკემბერი, 2022
  • 5

    ფიზიკური ნაკლი არ არის პრობლემა…

    7 ოქტომბერი, 2020


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ