ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ
  • stories

  • Memories

  • About Me

ბლოგები

ერთ ნაბიჯში

ნიკა ჯიაძე 26 ნოემბერი, 2019
ნიკა ჯიაძე

რას იფიქრებ, თუ გეტყვი, რომ ერთ ნაბიჯშია გამოსავალი?

დამიჯერებ, თუ გაგიმხელ, რომ აქვეა შენი ხსნა?

როგორ მოიქცევი, თუ ჩაგჩურჩულებ, რომ ერთ ნაბიჯშია შენი გამარჯვება?

შეიძლება, არ დამიჯერო, მაგრამ ერთ ნაბიჯშია.

სიკვდილი კარზე აკაკუნებს. ბოროტება ზეიმობს. ქუხილი ელვას სტყორცნის. ცა ხელს იღერებს. ტალღები კი ღრიალებენ… თორმეტი ადამიანი ერთ ნავში იღუპება. იალქნები ჩამოუშვეს. ძირს გაწოლინან. აღარ იციან, რა ქნან. ამბობენ: „ცუდადაა ჩვენი საქმე, ვიღუპებით.“

იმ თორმეტთაგანნი ვართ.

შენც იქ ხარ.

ტალღები ამსხვრევს შენს ნავსა და სიცოცხლეს.

მოვარდა პირველი ტალღა – შენ არაფერი გამოგივა!

შეასკდა მეორე ტალღა – შენ არავის სჭირდები.

შეეხეთქა მესამე – ყველამ მიგატოვა.

შეეჯახა მეოთხე – მალე მოკვდები.

შიში გაგიჟებით სცემდა ზარს, უსასოობამ ბოლომდე მოგვიცვა. ნავიც და ჩვენი სიცოცხლეც იმსხვრევა. ვიღუპებით!

წყვდიადი აღრიალდა: დადგა თქვენი დასასრული! გამოესალმეთ თქვენს სიცოცხლეს. წარმოთქვით ბოლო სიტყვები…

უხმოდ მიიძინეთ, რადგან დასრულდა ჟამი თქვენი სიცოცხლისა.

თქვით ბოლო სიტყვები, მხდალნო!

თქვით ბოლო სიტყვები, სუსტებო!

ჩვენ ვფიქრობდით, რა გვეთქვა..

მეხი გავარდა – თქვით ბოლო სიტყვები, უსუსურებო!

და ჩვენ დავიყვირეთ: უფალო, გვიხსენი!

ის აქ არის. ის აქ არის!  ბაგეებმა ჩურჩულით გამოცრა.

მივიხედეთ და..

თურმე უფალი ჩვენს ნავშია.

ჩვენ მისი ხმა არ გვესმოდა…

არც მისი მოქმედება შეინიშნებოდა…

გვეგონა, შორს იყო ჩვენგან.

აქამდე რატომ ვერ დავინახეთ?

და ის წამოდგა!

თუ დრო ჩერდება, ზუსტად ამ წამს გაჩერდა. ღმერთო, ეს რა სანახაობა იყო, ის წამოდგა!

განა მარტო ის?!  მთელი სამყარო ფეხზე დადგა. გალაქტიკებმა ყური დაუგდეს მას, ვარსკვლავებმა თავიანთი სინათლე მისკენ მიმართეს, პლანეტებმა მას მიაპყრეს მზერა, ციური სხეულები გახევდნენ…

და მან ხელი აღმართა.

აი, ამ გაწვდილი ხელის წინაშე…

ბუნების კანონები დაირღვა, წყვდიადი გვერდზე გადგა, ქაოსი შეწყდა, გრიგალმა თვითონ გაიკვლია გზა, ელვამ უკან წაიღო თავისი მძვინვარე ნათება და ტალღებმა უარი თქვეს თავიანთ ბობოქრობაზე…

გაისმა ხმა: რატომ გამოიჩინე მცირე რწმენა?

რატომ არ გესმის ჩემი ძლიერება?

განა არ იცი, რომ მხოლოდ მე შემიძლია სასწაულების მოხდენა, რადგან უკუნისამდეა წყალობა ჩემი?

რწმენის გარეშე რთულია ჩემი ხმის, საქმის და სასწაულის შემჩნევა.

მე ახლოს ვარ, ძალიან ახლოს.

ირწმუნე და ხმა აიმაღლე!

ჩვენ კი გაოგნებულნი ვამბობდით, ვინ არის ეს, ყველაფერი რომ ემორჩილება? ჩვენი წარმოდგენები თავდაყირა დადგა.

და მივხვდით.

თუ მოუხმობ მას…

შეუძლებელი შესაძლებელი ხდება, უხილავი ხილულად იქცევა, სისუსტე – სიძლიერედ, დაღმასვლა – აღმასვლად. სიკვდილი – სიცოცხლედ!

საკმარისია, გონს მოეგო… ილოცო და შესძახო: „უფალო, მიხსენი!“

ირწმუნე, რომ სულ რაღაც ერთი ნაბიჯი გაკლია და მშვიდობა დაისადგურებს; გული გამოგიკეთდება; იმედი, ვით ყლორტი, აღმოცენდება შენში.

დაიმახსოვრე,

შენი ნავი ღელავს თუ მშვიდადაა,

ბობოქრობს თუ ლივლივებს,

აქეთ-იქით ეხეთქება თუ წყნარად დაცურავს,

როგორც არ უნდა იყოს,

მოუხმე უფალს, რადგან

უფალი ერთ ნაბიჯშია.

26 ნოემბერი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ნუ წააგებ სიცოცხლეს!!!

ნატალია ჩიქოვანი 8 ნოემბერი, 2019
ნატალია ჩიქოვანი

აზარტი უხილავ ძაფებს ჰგავს შენს სხეულზე, მარიონეტივით რომ გათამაშებს და მიგაქანებს სიყალბის მორევში, სადაც საკუთარ თავსაც კი არ ეკუთვნი; გამოგონილ სამყაროში, სადაც გგონია, რომ გამარჯვება, კვარცხლბეკი და დიდება გელის… ხელში კი საკუთარი ცხოვრების ნაგლეჯები გრჩება. დაკარგულ ახლობლებზე წყენა და სიმწარე იბუდებს გულში, ადანაშაულებ ყველას და ყოველივეს და სიმარტოვის მწვავე შეგრძნების გასაქარვებლად კვლავაც თამაშობ… და არ იცი, რომ ფსონი შენი სიცოცხლეა, რადგან სხვა აღარაფერი დაგრჩა ღირებული, რადგან ცხოვრება და თავი უკვე წააგე… საცოდაობაა იმის ყურება, რომ გგონია თამაშობ და თავად თამაშობს აზარტი შენი სიცოცხლით!..

ნუ წააგებ სიცოცხლეს!!!

წინ მომავალია!!!

ნუ იქნები წარსული….

იერ. 29:11: „‘ვინაიდან მე ვიცი ზრახვანი, რაც თქვენზე განვიზრახე,’ – ამბობს უფალი, – ‘სასიკეთო და არა საბოროტო ზრახვანი, რომ მომავალი და იმედი მოგცეთ.’“

8 ნოემბერი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

დაემორჩილე უფალს და დაელოდე მას

გიორგი ოდიაშვილი 4 ნოემბერი, 2019
გიორგი ოდიაშვილი

ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოებს, ვაშენებთ ქალაქებს, ვაშენებთ სახლებს და მაშინვე ვადგენთ წესებს, რომელთაც ყველა უნდა დაემორჩილოს და წინააღმდეგობის შემთხვევაში, ვიცით შესაფერისი ზომებიც.

ჩვენ ვქმნით ბიზნესს, ვხსნით სხვადასხვა დაწესებულებებს, მაშინვე ვადგენთ წესებს და მკაცრად მოვითხოვთ, რომ ყველა დაემორჩილოს მათ.

ჩვენ დავიბადეთ სამყაროში, სადაც არაფერი შეგვიქმნია, მოვედით დედამიწაზე, რომელიც სრულიად ღმერთის ძალით, ადამიანისაგან დამოუკიდებლად არის შექმნილი და რატომღაც არ გვინდა, დავემორჩილოთ შემოქმედის დადგენილ წესებს, რომელნიც ჩვენთვის სასიკეთოა.

ფსალ. 118:24: „შენი მცნებები სიხარულია ჩემთვის − ჩემი მრჩეველნი არიან ისინი.“

4 ნოემბერი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

შორიდან მოსული ფიქრი

გიორგი ოდიაშვილი 4 ნოემბერი, 2019
გიორგი ოდიაშვილი

ხანგრძლივი და დამღლელი დღის შემდეგ სახლში ბრუნდები, კალათდები მყუდროდ შენს კუთხეში, ხუჭავ თვალებს, ირგვლივ სიჩუმეა და ყურებში წუილის ხმა გესმის; აუჩქარებლად, ღრმად და ხარბად სუნთქავ, მთელ სხეულში გრძნობ დაღლილობას; ფეხები, ხელები, ზურგი, კისერი, ყველა კუნთი დაძაბულია, ყველა კუნთი დაღლილია და შენ მხოლოდ ახლა აანალიზებ, თუ რამდენად გამოფიტულხარ ამ დღეს; როგორ დაგღალა მუშაობამ, შრომამ, სწავლამ; დაგღალა სიარულმა, ურთიერთობებმა, ერთი და იმავე საქმის კეთებამ სამსახურში თუ უნივერსიტეტში; დაგღალა ფიქრმა და კიდევ უამრავმა რამემ…

ოჰ, ზუსტად ასე ვარ ახლა ჩემს კუთხეში; მადლობა ღმერთს, რომ საერთოდ მაქვს ეს კუთხე; და ვფიქრობ, თითქოს ცოტა მქონდეს ნაფიქრი დღეს, თითქოს დღეს არ დავეღალე ფიქრს და მაკლდეს იგი, მაგრამ ეს ფიქრი თითქოს შორიდან მოდის, მზის ქვეშეთისას არ ჰგავს.

ვფიქრობ, ერთხელაც, როდესაც ბოლო დღესაც ჩავამთავრებ ამ მიწაზე, როდესაც ჩემი წილი ჟანგბადი გამოილევა, როდესაც ბოლო ამოსუნთქვას სულს ამოვაყოლებ, როდესაც სხეული დაბრუნდება იქ, საიდანაც იქმნა, ხოლო სული დაბრუნდება მასთან, ვინც მოგვცა ის[1], როდესაც ხრწნადი უხრწნელობით შეიმოსება და მოკვდავი − უკვდავებით[2], როდესაც ის მოგვწმენდს ცრემლებს, [3]აი, მაშინ, სწორედ მაშინ გავაანალიზებთ და მივხვდებით, რამდენად დავუღლივართ ქვეყნიერებას; როგორ დავუღლივართ ხრწნად, მოკვდავ, ცოდვისგან დასახიჩრებულ და ნაჯიჯგნ სხეულს; როგორ დავუღლივართ დროს, სნეულებას, ტკივილს, დეპრესიას, ბრძოლას არსებობისთვის, მარტოობას, სიკვდილის შიშს, ოჰ, რა კარგი იქნება…

ფილიპ. 3:20: „ხოლო ჩვენი მოქალაქეობა ზე­ცაშია, საიდანაც ველით მხსნელს, უფალ იესო ქრისტეს.“

1 ეკლ. 12:7: „მტვერი დაუბრუნდება მიწას, როგორც იყო, სული კი დაბრუნდება ღმერთთან, რომელმაც მისცა იგი.“

2 I კორ. 15:53: „ვინაიდან, ეს ხრწნადი უხრწნელობით უნდა შეიმოსოს და ეს მოკვდავი უკვდავებით უნდა შეიმოსოს.“

3 გამოცხ. 21:4: „მოსწმენდს ყოველ ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, არც გლოვა, არც კვნესა, არც ტკივილი, რადგან წინანდელი უკვე გარდავიდა.“

4 ნოემბერი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

უფლის თანდასწრება ცვლის…

რუსუდან ილურიძე 22 ოქტომბერი, 2019
რუსუდან ილურიძე

დღეს ეკლესიაში უცნაურ მდგომარეობაში მყოფი მივედი, თითქოს ჩემში ვიღაცამ ემოციების გამომრთველ ღილაკს დააჭირა თითი და ყოველი ემოცია, გრძნობა უბრალოდ გამორთო. ეს მხოლოდ მაშინ შევნიშნე, ეკლესიაში რომ შევაბიჯე. ზოგადად, ეკლესია ჩემთვის სახლია, იქ მყოფნი კი − ოჯახის წევრები. ყოველთვის მიხარია იქ ყოფნა და ვგრძნობ, იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო… ამჯერად კი სხვანაირად იყო ყველაფერი, ადამიანებთან საუბარი არ მინდოდა, თავს ვარიდებდი… ეკლესიამდეც თითქოს ინსტინქტურად მივედი… უბრალოდ ვიცოდი, რომ იქ უნდა ვყოფილიყავი… გონება გათიშული მქონდა, არც ერთი აზრის ჭაჭანება არ იყო ჩემს თავში… თითქოს დალეწილი, დანგრეული, დაჭრილი ძირს ვეგდე; ძალაგამოცლილი, უკვე ტკივილსაც რომ ვეღარ გრძნობ… სანამ შევაბიჯებდი, უბრალოდ ჩავიჩურჩულე: „წამომაყენე, გთხოვ…“

ღვთისმსახურება მალევე დაიწყო, თუმცა ჩემთვის თითქოს წუთები წლებად იქცა, რადგან რაღაცის მოლოდინი ჰქონდა ჩემში ვიღაცას… მინდოდა, თავი შემემზადებინა და ლოცვა გადავწყვიტე, თუმცა ჩემ მიერ წარმოთქმული რამდენიმე სიტყვა უბრალოდ ჰაერში გაიფანტა… მქადაგებელი კათედრასთან დადგა, მგალობლებიც სცენაზე იყვნენ… ინსტრუმენტალისგან გამომავალი ხმა ჩემს სულს მისწვდა, ემოციების ჩამრთველ ღილაკს მსუბუქად შეეხო და ვიგრძენი, ყელში ბურთი გამეჩხირა, თუმცა გადავყლაპე; თვალები ამეწვა, ვიგრძენი, ცრემლები გარეთ გამოღწევას ცდილობდნენ, მაგრამ არ დავანებე… მქადაგებელმა სიხარულზე, ღიმილზე და „თუნდაც განსაცდელის ჟამს“ უფლის განდიდებაზე დაიწყო ლაპარაკი და უცებ ჩემში ძალიან ჩუმად, ძლივს გასაგონად მამამ დაიჩურჩულა: „გამოუშვი“…

ცრემლებმა მარტივად იპოვეს გზა ჩემს ლოყებზე, თითქოს მინდოდა, მელოცა კიდეც, მაგრამ ბაგეები არ მემორჩილებოდა… ცრემლებიც საკმაოდ ხმამაღლა საუბრობდნენ… რაც მეტად მომდიოდა ცრემლი, მით მეტს ვგრძნობდი; ვერავის ვხედავდი, მხოლოდ ბუნდოვან ფიგურებს; ზევით ვიყურებოდი, წამიერად ყველაფერი ჩაჩუმდა, მერე თითქოს რაღაც გასკდა ჩემ შიგნით და ვიგრძენი, უფლის რეალურობამ, თანდასწრებამ სულიწმიდისა ჩემი სულის სიმებზე ნაზად რომ ჩამოჰკრა… ვიგრძენი… ვიგრძენი უზომო მონატრება, აქამდე უგრძნობი სიყვარული, რომლის გამოსახატავად სიტყვები არ მყოფნიდა, ამაზეც ცრემლები საუბრობდნენ…

ვგრძნობდი, გული და გონება როგორ სუფთავდებოდა სიბინძურისგან, მის ადგილს კი მშვიდობა, სიხარული, სიყვარული იკავებდა. უფლის თანდასწრება ძლიერდებოდა, ძლიერდებოდა იმის ცოდნაც და გაცნობიერებაც, რომ უფალი თუ არ მყავს, თუ არ ვგრძნობ, რომ აქაა, თუ არ ვგრძნობ, რომ მის სადიდებლად ვცხოვრობ, მაშინ უბრალოდ ყველაფერი უაზრობაა… ვიგრძენი, როგორ მყვარებია და მის გარეშე ერთი წამიც არ მინდა! მივხვდი, რატომ ვიყავი დასაწყისში ასე… სულს, რომელიც უფალს ეკუთვნის, მის გარეშე ყოფნა თუნდაც რამდენიმე საათი იმდენად სტკიოდა, რომ ემოციები გამორთო, ეს რომ აღარ ეგრძნო…

ძვირფასებო, რა მინდა, ამით ვთქვა: არ არსებობს უფრო ტკბილი, საყვარელი, სანუკვარი, ვიდრე ის, რომ გრძნობდე სამყაროს შემოქმედის თანდასწრებას, სიყვარულს, მფარველობას შენს ცხოვრებაში… გრძნობდე, რომ მიზანი გაქვს, თანაც დიადი მიზანი და შენი ცხოვრება უბრალოდ არ იფლანგება; დანიშნულება გაქვს, სჭირდები, სჭირდები მას, ვისაც მთელი სამყარო უჭირავს! დიდებულია! გამოუთქმელია!..

ვისაც გამოუცდია ეს ყოველივე, მინდოდა, უბრალოდ შემეხსენებინა ამ გრძნობის დიდებულება, ვისაც ჯერ არ გამოუცდია, ეძიეთ უფალი და ის თავს გაპოვნინებთ და მაშინ მიხვდებით, რომ მის გარეშე უბრალოდ არსებობდით (რა განცხრომაშიც არ უნდა ცხოვრობდეთ) და ახლა რეალურად ცოცხლობთ და ცხოვრობთ!

22 ოქტომბერი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

მე ვირჩევ იესოს! არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ან რა იქნება მეორე მხარეს

გიორგი ოდიაშვილი 18 ოქტომბერი, 2019
გიორგი ოდიაშვილი

კვირა დღეს, როდესაც მსახურებაზე წასასვლელად ვემზადებოდი, მშობელმა მითხრა, რომ სახლში აღარ დავბრუნებულიყავი, თუ ახლა სახლის ზღურბლს გადავაბიჯებდი. რა თქმა უნდა, მე ავიღე ჩემი სახარება და სახლიდან დაუფიქრებლად გამოვედი.

მივაბიჯებდი ქუჩაში და იმდენად ძლიერი სიხარული იყო ჩემს გულში (მაშინ არ ვიცოდი, რომ ეს ღვთაებრივი სიხარული იყო), რომ ძლივს ვიკავებდი თავს ხმამაღალი სიცილისგან, რადგან ხალხის მერიდებოდა, ჭკუიდან გადასული არავის ვგონებოდი.

მივდიოდი და მხოლოდ ერთი რამ მიტრიალებდა თავში:

მათე 10:36-39:

„კაცის მტრები მისი შინაურები იქნებიან. ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, იგი არ არის ჩემი ღირსი; ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, იგი არ არის ჩემი ღირსი. ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და ისე არ გამომყვება, იგი არ არის ჩემი ღირსი.“

როგორც არ უნდა ვეცადოთ ამ მუხლების განმარტებას და ახსნას, წერილი გარკვევით ლაპარაკობს, რომ ქრისტეს მიმდევართა პირველი მოწინააღმდეგენი მისი ოჯახის წევრები არიან და ეს იმიტომ არა, რომ მშობლებს სძულთ შვილები, არამედ იმიტომ, რომ მათ ყველაზე მეტად უყვართ ისინი და ალბათ შიშობენ, რომ ქრისტეს გაყოლის შემთხვევაში მათი შვილები დაზარალებულნი დარჩებიან. (თუ მშობელი ხარ და შენი შვილი ოდესმე გადაწყვეტს, გაჰყვეს იესოს მოწოდებას, უმჯობესია, მხარი დაუჭირო, რადგან მაინც ვერ შეძლებ მის დაკავებას).

მივაბიჯებდი ქუჩაში თამამად და მქონდა მტკიცე დარწმუნება გულში, რომ მე იესოს ღირსი გავხდი. ვიცოდი, ვგრძნობდი, რომ მას მოეწონა ჩემი გადაწყვეტილება და ეს კიდევ უფრო მეტ სიხარულსა და სიმშვიდეს მმატებდა. არ ვიცოდი, სად მომიწევდა იმ ღამის გათენება, მაგრამ მშვიდად ვიყავი.

ჩემო ძვირფასებო, ნუ იფიქრებთ, თითქოს არ მიყვარდეს ჩემი ოჯახის წევრები, პირიქით, ძალიან მიყვარს ისინი და მადლიერი ვარ მათი, თუმცაღა ეს ყველაფერი ვერც კი შეედრება იმ სიყვარულსა და მადლიერებას, რომელიც მე მაქვს ჩემი უფლის, იესო ქრისტესადმი…

დიახ, ერთ დღეს შევხვდი (არა ხორციელად) იესოს ჯვართან და გამაოცა მისმა მსხვერპლმა. შევხვდი მას ცარიელ სამარხთან და აღმაფრთოვანა მისმა აღდგომამ. ერთ დღეს შევხვდი იესოს და მისმა სიყვარულმა გამათავისუფლა მე.

არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ან რა იქნება მეორე მხარეს, მე ავირჩევ იესოს.

ჩემო მეგობრებო, ნურასოდეს დამაყენებთ არჩევანის წინაშე – თქვენსა და იესოს შორის, მე ავირჩევ იესოს.

არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად მტკივნეული იქნება ეს, მე ავირჩევ იესოს.

დიახ, მე მიყვარს იესო ქრისტე, რადგან პირველად მან შემიყვარა და ჯვარს ეცვა ჩემი ცოდვებისთვის, დაიმარხა, აღდგა სამი დღის შემდეგ და გაწყვიტა სიკვდილის ბორკილები ჩემ გამო, რომ მე აღარ ვყოფილიყავი სიკვდილის შიშით მართული და მქონოდა წვდომა მარადიულ სიცოცხლესთან.

და ამიტომაც, მე არ მაშინებს, თუ ჩემი 80-100-წლიანი სიცოცხლის პერიოდში ვინმე სექტანტს დამიძახებს; თუ ვინმე ვერ გამიგებს და არ მოისურვებს ჩემთან სიახლოვეს; თუ ბრბო სოფლად ანდა ქალაქად ჭორაობას მოუნდება ჩემი აღმსარებლობის შესახებ; თუ დევნასა და შევიწროებაში მომიწევს ცხოვრება; ვერ მაშინებს ის, თუ ვინმეს (თუნდაც საყვარელი ადამიანის) დათმობა მომიწევს და არც ის მაშინებს, თუ სიკვდილი იქნება ჩემი ხვედრი სახარების გამო; რადგან ვიცი, რომ ზეცა რეალურია და ჩემი უფალი მიმიღებს თავის მარადიულ სამეფოში!

 

18 ოქტომბერი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

არ მომაცილო თვალი!

მარიამ ბაიდაშვილი 18 ოქტომბერი, 2019
მარიამ ბაიდაშვილი

როგორც პეტრე მიდიოდა ზღვაზე, ისე მივდივარ აბობოქრებულ ტალღებს შორის, მე შენ გიმზერ, იესო, და არ მეშინია.

როგორც პეტრე მიდიოდა ზღვაზე, ისე მივდივარ წვიმის დროს მღელვარე წყალზე, მე იესოს ხმას ვუსმენ, რომელიც იმეორებს:

– არ მომაცილო თვალი,

– არ მოუსმინო ტალღების ხმაურს,

– აქ ვარ და უკან გაბრუნებას არ ვაპირებ, არ ვაპირებ შენს დატოვებას ამ შტორმში.

და მე კვლავ არ მეშინია ჩაძირვის. ეს ზღვა ჩემი ტკივილებია, ეს ზღვა ჩემი უიმედობაა, ეს ზღვა სავსეა ჩემი გამოუვალი მდგომარეობით; ამ ზღვაში მრავალი საზრუნავია, რომელთა გამოც გათენება არ მსურს, რადგან მგონია, ბოლო არ უჩანს. ზღვა ივსება ჩემი ხანგრძლივი და დაუსრულებელი მარტოობით, გულის წუხილით, ღალატით, მიტოვებით…

მაგრამ როგორც პეტრე მიდიოდა ზღვაზე, ისე მოვდივარ შენკენ, იესო, და არ მინდა, თვალი მოგაცილო…

თუმცა უცებ ვეებერთელა ზღვას გავხედე და შემეშინდა, უკვე ტალღების ხმაც მესმის, ქარის განწირული კივილი მოსვენებას აღარ მაძლევს, გაწვიმდა კიდეც; იქნებ შენამდე ვერ მოვასწრო მოსვლა, იქნებ ვერ გავუძლო და ჩავიძირო, უფალო.

და მართალი ვყოფილვარ, მე უკვე წყალში ვარ, განა წყალზე, მე წყალში ვარ და ვიძირები, რადგან შემეშინდა, მეგონა, ვერ მივაღწევდი ქრისტემდე და გავხედე ზღვას… მინდოდა, გამეზომა მისი სიღრმე, მისი სიგრძე და ჩემი შესაძლებლობები, რათა მცოდნოდა, გადავლახავდი თუ არა.

და როგორც პეტრემ იწყო ჩაძირვა, მეც ისე ვიძირები და ვფიქრობ, რომ ეს დასასრულია, ვფიქრობ, რომ აქედან გაღწევა შეუძლებელია.

მაგრამ უცებ ქრისტეს ხელს ვხედავ ამ ზღვაში, ამ ტკივილში, ამ პრობლემაში გამოწვდილს, ვიცი, უნდა ჩავეჭიდო, ვიცი, გადამარჩენს!

და იმდენად საოცარია ერთი რამ, რომ ქრისტე არ მაძლევს უფლებას, ზღვაში ღრმად ჩავეფლო, მან მაშინვე მომაშველა თავისი ხელი, ის ხომ იქვე იყო, ის ხომ მე მელოდა და რა მნიშვნელობა ჰქონდა, რამხელა იყო ეს ვეებერთელა ზღვა – ჩემი ტკივილებით სავსე.

რამდენჯერ გიფიქრია, რომ სირთულეებით სავსე ზღვა ქრისტეს ფეხქვეშ არის და შეუძლებელია, იესომ ოდესმე ეს ზღვა აბატონოს თავისზე მაღლა?

რამდენჯერ გიფიქრია, ვის ეკუთვნი? შენ ქრისტეს სიხარული ხარ, ქრისტეს გული ხარ, მამის წუხილი და მამის საზრუნავი ხარ… უბრალოდ მისი შვილი ხარ და შენ გამო ძგერს მისი გული, ამიტომ არასდროს იფიქრო, რომ მოგცემს უფლებას ჩაძირვის, მერე რა, რომ ტალღები არ ცხრება, მერე რა, რომ ჯერ წვიმას არ გადაუღია… არ დაივიწყო, ვის ეკუთვნი და გახსოვდეს, თუ ოდესმე მოგიწია ტკივილებისა და პრობლემების ზღვაში შესვლა, იქ იესო დაგხვდება ტალღებზე მდგარი და მუდამ გახსოვდეს, არ აპირებს წასვლას, არ აპირებს უკან გაბრუნებას და შენს მიტოვებას.

და დავითივით, მეც „მივაპყრობ თვალებს მთებს, საიდან მოვა ჩემი შეწევნა? ჩემი შეწევნა უფლისგანაა, რომელმაც შექმნა ცა და ქვეყანა.“ (ფსალმუნი 120:1-2).

18 ოქტომბერი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ხე ნაყოფით შეიცნობა

თამუნა შაქარაშვილი 18 ოქტომბერი, 2019
თამუნა შაქარაშვილი

დავაგემოვნე ერთი და იგივე ნაყოფი, სხვადასხვა ხის მოსავალი. სახელი ერთი და იგივე აქვს, მაგრამ გემო – სხვადასხვა.

წავედი ფიქრებში, რატომ აქვს სხვადასხვა გემო, როცა ერთსა და იმავე ნაყოფს ვსინჯავ? ალბათ იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია, როგორ ვუვლით იმას, რისგანაც ველით ნაყოფს.

საფასური: ორივეში ერთი და იგივე ფასი გადავიხადე, მაგრამ ერთმა არ გაამართლა, არ იყო გემრიელი და სასურველი, არ მეამა.

ასევე ჩვენთვისაც ერთი სისხლი დაიღვარა, ღმერთის ძის სისხლი, რომელმაც გამოგვისყიდა.

ხე ყოველთვის ნაყოფით შეიცნობა და ასეა ქრისტიანობაშიც. რამდენად ვაამებთ ჩვენი ცხოვრებით ღმერთს, რამდენად მტკიცენი ვრჩებით გადაწყვეტილების მიღების დროს და რამდენად არის ჩვენი ცხოვრება კეთილსურნელება ღმერთისთვის?  ბევრს მიეცა ტალანტი, მაგრამ ყველამ ვერ გაამრავლა. ასევე, ბევრი ხე არის დარგული, მაგრამ ყველა როდი იძლევა კარგ და საამო ნაყოფს.

მათეს 12:33:

„ან კეთილი ხე შექმენით და მისი ნაყოფიც კეთილი იქნება, ან ცუდი ხე შექმენით და მისი ნაყოფიც ცუდი იქნება, რადგან ხე ნაყოფით იცნობა.“

როგორია შენი ნაყოფი? რომელი ხის ნაყოფი ხარ? როგორია შენი ხარისხი ქრისტიანულ ცხოვრებაში?

აუცილებლად იქნები შესამჩნევი შენი გამორჩეულობით, აუცილებლად იქნები განსხვავებული სხვებისგან შენი ცხოვრების სტილით და ნაყოფებით, თუ…  და ეს „თუ“ ძალიან მნიშველოვანია.

თუ დარჩები იმ ხეზე, რომლისგანაც მოედინება სიცოცხლის წყალი.

იოანეს 15:1-8:

„…როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თვითონ, თუ ვაზზე არ დარჩება, ისევე თქვენც, თუ ჩემში არ დარჩებით. მე ვარ ვაზი, თქვენ კი – ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი ბევრ ნაყოფს გამოიღებს, რადგან უჩემოდ არაფრის კეთება არ შეგიძლიათ. ვინც ჩემში არ დარჩება, გარეთ გადაიგდება, როგორც ლერწი, და დაჭკნება. მოაგროვებენ მათ, ცეცხლში ჩაყრიან და დაწვავენ.“

იცით, რა გავაკეთე, როდესაც იმ ხილის ნაყოფს ვჭამდი, რომელშიც საფასური გადავიხადე?! არ ვარგოდა და გადავყარე! დიახ, გადავყარე! ალბათ, არც თქვენ მიირთმევდით უგემურ და ჭიან ნაყოფს, ალბათ, თქვენც გადაყრიდით.

მინდა, გაგამხნეოთ ღმერთის სიტყვით, რომელიც ამბობს:

„თუ ჩემში დარჩებით და ჩემი სიტყვები თქვენში დარჩება, ითხოვეთ, რაც გსურთ, და გექნებათ. ამით განდიდდება ჩემი მამა, თუ ბევრ ნაყოფს გამოიღებთ და ჩემი მოწაფენი იქნებით.“

„თუ“ ძალიან მნიშვნელოვანია!  ნუ ვიქნებით უსარგებლონი, ნუ ვიქნებით ის ლერწი, რომელშიც გადაიხადეს მასზე ძვირფასი და შეუფასებელი ფასი.

მოდით, ვიყოთ ნაყოფიერნი, სასარგებლონი, სასურველნი, საამო და კეთილსურნელება ღმერთისათვის.

ჩვენ ყველანი ვართ ქრისტეს სისხლით გამოსყიდულნი! უნდა ვიყოთ იმ ფასის შესაფერისნი, რომელიც ჩვენთვის დაიხარჯა და რომელმაც აიტანა ყოველივე გოლგოთაზე!

I იოანეს 1:7:

„ხოლო თუ სინათლეში დავდივართ, როგორც ის არის სინათლეში, მაშინ მოზიარეობა გვაქვს ერთმანეთთან და მისი ძის, იესო ქრისტეს, სისხლი გვწმენდს ყოველგვარი ცოდვისგან.“

18 ოქტომბერი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

რითი გავმხნევდე?

ია ბობოხიძე 18 ოქტომბერი, 2019
ია ბობოხიძე

მეგობარო, ერთ პატარა, ძველ ისტორიას მინდა, მოგიყვე და გაგამხნეო.

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დავითი თავის ხალხთან ერთად საბრძოლველად იყო წასული, ფილისტიმელებმა (ებრაელების მტრებმა) წაასხეს ებრაელ მებრძოლთა ცოლ-შვილი ტყვეებად; გაბრაზებულმა ებრაელებმა დავითს, თავიანთ წინამძღოლს, მოჰკითხეს პასუხი (გოლიათზე გამარჯვებულ დავითს). დავითი უფალს დაეკითხა, დასდევნებოდა თუ არა მათ და თანხმობა მიიღო. შედეგად, ცოლ-შვილთან ერთად ნადავლიც კი გამოაყოლეს ხელს; მიზეზი კი ერთი იყო – უფლის სიტყვისადმი მორჩილება.

ხოლო მორჩილების უნარი იცი, საიდან შესწევდა დავითს იმ ურთულეს სიტუაციაში?

„და დამწუხრდა დიდად დავითი, რადგან მისი ჩაქოლვა განიზრახა ხალხმა. გამწარებული იყო ხალხი თავიანთი ვაჟებისა და ასულების გამო, მაგრამ უფლის, თავისი ღვთის, იმედით გაიმხნევა დავითმა თავი.“ (I მეფ. 30:5).

ასე რომ, ძვირფასო, ვფიქრობ, დავითზე ბევრად უკეთეს სიტუაციაში ხარ, მიუხედავად ნებისმიერი სახის განსაცდელისა… არავინ გადგას თავზე ჩასაქოლად, მოსაკლავად და არც არავის ჰყავს მოტაცებული შენი ოჯახის წევრები (და არამარტო შენი ?).

ცხოვრება გრძელდება!

დაინახე წყარო, საიდანაც შეგიძლია, შესვა წყალი, რომელიც გაგამხნევებს, გადაგარჩენს და შენ რომ მიიჩნევ ბრძოლას წაგებულად, გაგამარჯვებინებს!

18 ოქტომბერი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ახალი ბლოგები
ძველი ბლოგები
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 2

    მხსნელი უფალი

    26 თებერვალი, 2020
  • 3

    მედროვე ადამიანთა ქმედებები…

    22 მარტი, 2019
  • 4

    ღმერთი არ არის საშუალება

    5 დეკემბერი, 2022
  • 5

    ფიზიკური ნაკლი არ არის პრობლემა…

    7 ოქტომბერი, 2020


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ