ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ
  • stories

  • Memories

  • About Me

ბლოგები

ვინ იცის, რა იქნებოდა ბოლოს…

გიორგი ოდიაშვილი 19 დეკემბერი, 2019
გიორგი ოდიაშვილი

თავდაპირველად იყო შიში, რომელიც არ მახსოვს, ზუსტად საიდან წარმოიშვა, მაგრამ ის იყო საკმაოდ რეალური – სიკვდილის შიში.

შემდეგ იყო ინტერესი – ნეტავ რა არის სიკვდილი? როგორია სიკვდილი? რა არის მის შემდეგ? ნუთუ მხოლოდ წყვდიადია? ნუთუ უბრალოდ სიჩუმე იქნება? გავქრები ნეტა, თუ სადმე და როგორმე გავაგრძელებ არსებობას მათთან, ვინც მენატრება?..

შემდეგ კი იყო ერთფეროვნება, უფერულობა, უიმედობა, უაზრობა, ჩაკეტილობა, დეპრესია, უაზროდ ძილი და ყოველდღე ერთი და იგივე…

შემდეგ იყო ლუციფერის ჩურჩული, რომელმაც წარმოშვა სურვილი – იქნებ ვცადო, სხვებმა ხომ შეძლეს? მეც გამომივა, არ მგონია, რთული იყოს. იქნებ ასე ჯობია, რომ ახლავე დავამთავრო ჩემი ხანგრძლივი და უაზრო არსებობა…

ბოლოს კი იყო სინათლე, იყო სხივი, იყო სითბო, იყო ფერები, იყო ურთიერთობა, იყო მიღებულობა, იყო სიყვარული სრულყოფილი, რომელმაც განდევნა შიში – იყო ნაზარეველი იესო გამოწვდილი ხელით და რომ არა ის, ვინ იცის, ბოლოს რა იქნებოდა…

19 დეკემბერი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ერთის სიკვდილი საკმარისია!

რომა შალამბერიძე 19 დეკემბერი, 2019
რომა შალამბერიძე

კიბეებზე ავრბივარ, მივიჩქარი, რომ დავასრულო ჩემი ჩანაფიქრი. არც ვიცი, ეს ნამდვილად ჩემია თუ არა… თუმცა ფიქრის საშუალება არ მაქვს, რადგან შეურაცხყოფილი ვარ…

მივრბივარ, მივრბივარ სიკვდილისკენ…

თითქოს პოზიტივია მაღლა ასვლა, მაგრამ ახლა მე მაღლა სიკვდილისთვის ავდივარ…

გავცდი ჩემი საუკეთესო მეგობრის სახლს…

აი, ჩემს სახლსაც ავუქციე გვერდი და თან ისე, თითქოს იქ არავინ მელოდებოდა…

უკან შავი ყორანი მომჩხავის:

„მალე, მალე, ამის მოთმენა არ შეიძლება…“

„ეს არის ერთადერთი გამოსავალი!“

აი, ავაღწიე, ავედი სახურავზე, სადაც ერთ დროს ამოვდიოდი, რომ დამენახა ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცა, რომელიც უსაზღვრო ბედნიერებას მანიჭებდა…

აი, ვდგავარ დანიშნულების ადგილას…

ორი ნაბიჯი მაშორებს საბოლოო მიზანს, უკვე ერთი…

ნუთუ ეს ის ადგილია, სადაც ახლა უნდა ვიდგე? ნუთუ საკმარისი ვიქნები სამართლიანობისთვის?

„რა თქმა უნდა! შენი სიკვდილით დიდ სიტყვას იტყვი! ყველა შენზე დაიწყებს ლაპარაკს და ინანებენ ყველა ბრალდებას შენდამი.“ – კვლავ ერთსა და იმავეს იმეორებდა შავი ყორანი და მიბიძგებდა იმ უკანასკნელი ნაბიჯის გადადგმისაკენ.

იმწამს სამყარო დუმდა, ადამიანები სილუეტებად მოჩანდნენ ჩემგან, პაწაწინა არსებებად და უცებ წარმოვიდგინე, თუ როგორ მოვჩანდი მე ღვთის თვალში. წარმოვიდგინე, რამდენად უსუსური იყო ჩემი ყველანაირი გათვლა თუ ვარაუდი და თავად ჩემი პიროვნება… წამიერად არჩევანის შეცვლაც მომინდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო…

გადაწყვეტილი მქონდა… სიკვდილის სანაცვლოდ უნდა დამებრუნებინა ჩემი სახელი და ის რეპუტაცია, რომელიც დამენგრა! ჩემი სიკვდილით მე უნდა გამეკეთებინა ეს!

ნაბიჯი წინ…

ხმა მაღლიდან: „არა!“

და წამში წარვდექი უფლის წინაშე.

კიდევ ერთი შანსი ვინატრე. ვინატრე, კიდევ ერთხელ მქონოდა არჩევანის გაკეთების უფლება, მაგრამ რაღაც სიტყვები ჩამესმოდა…

„ადამიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი და შემდეგ განკითხვა…“

კითხვები ჩნდებოდა, ნუთუ იყო სხვა გამოსავალი? და ზუსტად მსგავსი სიტყვები ჩამესმა… მაგრამ ეს უკვე იმ პიროვნებისგან გავიგე, რომელიც ჩემ წინ იდგა…

პიროვნება, რომლის სახესაც ვერ ვხედავდი, რადგან მზესავით ბრწყინავდა. ვერ ვუსწორებდი თვალს, რადგან მისი თვალები ცეცხლოვანი იყო, თუმცა ვატყობდი, რომ სიყვარულით გიზგიზებდა, და მან მითხრა:

„შვილო, ყველა ის უსამართლობა, ტკივილი, დამცირება და ბრალდება ჩემს თავზე ავიღე, უკვე მე მოვკვდი ამისათვის და მეტად აღარ არის საჭირო, ვინმე შეეწიროს ამ ყველაფერს!

თუკი მე ვიქნები შენს მხარეს, რა მნიშვნელობა აქვს, თუ ვინ იქნება შენ წინააღმდეგ?!

თუკი მე ვმოსავ ველის ყვავილებს დიდებით და პაწაწინა ჩიტუნებს ვასაზრდოებ, ნუთუ შენნაირ გაბედულ ადამიანებს არ ვაქცევ ჩემს ძლიერ შვილებად?!

ფასი გადახდილია, სიკვდილთან გარიგება დანგრეულია, ოღონდ უნდა ეცადო, რომ შეძლო და გაიაზრო ეს. უნდა მთხოვო, რომ დაგეხმარო, რადგან ჩემი სამართალი ძალდატანებით არ აღსრულდება.“

სიტყვა, რომელიც ჩემ მიმართ ითქვა, გასაოცარი იყო. იმედით ავივსე და ვინატრე, ძლიერად ვინატრე, რომ ეს ჩემს სიცოცხლეში მომესმინა, თუნდაც რომელიმე ადამიანისგან, თუნდაც ჩემი მეგობრისგან, რათა ბრძოლის უნარი მქონოდა… ცხოვრებას ნამდვილად აზრი ექნებოდა, ეს სიტყვები რომ მომესმინა…

არ ვიცი, რა მომელის ახლა, რა იქნება ამ ძვირფასი სიტყვების შემდეგ, მაგრამ იმედი მაქვს, ვინც ცოცხალია, ის იპოვის ნამდვილ გზას თავის სიცოცხლეშივე.

რას გააკეთებდი, თუ ამ საუბარს შეესწრებოდი? რას მოიფიქრებდი, თუ შენ თავად გექნებოდა შანსი ახალი გადაწყვეტილებისთვის?!

თუ ამ სიტყვებს ვინმე მოისმენს, მივმართავ:

ყურადღებით მისმინე!

არ არის საჭირო სიკვდილი, გამოსავალი არ არის ეს გზა!

არის ერთი გზა, ერთადერთი! და ეს გზა იესოა!

ის მოკვდა და ცოცხალია, რომ ახლა შენ იცოცხლო მისთვის. ის იმედით დაგცქერის შენს ტკივილში, რომელშიც საკუთარი გადაწყვეტილების გამო აღმოჩნდი, და სჯერა, რომ სიძლიერეს გამოიჩენ და მას მოუხმობ!

იბრძოლე, სიცოცხლით უფრო დიდ სათქმელს იტყვი, ვიდრე სიკვდილით!

შენი სიცოცხლით უფრო დაამახსოვრებ ხალხს თავს, ვიდრე სიკვდილით!

სიცოცხლით გაიმარჯვებ და არა სიკვდილით!

„მტერი მოდის იმისათვის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს.“

შეიძლება მტერმა მოგპარა იმედი, შეიძლება მოკლა შენი გადაწყვეტილებები და კეთილი ფიქრები, მაგრამ ვერ მოგსპობს, თუ შენ არ დართავ ნებას!

გამოსავალი ყოველთვის არსებობს! შეიძლება დაგამცირონ! შეიძლება დაგცინონ და აგეკიდოს შავი ყორანი, რომელიც მოსვენებას არ მოგცემს, მაგრამ გთხოვ! მოძებნე ის ადამიანი, ვინც გეტყვის მსგავს სიტყვებს, რომელიც იმედით აგავსებს და ბრძოლის ჟინს დაგიბრუნებს!

გთხოვ, მოძებნე ღმერთი, ის საკმარისია შენი პრობლემების გადასაწყვეტად!

 

რადგან იესო მოკვდა შენთვის, ახლა შენ უნდა იცოცხლო მისთვის.

19 დეკემბერი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ილაპარაკე, რომ დაგინახონ!

ნატალია ჩიქოვანი 19 დეკემბერი, 2019
ნატალია ჩიქოვანი

„საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე…“ – მახსოვს, როგორი პათოსით ვყვებოდით ამ ლექსს ზეიმებზე ბავშვობაში, თავაწეულნი, მხრებში გამართულნი, სიამაყის ბურთით ყელში, მყივანი ხმით… რატომღაც ბოლო დღეების მოვლენების დროს თავისთავად მოვიდა ეს ფრაზა და გაფუჭებული ფირსაკრავივით ერთსა და იმავე ადგილას იჭედებოდა გონებაში და დავტოვე ისე, როგორც ზემოთ დავწერე, გაგრძელების გარეშე, ლექსის კონტექსტიდან ამოვარდნილი და მაინც საოცრად ორგანული დღევანდელობისთვის, როგორც კონტრასტი წარსულსა და აწმყოს შორის…

„საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე…“ დიახ, 30 წელიწადია, მხოლოდ წუხილი მესმის იმის შესახებ, რომ დავიბადეთ იქ, სადაც დავიბადეთ და 15 წლის ასაკში თავადაც ბევრჯერ მგონებია, რომ არასწორ დროს, არასწორ ადგილას მომავლინა ღმერთმა. არასდროს მინატრია, რომ ერთხელ მაინც დაბრუნებულიყო ბავშვობა და სილამაზე, რადგან ჩემი მოგონებები ნაცრისფერია, ნანგრევებით სავსე, პურის გრძელი რიგებით, „ფეჩისა“ და ნავთის სუნით გაჟღენთილი, სარკიანი ლამპის მბჟუტავი ალით განათებული. სკოლა… დამწვარი პარკეტით გამთბარი ოთახი, საავადმყოფოს უფრო რომ წააგავდა, და იქნებ არც მასწავლებლები მიგვიჩნევდნენ მოსწავლეებად და მათთვის პაციენტები უფრო ვიყავით, რომელთაც საკუთარი თავისგან, იდენტობისგან, თავისუფალი აზროვნებისგან განკურნება სჭირდებოდათ… ამიტომაც იყო, რომ თაობიდან თაობას გადაეცემოდა ე.წ. „თემების რვეულები“ და ბებიას გამომცხვარი მჭადებივით ყველას ერთნაირი შინაარსის თემები გვეწერა საშინაო დავალებაში, მაგ., „ქალთა სახეები ვეფხისტყაოსანში“.

ნელ-ნელა მკლავდა და მახრჩობდა გარემო, სადაც ვერ ვხედავდი მომავალს, სადაც არ ჩანდა არანაირი პერსპექტივა, სადაც არ იყო ადგილი მომავალი თაობისთვის… ვინ იცის, რამდენჯერ მიფიქრია ლუკას ასაკში, რომ მთელი სამყარო დამესაჯა ჩემი არყოფნით… ვინ მოთვლის, თავადაც კი აღარ მახსოვს…

წლები გავიდა, უკვე დედა ვარ. დიდი ხანია, უკანა მერხზე მჯდომი კომპლექსიანი გოგონას აჩრდილი უკან ჩამოვიტოვე და მაინც, ისეთი განცდა მაქვს, თითქოს არაფერი შეცვლილა ამ ქვეყანაში, სადაც კედელიც კი უფრო ფასეულია, ვიდრე ადამიანი… უიმედობის აჩრდილი დაძრწის, უპატრონობის, მიუსაფრობის, უპასუხისმგებლობის აჩრდილებთან ერთად. ეს აჩრდილები კი ყველგან ცხოვრობენ, ყველა ინსტიტუციაში: ოჯახში, სკოლაში, პოლიციაში, სასამართლოში… თითქოს „დეჟა ვუ“ მაქვს…

ვიცი, რა არის უუნარობის განცდა, სისუსტის, დაუცველობის, უმომავლობის… მძულდა სამყარო, სადაც ადამიანები ვერ ხვდებოდნენ, რომ ზოგჯერ ადამიანი იქამდე მთავრდები, ვიდრე უკანასკნელად ამოისუნთქებ; ზოგჯერ შენს ოცნებებთან ერთად კვდები; ზოგჯერ უთქმელ დარდთან და ვერდაცულ თუ ვერდამტკიცებულ სიმართლესთან ერთად… და მაშინ ვერ ვხვდებოდი, რა განსხვავება იყო იმ ერთ ნაბიჯში, რომელიც ილუზიურ და რეალურ არყოფნას შორის არსებობდა… ახლა რომ შემეძლოს სივრცისა და დროის გადმოლახვა, თვალებში ჩაგხედავდი, ლუკა, და გეტყოდი ამ ერთი ნაბიჯის შესახებ, რომელიც იმდენ სივრცესა და ადამიანს იტევს, რომ არასდროს გადადგამდი იმ ნაბიჯს სახურავიდან უკიდეგანო, უსხეულო სივრცეში, მაგრამ შენთვის გვიანია… თუმცა არიან სხვებიც და მინდა, ვიყვირო; მინდა, ხმა მივაწვდინო მათ, რომელთაც ერთი ნაბიჯი აშორებთ უფსკრულთან. შენ კლავ ადამიანს, რომელმაც ეს დაჭაობებული სისტემა უნდა შეცვალოს; შენ კლავ ადამიანს, რომელსაც იმედით შეჰყურებს მის ზურგს უკან მომავალი თაობა; შენ მშობლებს უკლავ შვილს, მეგობრებს დასაყრდენს აცლი; შენ კლავ ადამიანს, რომელსაც სათქმელი აქვს, რომელსაც მისია აქვს ამ სამყაროში! შენ თავად იქცევი იმ უპასუხისმგებლო ინსტიტუციის და კონკრეტული ადამიანების მსგავსად, რომლებმაც იმ ადგილამდე მიგიყვანეს, სადაც ახლა დგახარ! ნუ გადადგამ ნაბიჯს! შენი მოვალეობაა, იცოცხლო! ცხოვრება მშვენიერია! და თუ ახლა არ გეჩვენება ასე, მოვა დრო და მთელი შენი არსებით შეიგრძნობ ამას, გპირდები… ოღონდ იცოცხლე… ოღონდ ილაპარაკე, ნუ დადუმდები… ილაპარაკე, რომ დაგინახონ!

და მაშინ, იმ უხსოვარ დროში, როცა სამყარო ნაცრისფერი იყო, მე დავიწყე ლაპარაკი, წერა, სხვათა დაცვა და დავიწყე ძიება იმისა, თუ ვინ ვარ, ან რატომ გავჩნდი ამ ქვეყანაზე… მე ვიპოვე გაგრძელება, მე ვიპოვე იმედი, ვიპოვე აზრი და მიზანი ქრისტეში, მაშინ, როცა მეგონა, რომ გზის დასასრულში ვიდექი. შენც იპოვი მას, თუ მთელი გულით მოუხმობ დასახმარებლად… მოუხმე მას!

„მოდით ჩემთან, ყველა მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ.“ (მათეს 11:28).

არ მინდა, ვიცხოვრო საქართველოში, სადაც იბადებიან და შემდეგ მუდამ წუხან ამაზე… მივმართავ საქართველოს ყველა მოქალაქეს: შენ ხარ ეს ქვეყანა! შენ ხარ პატარა საქართველო! აიღე შენი წილი პასუხისმგებლობა! ილაპარაკე, რომ დაგინახონ!

19 დეკემბერი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

უღმერთობა გვსჯის

ლიკა მელანაშვილი 5 დეკემბერი, 2019
ლიკა მელანაშვილი

სიტყვა „დასჯა“ ღრმა ბავშვობიდან იღებს სათავეს და ზრდასრულობაშიც იკიდებს ფეხს. ასაკის მატებასთან ერთად სასჯელის სიმძიმეც იმატებს ხოლმე, თუმცა ამ სიტყვის არსი ყოველთვის ერთია – ჩვენივე ქმედებაზე პასუხისგება. დამსჯელი ყოველთვის ჩვენზე ძლიერად გვევლინება და ჩვენც შიში გვიპყრობს, ბუნებრივია… მამები კი, ყოველთვის საუკეთესო დამსჯელებად მიაჩნიათ.

მაშინ, როდესაც მარტონი ვართ უკიდეგანო ბურუსით მოცულ ცხოვრებისეულ ქარიშხლებში, ყველაფერი ჩვენზე ძლიერია. ძლიერია სისუსტე, ძლიერია ძირს დაცემა, ჩვენზე ძლიერია ყველაზე უმწეო არსებაც კი, და სწორედ აქედან იწყება არსებობის შიში. ჩვენ, როცა მარტონი ვართ, ანუ, როცა ღმერთს ვტოვებთ, ღმერთი კი არა, უღმერთობა გვსჯის.

კედლებთან მიხეტებულ, სინათლით ვერგამძღარ ცხოველს ვგავართ, უმისამართო ხეტიალით გადაღლილსა და… უფრო საბრალოს. ჰო, ხშირად სწორედ უმისამართო წერილები ვართ, ვტოვებთ ღმერთს და ცხოვრებისეული სირთულეების წინააღმდეგ მარტონი ვილაშქრებთ, მერე ვმარცხდებით და… ძირს ვეცემით. სწორედ ამ დროს იწყება დასჯის შიში. ჩვენ გვეშინია ჩვენზე ძლიერის. მოდის მეათე, მეასე სირთულე და ვამბობთ: „ღმერთი მსჯის“, მაგრამ… მეგობარო, ღმერთი კი არა, უღმერთობა გვსჯის!

ათასი კითხვა გვებადება, გვიკვირს, თუ რატომ არის ამდენი სირთულე, როგორ მოვედით აქამდე. გვიჭირს კიდეც იმის აღიარება, რომ ღმერთმა კი არ მიგვატოვა, ჩვენ მივატოვეთ ღმერთი. მეგობარო, რა მიატოვე შენ? სიბნელე თუ სინათლე? ტკივილი თუ სიხარული? სიკვდილი თუ სიცოცხლე? უფალი ამბობს: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ (იოანე 14:6). რომელ გზას ირჩევ შენ? ვის ან რას უკავია მთავარი ადგილი შენს ცხოვრებაში? შეცდომების აღიარებისთვისა და პატიების თხოვნისთვის არასდროსაა გვიან; მთავარია, რამდენად გულწრფელია სინანული, რადგან „ყოველთა გულის მხილველია უფალი და ყველა ფიქრისა და ზრახვის მცოდნეა“ (1-ლი ნეშტთა 28:9).

თუ დღეს შენზე ძლიერია შიში, სისუსტე, პრობლემები და განსაცდელები, შემობრუნდი ღმერთისკენ და უთხარი ეს მას. ნუ იფიქრებ ღმერთზე, როგორც საუკეთესო დამსჯელზე, რადგან ხშირად, როცა მარტონი ვართ, ანუ, როცა ღმერთს ვტოვებთ, ღმერთი კი არა, უღმერთობა გვსჯის…

5 დეკემბერი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

კმარა, უფალო!

თორნიკე ხუბაშვილი 5 დეკემბერი, 2019
თორნიკე ხუბაშვილი

მე-3 მეფეთა 19:4-8:

„მივიდა ერთი ბელეკონის ბუჩქთან და მის ძირას დაჯდა, სიკვდილი ინატრა და თქვა: ‘ახლა კი კმარა, უფალო, წაიღე ჩემი სული, რადგან ჩემს მამებზე უკეთესი არა ვარ.’

და მიწვა და მიეძინა ბელეკონის ბუჩქის ძირას. და აჰა, ანგელოზი შეეხო მას და უთხრა: ‘ადექი, ჭამე.’

და გაიხედა ელიამ და აჰა, ნამცხვარი და წყლით სავსე დოქი უდგას სასთუმალთან. და შეჭამა, შესვა და ისევ მიიძინა.

მეორედ მოვიდა უფლის ანგელოზი, შეეხო მას და უთხრა: ‘ადექი და ჭამე, რადგან შორი გზა გაქვს.’

და ადგა, ჭამა, სვა და ამ საჭმლით მოძლიერებულმა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე იარა ღვთის მთამდე, ხორებამდე.“

ხანდახან ისეთი ძლიერია სტრესი, რომ იძინებ იმ იმედით, იქნებ დილას ვეღარ გაიღვიძო და დასრულდეს ტანჯვა. 

ხანდახან ტკივილი ისეთ მდგომარეობას აღწევს, რომ გგონია, ღმერთმა თავისი სიტყვა გატეხა და ისეთ ტვირთს გადებს, ან ისე გსჯის, რომ შენი გასრესა უნდა და მეტის გაძლებას ვეღარ შეძლებ…

ხან ღმერთს ევედრები, რომ წაგიყვანოს, რადგან ცხოვრების ღირსეულად გაგრძელების ძალას ვეღარ პოულობ დაშვებული შეცდომების შემდეგ.

მაგრამ უფალმა იცის, როდის იწურება შენი ძალები, ის მოდის საჭირო დროს, გმატებს ძალას, გაძლევს საკვებს, როგორც ელიას! რათა კვლავ განაგრძო სიარული მისი ნების შესასრულებლად!

ამიტომ თუ ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ, არ მოტყუვდე, ღმერთი აკონტროლებს შენს გამძლეობას და ის მალე გაგიმართავს მკლავებს!

წინ შორი გზა გაქვს! 

1-ლი კორ. 10:13:

„არ შეგმთხვევიათ განსაცდელი, გარდა ადამიანურისა; და სარწმუნო ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც მოგცემთ, რომ შეძლოთ ატანა.“

5 დეკემბერი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

მზის ამოსვლა მისი ჩასვლის წამიდან იწყება

გიორგი ოდიაშვილი 3 დეკემბერი, 2019
გიორგი ოდიაშვილი

გუშინ საღამოს მზე ჩემ თვალწინ ჩაესვენა, ოხ, როგორი საოცრება იყო…

ჩვეულებისამებრ, გავემზადე, ჩემი ზურგჩანთა მოვიკიდე და სახლიდან გამოვედი.

ჩვეულებისამებრ, სოფლის გაჩერებაზე დავდექი ქალაქისაკენ მიმავალი მიკროავტობუსის მოლოდინში.

ჩვეულებისამებრ, უკანა ადგილები თავისუფალი იყო და ბოლოში, მარჯვნივ დავჯექი.

ჩვეულებისამებრ, ფარდა გავწიე, რათა მზის ჩასვლისთვის მედევნებინა თვალი და…

არაჩვეულებისამებრ,

ოჰ, ამდენი წელია უკვე, ამ გზაზე მიწევს სიარული, რამდენჯერ მიდევნებია თვალი მზის ჩასვლისთვის და მაინც, მზე ამ საღამოს არაჩვეულებისამებრ ჩაესვენება…

მე მივშტერებოდი ცაზე დაკიდებულ მშვენიერ სფეროს (ფერების ზუსტად აღწერა არ შემიძლია), რომელიც ნელ-ნელა, საოცარი სილამაზით, სამწუხაროდ, მთის მწვერვალს აფარებდა თავს, მაგრამ ცა ჯერ კიდევ წითელი იყო მისი სხივების ბრწყინვალებით…

ალბათ, ადამიანები მზად არიან, დიდი ხარჯი გაიღონ რაიმე ლამაზი სანახაობისათვის, მე კი მხოლოდ ლარნახევრად შევძელი, შევსწრებოდი ასეთ მშვენიერ სანახაობას…

საინტერესო კი ის არის, რომ ჩემ გარდა კიდევ იყო ხალხი სამარშრუტო მიკროავტობუსში, მაგრამ არავის გაუხედავს ცისაკენ, მზისაკენ, თითქოს ფიქრობდნენ, რომ სილამაზე არ შეიძლებოდა აქ, ასე ახლოს, ასე ხელმისაწვდომი, ასე რეალური ყოფილიყო მათთვის, ჰმ…

ალბათ, ხუთ წუთს თუ გასტანა ამ ფერადმა სანახაობამ და შემდეგ, ჩვეულებისამებრ, იყო სიბნელე, იყო ღამე და ვიცი, დილით ისევ აღმოსავლეთისაკენ უნდა მივაპყრო მზერა…

სამწუხაროა, რომ მზის ჩასვლა მისი ამოსვლის წამიდან იწყება, მაგრამ ის კი ნამდვილად საიმედოა, რომ მისი ამოსვლაც სწორედ ჩასვლის წამიდან იწყება.

„ყოველივე მშვენივრად შექმნა თავის ჟამს, თვით მარადიულობა ჩადო მათ გულებში, მაგრამ საქმეს, რაც ღმერთმა მოიმოქმედა თავიდან ბოლომდე, ვერ ხვდება ადამიანი.“ (ეკლესიასტე 3:11).

3 დეკემბერი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

რატომ მწამს ღმერთის?

გიორგი ფიროსმანაშვილი 3 დეკემბერი, 2019
გიორგი ფიროსმანაშვილი

– რატომ მწამს ღმერთის?

– ჩემი რწმენა ჯოჯოხეთის შიშს არ ეფუძნება.

ის ეფუძნება ღმერთის სიყვარულს!

ღმერთმა ადამიანი როდესაც შექმნა, ის თავისთან მყოფი შექმნა, რადგან ასე ძლიერ უყვარდა იგი.

თუმცა ადამიანი, სამწუხაროდ, თავისი უგუნურებით განუდგა შემოქმედს. ჩვენ დავტოვეთ ის, ვუღალატეთ მას!

მაგრამ ღმერთმა საკუთარი ძე მოავლინა მიწად, რათა ისევ მამასთან დაებრუნებინა ისინი, ვინც მის სიყვარულს დაინახავდნენ და მას გაჰყვებოდნენ!

დიახ, ის მაინც მოვიდა ჩვენთან, არა დასასჯელად, არამედ მამასთან შესარიგებლად!

და ის კვლავ მოვა!

და როდესაც მოვა, ის გამოარჩევს თავის მოყვარულებს მათგან, ვინც უარი თქვეს მასზე!

და შენ რომელი ხარ? ის, ვინც მიიღებს მის უპირობო სიყვარულს, თუ ის, ვინც ამჯერადაც არაფრად ჩააგდებს ამას?

3 დეკემბერი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

იესო – ერთადერთი თავშესაფარი

მარიამ ბაიდაშვილი 28 ნოემბერი, 2019
მარიამ ბაიდაშვილი

იესოს ხელები გადავშალე და მის ხელისგულებში ჩაგუბებული ჩემი ცრემლები პატარა ოკეანეს ჰგავდა, რომელიც ღელავდა. ჩემი თვალებიდან დაცემული ყველა ცრემლი მამის ხელებში მოთავსებულიყო.

– იესო, შენ ჩემს ყველა ცრემლს ხედავდი?

და მამამ პასუხის ნიშნად ჩამახედა ამ პატარა ოკეანეში, და საოცარი იყო ერთი რამ, რომ ყოველ ცრემლს ქრისტეს სახე აერეკლა. ყოველ ცრემლში მამის ხმა ისმოდა, რომელიც მიმღეროდა ტკივილის დროს მშვიდ იავნანას. მერე შემომხედა და მითხრა:

– იცი, რატომ არის ჩემი სახე ყველა ცრემლში არეკლილი? იმიტომ, რომ მე არასდროს მომიშორებია შენთვის თვალი. იმიტომ, რომ მე არასდროს ვყოფილვარ შორი და მიუწვდომელი, შენი სახის წინ ვიდექი და როცა თვალებიდან ცრემლები გდიოდა, ჩემს ხელისგულებს ვუშვერდი, რომ ძირს არ დაცემულიყო.

– იესო, შენც გდის თვალიდან ცრემლი?

– მამას იქამდე არ შეაშრება თვალიდან ცრემლი, სანამ ყველა შვილს არ იხილავს სიკვდილისაგან გამოხსნილს. შეხედე, ხედავ გოგონას? ცოტა ხნის წინ მან ზეცისკენ მომავალ გზაზე გადმოუხვია. ხედავ, როგორ მიჰყვებიან ანგელოზები, რომ ქვას ფეხი არ წამოჰკრას და არ დაეცეს? მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ წვიმისა და ჭექა-ქუხილის მიუხედავად არ მიატოვებს ამ გზას და ცოტა ხანში შენ გაიგონებ ხმას, თუ როგორ გუგუნებს ზეცა სიხარულისგან, როგორ ზეიმობენ ანგელოზნი, რადგან კიდევ ერთი სიცოცხლეა გამოსყიდული; მაგრამ ასევე მოისმენ ხმას ტირილისას… ამ დროს ზეცა დასტირის ადამიანს, რომელიც გზას ასცდა, რომელიც დანებდა, დაიბნა და დაიღალა… მე გავეშურები მისკენ, რომ ხელში ავიყვანო, მე გადავარჩენ მას. თუ მისი გული დაღლილია, ჩემს გულს მივცემ, უბრალოდ უფლება მომცეს, რომ დავეხმარო. ხშირად ეკლიან გზაზე დავწოლილვარ, რომ ჩემთვის დაებიჯებინათ, რათა ეკლებს მათი ტერფები არ დაეკაწრა. რამდენჯერ ძლიერი სეტყვა ჩემს სხეულს დასცემია, იმიტომ, რომ ქუხილისას შვილები ჩემკენ მოდიოდნენ, მე ვიყავი მათი ერთადერთი თავშესაფარი. მერე გამოიდარებდა და მტოვებდნენ, თუმცა, ამის მიუხედავად, ჩემი სიყვარული სამყაროსადმი განუზომელია.

იესო მალევე გაეშურა დედამიწისკენ, რათა ზურგზე მილიონობით დაღლილი ადამიანი შეესვა და ეტარებინა. გაეშურა იმისათვის, რომ მათ ცრემლებში არეკლილიყო, დაემშვიდებინა ადამიანთა სულში გამეფებული ქარიშხალი, თავშესაფარი გამხდარიყო წვიმისას და ეთქვა სამყაროსთვის, რომ მისი გული დედამიწისთვის ძგერდა.

და ჩემს ბაგეს უცაბედად აღმოხდა სიტყვები: ჩემი ტკბილი უფალი, ჩემი საყვარელი ღმერთი, დაუსრულებელი სიყვარული და ერთადერთი სახლი, სადაც სიცივე ვერ აღწევს, სახლი, რომელიც არასოდეს ჩამოინგრევა, ერთადერთი ნამდვილი სხივი, რომელიც გამუდმებით მათბობს…

28 ნოემბერი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

თაობა, რომელსაც ვჭირდებით

გიორგი ფიროსმანაშვილი 28 ნოემბერი, 2019
გიორგი ფიროსმანაშვილი

ბოლო დროს ახალგაზრდა თაობა განსაკუთრებით „დაიკარგა“. ისინი ვერ პოულობენ საკუთარ ვინაობას, თავიანთი არსებობის მიზანს. ეძებენ აქ, ეძებენ იქ. ეძებენ, სადაც შეუძლიათ… მაგრამ უშედეგოდ. ხვდებიან, რომ მათ სულში სიცარიელეა. ამაზე ლაპარაკობენ კიდეც, მაგრამ ზოგადად, მესამე პირში… რადგან თუ აღიარებენ, რომ ეს მათ აწუხებთ, პასუხი დაახლოებით ასეთი იქნება: „კარგი, რაა. ცხოვრებით დატკბი. რაებზე ფიქრობ…“ არადა მანაც კი, ვინც ამას ეტყვის, იცის, რომ თავადაც დაკარგულია. უბრალოდ ეშინია, რომ აღიაროს. ეშინია, რომ ძიება დაიწყოს. ის აშინებს, რასაც აღმოაჩენს: უიმედობას და სრულ უაზრობას. იმას, რომ დამნაშავეა თავისი სინდისის წინაშე… და არავის უნდა, მარტო დარჩეს სინდისთან. არ უნდათ ცხოვრება მსჯავრდადებით, მაგრამ იმასაც ხვდებიან, რომ ასე არაფერს აქვს აზრი, ამიტომ ამბობენ: „მოდი, გავერთოთ და დავტკბეთ ამ ცხოვრებით. მაინც ერთხელ ვცხოვრობთ…“

…სულიერი სიცარიელე…

…მარტოსულობა…

…ახალგაზრდა თაობა…

…ჩვენი თაობა… არ უნდა მივატოვოთ!

ჩვენ, ვინც ოდესღაც თავადაც ვიყავით დაკარგულნი და საკუთარი ვინაობის და ცხოვრების მიზნის ძიებაში ბევრჯერ დავცემულვართ ქვეყნიერების ტალახში; ვისაც გვესმის, რას ნიშნავს ცხოვრება მიზნის გარეშე და რომლებმაც იესო ქრისტეს მეშვეობით თავი დავაღწიეთ უაზრო ცხოვრების მარწუხებს; ვისაც გვაქვს საზრისი არსებობისთვის და იმედი მომავლისთვის; ვისაც გვაქვს გამოსავალი, ვინც ვიცით აქედან თავის დაღწევა, დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია! ჩვენ სინათლის თაობა ვართ! ამიტომ, დაე, ანათოს სინათლემ, რომელიც ჩვენშია! დაე, გვხედავდნენ და ჩვენკენ მოიწევდნენ, რათა გაიგონ ამ სინათლის წყაროს შესახებ… რომ გავანათოთ მათ გულში ჩაბუდებული ტკივილების სიბნელე…

დაე, ახლა ვიყოთ ისინი, ვინც ამ თაობას მოუსმენს, მის ტკივილს გულთან მიიტანს და გაიზიარებს, ვინც მზად იქნება დასახმარებლად. ჩვენ მათ ვჭირდებით! ვჭირდებით, რადგან მათ სჭირდებათ ადამიანი, რომელიც არ ეტყვის, რომ შეწყვიტონ იმაზე ფიქრი, თუ რა არის მათი აქ ყოფნის მიზეზი ან მიზანი. მათ უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენი სიცოცხლე არ არის ერთი ცხოვრება, რომელიც სიკვდილით მთავრდება. ჩვენი სიცოცხლე მარადიულია, რომელიც გარდაცვალებით გრძელდება! ეს ხომ გადამწყვეტი მომენტია ადამიანის არსებობისა!

შენ, რომელმაც შეიცანი ქრისტე, ხარ ქვეყნიერების სინათლე და მთის წვერზე მდებარე ქალაქი, რომელიც ვერ დაიმალება. სანთელს როცა ანთებენ, ჭურჭელქვეშ ხომ არ დგამენ, არამედ სასანთლეზე და უნათებს სახლში ყველას. ნუ დაიმალები!.. ნუ დავუმალავთ მათ ამ სინათლეს, არამედ ანათებდეს ჩვენი სინათლე ამ თაობაში, რომ ისინი ხედავდნენ ჩვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ ჩვენს მამას, რომელიც ზეცაშია.

არიან ამ თაობაში რჩეულები, რომლებიც მოუთმენლად ელიან ამ სინათლეს, რომ მისკენ ლტოლვა დაიწყონ და გათავისუფლდნენ სიბნელისგან. საკუთარ თავში დაკარგული თაობა… იპოვე, რათა მათ სხვა დაკარგულები გადაარჩინონ წყვდიადის ზღვაში დახრჩობას…

იყავი ისეთი, როგორიც შენი ზეციერი მამაა, და ემსახურე ადამიანებს! ისინი გელოდებიან!

28 ნოემბერი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ახალი ბლოგები
ძველი ბლოგები
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 2

    მხსნელი უფალი

    26 თებერვალი, 2020
  • 3

    მედროვე ადამიანთა ქმედებები…

    22 მარტი, 2019
  • 4

    ღმერთი არ არის საშუალება

    5 დეკემბერი, 2022
  • 5

    ფიზიკური ნაკლი არ არის პრობლემა…

    7 ოქტომბერი, 2020


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ