ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ
  • stories

  • Memories

  • About Me

ბლოგები

იესო ზღვის პირას

გიორგი ოდიაშვილი 12 თებერვალი, 2020
გიორგი ოდიაშვილი

ჩვეულებისამებრ, ახალი აღთქმა მოვიმარჯვე და მათეს სახარების მეცამეტე თავზე გადავშალე. ჰმ, ეს საინტერესო უნდა იყოს, კი უამრავჯერ მაქვს წაკითხული, მაგრამ ერთხელაც სწრაფად ჩავაბულბულებ-მეთქი, გავიფიქრე და კითხვას შევუდექი…

იმის გამო, რომ ეს ადგილი მართლაც ბევრჯერ წამიკითხავს და ზეპირადაც კი ვიცი, ბოლომდე არც ვკითხულობდი, უკვე ავტომატურად ვამბობდი მუხლებს და სწაფად გადავავლე თვალი.

ჩავიკითხე რამდენიმე მუხლი და უცბად, შორიდან, არამზისქვეშეთიდან მომდის აზრი, რომ კვლავ წავიკითხო პირველი და მეორე მუხლები. ვკითხულობ და გონება მინათდება, დაძაბული შუბლი და მზერა მოდუნებას მიეცა, მეღიმება…

მათე 13:1: „იმ დღეს სახლიდან გამოვიდა იესო და ზღვის პირას დაჯდა.

და მოგროვდა მასთან დიდძალი ხალხი, ისე, რომ ნავზე ავიდა და ჩამოჯდა, ხოლო მთელი ხალხი ნაპირზე იდგა.“

ორ წამში ვკითხულობ ამ მუხლებს, მაგრამ ვინ იცის, რამდენი დრო დასჭირდა დიდძალი ხალხის შეგროვებას და რამდენი ხანი გაატარა იესომ ზღვის პირას მჯდომარემ…

ოხ, როგორი საინტერესოა, რას ფიქრობდა იესო ტალღების შემყურე, ნეტავ როგორი იყო იმ განსაკუთრებულ დროს ზღვა, ღელავდა თუ დუმდა თავისი შემოქმედის წინაშე…

ნეტავ თევზები თუ ცნობდნენ მას, გროვდებოდნენ თუ არა მასთან ახლოს, არ ვფიქრობ, რომ შეშინებოდათ მისი, და თუ ეფერებოდა ნეტავ იესო მათ…

ის, ვისთვისაც მიუწვდომელი არაფერი ყოფილა, ახლა მიუწვდომელ ჰორიზონტს გაჰყურებს და ნეტავ მისი დანახვისას რაზე ფიქრობდა, იქნებ ზეცა ახსენდებოდა, მამის წიაღი, საიდანაც ის მოვიდა და ნეტავ თუ განიცდიდა მონატრებას „იქაურობისადმი“.

ან იქნებ ჯვარზე ყოფნისას ფიქრობდა მთავარ მისიაზე, რის გამოც მოვიდა, ან იქნებ საერთოდ სხვა რამეზე ფიქრობდა, უბრალოდ ფიქრობდა, რომ ჰორიზონტი ძალიან ლამაზია… არ ვიცი…

აღმაფრთოვანებელია, რომ დიდებული ღმერთი, სამყაროს შემოქმედი ხორცში მოევლინა ქვეყნიერებას… თანაბრად აღმაფრთოვანებს იესოს სიდიადე, მისი უსასრულობა, დაუსაბამობა და ამავდროულად, მისი თავმდაბლობა და უბრალოება..

ოჰ, ნაზარეველო ყმაწვილო, სიცოცხლით სავსე ახალგაზრდავ, განკაცებულო ღმერთო, იესო, ვინ ხარ ასეთი?!

12 თებერვალი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ცხოვრება მშვენიერია

ნიკა ჯიაძე 10 თებერვალი, 2020
ნიკა ჯიაძე

იცოდა მართამ, რაც სჭირდა, მაგრამ არ იმჩნევდა.

ისეთი საყვარელი იყო, ვერ იტყოდი, რაიმე აწუხებსო. არ უყვარდა თავის დაავადებაზე საუბარი. ჯერ დიდი გოგონა არ გამხდარიყო, მაგრამ უკვე მოესწრო ადამიანთა გულში ისეთი კვალის დატოვება, რომ მარტივად ვერ დაივიწყებდით. ამიტომ მნახველები აწყდებოდნენ მართას. ლაღი იყო, კეთილად მოღიმარი, სახეზე ზეციური ბედნიერება დასთამაშებდა. მნახველებს ცრემლები მოსდიოდათ, მაგრამ ეს იყო სიცოცხლის, წყალობის ცრემლები.

საავადმყოფოს მედდა მისი საუკეთესო მეგობარი გახდა. მართა მას ყველაფერს უყვებოდა. ერთ დღეს ისიც უთხრა, რომ თავის დროზე ეს ფანჯარა გაიღებოდა და დატოვებდა აქაურობას. ისიც უთხრა, ჩემს ბოლო სიტყვებს ყველას თან ვატანო.

რა იყო ეს ბოლო სიტყვები?!

მართა ძალიან კარგად წერდა. ყველა მნახველს, მეგობარს, კლასელს, მასწავლებელს, ნათესავს, ყველას ჩუმად უწერდა რაღაცას, კონვერტით ატანდა და ეუბნებოდა მათ, თავის დროზე გაეხსნათ. ფურცლები რომ გამოელეოდა, მამა გაიქცეოდა და მოუტანდა ხოლმე. წერდა და წერდა, თითქოს ეს ყოფილიყოს ყველაზე მნიშვნელოვანი მისთვის.

ყოველდღე ამტკიცებდა მართა, რომ უყვარდა სიცოცხლე.

ის ამბობდა, რომ სიცოცხლე კარგია იმდენად, რამდენადაც ჩვენ ვიბრძვით მისთვის.

ერთ დღეს ცა მოიღრუბლა, ატირდა… ფარდები გადაიშალა, ფანჯრები გაიღო, სიომ დაუბერა, უხილავმა ანგელოზებმა ხელი ჩასჭიდეს მართას და ცად აიყვანეს.

მართა აღარ იყო.

თვალთაგან ცრემლი გადმოეწურა ყველას.

მოგონებები არ შორდებოდა მათ თვალს.

გვიან საღამოს ფანჯრები არახუნდა, რაღაც უცნაურმა სიომ დაუბერა და სახლში მისულთ თითქოს ჩურჩულით ჩაესმათ: „დრო დადგა.“

ფარული წერილი…

მიხვდნენ… ეს მისი ბოლო სიყვარული, ბოლო ჩახუტება ან სიტყვები იქნებოდა, რომელიც ყველაზე მეტად დაამახსოვრდებოდათ.

ათასობით ადამიანმა გახსნა კონვერტი და წაიკითხა სიტყვები, რომლებიც არასოდეს დაავიწყდებათ:

ცხოვრება მშვენიერია!

ცხოვრება მშვენიერია!

ცხოვრება მშვენიერია!..

თუკი ამ წერილის კითხულობ, ესე იგი, მე მანდ აღარ ვარ. ახლა თავისუფლად ვიტყვი. ვიცოდი, დაგტოვებდით. არ მინდოდა წასვლა, არც ჩემი საყვარელი მშობლებისთვის გულის ტკენა, არც მეგობრების განაწყენება მსურდა. სულ რამდენიმე დღე მქონდა დარჩენილი და მინდოდა მეჩვენებინა თქვენთვის, როგორ მიხაროდა ცხოვრება.

ამიტომ ყოველ ღამეს, როცა თქვენ გეძინათ, მე ვლოცულობდი, სიცოცხლეს ვითხოვდი. ერთხელაც ძილში ერთი ადამიანი ვნახე. მას ყველაზე თბილი თვალები ჰქონდა, სახე ულამაზესი, მისი ხმა უტკბესი იყო. ხელი ჩამჭიდა თუ არა, დამავიწყდა ტკივილი, დამავიწყდა დაავადება, ვიგრძენი, როგორ ავივსე სიცოცხლით. აღარ მინდოდა ხელის გაშვება და უკან დაბრუნება, მაგრამ ცოტა დრო მომცა, რათა ყველასთვის მეთქვა:

ცხოვრება მშვენიერია!

ცხოვრება მშვენიერია!

მე რომ მეცოცხლა, სულ ამას ვიტყოდი… თან წაიღეთ, ყველას უამბეთ, ყველგან დაწერეთ, ყოველთვის აღიარეთ, რა გარემოებაშიც არ უნდა ჩაცვივდეთ, წარმოთქვით უშიშრად:

„ცხოვრება მშვენიერია!“

10 თებერვალი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ღმერთია ბოროტების ავტორი?

გიორგი ოდიაშვილი 30 იანვარი, 2020
გიორგი ოდიაშვილი

ხშირად მიწევს შეხვედრა ისეთ ადამიანებთან, ძირითადად, მოზარდებთან, რომელნიც სვამენ ამ კითხვას: „ღმერთი ხომ კეთილია, საიდან გაჩნდა ბოროტება? სატანაც ხომ მისი შექმნილია…“

სხვების არ მომწონს, როდესაც პროფესორობენ, თითქოს ყოვლის მცოდნენი არიან, თითქოს მათი სახელი შეილახება, თუ იტყვიან: „არ ვიცი.“ და ამის ნაცვლად მოსაწყენი დემაგოგიის ლექციას გვთავაზობენ, ამიტომაც აი, როგორია ჩემი მოკრძალებული პასუხი კითხვაზე, არის თუ არა ჩემი ღმერთი ბოროტების შემოქმედი.

არ ვიცი, მაგრამ აი, რაც ზუსტად ვიცი:

იმდენი თეოლოგიური განათლება არ მაქვს, რომ ავხსნა, ბოროტება როგორ დაიშვა სამყაროში (მოვუსმენ მას, ვისაც აქვს).

ჩვენ ვიცით, ღმერთი ყველაფერს ხედავს, ყველაფერი იცის, მან იცის წარსულიც და მომავალიც, შეცდომას არ უშვებს და თითქოს იქით მივდივართ, რომ ის არის შემოქმედი ბოროტებისა, ავტორი სიბნელისა, მაგრამ მე არ შემიძლია, „ვუყურო“ კოჟრიანი ხეებისგან დამზადებულ ჯვარზე ჩამოკიდებულ, ნაცემ, ნაგვემ, ნაფურთხებ, ჩვენს ცოდვათა გამო განკაცებულ ღმერთს, ნაზარეველ იესოს და დარწმუნებული ვიყო, რომ ის ბოროტია, რომ მას სურს ჩვენთვის ბოროტება და წყვდიადი…

რჯულ. 29:29: „დაფარული – უფალს, ჩვენს ღმერთს, გაცხადებული კი – ჩვენ და ჩვენს შვილებს უკუნისამდე, რომ შესრულდეს ამ რჯულის ყოველი სიტყვა.“

არის რაღაცები და ასეთი რაღაცები მრავლად არის, რაც არ ვიცით, რაც დაფარულია, არ გვესმის, არ გვაქვს კონკრეტული პასუხი, მაგრამ ერთს კი ნათლად ამბობს ბიბლია და მე ამას ვეჭიდები და მწამს:

„…ღმერთი არის სინათლე და არავითარი სიბნელე არ არის მასში.“

(1-ლი იოანეს 1:5).

30 იანვარი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

რისთვის ღირს სიცოცხლე?

ია ბობოხიძე 27 იანვარი, 2020
ია ბობოხიძე

სადამდე დავეცით ადამიანები…

როგორ გავამეფეთ დაცინვა, ეგოიზმი, სიბოროტე…

როგორ გავურბივართ რეალობას და მხოლოდ სხვის გამოყენებაზე ვართ მიმდგარნი…

სად არის რეალური ღირებულებები? სწორი ფასეულობანი?

სად არის სუფთა მოტივი და წრფელი სიყვარული?

გაქრა.

თითქოს აღარ არსებობს ქვეყნიერებაზე; თითქოს გაგვძარცვეს და მხოლოდ სიბინძურე დაგვიტოვეს.

მოიცვა სოციალურმა ქსელებმა ჩვენი ცხოვრება და მობილურები ვიქციეთ საუკეთესო მეგობრებად.

აღარ ვიცით, რა გემო აქვს ცოცხალ ურთიერთობას, წრფელ გრძნობებს, ემოციებს; აღარ გვახსოვს ბავშვობა… ის პერიოდი, როდესაც ყველაფერს ვარდისფერი სათვალიდან ვუყურებდით; როდესაც ერთ წუთას ნაჩხუბარი მეგობარი, მეორე წუთში შერიგებას გვთხოვდა და მეტიც, ზოგჯერ მსგავსი „ცერემონიალების“ გარეშე გვეძახდა სათამაშოდ…

გამოჭერაზეა ადამიანი, რომ შეცდომაზე მიგითითოს, როდესაც შესაძლებელია მისი იმდენად თავისუფლად მიღება და გატარება, რომ უკვე დამძიმებულ გულს აღარ დაამატოს ახალი ტვირთი.

გაგების უნარი ქრება, საღი აზრი იჩაგრება და ადამიანი საკუთარი ენითვე ბილწავს თავის თავს.

მიკვირს, ძალიან მიკვირს…

რა არის ამ ყოველივეში მამოძრავებელი ძალა? რისთვის ღირს სიცოცხლე, ანდაც რითი ვიკვებოთ მსგავს გარემოებაში?..

სხვისი არ ვიცი, მაგრამ, აი, ჩემი სიცოცხლის წყარო უფალია…

ჩემი მიმტევებელი ღმერთი იესო ქრისტეა – უახლოესი მეგობარი და საუკეთესო მრჩეველი…

ჰო, ალბათ, ზოგისთვის მკრეხელურად ჟღერს, ზოგისთვის, პირიქით, ჩემს წრფელ სიყვარულს უსვამს ხაზს, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა ახლა ამას, იმიტომ, რომ მასთან ურთიერთობის მეშვეობით შემიძლია, ვთქვა უარი სიბინძურეზე და ვიცხოვრო წმინდად ამ უკუღმართ თაობაში. შემიძლია, სწორ ფასეულობებზე ავაგო ჩემი ურთიერთობები, რომლებზეც ბიბლია მომითხრობს.

ვწყდები ვირტუალურ სამყაროს, თავს ვანებებ მოწყობილობებთან ურთიერთობას და უფლის სიტყვით ვიკვებები, რაც მზრდის სიყვარულში, სიყვარულში ადამიანების მიმართ…

მიყვარს ხალხი, მიყვარს მათთან ურთიერთობა; მიყვარს სხვისი დახმარება, მასზე ზრუნვა და ლოცვა; ხარება კეთილი უწყების, რომ არსებობს იესო, რომელიც აშორებს მძიმე ტვირთს ადამიანის გულს, გონებას, ყველაფერს და სთავაზობს უღელს, რომელიც მსუბუქია…

ვსწავლობ ყოველდღიურად სხვის პატივისცემას, დახმარებას და პატიებას; დავიწყებას, რაც წარსულში იყო და ვილტვი წინ, მომავლისკენ, ჩემი მოწოდებისაკენ.

ჩემი გული თავისუფალია, რადგან სადაც უფლის სულია, იქ თავისუფლებაა.

არ ვარ შებოჭილი ვირტუალური სამყაროთი და ტკივილის ბორკილები ხელ-ფეხს არ მისერავს.

ნათელია ჩემი დღეები, ვინაიდან ვიპოვე პიროვნება, რომელმაც მე, უწინ უღირსი არსება, შემიყვარა სამუდამოდ და შვილობა მიბოძა. გადავეცი ყოველი საზრუნავი და სადარდებელი მას, რადგან ის ზრუნავს ჩემზე;

თავისუფალი ვარ, რადგან იესოა ჩემი მხსნელი!

ჩემი ცხოვრება ფერადია,

და შენი?

27 იანვარი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

თუ დაგიტოვებია კითხვა უპასუხოდ…

გიორგი ოდიაშვილი 27 იანვარი, 2020
გიორგი ოდიაშვილი

თუ დაგიგდია სიჩუმისათვის ოდესმე ყური ამ ხმაურით გაჟღენთილ ატმოსფეროში, რათა მეტის მოსმენა შეგძლებოდა?

თუ დაგიხუჭავს ოდესმე თვალები, რათა შეგძლებოდა მეტის დანახვა?

თუ შეჩერებულხარ, თუ დაგიხევია ოდესმე უკან, რათა უფრო წინ წასვლის ძალა მოგცემოდა?

თუ დადუმებულხარ ოდესმე, რათა უფრო მრავლისმთქმელი ყოფილიყავი?

თუ შეგიკავებია ბაგე, თუ გადაგიყლაპავს ოდესმე სიტყვა, რათა შენს სიბრძნეს ელაპარაკა?

თუ დაგიკარგავს ოდესმე ეგო, რათა გეპოვა მოყვასი?

თუ გიმჯობინებია ზარალი საკუთარი, ვიდრე ზარალი ძმისა?

თუ წაგიგია ოდესმე კამათი მეგობრის მოგების სანაცვლოდ?

თუ გამოცლილხარ ადამიანს გვერდიდან, რათა მისდამი ერთგულება დაგემტკიცებინა?

თუ წამოსულხარ ოდესმე, რათა შენი იქ ყოფნა უფრო ფასეული ყოფილიყო?

თუ გითქვამს თავის მართლებაზე უარი, რათა მტკიცედ დაგეცვა შენი სიმართლე?

თუ გითქვამს უარი ბრძოლაზე, რათა ომის მოგების შესაძლებლობა გქონოდა?

თუ მიშტერებიხარ ღამის ცას მეტი სინათლის დასანახავად?

თუ გაგისწორებია თვალი ჰორიზონტისთვის მარადისობის ამოსაცნობად?

თუ დაკვირვებიხარ თავს სარკეში მთელი სამყაროს დაკვირვების მიზნით?

თუ გიტირია ხმამაღლა, რათა სიხარული გამოგეხატა?

თუ ჩაგიყრია მიწაში, რათა აღმოცენებულით გეხარა?

თუ დაღლილხარ ბაღის მოვლისას, რათა მისი ნაყოფით მოგესვენა?

თუ გაგიცია ოდესმე, რათა მეტი დაგრჩენოდა?

თუ გითქვამს ოდესმე უარი ფულზე, რათა მეტი სიმდიდრე შეგეძინა?

თუ დაგინთია ოდესმე ცეცხლი სხვისი გათბობის მიზნით?

თუ მოგიმზადებია ოდესმე საჭმელი სხვის დასაპურებლად?

თუ ყოფილხარ ოდესმე უკანასკნელი, რათა შეგძლებოდა, პირველი ყოფილიყავი?

თუ გიქცევია ზურგი რელიგიისთვის, რათა ღმერთისგან არ მდგარიყავი ზურგით?

თუ დაშორებულხარ ოდესმე „ქრისტიანობას“, რათა ქრისტეს მიახლოვებოდი?

თუ მიწვდენილხარ მუხლებით მიწას, რათა შეგძლებოდა, ზეცას მისწვდომოდი?

თუ გილოცია ოდესმე უხმოდ, რათა შენი ლოცვა ხმამაღალი ყოფილიყო?

თუ დაგიმდაბლებია ოდესმე თავი, რათა შესძლებოდა ღმერთს შენი ამაღლება?

თუ გითქვამს საკუთარ ნებაზე უარი, რათა შეგესრულებინა ნება უფლისა?

თუ მჯდარხარ ოდესმე ცარიელ ფურცელთან სავსე გულის გადმოსაღვრელად?

თუ დაგიტოვებია კითხვა უპასუხოდ, რათა პასუხი ნათელი ყოფილიყო?

27 იანვარი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ღმერთი საკმარისია!

ნატალია ჩიქოვანი 24 იანვარი, 2020
ნატალია ჩიქოვანი

ცუდ ხასიათზე გამეღვიძა, მაღვიძარას მონოტონური რიტმი ახლაც ყურებში ჩამესმის, ძილი არ მეყო. უკმაყოფილო სახით ვზივარ სამარშრუტო ტაქსის უკანა სავარძელზე და დაორთქლილი მინიდან გადღაბნილ პეიზაჟებს ვუყურებ. წლევანდელი ზამთრისთვის უჩვეულო სიცივეა, მოღრუბლული ცა ხასიათს კიდევ უფრო მეტად მიფუჭებს. ფიქრი მეძალება. ვფიქრობ ცხოვრებაზე, წვრილმანებზე და მსხვილმანებზე ‒ ჩვენს განწყობაზე რომ აისახება, განწყობა ქმედებებად იქცევა, ქმედებები კი განსაზღვრავს ურთიერთობებს, მომავალს, შედეგებს… აი, მეც უკმაყოფილო ვარ დილიდან და ვხვდები, ერთი შეხედვით ეს პატარა, უწყინარი უკმაყოფილება რაოდენ მოქმედებს ჩემს შინაგანზე.

ზოგადად, ადამიანთათვის უკმარისობის განცდა უცხო არ არის, ყოველთვის არსებობს რაღაც, რაც არ გვყოფნის. შესაძლოა, ეს სულაც არ იყოს მატერიალური და მაგალითად, სითბოს, სიყვარულისა და ყურადღების ნაკლებობას განვიცდიდეთ. შესაძლოა მიგვაჩნდეს, რომ სათანადოდ არ გვაფასებენ, ან არასდროს ცხოვრებაში არ მიგვიღია ღირებული საჩუქარი ვინმესგან.

ამბობენ, რომ ადამიანებმა არ ვიცით ზღვარი, არასდროს არ გვყოფნის ის, რასაც ვაღწევთ და სულს გვიფორიაქებს ის, რისთვისაც ჯერ არ მიგვიღწევია. ალბათ, ამიტომაც მივდივართ წინ ციფრულ საუკუნეში, ვიგონებთ ახალ ტექნოლოგიებს და ვიჭრებით კოსმოსში. „ესეც დადებითი მხარე.“ ‒ ვფიქრობ და სადგურის მოედანზე მეტროსთან ჩამოვდივარ. დილიდან აკვიატებული ფიქრი თავს არ მანებებს:

„რაც მეტი იცი, უფრო მეტად გაწუხებს ის, რაც არ იცი; რაც მეტი გაქვს, გინდა გქონდეს ის, რაც ჯერ არ გაქვს.“ ბიბლია კი ამბობს, რომ „დიადი შენაძენია ღვთისმოსაობა და კმაყოფილება.“ კმაყოფილებას მოაქვს სიმშვიდე, ტკბობა იმ ყველაფრით, რაც უკვე გვაქვს და კარგად თუ დავფიქრდებით, სწორედ ესაა ბედნიერება.“

აი, უკვე მეტროს ბაქანზე ვდგავარ, ვათვალიერებ შავ, ნესტიან კედელზე გამოკრულ ბანერებს, ათას რამეს რომ გპირდებიან: აზარტულ თამაშებს, ბინებს 15-წლიანი განვადებით, კერძების უსწრაფეს მიტანას ადგილზე, იღბალს ლოტოს გათამაშებაში… მოკლედ, ყველა კმაყოფილებას გვპირდება, თუმცა ადამიანებს ყველაზე მეტად ამის მიღწევა უჭირთ.

ვაგონიდან გამოტყორცნილ ადამიანთა ტალღას მოთმინებით ველოდები კარის კუთხესთან… ადამიანთა სახეები, უკმაყოფილო, უიმედო, დარდიანი, განადგურებული, გატეხილი, მტკივნეული მზერით… არავინ იღიმის, ვაგონი ირწევა, თვალებს ვხუჭავ. მინდა შემეძლოს, რომ ყველას ვუთხრა: „ღმერთი საკმარისია!“ მინდა, თითოეულის გულამდე მივიტანო სათქმელი, რომ ის საკმარისია, ჩვენი უძლურების, უკმაყოფილების, უკმარისობის დროს… განა ოდესმე ჰყვარებიხართ ვინმეს ისე, რომ თავისი ერთადერთი ძე ეჩუქებინა თქვენთვის?! უფალმა შეგიყვარათ ასე! განა მიგიღიათ ოდესმე სიცოცხლეზე დიდი საჩუქარი?! უფალმა გაჩუქათ ქრისტეში საუკუნო სიცოცხლე! განა ოდესმე ჰყვარებიხართ ვინმეს ისე, რომ თავი გაეწირა თქვენთვის?! იესო ქრისტემ შეგიყვარათ ასე! განა საკმარისი არ არის ღმერთი, რომ ამოავსოს ყველა უკმარისობა ჩვენს ცხოვრებაში?! განა არ ძალუძს მას, მოგვცეს მომავალი და იმედი?! 

დიადი შენაძენია ღვთისმოსაობა კმაყოფილებასთან ერთად! რადგან არც არაფერი მოგვიტანია წუთისოფლად და ვერც ვერაფერს წავიღებთ მისგან.
1 ტიმოთეს 6:6-7

აჩქარებული ნაბიჯით გამოვდივარ მეტროდან, მეჩქარება სათქმელის თქმა, რომ თითოეული თქვენგანის გულამდე მოვიტანო… აი, უკვე კომპიუტერთან ვზივარ და გიყვებით, გიყვებით დღის დასაწყისზე, რომელიც უკმაყოფილებით დაიწყო და ვხვდები, რა ბედნიერი ვარ, რომ საერთოდ მქონდა შანსი, ძილი დამკლებოდა, რადგან ხშირად არ გვესმის, რომ მადლიერნი უნდა ვიყოთ, როცა გვითენდება, როცა კიდევ ერთხელ გვეღვიძება და ვახელთ თვალებს ამ სამყაროს საოცრებების სანახავად.

ღმერთი საკმარისია! გაიღიმე!

24 იანვარი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

მე შევცოდე…

რუსუდან ილურიძე 20 დეკემბერი, 2019
რუსუდან ილურიძე

მე შევცოდე… ჭაობში ჩავდგი ფეხი და რატომღაც მეგონა, რომ ის არ ჩამითრევდა… ერთ დღეს კი უბრალოდ გავიღვიძე და აღმოვაჩინე: ყელამდე ლაფში ვარ, განძრევა არ შემიძლია, ფეხქვეშ მყარს ვერ ვგრძნობ და ჩემს დახრჩობამდე სულ ცოტა დარჩა…

ვგრძნობდი, ამ ცოდვამ შემბორკა; ბნელ, პირქუშ დილეგში ჩამაგდო; დილეგში, რომლის კედლებიც სიბნელით, მარტოობით, უიმედობით იყო გაჟღენთილი… თავიდან არ ვეგუებოდი ჩემს მდგომარეობას… თითქოს გავიბრძოლე კიდეც… თუმცა უშედეგოდ… ასეთი რამ აქამდე არ დამმართვია. ჩემს სულში ბოროტის ხმა უფრო და უფრო ხმამაღლა და დამაჯერებელად ისმოდა. უფლისა კი ჯერ საიდანღაც, შორიდან მესმოდა, შემდეგ კი უბრალოდ შეწყდა… მისი რეალურობა გაუფერულდა… ბებერი გველი კი მხოლოდ ახლა იწყებდა ჩემზე ზემოქმედების მოხდენას. მის თანდასწრებას ვგრძნობდი და მისი ხმა ასეთი ხმამაღალი არასდროს ყოფილა ჩემთვის, მისი სიტყვები კი – ასეთი დამაჯერებელი… ის არ ჩერდებოდა… მეუბნებოდა, რომ მამამ დამივიწყა, ჩემგან ხელი აიღო, მისი წყალობა ჩემზე ამოიწურა… სული გამეყინა… ვგრძნობდი, მალე ამ ხმას დავნებდებოდი… ჩემს ლოცვებზეც არ იყო პასუხი, თითქოს ყველაფერი ჩემ გარშემო სატანის სიტყვებს ამტკიცებდა… მიუხედავად ამისა, არ ვწყვეტდი უფლის ძიებას, არ ვწყვეტდი დახმარების თხოვნას; ვკითხულობდი ბიბლიას, მიუხედავად იმისა, რომ აღარაფერი მესმოდა; ვლოცულობდი, მიუხედავად იმისა, რომ ბოროტი მსჯავრს მდებდა: „ნუთუ არ გრცხვენია? ბედავ და მაინც მიდიხარ უფალთან? რატომ არ გინდა დაიჯერო, რომ აღარ გისმენს? თავს რატომ იტყუებ, მან დაგივიწყა, მან სახე იბრუნა შენგან!“ …

მეშინოდა, ძალიან მეშინოდა იმის, რომ მართლა დავიკარგე უფლისგან… მაგრამ ამ „უშედეგო“ კითხვამ, ეკლესიაში სიარულმა, იმის მიუხედავად, რომ ყოველი წასვლის წინ ბრძოლა მიწევდა, წავსულიყავი თუ არა და „შეუსმენელმა“ ლოცვებმა სატანის სიტყვების საპირისპირო შედეგი გამოიღო… ერთ დღეს მოვიდა აზრი: „ნუთუ მართლა გგონია, რომ უფალმა, რომელმაც აქამდე მოგიყვანა, ამის იქით ვეღარ წაგიყვანს, მხოლოდ იმიტომ, რომ შესცოდე, შესცოდე ცოდვით, რომელიც იესომ ჯვარს აცვა და მოგცა პატიება?! ნუთუ მართლა გგონია, რომ ის კედელი, რომელიც შენ ამ ცოდვის ჩადენით შენსა და უფალს შორის ააგე, შენს ზეციერ მამაზე დიდია?! ნუთუ გგონია, რომ უფალმა დასაწყისში იმიტომ მოგიხმო, რომ აქ მიეტოვებინე?! არა! გონს მოდი, იბრძოლე, შეეწინააღმდეგე, არ დანებდე!“  და ავლაპარაკდი, აქამდე ხომ სატანა ლაპარაკობდა, ახლა ჩემი ჯერი იყო! მე მას ველაპარაკებოდი:

„დიახ, შევცოდე, დიახ, შემოგიშვი ჩემს ცხოვრებაში; ნამდვილად არ ვიმსახურებ პატიებას; ნამდვილად სამარცხვინოა ჩემი მდგომარეობა, მაგრამ ასეც რომ იყოს, მე ჩემი უფლის წინაშე შევცოდე, მამაჩემის წინაშე დავეცი; ის წამომაყენებს, რადგან ხედავს ჩემს გულს; ის მომთხოვს პასუხს შეცდომაზე, რადგან მამაა ჩემი; ის მომბანს ლაფს, რომელშიც ამოვისვარე, შენ კი დღეიდან გიკრძალავ ჩემთან მოახლოებას და გიბრძანებ იესოს სახელით, წაეთრიე ჩემი ცხოვრებიდან!“

გგონიათ, გაჩუმდა? ჰაჰ… არამც და არამც… ამას არც მოველოდი, თუმცა დიდი ხნის შემდეგ პირველად ისევ წინ აღვუდექი, ეს ისევ შევძელი და ეს ბრძოლის დასაწყისი იყო!

ეკლესიაში მისულმა ვაღიარე, რომ შევცოდე არა მარტო უფლის, არამედ ადამიანთა წინაშეც… მათ ჩემთვის ილოცეს დიდი სიყვარულით, ეს მეორე დადასტურება იმისა, რომ უფალი ჩემთან იყო!

სცენაზე დავდექი, რეპეტიცია უნდა გაგვევლო მგალობელთა გუნდის წევრებს, სანამ მსახურება დაიწყებოდა… ჯერ კიდევ დასუსტებული ვიყავი, ბოლო ძალებით ვიმაგრებდი თავს, ჩემი იმედის სანთელი თითქმის ჩაიწვა… საგალობლები, რომელიც გუნდმა შეარჩია, ლაპარაკობდნენ იესოს სახელის ძალაზე, ბორკილების მსხვრევაზე, თავისუფლებაზე… თვალები დავხუჭე და უფალს ვკითხე: „როგორ ვიგალობო ამ ყველაფერზე მაშინ, როცა ჩემს ცხოვრებაში ვერ ვიყენებ?“

ველოდებოდი თუ არა პასუხს მისგან? არა… თითქმის გადავწყვიტე, რომ გუნდში არ დავდგებოდი და უცებ გავიგონე, გესმით? მონატრებული ხმა, ტკივილამდე მონატრებული ხმა გავიგონე…

„გაიხსენე პავლე და სილა საპყრობილეში ყოფნისას…“

საკმარისი იყო, ეს სიტყვები აბსოლუტურად საკმარისი იყო, მივხვდი! რა მოხდა, როცა ბორკილდადებულმა პავლემ და სილამ ლოცვა და გალობა დაიწყეს? მიწა შეიძრა, ბორკილები დასცვივდათ, მივხვდი, რომ გალობისთვის, უფლის სახელის განდიდებისთვის ამაზე უკეთეს დროს ვერც კი შევარჩევდი და ასეც მოვიქეცი… იცით, რა მოხდა? ბნელი დილეგი განათდა, გაყინული სული გამითბა, შიში გაქრა!.. არ დამიკარგავს, არ მივუტოვებივარ, არ დავვიწყებივარ, მიპასუხა… მისი ნაბიჯების ხმა გავიგონე, მისი გულის ცემა ვიგრძენი. ვიცი, რომ ჩემს საკანში შემოაბიჯა ჩემი გათავისუფლების მიზნით! ჩემში გაცოცხლდნენ სიტყვები:

„უფალზე ვამყარებდი იმედს, ყური მომაპყრო და ისმინა ჩემი ვედრება. საზარელი ორმოდან და გაუვალი ლაფიდან ამომიყვანა; კლდეზე დააყენა ფერხნი ჩემნი და განმიმტკიცა ნაბიჯები. ახალი სიმღერა მისცა ჩემს ბაგეებს ჩვენი ღმერთის განსადიდებლად.“

(ფსალმუნი 39:1-3).

მე ჯერ კიდევ სიკვდილის აჩრდილთა ველზე გავდივარ, უბრალოდ ის შეიცვალა, რომ აღარ მეშინია, რადგან ახლა ვიცი, ვისთან ერთად გავდივარ ამ გზას!

მასზე ვამყარებდი იმედს და მან ამ იმედს უპასუხა! არ ვიმსახურებდი არც ერთი წამით, მაგრამ შემიწყალა!

და ახლა შენ მოგმართავ, მას, ვინც შავეთის ველს გადიხარ და გგონია, რომ მარტო ხარ; რაც არ უნდა დამაჯერებელი იყოს ხმა, რომელიც გეუბნება: „დანებდი“, „მარტო ხარ“, „ის შენთვის აღარ იბრძვის“,  შეეწინააღმდეგე, არ დანებდე, არ დაკარგო იმედი სამყაროს შემოქმედისა! ის გიყურებს და ის შენს მხარეს დადგება, თუ მოუხმობ! გახსოვდეს, არ არსებობს ცოდვა, რომელიც შენსა და მამას შორის ჩადგომას მოახერხებს; არ არსებობს ცოდვა, რომელიც შენდამი მის წყალობას ამოწურავს, თუ შენ მისკენ შემობრუნდები, აღიარებ, მოინანიებ  და მოუხმობ დასახმარებლად, ის გამოჩნდება! ნუ დაგავიწყდება, რომ ყველა ცოდვა, „დიდი“ თუ „პატარა“, იესომ ჯვარზე დაამარცხა! და ეს შენთვის, ჩემთვის, ჩვენთვის გააკეთა, რადგან ხედავდა, ერთ დღესაც ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით!

არ ხარ მარტო! არ ხარ მიტოვებული! ნუ მოტყუვდები! იბრძოლე!

20 დეკემბერი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

მისი თვალები შეხვდა ჩემს თვალებს

გიორგი ფიროსმანაშვილი 20 დეკემბერი, 2019
გიორგი ფიროსმანაშვილი

ამას წინათ, სამსახურიდან სახლში ავტობუსით ვბრუნდებოდი. (უკანა კარისკენ მიყვარს ჯდომა)…

ვფიქრობდი, უამრავი რამ დამატყდა თავს ამ ბოლო რამდენიმე თვეში.

გადავიღალე… ყველაფერს მწყობრიდან გამოვყავდი…

ფიქრებში გართულს ხმაური მომესმა წინა მხრიდან. გავიხედე და სამი გოგო დავინახე, ალბათ, 14-15 წლისანი, ფერად-ფერადი თმებით და მაკიაჟით, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა. ხმაურობდნენ და იცინოდნენ.

გულწრფელად რომ გითხრათ, მათმა ხმაურმა, რაღაც მხრივ, გამაღიზიანა… ვცდილობდი, მათკენ არც გამეხედა.

და აი, როგორც იქნა, ორი მათგანი ჩავიდა.

გავიფიქრე, სიმშვიდეში გავაგრძელებ-მეთქი ფიქრს ჩემს პრობლემებზე…

და ერთი წამით ავტობუსში დარჩენილ გოგონას გავხედე.

მისი თვალები ჩემს თვალებს შეეჩეხა…

მათში რაღაც დავინახე…

ერთი წუთის წინ, ის მხიარული და სიცოცხლით სავსე გოგონას შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ ახლა, მარტო რომ დარჩა, მისმა თვალებმა მისი გული გასცა… გული, რომელიც მარტოსულობას ვერ უმკლავდებოდა. გული, რომელიც ზღვარზე იყო…

„რა აზრი აქვს ამ ყველაფერს?“ „ხალხია ჩემ გარშემო, მაგრამ მაინც მარტო ვარ…“ „არავის ვადარდებ…“

მისი თვალები სევდას ჩაეგდო ხელში და, ალბათ, ფიქრობდა ჩემზე:

„ნეტა რას მომშტერებია ეს უცნობი?! თითქოს რაიმეს დანახვა შეეძლოს ჩემს თვალებში…“

ვერც კი ხვდებოდა, რომ ის, სულ მცირე, ერთმა ადამიანმა შენიშნა…

მისი მზერა იმდენად ძლიერი იყო, რომ ჩემს თავს ვეღარ მივეცი უფლება, რომ ისევ საკუთარ პრობლემებზე მეფიქრა… ვიღას ახსოვდა ამდენი პრობლემა?!

ჩემ წინ ერთი ახალგაზრდა იდგა და თავისი არსებობის მნიშვნელობაზე ამდენს ფიქრობდა…

იდგა და თავისი მზერით ამბობდა: „ახლა მაინც თუ შემამჩნევს ვინმე?! არავის ადარდებს ჩემი ტკივილი… რატომ ვარ აქ?..“

ვერ გავუშვებდი ამ ახალგაზრდა სიცოცხლეს ისე, რომ მისთვის თუნდაც სამი სიტყვა არ მეთქვა: „შენი სიცოცხლე ძვირფასია!“

ფიქრებში გართული ვერც მივხვდი, ისე მოვიდა ჩემი ჩასვლის დრო. კარიც გაიღო…

რაღაცამ არ გამიშვა… რაღაც მეუბნებოდა: „მის ჩასვლას დაელოდე, მარტო არ გაუშვა…“

იმდენად მკაფიო იყო ეს აზრი, რომ დავემორჩილე…

კიდევ გავხედე ამ გოგონას, და ისევ შეხვდა ჩვენი მზერა ერთმანეთს…

ისევ იგივე ვიგრძენი…

მის თვალებში დანახულ ტკივილს ვერ გავუძელი და ღმერთს მივმართე: „უფალო, რა შემიძლია, ამ გოგოს ვუთხრა?! ან როგორ უნდა ვუთხრა? რას იფიქრებს ხალხი, მას რომ გავაჩერებ?.. გთხოვ, ძალა მომეცი. გთხოვ, სიტყვები მომეცი…“

და ავტობუსი გაჩერდა. გოგონა მიდის. და მე არ ვიცი, რა ვქნა.

რაღაც ძალამ ჩასვლისკენ მიბიძგა. დავემორჩილე.

ჩავედი და მხარზე ხელი დავადე. შემოტრიალდა და მე შევრჩი ხელში.

გაღიზიანებულმა მითხრა:

– რა გინდა?

– უბრალოდ რაღაც უნდა გითხრა… – ჯერაც არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა…

– მეჩქარება, 4-ზე მეგობარს უნდა შევხვდე და ვერ დავაგვიანებ…

შეშინებული და გაღიზიანებული თვალებით აქეთ-იქით იყურებოდა. ალბათ, ფიქრობდა, რამეს დავუშავებდი…

საათს დავხედე და მხოლოდ ორი წუთი მქონდა.

– კარგი, მხოლოდ ორი წუთი მომეცი… – გული ძლიერ აძგერდა…

უბრალოდ გავხსენი ბაგე და ენა თავისით ალაპარაკდა:

– წეღან… თვალებში რომ ჩაგხედე (მისმა მზერამ გაღიზიანებიდან ინტერესში გადაინაცვლა), რაღაც დავინახე (თვალს აღარ მაცილებს)… დავინახე, რომ შენს სიცოცხლეზე ბევრს ფიქრობ…

ამის მოსმენის შემდეგ შიშიც სრულიად გაქრა და ის გოგონა მწყურვალ არსებად გადაიქცა: „რას მეტყვის ახლა? ან როგორ მიხვდა, რაზე ვფიქრობდი? ნეტავ ვინ არის?..“

განვაგრძე:

– მე უბრალოდ ადამიანი ვარ, რომელსაც ღმერთი უყვარს და ცდილობს, რომ მის გზაზე იაროს… მინდა გითხრა, რომ არის ღმერთი ზეცაში, რომელმაც შეგვქმნა ჩვენ, და მას ძლიერ ვუყვარვართ. მან შეგვქმნა და ყველაზე კარგად მან იცის, თუ რა მიზანი აქვს ჩვენს ცხოვრებას.

ის არ არის ღმერთი, რომელიც მხოლოდ ზეციდან იყურება. ის არის ღმერთი, რომელსაც სურს, რომ ჩვენს გულებშიც დაიდოს ბინა და სულ ჩვენთან იყოს. მან მოგცა ეს სიცოცხლე და მისთვის შენი სიცოცხლე ძვირფასია! ჩვენ, ადამიანები ცოდვილები ვართ, მაგრამ მან ისე ძლიერ შეგვიყვარა, რომ ჩვენთვის კარგად ნაცნობი იესო ქრისტე, თავისი ძე გამოგზავნა დედამიწაზე, რათა ყოველი ადამიანის მაგიერ მას ეტვირთა ჩვენი ცოდვები, და ჩვენ მაგიერ მომკვდარიყო ჯვარზე.

როგორც იცი, მან სიკვდილზე გაიმარჯვა, აღდგა. და ახლა, ვინც კი მას ირწმუნებს, აღარ დაიღუპება ჯოჯოხეთში, არამედ მარადიულად ზეციერ მამასთან ერთად იცხოვრებს.

დარწმუნებული ვარ, სახლში გექნება წმინდა წერილი, ბიბლია. წაიკითხე და გაიცანი იესო ქრისტე.

და ილოცე ხოლმე მის წინაშე.

ამაზე ბევრის თქმა შემიძლია, მაგრამ აღარ მოგაცდენ. იმედია, კიდევ შევხვდებით…

მთელი ამ დროის განმავლობაში ჩავხედავდი ხოლმე თვალებში და ვხედავდი, რაოდენ შეიცვალა ის ნაღვლიანი, გაღიზიანებული სახე სიხარულითა და სითბოთი სავსე სახით. თითქოს თითოეულ სიტყვას ყლაპავდაო.

ბოლოს და ბოლოს, ის ხომ შენიშნეს…

მის გულში იმედის ნაპერწკალი გაჩნდა. იმედის, რომ არის ვიღაც, ვისთვისაც მისი სიცოცხლე ძვირფასია და ვისაც, არც მეტი, არც ნაკლები, მის გულში ყოფნა უნდა..

მთელი დღე მასზე ვფიქრობდი და ღმერთს ვთხოვდი, რომ ერთ დროს მის გულში არსებული წყვდიადი თავისი დიდებული სინათლით გაეფანტა და მუდამ მასთან ყოფილიყო, როგორც მოსიყვარულე მამა.

იმ დღეს რაღაც ვისწავლე.

ადამიანები მხოლოდ საკუთარ პრობლემებს ვუყურებთ ხოლმე და გარშემომყოფები გვავიწყდება, როცა ჩვენი ზეციერი მამა ადამიანთა გულებს უყურებს და სურს, რომ მათთან იყოს.

ჩვენ კი წმინდა ჭურჭლები ვართ ღმერთის ხელში, რადგან მას ხომ ჩვენთან თანამშრომლობით უყვარს, ადამიანთა გულებს რომ მისწვდეს, რათა ერთმანეთის სიყვარული გვასწავლოს.

20 დეკემბერი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

მე არ დავსრულდი…

მარიამ ბაიდაშვილი 20 დეკემბერი, 2019
მარიამ ბაიდაშვილი

გამარჯობა,

არის აქ ვინმე? ერთი წუთით მომისმინე…

მე აქ ვარ, მტკივა, მეტისმეტად მტკივა, გაუსაძლისად, ისე, რომ ბაგეს ვეღარ ვხსნი, საუბარი აღარ მინდა.

გუშინ ღამით სიკვდილს გადავურჩი, ერთი ნაბიჯიღა მაკლდა და დავსრულდებოდი.

დავსრულდებოდი…

დასრულდებოდა დედა, დასრულდებოდა მეგობრობა, დასრულდებოდა ის ომი, რომელშიც ვიმყოფებოდი, მაგრამ ამ ომში მარტო მე კი არა, ყველა უთუოდ დაეცემოდა, გარდა ტკივილებისა, გარდა დარდებისა, რადგან მე აღარ ვიქნებოდი; მე, ვისაც შეეძლო, რომ გაეძლო, არა საკუთარი თავის გამო, არამედ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჩემი არყოფნა მოკლავდა.

ჩემი დასრულება მოკლავდა დედას, ჩემს თანაკლასელს, მამას, ჩემს ძმას, რომელიც სახლში მელოდება, დას, რომელსაც ვჭირდები, მეზობელს, რომელსაც ისედაც ათასი დარდი აწევს გულზე.

ჰო, კიდევ, ყველაზე მეტად ჩემს ძაღლს მოკლავდა ჩემი არყოფნა, მას მხოლოდ მე ვაჭმევ.

მე აქ ვარ, მხოლოდ მე და შენ ვართ, არავინ გვისმენს და შემიძლია, ერთი სიმართლე გითხრა, რომელსაც არავის ვუმხელ. მომისმინე, იცი, ისე მინდა ხოლმე სხივისი გულის ტკენა ჩემი სიკვდილით, ზოგჯერ მშობლები ვერ იგებენ და ისე მინდა ხოლმე, რომ წავიდე, გავქრე, ვაიძულო იმ სამყაროში ყოფნა, სადაც მე არ ვარ, რომ გაიგონ, როგორი მნიშვნელოვანი ვიყავი… არა მარტო დედას ან მამას, მინდა ჩემს თანაკლასელს, ჩემს მეზობელს, ჩემს დას, ჩემს ძმას, ჩემს უახლოეს მეგობარს დავუმტკიცო ხოლმე, რომ უჩემო სამყარო მძიმე და საშინელია!

ჰო, მინდა ხოლმე, რომ ყველას სამაგიერო გადავუხადო ჩემი სიკვდილით, აი, ასეთი სუსტი და ეგოისტი ვარ.

იმის მაგივრად, რომ ძლიერი გოგო ვიყო, იმის მაგივრად, რომ სხვები დავიცვა, ვიხსნა ტკივილისაგან, იმის ნაცვლად, რომ ჩემი არყოფნის სევდისგან გადავარჩინო, მე სიკვდილს ვარჩევ, გავრბივარ და კიდევ უფრო მეტ დარდს ვტოვებ მათ წინ.

აი, დღეს აქ ვარ კიდევ ერთხელ გადარჩენილი, გუშინ მე არ დავსრულდი, ჰო, გუშინ მე მტკიცე გოგო ვიყავი, გუშინ მე ჩემი თავი სიკვდილისგან ვიხსენი და დღეს გმირი ვარ, იმიტომ, რომ სიცოცხლე გადავარჩინე, ეს სიცოცხლე მე მეკუთვნოდა, მაგრამ ხომ გადავარჩინე?..

გინდა, ისევ გითხრა რაღაც? მე მომეწონა ჩემი სიმტკიცე, ძლიერება, მე მომეწონა ჩემი თავის გადარჩენა.

იცი, შენ თუ დასრულდები, მეც მომკლავ, და გთხოვ, არ დასრულდე, იმიტომ, რომ მე სიცოცხლე ძალიან მინდა, იმიტომ, რომ გუშინ სულიერად მტკიცე, ძლიერი გოგო გავხდი, ჩემი სიცოცხლე გადავარჩინე და დღეს შენი სიკვდილით ნუღარ მომკლავ, გადამარჩინე, გევედრები, გადამარჩინე მეც და შენი თავიც.

მერე მოდი და მითხარი, როგორ გადარჩი, მე კი იმას მოგიყვები, თუ როგორ ვაგრძელებ სიცოცხლეს.

აქ ვარ და გელოდები, რომ გადამარჩენ.

20 დეკემბერი, 2019 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ახალი ბლოგები
ძველი ბლოგები
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 2

    მხსნელი უფალი

    26 თებერვალი, 2020
  • 3

    მედროვე ადამიანთა ქმედებები…

    22 მარტი, 2019
  • 4

    ღმერთი არ არის საშუალება

    5 დეკემბერი, 2022
  • 5

    ფიზიკური ნაკლი არ არის პრობლემა…

    7 ოქტომბერი, 2020


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ