ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ
  • stories

  • Memories

  • About Me

ბლოგები

თუ უფლის ყურადღების მიპყრობა გსურს

თორნიკე ხუბაშვილი 23 მარტი, 2020
თორნიკე ხუბაშვილი

 (ესაია 66:1-2) ‒ ვის მიაპყრობს უფალი მზერას?..

▪ „ასე ამბობს უფალი: ‘ცა ტახტია ჩემი, დედამიწა კი ჩემს ფეხთა სადგამი. სად არის სახლი, რომელიც უნდა ამიშენოთ და სად არის ჩემი მოსასვენებელი ადგილი?

▪ ჩემმა ხელმა შექმნა ეს ყოველივე და ასე გაჩნდა ეს ყველაფერი!’ ‒ ამბობს უფალი. ‒ ‘აი, ვის მივაპყრობ მზერას: თავმდაბალს და სულით მოდრეკილს, ჩემს სიტყვაზე რომ თრთის.’“

✔ ურიგო არ იქნებოდა, დღესაც შეგვეხსენებინა საკუთარი თავებისათვის, რომ ღმერთი ყურადღებას ნაგებობებს კი არა, ადამიანთა ზნეობრივ და გულის მდგომარეობას აქცევს. ის ეძებს მომნანიე გულებს, რომლებიც მის სიტყვას (წმინდა წერილს) პატივს მიაგებენ საკუთარი ცხოვრებით.

✔ თუ ჩვენ გვსურს, მივიპყროთ ღმერთის ყურადღება, ამას ვერ შევძლებთ, თუ ვაიგნორებთ მის წმინდა სიტყვას და თუ არ ვიდრეკთ სულს მოსანანიებლად.

✔ თუ ჩემი გული არ მოეწონება უფალს, არც ჩემი აშენებული ტაძარი ესიამოვნება, მაგრამ თუ ჩავუკვირდები მის წმინდა სიტყვას, გულს მოვიდრეკ და დავუქვემდებარებ ჩემს აზროვნებას, მაშინ რასაც მისთვის გავაკეთებ, იქნება წმინდა და სასიამოვნო მისთვის.

▪ მართებული იქნება ჩავამატოთ, რომ უფალი ესაუბრებოდა, იმ ხალხს, რომელთაც ჩვევად ჰქონდათ ნაქცევი მსხვერპლშეწირვა და უამრავი გარეგნული რიტუალი, თუმცა რეალური მიზანი დაკარგული ჰქონდათ. ისინი აღარ უკვირდებოდნენ თავიანთ ნაბიჯებსა და გულის მდგომარეობას, მათი ზნეობრივი ცხოვრება გმობდა უფალს, ხოლო გარეგნული „ადიდებდა“.

▪ „აი, ვის მივაპყრობ მზერას: თავმდაბალს და სულით მოდრეკილს, ჩემს სიტყვაზე რომ თრთის.”

23 მარტი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

“და ასე იქმნა ნათელი ჩემს უდაბურ შინაგანში…”

ია ბობოხიძე 23 მარტი, 2020
ია ბობოხიძე

ცხოვრებაგამოვლილი, ბრძენი მამისა და იმ ახალგაზრდა შვილის დიალოგი, რომელიც თვალებში შესციცინებს მოღიმარ დამრიგებელს, რადგან სწყურია ფასეული რჩევების მიღება.

მამა: პატარა მეგობარო, კითხვა მაქვს შენთან.

შვილი: გისმენ დიდი ინტერესით!

მამა: რას შევადაროთ კაცი ღმერთის გარეშე?

შვილი: ო! რთული ამბავია.

მამა: მაშინ მოდი, მის შინაგანზე ვისაუბროთ. როგორ ფიქრობ, რას შეიძლება ჰგავდეს?

შვილი: ესეც რთულია, მამა!

მამა: და თუკი მაინც შეეცდები ახსნას? საკუთარი სიტყვებით…

შვილი: თუკი მაინც შევეცდები და თან საკუთარი სიტყვებით, მაშინ იმდენად ცარიელი, არაფრის მომცემი და უფასური იქნება, რომ სანანებელი გაგვიხდება მასზე დახარჯული დრო.

მამა: ჰო…

შვილი: და შენ? შენ როგორ შეაფასებდი, საინტერესოა.

მამა: უსახური, უდაბური.

შვილი: ჰმ!

მამა: უფსკრული… და თან როგორი?! ბნელი. ბნელი, ღვთის სულისგან მოშორებით, გვერდის აქცევით, თუმცა მომსწრე მაინც სადღაც შორს, წყლის პირზე უფლის სულის მოძრაობისა.

შვილი: ეს როგორ? თუ უფლის სულის მოძრაობის მომსწრეა იგი, როგორღა არის უსახურ-უდაბური? თუნდაც მოშორებით იყოს! ნუთუ უფლის სულის არსებობა მის გარშემო თავისთავად არ ცვლის მის მდგომარეობას?

ავირიე, ქაოსია! ვერ ვხვდები…

მამა: ასეა, ჩემო კარგო. „დასაწყისში შექმნა ღმერთმა ცა და მიწა. და მიწა იყო უსახურ-უდაბური, და იყო ბნელი უფსკრულის პირზე. და სული ღვთისა იძვროდა წყლის პირზე.“

შეგქმნა ღმერთმა შენც, ადამიანი და მისგან განშორებულს შინაგანი დასაწყისიდანვე უსახური და უდაბური გქონდა; აზროვნება ‒ როგორც უფსკრული ბნელი. იზრდებოდი, გადიოდა წლები და უფრო შავდებოდა შენი პიროვნება, კაცი. ითესებოდა სიბინძურე, იზრდებოდა და ნაყოფსაც იძლეოდა. და გრძელდებოდა მანამ, სანამ არ შეამჩნიე „წყლის პირზე მოძრავი უფლის სული“. ის ხომ სულ შენ გარშემო იყო, სულ არსებობდა, სულ მოძრაობდა?! ის ხომ არ ნებდებოდა! არ წყვეტდა მოქმედებას, არ იმალებოდა… ის ხომ გელოდებოდა!.. ელოდებოდა შენს გამოძახილს, რომ თავად აგერჩია ნათელი, რათა ყოფილიყო ნათელი და გაყოფილიყო იგი ბნელისგან; რათა დარქმეოდა საკუთარი სახელი ყველაფერს: ბნელს ბნელი, ნათელს კი ნათელი. მისი სურვილი იყო, რომ გეთესა და მოგემკა ნაყოფი; შენს გონებაში ყოფილიყო მნათობი ღამის ბნელ პერიოდში ‒ რთულ სიტუაციებში, თუმცა არც ნათელი დღეები დაუვიწყებია… მათთვისაც გიძღვნა საჩუქარი „უფრო მოზრდილი მნათობი“.

ნუ გიკვირს, აგიხსნი ახლავე: უფრო მარტივია ‒ შეცდე მაშინ, როდესაც შენს ცხოვრებაში დღეა, ვიდრე ღამე. უფრო დიდია ცდუნება, რომ განიდიდო საკუთარი თავი, გადაუხვიო გზას და ადამიანური „სიბრძნით“ მარტომ მართო მომავალი დღეები; გგონია, რომ უფრო ნაკლებად გჭირდება ღმერთი (ნათელი) ამ დროს, იმიტომ, რომ ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ცდები. ამიტომაც დააყენა ღმერთმა დღის გამნათებლად „უფრო დიდი მნათობი“. ღამით არ გვჭირდება იგივენაირი; ღამით დაშინებულებს შედარებით პატარა მნათობი კი არა, მბჟუტავი სანთელიც კი ხსნად გვევლინება და თავს ვუხრით, ოღონდაც გზა გვაპოვნინა და მშვიდ კერაში დაცულად მიგვიყვანა…

ჰო, ასეა! ეს გაყრის ბნელსა და ნათელს ერთმანეთისგან.

შვილი: დიახ, ახლა ცხადია!

მამა: და აქ არ მთავრდება ყველაფერი.

დავალება გაქვს მოცემული ‒ ნაყოფიერება, გამრავლება, ქვეყნის ავსება, დაუფლება და ბატონობა ზღვის თევზებზე, ციურ ფრინველებსა და ყოველ ცხოველზეც, რომელიც კი მიწაზე დაცოცავს.

შვილი: და ეს დავალებაა? დავალება თუ სიკეთე? დავალება თუ ძალაუფლება? დავალება თუ კურთხევა?!

მამა: კი, შვილო, სიკეთეა ყოვლადძლიერი ღმერთისგან, რომელიც არ წყვეტდა მოძრაობას, ვიდრე არ იპოვიდი მას და არც შეწყვეტს ძიებას, სანამ იმ ერთს, გზააბნეულს, დაკარგულსა და მიტოვებულს სიბნელეში არ იპოვის, რათა თქვას: „იყოს ნათელი“ და იქმნეს ნათელი!..

23 მარტი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ვიდრე ჰხვალ, უფალო? ‒ ცხოვრება ახალ რეალობაში

ნატალია ჩიქოვანი 20 მარტი, 2020
ნატალია ჩიქოვანი

უკვე მეხუთე დღეა, დილით ჩვეულებრივ რეკავს მაღვიძარა, მაგრამ არსად არ ვარ წასასვლელი. მანძილი სამსახურამდე ისე შემცირდა, რომ ხელის ერთი გაწვდენა და ლეპტოპის ღილაკზე თითის დაჭერაც საკმარისია. არანაირი დილის ფეთება, თავისი „ჩქარა, ჩქარა“-ს ძახილით, არც დამწვარი ტოსტები, ფენითა და კბილის ჯაგრისით სირბილი ოთახიდან ოთახში, არანაირი სახლში მიბრუნება დარჩენილი გასაღებისა და საფულისათვის, არც ბავშვების ჩამორიგება სკოლა-ბაღში და მერე სამარშრუტო ტაქსიში ძილი, არანაირი საცობი, მით უმეტეს, მეტროში ჭყლეტა…

სამაგიეროდ, სააბაზანოს კართან რიგი ჩვეულებრივი რამ გახდა. ჭურჭელი უფრო ხშირადაა დასარეცხი. გაიზარდა ფრაზის: „დღეს რა ვჭამოთ?“ წარმოთქმის და ამ სავარძლიდან იმ სავარძელზე გადაჯდომის ოდენობა (მაინც, მრავალფეროვნებისთვის).

სამყარო თითქოს ერთ წერტილში გაიყინა. გარშემო გაურკვევლობა და შიშია. ადამიანები ცდილობენ, ცხოვრების ახალ რიტმს შეეგუონ.

5 დღის განმავლობაში დღეს პირველად „ვიმოგზაურე“ უბნის სუპერმარკეტში. სალაროსთან გრძელ რიგში მომიწია დგომა, ადამიანები ბევრ პროდუქტს ყიდულობენ, ალბათ, აღარ აპირებენ გარეთ გამოსვლას დიდი ხნით… აღარა და აღარ დამთავრდა ტერმინალის წკაპუნი. ჩემ უკან ორი ახალგაზრდა მამაკაცის საუბრის ხმა მესმის:

– რატომ ვართ, იცი, ამ დღეში? ადამიანებმა დაივიწყეს, რომ ღვთის შვილები არიან. გვეგონა, ყოვლისშემძლეები ვიყავით და აი, პატარა, უხილავი ბაქტერიის გამო ისიც არ ვიცით, ხვალ რა გველოდება.

ადამიანებმა მართლაც ბევრი რამ დავივიწყეთ. დავივიწყეთ, რომ ქმნილებები ვართ, რომ შემოქმედი არსებობს. მთელი ეს წლები გვეგონა, რომ ვქმნიდით, ვაგროვებდით, ვაშენებდით, მაგრამ არასდროს გვქონია დრო საფიქრელად, რომ ამავდროულად ვანგრევდით, ვაბინძურებდით, ვკლავდით და ვანადგურებდით სამყაროს მშვენიერებასა და მრავალფეროვნებას. დავივიწყეთ უმთავრესი, ურთიერთობა ღმერთთან, მისი მცნებები. უარი ვთქვით შემოქმედის ინსტრუქციაზე და თავად გამოვიგონეთ საკუთარი წესები. დღეს დასჯილი ბავშვებივით ვსხედვართ სახლში…

გამუდმებიით უდროობის მომჩივანი და ფიქრს გადაჩვეული თანამედროვე მსოფლიო ახლა საკუთარ სახლშია გამოკეტილი და იმდენი დრო აქვს საფიქრელად, რომ აღარ იცის, საიდან დაიწყოს…

ინტერნეტი სავსეა ზღვა ინფორმაციით, ნეგატივით, უიმედობით, უმომავლობით და „სქროლვაც“ მალე ხდება მოსაწყენი. ტელეფონს ვდებ და ვფიქრობ, თან თაროზე წაუკითხავ წიგნებს ვათვალიერებ. ალბათ, სენკევიჩის „ვიდრე ჰხვალ, უფალო?“-ს წავიკითხავ…

დაე, ვიფიქროთ, ვიფიქროთ და გამოვიყენოთ ეს დრო ჩვენი ქმედებებისა და მოტივების გასაანალიზებლად, ვიდრე ხვალინდელი დღე დადგებოდეს. დაე, დღეს ვიცხოვროთ, დღეს გვიყვარდეს, დღეს გავცემდეთ, დღეს ვიცინოდეთ, დღეს ვლოცულობდეთ… ჩვენ ხომ ასე ვართ მიჩვეულნი ხვალინდელი დღით ცხოვრებას, მომავლის დაგეგმვას, ცხოვრებას  ჩანიშნული აქტივობების მიხედვით. ალბათ, ბედის ირონიაა, რომ ყველა დაგეგმილი ღონისძიება გადაიდო და ყველაფერი სათუო გახდა. ჩვენ ხომ თავს ვიტყუებდით, რომ შეგვეძლო საკუთარი ცხოვრების კონტროლი, მაშინ, როცა დადგა დღე და ყველა ჩვენი გეგმა უვადოდ გადაიდო… ჩვენ ხომ აგრერიგად ვუსმენდით გონებას და ვაჩუმებდით გულს. გულს, რომელშიც სიცარიელეა, სიცარიელე, რომლის შევსებაც არავის ძალუძს შემოქმედის გარდა, რადგან მას აქვს ჩვენი გულის გასაღები.

დღეს, როცა ჩვენი გულები ღაღადებს უფლის წინაშე და ყველას გვსურს, გვისმენდეს იგი, ახლა, ამ წამს… და ეს მაშინ, როცა მრავალმა ჩვენგანმა მასთან ურთიერთობა გაურკვეველი შემდგომისთვის გადადო…

დაე, მოგვიტევე, უფალო, ჩვენი შეცოდებანი და შეისმინე ჩვენი ლოცვები დღეს, რათა ვპოვოთ მადლი დროული შემწეობისათვის, ვიდრე ხვალინდელი დღე დადგებოდეს… ვიდრე ჰხვალ, უფალო…

20 მარტი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ნაციონალური ქრისტიანობა

ნატალია ჩიქოვანი 18 მარტი, 2020
ნატალია ჩიქოვანი

დიდუბის მეტროს ზედა ამოსასვლელთან სამარშრუტო ტაქსიში ჩავჯექი, მძღოლი შევსებას ელოდა და რუსული ესტრადის მოსმენით იქცევდა თავს. სალონი ნელ-ნელა ივსებოდა წვიმას გამოქცეული და დაღლილი ადამიანებით, შინისკენ რომ მიეჩქარებათ. ე.წ. დისპეტჩერის ზარის შემდეგ, როგორც იქნა, დავიძარით. რუსთავამდე გრძელი გზა გველოდა პიკის საათის გამო შექმნილი საცობების, გზაზე გაჩენილი ორმოების, სარემონტო სამუშაოების და სხვა მრავალი დაბრკოლების გამო.

სავარძელში „მოვეწყვე“ და ჩანთიდან ჩემი პატარა ბიბლია ამოვიღე, ფსალმუნებზე გადავშალე: „უფალი ჩემი მწყემსია, არაფერი მომაკლდება, ხასხასა მოლზე დამასვენებს და წყნარ წყლებზე წამიძღვება…“ – სტრიქონები გარბოდნენ და სიმშვიდე მეუფლებოდა. ჩემი მიკროსამყაროს მყუდროება გვერდით მჯდომმა ქალბატონმა დაარღვია: „დედაა, ახალი ქართულით კითხულობთ? როგორ შეიძლება?!“

– ბატონო? – ვერ მივხვდი მე.

– ბერმა თქვა, რომ ძველი ქართულით უნდა წაიკითხოთ, სულიწმიდის მადლია მეტი.

– და რომ არ მესმის ძველი ქართულით, თქვენ რამეს იგებთ? – ახლაღა შევათვალიერე 50 წლამდე, სასიამოვნო გარეგნობის, მოწესრიგებული ქალბატონი, უკან გადავარცხნილი თმითა და აკადემიური ჩაცმულობით.

– ასეა დაწერილი, როგორც დაიწერა ისე უნდა წაიკითხო, ეგაა მადლი, – კვლავ მითხრა დამრიგებლური ტონით და საკუთარი ფსალმუნები მომაწოდა.

– თუ ასე ვიმსჯელებთ, მაშინ ებრაულად უნდა წაიკითხოთ, მეფე დავითი ხომ ქართველი არ იყო, – მეგობრულად გავუღიმე მე, თან მისი ფსალმუნები 22-ე თავზე გადავშალე: „უფალმან მმწყსოს მე და არა მაკულდეს. ადგილსა მწუანილოვანსა მუნ დამამკვიდრა მე წყალთა ზედა განსასუენებელთასა გამომზარდა მე.“

– გმადლობთ, ჩემი მირჩევნია, ვიგებ, – ვუთხარი და წიგნი დავუბრუნე. ნაჩქარევად გამომართვა და ჩემი „ურჯულოებისა“ თუ ჩემი ბიბლიის (სადაც საზეპირო მუხლები ხაზგასმული და საკვანძო ადგილები ფანქრით მონიშნულია) შემხედვარემ პირჯვრის წერას მოუმატა.

სამარშრუტო ტაქსი ნელა მიიწევდა სანაპიროზე, მანქანების უზარმაზარ რიგში, სიგნალებით, გინებით და „მონატრებული“ რუსული ჰანგებით. ფანჯრიდან ზეცას გავყურებდი და მახსენდებოდა, რომ ბავშვობაში იესო ქართველი მეგონა, წმინდა გიორგიც, ნინოც… მეგონა, რომ დავითი და თამარი ქართული სახელებია; მასწავლიდნენ, რომ საქართველო მეორე იერუსალიმია; რომ მეორედ მოსვლისას მხოლოდ საქართველო გადარჩება; რომ განკითხვა ქართულ ენაზე იქნება და რაღაცნაირად გავუგე გვერდით მჯდომ ქალბატონს, რომელიც აღარ ელოდებოდა რომელიმე ტაძართან ჩავლას და ყოველ ხუთ წუთში პირჯვარს იწერდა, ალბათ, „სექტანტური“ აურის განსაწმენდად.

ალბათ, რთულია გაარკვიო, როდის მოვირგეთ ქრისტიანობა, როდის შევურიეთ ერთმანეთს წარმართული ტრადიციები და ქრისტიანული წეს-ჩვეულებები; როდის დავიჯერეთ, რომ ქრისტიანობამ ასიმილაცია განიცადა და ქართული გახდა; როდის დაგვავიწყდა, რომ ქრისტე გუშინ, დღეს და უკუნისამდე იგივეა; რომ მასთან არ შეიძლება „საქმის ჩაწყობა“ ტაძრების მშენებლობაში მონაწილეობის მიღებით, შენსიგრძე სანთლების დანთებით, ტაძრების ფეხშიშველი მოლოცვით და მსგავსი საქმეებით, რადგან ეფესელთა 2:8 ამბობს:

ვინაიდან მადლით ხართ გადარჩენილნი, რწმენის მეშვეობით, და ეს თქვენგან კი არაა, არამედ ღვთის საჩუქარია. არა საქმეთაგან, რათა არავინ დაიკვეხნოს… ეფესელთა 2:8

ნომინალურ ქრისტიანობასთან ერთად ნაციონალური ქრისტიანობაც შევქმენით და დაგვავიწყდა, რომ ქრისტიანობას ნაცია არ აქვს, ქრისტეში არ არის მიკერძოება, არც იუდეველი და არც ბერძენი, არც თეთრი და არც შავი, არც მონა და არც თავისუფალი, არამედ ყველა ერთია უფალში, ვინც მოინათლა იესო ქრისტეს სახელით. (გალატელთა 3:26 -29). ის ყოველს თავისი საქმეების მიხედვით მიუზღავს, რადგან ღმერთთან არ არსებობს მიკერძოება! (რომაელთა 2:5-11).

ავტორი: ნატალია ჩიქოვანი

18 მარტი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

გაქცევა არაა გამოსავალი – იმოქმედე!

გიორგი ოდიაშვილი 16 მარტი, 2020
გიორგი ოდიაშვილი

იმოქმედე ‒ სადაც ხარ.

გამოიყენე ‒ რაც გაქვს.

გააკეთე ‒ რაც შეგიძლია.

 

▪ თუ სიძულვილით გაჟღენთილ ატმოსფეროში ყოფნა აღარ შეგიძლია, არ გაიქცე ‒ შეიყვარე.

▪ თუ გვამების ქვეყანაში აღარ გინდა ცხოვრება, ნუ გაიქცევი ‒ გამოცოცხლდი.

▪ თუ მიძინებულთა ქალაქში აღარ გინდა გაჩერება, ნუ წახვალ ‒ გამოიღვიძე.

▪ თუ სიბნელეში ყოფნა გაუსაძლისი გახდა, გარემოს გამოცვლაზე ნუ იფიქრებ ‒ გაანათე.

▪ თუ ნაგავში ჯდომა აუტანელი გახდა, სხვაგან წასვლაზე ნუ იფიქრებ ‒ დაალაგე.

▪ თუ ნიღბებიანი, ყალბი საზოგადოება ყელში ამოგივიდა, ნუ წახვალ ‒ მოიხსენი.

▪ თუ ცუდად მოგექცნენ და გატკინეს, არ შეიძულო ‒ აპატიე.

▪ თუ ცუდად მოიქეცი და ატკინე, არ გაიქცე ‒ მოიბოდიშე.

▪ თუ ქალაქის გარყვნილი საზოგადოება გაღიზიანებს, ნუ მიეშურები მთას ‒ ილოცე.

▪ თუ შენი დღეები უფერულია, დეპრესიას ნუ მიეცემი ‒ გააფერადე.

▪ თუ შენი ცხოვრება არ მოგწონს, თავს ნუ მოიკლავ ‒ იშრომე.

 

☑ წასვლა არ არის გამოსავალი ‒ იმოქმედე იქ, სადაც ხარ, შეცვალე საკუთარი თავი და ყველაფერი, რაც ხელგეწიფება.

16 მარტი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

გულში არსებული სიცარიელე

გიორგი ფიროსმანაშვილი 5 მარტი, 2020
გიორგი ფიროსმანაშვილი

 ბევრი მიფიქრია იმაზე, თუ რატომ ვგრძნობთ ადამიანები დიდ სიცარიელეს ჩვენს გულებში.

მთელი სამყარო რომც შევიძინოთ, მაინც გვაქვს რაღაც ნაკლოვანების, სიცარიელის განცდა.

ამ კითხვაზე პასუხის ძიება შემოქმედის სიტყვაში (წმინდა წერილში) მოვისურვე.

შემდეგი რამ აღმოვაჩინე:

ღმერთმა ადამიანი რომ შექმნა, გულში სიცარიელით შექმნა. თქვა, არ არისო კარგი მისი მარტო ყოფნა. და ცოცხალი არსებებისა და მეორე ადამიანის შექმნით შეუვსო ის სიცარიელე. ყველა მოთხოვნილება დაუკმაყოფილა.

ადამიანი უკვე უნაკლო გახდა, სრულყოფილი ‒ ღმერთიც ჰყავდა, ადამიანიც და სხვა ყველაფერიც, რაც სჭირდებოდა.

თუმცა მან მაინც გადაწყვიტა, რომ საკუთარ თავს ღმერთისგან დამოუკიდებლადაც კარგად მიხედავდა და გაშორდა უფალს.

ღმერთი კი თავისი სიტყვისა და საქმის ერთგულია და არ წაურთმევია ის, რაც მისცა. ყველაფერი შეუნარჩუნა და გამოუშვა თავის გზაზე.

მას შემდეგ ადამიანში გაჩნდა მანამდე უცნობი სიცარიელე, უღმერთობის განცდა.

იმ დროიდან დღემდე ასეა.

ადამიანს ყველაფერი აქვს, რაც სჭირდება, თუმცა ღმერთი აღარ ჰყავს და ამას განიცდის.

მივხვდი, რას ვკარგავდი.

ღმერთი სიყვარულია. სიყვარულს განშორებასთან შეგუება არ შეუძლია, ამიტომ მან ყველაფერი გააკეთა, რომ თავისთან დაებრუნებინა თავისი ყველაზე საყვარელი ქმნილება, ადამიანი.

ღმერთს ადამიანთან დაახლოება იმდენად სურდა, რომ ისიც ადამიანი გახდა ჩვენსავით.

მთელი სამყარო მისი სამყოფელია, მაგრამ მან ადამიანის გული აირჩია სამკვიდროდ.

მივხვდი, რაოდენ დიდებული სიყვარული აქვს ჩვენ მიმართ და ამ სიყვარულის წინაშე გულგრილი ვერ დავრჩი. მეც ძლიერ შემიყვარდა.

მოვუხმე ჩემს გულში და დამკვიდრდა.

მე დღეს აღარ განვიცდი არანაირ სიცარიელეს.

არანაირ ნაკლოვანებას აღარ აქვს ჩემში ადგილი, რადგან მე საწყის მდგომარეობას დავუბრუნდი, ისეთს, როგორადაც ღმერთმა თავდაპირველად შეგვქმნა.

ეს შენც შეგიძლია.

უბრალოდ უნდა აღიარო, რომ ის გჭირდება. უნდა მოუხმო, რომ მოვიდეს.

შენს გულში თუ არეულობაა, იცოდე, ის თავად მოაწესრიგებს.

არ გადადო, მოუხმე შემოქმედს, ის გელოდება.

5 მარტი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

რა კარგია, რომ მოხვედი, იესო

გიორგი ოდიაშვილი 27 თებერვალი, 2020
გიორგი ოდიაშვილი

ოხ, იესო, კიდევ კარგი, დაკარგულის მოსაძებნად მოხვედი, თორემ მარადიულად დაკარგულად დავრჩებოდი.

კიდევ კარგი, სნეულთა განსაკურნებლად მოხვედი, თორემ სნეულებაში გავატარებდი ჩემს წუთისოფელს.

კიდევ კარგი, ცოდვილთა მოსახმობად მოხვედი, თორემ ვინ რად ისურვებდა ჩემისთანა კაცის ხმობას ოდესმე.

კიდევ კარგი, განსასჯელად კი არა, სახსნელად მოხვედი ქვეყნიერებისა, თორემ რანაირად უნდა გვემართლა თავი შენ წინაშე?

კიდევ კარგი, ცოდვილებთან ერთად ჭამდი, სვამდი და მეგობრობდი, თორემ სხვანაირად როგორ იქნებოდა შესაძლებელი ჩემისთანა გულის პატრონისთვის შენთან მოახლოება.

ოხ, ზეცის უფალო, კიდევ კარგი, ბაგაში შობა იკადრე, თორემ სხვაგვარად როგორ დავიჯერებდი, რომ ჩემს გულში შობასაც იკადრებდი, რომელიც ბაგაზე ბევრად უსუფთაო იყო.

ნაზარეველო იესო, ნათელო ქვეყნისავ, კიდევ კარგი, მოხვედი, თორემ ვინ გვიხსნიდა წყვდიადისგან?!

კიდევ კარგი, გვიწვდი ხელს ცოდვის წუმპიდან ამოსაყვანად, თორემ სხვაგვარად ვინ შეძლებდა შენ წინაშე სათნოდ ცხოვრებას?..

27 თებერვალი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

გადამწყვეტი წუთი

რომა შალამბერიძე 26 თებერვალი, 2020
რომა შალამბერიძე

 ყველაფერი შეიძლება ერთ წუთში დასრულდეს, მდიდრული ცხოვრება, კეთილმოწყობილი კარიერა, დადებითი შთაბეჭდილება სხვის თვალში, ახლო ურთიერთობები, ჩვენი სიცოცხლეც კი…

ვხედავთ, რომ ყველაფერი დროშია მოქცეული და უძლურნი ვართ ამ მოვლენის მიმართ.

დრო მიდის, და თითქოს უფრო ახლოს არის ის ერთი წუთი, როცა რაღაც დასრულდება.

ახლა და ამ წამს, როდესაც ამ ტექსტს კითხულობ, ვიღაცისთვის დგება ის ერთი წუთი, ახლაც, და ახლაც…

ალბათ მკითხავ: მაშ, რისთვის უნდა ვიცხოვროთ? თუკი ასე მარტივად დასრულდება ყოველგვარი კეთილდღეობა, აქვს კი რაიმეს საერთოდ აზრი?

ალბათ, ერთხელ მაინც განგიცდია ცხოვრებაში ისეთი ბედნიერება, როდესაც ინატრე

დროის გაჩერება…

ეს იმის მიმანიშნებელია, რომ ადამიანის შინაგანი სამყარო მარადიულობისაკენ ისწრაფვის.

თითქოს ადამიანთა სიცოცხლე ხანმოკლეა და ყველამ იცის ეს, მაგრამ ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ თავიანთ სიცოცხლეს უფრო მეტი დღე შემატონ.

ბიბლიაში დაწერილია, რომ უფალმა „თვით მარადიულობა ჩადო ადამიანთა გულებში, თუმცა ისინი ბოლომდე ვერ სწვდებიან ღვთის ნამოქმედარს.“

ჩვენ, მე და შენ, არ ვართ ერთი დღისთვის მოვლენილნი ამქვეყნად.

მე და შენ გაცილებით დიდი მისია გვაკისრია. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ღირსეულად და უნდა ვაამოთ ღმერთს, აქ და ამ ცხოვრებაში. ამისათვის არ არის საჭირო, დაელოდო ხვალინდელ დღეს, არ არის საჭირო, დაელოდო სამსახურის დასრულებას ან ოჯახის წევრების დაძინებას, არ დაელოდო დაღამებას ან გათენებას.

ეს ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ დროს შეუძლია.

მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ხარ, რა შეგიძლია, ან რა გაგიკეთებია აქამდე. ახლა და ამ წამს შენც შეგიძლია ‒ აამო ღმერთს, თუკი შენს გულში ჩუმად წაიჩურჩულებ: „უფალო, შენთვის ცხოვრება მსურს.“

ნუ შეგაშინებს შენი გარემოება, პრობლემა, სტრესი თუ სხვა რამ. ერთი რამ დაიმახსოვრე, ყველაფერი დროებითია. ისწრაფე, რომ აამო ღმერთს.

შესაძლოა, ვინმე განიცდიდეს დეგრადაციის ერთ წუთს, მაგრამ დამერწმუნე, რომ თუკი იცხოვრებ იმისათვის, რომ უფალს აამო, ის ერთი წუთი შენთვის დიდების წუთი იქნება და არა მარცხის!

შენების და არა ნგრევის!

დაბრუნების და არა დაკარგვის!

დასაწყისის და არა დასასრულის!

26 თებერვალი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

მხსნელი უფალი

გიორგი ფიროსმანაშვილი 26 თებერვალი, 2020
გიორგი ფიროსმანაშვილი

სიცარიელე (ვხედავ ჩემში) აივსო გრძნობით,

(უხასიათო გამოხედვით, ზიზღით და მტრობით),

გრძნობით, რომელიც ვერ მოკვდება ყოველდღე თრობით,

თითქოს ძარღვებში იჭედება წყეული თრომბი.

თითქოს მეძახის მე სატანა, მიმიხმობს მასთან,

მეც თითქოს ვუსმენ და მივიწევ ბნელეთის მთასთან,

თითქოს არ ვიბრძვი და ვჩერდები, თითქოსდა ვკვდები,

თითქოს ჩამითრევს თავისთან და მეც დავნებდები.

მაგრამ ეს მხოლოდ თითქოს არის, მე არ ვნებდები!

მე ვიბრძვი! ვცდილობ! მუხლს მოვიდრეკ ლოცვა-ვედრებით,

ღმერთო, არ შემწევს მარტო ბრძოლის ძალა უშენოდ,

ღმერთო, მიშველე, ნუ დამტოვებ ასე უმწეოდ.

ქარი ბობოქრობს, ვით სიბნელის შავი აჩრდილი…

ღამე წყვდიადით შემოსილი, ელვით დაჭრილი…

ვდგავარ სიცივის სადარაჯოდ სახეაჭრილი…

და შველას ვითხოვ ზეცისაკენ ხელებაწვდილი…

მე ცოდვილი ვარ, ცოდვა მახრჩობს, ცოდვაში ვხვდები,

მორევი მითრევს, მექაჩება, მშიშარა ვხდები,

მე ვეძებ ვინმეს, ვინც მიშველის, ვინც გადამარჩენს,

ვინც ხელს ჩამკიდებს მე ცოდვილს და ვინც განმაახლებს.

ვეძებ მას, ვისაც ვუყვარვარ და ვინც არ დამტოვებს,

ვინც სულ ჩემ გვერდით იდგება და არ მიმატოვებს,

მას, ვინც სიყვარულს ავლენს საქმით და არა სიტყვით,

ვინც იწოდება მესიად და ცოდვისგან მიხსნის.

ვეძებ ერთადერთ ჭეშმარიტ და ცოცხალ შემოქმედს,

დავეხეტები მთა-გორებზე, ვნატრობ ‒ შემომხვდეს,

ფეხსაცმელები შემომაცვდა, გრძნობა განელდა,

საგზლად აღარ მაქვს არაფერი, წყალიც დამექცა.

სრულიად მარტო, უდაბნოში აღმოვჩნდი უცებ,

თვალცრემლიანი ჩემ ზემოთ მფრენ ყორანებს ვუცქერ,

თითქოს ელიან, რომ მოვკვდები, რომ მერე მეცნენ,

რომ ნაწილ-ნაწილ და ნელ-ნელა ჩემს სხეულს გლეჯდნენ.

თუმც ვერ მივართვი! ჯერ ადრეა ჩემი სიკვდილი!

თუმცა ჯერ ისევ ძირს ვაგდივარ ღონემიხდილი,

უკვე ნათლად ვგრძნობ, რომ წასვლის დრო ჯერ არ დამდგარა,

ქრისტეს აღდგომა ანგელოზმა ახლა მახარა.

მეც გადავწყვიტე, მივატოვო ჩემი ცხოვრება

და ღმერთს მივმართო, რომ მივიღო მისგან ცხონება,

ჰოდა, ამ გზაზე იმიტომაც აღმოვჩნდი ახლა,

რომ მოვინდომე უფალ იესოს ახლოდან ნახვა.

მე მარტოობის სიყვარულმა დამღუპა სწორედ,

და დასასრულის დასაწყისიც აქ არის, ვგონებ,

დრო მოვიდა, რომ მე ხელახლა ვიშვა ზეციდან,

ქრისტეს მივუძღვნა მე სიცოცხლე ამიერიდან.

გეძებ, უფალო, და ვიცი, რომ არსებობ სადღაც,

მინდა გიხილო, მიპასუხე, გეძახი კვლავაც,

ფარ-ხმალს არ დავყრი და მოვიცდი, ვიდრე არ მოხვალ,

ვიდრე დაკარგულ ცხვარს მიპოვი, ვიდრე დამმოძღვრავ.

უფალო, სად ხარ? დამეხმარე, ღმერთო, მიშველე,

წარსულ შეცდომებს მომარიდე, ხელს არ მიშვებენ,

დამტანჯა ცოდვამ, დამიმძიმდა უკვე უღელი,

მე შენს დიდებას და წყალობას გულით ვუმღერი.

მჯერა, უფალო, ჩემთან ხარ და მუდამ იქნები,

შენ მე გიყვარვარ, მე კი ‒ ნახე, როგორ ვიქცევი?!

იესო ქრისტე, მაპატიე ჩემი ცოდვები,

მე შენ წინაშე მადლიერი დავიჩოქები.

მიყვარხარ, ღმერთო! მიყვარხარ! და ძლიერ მჭირდები!

მიყვარხარ, ღმერთო! ერთადერთო! მე შენ გპირდები,

რომ შევეცდები ‒ გამოვსწორდე, ვიბრძოლებ შენთვის,

ვიცი, ეს ბრძოლა გაამართლებს, მთლიანად შემცვლის.

გხედავ, იესო, შენ ახლოს ხარ, ჩემთან მოხვედი,

ჩემი ვედრება შეისმინე და ხსნა მომეცი,

გავთავისუფლდი წარსულისგან, ვგრძნობ, შევიცვალე,

მადლობას გიხდი, რომ მიპოვე, რომ შემიყვარე.

მინდა, მოგიძღვნა ჩემი გული და გემსახურო,

მინდა, გაგიცნო უფრო ახლოს და გესაუბრო,

მე შენ გეკუთვნი, ჩემო მხსნელო, მუდამ გადიდებ,

მჯერა, იზრუნებ და შენს მზერას არ მომაცილებ.

ჩემი სიცოცხლე შენ გეკუთვნის ამიერიდან,

რადგან ამქვეყნად ეს ცხოვრება წამიერია,

შენ კი, იესო, ჩემო მხსნელო, შენ ხარ უკვდავი!

ჩემი ცხოვრების სიყვარული, ჩემი უფალი!

26 თებერვალი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ახალი ბლოგები
ძველი ბლოგები
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 2

    მხსნელი უფალი

    26 თებერვალი, 2020
  • 3

    მედროვე ადამიანთა ქმედებები…

    22 მარტი, 2019
  • 4

    ღმერთი არ არის საშუალება

    5 დეკემბერი, 2022
  • 5

    ფიზიკური ნაკლი არ არის პრობლემა…

    7 ოქტომბერი, 2020


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ