ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ
  • stories

  • Memories

  • About Me

ბლოგები

რატომ, ღმერთო?!

ნატალია ჩიქოვანი 17 აპრილი, 2020
ნატალია ჩიქოვანი

რამდენ ჩვენგანს უთქვამს განსაცდელში: რატომ, ღმერთო?… რამდენჯერ გიტირიათ უძლურებისგან და რამდენჯერ დაგისვამთ ღმერთისთვის კითხვა: რაღა მაინცდამაინც მე, რატომ, უფალო?!…

ეს გარდაუვალი გზაა, ეკლიანი ბილიკი, რომელზე გადადგმული თითოეული ნაბიჯიც მტკივნეულია, მაგრამ ეს ერთადერთი სწორი გზაა ზეცისკენ მიმავალი.

ქვეყნიერებიდან რომ მოდიხარ, შენი გონება თაფლისა და რძის მოჩუხჩუხე ნაკადულებთან ქრის. გრძნობები და ემოციები პატარა ბავშვივით გამძაფრებული გაქვს, ხარობ უფლის სასწაულებით, თანდასწრების ღრუბლით და ეკლესიის მზრუნველობით, ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებ, რომ გზა ქანაანამდე გრძელ და დამღლელ უდაბნოზე გადის. თავიდან ყველაფერი იოლი ჩანს, იქამდე, სანამ გამოილევა წყალი და საგზალი გათავდება. იქამდე, სანამ ქალამანი გაცვდება და უდაბნო თავისუფლების ზონის ნაცვლად სადამსჯელო ექსპედიციად გადაიქცევა…

რამდენჯერ გაიხედავ უკან, „უზრუნველყოფილი“ მონობისკენ, ნაცვლად იმისა, რომ ხედავდე აღთქმულს და პასუხისმგებლობას იღებდე საკუთარ თავისუფლებაზე. შესაძლოა, უკან არც გაიხედო, მაგრამ თუ ეგვიპტე თან გდევს, თუ ის შენშია, ის ყოველთვის შენ თვალწინ იქნება…

მცხუნვარე მზის ქვეშ უდაბნოს უსასრულობას თვალმოჭუტული გასცქერი და ცდილობ წარმოიდგინო, რამდენი დღის სავალია მიზნამდე. შეიძლება, ეს სულ რადენიმე დღის გზა იყოს, შესაძლოა, რამდენიმე წლისაც…

ჩვენ ვუყურებთ გზის სიგრძეს, ნაცვლად იმისა, რომ ვუყურებდეთ, რა სიჩქარით მივდივართ ამ გზაზე… შესაძლოა, ამ გზაზე წრეზე სიარულიც მოგვიხდეს და ეს სრულიად რეალურია, თუ ნაცვლად კითხვისა „როგორ, ღმერთო?“, ვიკითხავთ: „რატომ, უფალო?…“

ყველა ახალწვეული გადის საბრძოლო წვრთნას საომარი მოქმედების დაწყებამდე, ყველა ჭუპრი ხოხავს, სანამ ძველი ქერქიდან გამოძვრება და ულამაზეს, ფრთებიან პეპლად გადაიქცევა, ყველა ლოდი გადის ურთულეს დამუშავებას, სანამ ქვაში ნატიფი ქანდაკება გამოიკვეთება…

ეს კანონზომიერი გზაა, რომელსაც გაივლის ყველა, ვინც წინ მიდის. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. შესაძლოა, იპოვოთ კიდეც სხვა გზა, მაგრამ მისი საბოლოო შედეგიც სხვაა. თითოეულ ჩვენგანს უპირობო დამოკიდებულება გვაქვს კანონზომიერებებთან და ვიცით, რომ თუ გვინდა წინ წასვლა, ამისათვის ნაბიჯი უნდა გადავდგათ, მაგრამ, ხშირად, კანონზომიერებად არ მივიჩნევთ მომზადების, წვრთნის პროცესს, ამიტომაც ვსვამთ კითხვას: „რატომ, ღმერთო?!“

მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავად ვაცნობიერებთ მიზეზშედეგობრივ კავშირებს, ჩვენი ხორცი გამუდმებით „გვკარნახობს“, რა სურს მას. ჩვენ უბრალოდ გვინდა, გამოვიდეთ ეგვიპტიდან და მაშინვე შევიდეთ ქანაანში და უგულებელვყოფთ მათ შორის მდებარე „კანონზომიერ“ უდაბნოს. ალბათ, ამიტომაცაა ის ასეთი გაუსაძლისი და მცხუნვარე, ამიტომაც ვიტანჯებით და ვყვირით: „რატომ, ღმერთო?!“

ჩვენ ვყვირით ყოველი მომდევნო იმედგაცრუებისას, ვნებდებით, როცა ვერ ვაბარებთ გამოცდას, ვტკბებით თვითშეცოდებით და საკუთარი ცრემლებით ვქმნით „ოაზისს“ შუაგულ უდაბნოში. მერე ვსახლდებით ამ „ოაზისში“ და მორიგი იმედგაცრუების შიშით ადგილიდანაც არ ვიძვრით, არადა დაწერილია, რომ გლოვის ველზე გამვლელნი წყაროს აღმოაჩენენ, გამვლელნი და არა ერთ ადგილას ფეხმოუცვლელად მდგომნი.

დიახ, უდაბნო ‒ ეს ცრემლების ადგილია! ტკივილისა და იმედგაცრუების, შიშისა და მოლოდინის, დაცემისა და სასოწარკვეთის… მაგრამ ღმერთის თანდასწრების ღრუბლის ადგილიცაა იგი! თუ ჩვენთვის ეს გზა არაა მოულოდნელი, თუ ეს გზა ჩვენი არჩევანია, მაშინ ჩვენ ვიტყვით: „ახლა როგორ, უფალო?!“, ისევე, როგორც ამას მოსე ეკითხებოდა მას; მაგრამ თუ ჩვენი არჩევანი ქანაანია მხოლოდ, მასთან მისასვლელი გზის გარეშე, მაშინ ჩვენ დაუსრულებლად დავსვამთ ერთსა და იმავე კითხვას: „რატომ, ღმერთო?!“, სწორედ ისევე, როგორც ამას ისრაელი აკეთებდა უდაბნოში წრეზე სიარულის დროს.

ჩვენ არ ვართ მარტონი ჩვენი ცხოვრების უდაბნოში, ისევე, როგორც მოსე არ ყოფილა მარტო. ჩვენ ვხედავთ უამრავ ბიბლიურ გმირს, რომლებსაც ღმერთი დიადი მიზნებისთვის მოუწოდებდა და ლოგიკურად, ჩვენც ველით დიდებულ მომავალს დიდებული აღთქმის შემდეგ.

უდაბნო, ხშირად, ვარდნის, ქვემოთ დაშვების გზაა, მაგრამ არაფერია საშიში, ღმერთს აქვს გეგმა თითოეულისთვის და თავის დროზე აგვამაღლებს.

იერემია 29:11: „რადგან მე კარგად ვუწყი ზრახვები, რომლებიც განვიზრახე თქვენთვის, – ამბობს უფალი, – სამშვიდობო ზრახვები, რომ მოგცეთ თქვენ მომავალი და იმედი.“

ის არ არის მითოლოგიური ღმერთი, ღმერთი, რომელიც ძველი აღთქმის ფურცლებზე დარჩა, ის უკუნისამდე იგივეა და დღესაც იგი ჩემთან და შენთან

17 აპრილი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

აღსრულდა!

თეონა მენაბდიშვილი 17 აპრილი, 2020
თეონა მენაბდიშვილი

„ვინაიდან, როგორც ერთი კაცის ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით ბევრი გახდება მართალი.“ (რომ. 5:19)

შევეხეთ და შევჭამეთ აკრძალული, რომელსაც ჰქონდა გემო განდგომის, მარტოობისა და ტკივილის, ყველაზე მეტად კი გემო სიკვდილის. უფალს გავუშვით თავისივე გამოძერწილი ხელი და ეშმაკისკენ გავიწოდეთ. ისიც შეგვეხო თავისი სიბინძურით და ცოდვა დაგვამჩნია, ჩვენს ნაწილად აქცია…

და აი, ძე ღვთისა კაცად მოსული, თავის შექმნილ მიწაზე გართხმული ტირის და ამბობს: „მამაო, ამარიდე ეს სასმისი.“ ჩასძინებიათ მოწაფეებს, ვერ შეძლეს – ეფხიზლათ, ჩვეულებრივი ღამეა მათთვის, ქრისტეს თვალებს კი მხოლოდ ცრემლები ამძიმებს ახლა; ვერ შეძლო ძილი მან, ვისაც ქარიშხლის დროს ნავზე ეძინა; სიმშვიდეს უკარგავს გოლგოთის სურათი, მომავალი ტანჯვა, ღვთის სასმისის შესმის სიმძიმე. გარს შემოერტყა ბრბო, აღარსად ჩანს პალმის რტოები. ურტყამენ! ეკლის გვირგვინს ადგამენ თავზე, მეფე კი კვლავ დუმს. სამყაროს ცოდვა უმძიმებს მხრებს. სტკივა, მაგრამ სიყვარული აკავებს ჯვარზე, ზეცას შესძახის: „მიუტევე, მამავ!“ ვინ დაგვიხსნიდა სიბნელისაგან, ვინ დაბრუნდებოდა ედემში ყველაფრის შესაცვლელად, ვინ შეძლებდა – უკუექცია სიბნელე და ეზეიმა ბოროტზე გამარჯვება.

აი, მსხვერპლი ჩვენთვის შეწირული, სისხლი, ჩვენთვის დაღვრილი; აი, სინათლე – მძლეველი ბნელეთისა. ვინც ცოდვა არ იცოდა, ის გახდა ცოდვად ჩვენ გამო; მისმა მსხვერპლმა დაფარა ჩვენი სირცხვილი; მისმა სისხლმა წაშალა ჩვენი ცოდვები; სამუდამოდ ჩამოგვაშორა დანაშაული. აღსრულდა! იესო ცოცხალია, სიკვდილი – დამარცხებული! სიბნელეში მყოფთ სინათლე გამოუცხადდათ! აღსრულდა – მისმა გულმა დაიტია მთელი სამყარო, მისი სისხლი საკმარისია ყველასთვის! აღსრულდა – იმძლავრა ლომმა იუდას ტომიდან და მისი მეშვეობით ხსნა მოგვეცა! აღსრულდა – ჯვარმა მოგვიტანა შერიგება მამასთან!..

„ვინაიდან, როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში.“

I კორ. 15:22

17 აპრილი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

მალე უფალი გოლგოთას შეუდგება

ნატალია ჩიქოვანი 15 აპრილი, 2020
ნატალია ჩიქოვანი

მალე უფალი გოლგოთას შეუდგება…

მალე დადგება ღამე ზიარებისა, საიდუმლო სერობისა, ერთობისა და ახალი აღთქმისა, რომელზეც უფალი იტყვის: „ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი.“ პურის დამტვრევისა და სისხლისფერი ღვინის თასში ჩამოსხმის ხმა გამოსყიდვის მახარობლად მოევლინება კაცობრიობას.

მალე დადგება ღამე ლოცვისა სისხლის წვეთებით დაცვარული… მხურვალე ლოცვანი დროის სარტყელს გადაკვეთენ და უსასრულობაში გაიჭიმებიან, 2000 წელს კრიალოსანივით დამარცვლავენ ბაგენი და იქცევიან კურთხევად ჩვენი ცხოვრებისათვის.

მალე დადგება ღამე გაცემისა, ღალატის სუნით გაჟღენთილი გეთსიმანიის ჰაერი ჩვენამდეც მოაღწევს და შიგნეულს ჩაგვწვავს. საკუთარ თავთან გარინდებულნი იუდას ამოვიცნობთ ჩვენი სულის ბნელ კუნჭულში მიყუჟულს და გვეტკინება… ვიტირებთ და მონანიების ცრემლები გოგლგოთისკენ გაგვიძღვება.

მალე დადგება დღე, სადაც სასამართლოში დააყენებენ სამყაროს უზენაეს მოსამართლეს, უბრალოში იპოვიან ბრალს და უცოდველს ცოდვილად შერაცხავენ. იყვირებენ: „მოგვეცი ბარაბა!“ და „ჯვარს აცვი იგი!..“ ბრბოს დამაყრუებელი ძახილი დროსა და სივრცეს დასძლევს და მრავალს დააყრუებს ადამის ძეთაგან. წყლის ხმაური კი მოსამართლის ხელებს რომ სიბილწეს ჩამოჰბანს, ჩვენთვის იქნება შეხსენებად, რომ ჩვენ ნაცვლად გასამართლდა ‒ უბრალო ბრალიანთათვის.

მალე დადგება დღე, მოქნეული შოლტის სიმძიმე, რომ გაკვეთს ზეცას. ქმნილებანი შემოქმედს აწამებენ, ხორცს დაუგლეჯენ და წილს ყრიან მის სამოსელზე. სისხლის სუნი ჩვენამდეც მოაღწევს და ჩვენთვის დაღვრილი წმინდა სისხლის მადლი სამყოფი იქნება მთელი კაცობრიობისათვის…

მალე დადგება დღე, კაცთა მიერ ნაწამები უფალი რომ გოლგოთას შეუდგება. ჯვრის სიმძიმით გამოწვეული დაცემა ფეხქვეშ მიწას შეძრავს. ეკლიანი გვირგვინით გამოწვეულ ტკივილნარევ გმინვას ბებერი ქარი მოიტანს ჩვენამდე და ძვალსა და რბილში გაგვატანს ჩვენი გულგრილობით გამოწვეული სიცივე. იმ დღეს წყალს ძმრის გემო ექნება… იმ დღეს ნაადრევად დაბნელდება… იმ დღეს სამყარო ჩაიცვამს ძაძებს, როგორც ადამიანისგან ნაწამები ღმერთის ჭირისუფალი. იმ დღეს კრეტსაბმელი ჩაიხევა და იძვრება მიწა…

იმ დღეს მარადისობას შეარყევს სულის შემძვრელი ძახილი: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?!“ და მძიმე იქნება ქრისტეს უკანასკნელი ამოსუნთქვის ატანა მატერიისთვის.

მალე დადგება დღე, როცა ანგელოზი გადააგორებს ლოდს და კაცობრიობას დარჩება ცარიელი საფლავი, სამახსოვროდ იმისა, რომ იესო ქრისტეა აღდგომა და სიცოცხლე!

მაგრამ მანამდე უფალი გოლგოთას შეუდგება.

მალე უფალი გოლგოთას შეუდგება…

მიჰყევი მის ნაკვალევს!

„ჩემს თავს განვწმენდ მათთვის, რათა ისინიც განწმენდილნი იყვნენ ჭეშმარიტებით. მხოლოდ ამათთვის არ გთხოვ, არამედ იმათთვისაც, ვინც მათი სიტყვით მირწმუნებს.“ (იოანეს 17:19-20).

15 აპრილი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

იესო ქრისტე გუშინ, დღეს და სამუდამოდ იგივეა

ნატალია ჩიქოვანი 9 აპრილი, 2020
ნატალია ჩიქოვანი

როცა სამყაროში ყველაფერი წუთებსა და წამებში იცვლება, რთულია დაიჯერო, რომ რაიმეა მყარი ამ სამყაროში, რომელშიც უცვლელი მხოლოდ ისაა, რომ ყველაფერი მუდმივად ცვალებადია.

სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ადამიანებს გეგმები და ოცნებები ჰქონდათ, იცოდნენ, სად გაატარებდნენ მომდევნო წლის შვებულებას, რომელ უნივერსიტეტში ასწავლიდნენ შვილს, რომელ ქვეყანაში გაემგზავრებოდნენ… ახლა კი არაფერი აღარ იციან, სიტყვა „ხვალ“ ერთ დიდ გაუგებარ მომავლად გადაიქცა, ან იქნებ არც გადაიქცა და სულ ასეც იყო, უბრალოდ ჩვენ არ გვინდოდა ამის დაჯერება? იქნებ უარს ვამბობდით გვეღიარებინა, რომ არც არაფერია დამოკიდებული ჩვენზე, რომ არსებობს შემოქმედი ზეცაში და მისით დგას მთელი სამყარო?

ჩვენ ხომ ვსუნთქავთ ჟანგბადს და ამას ინსტინქტურად, გაუცნობიერებლად ვაკეთებთ, რადგან სხვანაირად სიცოცხლე არ ძალგვიძს. რატომ არ ვეძებთ ღმერთს, რატომ არ ვართ მასზე მიკრულნი, თუკი ვიცით, რომ მისით დგას მთელი სამყარო, განა შეგვიძლია მის გარეშე არსებობა, ვინც დასაბამი დაგვიდო და ვის ხელშიცაა მთელი ჩვენი მარადისობა?

ყველაფერი ცვალებადია ამ სამყაროში და ჩვენ გვინდოდა ცვალებად მატერიაში, რაიმე მყარის, საიმედოს შექმნა იმ სამშენებლო კომპანიებივით, რომელიც სიმყარისა და სანდოობის გარანტიას გვაძლევენ, მაგრამ უძლურნი არიან დამანგრეველი მიწისძვრის წინაშე. თუკი ამ სამყაროში ყველაფერი ცვალებადია, არსებობს კი რაიმე გარანტია?!

არსებობს, მაგრამ ის ადამიანის ხელთ არაა. ერთადერთი მყარი კლდე, რომელსაც შეგვიძლია დავეყრდნოთ, თავი შევაფაროთ და გადავრჩეთ, იესო ქრისტეა ‒ ჩვენთვის შეწირული უფალი.

„იესო ქრისტე გუშინ, დღეს და სამუდამოდ იგივეა.“ (წერილი ებრაელთა მიმართ 8:13)

იესო ქრისტე არის კლდე, რომელზეც შეძლებთ მყარი სულიერი სახლის მშენებლობას და ვერ მოერევა მას ქარი, წვიმა და მდინარე და ვერც ჯოჯოხეთის ბჭენი დაძლევენ მას; იესო ქრისტე თავშესაფარია, რომელსაც შეეფარები, ვიდრე უბედურება გადაივლიდეს; იესო ქრისტე მეგობარია, რომელიც შენთან რჩება მაშინ, როცა ყველა გტოვებს; იესო ქრისტე სამუდამოდ იგივეა; შეგიძლია, შენი იმედი დადო მასზე და ბოლომდე მიენდო. ის არ გაგიცრუებს იმედებს, ის არ მიგატოვებს, მას აქვს იმედი და მომავალი შენთვის.

ჩვენ ილუზიაში ვცხოვრობთ და სინამდვილე ისაა, რომ ჰაერზე მეტად გვჭირდება ღმერთი არსებობისთვის. მიანდეთ მას თქვენი ცხოვრება, რადგან ახლა სიტყვა „ხვალ“ ერთ დიდ გაუგებარ მომავლად გადაიქცა, რადგან შეიძლება „ხვალ“ არც კი დადგეს ნებისმიერი ჩვენგანისთვის. სანამ დროა, სანამ სამყაროს არსებობის ქვიშის საათში უკანასკნელი მარცვალი ჩამოვარდება, მივიდეთ შემოქმედთან და დავღვაროთ მის ფეხებთან ჩვენი ცრემლები, ტკივილი, შიში, უნდობლობა, ეჭვები და მას გადავცეთ ხელთ მთელი კონტროლი.

„ახლა თქვენ, ვინც ამბობთ ‒ დღეს თუ ხვალ ამა და ამ ქალაქში წავალთ, იქ ერთ წელს დავყოფთ, ვივაჭრებთ და მოვიგებთო; თუმცა ისიც კი არ იცით, ხვალ რა მოხდება, რადგან რა არის თქვენი სიცოცხლე? ორთქლი, რომელიც ერთხანს გამოჩნდება, მერე კი გაქრება…“ (იაკობ მოციქულის წერილი, თავი 4:13-14).

 

9 აპრილი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

ნაიარევი, რომელიც არ გტკივა…

თორნიკე ხუბაშვილი 31 მარტი, 2020
თორნიკე ხუბაშვილი

ნაიარევი, რომელიც არ გტკივა…

შენ გაქვს არჩევანი: შეგიძლია, შეინახო სიმწარე შენს გულში, დაადანაშაულო სხვები შენს უბედურებაში, ყოველღამე იფიქრო იმაზე, თუ რა დაგიშავეს, იტირო, შეიცოდო თავი და ეს პასუხისმგებლობა დააკისრო მათ, ვინც გატკინა, მაგრამ ამ ყველაფრიდან ერთადერთი დაზარალებული ადამიანი შენ იქნები…

რადგან ვისაც სტკივა, სწორედ მას შეუძლია, ატკინოს სხვას, ვინც სიმწარეს ინახავს, სწორედ მისი ცხოვრება განიცდის დეფორმაციას. ეს სიმწარე არ მოგცემს საშუალებას, შექმნა ბედნიერი ოჯახი, ჩამოაყალიბო კარგი ურთიერთობები, აღზარდო სუფთა გულის შვილები, ეს სიმწარე ყოველთვის შეგიშლის ხელს როგორც ღმერთთან, ისე ადამიანებთან ურთერთობაში, ვერ იპოვი ადგილს ღმერთში, რადგან დაწერილია: „ვინც არ მიუტევებს, არ მიეტევება“, და ვერ იპოვი ადგილს ადამიანებში, რადგან „ტკბილი“ ადამიანები „მწარე“ წყალს ერიდებიან. ამიტომ ერთადერთი დაზარალებული ადამიანი შენ იქნები.

პატიებას აქვს ერთი საოცარი ეფექტი, ის არის ნაიარევი, რომელიც აღარ გტკივა… ტკივილი, რომელიც სადღაც გაქრა… უყურებ, გახსოვს, შეგიძლია ‒ ხელით შეეხო, მაგრამ ვეღარ ახერხებს შენში ტკივილის გამოწვევას… ამას თავისუფლება ჰქვია…

გქონდეს პატიების უნარი ‒ ეს ნიშნავს, რომ დაამსხვრიო შენს ცხოვრებაში ყველა წინაღობა, რომელიც შენი ბედნიერი მომავლის გზას კეტავს.

თუ მართლა გსურს, იპოვო პატიების ძალა, მაშინ იცოდე, რომ არის პიროვნება, რომელმაც მოახერხა ეს ყველაზე რთულ სიტუაციაში… მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად სტკიოდა, ვინ მოახერხა მიტევება მათთვის, რომლებიც ყველაზე ნაკლებად იმსახურებდნენ ამას? ეს პიროვნება იესო ქრისტე იყო, და ის ჯვარზე ამბობდა: „მამა, მიუტევე, რადგან არ იციან, რას აკეთებენ.“

მოუხმე იესოს, რომ გასწავლოს პატიება, რომელსაც მოაქვს თავისუფლება, კურნება და იმედით სავსე მომავალი შენთვის!

კოლ. 3:13

„შეიწყნარეთ ერთიმეორე და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადავო აქვს ვინმეს: როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ.“

31 მარტი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

მიენდე აღმთქმელს, ნუ დაეჭვდები, იბრძოლე!

რუსუდან ილურიძე 30 მარტი, 2020
რუსუდან ილურიძე

რამდენიმე წლის წინ, როდესაც უფალს განსაკუთრებით დავუახლოვდი, ის დამელაპარაკა. მან მომცა აღთქმა, აღთქმა, რომელიც მოიცავდა ჩემს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მისიას ამქვეყნად. ის დამპირდა, რომ აღთქმას სისრულეში მოიყვანდა, უბრალოდ ჩემგან ნდობას, მორჩილებას მოითხოვდა… თანაც გამაფრთხილა: „ეს არ იქნება მარტივად გასავლელი გზა…“ ამ დღიდან მე უფალთან ერთად დავადექი ამ გზას… მრავალჯერ, ამ წლების განმავლობაში, მინდოდა დანებება, გაჩერება, ხანდახან უბრალოდ ბრძოლის აზრს ვეღარ ვხედავდი… ასეც მოვიქცეოდი, ამ გზაზე უფალი რომ არ ყოფილიყო ჩემ გვერდით ჩემი მარჯვენის დამჭერად, და ყოველი წაბორძიკებისას მას რომ არ დავეჭირე…

რამდენიმე დღის წინ ისევ მქონდა ეს მომენტი; ცოტა გავზარმაცდი, ამან კარები გახსნა ქურდისთვის, როგორც იცით, ეშმაკი მოსაპარად და მოსაკლავად მოდის… გგონიათ, ჩემ მიერ დატოვებული ღია კარი გამორჩა? არამც და არამც! ყველაზე მგრძნობიარე წერტილში დამარტყა, ისეთ ადგილას, სადაც ტკივილს ვერ ვუძლებ… ვერ აღგიწერთ, რა ვიგრძენი, სუნთქვა შემეკრა, ცრემლებს ვერ ვაკავებდი… უცებ შიგნიდან მკაცრი, მაგრამ მაინც თბილი ხმა გავიგონე: „შენ შეგიძლია, ახლა განაგრძო ტირილი, ან ადგე, იბრძოლო და შეცვალო!“ ტირილისგან დაღრეჯილი სახე წამიერად გამისწორდა, თითქოს სახეში შემომარტყეს და გამომაფხიზლესო! შემრცხვა, ნუთუ დამავიწყდა, ვის ეჭირა ამ გზაზე ჩემი ხელი, ვინ მომიყვანა აქამდე; ნუთუ დამავიწყდა მისი დანაპირები და ის, რომ როდესაც იტყვის, ასრულებს კიდეც! ასე ხდება, როდესაც მოვლენებს ჩვენი გადმოსახედიდან ვუყურებთ და არა უფლის თვალებით!.. ასე ხდება, როცა მავიწყდება, ვინ ვარ! გახსოვთ 12 მზვერავი, მოსემ რომ გაგზავნა აღთქმული ქვეყნის დასაზვერად?.. აქედან 10 შეშინდა, იმ ქვეყანაში ძლიერი ხალხი ცხოვრობს და ჩვენ ვერ შევძლებთ მათ დამარცხებასო, მაგრამ ორმა მათგანმა (იესო ნავეს ძე და ქალებ იეფუნეს ძე) თქვა: „…იმ ქვეყნის ხალხისა ნუ გეშინიათ, რადგან ჩვენი ნადავლია იგი. ვინაიდან განერიდათ მათ თავიანთი მფარველი, ჩვენ შორის კი თავად უფალია, ნუ გეშინიათ.“

განა ამ 12-მა ერთი და იგივე ქვეყანა არ დაზვერა?! თუმცა ერთი ნაწილი ხორციელი თვალით იყურებოდა და გარემოებებს აქცევდა ყურადღებას, მეორე კი უფლის თვალით უმზერდა მათ და იმას ხედავდა, რაც უფალმა აღუთქვა! ახლა შენ მოგმართავ: ვისი თვალებით უყურებ შენს აღთქმულ ქვეყანას? შენ გარშემო აღელვებულ ზღვას უმზერ? ტალღებს, რომლებსაც ზღვის შავბნელი სიღრმეებისკენ შენი ჩათრევა სწყურია, თუ შენ წინ მდგომ იესოს შესცქერი? ენდე უფალს და დაელოდე! შეიძლება ვერ ხედავ გამოსავალს, მაგრამ ნუ იფიქრებ, რომ ის არ არსებობს.

ბოროტს თავს ნუ მოატყუებინებ! იყავი მტკიცე აზრებში, ჩაეჭიდე შენი ზეციერი მამის აღთქმებს! გახსოვდეს: აღმთქმელი ერთგულია!

„აზრებში მტკიცეს სრულყოფილ სიმშვიდეში დაიფარავ, რადგან შენზეა მონდობილი.

სამარადისოდ მიენდეთ უფალს, რადგან მარადიული კლდეა უფალი ღმერთი.“

(ესაია 26:3-4).

გაიხსენე, ვინ ხარ! გაიხსენე, ვისი ხარ! ადექი და იბრძოლე!

30 მარტი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

პატიება ჯვრიდან

გიორგი ოდიაშვილი 26 მარტი, 2020
გიორგი ოდიაშვილი

მიუხედავად იმისა, რომ პატიება განკურნებაა, ის მაინც მტკივნეული პროცესია…

აი, მაგალითად, როდესაც ექიმი გვინიშნავს მკურნალობის კურსს, რასაკვირველია, სასიკეთო შედეგს ემსახურება ეს ყველაფერი, მაგრამ პროცესი შეიძლება მძიმე და მტკივნეულიც კი იყოს.

„ეს არ ჭამო, ის არ გააკეთო, ეს გააკეთე, ის ჭამე, ის დალიე, ის არ დალიო… ბლა, ბლა, ბლა…“ მაგრამ ის ტკივილი, რომელსაც პატიების პროცესში გავდივართ, არც კი არის შესადარებელი იმ ტკივილთან, რომელსაც სულ რაღაც მცირე ხანში უპატიებლობა წარმოშობს ხოლმე ჩვენს გულში, ზუსტად ისევე, როგორც ფიზიკური მკურნალობის უგულებელყოფა წარმოშობს ჩვენს ორგანიზმში ტკივილს… ალბათ, ღმერთი უწყოდა, აბა, რანაირი ღმერთია, თუკი არ უწყოდა, რომ ჩვენ, არასრულყოფილი და ცოდვასთან „მოთამაშე“ ადამიანები, საკუთარი სურვილით არასოდეს არაფერს ვაპატიებდით ზუსტად ჩვენისთანა არასრულყოფილ ადამიანებს ჩვენდამი დაშვებულ იმ შეცდომას, ანდა განზრახულ ცუდ ქმედებას, რომელიც ჩვენ უკვე მრავალჯერ გვაქვს ჩადენილი სხვისადმი და ღმერთმა დიდხანს გვაცოცხლოს, კიდევ ბევრჯერ ჩავიდენთ. ამიტომაც გონებაგამჭრიახმა ღმერთმა არ დაგვიტოვა ბევრი თავისუფლება და ფიქრის საშუალება ამ სფეროში.

სწორედ ამიტომ ქადაგებდა ნაზარეველი იესო, განკაცებული ღმერთი მიწაზე ყოფნისას ასე ხშირად და თავდაუზოგავად პატიების აუცილებლობაზე, და იმდენად თავდაუზოგავად აკეთებდა ამას, რომ ჯვარზე ყოფნისას… ჰმ, ისე მარტივად იწერება, ჯვარზე ყოფნისასო, თითქოს „მაგარ“ ადგილზე იყო, თითქოს ტკივილი არ განუცდია, მაგრამ არა, იქ იყო ტკივილი და სიმწარე მისთვის და სწორედ აი, ამ მტკივნეულ და მწარე ჯვარზე ყოფნისას, მან პრაქტიკულად დაგვანახვა, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ის, რაზეც აქამდე მხოლოდ ეკალივით მწარე და ყურისთვის მძიმე ქადაგება თუ შემოგვთავაზებდა ხოლმე ‒ ვაპატიოთ მტრებსაც კი…

„ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს თავიანთ შეცოდებებს, არც თქვენი მამა არ მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს.“

(მათეს სახარება 5:15)
26 მარტი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

როგორ მოვიქცეთ მაშინ, როცა კანონი ერთს ამბობს, გული კი ‒ მეორეს?

რომა შალამბერიძე 25 მარტი, 2020
რომა შალამბერიძე

რა უნდა გავაკეთოთ, როცა სახელმწიფო ერთს ამბობს და ჩვენი გული სხვაგვარად მეტყველებს?

რა უნდა მოვიმოქმედოთ მაშინ, როდესაც გვგონია, რომ რწმენას გვიზღუდავენ?

სიმართლე ის არის, რომ ერთადერთი რამ, რასაც ვერავინ წაგვართმევს, არის რწმენა და უფლისადმი სიყვარული.

ჩვენ შეიძლება წაგვართვან ქონება, საყვარელი ნივთი და სიცოცხლეც კი! თუმცა უფლისადმი რწმენას ვერავინ წაგვართმევს ჩვენივე თანხმობის გარეშე.

მიუხედავად იმისა, რომ კანონი მოგვიწოდებს შეხვედრებისგან თავშეკავებისაკენ, ჩვენი გულიდან ღმერთს ვერავინ გააქრობს.

უნდა დავემორჩილოთ კანონს მანამ, ვიდრე ის არ ეცდება, ჩვენი გულიდან გააქროს უფლისადმი რწმენა.

საბედნიეროდ, ახლა ამას არავინ ცდილობს.

„განსაცდელი, რომელიც გვეწვია, არ არის რწმენის გამოცდა, არამედ ურთიერთპატივისცემისა.

საჭირო არ არის რწმენის თავგამოდება, ახლა საჭიროა ‒ ყოველი ჩვენგანი გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.“

რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ, როგორც მორწმუნე ადამიანებმა?

ჩვენ შეგვიძლია, ღმერთისადმი რწმენის გამო თავი გავწიროთ, მაგრამ ჩვენ უფლება არ გვაქვს, იმავე მიზეზით საფრთხე შევუქმნათ ერთმანეთს.

ჩვენ შეგვიძლია, დავრჩეთ სახლში და გავუფრთხილდეთ საკუთარ და სხვის სიცოცხლეს.

ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ ჩვენ გარშემო მყოფ ადამიანებს, რომელთაც თუნდაც საკვები არ გააჩნიათ.

ჩვენ შეგვიძლია, დისტანციური ღიმილი ვაჩუქოთ ერთმანეთს, როდესაც არავინ ელოდება ამას.

ჩვენ შეგვიძლია, რაღაც დადებითი ვისწავლოთ ამ მძიმე სიტუაციიდან.

და ბოლოს, ყველაზე მთავარი…

ჩვენ შეგვიძლია, ვილოცოთ ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის!
ჩვენი ოჯახისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ებრძვიან მძვინვარე ვირუსს.

25 მარტი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

შაბათი ადამიანისათვის

თორნიკე ხუბაშვილი 25 მარტი, 2020
თორნიკე ხუბაშვილი

   ახალი აღთქმა, მარკოზის სახარება 12:30-31 

„შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით. ეს არის პირველი მცნება.

მეორეა: შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. ამათზე დიდი მცნება არ არსებობს.“

✔ ჩვენი ყველა ქმედების საზომი შეიძლება იყოს ეს მცნება. თუ ჩემი რწმენის გამოხატულება მოყვასს ავნებს, საფრთხეში ჩააგდებს, ის რწმენა აღარაა. ღვთის სიყვარული პირდაპირ ნიშნავს ადამიანის სიყვარულს. თუ გვინდა გავიგოთ, როგორ გვიყვარს ღმერთი, უნდა დავაკვირდეთ, როგორი დამოკიდებულება გვაქვს ადამიანების მიმართ.

   ახალი აღთქმა, იოანეს 1-ლი წერილი 4:20 

„თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო, თავისი ძმა კი ეჯავრება, იგი ცრუა; ვინაიდან, ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, არ შეუძლია ‒ უყვარდეს ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს!“

✔ თუ მართლა ქრისტიანები ვართ, მაშინ ჩვენ ყოველთვის უნდა ვუსვამდეთ საკუთარ თავს კითხვას: ჩემი ქმედება, ნათქვამი სიტყვა, მოიტანს თუ არა სასიკეთო შედეგს ჩემი მოყვასისათვის?

 „შაბათია ადამიანისთვის და არა ადამიანი შაბათისთვის“ 

– წესი და მცნება, ეს ერთი და იგივე არ არის.

– მცნება უფლის შეუცვლელი დადგენილებაა ადამიანების ცხოვრებაში, რომელსაც სიკვდილიც ვერ დაამარცხებს! ხოლო წესი ზოგიერთი მცნების აღსრულების სხვადასხვა მეთოდს მოიაზრებს, რომლის ცვლილება დროსთან ერთად აუცილებელიც კია!

– წესებია ადამიანისთვის და არა ადამიანი წესებისთვის, და როდესაც წესი უკვე საფრთხეს უქმნის ადამიანებს, უნდა შეიცვალოს.

– არ იცვლება უფლის მცნებები, მაგრამ ყოველთვის იცვლება წესები, დროსთან და გარემოებასთან ერთად, როგორც ღმერთისა და მოყვასის სიყვარული მოითხოვს ამას…

25 მარტი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ახალი ბლოგები
ძველი ბლოგები
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    მაპატიე, უფალო…

    31 მაისი, 2021
  • 2

    ნუ განიკითხავ…

    4 მაისი, 2016
  • 3

    იყავი ნამდვილი!

    27 მაისი, 2020
  • 4

    გარდაქმნა ღმერთში

    29 ოქტომბერი, 2018
  • 5

    ენდე ღმერთს

    11 მარტი, 2021


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ