ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ
  • stories

  • Memories

  • About Me

ბლოგები

ნუ მოირგებ ნიღაბს…

გიორგი ოდიაშვილი 3 ივლისი, 2020
გიორგი ოდიაშვილი

გარეთ გასვლას აპირებ, მიდიხარ სარკესთან…

ცდილობ, მწყობრში მოიყვანო საკუთარი თავი…

ცდილობ, დამალო შინაგანი ტკივილი და სიცარიელე გარეგნული ღიმილით, და რაკიღა ვერ ახერხებ, კვლავაც იწვდი სულისათვის დამძიმებულ ხელს მოღიმარი ნიღბისაკენ და ზუსტად ისევე ირგებ მას, როგორც გუშინ, გუშინწინ და იმის წინ მოირგე…

საკუთარ თავს თვალებში უყურებ, ჯანდაბას, დღეს ბოლოჯერღა მოვირგებ ამ ნიღაბსო, დამაჯერებლად უთხარი საკუთარ თავს და უცბად გამოსახულება სარკეში ბუნდოვანი გახდა…

თვალები ცრემლებით აგევსო, ტირილი წაგსკდა, რადგან გაგახსენდა, რომ უკვე ვეღარც კი იხსენებ, იმდენჯერ გაქვს ნათქვამი ეს სიტყვები საკუთარი ფიტულისთვის…

გადიხარ გარეთ, უყურებ ხალხს, ხვდები მეგობრებს და გიკვირს, ისინი როგორ არიან ასეთი ბედნიერნი, ასეთი სავსენი, როგორ იღიმიან ასე მშვიდად, ასე თამამად და არც კი იცი, ვერც კი ხვდები, წარმოდგენაც კი არ გაქვს, რომ ისინიც შენსავით ებრძოდნენ ღამით საკუთარ დემონებს; ისინიც შენსავით ცდილობდნენ სარკესთან საკუთარი თავის პოვნას; ისინიც შენსავით ნიღბით იტყუებენ საკუთარ თავებს.

შეიძლება ფიქრობ, რომ გჭირდება ფული, დასვენება, ახალი გარემო, ან ახალი სმარტფონი, მაგრამ მინდა იცოდე, შენ და შენს სამეგობროს გჭირდებათ მშვიდობა, გჭირდებათ იესო ქრისტე, რადგან ის არის მშვიდობის მთავარი, ერთადერთი, ვისაც შეუძლია, მისცეს მტკიცე და ურყევი მშვიდობა შენს სულს.

3 ივლისი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ქრისტე მიცავს ყოველგვარი სიბნელისაგან

მიმი ტიელიძე 2 ივნისი, 2020
მიმი ტიელიძე

ბავშვობაში სიბნელის ისე ძალიან მეშინოდა, რომ ღამე ვერ გავდიოდი ხოლმე საკუთარი სახლის ეზოშიც კი. როგორც კი ფეხს გადავადგამდი და ჩემ წინ გამეფებული უკუნეთი სიბნელის წინაშე მარტო აღმოვჩნდებოდი, თავს უსუსურად ვგრძნობდი, ხელ-ფეხი მეკვრებოდა და ნაბიჯის გადადგმასაც ვეღარ ვახერხებდი. ასეა ნებისმიერი შიში ‒ წინ ფეხის გადადგმის და განვითარების საშუალებას გიკარგავს. სიბნელის შიშში ვიყავი ასე, დიდი ხნის განმავლობაში, სანამ ერთხელაც არ მითხრეს და არ მასწავლეს, რომ მე იესო ქრისტეს ვუყვარდი, რომ არსებობდა ღმერთი, რომელიც სულ თან დამყვებოდა. პატარა ვიყავი, მაგრამ მაშინვე მივიჩნიე ეს ჭეშმარიტებად და დაუფიქრებლად დავიჯერე. იცით, ბავშვებს უფროსებისგან რა განასხვავებს? ისინი ყველას და ყველაფერს ენდობიან. სწორედ ეს აქცევს მათ ბავშვებად. იცით, ამას რატომ ვამბობ? იმიტომ, რომ იესო ქრისტესადმი დაუფიქრებელი ნდობა დამეხმარა ჩემი ყოველგვარი შიშის დაძლევაში. ერთხელაც ავდექი, გავედი ღამით ჩემი სახლის ეზოში და ჩემს თავს ვუთხარი, რომ დღეიდან აღარ უნდა შეგეშინდეს, რადგან შენ მარტო არ ხარ, იესო შენთან არის-მეთქი. შეიძლება დიდი ხანი ვერ გავჩერდი სიბნელეში, მაგრამ იმ დღიდან შევძელი სიბნელეზე გამარჯვება, აღარ მეშინოდა. მე, ამ პატარა გოგოს სიბნელის აღარ მეშინოდა და გონებაში კი არა, უკვე ცხადში იყო სიბნელე დამარცხებული, რადგან ამის შემდეგ უკვე თამამად გავდიოდი სახლის ეზოში ღამის ნებისმიერ მონაკვეთში და შემდეგ უკვე გარეთ ყოფნის დროსაც აღარ მეშინოდა. ცხოვრებაში ბევრჯერ აღმოვჩენილვარ ისეთ ადგილებში და ისეთ სიტუაციებში, როცა გარეთ, გვიან ღამით სიარული მომიწია. არ ყოფილა მარტივი, გვერდი ამევლო უცნაურ ადგილებში საეჭვო გარეგნობის ადამიანებისთვის ან ჩაბნელებული ვიწრო ქუჩებისთვის, მაგრამ ვიცოდი, რომ უნდა განმეგრძო სიარული, რომ ნებისმიერ ჩიხთან შეხვედრისას ზურგს მიმაგრებდა ვიღაც. ეს ვიღაც ყოვლისშემძლე უფალია, რომელიც ნებისმიერ შიშზე მაღლა დგას.

რომ არა ბავშვობაში ნასწავლი სიტყვა უფლის შესახებ, დღესაც შემეშინდებოდა სიბნელის და სხვა ნებისმიერი რამის. სიბნელეში მხოლოდ ფიზიკური სიბნელე არ იგულისხმება. სიბნელეა ის ყველაფერი, რაც უფლისგან არ არის, რაც უფლის გეგმებს ეწინააღმდეგება. უფალი კი სინათლეა, სინათლეა, რომელიც სიბნელეს ყოველთვის დევნის. ოთახში შუქი ხომ აგინთიათ? ხომ მაშინვე ქრება სიბნელე, როცა კედელში ჩამონტაჟებულ ერთ ძალიან მარტივ მოწყობილობას აჭერთ ხელს? შეუძლებელია სიბნელისა და სინათლის ერთად არსებობა. სახელმა „იესო“ განდევნა ჩემი სიბნელე. მე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მისი სახელი უნდა მეხსენებინა. წლები გავიდა, მაგრამ ეს ფაქტი არ შეცვლილა ‒ როცა იესო ქრისტეს ეძახი, ის მოდის და სიბნელეს დევნის, რადგან უფლის სახელშია გამარჯვება, რომლის წარმოთქმაც უმალ აქრობს ნებისმიერ შიშს.

და არ აქვს იესოსთვის მნიშვნელობა იმას, რა ასაკის ხარ, ბავშვი ხარ თუ მოხუცი. თუმცა აქვს მნიშვნელობა ერთ რამეს. გჯერა თუ არა მისი ბავშვივით? ანუ ხარ ბავშვივით მიმნდობი თუ არა? უფალთან ურთიერთობისას საჭიროა, ვიყოთ ბავშვებივით. ბავშვივით, რომელსაც ყველაფრის სჯერა. ბავშვივით, რომელსაც სჯერა, რომ მისი მამიკო ყველაზე მაგარია და არ არსებობს სხვა მამიკო, რომელიც მასზე ძლიერია. ალბათ ყველას გითქვამთ ბავშვობაში: „ჩემი მამიკო ყველაზე მაგარია“, „თუ მეჩხუბები, ჩემს მამიკოს ვეტყვი, იცოდე“ და მსგავსი გულიდან წამოსული სიტყვები, რომლებიც სინამდვილეში გაზვიადებული კი არ არის, რაღაც ჭეშმარიტებას ეფუძნება, რადგან ჩვენ, ბავშვები ჩვენს შესაძლებლობებს ვადარებთ ჩვენი მშობლების შესაძლებლობებს და ვხვდებით, რომ ჩვენ ყველაფრის გაკეთება ადრეულ ასაკში უბრალოდ არ შეგვიძლია, სამაგიეროდ შეუძლია ჩვენს მშობელ მამას. მერედა ვინ არის უფალი, თუ არა ჩვენი მშობელი მამა, რომელსაც ყველაფრის გაკეთება ძალუძს? თუკი ჩვენ ჩვენი ფიზიკური და ბიოლოგიური მამების შესაძლებლობების გვჯერა, რომლებსაც სინამდვილეში ყველაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, რამდენად მეტად უნდა გვჯეროდეს ჩვენი ზეციერი მამის, რომლისთვისაც მიუღწეველი და შეუცნობელი არაფერია? ასგზის, ათასგზის მეტად უნდა გვჯეროდეს. დაჯერება და მინდობა კი ყველაზე კარგად ბავშვებს გამოსდით. ბავშვური დამოკიდებულება რომ საჭიროა უფალთან ურთიერთობისას, ამაზე მეტყველებს თავად იესო ქრისტეს სიტყვები, როდესაც მან თავის მოწაფეებს უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ისე არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სამეფოში.“ (მათე 18:3).

ესე იგი, ჩვენ ბავშვებივით უნდა გვჯეროდეს უფლის სიტყვის, გვჯეროდეს მისი აღთქმის, რომ ის ნებისმიერ სიტუაციაში ჩვენთან არის და არ არსებობს სიბნელე და შიში, რომელსაც ის ვერ დაამარცხებს ჩვენში.

წლები გავიდა და მე უშიშრად დავდივარ ქუჩაში ნებისმიერ დროსა და ამინდში. წლები გავიდა, მაგრამ იესო ქრისტე ისევ ისე დამყვება გვერდით, რომ დამიცვას უკუნი სიბნელისაგან, რომელიც შთანთქმას მპირდება.

რადგან „სიკვდილის აჩრდილთა ველზეც რომ ვიარო, ბოროტების არ შემეშინდება, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი.“ (ფსალ. 23:4).

2 ივნისი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

იყავი ნამდვილი!

ნიკა ჯიაძე 27 მაისი, 2020
ნიკა ჯიაძე

ცხოვრებაში უნდა იყო ნამდვილი.
ხომ მოგისმენიათ ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარ თავს აქებენ და ასეთებად თუ ისეთებად წარმოგვიდგენენ, მაგრამ, რეალურად, სულაც არ არიან ასეთები.
ამ დროს თქვენ ფიქრობთ:
ცხოვრებაში უნდა იყო ნამდვილი!
ნამდვილი ხარ მაშინ, როცა შენი სიტყვა შეესაბამება შენს საქმეს.
ვაჟკაცი მაშინ კი არ ხარ, როცა ამას ხმამაღლა აცხადებ, არამედ როცა შენი საქმე გამოგარჩევს.
ძლიერი ქალი ხარ არა ამის ხმამაღლა აღიარებით, არამედ რთულ სიტუაციებში ძლიერად დგომით.
ქრისტიანი დაბადებით კი არ ხარ, ან ეკლესიაში სიარულით მხოლოდ, არამედ შენი გულითა და გონებით!
ერთგული მაშინ კი არ ხარ, შენს ერთგულებაზე რომ ლაპარაკობ, არამედ როცა შენგან ერთგულებას სწავლობენ.
ლიდერი ხარ არა პოზიციით, არამედ ხალხისადმი თავდადებით.
კარგი პრეზიდენტი დანიშვნით ვერ გახდები, არამედ ხალხისადმი სიყვარულითა და მომსახურებით.
განათლებული ხარ არა დიპლომით ხელში მხოლოდ, არამედ შენი ზრდილობითა და კარგი საქციელით.
ცხოვრებაში უნდა იყო ნამდვილი!
როცა ადგილმდებარეობას შეიცვლი, ნუ დაკარგავ საკუთარ თავს – იყავი ნამდვილი!
ნუ გასცემ სხვების დასანახად, არ იცოდეს შენმა მარჯვენამ, რას აკეთებს შენი მარცხენა – იყავი ნამდვილი!
ნუ ითვალთმაქცებ ქორწინებამდე. თავიდან ბოლომდე იყავი ნამდვილი!
ქალზე ამაღლებულად ნუ ისაუბრებ, თუ ფიქრობ, რომ მისი ადგილი მხოლოდ სამზარეულოშია – იყავი ნამდვილი!
ნუ დაკარგავ შენს ღირსებასა და სიმართლეს პოზიციის, აღიარების ან სახელის გამო. თუნდაც მარტო დარჩე – დარჩი ნამდვილი!
როცა გეღიმება ‒ გაიღიმე, როცა გეტირება – იტირე, იყავი ნამდვილი!
ზემოდან ნუ უყურებ ღარიბს, და ქვემოდან – მდიდარს. ყველასთან იყავი ნამდვილი!
წილხვედრილობა ისე ვერ გადაგვარჩენს, როგორც თითო თეთრის გაღება – იყავი ნამდვილი!
შეუძლებელია, შენთვის „დედა“ ერთდროულად ყველაზე კარგიც იყოს და ყველაზე კარგი სალანძღავი სიტყვაც – იყავი ნამდვილი.
ნუ არეკლამებ შენს „ბედნიერებას“, კარგ პროდუქტს არ სჭირდება რეკლამა – იყავი ნამდვილი!
ანაფორით ნუ ინიღბები, შენმა შინაგანმა გამოგარჩიოს – იყავი ნამდვილი!
მეგობარზე ზურგს უკან ნუ ჩურჩულებ, თუ გიყვარს, გიყვარდეს – იყავი ნამდვილი!
რაც არ გინახავს საკუთარი თვალებით, ნუ გამოიგონებ საკუთარი ბაგეებით.
ცხოვრებაში უნდა იყო ნამდვილი!

როცა ხვდებიან, რომ არ არიან ნამდვილნი, ცდილობენ, რეპუტაცია არ დაკარგონ.
ადამიანი ხეს ჰგავს, მისი რეპუტაცია კი ‒ ხის ჩრდილს.
თუ გინდა, შენი ჩრდილი შეიცვალოს, საკუთარი თავი შეცვალე.
იზრუნე შენს თავზე და არა შენს რეპუტაციაზე.

თუ არ ხარ ძლიერი, აღიარე, მაგრამ ეცადე გაძლიერდე.
თუ დაეცი, აღიარე, რომ დაეცი, მაგრამ ღონე არ დაიშურო წამოსადგომად!
თუ დამარცხდი, არა უშავს, მალე გაიმარჯვებ!
თუ ნაკლი გაქვს, ნუ დამალავ, გამოასწორე!
თუ შეგეშალა, აღიარე!
თუ დააშავე, პატიება ითხოვე!
არ მოიტყუო, არ ითვალთმაქცო, არ ითამაშო…
მთავარია, დარჩე ნამდვილი!

მეც თქვენთან ერთად ვსწავლობ, რომ
ცხოვრებაში უნდა იყო ნამდვილი!

27 მაისი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

შენ შეგიძლია მთის დალაშქვრა

მიმი ტიელიძე 8 მაისი, 2020
მიმი ტიელიძე

ძალიან მიყვარს ბუნებაში ლაშქრობა და მთებთან შერკინება. ერთხელაც მეგობრებთან ერთად წავედი მორიგი მთის დასალაშქრად, თუმცა ეს მოგზაურობა სხვებს არ ჰგავდა, რადგან რაღაცას მივხვდი, დავინახე ის, რასაც აქამდე კარგად ვერ ვხედავდი, ამიტომ მინდა, ჩემი ისტორია გაგიზიაროთ.

წინ მივიწევდით. მთის წვერი არა და არ ჩანდა. მრცხვენოდა იმის აღიარების, რომ დავიღალე და მსურდა, ორიოდე წუთით სული მომეთქვა. მალე წვიმა დაიწყო. ფეხები გვისხლტებოდა, კიდევ კარგი, შესაბამისი სალაშქრო ფეხსაცმელი მეცვა. მაგრამ მალე სეტყვაც დაემატა და თავი უსუსურად ვიგრძენი. ჩემ წინ უზარმაზარი მთა იყო დასალაშქრი. წვიმა და სეტყვა ჩვენს თავზე ბობოქრობდა, წელში გასწორების საშუალებას არ მაძლევდა, სახეში სეტყვა მეყრებოდა და სახეს მწვავდა. საშინლად ციოდა. თითქოს სულამდეც მიაღწია ამ სიცივემ და კანკალმა ამიტანა. ვეღარ ავიტანე და გავტყდი. საკუთარი თავის გმობა დავიწყე.

– რატომ წამოვედი, რატომ დავთანხმდი ამ გამოწვევას? ხომ ხედავ, ჩემო თავო, რომ არ შეგიძლია? გინდა მოკვდე? რად გინდა ასეთი მთის დალაშქვრა? ნეტავ, ახლა მშვიდობით დავბრუნდე სახლში და მეტჯერ ფეხს აღარ გამოვადგამ… ვწუწუნებდი გულში, შემჩნევით კი არაფერს ვიმჩნევდი.

ჯგუფის ლიდერმა ცოტა ხნით შეგვასვენა. ხომ არ დაიღალეთო. არა-მეთქი, თავი მოვიკატუნე. როგორ მეთქვა ამ ხალხისთვის, რომ ჩემ გამო მთაზე ასვლა გადაედოთ, ან სახლში დავბრუნებულიყავით. მე ვერ ვამბობდი, რომ მეშინოდა. უფრო მეტიც, ძალიან მეშინოდა. ისე ძალიან, რომ ჩემს თავს ვერ ვცნობდი. ამინდი განადგურებას მპირდებოდა, რადგან მხოლოდ ამინდს შევცქეროდი.

ისევ დავიძარით. თავს მაღლა ვერ ვწევდი. ღმერთო, გთხოვ, დამეხმარე, რომ ბოლომდე გავძლო-მეთქი, ვიმეორებდი გულში. სახლში დაბრუნებაზე მეტად აღარაფერი მინდოდა, არადა სულ რაღაც ერთი საათის წინ ძალიან მიხაროდა, მთის დასალაშქრად რომ მივდიოდი. ასე აკანკალებულს უცბად თვალები ამეხილა. მივხვდი იმას, რომ ჩემი ლაშქრობა უბრალოდ ლაშქრობა არ იყო, რომ ეს ყველაფერი არ ხდებოდა შემთხვევით. გამახსენდა იესო ქრისტეს მიერ წყალზე სიარული და პეტრეს შიში, რომელმაც ზღვის მრისხანე ტალღებს შეხედა და წყალში ჩაძირვა ამიტომ დაიწყო. მხოლოდ გარემო პირობებს როდესაც ვუყურებთ, ვწყდებით უფალს და გვავიწყდება, რომ სამყაროს შემოქმედი ყველანაირ ამინდზე, ავადმყოფობაზე, უიმედობასა და გამოუვალ მდგომარეობაზე მაღლაა და შეუძლია შენთვის იმედის მოცემა და შიშის გაქრობა.

მე მაშინებდა ციცაბო კლდე, სეტყვა და წვიმა, რომელიც ყოველ წამს დაღუპვას მიქადდა. არ მინდოდა, მთის დალაშქვრისას მოვმკვდარიყავი, ჩემი შიში კი რეალური იყო. თუმცა შიშს რწმენა უპირისპირდება, რწმენა იმისა, რომ ყველაფერს შეძლებ, გადაულახავ მთებსაც გადალახავ და შეუსრულებელ მისიასაც შეასრულებ. თან არ უნდა დაგავიწყდეს, რომ ამ ძალიან დიდი სირთულეების დროსაც კი შენ მარტო არ ხარ, რადგან შენთან არის უფალი, რომელსაც ყოველ ცოცხალ არსებაზე მეტად უყვარხარ. სწორედ ის არის შენი მფარველი, რომელსაც შეუძლია შენი სავალი გზის გაადვილება. გზა, რომელიც არის და იქნება ციცაბო; ხან იწვიმებს, ხან სეტყვა მოვა, ხან დაიჭექებს, შეიძლება კლდიდან გადავარდნა გემუქრებოდეს, შეიძლება ახლოს იყო სიკვდილთან, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენი უფალი იესო ქრისტე არასდროს დაგტოვებს, ხელს გამოგიწოდებს და მიგიყვანს საბოლოო მიზნამდე, თუკი დაუძახებ მას.

თითქმის მივაღწიეთ მთის წვერს. ჯგუფის ლიდერმა თქვა, რომ უფრო შორს ვეღარ წავიდოდით, რომ მორჩა ჩვენი ლაშქრობა, რომ მისია შესრულებულია. რამდენიმე წუთის წინ არ მჯეროდა, რომ ჩვენ ამას შევძლებდით. ისეთი მშვიდობა მოვიდა გულში, რომ საშიშროების მიუხედავად, ჩვენ ეს შევძელით. რომ მე, ყველაზე სუსტმაც შევძელი რაღაც. ერთხელ მთაზე თუ ახვედი, მეორეჯერაც ახვალ იქ. მეტიც, უფრო მაღალ მთებზე ასვლასაც შეძლებ. მე ეს ვიცოდი და თუკი ორი საათის წინ თავს ვუწყრებოდი, რატომ წამოვედი მთის დასალაშქრად-მეთქი, ახლა გონებაში უკვე ვსახავდი სამომავლო გეგმებს, ახლა სად წავიდოდი და რომელ მთას შევერკინებოდი.

მაშინ, როდესაც შენ ფიქრობ, რომ რომელიმე მთის დალაშქვრა, ანუ კონკრეტული მისიის აღსრულება და წარმატების მიღწევა არ შეგიძლია, იქნებ საკუთარ სისუსტეზე მუდმივად ფიქრს სჯობია, რომ შენს შიშს შეებრძოლო და არ თქვა უარი რომელიმე მთის დალაშქვრით გამოწვეული სიხარულით ტკბობაზე? მთაზე ასვლისას იქნებ გვირგვინი გელოდება? რატომ უნდა თქვა უარი ჯილდოს მიღებაზე?

მე პრაქტიკული გაკვეთილი მასწავლა უფალმა. ახლა შენი ჯერია. თუ არ არის იესო შენი უფალი, გაუღე მას გულის კარი და თუ უკვე შენი უფალია, სთხოვე, გასწავლოს შიშთან ბრძოლა, გასწავლოს მთებისა და მწვერვალების დალაშქვრა წუწუნის ნაცვლად, რადგან მასთან ერთად შენ ამას შეძლებ. აუცილებლად ახვალ მთაზე და მიხვდები, რომ რისიც უწინ გეშინოდა, უმარტივესი ყოფილა.

8 მაისი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

მოზარდული იმპულსები: მეორე ნაწილი

თორნიკე ხუბაშვილი 5 მაისი, 2020
თორნიკე ხუბაშვილი

გამუდმებული ძიება,

პასუხგაუცემელი კითხვები,

თავის დამკვიდრების მცდელობა,

გამუდმებული საქმეების გარჩევა მეგობრებს შორის,

ცალმხრივი სიყვარული,

ზოგჯერ ჭიაც სპილოდ გეჩვენება, ზოგჯერ კი ცდილობ, რომ ხალხს სპილო ჭიად მოაჩვენო.

ხან ფიქრობ, რომ უპატიებელი რამ დაგიშავეს, ხოლო როცა შენ აშავებ, იძახი: რა მოხდა? ისეთი არაფერი.

ხან მსოფლიოს მტერი ხარ, ხან თავად მსოფლიო გემტერება.

ხან მართალი ხარ და ხანაც უფრო მართალი.

სულ გგონია, რომ მშობლებს არ ჰქონიათ მოზარდობა, ისინი ეგრევე კაცებად და ქალებად მოევლინნენ დედამიწას და მერე შენ გაგაჩინეს, ამიტომ არ ესმით შენი.

ცოტა გავართულოთ.

დაუოკებელი გრძნობები საპირისპირო სქესის მიმართ, გაუცნობიერებელი და სწრაფი გადაწყვეტილებები, შემდეგ მოულოდნელი ტყუილი, შანტაჟი, მუქარა, შიში, დაუცველობის გრძნობა, ნაბიჯები, რომელიც მოჰყვება შიშს და აი, უკვე აღარ ხარ თავისუფალი…

აღარც ლაღი, აღარც ნამდვილი და აღარც სასურველი…

ჩემო ძვირფასო, უმცროსო მეგობარო, მინდა იცოდე, რომ შენ არ ხარ ერთადერთი, ვინც ამ ყველაფერს განიცდის, არც ბოლო ხარ, არც შენი მომდევნო ქმედება იქნება ახალი. ეს ცხოვრება საკმაოდ ხნიერია, ბევრი რამ უნახავს და ახალიც არაფერი ხდება, მაგრამ არის შენს ცხოვრებაში ვიღაც, ვისაც არასოდეს ჰქონია ადგილი შენი დღის გეგმებში მაშინ, როცა ის სულ მზადაა, გამოეხმაუროს შენს ხმას.

ვიღაც, ვისაც არ ჰქონია ადგილი შენს გულში მაშინ, როცა მისი გული სავსეა შენ მიმართ სიყვარულით. ვიღაც, ვისთვისაც არასოდეს არაფერი გიკითხავს მაშინ, როცა ყოველთვის აქვს შენთვის საპასუხო.

და ყველაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი ვიღაც, ვისთვისაც არასოდეს გითხოვია პატიება მაშინ, როცა ყველაზე მეტად მას სტკივა შენი შეცდომები.

თავადაც ხვდები, რომ ეს პიროვნება შენი ზეციერი მამაა. ფიქრობ, რომ პატარა ხარ იმისთვის, რომ საქმე დაიჭირო ღმერთთან? გეტყვი, რომ საუკეთესო მდგომარეობაში იმყოფები, რომ ეს გააკეთო… სწორედ ახლაა შენი სინდისი ცოცხალი და შენი გული რბილი, სწორედ ამიტომ საუკეთესო დროა ახლა, რომ მოუხმო მამას შენს ცხოვრებაში, ითხოვო პატიება და ხვალინდელი დღე მასთან ერთად დაიწყო. მისმა თითებმა გამოგსახა და მან ყოველი შენი გრძნობა იცის. მიანდე შენი ცხოვრება მას, ვისაც ყველაზე მეტად უყვარხარ, ვისთვისაც ყველაზე ლამაზი ხარ და ვისთვისაც პრობლემას არ წარმოადგენს შენი მიღება. შეაფარე თავი მამას.

 

მათე 11: 28-30:

„მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ!

იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან მშვიდი და გულით თავმდაბალი ვარ, და პოვებთ სულის სიმშვიდეს.

ვინაიდან ჩემი უღელი სასიამოვნოა და ჩემი ტვირთი მსუბუქი!“

5 მაისი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

შენ ხარ ჩემთან, ჩემს გადასარჩენად!

რუსუდან ილურიძე 5 მაისი, 2020
რუსუდან ილურიძე

საღამო ხანს, როდესაც მზე საბოლოოდ ჩაესვენა ჰორიზონტს მიღმა, ნავით შევცურე ზღვაში. ნაპირისგან საკმაოდ შორს ვიყავი, როდესაც საშინელი შტორმი ამოვარდა… ძლიერი ქარი, წვიმა, ჭექა-ქუხილი, ელვა… მრისხანე ზღვის ტალღები ჩემს ნავს და მასთან ერთად მეც, ფსკერზე დამარხვას გვიქადდნენ… მოულოდნელად ელვამ გაანათა არემარე, მღელვარე ტალღებს შორის კაცის მსგავსი სილუეტი შევნიშნე, მიახლოვდებოდა… ვიდრე შიშისგან შევყვირებდი, მისი ხმა მისწვდა ჩემს ყურებს: „გამხნევდი, მე ვარ, ნუ გეშინია!“ (მათეს 14:27), ეს ჩემი უფალი გახლდათ. მისი ხმის გაგონებისას სიბნელე გარბის ჩემი ცხოვრებიდან! წყალზე სვლით მოვიდა ჩემთან. ვუთხარი:

– უფალო, თუ ეს შენ ხარ, მიბრძანე, წყალდაწყალ მოვიდე შენთან. (მათეს 14:28).

და გავიგონე:

– მოდი. (მათეს 14:29).

ეს სიტყვა წყალზე სიარულს ჩემთვის შესაძლებელს ხდიდა. ნავიდან გადმოვაბიჯე და წყალზე მყარად დავდგი ფეხი. უფლისკენ დავიწყე სვლა. სადაც არის, ხელს ჩავკიდებ. უცებ ჭექა-ქუხილის გამაყრუებელი ხმა გაისმა, შავი ღრუბლიდან ელვა გაიკლაკნა და არემარეს სინათლე კიდევ ერთხელ მოჰფინა… ახლა უფალს აღარ ვუყურებდი… მძვინვარე ზღვას შევხედე, წყალზე ვიდექი, შუა ზღვაში! მიწისგან, მყარისგან შორს!!! ამის გაფიქრება და შიშის კლანჭები ჩაებღაუჭა ჩემს სულს… იმედი და სიხარული ჩემი შთანთქა, სული გამეყინა… ფეხქვეშ მყარი გამომეცალა და ჩაძირვა დავიწყე… თითქოს ახლაღა გამახსენდა, მთელი ძალით შევყვირე:

– უფალო, მიხსენი! (მათეს 14:30).

მაშინვე გამომიწოდა ხელი, ამომიყვანა წყლიდან და გავიგონე მისი ნათქვამი:

– რატომ დაეჭვდი, მცირედმორწმუნევ? (მათეს 14:31).

ნავში ჩავსხედით, ქარი ჩადგა, ზღვა ჩაწყნარდა, წვიმა, შტორმი, ჭექა-ქუხილი სადღაც გამქრალიყო… ირგვლივ სიმშვიდე სუფევდა.

– შიში… ღამის სიჩუმეში უფლის ხმა გაისმა… ერთმანეთის პირისპირ ვისხედით, თვალებში მიყურებდა…

– იცი, შიში რას მართებს ადამიანს? ‒ განაგრძო მან.

– მითხარი, უფალო…

– ის რწმენასა და იმედს გაცლის. თუ შენს ცხოვრებაში მოქმედების უფლებას მისცემ, გაიძულებს, აღელვებულ ზღვას, შტორმს უყურო და თვალი მოსწყვიტო შენს უფალს, რომელიც შეუძლებელს შესაძლებლად ხდის, რომელსაც ემორჩილება ზღვაც, ქარიც, შტორმიც და ყოველივე! იცი, ამას რატომ აკეთებს?

– რატომ, უფალო? ‒ ვიკითხე გაფაციცებით.

– ვინაიდან იცის, მე შენს რწმენას ვკვებავ, ამით კი ის სუსტდება და უმოქმედო ხდება. ხოლო როდესაც გარემოებებს შესცქერი, შენი რწმენა „შიმშილობს“, შიში კი იკვებება. გახსოვდეს, რასაც გამოკვებავ, ის გაიმარჯვებს.

უფლის საუბრის მოსმენით ჩემი სულის ბნელ კუნჭულებს სინათლე ეფინებოდა.

– ნუ მოუსმენ შტორმს, საიდანაც ბოროტი გელაპარაკება… განაგრძობდა ჩემს დარიგებას, მისი თითოეული სიტყვა სითბოდ მეღვრებოდა გულში და გაყინულ სულს მითბობდა…

– ჩემს სიტყვებს უსმინე, გახსოვდეს, რასაც გეუბნებოდი და გასწავლიდი… მე არ დაგპირებივარ უდარდელ ცხოვრებას ამქვეყნად, არამედ გითხარი: „წუთისოფელში ჭირი გექნებათ, მაგრამ გამხნევდით, მე ვძლიე წუთისოფელს.“ (იოანეს 16:33). მე აღგჭურვე, გაგამაგრე და გითხარი: „ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ, ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ; განგამტკიცებ, შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სიმართლის მარჯვენით.“ (ესაია 41:10). ასევე გითხარი: „განა ნაბრძანები არ მაქვს შენთვის, განმტკიცდი და ძლიერ გამხნევდი-მეთქი? რადგან შენთან იქნება უფალი, შენი ღმერთი, ყველგან, სადაც კი წახვალ!“ (იესო ნავეს ძე 1:9).

განა დაგპირდი, დროგამოშვებით ვიქნები-მეთქი შენთან? არა! ყველგან! ყველგან შენთან ვიქნები! განა წინასწარ არ გაგაფრთხილე, შეგებრძოლებიან-მეთქი? მაგრამ იმასაც დაგპირდი, რომ ვერ დაგძლევდნენ! რატომ ვერ დაგძლევდნენ?

– რადგან შენ ხარ ჩემთან, ჩემს გადასარჩენად! (იერემია 1:19), – ვუპასუხე სიხარულით აღვსილმა.

– ამას შენი უფალი გპირდება, ‒ განაგრძო სახეგაბადრულმა, ‒ თუ აზრებში მტკიცე იქნები, სრულ მშვიდობაში დაგიფარავ, ვინაიდან მეცოდინება, რომ ჩემზე ხარ მონდობილი (ესაია 26:3), მომენდე, დაემორჩილე ჩემს სიტყვას და მე გასწავლი, როგორ აღუდგე წინ ბოროტს და ის გაიქცევა შენგან! (იაკობის 4:7). თუ ერწმუნები ჩემს აღთქმებს, შენი უფალი იბრძოლებს შენთვის, ხოლო თუ უფალია შენკენ, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გამოვა შენ წინააღმდეგ?! (რომაელთა 8:31), ‒ მკითხა ნიშნის მოგებით.

მის ფეხებთან ჩავიმუხლე, ხელი გამომიწოდა, სიყვარულით თავზე გადამისვა, შემდეგ თავლებში ჩამხედა და სიყვარულნარევი, მაგრამ გამაფრთხილებელი ხმით მითხრა:

– ნეტარია, ვინც არ შეცდება ჩემში. (მათე 11:6).

5 მაისი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ერთი ცოდვილის ისტორია

უცნობი ავტორი 2 მაისი, 2020
უცნობი ავტორი

2014 წლის ივლისი იყო. მე და ჩემი მეგობარი დათო წავედით მონასტერში, უდაბნოში. ჩვენი მეგობარი სანდრო წინასწარ შეუთანხმდა ბერს, რომ მივეღეთ. სურვილი იმისა, რომ გაექცე რუტინას და დროებით მაინც იყო სიმშვიდეში, ალბათ, ყველას აქვს. მახსოვს, ყოველ დილით, კელიიდან გამოსვლისას საოცარი ხედებით მოხიბლულნი ერთი ღრმად ჩავისუნთქავდით და დაიმედებულები ვიყავით, რომ ღმერთისთვის სასიამოვნო საქმეს ვაკეთებდით. ჩავედით მონასტერში და შევუდექით კითხვას წმინდა წერილებიდან. ძველი ქართული იყო და არცთუ ისე კარგად მესმოდა, რას ვკითხულობდი. ყველასთვის ნაცნობი გრძნობაა. შემდეგ შემოგვძახა ბერმა, ახლა მრწამსი წავიკითხოთო. მე და დათომ ერთმანეთს გადავხედეთ და მივხვდით, არცერთმა არ ვიცოდით, რა გვითხრა ბერმა, რომელმაც ისე შემოგვხედა, რომ გვეგონა, ღვთიური რისხვა გველოდა. მკაცრად გვითხრა: „არ უნდა იცოდეთ, რისი გწამთ?!“ კიდევ ვერ მივხვდით. შემდეგ მოგვაწოდა ძველ ფურცელზე დაწერილი მრწამსი და გვითხრა, წაიკითხეთო. სიტყვები მეცნო… მწამს ერთი ღმერთი… გულზე მომხვდა, ასეთი უცოდინარი, რომ ვიყავი. მართალი იყო ის ბერი, არ ვიცოდი, რისი მწამდა. ლიეტუვაში მივდიოდი. გადავწყვიტე, რომ იმ ზაფხულს ბიბლია უნდა წამეკითხა… შენც არ მომიკვდე.

ორ თვეში მე და ჩემი მეგობარი ირაკლი უკვე ლიეტუვაში ვიყავით. ბიბლიაზე ფიქრი უცებ გადამავიწყდა, როგორც ხდება ხოლმე, დაიწყო დროსტარება… ნაცნობი სიტუაციაა.  

შემდეგ წელს ულამაზესი გოგო გავიცანი. მე და ლაურას ერთმანეთი შეგვიყვარდა. გაგრძელდა დროსტარება. უნივერსიტეტი დავამთავრე. სამსახური ვიშოვე. ერთმანეთის ოჯახები გავიცანით. თითქოს ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც ჰოლივუდში ხდება. გვეგონა, მთელმა სამყარომ იცოდა, რომ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილები, მაგრამ…

ერთი წლის შემდეგ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება მოუწია, სწავლა რომ დაესრულებინა. თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ დაბრუნდა ლიეტუვაში. თითქოს შეცვლილიყო. მითხრა, ბიბლია უნდა წავიკითხოთო. ვერ გავიგე?.. დავიწყეთ კითხვა. ვერაფერს ვიგებდი… სულ მეძინებოდა კითხვისას… ალბათ, ნაცნობი სიტუაციაა.

შემდეგ მითხრა, ქრისტიანული ჯგუფი ვნახე ინტერნეტში და იქ უნდა წავიდეთო. მივყევი დინებას (უფრო თავგადასავლების სიყვარულის გამო)… წავედით. რამდენიმე ქვეყნიდან იყვნენ, ზოგი კათოლიკე, ზოგი პროტესტანტი, ზოგი მართლმადიდებელი. მოხუცები იყვნენ, სასიამოვნო ხალხი. გადაშალეს ბიბლია და დაიწყეს სახარების კითხვა, შემდეგ დაიწყეს გარჩევა, ვინ ეთანხმებოდა და ვინ არა. ჰმ, საინტერესო ჩანდა. მე გაბედულად მოვახსენე ყველას, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ და კიდევ ის, რომ საქართველო IV საუკუნიდან ქრისტიანული ქვეყანაა, რომ ჩვენ ძირძველი ქრისტიანები ვართ და „ჭკუას ვერავინ გვასწავლის“. წასვლისას მასპინძელმა ახალი აღთქმა მაჩუქა. ეს ის წიგნი იყო, ჩემი ცხოვრება რომ რადიკალურად შეცვალა. თავიდან კი ეჭვის თვალით გამოვართვი. ალბათ, ნაცნობი სიტუაციაა. ერთი თვის შემდეგ ლაურას არდადეგები დაუმთავრდა და თავის ქვეყანაში დაბრუნდა.

მითხრა, ან ქრისტიანი უნდა გახდე, ან ერთად ვერ ვიქნებითო. ვუთხარი, ქრისტიანი ვარ-მეთქი. ის კი ამბობდა, რომ ღმერთი უნდა გიყვარდეს მთელი სულით, გულით და გონებითო. ჩემზე მეტად უნდა გიყვარდესო. შენი ცხოვრება ღმერთს უნდა ეძღვნებოდესო. დილით რომ გაიღვიძებ, პირველად უფალი უნდა გახსენდებოდესო, მისდამი სულ მადლიერებით უნდა იყო სავსეო. საერთოდ ვერაფერი გავიგე (?). როგორ შეიძლება უფალი გიყვარდეს? ალბათ, უნდა გეშინოდეს, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, როგორ უნდა შეგიყვარდეს ღმერთი. რაღაც ყალბი გრძნობა მეგონა… შეყვარებულ გოგოზე მეტადაც როგორ უნდა შეძლო უფლის შეყვარება? ეჰ, არა… ალბათ, ნაცნობი სიტუაციაა.

ჰოდა, დამშორდა…

შოკიდან ვერ გამოვდიოდი. ყველაფერი დაიმსხვრა. ყველაფერი წაიშალა. დიდი ქარი ამოვარდა და ყველაფერი წალეკა. ცრემლების ტბა დადგა. სიკვდილი უფრო ტკბილი ჩანდა. სანატრელი. ყველაფერი შემძულდა, ყველაზე მეტად საკუთარი თავი. ასე გაგრძელდა საათები. დღეები. ხან იატაკზე ტირილში მეძინებოდა ხოლმე. მერე ღმერთს ვადანაშაულებდი, შენ გამო ვკვდები-მეთქი. ალბათ, ესმოდა კიდეც. ალბათ, დიდხანს გაგრძელდებოდა ცოცხალი სიკვდილი, რომ არა შველა, რომელიც ზემოდან მოვიდა.  ალბათ, ვერ აიტანა, როცა ადანაშაულებენ რამეში… თუმცა სამაგიერო ისე არ გადამიხადა, როგორც ვიმსახურებდი. მოითმინა, ალბათ. 

ვერ ვიგებდი, ცხოვრების არსი რა იყო, რისთვის გავჩნდი, რისთვის არის შექმნილი ურთიერთობა, რატომ იქმნება და ინგრევა ცხოვრება. არ ვიცი, რა ძალამ მიბიძგა, მაგრამ დავიწყე ახალი აღთქმის კითხვა. აი, იმ წიგნის, იმ მოხუცმა მასპინძელმა რომ მაჩუქა. თან მეშინოდა, ბიბლიის სწორი ვერსია თუ მქონდა. ვნახე ინტერნეტში რამდენიმე ვერსია. რამდენიმე დღე ვადარებდი თარგმანებს. დავრწმუნდი, რომ სანდო წიგნი მეჭირა… ნაცნობი სიტუაციაა…

კითხვა დავიწყე ნაწყვეტ-ნაწყვეტ, აქა-იქა. თითქოს მითრევდა. მერე გადავშალე ბოლო თავზე. მსმენოდა აპოკალიფსის შესახებ და მინდოდა, მეტი გამეგო. წავიკითხე. ვერაფერი გავიგე. ერთი მარტივი რამ კარგად დამამახსოვრდა. უფალს აქვს სიცოცხლის წიგნი. ვისი სახელიც ამ წიგნში წერია, ისინი მიდიან სამოთხეში, ვისი სახელიც არ წერია, ისინი მიდიან ჯოჯოხეთში. მე სად მივდიოდი? ვკითხე ჩემს თავს. ჩემი ცოდვები და უზნეო საქციელი წინ დამიდგა და მივხვდი, რომ ჯოჯოხეთში მივდიოდი. ის გოგო სულ დამავიწყდა. ჯოჯოხეთის შიშმა ამიტანა. დავიწყე ძებნა იმისა, თუ როგორ უნდა ჩავეწერო სიცოცხლის წიგნში. იქნებ სადმე უნდა წავიდე და ვილოცო, ან იქნებ სანთელი უნდა დავანთო… ყველანაირად ვცდილობდი, პასუხი მეპოვა. 

წავიკითხე ოთხივე სახარება, პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მოციქულთა საქმეები, პავლეს წერილები…. მთელი ეს წერილები ერთსა და იმავეს იძახდა. იმას, რომ იესო არის უფალი და მას შეუძლია ჩვენთვის პატიება და მარადიული სიცოცხლის მოცემა. ვხვდებოდი, რომ იესოს შეეძლო, ჩემი სახელი ჩაეწერა სიცოცხლის წიგნში. რაც უფრო მეტს ვკითხულობდი, უფრო მეტად მიზიდავდა უფალი იესო. თურმე ის ჩვენთვისაა განკაცებული. ჩვენთან მეგობრობა უნდა. ვერც კი წარმოვიდგენდი… ღმერთმა ასე რატომ დაიმდაბლა თავი… ვკითხულობდი, როგორ უყვარს ცოდვილები, თუმცა ვერ იტანს ჩვენს ცოდვებს და მათ მონანიებას გვთხოვს. ბოლოს ჯვარზეც გავაკარით, რომ ჩვენ მაგივრად მომკვდარიყო, ჩვენი ცოდვებისთვის დასჯილიყო და ჩვენ, როგორც მისი მორწმუნეები, გავემართლებინეთ. შემდეგ აღდგა და ამაღლდა ცაში. მოგვცა იმედი, რომ დაბრუნდება და ვისაც მისი გვწამს, წაგვიყვანს თავისთან სამოთხეში. იქ, სადაც სიმშვიდეა, სადაც ტკივილი არ არსებობს. ჰო, აი, ეგ მინდოდა ყველაზე მეტად…

თითქოს სული იყო ჩამოსული ზემოდან, დაუჯერებელი რაღაცები ხდებოდა ჩემს თავს. როცა ერთ ცოდვას ვინანიებდი, თითქოს სული მამხნევებდა, რომ ის მეორე ცოდვაც მეღიარებინა. ტირილში ყველა ცოდვა ამოვიდა… ღმერთს ვეხვეწებოდი, რომ რომელი ცოდვაც არ მახსოვდა, ისიც ეპატიებინა. ბოლოს ვთხოვდი, დაესრულებინა ჩემი ცხოვრება ან ეშველა რამე. ვეუბნებოდი, ხომ მწამს ახლა უფალი იესოსი? ხომ მოვინანიე? ამის მეტი არაფერი წერია წიგნში. მთელი ბიბლიის არსიც ხომ ესაა-მეთქი. ბოლოს ერთი კარგად ვიტირე, ამოვიოხრე და ჩამეძინა… ალბათ, ნაცნობი სიტუაციაა. 

2017 წლის 5 ივნისი, ორშაბათი დილა, მაღვიძარაზე ადრე გამეღვიძა. იშვიათი შემთხვევაა, დავასწრო… მე არ ავმდგარვარ. თითქოს წმინდა სულმა ამაყენა. თითქოს ჩემი გული და შინაგანი სამყარო განათებული იყო, გაწმენდილი. ტკივილი გამქრალიყო. ყოველგვარი მიზეზის გარეშე ძალიან მიხაროდა და ვიცინოდი. თითქოს სული ჰაერში მიტაცებდა. რაღაც ზეიმი იყო. ძლიერ, ნეტარ გრძნობას განვიცდიდი. მივხვდი, რომ უფალი იყო ამ ყველაფრის ავტორი. ეს დილა იყო, როცა მივხვდი, რომ უფალი შეიძლება გიყვარდეს, ყველაზე მეტად გიყვარდეს. თუმცა სულიწმიდის შენში მოქმედების გარეშე ამის გაკეთება ყალბი იქნება. უბრალოდ შეუძლებელია. შიგნიდან უნდა შეგცვალოს. ეს დილა იყო, როცა ახლიდან დავიბადე და მივხვდი, რომ ჩემი სახელი უფალს უწერია სიცოცხლის წიგნში… ალბათ, ნაცნობი სიტუაციაა…

P.S. ადამიანების და ქვეყნის სახელი შეცვლილია გარკვეული მიზეზების გამო.

2 მაისი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

გონივრული მიდგომა წმინდა წერილის მიმართ. პრაქტიკული რჩევები ბიბლიის საკითხავად…

თორნიკე ხუბაშვილი 26 აპრილი, 2020
თორნიკე ხუბაშვილი

შენიშვნა: იმის გამო, რომ ეს ბლოგი დაწერილია მათთვის, ვისაც სურს ბიბლიის წაკითხვა და გაგება, არ შეიცავს საკამათო საკითხებს, ან მტკიცებულებებს თეოლოგიურ საკითხებზე, არამედ მხოლოდ საჭირო ინფორმაციას და პრაქტიკულ რჩევებს ბიბლიის უკეთ გასაგებად.

თუ ოდესმე გინდოდათ ბიბლიის წაკითხვა და ახლა, კარანტინის პირობებში გამოგიჩნდათ ამისათვის დრო, მაშინ ეს ბლოგი თქვენთვის არის…

სანამ პრაქტიკულ რჩევებზე გადავიდოდეთ, უნდა გვახსოვდეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ბიბლიის შესახებ. ბიბლია არის ღვთის სულის შთაგონებით დაწერილი წიგნი, ის არის ღმერთის სიტყვა და გადმოსცემს მის ბუნებას, რათა განსაზღვროს ადამიანთა ეთიკა და მორალი. ბიბლია პასუხს სცემს ისეთ კითხვებს, როგორიც არის: ვინ არის ღმერთი? ვინ არის ადამიანი? და როგორ უნდა მოხდეს ღვთისა და ადამიანის გაცნობა! ის ასევე არის წინასწარმეტყველური წიგნი და გვამცნობს, რა იქნება მომავალში. სწორედ ამიტომ, თავად ღმერთია დაინტერესებული, რომ ჩვენ ვკითხულობდეთ და ვიგებდეთ წმინდა წერილებს.

როგორც მნიშვნელოვანია ბიბლიის კითხვა, ისევე მნიშვნელოვანია მისი სწორად გაგება, რაც არცთუ ისე რთულია, როგორც შეიძლება აქამდე გსმენიათ. ბიბლიაში საკმარისი და გასაგებია ყველაფერი, რაც რწმენისა და ღვთისმოსავი ცხოვრებისათვის არის საჭირო. ეს არ ნიშნავს, რომ ბიბლიაში ყველაფერი მარტივად გასაგებია, მაგრამ გასაგებია ყველაფერი, რაც აუცილებელია ადამიანისათვის, რომ გაიცნოს საკუთარი შემოქმედი, ღმერთი!

ადამიანებს შეუძლიათ, როგორც სხვა ყველა სიკეთის, ასევე წმინდა წერილის დამახინჯება და თავისებურად აღქმა, უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით, ყოველგვარი დაკვირვებისა და სწავლის გარეშე. როგორც წმინდა წერილის წაუკითხაობას, ისე მის მიმართ უპასუხისმგებლო მიდგომას მოუტანია უამრავი ნგრევა ადამიანთა ცხოვრებაში, არასწორად ამოგლეჯილი იდეების გამო. ამიტომ ეს სტატია ეძღვნება წმინდა წერილისადმი გონივრულ მიდგომას…

ბიბლია იწერებოდა 1600 წლის განმავლობაში, მას ჰყავს 40-მდე ავტორი და მთლიანი ბიბლია შედგება 66 წიგნისაგან, ძველი აღთქმა მოიცავს 39 წიგნს, ხოლო ახალი აღთქმა 27 წიგნს. ბიბლია არის თავებად და მუხლებად დაყოფილი, რათა უკეთ შეძლოთ მისი შესწავლა. ბიბლია ისტორიულად უტყუარი წიგნია, ყველა დროის “ბესტსელერი”, წიგნი, რომელიც ყველაზე ხშირად იბეჭდება და ვრცელდება, აღიარებული მთელ მსოფლიოში (გარდა რამდენიმე ქვეყნისა). ბიბლიაში შედის ისტორიული, პოეტური, წინასწარმეტყველური წიგნები, ასევე რჯული და ეპისტოლენი (წერილები).

 

რჩევა 1

დაიწყეთ წერილის კითხვა ლოცვით, რათა ღმერთის სულმა მოგცეთ სწორი მიმართულება, გაგება და აღქმა, რადგან წმინდა წერილი ამბობს, რომ სულიწმიდა არის ჩვენი მასწავლებელი. ღმერთის სიტყვის მიზანია, ააშენოს ადამიანები!

„მაგრამ როცა მოვა იგი, ჭეშმარიტების სული, ის შეგიძღვებათ ყოველ ჭეშმარიტებაში, რადგან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ იმას ილაპარაკებს, რასაც ისმენს, და მომავალს გამოგიცხადებთ.“ (იოანე 16:13).

„ბიბლია არის რუკა, ხოლო სულიწმიდა ‒ გიდი.“ (ჯონ ბევირი)

 

რჩევა 2

ყურადღება მიაქციეთ გრამატიკას და გაუგებარი სიტყვები გადაამოწმეთ სხვადასხვა თარგმანში. შესაძლოა, სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ უამრავი აზრი მახინჯდება გრამატიკული უყურადღებობის გამო და რადგან ეს ასეა, მნიშვნელოვანია გრამატიკის ცოდნა.

 

რჩევა 3

განიხილეთ ბიბლიის მუხლები მისი კონტექსტის მიხედვით. ხშირად ხდება არასწორი აზრების ჩამოყალიბება, როდესაც ადამიანები ტექსტიდან გლეჯენ მოკლე მონაკვეთს და იყენებენ საკუთარი მოსაზრების განსამტკიცებლად. ეს პრობლება დიდად არის გავრცელებული ქრისტიანულ საზოგადოებაში.

განა რომელილმე ჩვენგანი ვკითხულობთ ჩვენთვის ძვირფასი ადამიანისაგან, ან ვინმე ავტორიტეტული პიროვნებისაგან გამოგზავნილ მნიშვნელოვან წერილს მისი შუა ნაწილიდან? განა არ ვეცდებით, რომ ყურადღებით გამოვიკვლიოთ წერილის მიზანი, განა არ გამოვიჩენთ სიფრთხილეს, რომ სწორად გამოვიტანოთ აზრი წერილისა? სხვა შემთხვევაში, თუ არ დავიცავთ კონტექსტის მნიშვნელობას, ჩვენ არასწორად აღვიქვამთ ღმერთს და უფრო მეტიც, არასწორად წარმოვაჩენთ მას.

 

რჩევა 4

ზემოთ ჩამოთვლილის შემდეგ, შეადარეთ გაუგებარი ადგილები სხვა მსგავსი შინაარსის ადგილებს. ბიბლიაში არის რთული მონაკვეთები, რომელიც გასაგები ხდება (ავსებს) სხვა მსგავს ადგილებთან ერთად.

 

რჩევა 5

გამოიკვლიეთ ისტორიული ფონი. აუცილებელია გამოვიკვლიოთ, თუ ეს შესაძლებელია, იმდროინდელი პოლიტიკური, სოციალური, რელიგიური მდგომარეობა, მენტალიტეტი და წეს-ჩვეულებები. ეს დაგვეხმარება, უკეთ ჩავწვდეთ ნებისმიერი იდეის არსს, რომელიც გადმოცემულია წმინდა წერილში.

 

რჩევა 6

გამოიყენეთ დამხმარე ლიტერატურა, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ისინი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ბიბლიის გასაგებ ადგილებს. თუ ზემოთ აღნიშნულს გაითვალისწინებთ, მაშინ ბიბლიის ცოდნა მოგცემთ უნარს, რომ გაარჩიოთ „თევზი და ფხა“ ერთმანეთისაგან. არსებობს უამრავი ლიტერატურა ბიბლიასთან დაკავშირებით, რომლებიც სასარგებლოა მის გასაგებად. არსებობს უძველესი მამათა გადმოცემები და არსებობს თანამედროვე თეოლოგების მიერ შედგენილი ლიტერატურა, რომელთაც შეუძლიათ დაგეხმაროთ ბიბლიის გაგებაში.

 

ბიბლიის სხვადასხვა ვერსიის სანახავად ეწვიეთ საიტს: HolyBible.ge – http://holybible.ge/georgian

26 აპრილი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

რატომ, ღმერთო?!

ნატალია ჩიქოვანი 17 აპრილი, 2020
ნატალია ჩიქოვანი

რამდენ ჩვენგანს უთქვამს განსაცდელში: რატომ, ღმერთო?… რამდენჯერ გიტირიათ უძლურებისგან და რამდენჯერ დაგისვამთ ღმერთისთვის კითხვა: რაღა მაინცდამაინც მე, რატომ, უფალო?!…

ეს გარდაუვალი გზაა, ეკლიანი ბილიკი, რომელზე გადადგმული თითოეული ნაბიჯიც მტკივნეულია, მაგრამ ეს ერთადერთი სწორი გზაა ზეცისკენ მიმავალი.

ქვეყნიერებიდან რომ მოდიხარ, შენი გონება თაფლისა და რძის მოჩუხჩუხე ნაკადულებთან ქრის. გრძნობები და ემოციები პატარა ბავშვივით გამძაფრებული გაქვს, ხარობ უფლის სასწაულებით, თანდასწრების ღრუბლით და ეკლესიის მზრუნველობით, ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებ, რომ გზა ქანაანამდე გრძელ და დამღლელ უდაბნოზე გადის. თავიდან ყველაფერი იოლი ჩანს, იქამდე, სანამ გამოილევა წყალი და საგზალი გათავდება. იქამდე, სანამ ქალამანი გაცვდება და უდაბნო თავისუფლების ზონის ნაცვლად სადამსჯელო ექსპედიციად გადაიქცევა…

რამდენჯერ გაიხედავ უკან, „უზრუნველყოფილი“ მონობისკენ, ნაცვლად იმისა, რომ ხედავდე აღთქმულს და პასუხისმგებლობას იღებდე საკუთარ თავისუფლებაზე. შესაძლოა, უკან არც გაიხედო, მაგრამ თუ ეგვიპტე თან გდევს, თუ ის შენშია, ის ყოველთვის შენ თვალწინ იქნება…

მცხუნვარე მზის ქვეშ უდაბნოს უსასრულობას თვალმოჭუტული გასცქერი და ცდილობ წარმოიდგინო, რამდენი დღის სავალია მიზნამდე. შეიძლება, ეს სულ რადენიმე დღის გზა იყოს, შესაძლოა, რამდენიმე წლისაც…

ჩვენ ვუყურებთ გზის სიგრძეს, ნაცვლად იმისა, რომ ვუყურებდეთ, რა სიჩქარით მივდივართ ამ გზაზე… შესაძლოა, ამ გზაზე წრეზე სიარულიც მოგვიხდეს და ეს სრულიად რეალურია, თუ ნაცვლად კითხვისა „როგორ, ღმერთო?“, ვიკითხავთ: „რატომ, უფალო?…“

ყველა ახალწვეული გადის საბრძოლო წვრთნას საომარი მოქმედების დაწყებამდე, ყველა ჭუპრი ხოხავს, სანამ ძველი ქერქიდან გამოძვრება და ულამაზეს, ფრთებიან პეპლად გადაიქცევა, ყველა ლოდი გადის ურთულეს დამუშავებას, სანამ ქვაში ნატიფი ქანდაკება გამოიკვეთება…

ეს კანონზომიერი გზაა, რომელსაც გაივლის ყველა, ვინც წინ მიდის. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. შესაძლოა, იპოვოთ კიდეც სხვა გზა, მაგრამ მისი საბოლოო შედეგიც სხვაა. თითოეულ ჩვენგანს უპირობო დამოკიდებულება გვაქვს კანონზომიერებებთან და ვიცით, რომ თუ გვინდა წინ წასვლა, ამისათვის ნაბიჯი უნდა გადავდგათ, მაგრამ, ხშირად, კანონზომიერებად არ მივიჩნევთ მომზადების, წვრთნის პროცესს, ამიტომაც ვსვამთ კითხვას: „რატომ, ღმერთო?!“

მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავად ვაცნობიერებთ მიზეზშედეგობრივ კავშირებს, ჩვენი ხორცი გამუდმებით „გვკარნახობს“, რა სურს მას. ჩვენ უბრალოდ გვინდა, გამოვიდეთ ეგვიპტიდან და მაშინვე შევიდეთ ქანაანში და უგულებელვყოფთ მათ შორის მდებარე „კანონზომიერ“ უდაბნოს. ალბათ, ამიტომაცაა ის ასეთი გაუსაძლისი და მცხუნვარე, ამიტომაც ვიტანჯებით და ვყვირით: „რატომ, ღმერთო?!“

ჩვენ ვყვირით ყოველი მომდევნო იმედგაცრუებისას, ვნებდებით, როცა ვერ ვაბარებთ გამოცდას, ვტკბებით თვითშეცოდებით და საკუთარი ცრემლებით ვქმნით „ოაზისს“ შუაგულ უდაბნოში. მერე ვსახლდებით ამ „ოაზისში“ და მორიგი იმედგაცრუების შიშით ადგილიდანაც არ ვიძვრით, არადა დაწერილია, რომ გლოვის ველზე გამვლელნი წყაროს აღმოაჩენენ, გამვლელნი და არა ერთ ადგილას ფეხმოუცვლელად მდგომნი.

დიახ, უდაბნო ‒ ეს ცრემლების ადგილია! ტკივილისა და იმედგაცრუების, შიშისა და მოლოდინის, დაცემისა და სასოწარკვეთის… მაგრამ ღმერთის თანდასწრების ღრუბლის ადგილიცაა იგი! თუ ჩვენთვის ეს გზა არაა მოულოდნელი, თუ ეს გზა ჩვენი არჩევანია, მაშინ ჩვენ ვიტყვით: „ახლა როგორ, უფალო?!“, ისევე, როგორც ამას მოსე ეკითხებოდა მას; მაგრამ თუ ჩვენი არჩევანი ქანაანია მხოლოდ, მასთან მისასვლელი გზის გარეშე, მაშინ ჩვენ დაუსრულებლად დავსვამთ ერთსა და იმავე კითხვას: „რატომ, ღმერთო?!“, სწორედ ისევე, როგორც ამას ისრაელი აკეთებდა უდაბნოში წრეზე სიარულის დროს.

ჩვენ არ ვართ მარტონი ჩვენი ცხოვრების უდაბნოში, ისევე, როგორც მოსე არ ყოფილა მარტო. ჩვენ ვხედავთ უამრავ ბიბლიურ გმირს, რომლებსაც ღმერთი დიადი მიზნებისთვის მოუწოდებდა და ლოგიკურად, ჩვენც ველით დიდებულ მომავალს დიდებული აღთქმის შემდეგ.

უდაბნო, ხშირად, ვარდნის, ქვემოთ დაშვების გზაა, მაგრამ არაფერია საშიში, ღმერთს აქვს გეგმა თითოეულისთვის და თავის დროზე აგვამაღლებს.

იერემია 29:11: „რადგან მე კარგად ვუწყი ზრახვები, რომლებიც განვიზრახე თქვენთვის, – ამბობს უფალი, – სამშვიდობო ზრახვები, რომ მოგცეთ თქვენ მომავალი და იმედი.“

ის არ არის მითოლოგიური ღმერთი, ღმერთი, რომელიც ძველი აღთქმის ფურცლებზე დარჩა, ის უკუნისამდე იგივეა და დღესაც იგი ჩემთან და შენთან

17 აპრილი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ახალი ბლოგები
ძველი ბლოგები
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 2

    მხსნელი უფალი

    26 თებერვალი, 2020
  • 3

    ღმერთი არ არის საშუალება

    5 დეკემბერი, 2022
  • 4

    მედროვე ადამიანთა ქმედებები…

    22 მარტი, 2019
  • 5

    ფიზიკური ნაკლი არ არის პრობლემა…

    7 ოქტომბერი, 2020


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ