ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ
  • stories

  • Memories

  • About Me

ბლოგები

მოდი, უფალო, ჩვენს დაბნელებულ ქვეყანაში

თამუნა ბაღდავაძე 8 სექტემბერი, 2020
თამუნა ბაღდავაძე

ყველაზე ძლიერი სიბნელე გათენებამდე იცის. ყოველი უკუნეთი ღამის შემდეგ სინათლე მოდის, ასე დააწესა უზენაესმა. მხოლოდ სინათლეს შესწევს ძალა, გაფანტოს სიბნელე და რა კარგია, რომ ეს ასეა, და რა ბედნიერებაა, რომ არსებობს ისეთი სინათლე, რომელსაც ვერასოდეს მოიცავს ბნელი.

ახლა კი… ვიხედები ირგვლივ და სიბნელეა. არაფერი ჩანს. თითქოს უკუნეთის ანგელოზი ქვესკნელიდან ამოვიდა და ბინა დაიდო ამ ქვეყანაში. და ამ სიბნელეში მხოლოდ ხმების გარჩევაა შესაძლებელი. სადღაც ძლივს ისმის ჩუმი ქვითინი, ცოტა შორიდან კი სასოწარკვეთილი გულის ბაგაბუგი აღწევს. უიმედობასაც ჰქონია ხმა ‒ შემზარავი სიჩუმე. ის აქ ყველაზე მკაფიოდ ისმის ღამის საათებში. მრისხანე ყვირილი, დამცინავი ხმა და განწირული კივილი ერთმანეთში ირევა. ბოროტების სუნთქვა სუფევს ყველა ქუჩაზე…

მუხლებზე ვეცემი და ტირილს ვიწყებ: „სად ხარ, ღმერთო? რატომ მიგვატოვე და გაგვხადე ბოროტის ლუკმა? რატომ დაუშვი ამდენი ძალადობა ამ მიწაზე?!..“  მაგრამ ეს შენ კი არა, ჩვენ მიგატოვეთ და მგონი არც არასდროს გეძებდით და გიცნობდით. ახლა კი ჩვენი გულისთქმისა და ცოდვის შედეგებს ვიმკით.

მოდი, უფალო… მოდი, ჩვენს დაბნელებულ ქვეყანაში, მოდი ამ ხალხთან, რომელიც არ გიცნობს. მოინახულე, უფალო, ჩვენი დაბები და სოფლები, დაიარე ქალაქების ქუჩები, ჩიხები, ყოველი კუთხე და შესახვევი. იპოვე ყველა უიმედო, ტკივილით დამძიმებული სული, ყველა სასოწარკვეთილი გული, ყველა დაჩაგრული, მიტოვებული და განწირული, ყველა ტყვე და მონა, ყველა სანახევროდ მკვდარი. მოგვინახულე სიკვდილის აჩრდილის ქვეყანაში მსხდომნი.

ვიცი, შენ ყველა ბარაბას ნახავ, ყველა ქურდს და ავაზაკს, ყველა მკვლელს და მოძალადეს მოძებნი. შენი შემბრალე გული, შენი თანაგრძნობა და წყალობა ვერ აუვლის მათ გვერდს. შენ გარდა, აბა, ვინ უშველის მათ?..

ოღონდაც მოდი, უფალო. შენ იქით არ გვაქვს სხვა იმედი და სხვაში არავისში არ არის ხსნა, უფალო იესო. შენშია სინათლე, რომელიც სიბნელეს ფანტავს და სულს გვინათებს, გზას გვიჩვენებს, გვათბობს და გვანუგეშებს. შენშია სიყვარული, რომელიც ყველაფერს კურნავს. შენშია ჭეშმარიტება, ბორკილებს რომ ამსხვრევს და ათავისუფლებს. შენშია სიცოცხლე, სიკვდილს რომ ამარცხებს. შენშია მადლი, რომელიც გვცვლის. შენშია იმედი, რომელიც ძალას გვაძლევს. შენშია მშვიდობა, რომელიც გვიცავს.

შენ ხარ ყველაფერი, რაც გვჭირდება ადამიანთა მთელ მოდგმას. შენ ხარ იმაზე მეტი, ვიდრე სჭირდება მთელ სამყაროს. შენ ხარ სიცოცხლე. შენ ხარ სინათლე. შენ ხარ ყველაფერი!..

„მასში იყოს სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა სინათლე. სინათლე ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი.“

(იოანეს 1:4-5).

8 სექტემბერი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ნუ დააყოვნებ, ის გელოდება

მიმი ტიელიძე 4 სექტემბერი, 2020
მიმი ტიელიძე

შვილები ალბათ ბევრ თქვენგანს გყავთ. დარწმუნებული ვარ, თითოეულს ძალიან გიყვართ ისინი. სულ რომ რამე დააშავონ, თქვენი სიყვარული არ ნელდება მათ მიმართ. რატომ? იმიტომ, რომ შვილია. არ გამოდის სხვანაირად, ასეა ‒ როგორც არ უნდა გატკინოს გული, მაინც შენი ნაწილია და რაც არ უნდა მოხდეს, მაინც გეყვარება.

შვილები ვისაც გყავთ, რას გრძნობთ, მათ რომ უყურებთ? დარწმუნებული ვარ, მათში ხედავთ ყველაზე ლამაზ, ჭკვიან, ყველაზე კეთილ, კარგ ადამიანებს. მათი ყურებისას პირველად ხომ იმას ხედავთ, თუ რა კარგები არიან თქვენი შვილები და ივიწყებთ იმას, თუ რამდენჯერ უტკენიათ გული თქვენთვის? ასეა ღმერთიც. ის გიყურებთ, როგორც საკუთარ შვილებს, რომლებმაც რაც არ უნდა დააშავონ, მას მაინც ეყვარება ისინი. რატომ? იმიტომ, რომ მისი შექმნილები ვართ, ჩვენ უფლის ნაწილნი ვართ, რომელთაც ღმერთი მუდმივად იფარავს და თავისი კალთის ქვეშ ამყოფებს.

მშობლობა ამას ნიშნავს ‒ მიიღო შენი შვილი ისეთი, როგორიც არის და გიყვარდეს იგი. გიყვარდეს უპირობოდ, ანუ ყოველგვარი დამსახურების გარეშე. ერთხელ მაინც თუ დაფიქრებულხართ, მშობლებს რომ უყვარხართ, ეს რით დაიმსახურეთ? ხომ არაფრით?! მშობლების სიყვარული ჩვენ არანაირად არ დაგვიმსახურებია, ეს სიყვარული გვეძლევა უფასოდ, სრულიად უფასოდ და უანგაროდ.

და უფალზე უკეთესი მშობელი ვინ არის? ის მამაა ჩვენი, რომელმაც ჩვენს ფიზიკურ მშობლებზე უკეთესად იცის, რა გვჭირდება და როდის. მამობა უფალზე კარგად არავის ესმის, რადგან ვიდრე ვთხოვდეთ, მანამდე გვიმზადებს ყველაფერს: „რადგან თქვენმა მამამ მანამდე იცის, რა გჭირდებათ, ვიდრე ითხოვდეთ.“ (მათე 6:8).

ერთხელ მაინც თუ გითქვამთ მადლობა უფლისთვის, რომ გაგაჩინათ? რომ მოგცათ დედა და მამა, რომლებიც თქვენზე ზრუნავენ? იცით, ყველას არ ჰყავს მშობელი და ძალიან ბევრ ადამიანს საერთოდ არ განუცდია მშობლის სითბო. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი დავიწყებულნი არიან. სულ რომ დაგივიწყონ ადამიანებმა, სულ რომ უარი თქვას შენზე საკუთარმა მშობელმაც კი, უფალი არასდროს უარგყოფს.  „განა დაივიწყებს ქალი თავის ძუძუთა ბავშვს და არ შეიბრალებს ძეს თავისი მუცლისას? იმათაც რომ დაივიწყონ, მე არ დაგივიწყებ შენ!“ (ესაია 49:15). ბოლო წუთამდე ღმერთი მზად არის, ხელი გამოგიწოდოს და გულში ჩაგიკრას, ოღონდ კი მოუხმო მას. სულ რომ გულის კუნჭულში წარმოთქვა მისი სახელი, უფალი იქაც გაიგონებს. გული, რომელიც შენს მკერდში ძგერს, ასევე უფლის შექმნილია და მასზე კარგად არავინ იცის შენი აგებულება: „შენ გამოსახე ჩემი თირკმელები, დედაჩემის მუცელში გამომძერწე.“ (ფსალმ. 138:13). მან გამოგძერწა, მან ჩაგბერა სული და იცის შენი სისუსტეები, იცის, თიხის ჭურჭელი რომ ხარ და ყველაფერი რომ არ შეგიძლია. მაგრამ ის თუ იცი შენ, ადამიანო, რომ უფალთან ერთად ყველაფერი შესაძლებელია?

მაშ, მიიღე გადაწყვეტილება და ჩასჭიდე ხელი შენს ზეციერ მამას, უფალსა და მხსნელს, რომელიც იმედს არასდროს გაგიცრუებს. ნუღარ ატკენ მას გულს შენი დაუფიქრებელი საქციელით, ნუღარ დაუკაწრავ ისედაც ნაიარევ სხეულს; სხეულს, რომელიც მან ჯვარზე აზიდა ჩვენი ცოდვების გამო. ის მშობელია და მას სტკივა, როდესაც ცუდად იქცევი. თუმცა ჩუმად არის, არაფერს გეუბნება, რადგან გელოდება, როდის მიხვალ მასთან და პატიებას სთხოვ, რომ გამოიქცეს შენკენ და გულში ჩაგიხუტოს უძღები შვილის მსგავსად:

„ადგა და წავიდა თავის მამასთან. ჯერ კიდევ შორს იყო, მამამ რომ დაინახა, შეებრალა, გაიქცა, კისერზე მოეხვია და დაკოცნა. უთხრა ვაჟმა: ‘მამა! შევცოდე ზეცის წინააღმდეგ და შენ წინაშე. ღირსი აღარ ვარ, შენს ძედ ვიწოდებოდე.’ მამამ კი უთხრა თავის მონებს: ‘სასწრაფოდ მოუტანეთ საუკეთესო სამოსელი და შემოსეთ, ხელზე ბეჭედი გაუკეთეთ და ფეხზე სანდლები ჩააცვით!’“ (ლუკა 15:20-22).

გაიქეცი უფალთან შესარიგებლად, თუ ჯერ კიდევ არ შერიგებიხარ მას. ნუ დააყოვნებ, ის გელოდება.

 

4 სექტემბერი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

მოზარდული იმპულსები ნაწილი III

თორნიკე ხუბაშვილი 4 სექტემბერი, 2020
თორნიკე ხუბაშვილი

ადამიანი შექმნილია, რათა უყვარდეს და უყვარდეთ. სიყვარულს გასცემდეს და იღებდეს. ის ყოველთვის გრძნობს, როდესაც არ უნდათ, როდესაც გულგრილნი არიან მის მიმართ, როდესაც არ არის მიღებული და დაფასებული ადამიანთა შორის.

  •         შენ გრძნობ, რომ მშობლებს „არ უნდოდი“, რის შემდეგაც სიყვარულს, რომელიც ვერ მიიღე, უცხო ადგილებში უწყებ ძებნას. იმისათვის, რომ თვითშეფასება აიმაღლო, აღიარებას ეძებ და ამას მრავალი არასწორი გზით აკეთებ, რომელიც საბოლოოდ, უფრო მეტ ტკივილს გიმატებს. ეძებ სიყვარულს და გამუდმებით იცვლი მეწყვილეს. შეცდომას უშვებ სექსუალურ ურთიერთობებში, რადგან ეს დროებითი სიმაღლე და აღიარებაა შენს ცხოვრებაში, რომელსაც შედეგად ისევ უარყოფა, სიმწარე და ტკივილი მოაქვს.
  •         შენ გრძნობ, რომ საკუთარი კლასელების მიერ შექმნილ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებ და ირიყები.
  •         შენ გრძნობ, როდესაც კარგს აღარაფერს მოელიან შენგან და შედეგად აღარც ცდილობ რაიმე კარგის გაკეთებას. იწყებ დანაშაულის ჩადენას ან დაუშვებლის კეთებას, რათა აღიარება მოიპოვო.

როდესაც ხედავ ამდენ მოზარდს ნარკოტიკებზე, ალკოჰოლსა თუ სხვა ამგვარ საშუალებებზე დამოკიდებულს, უნდა გესმოდეს, რომ ეს ძალიან ხშირად (არა ყოველთვის) გამოწვეულია მათ მიერ განცდილი გარიყულობის თუ დაწუნების გამო.

ამიტომ ნუ შეეცდები რამის დამტკიცებას. გაიაზრე, რომ ღმერთმა უნიკალური და წრფელი შეგქმნა. მისთვის ლამაზი ხარ, მას უყვარხარ, თუმცა შეიძლება არ მოსწონდეს, რადაც თავად აქცევ საკუთარ თავს. სწორედ ამიტომ უნდა გაიცნო შენი ზეციერი მამა და იგრძნო მისი სიყვარული და მიღება. უარყავი გარიყულობა და უარყოფა შენს ცხოვრებაში და მიიღე მამის სიყვარული. სთხოვე ღმერთს, რომ გაგათავისუფლოს ზემოთ ჩამოთვლილთაგან და მოგცეს ახალი დასაწყისი.

ბიბლია, იერემია 29:11:

„ვინაიდან მე ვიცი ზრახვანი, რაც თქვენზე განვიზრახე, ‒ ამბობს უფალი, ‒ სასიკეთო და არა საბოროტო ზრახვანი, რათა მომავალი და იმედი მოგცეთ.“

4 სექტემბერი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

შეიწმინდე ცრემლი, საკმარისად გიტირია

მიმი ტიელიძე 4 სექტემბერი, 2020
მიმი ტიელიძე

 

ჩემს გულში წვიმდა. ნაცრისფერი გამხდარიყო გულის კედლები. სევდა შემომერია. მენატრებოდა. ძალიან მენატრებოდა. ისე ძალიან, რომ ლამის ტირილი დავიწყე. ავწიე თავი და ვიგრძენი, ცრემლები როგორ ჩუმად მისველებდა სახეს. მე მეგობარი მენატრებოდა და არ მინდოდა ამის აღიარება. არ მინდოდა გამოტყდომა, რომ ორი დღე მეგობრის უნახავად ვერ ვძლებდი. სულ ახლახან არ ვნახე? კი მაგრამ, როგორ შეიძლება, ნოსტალგიამ მაკონტროლოს?! ამას მოჰყვა ფიქრები დიდი ხნის უნახავ ოჯახის წევრებზე, ყველა იმ ადამიანზე, რომელიც ჩემთვის ძვირფასია; მაგრამ ჩვენ გვაშორებდა მანძილი, გვაშორებდა დრო და საზღვრები… ეს კარგად ვიცოდი, მაგრამ თითქოს არ მინდოდა ამის გამხელა. მინდოდა, დამენგრია ყველა არსებული საზღვარი და გავქცეულიყავი, გავქცეულიყავი და კისერზე შემოვხვეოდი ჩემს საყვარელ ადამიანებს. მონატრება და ნოსტალგია იმედგაცრუებაში გადაიზარდა. ყოველ წამს ვამოწმებდი ტელეფონს, იქნებ ჩემს საყვარელ მეგობარს ვახსოვარ, იქნებ დღეს ჩემი ნახვა შეძლოს… მაგრამ არაფერი. თითქოს სწორედ მაშინ დადუმებულიყვნენ ის ჩემი მეგობრები, მე რომ ყველაზე მეტად მენატრებოდნენ. ზუსტად მაშინ აღარავის ვახსოვდი, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდნენ.
      და სწორედ მაშინ, როდესაც ლოგინზე დამხობილი მზად ვიყავი, ხმამაღლა მეტირა, აი, ზუსტად მაშინ ვიგრძენი, რომ უფალმა ჩემი გულის კუნჭულში თავისი ნაზი ხმა გამაგონა:            „ჩემო შვილო, თუკი მუდმივად დამოკიდებული იქნები ადამიანებზე და გეგონება, რომ სიცარიელეს ისინი შეგივსებენ, მაშინ შეცდები და გული გეტკინება. დღეს, როდესაც გაიღვიძე, ნუთუ ერთხელ მაინც დამიძახე?“
      მე, გაქვავებულს, პასუხი არ გამაჩნდა…
      „დღეს საერთოდ დამლაპარაკებიხარ და გითხოვია მშვიდობიანი, სიხარულით სავსე დღე? რა თქმა უნდა, არა.“ ‒ თავად გასცა უფალმა პასუხი თავისივე შეკითხვას. ‒ „შენი პრობლემა, ჩემო ასულო, ის კი არ არის, რომ ოჯახი და მეგობრები გენატრებიან, არა, ეს სრულიად ბუნებრივი და ჯანსაღია; შენი პრობლემა ის არის, რომ როდესაც თავს მარტოსულად გრძნობ, ისევ ადამიანებზე ამყარებ იმედს, მათთან გარბიხარ, თითქოს მათ ჰქონდეთ ყველა პრობლემის გადაჭრის უნარი, თითქოს მათ შეეძლოთ ყველაზე კარგი ჩახუტება. ჩემზე ნაზად და სათუთად თუ ჩაუკვრიხარ ვინმეს გულში? ჩემზე კარგად ნუთუ ეს ვინმეს გამოსდის?“
       და მე ვიგრძენი, რომ უფალი ეჭვიანობდა; ეჭვიანობდა, რომ ადამიანებს მივანიჭე პრიორიტეტი; რომ ადამიანები მეგონა ჩემს სიმარტოვესთან გამკლავების წამალი.
      „მოიწმინდე ახლა ცრემლი,“ ‒ განაგრძო მან, ‒ „ვხედავ, საკმარისად გიტირია და დაიმახსოვრე ერთი რამ: ადამიანი ღმერთი არ არის, რომ ყველგან იყოს და ყველაფერი შეეძლოს; ადამიანი ღმერთი არ არის, რომ ყველა დაპირებას ყოველთვის და დროულად ასრულებდეს. მხოლოდ მე შემიძლია შენი სიცარიელის ამოვსება და ეგ მეგობრები, შენ რომ გყავს, ჩემი მოცემულია. იმისთვის მოგეცი, რომ უფრო მეტად ბედნიერი იყო. მაგრამ როდესაც ისინი ქრებიან შენი ცხოვრებიდან, ცხვირი არ უნდა ჩამოუშვა, რადგან მე, შენმა მამამ, უხვად ვიცი დასაჩუქრება. ძუნწი კი ნუ გგონივარ, ადამიანების მსგავსად. არ მეშლება საჩუქრების ჩუქება, და ისიც ვიცი, როდის და რა უნდა გაჩუქო, რომ თავი მარტო აღარ იგრძნო. ამიტომ მე შემომხედე, მე მიყურე და ჩემთან ურთიერთობას ესწრაფე. სხვა დანარჩენზე კი ნუ დარდობ. შენს მეგობრებსაც ჩაეხუტები და უფრო მეტსაც იხილავ…“
      მე აღარ ვტიროდი. გულის ნაცრისფერ კედლებს ახლა უკვე ვარდისფერი ემჩნეოდა. აღარც სევდის კვალი იყო სადმე. მხოლოდ ერთი, გონებაში ბიბლიური მუხლი წამომიტივტივდა: „თქვენ კი უწინარეს ყოვლისა ღმერთის სამეფო და მისი სიმართლე ეძიეთ, ხოლო ყოველივე ეს [მეგობრები თუ სხვა დანარჩენი] შეგემატებათ.“ (მათე 6:33).
      და იმ წამს გავაანალიზე, რომ არასდროს არ უნდა დამავიწყდეს, რომ ჩემი სიმშვიდისა და ბედნიერების წყარო არის თავად უფალი. რომ ღმერთი არის ნომერ პირველი პიროვნება, რომელზეც უნდა ვიყო დამოკიდებული. როდესაც ღმერთთან ურთიერთობაზე უფრო პრიორიტეტული ადამიანებთან ურთიერთობაა, რა გასაკვირია, რომ ხანდახან სიცარიელის შეგრძნება გვიპყრობს. რადგან ვერც ერთ ადამიანთან ურთიერთობა ვერ შეგვივსებს იმ სულიერ ნაპრალებს, რომელიც გვაქვს თითოეულ ჩვენგანს. უფალია მხოლოდ ამ ნაპრალების შემავსებელი.

4 სექტემბერი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

სად გაექცევი მას?

ია ბობოხიძე 4 სექტემბერი, 2020
ია ბობოხიძე

სად გაექცევი თვალებს, რომლებიც მუდამ შენკენაა მოპყრობილი და სიყვარულით გიმზერს?..

სად გაექცევი ყურს, რომელიც შენს გულში ყველაზე ღრმად დაფარულ ჩურჩულს ისმენს?..

სად გაექცევი გულს, რომელსაც მხოლოდ საუკეთესო სურს შენთვის?..

სად გაექცევი კეთილ ნებას, რომელსაც ძალუძს არასწორი გადაწყვეტილების შენივე სასარგებლოდ ქცევა?

სად გაექცევი შემოქმედის ხელებს, რომლებიც ბილიკს გიმზადებს, რათა ფართო გზაზე სიარულისას მიმართულებათა სიმრავლემ არ აგიხვიოს თვალები და არ აგიბნიოს თავგზა?..

სად გაექცევი თითებს, რომლებიც გარდაქმნის ტრამალებს ყველაზე ნაყოფიერ, გაფურჩქნილ და ნაკადულებით სავსე მიწად?..

ან იქნებ შენი გულია უდაბნო? ანდაც შინაგანი ‒ გამოფიტული, უწყლო ტრამალი, გვალვისგან გამომშრალი და დახეთქილი…

ვინ იცის, როგორ გჭირდება მოსმენა სიტყვის: „წყალი აქ არის!“ და თავად წყალი?! ‒ ყველაზე მეტად.

ერთი ყლუპიც კი ალბობს დამწვარ, დაბუგულ შინაგანს… გახრიოკებულს და მიტოვებულს, რომელსაც ერთადერთი რამ სჭირდება ‒ კურნება, და ესეც წყალია, წყალი კი ალეგორია ღვთისა, რომელიც მაშინაც გიყურებს, როდესაც ყველაზე დიდ შეცდომებს უშვებ; რომელსაც მაშინაც ესმის შენი, როდესაც სიბინძურით აღსავსე ვეღარ ბედავ პატიების თხოვნას, მაგრამ ჩუმად მოთქვამ და ღაღადებ; რომელსაც უკვდება გული მაშინ, როდესაც მისგან განშორება შენს ტანჯვას იწვევს; რომლის კეთილი, სასურველი და სრულყოფილი ნება მხოლოდ სიტყვა არ არის, არამედ ქმედებით განმტკიცებული აღთქმა; და ბოლოს, ღმერთი, რომელიც განუწყვეტლივ იმაზე ზრუნავს, რომ ქვეყნიური საცდურებით აღსავსე დროში მყარად იდგე ცოდვაზე გამარჯვებული და ოდესღაც ნაკლოვანებებით დაუძლურებული შენი შინაგანი ამჯერად სისრულით გაფურჩქნილი ყვაოდეს.

სად გაექცევი უფალს ისე, რომ ვეღარ იპოვო? როგორ ან რატომ?

იგია ყოველივე ყოველივეში, მისი ხელის ნამოქმედარს კი გვამცნობს სამყარო.

დაიწყე შენს გულში სიცოცხლის წყაროების ძიება და იგრძენი, რომ ღვთის შემოქმედების ყველაზე დიდი ნაყოფი ხარ.

4 სექტემბერი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

იცოცხლე, ოღონდ მისთვის

გიორგი ოდიაშვილი 14 აგვისტო, 2020
გიორგი ოდიაშვილი

მას შემდეგ, რაც შევიტყვე, იესო ქრისტემ ჩემ გამო აიტანა ჯვრის ტკივილები და მაჩუქა ის, რასაც ჩემით ვერასოდეს მოვიპოვებდი ‒ თავისუფლება, წარვდექი მის წინაშე და ვუთხარი:

– უფალო, ვიცი იმ საოცარი სიყვარულის შესახებ, რომელიც შენ ჯვარზე დაუმტკიცე კაცობრიობას და მათ შორის მეც და ახლა, უფალო, მითხარი, რა გსურს, რომ შემოგწირო მადლობისა და თაყვანისცემის ნიშნად?

მთხოვე, რაც გენებოს-მეთქი, ვუთხარი და სწრაფად და აღელვებით ჩამოვთვალე ის ცხოველები, რომლებიც პირველად მომივიდა გონებაში ‒ რაც არ უნდა იყოს, ყველაფერს გავიღებ-მეთქი… მაშინ ჯერ კიდევ ასე მესმოდა მსხვერპლშეწირვის არსი.

ჩემი აღელვებისა და ემოციების მოზღვავების საპირისპიროდ, ის იდგა და მიყურებდა მშვიდად, თბილად, სიყვარულით, ღიმილით, თითქოს ისე, როგორც მამა ტკბება თავისი შვილის ყურებით, როდესაც პატარა შვილი რაღაცებს „მიედ-მოედება“ და ფიქრობს, რომ ძალიან ჭკვიანურად ლაპარაკობს… ხოლო, რაწამს დავასრულე ჩემი აღელვებული მიმართვა და როგორც იქნა, ამოვისუნთქე, მხარზე ხელი დამადო და მითხრა:

– მართლა მზად ხარ, ნებისმიერი რამ შემომწირო?

– დიახ, იესო, ნებისმიერი რამ! ‒ და აჩქარებით ვუქნევ თავს მეტი დამაჯერებლობისთვის.

– კარგი, თუ ასეა, მინდა, საკუთარი თავი შემომწირო მსხვერპლად…

მისმა ნათქვამმა გამაოცა და შემაშინა თითქოს… მინდოდა, უკან გადამედგა ნაბიჯი, მინდოდა, მაგრამ სითბომ, რომელსაც მისი ხელიდან იღებდა ჩემი სხეული და მისი თვალებიდან ჩემი სული, მაიძულა, ადგილზე დავრჩენილიყავი.

– როგორ, უფალო? შემოგწირი საკუთარი თავი? შენ გსურს, რომ თავი მოვიკლა?!

დიახ, სწორედაც რომ ასე იყო ოდითგანვე: მსხვერპლი არ არის მსხვერპლი, თუ რამე, ან ვინმე, მავანი, სიკვდილს არ განიცდის…

ამის გამგონ იესოს სახეზე არსებული ღიმილი სიცილად გადაექცა და მე ვუყურებდი სამყაროში ყველაზე მშვენიერ სანახაობას, იესოს სიცილს, საკმაოდ გულიანს, ისე, რომ სათნოება და სიწმინდე არ მოშორებია მის სახეს.

– არა, რაღაც ვერ გაიგე, შვილო, არ მსურს, თავი მოიკლა. მსურს, იცოცხლო, ოღონდ ჩემთვის…

იცოცხლო, ოღონდ ჩემთვის… იცოცხლო, ოღონდ ჩემთვის… იცოცხლო, ოღონდ ჩემთვის ‒ ექოსავით ჩამესმოდა ეს სიტყვები და ახლაც ჩამესმის გულში.

და აი, იმწამს, როდესაც ეს სიტყვები მითხრა, მე განვიცადე სიკვდილიც და განვიცადე სიცოცხლეც.

დიახ, ერთ წამში, მომენტალურად, განვიცადე „ჯვარცმა“ და „მკვდრეთით აღდგომა!“

იმ დღის შემდეგ მე აღარ შემიძლია, ვიყო ის, ვინც იმ დღემდე ვიყავი, თუკი ვინმე ვიყავი საერთოდ… რადგან ვფიქრობ, ქრისტეს გარეშე არავინ ვყოფილვარ.

არ შემიძლია, მომწონდეს ის, რაც მანამდე მომწონდა. არ შემიძლია, ვიცხოვრო იმისთვის, რისთვისაც მანამდე ვცხოვრობდი.

ქრისტესთან შეხვედრის შემდეგ აღარ შემიძლია ქვეყნიერებასთან მეგობრობა, თუმცაღა მანამდე არ შემეძლო მის გარეშე.

ამ დიდებული შეხვედრის შემდეგ აღარ შემიძლია ცოდვასთან შეგუება, თუმცაღა მანამდე ერთი დღეც არ გამეტარებინა ცოდვის ძიებისა და მისკენ ლტოლვის გარეშე.

იმ საოცარ დღეს იესომ დავდაყირა დააყენა ჩემი ცხოვრება, ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე ვფიქრობდი. რეალურად კი ჩემი ცხოვრება ქრისტემდე იყო თავდაყირა, მან კი ყველაფერი თავის ადგილზე დააბრუნა…

და რამდენი წამი, საათი, დღე თუ წელიც არ უნდა გავიდეს იმ შეხვედრის შემდეგ, ჩემს გულში მაინც ისმის მკაფიო ხმა, რომელიც ამბობს: მსურს იცოცხლო, ოღონდ ჩემთვის. იცოცხლო, ოღონდ ჩემთვის. ოღონდ ჩემთვის.

დიახ, იმ დღეს იესომ განმაახლა და შეცვალა ჩემი ცხოვრება და ეს არის საუკეთესო ცვლილება, რაც შეიძლება მოხდეს ადამიანის ცხოვრებაში!

14 აგვისტო, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

შენ ხელახლა გამომძერწე…

თამუნა ბაღდავაძე 7 აგვისტო, 2020
თამუნა ბაღდავაძე

მაშინ, როდესაც სულდამძიმებული და სასოწარკვეთილი, მარტოდმარტო აღმოვჩნდი მთელი სამყაროს წინაშე ‒ დიდი, დაუნდობელი, ცივი, გამსამართლებელი და შეუბრალებელი სამყაროს წინაშე, შორიდან დამინახე ‒ ყველაზე დამდაბლებული, უსუსური, ყველაზე უიმედო და განადგურებული. შორიდან დამინახე და შენს ყურადღებას არ გამოჰპარვია ჩემი ტკივილი და სასოწარკვეთა. შენს ყურადღებას არასოდეს გამოეპარება მოდრეკილი გული. ყველაზე დამდაბლებულს ჭეშმარიტად ყველაზე ამაღლებული ხედავს.

შენ ერთადერთს გესმის ბაგეების ყველაზე ჩუმი ბუტბუტი, რომელიც სულის ჩახშული ყვირილია. არასოდეს გამორჩება შენს სმენას ადამიანის ყველაზე უხმო და ამავ დროს ყველაზე ძლიერი, უსიტყვო ძახილი შენდამი.

მიპოვე, დამინახე, მოხვედი, გადამარჩინე და გამომისყიდე. შენ ერთადერთმა გაამთელე და განკურნე ჩემი დასახიჩრებული სული და ნაკუწ-ნაკუწებად დაგლეჯილი გული ხელახლა შეასისხლხორცე. შენ ხელახლა გამომძერწე…

და ასე, ამ მდგომარეობაში, როცა არაფერი გამაჩნდა, არც გზა, არც მიზნები, არც სიცოცხლის აზრი, არც გეგმები და არც არაფერი, მაშინ შენს ფეხებთან მოვიტანე ჩემი უსარგებლო სიცოცხლე და გული მოგიძღვენი. და მაშინ მივხვდი, რას ნიშნავდა ვიწრო კარიბჭეში შესვლა. მაშინ მივხვდი, თუ რატომ ვერ შედის მრავალი ამ კარიბჭეში და რატომ პოვებენ სიცოცხლის გზას მცირედნი.

მას შემდეგ შენ გახდი ჩემი სიცოცხლე, შენ გახდი ჩემი გზა, ჩემი მიზანი, შენ გახდი ჩემი ცხოვრების აზრი, ჩემი გულის უსასრულო, მარადიული სიყვარული.

და მე ბედნიერი ვარ, რადგან შენ მყავხარ. ვინ მყავს შენზე ძვირფასი, შენზე უკეთესი…

„ცათა სასუფეველი წააგავს განძს, მინდორში დაფარულს, რომელსაც წააწყდება კაცი და ჩამალავს, სიხარულით მიდის და ყიდის ყოველივეს, რაც აბადია, და ყიდულობს იმ მინდორს.“

მათეს სახარება 13:44

7 აგვისტო, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

გამოფიტული გულები

ნატალია ჩიქოვანი 30 ივლისი, 2020
ნატალია ჩიქოვანი

ვდგავარ გაჩერებასთან და ვუყურებ ადამიანებს, რომლებიც ჩემ გარშემო არიან: გარბიან, ეჩქარებათ, განიცდიან… ვხედავ ადამიანებს უკმაყოფილო მიმიკებით, ან მოღიმარი სახით და სხივჩამდგარი თვალებით, რაღაც რომ აბედნიერებთ. ვფიქრობ… მათი ფეხის ნაბიჯს მივყვები, მათი ბედნიერების თუ უბედურების ამოხსნას ვცდილობ და მავიწყდება, სად მივდიოდი.

ისე არაფერი ანაცრისფრებს გარემოს, როგორც ადამიანები ჩვენ გარშემო, ადამიანები გამოფიტული გულებით, დაღლილი თვალებით, წამიერად ბედნიერნი და სათამაშოწართმეული ბავშვებივით წამიერად უბედურნი… რა განსაზღვრავს ჩვენს ბედნიერებას? რა არის ჩვენი სიხარულის წყარო? რამდენი ჩვენგანი ცხოვრობს დღეს გაუდაბურებულ „სულიერ სახლში“, რომელსაც მაცოცხლებელი წყალი არ აქვს?

თითოეული ჩვენგანი საიდანღაც იღებს ძალას და ენერგიას ცხოვრებისათვის. თითოეული ჩვენგანი ჩვენს წყაროს, ჭას ვფლობთ, საიდანაც ვკვებავთ ჩვენს ემოციებს და სულიერ სამყაროს.

ადამიანთათვის ეს წყაროები შეიძლება აღმოჩნდნენ მეგობრები, საყვარელი ადამიანი, საყვარელი საქმე, ინტერნეტი, ნარკოტიკი, აზარტული თამაშები… ყველა და ყველაფერი, რაც გავლენას ახდენს თქვენს ცხოვრებაზე და დამოკიდებულს გხდით. ის, რის გარეშეც არ წარმოგიდგენიათ ბედნიერება და არსებობა.

და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ასე გულმოდგინედ ვცდილობთ, მსოფლიო გამოფიტულ, ემოციებისგან დაცლილ გულთა გალერეად გადაიქცა. ადამიანები დროებით იყუჩებენ სიცარიელით გამოწვეულ ტკივილებს და როდესაც იმედი უცრუვდებათ ვინმეს ან რაიმეს არასრულყოფილების გამო, იმის გამო, რომ მოლოდინი და რეალობა სხვადასხვა განზომილებაში არსებობს, ისინი ტირიან და ეძებენ ახალ „სათამაშოს“ თავის გასართობად…

ჰეი, მეგობარო, საკმარისია თავის მოტყუება. არავის და არაფერს ძალუძს, შეავსოს ქმნილების გულში სიცარიელე, გარდა შემოქმედისა; არავის და არაფერს ძალუძს, აგავსოს ახალი ენერგიით და სიცოცხლის ძალით, გარდა მისი მადლისა; არავის ძალუძს, უყვარდე ისე, როგორც იესო ქრისტემ შეგიყვარა… დროა, შეჩერდე! დროა, შეწყვიტო სირბილი და საკუთარ თავთან სასაუბროდ ჩამოჯდე; გული გადაუშალო შენს გონებას და იფიქრო მარადისობაზე, რომელიც სწორედ იმ ხელშესახებ წუთებზეა დამოკიდებული, რომელსაც ახლა სხვა რამეებზე ფიქრს უძღვნი… დროა, შეჩერდე! დროა, შეჩერდე!..

და შენ რომელი წყაროდან სვამ?


მიუგო იესომ და უთხრა მას: „ყველას, ვინც ამ წყალს დალევს, კვლავ მოსწყურდება. ხოლო ვინც იმ წყალს დალევს, რომელსაც მე მივცემ, საუკუნოდ აღარ მოსწყურდება; რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, მასში იქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებს.” 
იოანეს სახარება 4:13-14
30 ივლისი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ნახევარი სიმართლე სრული სიცრუეა

გიორგი ოდიაშვილი 14 ივლისი, 2020
გიორგი ოდიაშვილი

ერთხელ მინდოდა, დავხმარებოდი ადამიანს, რომელმაც ცხოვრებაში ბევრი რამ დაკარგა ალკოჰოლის გამო…

როდესაც მოვინდომე, მესაუბრა მასთან ღმერთსა და მის ნებაზე ადამიანის მიმართ, ბიბლიის საფუძველზე, მან გამაჩუმა და მკითხა, იცი, რა წერია ბიბლიაში? გაკვირვებულმა ვკითხე, რა წერია, აბა, მითხარი-მეთქი და მანაც მიპასუხა:

„…მიეცით ღვინო სულგამწარებულს.“

(იგავების 31:6).

არც მეტი, არც ნაკლები, ეს იყო ერთადერთი მუხლი ბიბლიიდან, რომელიც ამ ადამიანმა იცოდა, მაგრამ იმდენად ღრმად იყო გამჯდარი მასში ეს პატარა მუხლი, რომ მრავალი მცდელობის მიუხედავად, სამწუხაროდ, „დამარცხებული“ გამოვბრუნდი უკან…

არ ვიცი, ალბათ, კიდევ უნდა მეცადა…

მოვდიოდი და ვფიქრობდი გზაში, ბიბლიაში უამრავი მუხლი ლაპარაკობს თრობის მავნებლობაზე და იმაზე, რომ გამწარებული სულის განსაკურნებლად ღმერთი თავის სულსა და მშვიდობას გვაძლევს, მაგრამ ამ ადამიანმა იცოდა მხოლოდ ის ერთი მუხლი, ის ერთადერთი, რომელიც მას „ნებას რთავდა“, ეცხოვრა თავისი გულისთქმისამებრ…

ვფიქრობდი, სატანას არ აქვს პრობლემა, რომ იცოდნენ ქრისტიანებმა ნახევარი სიმართლე, ნახევარი ჭეშმარიტება, ნახევარი ბიბლია, ის მაინც შეძლებს მათ დატყვევებას და განეიტრალებას თავისი სიცრუის მეშვეობით, ის ხომ მამაა სიცრუისა.

უდაბნოში ყოფნის დროსაც ხომ ასე სცდიდა სატანა უფალ იესოს:

მათე 4:6: „უთხრა: ‘თუ ღმერთის ძე ხარ, გადავარდი აქედან, რადგან დაწერილია: თავის ანგელოზებს უბრძანებს შენზე და ისინი ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ქვას არ წამოჰკრა ფეხი.’“

ზემოთ მოყვანილ მუხლში ყურადღება მიაქციეთ სიტყვას „დაწერილია“.

უწმინდური სატანა ელაპარაკებოდა იესოს წმინდა ღმერთის წმინდა სიტყვიდან და ის ეუბნებოდა სიმართლეს, მაგრამ ნახევარს, და თუ იესოს არ ეცოდინებოდა დანარჩენი ნახევარი სიმართლეც, სატანა აუცილებლად შეძლებდა მის ცდუნებას.

მათე 4:7: „იესომ უპასუხა: ‘ასევე დაწერილია: არ გამოცადო უფალი, ღმერთი შენი.’“

დასკვნა ამისა კი ის არის, რომ უპირველესად, ნუ იქნები ქრისტიანი, რომელსაც შეეშინდება სრული სიმართლის გაჟღერებისა, თუნდაც მტკივნეული იყოს შენთვის და შენი მსმენელებისთვისაც, უთხარი მათ სიმართლე სრულად და მიეცი მათ საშუალება, შეცვალონ თავიანთი ცხოვრება.

და მეორე, თავად შენ ნუ დაკმაყოფილდები ნახევარი სიმართლით, რადგან ის სრული სიცრუეა და ნუ იქნები ქრისტიანი, რომელიც ცდილობს, მოირგოს ღმერთის სიტყვა, იყავი ქრისტიანი, რომელიც მოერგება ღმერთის სიტყვას თავის სრულ ჭეშმარიტებაში მიუხედავად იმისა, რამდენად უსიამოვნო იქნება ეს მისი ხორცისთვის.

14 ივლისი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ახალი ბლოგები
ძველი ბლოგები
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 2

    ღმერთი არ არის საშუალება

    5 დეკემბერი, 2022
  • 3

    მხსნელი უფალი

    26 თებერვალი, 2020
  • 4

    ფიზიკური ნაკლი არ არის პრობლემა…

    7 ოქტომბერი, 2020
  • 5

    მედროვე ადამიანთა ქმედებები…

    22 მარტი, 2019


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ