ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ
  • stories

  • Memories

  • About Me

ბლოგები

იესო, ხელი არ გამიშვა, შენთან ყველაზე უსაფრთხოდ ვარ…

მარიამ ბაიდაშვილი 8 ოქტომბერი, 2020
მარიამ ბაიდაშვილი

ზოგჯერ მიფიქრია, რა იქნებოდა, ბაბუაწვერად რომ დავბადებულიყავი… ცივი ქარი დაუბერავდა, მე გავიფანტებოდი და ზეცისკენ გავფრინდებოდი, უფრო ახლოს ვიქნებოდი შენთან, ვიდრე მიწაზე.

ჩემს ოცნებებში ხან პეპელა ვარ, ხანაც – პატარა ჩიტი თუ ნებისმიერი ფრინველი და ვნატრობ, როგორმე, ფრენით მოვაღწიო შენამდე.

მენატრები, ისე, როგორც არასდროს…

ახლა მატარებელში ვზივარ. გვირაბში ბნელა, ხმაურია. ყურებზე ხელებს ვიჭერ. მეშინია, ხმაური მაშინებს… მინდა, სინათლე დავინახო; მინდა, ვაგონები გაჩერდეს; შეწყდეს ქაოსი; გავიქცე, გავაღწიო ამ უსასრულო გვირაბიდან, რომელშიც მარტო ვარ. ზეცა მინდა დავინახო, ერთი წამით მაინც შევეხო, ერთი წამით მაინც ვიყო იქ, შენთან ახლოს… იმიტომ, რომ ზეცაში ავად არავინ ხდება. მე კი ავად გავხდი და ძალიან, ძალიან მტკივა…

გახსოვს, როდესაც პირველად საავადმყოფოში შევედი, ყველა ექიმი შენ გგავდა თეთრი, გაწკრიალებული ხალათითა და ფითქინა ხელებით, მაგრამ თეთრი ხალათის შიგნით მათი სამოსი მუქი და დასვრილი იყო, შენ კი მთლიანად თეთრი ხარ, შენში პატარა სიბნელესაც კი ვერავინ ნახავს. არასდროს მომწონდა სიბნელე, ამიტომ ყველგან გეძებდი…

მათ ვერ მომარჩინეს. ისინი სუსტები არიან. ამბობენ, რომ გიშველიან, მაგრამ მათი სიტყვები ტკივილგამაყუჩებლებსა და აბებზეა დაყრდნობილი, ჩემი ლოცვა კი – შენს სიტყვებზე; რადგან შენ ამბობ და სიტყვები მაშინვე ცოცხლდება, ხორცს ისხამს; ისე, როგორც პატარა ყვავილი აპობს ასფალტს, იშლება და სურნელებით ავსებს გარემოს.

მენატრები, ისე, როგორც არასდროს…

მატარებელი არ ჩერდება, ისევ ხმაურია. უფალო იესო, გული დამეღალა, ადამიანებმა დარდი დამიტოვეს და წავიდნენ. მე ვბრაზობ მათზე. ისე, რომ ზოგჯერ სიძულვილით ვივსები და მინდა, ისევე ეტკინოთ, როგორც მე მატკინეს. მიფიქრია, რომ მათი ხელები ყველაფერს, ყველაფერს აფუჭებს, თავად ჩემს გულსაც…

იცი, კიდევ რატომ მინდა ზეცაში? იმიტომ, რომ ცა სუფთაა… სუფთაა, რადგან ადამიანის ხელები ვერ სწვდება მას…  არა!  არ გავბრაზდები!  შენ დუმდი, როცა გტკიოდა. დუმდი და იდექი ისე მტკიცედ, როგორც ბუმბერაზი მთა. მეც სწორედ ამგვარი პატიება მინდა, რომ მასწავლო, უფალო იესო. ისეთი პატიება, როგორიც შენ იცი. ადამიანებმა უამრავი სასიკვდილო ჭრილობა და უდიდესი ტკივილი მოგაყენეს, მაგრამ შენ მაინც შესძახე: „აპატიე, მამაო, მათ!..“

მოდი და შენი სიმშვიდის ფერით შეღებე ჩემი გული, შენი სიყვარულის ფერით გამაფერადე, რომ განვიკურნო… რომ გვირაბიდან გავაღწიო… გაჩერდეს მატარებელი და ჩამოვიდე, სინათლისკენ გავიქცე, ზეცა დავინახო, ხმაური შეწყდეს…

ჯერ ისევ მატარებელში ვზივარ, მაგრამ მგონია, რომ გვერდით იესოც მომიჯდა, რადგან, ხმაურის მიუხედავად, მშვიდად ვარ, გავთბი, აღარ მცივა და მახსენდება სიტყვები, რომლებიც იესო ქრისტემ მაჩუქა: „ახლოს არის უფალი ყველა თავის მლოცველთან, ვინც მას მოუხმობს ჭეშმარიტებით.“ მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ისმის ხმაური, ჯერ კიდევ ელი სინათლეს, შენ იცი, რომ მარტო არ ხარ, რადგან დაუძახებ და შენთან მოვა, ყველაზე ერთგული მეგობარი, იესო, რომელიც არასოდეს, არასოდეს გავნებს. მხოლოდ მასთან ვარ სრულიად უსაფრთხოდ და მხოლოდ ისაა ყველაზე ძვირფასი ჩემთვის!..

8 ოქტომბერი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ფიზიკური ნაკლი არ არის პრობლემა…

მიმი ტიელიძე 7 ოქტომბერი, 2020
მიმი ტიელიძე

16 წლის წინ ლამის მამა დავკარგე. ზამთრის ცივი, სუსხიანი დღე იდგა. მამა თავის სანადირო თოფსა და ტყვიებს წმენდდა. შემთხვევით, წმენდისას, ზედმეტი ხახუნის გამო, ერთ-ერთი ტყვია გასკდა, ნაწილებად დაიშალა და მამას სხეულში გაიფანტა. მამა სისხლისგან იცლებოდა და მე, მისი 7 წლის ქალიშვილი ამას ვხედავდი. ვხედავდი, როგორ მეცლებოდა ხელიდან, მაგრამ არ შემეძლო მისი შველა. მახსოვს, მე და ჩემი 8 წლის ძმა ვტიროდით და ღმერთს ვეხვეწებოდით, რომ მამა გადაერჩინა. განა 7-8 წლის ბავშვს რწმენა მოეკითხება? მაგრამ მე 7 წლის ასაკშივე ვიცოდი, რომ იქ, სადღაც, ზეცაში ღმერთი არსებობდა, რადგან წლების წინ ასე მითხრეს და მეც მჯეროდა. ჰოდა, სწორედ ამ ღმერთს ვთხოვდი დახმარებას, რადგან ვიცოდი, რომ მამას სხვა ვერავინ გადამირჩენდა. აბსოლუტურად ყველას დავავიწყდით. მამას პრობლემით გარემოცულებს, ჩვენ, ბავშვები აღარავის ვახსოვდით; მაგრამ არ დავვიწყებივართ ღმერთს, რომელმაც ბავშვების ღაღადი შეისმინა. შეისმინა და მამას ახალი შანსი აჩუქა… ძალიან ბევრი სისხლის დაკარგვის მიუხედავად, მამა გადარჩა. თუმცა მას მარცხენა ხელზე თითები აღარ აქვს, ფიზიკური ნაკლი დარჩა. ამის შემდეგ მას დიდი ხანი დასჭირდა, რომ საკუთარი თავისთვის ნორმალურად შეეხედა და მუშაობა განეახლებინა.  

სოფელში ვცხოვრობდით, რაც იმას ნიშნავდა, რომ მამას ხელში თოხი და ბარი უნდა აეღო. როგორია მუშაობა, როცა თითები არ გაქვთ? ამაზე თუ დაფიქრებულხართ, მიხვდებით, რომ ძალიან რთულია; მაგრამ მამაჩემმა ის დიდი ფსიქოლოგიური სტრესი გადალახა და რამდენიმე თვეში ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა.

მახსოვს, ხშირად როგორ ვხედავდი საკუთარ მამას, რომელიც ბაღში იდგა, ერთი ფეხი ბარზე ედო, მარცხენა ხელი კი – ბარის ტარზე და ცდილობდა, რომ მიწა დაებარა. უჭირდა, არ გამოსდიოდა, ოფლში იწურებოდა, ხანაც თვალებიდან სიმწრის ცრემლი სცვიოდა, მაგრამ ბრძოლას მაინც აგრძელებდა და სახლში არ შემოდიოდა. მის ცრემლებს მე ვხედავდი, ვხედავდი და გულში ვიმარხავდი, რადგან მაშინ კარგად არ მესმოდა, რას განიცდიდა მამა…

დღეს ის წარმატებით აგრძელებს სოფელში ცხოვრებასა და მუშაობას. ახლა, როდესაც მამაჩემს ვუყურებ, მასში არ ვხედავ ადამიანს, რომელსაც თითები აკლია; არამედ ვხედავ, რომ არანაირ ფიზიკურ ნაკლს არ შეუძლია, მისი სიყვარული გამიქროს. ვხედავ იმასაც, რომ არანაირ ფიზიკურ ნაკლს არ ძალუძს, ერთმანეთს დაგვაშოროს, რადგან თუ მამას ჩემი ჩახუტება სურს, ამაში ხელს ვერაფერი შეუშლის; თუ მამას უნდა, კალთაში ჩამისვას, ამას ახლაც ისევე ახერხებს, როგორც წლების წინ; თუ მამას სურს, გულზე დამიწვინოს და მომეფეროს, ამას ისევ აკეთებს, თან იმ ხელით, რომელსაც თითები აღარ ამკობს, მაგრამ ეს მამაჩემის ფასს დაბლა სულაც არ სწევს.

თქვენც თუ გყავთ ასეთი ადამიანები გვერდით, არასოდეს მიუთითოთ ფიზიკურ ნაკლზე, საერთოდ არც კი შეეხოთ ამ საკითხს, რადგან ეს ძალიან მტკივნეულია მათთვის. ნუ შეახსენებთ მათ, რომ რაღაც აღარ გააჩნიათ, არამედ, ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რასაც ფლობენ ისინი: სიყვარულზე, პატიების უნარზე, შრომისმოყვარეობაზე, ნიჭიერებაზე…

პრობლემა არა ფიზიკური ნაკლი, არამედ მისი ნაკლოვანებად აღიარებაა.

ჩაიხედეთ გულში, რამდენი ჩვენგანი გულით ხეიბარია, გულით კოჭლია, გულით ავადმყოფია, მაგრამ ღმერთს არასდროს უთქვამს უარი ჩვენზე, პირიქით, ის მუდმივად მზად არის, რომ ჩვენ – უზომოდ ბევრი ნაკლის მქონე ადამიანებს – მოგვეფეროს და უნაკლონი გაგვხადოს.

ნუ შევაფასებთ გარეგნობით, რადგან აუცილებლად ვიპოვით ნაკლს ყველა ადამიანში. მთავარი სხეულის სილამაზე კი არა, სულის სილამაზეა.

7 ოქტომბერი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

მაღლიდან ჩამომავალი სიბრძნე…

თორნიკე ხუბაშვილი 6 ოქტომბერი, 2020
თორნიკე ხუბაშვილი

წმინდა წერილს ყოველთვის შეუძლია, ამოგვიცნოს ჩვენს ქმედებებში და მოგვცეს სწორი მიმართულება. იხილეთ განსხვავება ადამიანურ სიბრძნესა და ღვთიურ სიბრძნეს შორის.

იაკობის წერილის მე-3 თავი, 13-16 მუხლები:

  1. ვინ არის თქვენ შორის ბრძენი და განსწავლული? კარგი საქციელით აჩვენოს თავისი საქმეები, ბრძნული თავმდაბლობით.
  2. მაგრამ თუ გული მწარე შურითა და შუღლით გაქვთ სავსე, ნუ ტრაბახობთ და ნუ ცრუობთ ჭეშმარიტების წინააღმდეგ.
  3. ეს არ არის მაღლიდან ჩამომავალი სიბრძნე, არამედ მიწიერი, მშვინვიერი, ეშმაკური.
  4. რადგან, სადაც შური და შუღლია, იქ შფოთი და ყოველგვარი ბოროტმოქმედებაა.

შურსა და შუღლზე დაფუძნებული, კარგად მოფიქრებული გეგმაც კი დასრულდება ბოროტი ნაყოფებით, რამეთუ ღმერთი ამ სიბრძნეს ეშმაკურს უწოდებს.

  1. ხოლო მაღლიდან ჩამომავალი სიბრძნე, პირველ ყოვლისა, წმინდაა, შემდეგ მშვიდობიანი, თავმდაბალი, მორჩილი, წყალობითა და კეთილი ნაყოფით სავსე, მიუკერძოებელი და უთვალთმაქცო.
  2. სიმართლის ნაყოფი მშვიდობაში ეთესებათ მშვიდობისმყოფელთ.

დააკვირდით:

– „პირველ ყოვლისა, წმინდაა“ – არ აქვს ეგოისტური მიზნები.

– მისი მიზანია მშვიდობა.

– მასში არაა ამპარტავნობა.

– მასში არ არის დაუმორჩილებლობა.

– სავსეა წყალობით და კეთილი ნაყოფით.

– არ არის მიკერძოებული.

– მასში არ არის თვალთმაქცობა.

იაკობის წერილის 1-ლი თავი, მე-5 მუხლი:

„თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, დაე, სთხოვოს ღმერთს, ყველასთვის უხვად და დაუყვედრებლად გამცემს, და მიეცემა.“

6 ოქტომბერი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ცეცხლით და ძალით

ბაჩუკი დოდაშვილი 6 ოქტომბერი, 2020
ბაჩუკი დოდაშვილი

ძმებო და დებო, სამყარო შეიცვალა, ყოველ დღეს პირისპირ ვეჯახებით, და ვიბრძვით, რომ სრულვყოთ იგი.

მე უნდა ვიყო წმინდა…

მე უნდა შევწყვიტო ეს…

უნდა უარვყო ჩემი ძველი ბუნება.

უნდა მივუძღვნა ჩემი სიცოცხლე ქრისტეს მთლიანად.

სრულად უნდა გავსუფთავდე.

მე მაქვს მრავალი ნაკლი, მე არ ვარ მზად, ვიყო ნათელი…

ვცდილობთ, მივაღწიოთ სიწმინდეს და ველით, როდის აღსრულდება ეს.

მეგობრებო…

ჩვენ ომში ვართ! ნუთუ ბრძოლისას არ ისვრებიან?

ნუთუ არ აქვთ ჭრილობა?

ნუთუ არ იღლებიან?

ნუთუ არ სტკივათ?

ნუთუ არ უნდა ებრძოლონ მტერს?

ნუთუ გვერდით მდგომ მებრძოლს, დაჭრილს და დაგდებულს, არ ჩაჰკიდონ ხელი? ნუთუ არ უნდა წასწიონ საბრძოლო სანგრები წინ?

ჩვენ ომში ვართ!!!

ავიღებ ღვთის მადლს, მის რწმენას, მის წყალობას, მის სიყვარულს და მხოლოდ მასზე მინდობილი წავალ იქ, სადაც ცხელა, სადაც სიბინძურეა, სადაც ყოფნა არავის სურს… წავალ და დავდგამ დროშას იმიტომ, რომ მე გავიმარჯვებ, მე დავიმკვიდრებ ყველაფერს უფლის დახმარებით!

ომში… ომში… ომში…

იქ სუფთა სამოსით არავინაა.

იქ არიან ან მტრები, ან მოყვარენი.

მე უფლის ბანაკში ვიბრძოლებ.

და როცა გავიმარჯვებ, მივიღებ გვირგვინს და ყველაფერს, რაც უფალმა გამიმზადა…

არ დაკარგო დრო…

მტერი არ ჩერდება, ის შეცდომებზე არ ბრკოლდება, წინ და წინ მიიწევს მუდამ.

არ დათმო დრო!

დაიპყარი ის, რაც შენ გეკუთვნის!

ეს ომია!..

6 ოქტომბერი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

არიან ადამიანები…

ნატალია ჩიქოვანი 22 სექტემბერი, 2020
ნატალია ჩიქოვანი

☝️ VS 🤲  არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რა როგორ უნდა იყოს და არიან ადამიანები, რომლებიც ქმნიან ისეთ გარემოს, როგორიც უნდა იყოს ის.

👉 VS 🙌 არიან ადამიანები, რომლებიც გამუდმებით ჭკუას გასწავლიან და არიან ადამიანები, რომლებიც მაგალითს გაძლევენ საკუთარი ცხოვრებით.

🗣 VS ✊ არიან ადამიანები, მუდამ რომ სხვებს აკრიტიკებენ და არიან ადამიანები, საკუთარ თავს რომ ცვლიან.

🤏 VS 🥰 არიან ადამიანები სიყვარულის ნაკლებობაზე რომ ჩივიან და არიან ადამიანები, სიყვარულს რომ ასხივებენ.

👤 VS 👥 არიან ადამიანები თავის მარტოობაში სხვებს რომ ადანაშაულებენ და არიან ადამიანები – მეგობრებისთვის გზად და ხიდად გადებულნი ცხოვრების
ჯურღმულებზე.

🙄 VS 🤗 არიან ადამიანები, მათ წინაშე რომ მთელი მსოფლიო ვალშია და არიან ადამიანები, საკუთარ სიცოცხლეს და ენერგიას რომ კაცობრიობის კეთილდღეობას ახმარენ.

😤 VS 😇 არიან ადამიანები, გამუდმებით რომ წუწუნებენ და არიან ადამიანები, სხვათა ტვირთს რომ უხმოდ ეზიდებიან.

📘 VS ✝️ არიან ადამიანები, რომლებიც თეოლოგიას გასწავლიან და არიან ადამიანები, ქრისტეს რომ გიჩვენებენ საკუთარი ცხოვრებით.

არიან ადამიანები…

და შენ როგორი ადამიანი ხარ?

22 სექტემბერი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

რა იქნება სიკვდილის შემდეგ?

თაკო გამგებელი 21 სექტემბერი, 2020
თაკო გამგებელი

ხალხის ნაკადს მივყვებოდი. ზოგი ტიროდა, ზოგიც ჩუმად ბუტბუტებდა. ალბათ, ზეცამდე აღწევდა განწირული, ტკივილით სავსე ხმები. მზის სინათლით გაბრწყინებულ ცის კამარას რიდესავით რომ დაფარავს ხოლმე დატვირთულ-გაშავებული ღრუბლები წვიმის წინ, ირგვლივ ჩამოაბნელებს და მოულოდნელად, თვალისმომჭრელ ნათებას გამაყრუებელი ქუხილის ხმაც მოჰყვება, ზუსტად ასე აზანზარებდა საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილით დამძიმებულ ადამიანთა ტირილი, რომელიც ქუხილივით არღვევდა გამაყრუებელ სიჩუმეს…

– რა იქნება სიკვდილის შემდეგ? – ვკითხე საკუთარ თავს მაშინ.

შიში აჩრდილივით ჩასახლდა ჩემს სხეულსა და გონებაში.

სიკვდილი რომ მოვიდოდა ერთ დღეს სტუმრად, ეს ვიცოდი. არც ის მაშინებდა, რომ მომიწევდა – მას გავყოლოდი, მაგრამ სად, ეს არ ვიცოდი. სწორედ ეს მაშინებდა და გონებას მიფორიაქებდა.

გადარჩენის გზის ძებნა არ დამჭირდა, ის თავად მოვიდა ჩემთან და მოხსნა მძიმე ბორკილები ჩემს გულს, რომელიც სიკვდილის შიშით ჩაკეტილიყო.

სადაც ღმერთია, იქ სიკვდილი ვერ გაიმარჯვებს.

განა სიკვდილის დასამარცხებლად არ განკაცდა ღვთის ძე?  მოვიდა კაცთა შორის, აქ, ცოდვილ დედამიწაზე, იმისთვის, რომ თავისი სისხლის თითოეული წვეთით გამოესყიდა ჩვენი – ყველას ცოდვა და ამ ცოდვის საზღაური არ გვეწვნია.

თუ შენს გულში ბუდობს სიკვდილის შიში, დროა, დაემშვიდობო მას და ღმერთს გაუღო კარი, რადგან თავად ღმერთია სიყვარული და სადაც სიყვარულია, იქ სხვანაირად ცოცხლდები.

21 სექტემბერი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

დღეს მე არ მოვკვდი…

ნატალია ჩიქოვანი 18 სექტემბერი, 2020
ნატალია ჩიქოვანი

დილით ბავშვებისთვის არ მიკოცნია, ონლაინგაკვეთილებს უსხდნენ.  მეუღლეს ეზოში დავშორდი, ხელი დავუქნიე და საღამომდე-მეთქი, მივაძახე.

ჩქარი ნაბიჯით გავუყევი ტროტუარს. გაჩერებასთან ტაქსი იდგა. ისნამდე მივდივარო, მითხრა და ვიფიქრე, სამსახურში დაგვიანებას სჯობდა, მეტროთი გავიდოდი დიდუბეში. ჩავჯექი, საქარე მინას ჩავუწიე და ფიქრებში გადავეშვი. ფანჯრიდან ვიყურებოდი და ვფიქრობდი ათას რამეზე:  მსხვილმანებზე, წვრილმანებზე, ბავშვებზე, სკოლაზე, უსკოლობაზე, სახლზე, სამსახურზე, მეგობრებზე. ბევრ რამეს მისწვდა ჩემი ფიქრი.  ჰო, მადლიერებაზეც ვფიქრობდი, ვფიქრობდი, როგორი მადლიერი ვარ ღმერთის – ყველასა და ყველაფრისთვის, ვინც მყავს და რაც მაქვს-მეთქი. ვფიქრობდი, რომ მადლიერება უფლისადმი იმ დაკეტილი კარის გასაღებია ჩვენს ცხოვრებაში, რომლის მიღმაც სულიერი მშვიდობა და სიხარული, კმაყოფილება და ბედნიერებაა. ვფიქრობდი და ვიღიმებოდი…

ავტომობილი ძალიან სწრაფად მიჰქროდა, მაგრამ ვიფიქრე, რომ ავტობანზე არა უშავდა, და ერთით კარგიც კი იყო – არ დავაგვიანებდი.

„მესენჯერზე“ შეტყობინება მომივიდა, ინგლისურის მასწავლებელი ბავშვებს „თიმსში“ ელოდებოდა, როგორც ჩანს, „აპი“ ისევ „ჭედავდა“ და არ აჩვენებდა აქტივობას. მერე ჩვენ წინ ვიღაცამ მოულოდნელად დაამუხრუჭა. მუხრუჭების წივილის ხმა შემზარავი იყო, და მკვეთრი, მოულოდნელი მოხვევა… ტელეფონი ხელიდან გამიფრინდა. წინ, ოდნავ მოშორებით მანქანების გრძელი კოლონა იდგა, ჩვენ კი ალბათ 140 კმ/სთ სიჩქარით მივფრინავდით. ყოველ მომდევნი წამს გვეგონა, რომ საცობში მდგომ რომელიმე მანქანას ვეჯახებოდით. არ ვიცი, როგორ ჩნდებოდა გასაძრომ-გამოსაძრომი ავარიის გამო შექმნილ საცობში; მძღოლი ვერც სიჩქარეს ანელებდა იმის გამო, რომ ვერ ამუხრუჭებდა. მუხრუჭი ნიშნავდა, რომ ვიღაცას დავეჯახებოდით, ამიტომ კვლავ მივქროდით და მკვეთრად ვუხვევდით. ალბათ, 30-40 წამი გავიდა, სანამ სასწაულებრივად გავცდით საცობს და კიდევ 15-20 წამი დასჭირდა სიჩქარის შენელებას გაჩერებამდე… 1 წუთი – რომელიც სიკვდილთან გასაუბრებას ჰგავდა თითოეული ჩვენგანისთვის. ყველა ვტიროდით…

ჩვენ ყველამ გავიფიქრეთ, რომ ეს ერთი წუთი იყო ბოლო ჩვენს ცხოვრებში. ალბათ, ყველას გაგვირბინა თვალწინ ჩვენმა ცხოვრებამ. მე გამახსენდა, რომ შვილებისთვის არ მიკოცნია… ქმრისთვის არ მითქვამს, რომ მიყვარს… რომ გუშინ მშობლებთან არ დამირეკავს…

დღეს არ მოვკვდი, მაგრამ დღეიდან ვიცხოვრებ ისე, თითქოს ყოველი დღე ბოლოა ჩემს ცხოვრებაში, თითქოს აღარ მაქვს მეტი წუთი… იმ მომენტში, როცა ვფიქრობდი, რომ ყველაფერი მთავრდებოდა, ყოველივე მატერიალური უაზრობად იქცა ჩემთვის, ყველა წყენა და ყველა ტკივილი გაფერმკრთალდა.

ახლა ვზივარ, ვწერ და თან ვფიქრობ: თუ ადამიანებს ეცოდინებოდათ, რომ რამდენიმე წუთის მერე გარდაიცვლებიან, რომ ღმერთის თვალებში მოუწევთ ჩახედვა, ალბათ, ძალიან ბევრ რამეს უბრალოდ არ გაიფიქრებდნენ, ძალიან ბევრ სიტყვას არ იტყოდნენ და ბევრ რამეს არ გააკეთებდნენ… და პირიქითაც, ბევრ ისეთ რამეზე დაიწყებდნენ ფიქრს, რაზეც აქამდე არ უფიქრიათ. ბევრ თბილ სიტყვას იტყოდნენ, სიყვარულს დათესავდნენ ირგვლივ და გააკეთებდნენ ისეთ რამეებს, რაც ღირებულია და რასაც ეგოიზმთან არაფერი აქვს საერთო…

დღეს არ მოვკვდი, მაგრამ ვიფიქრებ, რომ ყოველდღე უნდა მოვკვდე…

ჩემი ლექსიკონიდან ამოვშლი სიტყვას „ხვალ“, ვიცხოვრებ დღეს, ამწუთას, ამწამს და არასდროს გადავდებ იმას, რის გაკეთებაც ახლა შემიძლია.

და თქვენც, იცხოვრეთ, მეგობრებო, დღეს იცხოვრეთ, დღეს მოეფერეთ, დღეს უთხარით, რომ გიყვართ, დღეს აპატიეთ, დღეს გაეცით, დღეს მოინანიეთ, დღეს შეიცვალეთ… რადგან, შესაძლოა, „ხვალ“ აღარც კი დადგეს…

დღეს მე არ მოვკვდი…

18 სექტემბერი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

მისი ფურცლები სისხლივით ელავს…

თაკო გამგებელი 11 სექტემბერი, 2020
თაკო გამგებელი

უჩვეულოდ გრილი და ღრუბლიანი დღე იყო, მცხუნვარე ზაფხულს რომ არ შეჰფერის, მაგრამ თან მონატრებული ნიავით ტკბები.

აქამდე ლურჯად მოელვარე ცის კამარა მოწყენილ და სევდისგან დატვირთულ ღრუბლებს დაეფარა.

დიდხანს ვაკვირდებოდი გოგონას, რომელიც პატარა, მყუდრო აივანზე იჯდა და კითხულობდა. ხან იღიმოდა, ხან ცრემლებიც მოეძალებოდა. საკმაოდ დიდხანს ინტერესით ჩაჰკირკიტებდა წიგნს. თითქოს აქამდე ასეთი არაფერი განუცდია, თითქოს აქამდე არცერთ წიგნს არ უთქვამს სათქმელი ასე ზუსტად და სრულყოფილად. იცით, როგორი სუფთა იყო? წყლის წვეთივით სუფთა და უმანკო… ასე ჩანდა… გოგონას ბობოქარი ზღვისფერი თვალები მისი სულის სიწმინდეზე მეჩურჩულებოდნენ. სხვანაირად ლამაზი იყო, სხვანაირად უყურებდა სამყაროს, ეს ერთი შეხედვითაც ჩანდა. აივნის ყვავილებს შორის მხოლოდ ერთი ვარდიღა შემორჩენილიყო, ისიც გოგონასავით ლამაზი და მომხიბვლელი. მისი უჭკნობი ფურცლები ჯერ კიდევ სისხლივით ელავდა. გოგონამ სევდიანი თვალებით, დიდი მოკრძალებით მოწყვიტა უჭკნობი ვარდი და წიგნში ჩადო…

ბოლოს დაჯდა და ჩუმად ჩაიბუტბუტა: „ეს ვარდიც შენსავით უჭკნობი და მარადიულია. მისი ფურცლები კი შენი სისხლივით ელავს, იესო! სისხლივით, რომელიც ჩვენთვის დაიღვარა, უფალო!“

11 სექტემბერი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

მოუსმინე საკუთარ გულში მოსაუბრე ღმერთს

თაკო გამგებელი 11 სექტემბერი, 2020
თაკო გამგებელი

ქარის ხმამ გამაღვიძა, წამოვიწიე, ფანჯარას მივაშტერდი. ცა ღრუბლიანი და ნისლისფერი იყო. ეს დღეც არაფრით გამორჩეული ჩანდა. მოსაწყენი ყოველდღიურობა კვირების, თვეების, წლების განმავლობაში რუტინასავით მეორდებოდა. ფანჯარას თვალი მოვწყვიტე. კითხვა დავიწყე. ქარის ზუზუნსაც დიდხანს ვუსმენდი. თითქოს მეჩურჩულებოდა ყურთან ახლოს.

ის მეუბნებოდა, რომ წინ რაღაც არაჩვეულებრივი და გასაოცარი მელოდა, მთავარია, მომესმინა მისთვის, ვინც სადღაც, გულის კუნჭულში მესაუბრებოდა ყოველ ღამით. მან ისიც მითხრა, რომ იქ, მაღლა, ზეცაში, ღრუბლებს მიღმა, შორს, ძალიან შორს, არის ის, ვისაც ძალიან ვუყვარვარ.

უჩვეულოდ გამეღიმა, გულში სითბო ჩამეღვარა. უმალ ვკითხე უცნობ მოსაუბრეს: მართლა ვუყვარვარ?

„დიახ, მას ყველა ძალიან უყვარს, ყველას ბედნიერება და გადარჩენა სურს!“ ისევ გამეღიმა.

ვიღაცას, ამხელა დედამიწაზე, ყველა უყვარდა და ყოველი ჩვენგანის ბედნიერება სურდა. „ის აქ არის, შენ გვერდით. მას უნდა, რომ გაიღიმო, არ მიიჩნიო ეს დღე მოსაწყენად და ბედნიერი იყო!..“

ჩამესმა სიტყვები მკაფიოდ. მზემაც გამოანათა. გარშემო სითბომ და სინათლემ დაისადგურა. მე კი დავუჯერე უცნობ ხმას. გავიღიმე. ბიბლია დავხურე და მზის ნათებით დავტკბი.

11 სექტემბერი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ახალი ბლოგები
ძველი ბლოგები
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 2

    მხსნელი უფალი

    26 თებერვალი, 2020
  • 3

    ღმერთი არ არის საშუალება

    5 დეკემბერი, 2022
  • 4

    ფიზიკური ნაკლი არ არის პრობლემა…

    7 ოქტომბერი, 2020
  • 5

    მედროვე ადამიანთა ქმედებები…

    22 მარტი, 2019


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ