ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ

ფიზიკური ნაკლი არ არის პრობლემა…

მიმი ტიელიძე 7 ოქტომბერი, 2020
მიმი ტიელიძე 7 ოქტომბერი, 2020 415 ნახვა
415

16 წლის წინ ლამის მამა დავკარგე. ზამთრის ცივი, სუსხიანი დღე იდგა. მამა თავის სანადირო თოფსა და ტყვიებს წმენდდა. შემთხვევით, წმენდისას, ზედმეტი ხახუნის გამო, ერთ-ერთი ტყვია გასკდა, ნაწილებად დაიშალა და მამას სხეულში გაიფანტა. მამა სისხლისგან იცლებოდა და მე, მისი 7 წლის ქალიშვილი ამას ვხედავდი. ვხედავდი, როგორ მეცლებოდა ხელიდან, მაგრამ არ შემეძლო მისი შველა. მახსოვს, მე და ჩემი 8 წლის ძმა ვტიროდით და ღმერთს ვეხვეწებოდით, რომ მამა გადაერჩინა. განა 7-8 წლის ბავშვს რწმენა მოეკითხება? მაგრამ მე 7 წლის ასაკშივე ვიცოდი, რომ იქ, სადღაც, ზეცაში ღმერთი არსებობდა, რადგან წლების წინ ასე მითხრეს და მეც მჯეროდა. ჰოდა, სწორედ ამ ღმერთს ვთხოვდი დახმარებას, რადგან ვიცოდი, რომ მამას სხვა ვერავინ გადამირჩენდა. აბსოლუტურად ყველას დავავიწყდით. მამას პრობლემით გარემოცულებს, ჩვენ, ბავშვები აღარავის ვახსოვდით; მაგრამ არ დავვიწყებივართ ღმერთს, რომელმაც ბავშვების ღაღადი შეისმინა. შეისმინა და მამას ახალი შანსი აჩუქა… ძალიან ბევრი სისხლის დაკარგვის მიუხედავად, მამა გადარჩა. თუმცა მას მარცხენა ხელზე თითები აღარ აქვს, ფიზიკური ნაკლი დარჩა. ამის შემდეგ მას დიდი ხანი დასჭირდა, რომ საკუთარი თავისთვის ნორმალურად შეეხედა და მუშაობა განეახლებინა.  

სოფელში ვცხოვრობდით, რაც იმას ნიშნავდა, რომ მამას ხელში თოხი და ბარი უნდა აეღო. როგორია მუშაობა, როცა თითები არ გაქვთ? ამაზე თუ დაფიქრებულხართ, მიხვდებით, რომ ძალიან რთულია; მაგრამ მამაჩემმა ის დიდი ფსიქოლოგიური სტრესი გადალახა და რამდენიმე თვეში ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა.

მახსოვს, ხშირად როგორ ვხედავდი საკუთარ მამას, რომელიც ბაღში იდგა, ერთი ფეხი ბარზე ედო, მარცხენა ხელი კი – ბარის ტარზე და ცდილობდა, რომ მიწა დაებარა. უჭირდა, არ გამოსდიოდა, ოფლში იწურებოდა, ხანაც თვალებიდან სიმწრის ცრემლი სცვიოდა, მაგრამ ბრძოლას მაინც აგრძელებდა და სახლში არ შემოდიოდა. მის ცრემლებს მე ვხედავდი, ვხედავდი და გულში ვიმარხავდი, რადგან მაშინ კარგად არ მესმოდა, რას განიცდიდა მამა…

დღეს ის წარმატებით აგრძელებს სოფელში ცხოვრებასა და მუშაობას. ახლა, როდესაც მამაჩემს ვუყურებ, მასში არ ვხედავ ადამიანს, რომელსაც თითები აკლია; არამედ ვხედავ, რომ არანაირ ფიზიკურ ნაკლს არ შეუძლია, მისი სიყვარული გამიქროს. ვხედავ იმასაც, რომ არანაირ ფიზიკურ ნაკლს არ ძალუძს, ერთმანეთს დაგვაშოროს, რადგან თუ მამას ჩემი ჩახუტება სურს, ამაში ხელს ვერაფერი შეუშლის; თუ მამას უნდა, კალთაში ჩამისვას, ამას ახლაც ისევე ახერხებს, როგორც წლების წინ; თუ მამას სურს, გულზე დამიწვინოს და მომეფეროს, ამას ისევ აკეთებს, თან იმ ხელით, რომელსაც თითები აღარ ამკობს, მაგრამ ეს მამაჩემის ფასს დაბლა სულაც არ სწევს.

თქვენც თუ გყავთ ასეთი ადამიანები გვერდით, არასოდეს მიუთითოთ ფიზიკურ ნაკლზე, საერთოდ არც კი შეეხოთ ამ საკითხს, რადგან ეს ძალიან მტკივნეულია მათთვის. ნუ შეახსენებთ მათ, რომ რაღაც აღარ გააჩნიათ, არამედ, ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რასაც ფლობენ ისინი: სიყვარულზე, პატიების უნარზე, შრომისმოყვარეობაზე, ნიჭიერებაზე…

პრობლემა არა ფიზიკური ნაკლი, არამედ მისი ნაკლოვანებად აღიარებაა.

ჩაიხედეთ გულში, რამდენი ჩვენგანი გულით ხეიბარია, გულით კოჭლია, გულით ავადმყოფია, მაგრამ ღმერთს არასდროს უთქვამს უარი ჩვენზე, პირიქით, ის მუდმივად მზად არის, რომ ჩვენ – უზომოდ ბევრი ნაკლის მქონე ადამიანებს – მოგვეფეროს და უნაკლონი გაგვხადოს.

ნუ შევაფასებთ გარეგნობით, რადგან აუცილებლად ვიპოვით ნაკლს ყველა ადამიანში. მთავარი სხეულის სილამაზე კი არა, სულის სილამაზეა.

მიმი ტიელიძე

დატოვე კომენტარი პასუხის გაუქმება

შეინახე ჩემი სახელი, ელ.ფოსტა და ვებგვერდი ამ ბრაუზერში, შემდგომი კომენტარების დასატოვებლად.

შემთხვევითი ბლოგები

მაცხოვრის სამარხად ქცეული გულები

1 მაისი, 2019

ოცნება, რომელიც ახალი წლის ღამეს მოდის

7 იანვარი, 2021

ჩვენც მოვხუცდებით…

31 მაისი, 2018

ის მეტია, ვიდრე სიცოცხლე…

11 მარტი, 2016

„მოგიხმობს სული ჩემი…“- წერილები ღმერთს

6 ივნისი, 2017

როცა გტკივა…

8 მარტი, 2016

ადამიანები ერთმანეთს წამლავენ უსიყვარულობით

8 აგვისტო, 2016

სამყაროს სჭირდება ქრისტე!

24 აპრილი, 2019

სინათლემ სძლია სიბნელეს!

30 აპრილი, 2021
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    ბარაბას ადგილზე რომ ვყოფილიყავით…

    14 აპრილი, 2023
  • საუბარი ღმერთთან

    4 მაისი, 2018
  • 3

    ვისთვის რა არის თავისუფლება?!..

    19 თებერვალი, 2019
  • 4

    არასდროს დაკარგო ღმერთის იმედი!..

    11 ოქტომბერი, 2021
  • 5

    ჩვენთვის ჯვარცმული მაცხოვარი

    30 აპრილი, 2021


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ