ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ
  • stories

  • Memories

  • About Me

ბლოგები

რწმენით მიღებული ფრთები

თაკო გამგებელი 2 დეკემბერი, 2020
თაკო გამგებელი

სიცივისგან გაყინულმა, ჩვეულებისამებრ, ცარიელ, მდუმარე ოთახში გავახილე თვალები. ჯერ კიდევ ძილისგან გაბრუებულმა, გაყინული ფეხები იატაკს შევახე. უცებ ამოვიოხრე, წარბები შევჭმუხნე და უკმაყოფილომ დავხედე იატაკს. ჩემი გალურჯებული ფეხის ტერფიდან წვეთ-წვეთად მოდიოდა ელვარე სისხლის წვეთები და მათი დაცემის ხმას მდუმარე კედლები გამაყრუებელ ექოდ გამოსცემდა. შუშის ნამსხვრევები სისხლით მთლად შეღებილიყო. ფეხის ტკივილი მაწუხებდა, მაგრამ ვერ გაბატონდა. სიჩუმე დავარღვიე და გვარიანდ შელახული ხის კარის სახელურს ფრთხილად შევეხე. ზღურბლს გადავცდი და უჩვეულო თავისუფლება ვიგრძენი. ზამთრის ცივ და გარინდებულ დილას აქამდე ასე არასდროს მოვუნუსხივარ.

გული სიხარულით ამივსო იმის ხილვამ, რომ უკიდეგანო ცის კამარა მთლად გადათეთრებულიყო, იქიდან წამოსული თოვლის ნაზი ფიფქები კი მორცხვად ეცემოდა ჩემს გაფითრებულ კანს. ფიფქები მალევე ქრებოდა, მათ ადგილას მხოლოდ წყლის პატარა წვეთები რჩებოდა, რომლებიც ცრემლებივით ასველებდა ნატანჯ ღაწვებს.

აქამდე არ განმიცდია ასეთი საუცხოო შვება, როგორც მაშინ. თვალები დავხუჭე და ხელებგაშლილმა სიამოვნებით გავიარე თოვლზე. ვიღიმოდი, სიცივის შეგრძნება სრულად დამეკარგა და არც ის მაღელვებდა, რომ თოვლის ფიფქები მასველებდა.

სინამდვილეში, რწმენის გარეშე დარჩენილი ადამიანი ფიზიკურად თუ არა, სულიერად არის ცარიელ და მდუმარე ოთახში ჩაკეტილი. მისი გული კი დაჭრილია.

დაჭრილ გულს კი ვერავინ და ვერაფერი განკურნავს, გარდა იესოსი. მისი სისხლი ხომ იმისთვის დაიღვარა გოლგოთაზე, რომ ჩვენ მიგვეღო ხსნა და განკურნება.

სინათლის გარეშე ჩაკეტილი სული ავადდება და, ადრე თუ გვიან, დაიღუპება. ის ვერ გასცდება ოთახის ზღურბლს და ვერ გაინავარდებს. ვერ შეიგრძნობს თავისუფლების სურნელს. რწმენით სავსეს კი ამქვეყნიური სნეულება ვერაფერს დააკლებს.

ღმერთს მინდობილი, რწმენით მებრძოლი ადამიანი თოვლის ფიფქივით სუფთა და თავისუფალია.

ის ღრუბლებში გაჭრილი ფრინველია, რომელსაც რწმენით და ლოცვით მიღებული ფრთები ძალიან შორს, ჰორიზონტს მიღმა მიაქროლებს.

2 დეკემბერი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

მისი სახელია იესო!

ნატალია ჩიქოვანი 2 დეკემბერი, 2020
ნატალია ჩიქოვანი

უდაბნო უსაშველოდ ცხელია, ალაგ-ალაგ ქვიანი და მშრალი, პეიზაჟს გაჰყურებს და მისი თვალები ცეცხლმოკიდებული მიწის ალმურს სარკესავით ირეკლავს, მის სანდლებში ცხელი ქვიშის მარცვლები აღწევს, სხეული გაუწყლოებას ებრძვის, კანი ტყავივითაა გადაკრული სახეზე, ტუჩები გასთეთრებია, ხოლო ეშმაკი, სადღაც ყურთან, გესლიანად ჩურჩულებს: „თუ ღმერთის ძე ხარ, უთხარი ამ ქვას, რომ პურად იქცეს.“ ის კი პასუხობს: „დაწერილია: ‘არა მხოლოდ პურით ცოცხლობს ადამიანი, არამედ ღვთის ყოველი სიტყვით.’“

დღეები გადის, ის მტკიცეა, თუმცა დაღლილი და ჭუჭყიანი. ოფლის წვეთებით დაცვარულ შუბლს ნაცრისფერი დასდებია მტვრისაგან… ემზადება ტანჯვისთვის ადამიანებისგან და ადამიანებისთვის, რომელთაგან მრავალი არ ირწმუნებს მის სახელს. და კვლავ ესმის ლუციფერის ჩურჩული ყურთან: „თუ თაყვანს მცემ, შენი იქნება ყოველივე!“ ის კი პასუხობს: „დაწერილია: ‘უფალს, შენს ღმერთს, ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე.’“

დღეს ღამე ცვლის, მზეს – მთვარე, უსაშველო სიცხეს – უსაშველო სიცივე. თვეზე მეტია, არ უჭამია, ნორმალურად არ სძინებია, მოსვენებით არ ჩამომჯდარა, არ უნახავს ოჯახი, მეგობრები… უდაბნოში მთელი სიმძაფრით აცნობიერებს მომავალ ტანჯვას და კაცობრიობის გადარჩენის აუცილებლობას, რომლის ერთადერთი გზაც მასზე გადის. ის მზადაა ამისთვის და კვალავ დიდების შეთავაზებით არდაღლილ და შეჩენილ მაცდურს პასუხობს: „ნათქვამია: ‘არ გამოცადო უფალი, ღმერთი შენი.’“

40 დღე უდაბნოში… ადვილია სათქმელად, რთული – გასავლელად. საკვების გარეშე, უწყლოდ, სიცხეში, ხვატში, ქვიშიან ქარებში, უდაბნოს მიღმა დატოვებული ღვთიური დიდების გარეშე, ადამიანურ ხორცში, ტკივილის მძაფრი შეგრძნებით… ადვილია სათქმელად, რთული – გადასატანად… და მან უარი არ თქვა ამაზე!

ის სრულყოფილი იყო, უნაკლო, წუნდაუდებელი, მასში არ იყო ცოდვა, მას არ სჭირდებოდა განწმენდა… და მაინც, მან აირჩია უდაბნო თავისი ადამიანური ბუნების გამოსაცდელად, მისიის დაწყებამდე, საბოლოო ცეცხლში გავლამდე, მან აირჩია – განეცადა ყველა ადამიანური ტკივილი და განსაცდელი, ყველა საცდური, ყველა უძლურება… და მან უარი არ თქვა ამაზე…

ის აღმოჩნდა მორჩილი სიკვდილამდე; თავმდაბალი, მიუხედავად სტატუსისა; მოსიყვარულე, მიუხედავად მის მიმართ გამოვლენილი სიძულვილისა; მშვიდი, მიუხედავად უსამართლო რისხვისა მისი მისამართით; მსხვერპლიანი, მიუხედავად ადამიანთა უმადურობისა; მტკიცე რწმენაში, მიუხედავად ღალატისა; უკუნისამდე მწყალობელი, ადამიანთა მიერ გამოტანალი უწყალო სასჯელის სანაცვლოდ…

მისი სახელია იესო! მასზე უამრავ ადამიანს სმენია, მაგრამ ცოტა თუ იცნობს. ისაა, ვინც უარი არ თქვა ჩვენს ხსნაზე! მისი სახელია იესო და ამ სახელშია გადარჩენა, გზა ჭეშმარიტება და სიცოცხლე!

2 დეკემბერი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

ღმერთისგან მივიწყებული?!

გიორგი ოდიაშვილი 1 დეკემბერი, 2020
გიორგი ოდიაშვილი

▪ ღმერთისაგან მივიწყებული ადამიანი რეალურად არის ადამიანი, რომელმაც თავად დაივიწყა ღმერთი…

▪ თუ სიუხვეშიც გახსოვს უფალი, შენი ღმერთი მართლაც, რომ გყვარებია ის.

“გახსოვდეს უფალი, შენი ღმერთი, რადგან ის გაძლევს სიმდიდრის შეძენის ძალას…”

📖 ბიბლია, მეორე რჯული 8:18

☑ მარტივია, გახსოვდეს ღმერთი ჭირის დროს, ტკივილის დროს, ნაკლოვანების დროს, სიცარიეის დროს, მაგრამ ერთგულება და წრფელი სიყვარულია, როცა გახსოვს ის შენს სიუხვეში, შენს წარმატებაში, შენს ჯანმრთელობაში და ლხინშიც.

1 დეკემბერი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

სანამ მოსეს ხელები ზეცისკენ იყო აპყრობილი…

რუსუდან ილურიძე 1 დეკემბერი, 2020
რუსუდან ილურიძე

გამოსვლის წიგნის მე-17 თავი გვიამბობს ისრაელსა და ყამალეკს შორის ბრძოლაზე. ვკითხულობთ, რომ მოსეს განსაკუთრებული დავალება აქვს მიღებული უფლისგან: ის უნდა დადგეს ბორცვის თხემზე, დაიჭიროს უფლის კვერთხი და ორივე ხელით აღაპყროს ზეცისკენ (გამოსვლა 17:9). ის, რა თქმა უნდა, ემორჩილება ღმერთის ბრძანებას და მისი მითითების მიხედვით მოქმედებს. სანამ მოსეს ხელები ზეცისკენ იყო აპყრობილი, ისრაელი იმარჯვებდა, ხოლო როდესაც ხელებს დაუშვებდა, ყამალეკი სძლევდა მათ. (გამოსვლა 17:11). მოსე ასე უნდა მდგარიყო დღის ბოლომდე და თუ სურდა, ისრაელს საბოლოოდ დაემარცხებინა მტერი, კვერთხი ცისკენ უნდა ჰქონოდა აპყრობილი, მაგრამ დროთა განმავლობაში მოსე დაიღალა და ხელები დაუმძიმდა, რის გამოც აიღეს ლოდი, ქვეშ დაუდეს და დაჯდა მასზე. მისმა ძმამ – აარონმა და დამხმარემ – ხურმა კი ხელები დაუჭირეს, ერთმა ერთი მხრიდან, მეორემ მეორე მხრიდან და დაწერილია: „მზის ჩასვლამდე მტკიცე იყო მისი (მოსეს) ხელები.“ (გამოსვლა 17:12), ისრაელმა გამარჯვება მოიპოვა!

რას გვასწავლის ეს ისტორია?

მაშინ, როდესაც მოსემ უფლისგან ეს დავალება მიიღო, ნუთუ არ შეეძლო ეთქვა: უფალო, თუ გსურს, რომ გავიმარჯვოთ, რა საჭიროა ეს ქმედება ჩემი მხრიდან, განა არ შეგიძლია, ერთი ხელის მოსმით გაანადგურო ყამალეკი და გამარჯვება გვაჩუქო?! ვფიქრობ, უფალს ეს მარტივად შეეძლო, მაგრამ მოსე ირჩევს მორჩილებას, ის ენდობა უფლის სიბრძნეს და სტრატეგიას. ერთი შეხედვით, შეიძლება ვერც ხვდებოდა, როგორ გაამარჯვებინებდა ისრაელს მის მიერ ზეცისკენ აპყრობილი კვერთხი, მაგრამ ვინაიდან ეს უფალმა უბრძანა, ის ასეც მოიქცა.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ისრაელი იმარჯვებდა მაშინ, როდესაც მოსეს ხელები ზეცისკენ იყო აპყრობილი, და ყამალეკი სძლევდა მაშინ, თუ იგი ხელებს დაუშვებდა, ანუ ისრაელი მაშინ იმარჯვებდა, როდესაც მოსე უფლის მითითებისამებრ იქცეოდა. კიდევ უფრო დეტალურად რომ განვმარტოთ, უფლის ზებუნებრივი ძალა სულიერ, უხილავ სამყაროში გამოთავისუფლდებოდა ისრაელის სასარგებლოდ მაშინ, როდესაც მოსე ფიზიკურ სამყაროში მისი ბრძანებისამებრ იქცეოდა. ნებისმიერ სულიერ ბრძოლში გამარჯვების და აღთქმულის დამკვიდრების გზა უფლის სიტყვის მორჩილებაზე გადის!

მეორე მნიშვნელოვანი მონაკვეთი არის ის, რომ მოსეს ამ პოზიციაში დგომა მთელი დღით – მზის ჩასვლამდე – დაევალა, თუმცა ტექსტიდანვე ვხედავთ, რომ თანდათან ხელები დაუმძიმდა და მალე ვეღარ შეძლებდა დავალების შესრულებას. აქ ჩნდებიან მისი დამხმარენი, მისი მეგობრები, იჭერენ მის ორივე ხელს და ეხმარებიან თავიანთ ლიდერს უფლის მორჩილების შენარჩუნებაში! მოსეს ერთგული ადამიანები რომ არ ჰყოლოდა გვერდში, რომელნიც მზად იყვნენ – მას დახმარებოდნენ, ისრაელი დამარცხდებოდა…

ისტორიის ამგვარი დასასრული ცხადყოფს, რომ ადამიანებს ერთმანეთი გვჭირდება და ადამიანები ერთმანეთს ვჭირდებით; რომ ერთმანეთის ტკივილზე, გასაჭირზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ, არამედ მზად უნდა ვიყოთ, რომ სისუსტის და უძლურების ჟამს მოყვასს მყარად დგომაში დავეხმაროთ; გავხდეთ ერთმანეთის ხელების დამჭერნი; მხოლოდ საკუთარი თავისთვის ნუ ვიბრძოლებთ, არამედ გვქონდეს მზადყოფნა – მონაწილეობა მივიღოთ წმინდათა საჭიროებაში. (რომაელთა 12:13).

1 დეკემბერი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

ქრისტეს ჭრილობებში ჩვენი კურნებაა

მიმი ტიელიძე 1 დეკემბერი, 2020
მიმი ტიელიძე

შუბლი მიდუღდა. მაღალ ტემპერატურასა და ციებ-ცხელებას მოეცვა მთელი სხეული. ვგრძნობდი, სახეზე როგორ ჩამომდიოდა ცხელი ცრემლების ნიაღვარი. ვებრძოდი ავადმყოფობას, რომელსაც ჩემთვის შემოეტია. ამავდროულად, ძალზე ნეგატიური აზრები მიტევდა. მაგალითად, აზრი, რომ მალე ვერ გამოვკეთდებოდი და უცბად მივხვდი – ეს არ იყო სწორი აზრი; მივხვდი, რომ უნდა განმედევნა იგი. რამდენჯერ გქონიათ, ალბათ, მსგავსი შემთხვევა, რამდენჯერ გამხდარხართ თქვენც ავად. საკმარისია, რაიმე ავადმყოფობამ შემოგვიტიოს და გვგონია, რომ სამყარო ინგრევა. გვგონია, რომ არ არსებობს საშველი და საკუთარ თავებს ჩვენვე დავტირით ხოლმე… არადა, საკუთარ თავებს უნდა შემოვუძახოთ, რომ არა ვართ მარტო, რომ ჩვენთან უფალია.

რომელ მშობელს სურს საკუთარი შვილის ცუდად ყოფნა? რომელი მშობელი არ აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მისი შვილი გამოჯანმრთელდეს? მაშ, განა უფალს სურს ჩვენი დაღუპვა? განა მას სიამოვნებს, როდესაც ჩვენ ავად ვართ? არამც და არამც. ყველამ რომ მიგვატოვოს, ის არ მიგვატოვებს, უფრო მეტიც, განგვკურნავს. სწორედ ამისთვის არ გაეკრა იესო ქრისტე ჯვარზე? რომ ჩემთვის და შენთვის განკურნება და ხსნა მოეტანა.

მაგრამ როდესაც ავად ვართ, ერთი რამ უნდა გვახსოვდეს. უფალი ხვალ, ზეგ და ორი წლის შემდეგ კი არ განგვკურნავს, არამედ ჩვენი განკურნება უკვე მოხდა საუკუნეების წინ. ჩვენ განკურნებულნი ვართ ქრისტეს ჭრილობებში.

ქრისტეს ჭრილობებში ჩემი, შენი – ჩვენი კურნებაა.

და გამახსენდა საგალობელი, სადაც ზუსტად ეს სიტყვებია ჩაქსოვილი. თავს ძალა დავატანე და სიმღერა დავიწყე. მიჭირდა, მაგრამ თანდათან უფრო და უფრო მეტი გაბედულება მეძლეოდა. იცით, სიტყვებში ძალაა. საგალობლებში ძალაა და სწორედ ამ საგალობლის გალობის შემდეგ ვიგრძენი, რომ ჩემს სხეულში ტემპერატურამ დაიკლო, ციებ-ცხელება სადღაც გაქრა და ლოგინიდან ადგომა შევძელი.

უფალმა მე განმკურნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მკურნალია. და ის შენც განგკურნავს, მთავარია დაიჯერო ეს; მთავარია ირწმუნო მისი ძალის, მისი ჯვარცმის, მისი უსაზღვრო სიყვარულის.

ქრისტეს ჭრილობებში ჩვენი კურნებაა.

ის კი ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი ურჯულოებისთვის იყო შემუსვრილი; ჩვენი სასჯელი იყო მასზე და მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ.

ესაია 53:5
1 დეკემბერი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

არ გვეშველება, ვიდრე…

ნატალია ჩიქოვანი 9 ნოემბერი, 2020
ნატალია ჩიქოვანი
⁉️ მარადიულ კითხვას: „გვეშველება თუ არა რამე?!” ვუპასუხებდი: „არა, არ გვეშველება, იქამდე…”
☑️ ვიდრე არ ვისწავლით ერთმანეთის პატივისცემას!
☑️ ვიდრე არ ვისწავლით ერთმანეთის სიყვარულს!
☑️ ვიდრე არ ვისწავლით თანაგრძნობას!
☑️ ვიდრე არ ვისწავლით პატიების თხოვნას და მიტევებას!
☑️ ვიდრე ვიფიქრებთ: „მე ხომ კარგად ვარ და სხვა ყველაფერი წყალსაც წაუღია”.
☑️ ვიდრე სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი იქნება!
☑️ ვიდრე არ დავინახავთ ადამიანს „ვიღაცისტობის” და „რაღაცისტობის” მიღმა!
☑️ ვიდრე ბოღმის ნთხევას არ გადაეჩვევიან „უარესის ღირსიას” მხარდამჭერი ადამიანები.
☑️ ვიდრე სხვისი განკითხვა ჩვენი საყვარელი ეროვნული გასართობი იქნება!
☑️ ვიდრე ქრისტიანობა მხოლოდ შირმა იქნება ჩვენი ეგოიზმის დასამალად…

 

☝️იქამდე არ გვეშველება!

9 ნოემბერი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

ნუ მომკლავ…

მიმი ტიელიძე 27 ოქტომბერი, 2020
მიმი ტიელიძე

თინეიჯერი ვიყავი, როდესაც დედამ და მამამ ერთი ჩვეულებრივი საუბრისას მითხრეს, რომ წლების წინ, თურმე, ჩემზე აბორტს აპირებდნენ. მე, რა თქმა უნდა, მაშინვე ვერ გავიაზრე, რა მითხრეს. ამ ასაკში ჯერ არ მესმოდა, თუ რას ნიშნავდა ღვთისგან ბოძებული სიცოცხლის საკუთარი ნებით განადგურება. დღეს კი ვიცი, რასაც ნიშნავს და ამიტომ მინდა, ჩემი ისტორია გაგიზიაროთ.

ჩვენს ოჯახში ჯერ ჩემი ძმა დაიბადა. მისი დაბადებიდან კი ძალიან მალე დედა ჩემზე აღმოჩნდა ფეხმძიმედ. ჩემს მშობლებს რთული ცხოვრება ჰქონდათ, დიდი ოჯახი… ყოველდღიურ ფიზიკურ შრომასთან ერთად, დედას ჩემი ჭირვეული ძმა უნდა გაეზარდა. დამხმარე არავინ ჰყავდა… როდესაც მშობელი ხარ, მრავალ სტრესულ სიტუაციას გადიხარ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შესაბამისი მხარდაჭერა არ გაქვს ოჯახის წევრებისგან… ამგვარად, ჩემმა 22 და 24 წლის მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ მეორე ბავშვი არ უნდა ჰყოლოდათ. ჯერჯერობით მაინც, ყოველ შემთხვევაში, რადგან ზედმეტი ტვირთი იქნებოდა მეორე ბავშვი ოჯახისთვის. ასე რომ, ჩემი მშობლები მოემზადნენ საავადმყოფოში წასასვლელად, თუმცა ეზოში გავიდნენ თუ არა, მამამ შეაჩერა დედა და უთხრა: მოდი, ეს ბავშვი დავიტოვოთ, სადაც ამ ერთს ვზრდით, მეორესაც გავზრდითო. კაცის სიტყვას, ხომ იცით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოში, ჰოდა მის გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, არავინ შესწინააღმდეგებია. ამგვარად, დამიტოვეს… უფლება მისცეს დედაჩემის მუცელში ჩასახულ პატარა ქალბატონს, რომ გაზრდილიყო, განვითარებულიყო და ეარსება.

ახლა ვხვდები, რომ ის ძალა, რომელმაც ჩემი მშობლები მაშინ (23 წლის წინ) შეაჩერა, იყო ღმერთი. დიახ, სწორედ ღმერთი გახლდათ, რომელმაც არ დაუშვა ჩემი უმიზეზოდ გაქრობა. უფალმა შეუცვალა გონება დედაჩემსა და მამაჩემს, რათა დაენახვებინა მათთვის, რომ არანაირი გაჭირვება არ ამართლებს ბავშვის მოშორების გადაწყვეტილებას… რომ ბავშვი – ეს არის უფლის საჩუქარი… და მე დავიბადე. დავიბადე, რათა ჩემი მშობლებისთვის სიხარული მომეტანა და მართლაც მოვიტანე სიხარული და სინათლე მათ ცხოვრებაში. დავიბადე, რადგან უფალს ასე უნდოდა… განა ვინმე შეეწინააღმდეგება უფლის გადაწყვეტილებას? ვერავინ და ვერაფერი!..

წლების შემდეგ, როდესაც ამ საკითხზე კვლავ მოგვიწია საუბარი, დედამ მითხრა: ნამდვილად, ღმერთს უნდოდა შენი დაბადება და ამიტომ დაიბადეო. რომ არ დავბადებულიყავი, ამას ხომ ვერასდროს გავიგებდი? ხომ ვერასოდეს მეცოდინებოდა, რომ არსებობს სიცოცხლე? სიცოცხლე, რომელიც ყველაფრისდა მიუხედავად, მაინც მშვენიერია, თუკი გაქვს უნარი, მადლიერი გულით შეხედო მას და ამ ყველაფრის ავტორს – დიდებულ ღმერთს!

ღმერთია მთელი სამყაროს შემოქმედი, თუმცა სამყაროც რომ არ შეექმნა მას, ისიც კი საკმარისი იქნებოდა ჩემთვის, რაც მან გააკეთა ჩემს ცხოვრებაში. მან მე დამბადა, ამ სიტყვის ყველანაირი მნიშვნელობით.

ამიტომ, თუ რომელიმე თქვენგანი ჯერ კიდევ ფიქრობს აბორტზე – უდანაშაულო არსების გაქრობაზე, კარგად დაფიქრდით, ნუ მოკლავთ მომავალ ბედნიერებას! ნუ მოკლავთ თქვენი და მთელი სამყაროს მომავალს!

ნუ მომკლავ. მომეცი სიცოცხლე, სიცოცხლე, რომელიც ღმერთისგანაა.

…და მე დავიბადე, რადგან სიცოცხლე მომცა იმან, ვინც არის გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე!..

27 ოქტომბერი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

მიეცით ნება მზის სხივებს – ანათოს თქვენს გულში საუკუნოდ

თაკო გამგებელი 22 ოქტომბერი, 2020
თაკო გამგებელი

მზე ილეოდა და სუსხიანი ქარი დააფრიალებდა სიცივისგან ფერდაკარგულ, ხეებიდან ჩამოცვენილ ფერად-ფერად ფოთლებს.

შემოდგომის საღამოს თან ახლავს უჩვეულო სიცივე, რაც ირგვლივ ყველაფერს ადუმებს, მხოლოდ ქარის ზუზუნის ხმა არღვევდა გაბატონებულ სიჩუმეს.

ცა მთლად ჩაბნელდა. ისეთი სიმშვიდე შეეპარა გარემოს, ქარიშხლის წინ რომ იცის.

ბოლოს გაწვიმდა კიდეც. წვიმის დროს ცა უსიცოცხლოდ ჩაბნელებული ჩანდა…

მხოლოდ დასავლეთით, ძალიან შორს ადამიანთა სამყაროდან, ჰორიზონტს მიღმა, ღრუბლებში ჩაძირული მზის სხივები ითხოვდნენ თავისუფლებას, როგორც ლაღი ფრინველი ცდილობს – გალიას დააღწიოს თავი.

ისეთი ნათელი და წმინდა იყო მზის ნათება მაშინ, შავი ღრუბლების მიღმა, თითქოს იქ, სადღაც შორს, სამოთხის ჭიშკარი გახსნილიყო.

რამდენად რთული და ბნელიც არ უნდა იყოს ადამიანთა ცხოვრება, ყოველთვის არსებობს სინათლე. ის წმინდა და დაუშრეტელი ნათელი, რომელსაც ვერანაირი ამქვეყნიური სიბნელე ვერ მოაქცევს თავის კლანჭებში.

ამ სინათლის სხივები არსებობს ყოველი ადამიანის გულსა და სულში.

ისინი ითხოვენ თავისუფლებას, გვეძახიან, მაგრამ ადამიანები მათ ხმას ახშობენ და რჩება სიბნელე.

მიეცით ნება მზის სხივებს – ანათოს თქვენს გულში საუკუნოდ.

მოუსმინეთ ზეციურ ხმას, რადგან ვინც უსმენს, ის გადარჩება.

22 ოქტომბერი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

კრიმინალის რომანტიზაცია, ანუ უკან, წარსულში?!

ნატალია ჩიქოვანი 22 ოქტომბერი, 2020
ნატალია ჩიქოვანი

გუშინ, როცა ქვეყანა კრიმინალური დრამის გადასაღებ მოედნად გადაიქცა, ქართულმა საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში განაგრძო ცხოვრება. ვინ ილანძღებოდა, ვინ შეთქმულების თეორიებს შიფრავდა, ვინ პოლიტიკურ რეკლამას იკეთებდა, ვინ ამხნევებდა, ვინ იცინოდა, ვინ ტიროდა, მოკლედ, ემოციები არაადეკვატური და მრავალფეროვანი იყო. „კორონაპანდემიის” მრავალსერიანი ფილმის შემდეგ „ბლოკბასტერი” საინტერესო და ამაღელვებელი აღმოჩნდა ქართველი ხალხისთვის…

ცხადია, განვითარებულ მოვლენებს მეც თვალს ვადევნებდი. ერთ-ერთი ტელევიზიის „ლაივის” ქვეშ კომენტარი(ები) იყო: „აუ, რა საყვარელი მძარცველია!” 🤦‍♀️😶😤 და ასეთი ერთი არ იყო, სამწუხაროდ, და არც ის მითხრათ, რომ ხუმრობდნენ. ისეთ ხუმრობას რა ვუთხარი, სიმართლის მარცვალი რომ არ იყოსო, ხომ გაგიგონიათ?!…

არ მესიამოვნა, გულზე მეკვეთა, 90-იანებში დამაბრუნა, ავტომატებით მორბენალი მხედრიონი წარმომიდგა თვალწინ…

▪️და გოგოები, რომლებიც „ძველ ბიჭებზე” გიჟდებოდნენ…
▪️და ბიჭები, რომლებიც სწავლის მაგივრად ჩაცუცქულები „აბირჟავებდნენ”…
▪️და ქუჩის ყოველ ბნელ კუთხეებში ჩამოხეული საყურეები თუ კისრიდან ჩამოგლეჯილი ძეწკვები…
▪️და უთო გამახსენდა, რომელსაც არადანიშნულებისამებრ იყენებდნენ…
▪️და ის ბავშვები გამახსენდა, რომ ჰკითხავდნენ, ბიძიკო, რა უნდა გამოხვიდეო და ქურდიო, რომ პასუხობდა…
▪️და ის დრო გამახსენდა, ბიჭები სკოლაში წიგნებისა და „პაპკის” ტარებას სირცხვილად რომ მიიჩნევდნენ.
▪️ და ადამიანთა დაჭრის ბევრი ამბავი გამახსენდა, ბევრი ე.წ. „რაზბორკის” ცუდი დასასრულით…
▪️ და შაოსანი დედები გამახსენდა, უმიზეზო მიზეზებით დაღუპულ ახალგაზრდა ბიჭებს რომ დებდნენ მიწაში…
▪️და უმომავლო საქართველო გამახსენდა, რომლის აწმყოს შავ, გრძელ გვირაბში, ძაააააალიან პატარა, მკრთალი სინათლე გაკრთა და ღრიჭოდ დარჩენილ, თითქმის დაგმანულ კარში ახალი თაობის სუნთქვამ რომ დაჰბერა…

📣📣 ნუ ჩააქრობთ ამ სინათლეს! ნუ დაკეტავთ კარს! ნუ ჩააქრობთ!!!

#ბიბლია

📙 „უღმრთოთა გზა კი წყვდიადია, არ იციან, სად წაიბორძიკებენ.” (სოლომონის იგავები 4:19).

22 ოქტომბერი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ახალი ბლოგები
ძველი ბლოგები
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    მაპატიე, უფალო…

    31 მაისი, 2021
  • 2

    ნუ განიკითხავ…

    4 მაისი, 2016
  • 3

    იყავი ნამდვილი!

    27 მაისი, 2020
  • 4

    ადექი და აიღე შენი ჯვარი!

    9 ივნისი, 2016
  • 5

    მასთან ახლოს

    8 დეკემბერი, 2020


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ