ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ
  • stories

  • Memories

  • About Me

ბლოგები

ზეციური სიყვარულის შეხება

თაკო გამგებელი 10 დეკემბერი, 2020
თაკო გამგებელი

ამქვეყნიური ქაოსით და სადარდებლით დაღლილი, აუჩქარებლად მივაბიჯებდი ნაცნობ, პირქუშ და უსიცოცხლო გზაზე. ადამიანთა სახეებს ბუნდოვნად ვხედავდი და ვერც ვარჩევდი. ყველას სადღაც ეჩქარებოდა. ყველა რაღაცისკენ მიისწრაფოდა. თოვლმა მოგვისწრო. გავჩერდი. ვეცადე, შემეგრძნო მონატრებული სიცივისა და სიწმინდის სურნელი, რაც ზამთრის პირველ ფიფქებს თან სდევს, მაგრამ უშედეგოდ. ეს პაწაწინა თოვლის ფიფქები ჩემს გულში არ იწვევდა ბედნიერებას, აღარც ღიმილს მგვრიდა, როგორც ბავშვობაში. ტკივილის ცრემლები მოადგნენ თვალების ზღურბლს. იმ მომენტში ყველაზე მეტად მინდოდა, სადარდებლის მძიმე ტვირთი მხრებიდან ჩამომეხსნა და ბედნიერებისგან ქუჩის შუაგულში მეცეკვა.

– რატომ არ დაივიწყებ წარსულის შეცდომებს? რატომ არ მოეშვები ხვალინდელ დღეზე უშედეგოდ ზრუნვას? რატომ არ დატკბები დღევანდელი დღით? – მაშინ პირველად ალაპარაკდა ჩემი გული, მე კი გადავწყვიტე, მისთვის დრო დამეთმო. – განა ის სადარდებელი, რითაც თავს იტანჯავ, სიყვარულზე მაღლა დგას? ზეცაში არის ის, ვინც მზადაა, შენ მაგიერ იდარდოს, შენთვის გააკეთოს და სრულიად უანგაროდ უყვარდე. მან იმდენად შეგვიყვარა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ, რომ მზად იყო, საკუთარი ძის სისხლიც დაღვრილიყო ცოდვილ მიწაზე. განა ადამიანს ეს შეუძლია?

სიცივისგან გალურჯებული ბაგეებით უმალ ვუპასუხე: – არ შეუძლია…

იმის გააზრებამ, რომ გულში ღმერთის ყოლა სრულყოფილებას ნიშნავდა, ცხოვრების სიმკაცრით გაყინული სული გამითბო. ზეციურ სიყვარულს შეხებასავით ვგრძნობდი და მსურდა, გაგრძელებულიყო სამარადისოდ. ღმერთმა შანსი მისცა განდგომილსა და ცოდვილ კაცობრიობას და მხოლოდშობილი ძის სისხლით შეირიგა ის. მე რატომ არ ვაძლევ ღმერთს შანსს? რატომ არ ვისწრაფვი მარადიულობისკენ, რაც ღმერთის რწმენაშია? განა წუთისოფელში ამაზე ღირებულის გაკეთება შემიძლია? განა ღმერთის სიყვარულზე, იესოს მადლსა და სულიწმიდის თანაზიარებაზე მეტს ვიპოვი და მივიღებ აქ?

მაშინ მივხვდი, რომ ადამიანები, რომლებიც ჩემ გარშემო ამქვეყნიური საქმეების მოგვარებით იყვნენ დაკავებულნი, ნამდვილ ბედნიერებას გემოს ვერასდროს გაუსინჯავდნენ. მუხლებზე დავეცი. გამვლელები მიყურებდნენ, ზოგი გაკვირვებით, ზოგი სინანულითა და ზოგიც უკმაყოფილებით სავსე თვალებით. მრავალი ფიქრი და მზერა ჩემკენ იყო მოპყრობილი. ზოგი ჩუმად ბუტბუტებდა: „მგონი, გაგიჟდაო“. ზოგი თავზე ხელს ირტყამდა ყალბი სინანულის გამოსახატავად და ამბობდა: „საწყალიო“.

სინამდვილეში არც გიჟი ვიყავი და არც საწყალი. ჩემი განვლილი უფასური ცხოვრებით გულდამძიმებულს ღმერთის რწმენამ სიმშვიდე ჩამისახა. ჩემს თვალებს რიდე მოაშორა, გულს – ტკივილი და სულს – სიბნელე. მე მაშინ ღმერთის სიყვარული განვიცადე და ვიწამე. ის სიყვარული, რომელიც ღმერთს ადამის მოდგმის მიმართ აქვს.

სიყვარულში დარჩენილი ღმერთში რჩება, ღმერთი კი – მასში.

10 დეკემბერი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ოცნებების ტყვე

გიორგი მაისურაძე 10 დეკემბერი, 2020
გიორგი მაისურაძე

– გიგუშ! ნახე, ბიჯო! – გაოცებულმა ხელი სუფრის კომპანიონს მხარზე წაჰკრა და ტელევიზორს შეახედა, ეკრანიდან ტრიბუნასთან მდგარი ადამიანის სილუეტის ქვემოთ წარწერა მოჩანდა: „გენადი ნემსიწვერიძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი“.

– ეს ჩვენი მენაგვე გენო არაა? ნუთუ პრესკონფერენციას მართავს?!

– ხო, ჩვენი მენაგვე გენოა. – გასძახა ბრაზიანად ოთახში შემოსწრებულმა თეთრწვერა კაცმა და ფანჯარასთან მდგარ სარწეველა სკამში მოთავსდა, – მენაგვე გენო… – გაიმეორა გაჯავრებით, – რა ცინიკოსიც იყავი, იმად დარჩი, მჯეროდა შენი, მაგრამ ოცნებები სალოთაო სუფრის სადღეგრძელოებად გექცა, თუმცა რა, განა ერთად არ დავცინოდით?..

უცებ ხველება აუტყდა, ამის შემყურე 12 წლის, უმცროსმა ვაჟმა უმალ ჭიქა წყალი მიაწოდა მამას, როცა კაცმა სული მოითქვა, უმცროსი ახლოს მოიხმო:

– უმოქმედო ოცნება ტკბილია, შვილო, მაგრამ ფუჭი. მეტიც, თავბრუს დაგახვევს ისე, რომ ოცნებებით დაბრმავებულს ზოგი რამ გეთაკილება… შემოგვხედე მე და შენს ძმას, სულ ეს ვართ. ჩვენ ჩვენი ოცნების ტყვედ ვიქეცით, ხოლო ამ „მენაგვემ“ (თითი ტელევიზორისკენ გაიშვირა), ვისაც დავცინოდით, მცირე ნაბიჯებით ოცნება დაიპყრო…

10 დეკემბერი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

მასთან ახლოს

გიორგი ოდიაშვილი 8 დეკემბერი, 2020
გიორგი ოდიაშვილი

მოვლენები ვითარდება 2007 წლის 28 იანვარს. ეს ის პერიოდია, როცა ჯერ კიდევ 10-11 წლის ვარ და მჯერა, რომ „ადამიანი ობობა“ და „კაპიტანი ამერიკა“ არსებობენ და „ობობას“ „ამერიკა“ მოერევა. 28 იანვარს დაბადების დღე მაქვს. დილით ადრე ვაჭყეტ თვალებს და აქეთ-იქით ვაცეცებ. ველოდები, ვის ღვიძავს და ვინ მოვა პირველი მოსალოცად… ჩემს ძმას გადავხედე, გაგუდულს ეძინა და მამაჩემის ხვრინვაც შემომესმა. გადავბრუნდი, ვიფიქრე, ძილს გავაგრძელებ-მეთქი, მაგრამ უცბად სამზარეულოდან იმედის მომცემი ხმაური შემომესმა. თვალები გამიბრწყინდა და გავიფიქრე, დედას ღვიძავს, მას უეჭველად ემახსოვრება და მომილოცავს-მეთქი.

ჩავრთე „ყურადღების მიქცევის რეჟიმი“, მეტიჩარა ბავშვებმა როგორც იციან ხოლმე (და სამწუხაროდ, არა მხოლოდ ბავშვებმა). ვბორგავ, ვმოძრაობ, ვხმაურობ, ვცდილობ, დედას გავაგონო, რომ მღვიძავს და მზად ვარ საწოლში დაბადების დღის მოლოცვის მისაღებად, მაგრამ რამდენადაც მონდომებით ვცდილობ ამ ყველაფერს, იმდენად მონდომებულად შრომობს დედიკო სამზარეულოში. ადრიანად ამდგარა და რაღაცას აკეთებს… ბოლოს და ბოლოს დავიღალე ამ ყურადღების მიქცევის მცდელობით და პირდაპირ დავუძახე: „დედა, მოდი“, მისი პასუხი კი იყო: „არ მცალია, შენ მოდი“… რამდენიმეჯერ დავუძახე კიდევ და როცა მიხვდა, რომ ამ „ტვინის ბურღვას“ არ მოვრჩებოდი, ჩქარი და მძიმე ნაბიჯებით მომიახლოვდა ფქვილიანი ხელებით და მკაცრად მითხრა: „არ მცალია, ხომ ხედავ, ტორტს ვაცხობ“, მე კი მივუგე: „ვისთვის აცხობ მაგ ტორტს?“ მისი შუბლი მოეშვა, სიმკაცრე გაქრა მისი სახიდან. გამიღიმა (ოხ, ახლაც დამთბა მისი ღიმილის გახსენებაზე), ფქვილიანი ხელები ტანსაცმელზევე შეიწმინდა, მოვიდა, ჩამეხუტა და მითხრა: „მაპატიე, დე, დამავიწყდა, რომ შენთვის ვაცხობო“…

კიდევ დიდხანს გავაგრძელებდი ამ თბილი სცენის აღწერას, მაგრამ მთავარი სათქმელი მაქვს წინ:

▪ ქრისტესთვის უფრო მნიშვნელოვანია, მასთან სიახლოვეში იყო, ვიდრე მისთვის აკეთებდე რაიმეს!

ლუკას 10:38-42: „მოხდა ისე, რომ გზად მიმავალი ერთ სოფელში შევიდა და ვიღაც ქალმა, რომელსაც სახელად ერქვა მართა, თავის სახლში შეიპატიჟა იგი. ამ ქალს ჰყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხთით ჩამოჯდა და ისმენდა მის სიტყვას. მართა კი დაფუსფუსებდა, ვინაიდან ბევრი საზრუნავი ჰქონდა სამასპინძლოდ. მივიდა და უთხრა მას: ‘უფალო, ნუთუ ვერ ხედავ, რომ ჩემმა დამ მარტო მე მომანდო მასპინძლობა? უთხარი, ხელი შემაშველოს.’ მიუგო იესომ და უთხრა მას: ‘მართა, მართა, ბევრ რამეზე ზრუნავ და შფოთავ, მაგრამ საჭიროა მხოლოდ ერთი რამ. მარიამმა კი უკეთესი წილი ირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას.’“

უფალს არ სჭირდება ჩვენი გაშლილი სუფრები, მომზადებული კერძები, გამომცხვარი ტორტები, ჩატარებული მსახურებები, დაწერილი ბლოგები, ნაქადაგები სახარებაც კი, თუ ეს ყველაფერი მასთან ახლოს ყოფნისა და მისი მოსმენის ხარჯზე კეთდება. უპირველესი, რაც მას სურს ჩვენს ცხოვრებაში, არის:

ღმერთს მიუახლოვდით და ისიც მოგიახლოვდებათ…
იაკობის 4:8

8 დეკემბერი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

დანებება ადვილია, რწმენაა საჭირო – ბოლომდე მიხვიდე!..

რუსუდან ილურიძე 8 დეკემბერი, 2020
რუსუდან ილურიძე

რადგან ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ სიბნელის სამყაროს მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ.

ეფესელთა მიმართ 6:12

ეს ციტატა ბიბლიიდან გვეუბნება, რომ ჩვენ ომში ვიმყოფებით, თითოეული ჩვენგანი. ეს ომი არ არის რაიმე ხორციელისა და მატერიალურის, ან სხვა ადამიანების წინააღმდეგ, არამედ სულიერი ომია ეშმაკისა და მისი დემონების წინააღმდეგ მიმართული…

„სოფლის სიბნელის მპყრობელი“, ანუ სატანა სტრატეგიულად უტევს ჩვენს გონებას, აზრებსა და ფიქრებს და ტყუილებით სიმაგრეების აშენებას ცდილობს. სიმაგრეების, რომლებიც ციხედ იქცევა ჩვენთვის, თუ არ შევეწინააღმდეგებით მას. ეს სიმაგრეები შიში, ეჭვი, ბუზღუნა აზრები, სხვადასხვა მცდარი მოსაზრებაა… ის დიდი ხნის განმავლობაში გვსწავლობდა, იცის, რა მოგვწონს და რა – არა, სად ვართ მტკიცენი და სად არის შესაძლებელი ჩვენი გატეხა. სწორედ ამის მიხედვით, სტრატეგიულად და დიდი მოთმინებით ნელ-ნელა გვიხერგავს გზას, უფლისაკენ მიმავალს…

ჩვენი გონებაა მთავარი ბრძოლის ველი

ვინაიდან ჩვენი საბრძოლო იარაღი ხორციელი არ არის, არამედ ღვთიური ძლიერება სიმაგრეთა დასანგრევად. იმით ვამხობთ ზრახვებს და ყოველ სიმაღლეს, რომელიც აღმართულია ღვთის ცოდნის წინააღმდეგ, და ვატყვევებთ ყოველგვარ აზრს ქრისტესთვის დასამორჩილებლად.

2 კორინთელთა მიმართ 10:4,5

დასაწყისში წარმოდგენილი მუხლი გვაფრთხილებს არსებული, მაგრამ უხილავი ბრძოლის შესახებ, რომელიც მეტად მნიშვნელოვანია. შემდეგი მუხლი კი გვაწვდის ცოდნას იმის შესახებ, რომ ღმერთმა ამ ბრძოლაში გვიბოძა იარაღები, რომლითაც შესაძლებელია ბოროტის მიერ აღმართული სიმაგრეების დაძლევა ჩვენს გონებაში, რათა ვერ შევიცნოთ უფალი.

ჩვენ გვაქვს ძალა ბოძებული უფლისგან, რომლის მეშვეობითაც ყოველ აზრს, რომელიც ეცდება თავის ამაღლებას უფლის სიტყვაზე მაღლა, დავთრგუნავთ, დავატყვევებთ, განვდევნით ქრისტესთვის დასამორჩილებლად!

იარაღი, რომელიც დაგვეხმარება დავანგრიოთ სიმაგრეები, არის სიტყვა, ჭეშმარიტება. იოანეს სახარებაში, მე-8 თავის 31-32 მუხლებში იესო ამბობს: „თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ, შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ“.

დაუპირისპირეთ ღვთის სიტყვა ბოროტის მიერ შთაგონებულ დამანგრეველ აზრებს, გააკეთეთ ხმამაღალი აღიარება და წარმოთქვით რწმენის და ნდობის სიტყვები უფლის მიმართ. ილოცეთ, მოუსმინეთ ღვთის სიტყვას, ქება-დიდება უძღვენით მას, ემადლიერეთ თუნდაც იმისთვის, რომ ეს დღე გაგითენათ.

გახსოვდეს, იმად იქცევი, რაზეც ფიქრობ!

აივსე შენი გონება ჭეშმარიტებით, რათა ბოროტის ტყუილებისთვის ადგილი არ დარჩეს!

ღმერთი ეძებს ადამიანებს, რომელნიც სრულ გზას გაივლიან მასთან ერთად, მიიღე გადაწყვეტილება, იყო ერთ-ერთი!

დანებება ადვილია, რწმენაა საჭირო – ბოლომდე მიხვიდე!..

ყოველთვის გამოგივა ეს? არა.

უნდა დანებდე? არავითარ შემთხვევაში!

რთულია ამის გაკეთება? დიახ.

შეუძლებელი? არანაირად!

როდესაც ბავშვი სიარულს სწავლობს, ხშირად ეცემა, სანამ მტკიცედ გაივლიდეს. ზოგიერთი დაცემა ძალიან მტკივნეულია, შეიძლება იტიროს კიდეც, თუმცა ყოველთვის დგება და თავიდან ცდილობს სიარულის სწავლას, ამაში მას მშობლებიც ეხმარებიან. უფალი ყველაზე დიდებული მშობელია, ის შენთან იქნება და შენს მარჯვენას დაიჭერს. უბრალოდ განაგრძე უფალთან თანამშრომლობა და არ დანებდე!!!

და დარწმუნებული ვარ, რომ ის, ვინც დაიწყო თქვენში კეთილი საქმე, დაასრულებს კიდეც იესო ქრისტეს დღემდე.

ფილიპელთა მიმართ 1:6
8 დეკემბერი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

დიალოგი ღმერთთან

მიმი ტიელიძე 7 დეკემბერი, 2020
მიმი ტიელიძე

დავდივარ და გეძებ, უფალო, იქნებ სადმე გიპოვო.

დავდივარ ეკლესიიდან ეკლესიაში და ვერ გხედავ. დაცარიელებულა ტაძრები ხალხისგან, ვერსად ვგრძნობ შენს თანდასწრებას.

გეძებ საქართველოში, გეძებ თურქეთში, გეძებ ესტონეთსა და ბრიტანეთში.

რატომ ვერ გხედავ, უფალო, ნუთუ სხვა ღმერთებივით არ არსებობ?

ვინ მოთვლის, რამდენჯერ მომსვლია ასეთი აზრები… რამდენჯერ შევსულვარ ქართულ თუ უცხოურ ტაძრებში, ყველგან გეძებდი; თუმცა, ეს შენ ისურვე ჩემი პოვნა და თავად მომიყვანე შენთან. მითხარი, რომ უნდა მომეძებნე. ჩემით ვერ მივხვდი, რომ შენ არსებობდი. ადამიანებმა დამახინჯებული ინფორმაცია მომაწოდეს, რომ უფლის არსებობა მხოლოდ ჯვრის ჩამოკიდებას და პირჯვრის გადაწერას ნიშნავდა… რომ წელიწადში ერთხელ ეკლესიისთვის უნდა შემომევლო და მისი კუთხეები დამეკოცნა და ასე შემდეგ. ოჰ, ღმერთო, როგორ გაგაუბრალოეს, როგორ შელახეს შენი სახელი ადამიანებმა, რომ უფლისადმი თაყვანისცემა მხოლოდ რელიგიური ტრადიციების აღსრულებაღა გამხდარა..

არ გეძებენ, უფალო, ადამიანები მთელი გულით. გიკეტავენ კარს, როდესაც შენ ამ კარზე აკაკუნებ.

მე რით დავიმსახურე, რომ ჩემს კარზე დააკაკუნე? მე ხომ შენთვის ფეხებიც კი არ დამიბანია, მე შენთვის ზეთი არ მიცხია თავზე. შენთვის გაზქურაზე წყალი არ შემომიდგამს, რომ ჩაი ამედუღებინა, მე ხომ შენთვის არ გამიშლია ლოგინი. მე ხომ ვახშამი არ გამიმზადებია შენთვის. რით დავიმსახურე შენი სიყვარული, უფალო?..

დავდივარ და ვერ გამიაზრებია, რომ სამყაროს შექმნამდე გამომძერწე, რომ საუკუნეების წინ მიცნობდი უკვე, მე კი წესიერად ჩემს თავსაც კი არ ვიცნობ. არ ვიცი, ვინ ვარ და რა მინდა. შენ კი ჩემზე უკეთესად იცი, ვინ ვარ და რისთვის ვარსებობ.

მითხარი, უფალო, მითხარი, ვინ ვარ, რა ჩაიფიქრე ჩემზე, რისთვის შემქმენი… იქნებ შევძლო, რომ ცოტათი მაინც გავამართლო შენი იმედები. იქნებ გავხდე ღირსი, რომ შემეხო, რომ ამიხილო თვალები… რომ არ გავაკეთო ის, რაც გულს გატკენს…

მე კი რამდენჯერ გატკინე გული, გაგცვალე მეგობრებზე, გაგცვალე ფულზე, გაგცვალე კომფორტზე, გაგცვალე სიყვარულზე, გაგცვალე ოცდაათ ვერცხლზე, ან იქნებ ნაკლებზეც… ვერ შეგაფასე, უფალო… სწორად რომ შემეფასებინე, აბა, ერთი დღის სიამოვნებისთვის ხომ არ დაგივიწყებდი?! ხომ არ დავუშვებდი, რომ ადამიანებს დაეცინათ შენთვის? ხომ არ დავუშვებდი, რომ მათი სამასხარაო გამხდარიყავი?! მაგრამ შენ არ გჭირდება ჩემი, ამ უსუსური არსების დაცვა. შენ ხომ ყოვლისშემძლე ხარ. შენ ჩემი დაცვა არ გჭირდება. რასაც შენ ითხოვ, მხოლოდ ჩემი წრფელი, მიძღვნილი გულია. შენ მხოლოდ იმას ითხოვ ჩემგან, რომ მიყვარდე, მიყვარდე ბავშვურად, ისე მიყვარდე, როგორც შვილს უყვარს მშობელი. რადგან შენ ჩემი მშობელი ხარ, მე კი შენი შვილი.

დავდივარ და გეძებ, უფალო. დაცარიელებულა ტაძრები. აქ მხოლოდ ბრჭყვიალა საგნებს ვამჩნევ. სად ხარ, უფალო?..

მახსენდება, უცხო ქვეყანაშიც კი რამდენჯერ მომაგენი და ხელი გამომიწოდე.

და მე ვიჯექი ფეხმორთხმული სტამბულის მეჩეთში, ჩამეღუნა თავი და შენს სახელს მოვუხმობდი, აქ, მუსლიმანების ქვეყანაშიც კი მომისმინე. აქაც კი მომაგენი.

შემდეგ მეგონა, თითქოს სამშობლოდან შორს მყოფს – ესტონეთში ვერ მიპოვიდი. თურმე კვალდაკვალ დამყვებოდი. აქაც მომაგენი, ამ პაწაწინა, შორეულ ქვეყანაში. არც აქ დამტოვე მარტო.

სად გავიქეცი, უფალო, და სად ვერ მომაგენი? სადაც შენი სახელი ვახსენე, ყველგან გამოჩნდი და ყველგან გამომეპასუხე. ძალიან შორს, ბრიტანეთშიც კი მომაგენი და დაკარგვისგან, მარტოობისგან და დეპრესიისგან გადამარჩინე.

თურმე მე კი არ გეძებდი, არამედ შენ მეძებ, შენ დამყვები კვალდაკვალ, რომ დამიფარო ხიფათისგან, მტრისგან, ეშმაკისგან და მისი კლანჭებისგან. და რაღა მეთქმის მე? მაშინაც კი, როდესაც გულს ვიქვავებ, შენ გახსნილი გულით მელოდები, მელოდები ყველგან, სამშობლოში თუ საზღვარგარეთ. შენს თვალებს ვერსად დავემალები. შენ ყველგან მხედავ, ყველგან დამყვები და გთხოვ, უფალო, ნურასდროს ნუ მიმატოვებ! არასდროს მიმატოვო, უფალო, მშობლებმა და უახლოესმა მეგობრებმაც რომ მიმატოვონ, შენ არ მიმატოვო, ღმერთო! შენი დაკარგვა ყველაფრის დაკარგვას ნიშნავს. მე აღარ მინდა, დაგკარგო. ძლივს გიპოვე იქ, სადაც სიბნელე იყო, იქ, სადაც ვერავინ მამჩნევდა, იქ, სადაც არავის ვუყვარდი. შენ ხომ ნაგავსაყრელიდან და ჭაობიდან ამომიყვანე. არ გამიშვა ხელი, მე შენი კალთის ქვეშ ყოფნა მჭირდება, მე მხოლოდ შენი სიყვარული მათბობს და გზას მინათებს. შენსავით არავის ვუყვარვარ და ვერც ვერასდროს, ვერავის ვერ ვეყვარები ასე. გთხოვ, არასოდეს დამტოვო. გმადლობ, რომ მიპოვე. გმადლობ, რომ შენი შვილი მქვია. გმადლობ, რომ არსებობ და ჩემში ცხოვრობ, უფალო!..

7 დეკემბერი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

იესოს შენი სჯერა!

მარიამ ბაიდაშვილი 7 დეკემბერი, 2020
მარიამ ბაიდაშვილი

ქარია, მცივა…

იესო, შემომხედე. მითხარი, რომ შევძლებ. მეშინია…

საავადმყოფოს კედლებს შორის ვყვიროდი, მციოდა, ტკივილი ჩემს სხეულს ხელს არ უშვებდა. პალატაში შემიყვანეს. ოპერაციისთვის მომამზადეს. თმა შემიკრეს. ფერადი ტანსაცმელი გამხადეს. თეთრი სამოსი ჩამაცვეს. ჩუმად ვჩურჩულებდი: „უფლება არ მაქვს დანებების. უფლება არ მაქვს… იესოს ჩემი სჯერა. სჯერა, რომ შევძლებ…“ფანჯრის რაფაზე თავი დავდე. შემოდგომის წვიმა მიწას ნამავდა. არ სწყდებოდა ჩემს ბაგეს ეს სიტყვები: „იესო, შემომხედე. მითხარი, რომ შევძლებ…“.

წარმოვიდგინე, როგორ იჯდა მამა ჩემ გვერდით, მე კი მის მხარზე მედო თავი. გამეღიმა. ზეცას ავხედე. ვიგრძენი, რომ ჩემი გულიდან ზეცამდე გაბმული იყო უხილავი ძაფი, რომელიც სულს მითბობდა. ეს კავშირი სამუდამო იყო. ეს კავშირი ერთადერთი ფერადი სინათლე იყო ამ ნაცრისფერ, ტკივილისა და სიცივისფერ სამყაროში. ამ კავშირმა გული ამიძგერა. ვიდექი და შიშის, უძლურებისა და სევდის მიუხედავად ზეცას ვუღიმოდი.

თითქოს თიხის ქოთანში ჩარგული ყვავილი ვიყავი, დიდი ხნის მოურწყავი, მიწადამსკდარი და მიტოვებული, უდაბნოში ქარისაგან წაღებული იერიქონის ვარდი, რომლისთვისაც საკმარისია წყლის ერთი წვეთი, რომ ისევ აყვავდეს. იესო, ჩემთვის ეს წყლის ერთი წვეთი ზეცაა. გზა გავაგრძელეთ მე და იესომ, მე და ზეცამ, მეტი გამარჯვება არ არსებობს ჩემთვის მიწაზე. ახლა აქ ვარ. ისევ ვგრძნობ ხელებს. ისევ შემიძლია გავიქცე უსასრულო სივრცეში; შემოდგომის წვიმას შევუშვირო გული; დაველოდო ფიფქებს, რომელიც სევდასავით დროებით გადაეკვრება ხოლმე მიწას; შევიგრძნო ქარი; გავთბე მზის სხივების ქვეშ; ვიყვირო, ვიგრძნო, ვიოცნებო, გავუძლო, გადავლახო, დაველოდო; დაველოდო დროს, როცა სახლში დავბრუნდები, სადაც მელოდებიან; სადაც არასოდეს შემცივდება; სადაც სიხარულია; სადაც სამუდამოდ რჩება სითბო. მანამდე შემომხედე და გახსოვდეს: იესოს სჯერა შენი! ვიცი, რომ გული დაგეღალა, მაგრამ წინ იარე! წადი, სადამდეც წახვალ. გაიგე, რამხელა ძალა გაქვს. გეზი აიღე ზეცისკენ. იარე, იარე!

დააკვირდი შენს ხელებს, როგორ იბრძვიან; შენს ტერფებს, როგორ მირბიან მიზნისკენ; როგორ ძლიერად დგახარ; როგორ გიცემს მკერდში გული და უცებ აღმოაჩენ, რომ ყოველ ნაბიჯზე შენში ახალი ძალა იღვიძებს. იესოს სჯერა შენი! მთელი ზეცა შენი გულშემატკივარია. მამა შენით ამაყობს! არ დაგავიწყდეს, ვის ეკუთვნი. არ დაგავიწყდეს, ვინ დგას შენ გვერდით. იმიტომ შეგიშვა ამ ომში და იმიტომ მოგანდო იარაღი, რომ შენი სჯერა. იცოდე, აქაც, ამ ძლიერ სევდაშიც, შენთან ერთად დგას და მზადაა, რომ ყოველ ჯერზე ახალი ძალითა და ახალი იარაღით აღგჭურვოს.

იბრძოლე! ზეცამდე უნდა მიხვიდე! ზეცა გელოდება! მალე შენი ტკივილი წარსულად იქცევა და სახელად გამარჯვებას დაუძახებენ! დაღამებამდე თუ მიაღწიე, თუ გაუძელი გრძელ დღეს, ზეცას ახედე და თქვი: „კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი სახლს, კიდევ ერთი ნაბიჯით ახლოს ვარ ზეცამდე!“

არ დაგავიწყდეს, შენ და მამა, შენ და ზეცა, ერთი გუნდი ხართ! იესოს სჯერა შენი! წადი, სვლა განაგრძე!

7 დეკემბერი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

სინათლე მოდის ბრძოლით

თაკო გამგებელი 3 დეკემბერი, 2020
თაკო გამგებელი

მახსოვს, ბავშვობაში დედამ ურჩობის და სიჯიუტის გამო სახლის ყველაზე მიყრუებულ, ბნელ და უსიცოცხლო ოთახში დამსვა, გვერდით წიგნი დამიდო და მომახალა: „დღის ბოლომდე მზის სინათლეს ვერ ნახავ, თან წიგნს წაიკითხავ და სანამ არ დაასრულებ, აქ იჯდები მარტოდმარტო!“

ჩემი ბავშვური სიცელქის და რთული ხასიათის გამო აღმოვჩნდი იმ ოთახში. შიშმა შემიპყრო, ფაჩუნის გაგონებისას თვალებს ოთახის ყველა კუთხეში ვაცეცებდი. მეგონა, მოჩვენებები დამესხმოდნენ თავს, სინამდვილეში კი თაგვები მიიჩქაროდნენ სოროსკენ. ჯერ მთელი ძალით ვყვიროდი, იქამდე, სანამ ფილტვები არ შემეკუმშა და  პასუხის მოლოდინმა საბოლოოდ არ დამღალა. მერე კართან დავჯექი და უკვე ხმადაბლა ვჩურჩულებდი, ვითხოვდი იმ წყეული კარის გაღებას.

სიბნელეს მანამ ვერ დავაღწიე თავი, სანამ დედას ბოდიში არ მოვუხადე. საბოლოოდ მზის სინათლე შევიგრძენი და პირობაც დავდე, რომ ჩემს ჯიუტ და რთულ ხასიათს გავაკონტროლებდი.

წლები გავიდა და იმ ბნელ ოთახში სწორედ სინათლის პოვნის გამო, ახლა უკვე ჩემი ნებით აღმოვჩნდი.

დედაჩემი კვლავ  რთულ და აუტანელ ხასიათს აბრალებდა ჩემს „აკვიატებას“. თინეიჯერია, გადაუვლისო, ამბობდა. სხვა სიტყვებით, დედა ცდილობდა, გადარჩენის შანსი გამოეგლიჯა ჩემთვის; შანსი, რომელიც იესოს დაღვრილი სისხლით ყველა ჩვენგანისთვის გახდა ხელმისაწვდომი. ის ჭეშმარიტებას სიცრუედ, და ღმერთისკენ მიმავალ გზას უფსკრულზე გადებულ ხიდად მიიჩნევდა.

წლების შემდეგ, ღმერთის სიყვარულის გამო, იმ ოთხ საზარელ კედელს შორის გამოვიკეტე, რომელიც ბავშვობის ყველაზე ცუდ მოგონებად ჩაძირულიყო მოგონებათა ზღვაში. ის კარი ახლა თავად გავაღე და დავჯექი ჩემი ბიბლიით, რათა მეჩვენებინა ყველასთვის, რომ სინათლე, რომელიც ჩემს გულში ცეცხლივით გიზგიზებდა, იმ ოთახის სიბნელეს გამინათებდა.

გარედან ოჯახის წევრების ხმა აღწევდა ჩემამდე, სუსტია, სადამდე გაუძლებსო. დილამდე ოთახში არსებული სიბნელე და მე, ჩემი ბიბლიით ხელში, ისევ ერთად ვიყავით, მაგრამ ამჯერად ის ვეღარ გაბატონდა ჩემზე.

წლების შემდეგ სიბნელის შიში სინათლის სიყვარულმა დაამარცხა და ჩემთვის შეუძლებელი შესაძლებლად აქცია.

ბნელი ოთახის უკვე დაძველებული კარის ჭრიალმა გამომაფხიზლა, დედა ცრემლიანი თვალებით მიყურებდა.

– როდის გახდი ასეთი? მათ შეგცვალეს. შენს თავს აღარ ჰგავხარ!

– როდის შევიცვალე?!  უფლისადმი ნამდვილი სიყვარული და რწმენა რომ ვიგრძენი მთელი ჩემი გულით, მაშინ შევიცვალე და ახლიდან დავიბადე.

– არ მოგცემ უფლებას, არასწორი წარმოდგენებით იცხოვრო!

– რას გააკეთებ? ისევ ამ საშინელ ოთახში ჩამკეტავ, როგორც ბავშვობაში? ნუთუ არ გიხარია, რომ საბოლოოდ მოვიხსენი სულის ბორკილები და თავისუფლება, სინათლე ვპოვე?! ნუთუ არ გახარებს, რომ ჩემი თვალები დღეს რწმენით ციმციმებს და ისევ უკუნი სიბნელე არ ბინადრობს მათში?.. ბავშვობაში, როცა ძილის წინ თმას მივარცხნიდი და ზღაპრული გმირების ისტორიებს მიყვებოდი, შენს მკლავებში მშვიდად მივიძინებდი ხოლმე. დღეს მინდა, მე მოგიყვე მსოფლიოს ყველაზე დიადი გმირის ისტორია, მაგრამ შენ არც კი მისმენ, გულს არ მიხსნი. ნუთუ სიცრუემ ასე დაგაბრმავა და სიყვარული დათრგუნა შენში?! ვწუხვარ…

ცრემლებს ვერ ვიკავებდი, ხმაში სევდა შემეპარა, გულში კი ტკივილი. ავიღე ბიბლია და წასვლა დავაპირე.

– ჩემი შვილი აღარ იქნები, თუ ასე გააგრძელებ…

ეს სიტყვები მეხის გავარდნას ჰგავდა იმ სიჩუმით სავსე ოთახში, ჩემს გულში კი ელვასავით გაიარა. თვალები დავხუჭე და ღრმად ამოვისუნთქე:

– ღვთის შვილი ხომ მაინც ვიქნები, ეგეც საკმარისია. – ვუთხარი მშვიდად და გზა განვაგრძე.

3 დეკემბერი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

მარხვა, დამარხვა…

თამუნა შაქარაშვილი 3 დეკემბერი, 2020
თამუნა შაქარაშვილი

ვზივარ და თითქოს პირველად ვისმენ ამ სიტყვას. მარხვა, მარხვა , და-მარხვა… ვფიქრობ, რატომ მეუცხოვა ეს სიტყვა ასე ძალიან.

რამდენჯერ გიმარხულია ან რამდენჯერ მიმარხულია?  ბევრჯერ!  მაგრამ მაინც, რა უცხოდ ჟღერდა ეს სიტყვა დღეს!

ვფიქრობ წარსულზე და ვფიქრობ აწმყოზე, ვფიქრობ ამაოდ მარხულ დღეებზე, რადგან ეს იყო უბრალოდ საჭმლის აკრძალვა და არა მარხვა, არა დამარხვა!

მოდით ვნახოთ, რას გვეუბნება ამ საკითხზე ბიბლია. მათეს სახარების მე-6 თავი, მე-16 მუხლი: „ხოლო, როდესაც მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი თვალთმაქცებივით. რადგან ისინი მწუხარე სახეებს იღებენ, რათა ადამიანებს მმარხველებად აჩვენონ თავი.“ (აქ შევჩერდები და შემდეგ განვაგრძობ).

ვფიქრობ, რამდენჯერ მიწუწუნია ხან ხმამაღლა, ხანაც ჩუმად, ჩემს გულში. რამდენჯერ გამიჟღერებია, რომ მარხვაზე ვარ, ხან ნებით, ხან უნებურად, გაუაზრებლად, მაგრამ რატომ? კომფორტის ან თვითამაღლების შეგრძნებას ხომ არ მიტოვებდა, ვფიქრობ და ვდუმვარ…

განვაგრძოთ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ისინი უკვე იღებენ თავიანთ საზღაურს!“  და მართლაც, იქნებ მიმიღია მეც ჩემი საზღაური-მეთქი, ვფიქრობ. ალბათ, ხალხს უფიქრია: როგორი მორწმუნეა, მარხულობს, ტაძარში დადის, ქადაგებებს ისმენს. მაგრამ არა! აი, ეს არის შეცდომა. გარეგნული მხარე, ჩვენი აღქმა და გაიგივება სულიერებასთან, გაიგივება მხოლოდ ხილული საქმეებით…

განვაგრძობ… (17) „ხოლო შენ, როდესაც მარხულობ, იცხე თავზე და დაიბანე პირი, რათა ადამიანებს კი არ ეჩვენო მმარხველად, არამედ დაფარულად მყოფ შენს მამას. და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგიზღავს შენ ცხადად.“ (და ისევ, აქ გავჩერდები).

აქ არსად წერია: აკრძალეთ საჭმელი, არ შეჭამოთ ეს, არ დალიოთ ის, არ წახვიდეთ იქ და ა.შ.

„იცხე თავზე და დაიბანე პირი“ – ეს ყველაფერია. იცით, რამდენჯერ მითქვამს უარი ჭამაზე, მაგრამ „არ დამიბანია პირი“ და პირის დაბანა ჩემთვის არ ნიშნავს დილით ადგომას და მოწესრიგებას, ჩემთვის ეს ნიშნავს ენის ალაგმვას, არასაჭირო თემებზე საუბრის აკრძალვას (რასაც, ვფიქრობ, ისედაც უნდა ვაკეთებდეთ); თუმცა, ამდენი წლის შემდეგ ახლა ჩავწვდი მარხვის, ანუ დამარხვის არსს და მინდა, გკითხო შენ:  რამდენჯერ დაგიმარხავს ცუდი თვისება, ცუდი თვალი, ენა, ყური, გული, ხელი, ფეხი, ცუდი და არასწორი საკუთარი თავი, რომელიც ემიჯნება ღმერთის ჭეშმარიტებას?!

ან საერთოდ თუ გიმარხულია? იქნებ ჩემსავით ახლა გაიაზრე ამ სიტყვის არსი, იქნებ შენც ჩემსავით ჩაგესმა ეს სიტყვები: „მარხვა, ანუ დამარხვა“? და პირველად იქნებ შენც ჩემსავით გენიშნა რამე…

ახლა ვფიქრობ, რამდენი პასუხგაუცემელი კითხვა მქონდა, რადგან ჩემი „მარხვა“ კონცენტრირებული იყო არა რამის დამარხვასთან, რამის გამოსწორებასთან, ან იმ კონკრეტული საკითხისთვის თავდადებასთან, არა ცვლილებასთან, არა გამოსწორებასთან, არამედ საჭმლის აკრძალვასთან და მარხვის არსის გაუაზრებლობასთან…

იცით, მინდა, თქვენც შეიგრძნოთ და დაფიქრდეთ, რას ითხოვთ და რას მარხავთ.

რა დაგიმარხავთ ან რის დამარხვა შეგიძლიათ თქვენს ცხოვრებაში, რა უნდა გაუშვათ და რა დატოვოთ, რა შეცვალოთ და რა შემატოთ თქვენს ცხოვრებას…

მინდა, დავმარხო საკუთარი თავი, ცუდი თვისებები, ფიქრები, გრძნობები, ქმედება, განზრახვა, ცუდი საკუთარი თავი…

და ავივსო ახლით, უკეთესით, სიყვარულით, პატიებით, მშვიდობით, თავდადებით, კარგი თვისებებით, უკეთესი პიროვნებით.

გისურვებთ უფლის მშვიდობას, ღმერთისმიერ საზღაურს და არა ადამიანისას.

შეკრიბეთ საუნჯე ცაში, რადგან სადაც არის შენი საუნჯე, იქ იქნება შენი გულიც.

3 დეკემბერი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

რწმენით მიღებული ფრთები

თაკო გამგებელი 2 დეკემბერი, 2020
თაკო გამგებელი

სიცივისგან გაყინულმა, ჩვეულებისამებრ, ცარიელ, მდუმარე ოთახში გავახილე თვალები. ჯერ კიდევ ძილისგან გაბრუებულმა, გაყინული ფეხები იატაკს შევახე. უცებ ამოვიოხრე, წარბები შევჭმუხნე და უკმაყოფილომ დავხედე იატაკს. ჩემი გალურჯებული ფეხის ტერფიდან წვეთ-წვეთად მოდიოდა ელვარე სისხლის წვეთები და მათი დაცემის ხმას მდუმარე კედლები გამაყრუებელ ექოდ გამოსცემდა. შუშის ნამსხვრევები სისხლით მთლად შეღებილიყო. ფეხის ტკივილი მაწუხებდა, მაგრამ ვერ გაბატონდა. სიჩუმე დავარღვიე და გვარიანდ შელახული ხის კარის სახელურს ფრთხილად შევეხე. ზღურბლს გადავცდი და უჩვეულო თავისუფლება ვიგრძენი. ზამთრის ცივ და გარინდებულ დილას აქამდე ასე არასდროს მოვუნუსხივარ.

გული სიხარულით ამივსო იმის ხილვამ, რომ უკიდეგანო ცის კამარა მთლად გადათეთრებულიყო, იქიდან წამოსული თოვლის ნაზი ფიფქები კი მორცხვად ეცემოდა ჩემს გაფითრებულ კანს. ფიფქები მალევე ქრებოდა, მათ ადგილას მხოლოდ წყლის პატარა წვეთები რჩებოდა, რომლებიც ცრემლებივით ასველებდა ნატანჯ ღაწვებს.

აქამდე არ განმიცდია ასეთი საუცხოო შვება, როგორც მაშინ. თვალები დავხუჭე და ხელებგაშლილმა სიამოვნებით გავიარე თოვლზე. ვიღიმოდი, სიცივის შეგრძნება სრულად დამეკარგა და არც ის მაღელვებდა, რომ თოვლის ფიფქები მასველებდა.

სინამდვილეში, რწმენის გარეშე დარჩენილი ადამიანი ფიზიკურად თუ არა, სულიერად არის ცარიელ და მდუმარე ოთახში ჩაკეტილი. მისი გული კი დაჭრილია.

დაჭრილ გულს კი ვერავინ და ვერაფერი განკურნავს, გარდა იესოსი. მისი სისხლი ხომ იმისთვის დაიღვარა გოლგოთაზე, რომ ჩვენ მიგვეღო ხსნა და განკურნება.

სინათლის გარეშე ჩაკეტილი სული ავადდება და, ადრე თუ გვიან, დაიღუპება. ის ვერ გასცდება ოთახის ზღურბლს და ვერ გაინავარდებს. ვერ შეიგრძნობს თავისუფლების სურნელს. რწმენით სავსეს კი ამქვეყნიური სნეულება ვერაფერს დააკლებს.

ღმერთს მინდობილი, რწმენით მებრძოლი ადამიანი თოვლის ფიფქივით სუფთა და თავისუფალია.

ის ღრუბლებში გაჭრილი ფრინველია, რომელსაც რწმენით და ლოცვით მიღებული ფრთები ძალიან შორს, ჰორიზონტს მიღმა მიაქროლებს.

2 დეკემბერი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ახალი ბლოგები
ძველი ბლოგები
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 2

    მხსნელი უფალი

    26 თებერვალი, 2020
  • 3

    ღმერთი არ არის საშუალება

    5 დეკემბერი, 2022
  • 4

    მედროვე ადამიანთა ქმედებები…

    22 მარტი, 2019
  • 5

    უთხარი მას…

    23 მარტი, 2016


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ