ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ
  • stories

  • Memories

  • About Me

ბლოგები

რას ხედავ შენ?

თამუნა ბაღდავაძე 12 იანვარი, 2021
თამუნა ბაღდავაძე

ბავშვობაში, როდესაც ფილმს ვუყურებდით და ჩემი მოხუცი, ტკბილი ბებიკო შინაარსით დაინტერესდებოდა და გვერდით მოგვიჯდებოდა, პირველი მისი კითხვები პერსონაჟებთან მიმართებით ჩნდებოდა: ეს კეთილია? ის ბოროტია? მშობლებიც, იმის გამო, რომ რამე მნიშვნელოვანი არ გამორჩენოდათ, ღიმილიანი სახით მოკლე პასუხებით შემოიფარგლებოდნენ: „კი“ ან „არა“.

მეც ასე ჩამებეჭდა გონებაში და ღრმა ბავშვობაში ასე მეგონა, რომ ადამიანები ორ კატეგორიად იყოფოდნენ და არსებობდნენ ან კეთილი, ან ბოროტი ადამიანები. მას შემდეგ გავიზარდე, ბევრი რამ ვნახე ცხოვრებაში, ახლაც ვსწავლობ და ვაკვირდები ჩემს თავს, ადამიანებს და რა თქმა უნდა, დიდი ხანია გამიცხადდა, რომ ასე ბანალურად არ არის ადამიანი მოწყობილი, რომ ან მხოლოდ კეთილი, ან მხოლოდ ბოროტი იყოს. ჩვენში, ყველაში, არის კეთილიც და არის ბოროტიც. ყველას გვაქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. ჩვენ ყველას შეგვიძლია ბოროტების ჩადენაც და სიკეთის ქმნაც. და გამუდმებით ასეც ხდება ჩვენს ცხოვრებაში. საკმაოდ რთული და ღრმა არსებაა ადამიანი. მაგრამ ეს კიდევ სხვა, შეიძლება ითქვას, ფილოსოფიური საკითხია. დღეს კი სულ სხვა რამეზე მინდა, რომ დავფიქრდეთ: ჩვენ რას ვხედავთ, რა გვგონია, ან რას ვამჩნევთ სხვებში?

ღმერთი სიბრძნისკენ მოგვიწოდებს და გვასწავლის – დაფიქრებულად და გონივრულად ვიქცეოდეთ, ვიყოთ ფრთხილნი და ამავდროულად, ვიყოთ ბავშვებივით წრფელნი და სუფთა გულისანი. ეს არასოდეს არ უნდა გვავიწყდებოდეს.

მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველნი, და უმანკონი, როგორც მტრედნი.

მათეს სახარება 10:16

ამიტომ, რა თქმა უნდა, გულუბრყვილოდ მინდობა ადამიანზე, როდესაც სასწორზე რაღაც მნიშვნელოვანი დევს, არასწორი და გაუმართლებელია. მაგრამ ამაზე სხვა დროს იყოს. დღეს მე დამოკიდებულებებზე, პირველ შთაბეჭდილებებზე, ურთიერთობების შენებაზე მინდა დაგაფიქროთ.

მინდა მოგიწოდო დღეს, რომ დაფიქრდე ამაზე, დააკვირდე შენს თავს ობიექტურად და გამოიკვლიო: როგორი მიდგომა გაქვს ადამიანებისადმი? ხარ ისეთი, ვინც დადებითად იმსჭვალება ადამიანისადმი და არ ფიქრობს მის შესაძლო ცუდ მხარეებზე, თუ მაშინვე უნდობლობით ხარ განწყობილი და ეს იმდენად ჩვეულებრივი გახდა შენთვის, რომ ვერც აანალიზებ, რადგან ქვეცნობიერად უკვე ასე ხარ მოწყობილი? უცხადებ თუ არა ადამიანს ნდობას და მზად ხარ, წინასწარი აკვიატებული აზრის გარეშე იქონიო ადამიანთან ურთიერთობა, თუ მაშინვე კითხვებითა და უნდობლობით ივსება შენი შინაგანი?

რას ხედავ შენ?

თუ ჩემი აზრი გაინტერესებს, გულწრფელად გეტყვი, რომ ყოველთვის ვცდილობ, წინასწარი აკვიატების გარეშე შევხვდე ყოველ ახალ ადამიანს ჩემს ცხოვრებაში და თავად მას და დროს მივცე საშუალება, გამოავლინოს, თუ როგორია ის სინამდვილეში. მანამდე კი უბრალოდ ვცდილობ, დავინახო ის დადებითი, რაც მას აქვს და არ ვეძებო ცუდი თვისებები მასში. რადგან ვხვდები, რომ სხვაგვარად ურთიერთობები განწირულია და მე, დიდი ალბათობით, შეიძლება გავხდე სტერეოტიპების თუ ჩემივე წინასწარ აკვიატებული, მცდარი აზრების მსხვერპლი.

მირჩევნია, დრომ და ცხოვრებამ მაჩვენოს ადამიანი და თუნდაც შევცდე მასში, ვიდრე ვიყო უნდობელი და ჩემივე ეჭვები მტანჯავდეს და მიღრღნიდეს გულს. და მერწმუნე, თუკი ჩვენს თავს მივაჩვევთ ასეთ დამოკიდებულებას, ეს ჩვენი განუყოფელი ნაწილი გახდება და ეჭვიანი ბუნება ნელ-ნელა ისე ჩამოგვიყალიბდება, რომ ვერც კი შევამჩნევთ ამას. მე კი ცხოვრებაში ბევრი უნდობელი და ეჭვიანი ბუნების ადამიანი მინახავს, რომლებიც ჯერ საკუთარ თავს – შინაგანს, ემოციებს, ჯანმრთელობასაც კი და მთელ ცხოვრებას ინადგურებდნენ და მერე ირგვლივ მყოფებსაც ტანჯავდნენ, ასე რომ, ნამდვილად არ მინდა, ვიყო ამგვარად.

ამიტომ მე სხვა გზას ვირჩევ: მინდა, ნდობა გამოვუცხადო ადამიანებს, რადგან მეც ასე გამიხარდებოდა, რომ მომქცეოდნენ. ვირჩევ ნდობის გზას, რომ ჩემი უნდობლობითა და ეჭვებით არ დავანგრიო პიროვნება და ურთიერთობები, არამედ თუ შემიძლია, სიკეთე ვუქნა, ან თუ ეს არაა შესაძლებელი, უბრალოდ მშვიდობით დავშორდე მას.

ჩვენ თავად ვირჩევთ გზას და ჩვენ თავად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც შემდგომში აყალიბებენ ჩვენს ბუნებას და განაპირობებენ კონკრეტულ შედეგებს ჩვენს ცხოვრებაში. ამიტომ, ჩემო მეგობარო, არ დაგავიწყდეს:

როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ.

ლუკას სახარება 6:31

ვინაიდან:

რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის.

გალატელთა 6:7
12 იანვარი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

მიუყვებიან ადამიანები ბილიკებს…

გუჯა ჩაჩანიძე 7 იანვარი, 2021
გუჯა ჩაჩანიძე

უამრავი ბილიკი და ნაკვალევი გასდევს ცხოვრებას.

ზოგი მკრთალია, ზოგი ღრმად გაკვალული, ზოგი მალევე წყდება და ბალახებში იკარგება. ზოგიც ისეთია, თვალს ვერ გააწვდენ, ზოგი ბილიკი ტალახიანია, ზოგიც მრუდე, ზოგიც სწორი.

არჩევანი ბევრია.

ადამიანები მიჰყვებიან ამ ბილიკებს ცხოვრების დასაწყისიდანვე, ისინი ირჩევენ მიმართულებას და ამ არჩევანის შედეგად, მათი ბილიკებიც იდენტური ხდება იმის, რომელ ბილიკსაც ისინი დაადგებიან ხოლმე.

არჩევანის გაკეთება არც ისე რთულია, მაგალითად, ღრმად გაკვალულ ბილიკს წარმატებასთან მიჰყავს ადამიანები, რომელსაც ეს ქვეყნიერება იძლევა. სავალი გზა კარგად ჩანს, მაგრამ სიარული რთულია.

ტალახიანი ბილიკი არც ისე მიმზიდველია, მაგრამ საოცარი ის არის, რომ მასზეც ბევრი ადამიანი დადის. ეს ის ბილიკია, რომელიც არც წარმატებას იძლევა და არც სიამეს და არც სადმე განსაკუთრებულ ადგილზე არ მიდის. ამ ბილიკზე მოტყუებული ადამიანები დადიან, რომელთაც უარი თქვეს მიზანზე და გაუცნობიერებლად დაადგნენ ბილიკს, რომელსაც არსად მიჰყავს, არამედ ტალახში ახრჩობს მათ.

ბილიკები, რომლებიც მალე წყდება, იმ ადამიანებისაა, რომელთაც დაიწყეს სიარული, მაგრამ შეწყვიტეს სხვადასხვა მიზეზის გამო. ეს ბილიკები ყველაზე უცნაური და შემაძრწუნებელი სანახავია ყველა იმ ბილიკის ფონზე, რომელიც ცხოვრებაში შეიძლება ნახო.

ბილიკები, რომელსაც თვალს ვერ გააწვდენ, ადამიანებისაა, რომელთაც ისტორიული კვალი დატოვეს ამ ცხოვრებაში.

ყველა ბილიკს თავისი მიმართულება აქვს და შეგიძლია, ნებისმიერს დაადგე. ყველა სადღაც მიდის, თუმცა სადღაც სრულდება.

მაგრამ არის ერთი ბილიკი, რომელიც ცხოვრების დასაწყისშივე არ იწყება, ეს ბილიკი სხვა ბილიკებს უერთდება ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში, და ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, ამ ბილიკზე განაგრძონ სვლა.

ეს ბილიკი ვიწროა, მაგრამ მკაფიო. სავალად ძნელი ჩანს, მაგრამ აქვს ის, რაც სხვა ბილიკებს არ აქვს. ამ ბილიკს თავისი მეგზური ჰყავს, რომელმაც ზუსტად იცის, სად მიდის ეს გზა, რომელიც ეხმარება ნებისმიერ ადამიანს, რომ ამ ბილიკს არ გადაუხვიოს და მიაღწიოს ქალაქს, რომელიც ამ დედამიწაზე არ მდებარეობს და რომელიც არასდროს დაინგრევა. იგი ართმევს ტვირთს ადამიანებს და თავად ეხმარება სიარულში, ის წმენდს მგზავრებს ტალახისგან, ასწავლის გზას, ზრუნავს მათზე და წინ მიუძღვება.

ყველა ჩვენგანის ცხოვრებისეულ ბილიკზე, დროის გარკვეულ მონაკვეთში, ერთხელ მაინც გამოჩნდება ეს ბილიკი, რომელსაც მეგზური ჰყავს, და თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, გადავალთ თუ არა მის გზაზე და გავყვებით თუ არა მას, ვინც ამ გზის მეშვეობით მარადისობამდე მიგვიყვანს.

როცა დადგება ეს პერიოდი შენს ცხოვრებაში და მიხვდები, რომ არის დრო, გადახვიდე გზაზე, რომელსაც მეგზური ჰყავს – მხსნელი და უფალი იესო, სწორ არჩევანს გააკეთებ.

შედით ვიწრო კარიბჭით, რადგან ფართოა კარიბჭე და განიერია გზა, რომელსაც დაღუპვისკენ მიჰყავს, და მრავალნი არიან მასზე მოსიარულენი. რადგან ვიწროა კარიბჭე და რთულია გზა, რომელსაც სიცოცხლისკენ მიჰყავს და ცოტანი პოვებენ მას.

მათეს სახარება 7:14
7 იანვარი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

უფალია სისავსე აღმავსებლისა ყოველივესი ყოველივეში

მარიამ ბაიდაშვილი 7 იანვარი, 2021
მარიამ ბაიდაშვილი

სამყაროს ვუგდებ ყურს და უფლის ხმა მესმის, თბილი, საამო. ეს ხმა მიზიდავს, მაცოცხლებს; გული ძგერს, როცა მამის სიყვარულს ვეხები. ბუმბერაზ, დათოვლილ მთებს გავყურებ და აქაც შენ ხარ, უფალო; ღრუბლებით მოქარგულ ზეცას ვუმზერ და აქაც შენი ხელის ნაკვალევია. სანუკვარი თილისმა ხარ ჩემს სულზე დაბჯენილი; ჩემი ახალი წელი შენ ხარ, ჩემი გადარჩენა, ჩემი სიმღერა ხარ, რომელიც უსასრულო იმედსა და სხივზე ჰყვება ამბავს.

დედამიწამ კიდევ ერთხელ შემოუარა მზეს, მეც მასთან ერთად ვდგამდი ნაბიჯებს, ხშირად ქარიშხალსა და ტალღებში შენს ხმას ვეღარ ვარჩევდი, ვიკარგებოდი. ბაბუაწვერასავით მიმოვიფანტებოდი ხოლმე ირგვლივ და დაბზარული გულით დავდიოდი, მაგრამ  განთიადს ვუცდიდი, რადგან მაიმედებდა შენი არსებობა ჩემში, სამყაროში, უსასრულო სივრცეში, მარადიულად… მზის ამოსვლის შემდეგ კი სამყარო სხვანაირი ხდებოდა, უფრო მეტად იწმინდებოდა ცა, იწმინდებოდა ჩემი გული. როგორც გამარჯვებული მეფეები ნადავლით ბრუნდებოდნენ შინ, მეც უხილავი სიმდიდრითა და ძალით აღვსილი მოვაბიჯებდი შტორმიდან… უფლის მოიმედეთა ბრძოლა ყოველთვის გამარჯვებით სრულდება, ამას მიმტკიცებ დაბადებიდან დღემდე. ნისლით და გაურკვევლობით დაფარულ დღეებში თითქოს მძერწავდი, ზედმეტ ნაწილებს აცლიდი ჩემს სულს და ახლა აქ ვარ, ახალი ქმნილება, უფლის ხელები ატყვია ჩემს სულს.

როდესაც დედამიწამ ათვლა იწყო კიდევ ერთი წლით, მე უხილავს ვუმზერდი რწმენით. სხვადასხვა გარემოება, ადამიანები, ბოროტი სულები ხავსივით ედებოდნენ ჩემს გონებას, სულს და ამბობდნენ, რომ ხილული დააყოვნებდა, მაგრამ  ახლა უხილავში დანახულ ხილულს ვეხები. აშენებდა ნოე კიდობანს, ხმაურში, დაცინვაში, ხალხთა მიერ მოტანილ ეჭვში, მაგრამ ყოველი ფიცრის დადებისას ის იხსენებდა მამის დანაპირებს, მან იცოდა, რომ უფლის სიტყვები მტკიცე დასაყრდენია. დადიოდა აბრაამი უდაბნოში, მრავალ ვარსკვლავს შესცქეროდა და ყოველ ჯერზე, როცა ზეცას შეხედავდა, შენი სიტყვები ახსენებდა თავს: „მრავალი ერის მამად გაქცევ შენ!“, როცა საკუთარ ძალებს ვეღარ დაეყრდნობოდა, შენი ძალა შეაშველე მას და სისრულეში მოიყვანე შენი დანაპირები მაშინაც, როდესაც იოტისოდენა იმედიც კი აღარ არსებობდა.

და შენ… შენც ამ მიწაზე ხარ, შეგიძლია, შენი გამარჯვების ისტორია დაწერო, არ დაეჭვდე უფალში! შენ შეგიძლია, ყველაფერში იპოვო იგი, თუნდაც სახლში მდგარ ქოთნის ყვავილში, რომელიც ყოველ დილით იღვიძებს და სილამაზით გატკბობს, ეს უფლის ხელით გამოძერწილია, ბუმბერაზი ხეები მამის დახატულია, თოვლიც, რომელიც ციდან ეცემა შენი ფანჯრის რაფაზე,  ქარი, რომელიც შენს თმას აშრიალებს, მზე, რომელიც გათბობს, დედამიწა, რომელიც ბრუნავს, ტალღების ხმაური, ხეთა ნაზი რწევა, სინათლე, ქვიშა, ყველაფერი, რასაც ეხები, ეს უფლის ჩანაფიქრია – უხილავიდან ხილულში მოსული, და როცა იმედს დაკარგავ, შეხედე მის ხელთა ნამოქმედარს და გჯეროდეს შენს ცხოვრებაში მამის არსებობის. დედამიწა კვლავ იწყებს ათვლას და შენ ახალი მოგზაურობა გელის, ყველაზე ტკბილი თავგადასავალი იესოსთან ერთად. შენი ახალი წელი მაშინ დადგება, როცა შენში კიდევ ერთხელ დაინახავ ახალ ქმნილებას, მამისაგან აღდგენილსა და დამშვენებულს!

წარმოიდგინე, რომ შენი სული ნაძვის ხეა, რომელზეც სათამაშოს ნაცვლად უფლისმიერ გამარჯვებას ჩამოჰკიდებ და იგრძნობ, როგორ მოედება მთელ სხეულს ბრწყინვალება, სინათლე და ჩაუქრობელი სიხარული.

7 იანვარი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ოცნება, რომელიც ახალი წლის ღამეს მოდის

თაკო გამგებელი 7 იანვარი, 2021
თაკო გამგებელი

ზღაპრული ღამე იდგა, სუსხიანი ზამთრის პირველი თვის დასასრულს. დიდხანს ვუყურებდი ბნელი ოთახის კუთხეში განათებულ საახალწლო ნაძვის ხეს, რომლის ყოველ სათამაშოს თავისი ისტორია ჰქონდა. საახალწლო ქუდით და ტკბილეულით ხელში ვიჯექი და დიდხანს ვფიქრობდი განვლილ დღეებზე, თვეებზე…

ბოლოს ოცნებების მორევში სრულიად ჩავიძირე. ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს ნათელ მომავალზე ფიქრი ჩემი უცვლელი ტრადიცია გახლდათ. სასოწარკვეთილი რომანტიკოსივით რეალობას გავურბოდი და გულში ჩაძირულ ყველა იმედს მომავალზე ვამყარებდი. წლების განმავლობაში ჩემი სურვილები იცვლებოდა და იზრდებოდა. ღრმა ბავშვობაში ბრჭყვიალა ფეხსაცმელს და პრინცესას გვირგვინს ველოდი, რომელსაც თოვლის ბაბუას მაგივრად ყოველთვის დედა ტოვებდა ნაძვის ხის ქვეშ. შემდეგ გამიჩნდა მიზანი – გადამერჩინა ადამიანთა სიცოცხლე და ღამით, ძილის წინ ყოველთვის წარმოვიდგენდი ჩემს თავს ქათქათა თეთრი ხალათით, ორქიდეებით სავსე კაბინეტში. ეს ოცნება ჯერ კიდევ ღამის ტკბილ სიზმრად რჩება.

ვცდილობდი, ახალი წლის ღამე დაუვიწყარი და ჯადოსნური გამეხადა. ახლა ყველაზე განსაკუთრებული წლის ბოლო დღე იყო. მიუხედავად ირგვლივ გამეფებული სიკვდილის, ტკივილის და მავნე ვირუსისა, ეს წელი საოცარი იყო ჩემთვის. საამისოდ ბევრი მიზეზი მაქვს და უპირველესს მოგახსენებთ.

ღმერთი! – საოცარია იმაზე ფიქრი, რომ არსებობს მუდმივი ფარი და სულიერი სიმშვიდე ადამიანთა გულებში, რომელმაც დიდი ხნის წინ იფიქრა შენს საჩუქარზე. მარადიული სიცოცხლე – ეს ის დიდებული ძღვენია, რომელიც ყველა ადამიანმა მიიღო. ღმერთის აღთქმა – ეს ღმერთის მიერ დადებული ურღვევი პირობაა, ღვთიური სიტყვა, რომლის მსგავსი არასდროს, არსად თქმულა და ეს ჩვენ, აბრაამის მემკვიდრეებს, უსასყიდლოდ გვერგო.

„რათა გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, რათა ისმინო მისი ხმა და მიეწებო მას. რადგან იგია შენი სიცოცხლე და დღეგრძელობა, რათა იცხოვრო იმ მიწაზე, რომლის მიცემაც ფიცით აღუთქვა უფალმა შენს მამებს – აბრაამს, ისააკსა და იაკობს, მათთვის მისაცემად.“ (რჯული 30:20).

წილად გვხვდა იესოს ტრიუმფალური გამარჯვება სიკვდილზე, რაც გოლგოთაზე აღსრულდა, რათა ჩვენც გავიმარჯვოთ მისი გამარჯვებით. ჩვენ გადარჩენის და განწმენდის ღირსნი გავხდით, რაც განკაცებული ღმერთის, უმწიკვლო კრავის სისხლით მივიღეთ. მივიღეთ გზა ცხოვრების, ბრძოლის ჟინი. შევქმენით ლაშქარი ღმერთთან, რათა მან დაამხოს ჩვენი მტერი და წაგვიძღვეს მიუწვდომელი სიმაღლეებისკენ.

ბნელი ოთახის კუთხეში ვზივარ და ვფიქრობ, წელს რა არის ჩემი ოცნება? მინდა, ვიარო სიცოცხლის სინათლით განათებულ გზაზე ღმერთთან ერთად და სარეცელთან მუდამ მასზე ვიფიქრო.

7 იანვარი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

რამ მომიყვანა შენთან?!

ლიკა მელანაშვილი 29 დეკემბერი, 2020
ლიკა მელანაშვილი

შენ იქით სწორი გზა არ არის, ღმერთო.

მრუდე გზებით დავდიოდი. რამ მომიყვანა შენთან? საკუთარი ძალებით ვზიდავდი ჩემივე ტვირთს, აღმართ-აღმართ, უსასრულო ლაბირინთებში. ბევრი ვიარე შენამდე, მოვედი და თავი ჩაგიდე ხელისგულებში. შენ მაძლევ სიმშვიდეს, რისი უნდა მეშინოდეს?! ჩემი სულის ხარ ნავსაყუდელი, დავჯდები და დავისვენებ – ხეტიალეთიდან მოსული, ფეხებდაღლილი და თვალებახელილი. შენამდე ბრმა, შენამდე ყრუ, შენ მოგისმენ და შენ დაგინახავ.

მაინც, რამ მომიყვანა შენამდე?! განსაცდელებგამოვლილ ხელებს ვდებ შენს მუხლებზე და აქამდე თუ შველას, ახლა უბრალოდ ჩემს შენთან ყოფნას გთხოვ, ღმერთო.

ბრძოლამ თუ ძებნამ, სისუსტემ თუ ძირს დაცემამ მომიყვანა შენთან და ახლა წელში ვიშლები და მხრებში ვიმართები. რა სიმშვიდეა შენთან…

კარს მიღმა ვტოვებ ძველ სამოსელს, ბინძურსა და არასაშენოს. გულს გამიახლებ და ხელახლა მშობ, მე კი შენ მოგიმზადებ ბინას, რწმენით სავსესა და სიყვარულიანს.

29 დეკემბერი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

უფალი ლაპარაკობს!

გიორგი ოდიაშვილი 23 დეკემბერი, 2020
გიორგი ოდიაშვილი

▪ თუ არასოდეს შემდგარა დიალოგი შენსა და ღმერთს შორის, ეს შენი დანაშაულია.

📖 

ღმერთი, ძველთაგან მრავალჯერ და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველთა მეშვეობით, ამ უკანასკნელ დღეებში კი გველაპარაკა ძის მიერ, რომელიც ყოვლის მემკვიდრედ დაადგინა და რომლის მეშვეობითაც შექმნა საუკუნეები.

ებრაელთა 1:1-2

რადგან გიხმობდით და უარმყოფდით, ხელს ვიწვდენდი და არავინ ისმენდით.

იგავების 1:24

▪ საზოგადოებისთვის საშიში ადამიანები ისინი კი არ არიან, რომელთაც აქვთ ღმერთთან ურთიერთობა და ესმით გამჩენის ხმა, არამედ ისინი, ვისაც არ ესმით მისი ძახილი.

▪ ღმერთს არც ძველთაგან ჰქონია პრობლემა ადამიანებთან ლაპარაკისა და არც ახლა აქვს ამის პრობლემა, მაგრამ ხშირად არავინაა მომსმენი.

📖

ისმინე უფლის, შენი ღმერთის ხმა…

რჯულის 27:10
23 დეკემბერი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

დაფარულში ცხოვრება

თამუნა ბაღდავაძე 18 დეკემბერი, 2020
თამუნა ბაღდავაძე

პატივი? დაფასება? მიღებულობა? აღიარება? ადამიანებისგან შექების მიღება?

რა არის ამაში ცუდი? შენ ხომ ცუდს არ აკეთებ. კეთილს სჩადიხარ, შეიძლება ღმერთის სახელითაც… ცდილობ, შრომობ, იღვწი, რომ წარმატებული იყო… მაგრამ, არა. ჩემი აზრით, დიდი წარმატება და აღიარება ტვირთია. ტვირთი, რომლის ტარებაც ღირსეულად ძალიან ცოტას თუ შეუძლია.

ამისკენ უნდა ვილტვოდეთ? შეიძლება ვილტვით კიდეც ქვეცნობიერად… რა არის ცუდი იმაში, რომ წარმატებული ცხოვრება გვქონდეს? მაგრამ ვინ განსაზღვრავს, რა არის წარმატებული ჩემთვის, თუ ქრისტიანი მქვია?

ვფიქრობ, წარმატებული მაშინ ხარ, თუკი იმას აშენებ, რაც წყალს და ცეცხლს გაუძლებს და მარადისობაში მოიხსენება. რადგან ბევრი, ძალიან ბევრი რამ, რასაც აქ ვაკეთებთ და ვაშენებთ, ფიზიკური, ხრწნადი და წარმავალია. სულიერად ნაშენებმა ბევრმა საქმემაც კი შეიძლება ვერ გაუძლოს ცეცხლს და გამოცდას. რადგანაც, როგორც წმინდა წერილში წერია, მოვა დრო, როცა ღმერთი შეძრავს ყველაფერს, რაც შეიძლება შეიძრას, და დარჩება მხოლოდ ის, რაც შეუძრავია (ებრაელთა 12:26-27). წმინდა წერილში ასევე წერია:

თითოეულის საქმე გამომჟღავნდება, ვინაიდან დღე გამოაჩენს; რადგან ის ცეცხლით ცხადდება და თვითონ ცეცხლი გამოცდის თითოეული ადამიანის საქმეს.

1-კორინთელთა 3:13

და ჩემი ვედრებაც ღვთისადმი ერთია: ვაკეთო ის, რაც მარადიული და შეუძრავი იქნება; ვაშენო სახლი კლდეზე, რომელსაც ვერ ჩამოაქცევს ძლიერი, მოვარდნილი წყალი, როდესაც ეკვეთება მას; ვაშენო ის, რასაც ვერ შეჭამს ცეცხლი და ჩრჩილი და რასაც დრო ვერ დაჟანგავს – ყოველივე, რაც უფლისათვის მოსაწონი იქნება. ხოლო ის, რაც უფლისთვის მოსაწონია, შეიძლება გაგიკვირდეს, მაგრამ ხშირად ადამიანთათვის მიუღებელია, და გახსოვდეს, რომ არჩევანის გაკეთება მოგიხდება.

ერთი რამ კი უსათუოა: ვერასოდეს და ვერანაირად ვერ ვისწავლოთ, როგორ ვაამოთ ღმერთს, თუ  ჯერ არ ვისწავლით მის წინაშე დაფარულში ცხოვრებას. ვიდრე არ ვისწავლი, რომ ჩემ წინაშე მარადის ჩემი უფალია, რომელიც ხედავს ჩემს გულს, კითხულობს ჩემს ფიქრებს, იცის ჩემი აზრები და განზრახვანი, ამოწმებს ჩემი გულის მოტივებს და ყველაფერი უწყის – ისიც კი, რაც ჯერ არ არის და მომავალში იქნება. ვიდრე არ შევიგნებთ მთელი არსებით, რომ უფალი არ ტოვებს უპასუხოდ ჩვენს ერთგულებას, ჩვენი სიყვარულის საქმეებს. პირიქით, მის ყურადღებას არა გრანდიოზული და მქუხარე, არამედ თავმდაბლობით, ერთგულებითა და სიყვარულით გაკეთებული  საქმეები იქცევს. ღმერთის ყურადღებას რწმენა იქცევს! მაგრამ ვისი ყურადღება გვწყურია ჩვენ: ადამიანების თუ ღმერთის?!

ო, ღმერთო, გვასწავლე დაფარულში ლოცვა, შენ წინაშე გულის დაღვრა, სიწრფელე, ადამიანებისადმი ისე მოქცევა, როგორც ჩვენ გაგვიხარდებოდა, რომ მოგვქცეოდნენ. გვასწავლე, უფალო, დაფარულში მარხვა, შუამდგომლობა, გაღება – საკუთარი თავის, დროის, ყურადღების, სითბოს, სიყვარულის; ერთმანეთისადმი იმის გაზიარება, რაც გვაქვს; რომ გვწყუროდეს, ის, რაც შენი სურვილია; გვტკიოდეს ის, რაც შენი ტკივილია. ვიზიარებდეთ შენს სიხარულს და შენს ოცნებებს ჩვენი ოცნებები ერქვას.

გვასწავლე, ღმერთო, გაცემა უანგაროდ, ისე, რომ არაფერს ველოდებოდეთ სანაცვლოდ. მადლობის გარეშე დარჩენილებიც კი ბედნიერები ვიყოთ, რომ დაინახო შენ – დაფარულში მყოფმა ჩვენმა მამამ, რათა ცხადში მოგვიზღა. ჩვენი საზღაური და ჩვენი ჯილდო კი ისევ შენი სიყვარულია – სიყვარული, რომელიც არ დაგვიმსახურებია, არ მოგვიპოვებია, არ შეგვიძენია, არამედ უანგაროდ და უპირობოდ მიგვიღია შენგან.

18 დეკემბერი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ფენუელი

თამუნა ბაღდავაძე 16 დეკემბერი, 2020
თამუნა ბაღდავაძე

ბიბლიის პირველ წიგნში, დაბადებაში, შეხვდებით ერთ საინტერესო ადგილს, სადაც ისრაელის ერთ-ერთი პატრიარქის – იაკობისა და მისი ტყუპი ძმის – ესავის ისტორიაა მოთხრობილი; როდესაც იაკობი თავის ძმასთან შეხვედრის წინა ღამეს, შიშითა და ძრწოლით სავსე, ღმერთს ხვდება.

იაკობი რამდენიმე წლით ადრე ცუდად მოიქცა და ძმა გადაიმტერა. ახლა კი ღვთის მითითებით, სახლში ბრუნდებოდა, სადაც ძმას უნდა შეხვედროდა და მას ძალიან ეშინოდა. ეშინოდა საკუთარი თავისა და თავისი ოჯახის გამო, რადგან ფიქრობდა, რომ ძმას შეეძლო, მოეკლა ისინი. თუმცა ის მაინც ემორჩილება ღმერთს და მიდის იქ, სადაც არ იცის, რა ელის. იაკობს ეშინია. და სწორედ იმ ღამეს მასთან ღმერთი მიდის ადამიანის სახით, თავად ღმერთი ეცხადება იაკობს.

იაკობი მთელი ღამე არ ნებდება და არ უშვებს მას, ვიდრე კურთხევას არ მიიღებს მისგან. და უფალი, გარდა იმისა, რომ კურთხევას აძლევს იაკობს, ასევე სახელს უცვლის მას და არქმევს ახალ სახელს – ისრაელს, ნიშნად სულიერად ხელახლა დაბადებისა; ნიშნად იმისა, რომ ის აღარ არის ისეთი, როგორიც ადრე იყო.

და უწოდა იაკობმა იმ ადგილს სახელად ფენუელი – ღვთის ხილვა, რადგან თქვა: ‘ღმერთი ვიხილე პირისპირ და ცოცხალი დავრჩი.’

დაბადების 32:30

მე არ ვიცი, რას გადიხარ ახლა. რა გამოწვევების წინაშე დგახარ, ან რა გარდამტეხი გადაწყვეტილების მიღება გიწევს. შეიძლება უიმედობა გარს შემოგეხვია და თვალებზე აგაფარა თავისი ცივი ხელები, რათა არ დაინახო შუქი, შორს რომ მოჩანს.  შეიძლება შიში დაუნდობლად და დაუღალავად გესხმის თავს. შეიძლება მარტოობამ თავისი მძიმე ბორკილები დაგადო, რათა ამდენ ადამიანს შორისაც კი გალიაში გამომწყვდეული ფრინველივით იყოს შენი სული. ბევრი სირთულე შეიძლება იყოს. ყველა ჩვენ-ჩვენს ომს გავდივართ, მაგრამ მინდა გითხრა, რომ მარტო არ ხარ. არსებობს ღმერთი, რომელიც გიცნობს, რომელიც გიყურებს და ელოდება, როდის დაიღლები მარტო ბრძოლით; როდის ამოგივა ყელში მარტოობა და საპყრობილე; როდის გაიღვიძებს თავისუფლების დაუოკებელი სურვილი შენში, მან რომ ჩადო. ის გელოდება, როდის მოუხმობ მის სახელს მთელი შენი არსებით, რათა მოვიდეს და გიხსნას, მოვიდეს და სხვა სახელი დაგარქვას, სხვა გული მოგცეს, შიში ნისლივით გააქროს, გაკურთხოს და გაგათავისუფლოს და თავისი ყოვლისმომცველი სიყვარულით შემოსოს შენი შიშველი სული.

ამიტომ უბრალოდ მოდრიკე გული, წიგნივით გადაშალე შენი შინაგანი უფლის წინაშე, რომ სიწრფელე ისწავლო და სადაც ხარ – შუაგულ ქარიშხალში თუ სიბნელის სამეფოში, უძლური, გაბოროტებული, უიმედო თუ დაცემული – სადაც ხარ, შეღაღადო უფალს და მოუხმო მის ძლიერ სახელს. მას ესმის, ის გხედავს, ის მოვა, არ დააყოვნებს.

მეც მქონდა ჩემი ფენუელი – ცხოვრების ყველაზე ბნელი და მძიმე დრო, რომელსაც ღმერთის სინათლემ და სიყვარულმა სძლია.  მეც შევხვდი ღმერთს და ეს შეხვედრა სიცოცხლეზე მეტია ჩემთვის.

დღეს შენც გჭირდება ფენუელი, გჭირდება შეხვედრა სიცოცხლის ღმერთთან, რათა სამუდამოდ შეიცვალოს შენი ცხოვრება. და თუ მოუხმობ მას, წინ ფენუელი გელოდება და იცოდე, რომ არასოდეს აღარ იქნები ისეთი, როგორიც იყავი იქამდე. შეუძლებელია, ჭეშმარიტად შეხვდე ღმერთს და იგივე დარჩე.

მე არ ვიცი, სად იქნება შენი ფენუელი, მე არ ვიცი, როდის შედგება ეს შეხვედრა, მაგრამ ვიცი, რომ ღმერთი სანდო და ერთგულია. ის კი ამბობს:

მეძიეთ მე და მიპოვით, როდესაც მეძიებთ მთელი თქვენი გულით.

იერემიას 29:13

ახლა კი მხოლოდ ერთი კითხვა რჩება: მზად ხარ, დანებდე და შეხვდე ღმერთს? გინდა, შეხვდე უფალს?

16 დეკემბერი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

სამყაროს დასალიერის მიღმა…

გუჯა ჩაჩანიძე 16 დეკემბერი, 2020
გუჯა ჩაჩანიძე

სამყაროს დასალიერის მიღმა აღმოვჩნდი. თითქოს რაღაც მომენტში ვიგრძენი, რომ სიცოცხლეს ვეჭიდებოდი, მაგრამ ძალა არ მეყო და ხელი გავუშვი, ახლა კი სადღაც სიბნელეში მივაბიჯებ.

ამ უსასრულობაში მბჟუტავი კადრებივით ელავს ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები.

აი, ის მომენტი, როცა ფეხი ავიდგი. რა სასაცილოდ ვბაჯბაჯებ, ორივე მშობელი ნახევარი მეტრის რადიუსში დამდევს, რომ არ წავიქცე…

აი, ის მომენტიც, როცა სკოლა დავამთავრე. რა სასაცილოდ დამივარცხნია თმები, მაგრამ მეპატიება, კლასში ყველაზე ლამაზ გოგოს ვეპრანჭები…

უნივერსიტეტი, სტუდენტობა, აქ მრავალი საინტერესო კადრია, მაგრამ ერთია ცოტა რაღაცნაირი… ერთი უცნაური კურსელი მყავდა, სულ დაფრინავდა, არაფერი აინტერესებდა გარშემო, ვერც დასალევად წაიყვანდი, ვერც მოსაწევად, თითქოს ჭკვიანი იყო, მაგრამ მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ცოტა ვერ იყო სრულ ჭკუაზე, ეს კადრი ბრწყინავს… ჰმ, რა უცნაურია…

შემდეგ ცხოვრების კადრები, რასაც ვუყურებ, თითქოს ისე ვიცხოვრე, როგორც ყველამ… ზოგი კადრი ფერადია, ზოგი შავ-თეთრი… მაგრამ კიდევ ერთი კადრი ბრწყინავს, არ ჰგავს სხვა კადრებს… უცნაური დღე იყო, ჯერ სამსახურში დამაგვიანდა, შემდეგ შესვენებაზე გასულს საფულე დამრჩა ოფისში. ის იყო, უკან უნდა მივბრუნებულიყავი, რომ ქუჩაზე გადასვლის დროს ვიღაცამ გამაჩერა და გახარებულმა მომიკითხა. ძლივს ვიცანი, ის უცნაური კურსელი იყო.

მცირეხნიანი საუბრის შემდეგ მკითხა, ხომ არ მქონდა დრო, რომ მასთან ერთად მესადილა. მე, რომელსაც ძალიან მეზარებოდა სამსახურში საფულის გამო დაბრუნება და თან საკმაოდ მშიერიც ვიყავი, უარი არ მითქვამს.

ერთად ვისადილეთ, ის ისევ ისეთი უცნაური იყო… რაღაც მარადისობაზე მელაპარაკა, მეფეზე, რომელიც დაბრუნდება და სასამართლოზე, რომელიც გაიმართება, როცა ქვეყნის აღსასრული დადგება… კიდევ რაღაც სიყვარულზე, ხსნაზე, იმაზე, რომ ცოდვილი ვარ და მონანიება მჭირდება, სანამ დროა, და ათასგვარ აბდაუბდაზე… ვიფიქრე, რომ კიდევ უფრო გაგიჟებულიყო, ვიდრე სტუდენტობის დროს… სად მცალია ამ სისულელეების მოსასმენად და ამაზე დროის დასაკარგად. სადილი დავასრულეთ. მოვიმიზეზე, რომ მეჩქარებოდა და მას შემდეგ ის აღარასდროს მინახავს…

აი, დანარჩენი კადრებიც… ყველა შავ-თეთრია… წარმატება სამსახურში, უამრავი მიღწევა, საქვეყნო აღიარება, შვილები, შვილიშვილები, თითქოს ბედნიერების წუთები, მაგრამ ფერები აკლია, ყველა კადრი უფერულია…

აი, ჩემი ცხოვრების ბოლო კადრებიც, საავადმყოფოს ლოგინზე მიჯაჭვული, სიცივისგან ვკანკალებ, მთელი სხეული დაბუჟებული მაქვს და თითქოს ფეხის თითებიდან წამოსული ყინვა მთელ სხეულს ედება ნელ-ნელა… ყველა აქ არის: შვილებიც, შვილიშვილებიც, ექიმებიც, მაგრამ ვერაფერს მშველიან… თითქოს რაღაც მომენტში ვიგრძენი, რომ სიცოცხლეს ვეჭიდებოდი, მაგრამ ძალა არ მეყო და ხელი გავუშვი…

სამყაროს დასალიერის მიღმა ვარ. სადღაც შორს სინათლე ბრწყინავს, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ სიხარული მომანიჭოს და მისკენ ვისწრაფო, უცნაური შიში მიპყრობს…

ზარის რეკვასავით მესმის სიტყვები, რომელიც იმ მბრწყინავი კადრიდან ისმის:

ვიდრეღა ითქმის: ‘დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულებს.’

ებრაელთა 3:15
16 დეკემბერი, 2020 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ახალი ბლოგები
ძველი ბლოგები
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 2

    მხსნელი უფალი

    26 თებერვალი, 2020
  • 3

    ღმერთი არ არის საშუალება

    5 დეკემბერი, 2022
  • 4

    მედროვე ადამიანთა ქმედებები…

    22 მარტი, 2019
  • 5

    ნუ გეშინია უბრალოდ გწამდეს

    22 თებერვალი, 2017


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ