ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ
  • stories

  • Memories

  • About Me

ბლოგები

მარადისობისთვის შექმნილი – ადამიანი

თამუნა ბაღდავაძე 2 თებერვალი, 2021
თამუნა ბაღდავაძე

მზე არ ჩანდა, მაგრამ ნათელი და თბილი დღე იდგა… ყველაფერი ისე იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. ირგვლივ სიმშვიდე, სიხარული და ჰარმონია სუფევდა. ყოველივე  შესანიშნავი გახლდათ. ქმნილება ერთობაში იყო შემოქმედთან… მაგრამ ერთ კონკრეტულ წამს თითქოს ცა ჩამოიშალაო და სიბნელემ მოიცვა წამით ყველაფერი. გეგონებოდა, ყველაფერი დაინგრა, რაც არსებობდა, და უიმედობის, სასოწარკვეთისა და შიშის იქამდე უცნობმა და შემზარავმა სიჩუმემ მოიცვა ყველაფერი. ეს ის წამი იყო, როდესაც ცოდვა ჩვენს სამყაროში, ჩვენს სხეულებსა და გულში შემოვიდა და მას თავის მსგავსად საშინელი, შავი აჩრდილი შემოჰყვა, რომელიც არასდროს შორდებოდა. ეს შავი აჩრდილი ახლოს, თეთრი და ცივი ხდებოდა და მას სახელად სიკვდილი ერქვა.

ცოდვა ადამიანის ბუნების ნაწილი გახდა და სიკვდილი საბოლოო განაჩენივით დაღად დაესვა კაცობრიობის მთელ მოდგმას. ადამიანები ერთმანეთს ანუგეშებდნენ და შეაგონებდნენ: „ბოლოს ყველა დავიხოცებით…“ „ყველას დასასრული სიკვდილია…“ „ყველას ბოლო საფლავია, რას იზამ, ასეა მოწყობილი სამყარო…“

ერთმანეთს შეაგონებენ ადამიანები, აჩვევენ დაბადებიდან ამ აზრს, განუწყვეტლივ უჩიჩინებენ ამ სიტყვებს, მაგრამ ვერა და ვერ გაიგო ადამიანმა ეს მარტივი „ჭეშმარიტება“ – ურყევი კანონმდებლობა ჟამთა სვლისა, ვერა და ვერ შეეჩვია. ვერა და ვერ გაითავისა ადამიანმა, რომ ყველაფერს აქვს ბოლო, ვერ შეეგუა იმას, რომ ერთ დღეს დადგება საბედისწერო შეხვედრა თეთრ და ცივ სიკვდილთან. და ის შეიძლება ძალიან მოულოდნელი იყოს და იმაზე ადრე მოხდეს, ვიდრე მას წარმოუდგენია.

მაინც ვერ იღებს ადამიანი ამ ყველაფერს, რადგან არ ძალუძს ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილს, მიიღოს და გაითავისოს ის, რისთვისაც არ შექმნილა. მარადისობისთვის გააჩინა ღმერთმა ადამიანი და უკვდავია მისი სული, ღმერთმა რომ შთაბერა.

ყოველივე მშვენივრად შექმნა თავის ჟამს; თვით მარადიულობა ჩადო მათ გულებში, თუმცა თავიდან ბოლომდე მაინც ვერ ჩასწვდება ადამიანი ღვთის ნამოქმედარს.

ეკლესიასტე 3:11

…….

ჩვეულებრივი დღე იყო, თითქოს არაფრით გამორჩეული. მაგრამ ის კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ბნელი და ამავე დროს ყველაზე ნათელი დღე აღმოჩნდა. სისხლმა მთელი სამყარო შეღება და სამართლიანობის ღაღადი და რისხვა სრულად დააკმაყოფილა. ვერ გაიმეტა ღმერთმა მარადისობისა და სიყვარულისთვის შექმნილი ადამიანი. ციდან ჩამოვიდა და ცოდვის ბორკილები დაამსხვრია, სიკვდილი შებორკა, სიცოცხლის აღთქმა მოუტანა კაცობრიობას და იმედით გაანათა ადამიანთა დამძიმებული, ჩაღამებული, ბნელი გულები.

წყალობით მდიდარმა ღმერთმა თავისი დიდი სიყვარულით, რომლითაც ჩვენ შეგვიყვარა, ჩვენ, დანაშაულთა გამო მკვდრები, გაგვაცოცხლა ქრისტესთან ერთად (მადლით ხართ დახსნილნი)… რწმენის მეშვეობით, და ეს თქვენგნით კი არ არის, არამედ ღვთის ნიჭია, არა საქმეთაგან, რათა არავინ დაიკვეხოს.

ეფესელთა 2:4,5,8,9

მოვა დღე, საოცარი და დიადი, როდესაც უფლისმიერი ხსნა სრულად გამოცხადდება და უკანასკნელი მტერი – სიკვდილი განქარდება. იმ დღეს ღმერთი „მოსწმენდს ცრემლს თავიანთი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი; აღარ იქნება გლოვა, გოდება და ტკივილი…“ (გამოცხადება 21:4).

მოვა ეს დღეც…

2 თებერვალი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ჩქამში მოჩურჩულე უფლის ხმა

მარიამ ბაიდაშვილი 1 თებერვალი, 2021
მარიამ ბაიდაშვილი

ფეხის წვერებზე დაიარებოდა იმ საღამოს მზე მაღლობებზე, ზღვის გულიდან ამოყვინთეს სხივებმა და თვალს მიეფარნენ. ღამე მიესალმა სამყაროს და დედამიწას გადაეკრა.

მე ცივ იატაკზე ვწევარ, უკვე 12 დღეა, ადგომა არ მსურს. სამყაროში მხოლოდ დღისა და ღამის მონაცვლეობას ვგრძნობ, ჭერს შევცქერი, სხეული სიცივეს მიეჩვია, კარს აღებენ, წყალსა და საკვებს მაწვდიან, არაფერი არ მსურს, არავისი ხმის გაგონება. გუშინ კარიც გადავკეტე და ისევ დავწექი, თითქოს ჩემს მუცელში პაწაწინა ტკივილის არსებობა ვიგრძენი 12 დღის წინ. ვიგრძენი თუ არა, ხელი მუცელზე მოვიჭირე, მეორე დღეს გაზრდილი დამხვდა, ვეღარ მოვერიე, ფეხზე ადგომა ვერ შევძელი და იატაკზე დავრჩი. ყოველდღე იზრდება, მთელი დღის განმავლობაში ჩვილი ბავშვივით ტირის, მხოლოდ მე მესმის, მხოლოდ მე ვგრძნობ, ხშირად მუცელზე ხელებს ვიჭერ, რომ დავახრჩო, ან იავნანას ვუმღერი, რომ ჩაეძინოს.

აქ არავინ არის, აქ მხოლოდ მე ვარ, ხიდან ჩამოვარდნილი ფოთოლი, რომელიც ქარისგან მიმოტაცებულია. ჩემი სხეული უძრავად დევს ცივ იატაკზე, მაგრამ შიგნიდან მწველი ლავა ეხეთქება კედლებს, ქარის ზუზუნია, ხმაურია, კივილია, უიმედობის ბნელი ტალღაა, უფრო და უფრო უმატებს ხმას ტკივილი, ტირის უმიზეზოდ, გაუჩერებლად, არ მაძლევს უფლებას – დავიძინო, მისი ხმა ყურებს მიყრუებს.

– შეწყვიტე! შეწყვიტე ტირილი! გაჩუმდი! – ხმამაღლა შევყვირე, ამ ხმის გაგონებაზე უცნაური სიჩუმე ჩამოწვა, წამიერი შვება ვიგრძენი. მომეჩვენა, რომ იატაკიდან ვიღაც ლაპარაკობდა, მომეჩვენა, რომ სიჩუმეს ენა ჰქონდა და იმეორებდა:

ჩქამში არის უფალი!

ჩქამში არის უფალი!

ამ სიტყვების გაგონებაზე, ჩემში მყოფი მტირალა ტკივილი გაირინდა, ბაგე გავხსენი და გავიმეორე გაგონილი:

ჩქამში არის უფალი…

ჩქამში არის უფალი…

შვებას ვგრძნობ, სიწყნარეა, უფრო და უფრო მშვიდდება ჩემში მყოფი მტირალა ბინადარი, აღარ ეხეთქება ვულკანი კედლებს, ყური დავუგდე სიჩუმეს და უფრო მეტი სიტყვა გავიგონე:

მშვიდად იყავი, მე აქ ვარ…

შენი უფალი შენ საშველად მზად არის მუდამ…

ჩემთან გამოიქეცი.

ეს ხმა მახსოვს, ეს შეგრძნება ვიცი, ეს ძახილი და საამო ხმა ხშირად მესმოდა დედამიწაზე, ხშირად ვეძებდი, ხშირად მეძებდა…

ადექი, გაბედულად დაუდექი წინ ომს.

მოიგერიე უიმედობის მთავარი.

მე არ მომიცია შენთვის სიმხდალის სული,

მე გაბედულების სული მოგეცი!

მხრები ასწიე და იბრძოლე!

იატაკზე დაწვები და უფლებას მისცემ ტკივილს, მთელი შენი სხეული დაისაკუთროს, თუ ადგები და წამომყვები საბრძოლველად?

ხმა შეწყდა, მივხვდი, რომ ჩემი პასუხის დრო იყო, მე მუცლიდან ხელი მოვიშორე და ჩუმად წარმოვთქვი:

ავდგები,

შენთან ერთად ბრძოლიდან ნადავლით დავბრუნდები!

შენთან ერთად გამარჯვებაზე ვიმღერებ!

როცა იუდეას მტერი ესხმოდა, ზუსტად იგივე სიტყვები უთხრა იესომ თავისი ერის შვილებს, რომელთაც შველა სჭირდებოდათ:

გადით, დადექით და უცქირეთ უფლის მიერ თქვენს ხსნას! ნუ გეშინიათ და ნუ ძრწიხართ, ხვალ გახვალთ მტრის წინააღმდეგ და უფალი იქნება თქვენთან!

მე-2 ნეშტთა 20:17

ღმერთი გეუბნება:

გადი!

არ გაჩერდე!

გახსოვდეს, უფალი – ომში ძლევამოსილი – მუდამ შენთანაა!

1 თებერვალი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

მადლიერების გზაზე მატარე, ღმერთო

გუჯა ჩაჩანიძე 1 თებერვალი, 2021
გუჯა ჩაჩანიძე

მადლიერების გზაზე მატარე, ღმერთო, რასაც არ უნდა გავდიოდე, მადლიერების გზას ნუ გადაუხვევს ჩემი გული.

რა განსაცდელსაც არ უნდა ვხვდებოდე, შენი წყალობა დამიფარავს.

რომელ ჭაობშიც არ უნდა ჩავვარდე, შენი მკლავი ამომიყვანს.

შიშსა და სირცხვილში შენ იქნები ჩემ გვერდით; ყველამ რომ მიმატოვოს, შენი მზერა მუდამ ჩემკენ იქნება მომართული.

ყველაზე ბნელ ადგილებში შენი ხმა მეტყვის, საით უნდა წავიდე; ტკივილში შენ მოგიახლოვდები, რადგან მკურნალი ხარ; სირცხვილში შენ გამამხნევებ, რადგან შენც გაგივლია სირცხვილის გზა.

შენი მეგობრების და დედის თვალწინ გლანძღავდნენ, ტანსაცმელი შემოგძარცვეს, აბუჩად აგიგდეს, შენზე მეტად ვინ უნდა გამიგოს?!

განა შეურაცხმყოფს ვინმე იმაზე მეტად, ვიდრე შენ შეურაცხგყვეს?! განა მცემს ვინმე იმაზე მეტად, ვიდრე შენ გცემეს?! ხორცი გეგლიჯებოდა ეკლიანი მათრახის დარტყმებისგან.

განა მატარებინებს ვინმე ჯვარს ქუჩებში და ის ხალხი დამიწყებს გინებას, რომლებსაც ვეხმარებოდი?

ტანჯვისგან გაწამებული მაინც ჩვენზე ფიქრობდი: აპატიე, მამა… მჯერა, რომ ეს სიტყვები მამის გულს ისე შეძრავდა, როგორც არასდროს.

სული გეხუთებოდა ჯვარზე და მაინც ადამიანურობის და ღვთიურობის ეტალონი იყავი.

რა უნდა გავიარო ისეთი, რომ შენ არ გაგევლოს? ამიტომ არ ვარ მარტო, რა განსაცდელიც არ უნდა იყოს ჩემს გზაზე.

მადლიერების გზაზე მატარე, ღმერთო, რასაც არ უნდა გავდიოდე, მადლიერების გზას ნუ გადაუხვევს ჩემი გული.

მადლობდეთ ყოველთვის ყველაფრისათვის ღმერთს და მამას ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით.

ეფესელთა 5:20
1 თებერვალი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

უხილავი ტვირთი

გიორგი ოდიაშვილი 1 თებერვალი, 2021
გიორგი ოდიაშვილი

რადგან ყველა თავის ტვირთს ატარებს.

გალატელთა 6:5

ნუ გამოიტან ნაადრევად დასკვნებს სხვების შესახებ. ნუ იტყვი, ის ისეთიაო, ეს ასეთიაო, ნუ გააკრიტიკებ და ნუ გაკიცხავ, რადგან ვერ ხედავ მის მხრებზე დაკიდებულ ტვირთს.

შესაძლოა, ვიღაც შენი შეფასებით „ცუდი“ ადამიანია, მაგრამ ვინ იცის, შენ რომ ატარებდე იმ ტვირთს, რომელსაც ის ატარებს, იქნებ ძალიან ცუდიც კი ყოფილიყავი, გაცილებით ცუდი, ვიდრე ის ვიღაც არის ახლა შენს თვალში, ტვირთის სიმძიმის გამო…

შენ არ ხარ ერთადერთი, რომელიც იბრძვის, რომელსაც პრობლემები აქვს, რომელიც ტვირთს ატარებს და რომელსაც უნდა, რომ გაუგონ ადამიანებმა… სხვასაც უწევს ბრძოლა, სხვასაც აქვს ტვირთი, სხვასაც სჭირდება გაგება.

ვინ იცის, იქნებ შენზე მძიმე ტვირთს ეზიდება ის, ვისზეც არ ფიქრობ, ამიტომაც, იყავი მიმტევებელი და ლმობიერი ადამიანებისადმი, რადგან ვერ ხედავ ტვირთს, რომელიც მათ მხრებზეა.

1 თებერვალი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

უფალი მკურნალია!

ნატალია ჩიქოვანი 28 იანვარი, 2021
ნატალია ჩიქოვანი

ზოგჯერ ფიზიკური თუ სულიერი უძლურება უეცრად მოდის, შემოდგომის ბალახივით მოგცელავს და ცხოვრებაზე ხელს ჩაგაქნევინებს, ყველაფერს ამაოებად დაგისახავს და გეტყვის, რომ ასე გაგრძელდება უსასრულოდ. ზოგჯერ გარეგნულად კარგად ხარ, მაგრამ სული გტკივა ისე, რომ ვერანაირი ფიზიკური ტკივილი ვერ შეედრება. ზიხარ საკუთარ გამოგონილ საკანში, შენს თავს რომ მიუსაჯე და ნაიარევებს ითვლი, თითქოს მეტი არაფერი დაგრჩენოდეს…

უფალი მკურნალია! და თითოეულ ჩვენგანს სჭირდება განკურნება, აღდგენა, განახლება ფიზიკურადაც და სულიერადაც.

დადიოდა იესო და კურნავდა ადამიანებს… ბრმებს თვალს უხელდა, ყრუთ სმენას ჰგვრიდა, მუნჯთ ამეტყველებდა, დავრდომილთ აჯანსაღებდა… უიმედოთ იმედით ავსებდა, დარდიანთ სიცილით უვსებდა ბაგეს, უქონელთ სიხარულს ჰგვრიდა… და ალბათ იღიმოდა იესოც, როდესაც ღიმილს ხედავდა ადამიანთა სახეზე… ეგ ადრე იყო, იტყვი შენ, მაგრამ ბიბლია ამბობს, რომ იესო გუშინ, დღეს და სამუდამოდ იგივეა. (წერილი ებრაელთა მიმართ 8:13) ის არ იცვლება. ის კვლავ დადის ჩვენს ქუჩებზე და ეძებს, ვინ გადაარჩინოს, ვინ განკურნოს, ვის დაალევინოს წყალი სიცოცხლისა. ის ჩვენს კართანაც დგას და დაუღალავად აკაკუნებს, მაგრამ ჩვენ თავს ვიყრუებთ, რადგან კარის გაღება არ გვსურს. ზოგჯერ ხომ მოგვწონს ის თვითგვემა და თვითშეცოდება, რომელშიც ვცხოვრობთ?! იქნებ არც ისე ძლიერ გვსურს განკურნება სულისა და ხორცისა?!

შესაძლოა ახლა, როცა ამ სტრიქონებს კითხულობ, სადმე ზიხარ მოხერხებულად და ტელეფონში ნეგატიური ამბების ზღვას „სქროლავ“. არ აუარო გვერდი ამ ტექსტს, არ გადააქნიო თავი და არ თქვა, რომ ტყუილია, ან სულ ერთი…

იესო არ ჰპირდებოდა ადამიანებს უპრობლემო ცხოვრებას, მაგრამ ის ჰპირდებოდა გადარჩენას და საუკუნო სიცოცხლეს მასში.

და თუ ახლა საკუთარ ცხოვრებაზე წუწუნებ; თუ გგონია, რომ ყველაზე ცუდად შენ ხარ; თუ გგონია, რომ არავის ესმის შენი, იცოდე, რომ არის იმედი და ეს იმედი ურყევია, უცვლელი ჭეშმარიტება – იესო ქრიტე, მყარი კლდე, რომელსაც შეგიძლია, თავი შეაფარო და გადარჩე.

სული გტკივა? განიცდი? ვერ იშუშებ იარებს? ფიზიკური უძლურება გიტევს? არის პასუხი! არის წამალი! არის განკურნება! არის იმედი! და ამ იმედს იესო ჰქვია!

გეშინია, რომ არაფერი შეიცვლება? ვერ ხედავ გზას? არ უჩანს ბოლო განსაცდელს? პასუხი იესოა! ის შენს ქუჩაზეც ჩამოივლის ერთ დღეს და თუ იმ საკნიდან, შენს თავს რომ მიუსაჯე, მის სამოსელს მოჰკრავ თვალს, იყვირე, მთელი ხმით იყვირე: „იესო, ძეო დავითისა, შემიწყალე მე ცოდვილი!“ და ის განკურნავს შენს გულს, შენს ურთიერთობებს, შენს ცხოვრებას.

დადიოდა იესო და კურნავდა ადამიანებს… ბრმებს თვალს უხელდა, ყრუთ სმენას ჰგვრიდა, მუნჯთ ამეტყველებდა, დავრდომილთ აჯანსაღებდა… უიმედოთ იმედით ავსებდა, დარდიანთ სიცილით უვსებდა ბაგეს, უქონელთ სიხარულს ჰგვრიდა… და ალბათ იღიმოდა იესოც, როდესაც ღიმილს ხედავდა ადამიანთა სახეზე… ვიცი, რომ კაკუნი უკვე გესმის, წადი, გაუღე და მიეცი უფლება, შენი ცხოვრება განკურნოს…

28 იანვარი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

განსაკუთრებული საჩუქარი

მიმი ტიელიძე 28 იანვარი, 2021
მიმი ტიელიძე

ალბათ, ბევრ თქვენგანს მიუღია საჩუქარი. რა ემოციები გაქვთ ხოლმე, როდესაც სასაჩუქრე ყუთს ხსნით? სანამ გახსნით, ალბათ, რამდენ რამეს წარმოიდგენთ, რომ იქ დაგხვდებათ სასურველი სათამაშო, სუნამო, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სამკაული ან ტექნიკა. საჩუქრის მიღება კიდევ უფრო სასიხარულო ხდება, როდესაც თქვენთვის ძვირფასი ადამიანი გჩუქნით რამეს. მაგალითად, მშობლებისგან საჩუქრის მიღება განსაკუთრებულად გვაბედნიერებს, რადგან ვიცით, რომ მათ სიყვარული ამოძრავებთ, როდესაც რაიმეს გვჩუქნიან. ყოფილა თუ არა თქვენს ცხოვრებაში ისეთი მომენტი, როდესაც ისეთი განსაკუთრებული საჩუქარი მიიღეთ მშობლებისგან, რომ მთელი ცხოვრება დაგამახსოვრდათ? ჩემს ცხოვრებაში ყოფილა და მინდა ახლა სწორედ ეს გავიხსენო.

დაახლოებით, 6 წლის ვიყავი, როდესაც მშობლებმა პიანინო მიყიდეს. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი მასზე დაკვრა, მაგრამ ჩემს მშობლებსაც ზუსტად ეს სურდათ – მესწავლა ამ ინსტრუმენტზე დაკვრა. ერთი წლის შემდეგ კი მუსიკალურ ათწლედში შემიყვანეს, სადაც პიანინოზე დაკვრის გარდა კიდევ ბევრი სხვა რამეც ვისწავლე. იმის შემდეგ მუსიკა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა და ის კონკრეტული ინსტრუმენტი – ჩემი პიანინო კი ჩემი მეგობარი, რომელიც საკუთარი ემოციების გადმოცემაში მეხმარებოდა და მეხმარება დღემდე. შესაბამისად, მე არ შემიძლია ამ საჩუქრის დავიწყება და მადლიერი ვარ ჩემი მშობლების, რომ წლების წინ ასეთი საჩუქრით გამიხარეს გული.

რა თქმა უნდა, მზრუნველი მშობლების სიყვარული ჩვენს ცხოვრებაში მხოლოდ საჩუქრებით არ შემოიფარგლება. საჩუქარი მხოლოდ მცირე გამოხატულებაა შვილებისადმი მშობლების უკიდეგანო სიყვარულისა და თუკი ჩვენმა ბიოლოგიურმა მშობლებმა იციან, შვილები როგორ გაგვახარონ, დაგვასაჩუქრონ და გაგვაბედნიერონ, მით უმეტეს ამ სამყაროს შემოქმედს, ჩვენს მშობელ უფალს არ ეშლება ჩვენთვის საჩუქრების გამოგზავნა. ხარ ჯანმრთელი? გაქვს სამსახური? გყავს კარგი მეუღლე და შვილები? ეს უფლის საჩუქარია შენს ცხოვრებაში. უფრო მეტიც, ცოცხლები რომ ვართ და დღევანდელი დღე რომ გაგვითენდა, ესეც დიდი საჩუქარია უფლისგან. და ვიმსახურებთ თუ არა ყოველივე ამას, იქნებ დავფიქრებულიყავით.

ღვთის საუკეთესო ქმნილებებს – ადამიანებს რომ ხშირად გულს ვტკენთ და შეურაცხყოფას ვაყენებთ თუნდაც სოციალურ ქსელში, იქნებ უფალს ვაჯავრებთ ამით?

მრავალხნიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთგულ მეუღლესა და შვილებს რომ მივატოვებთ, იქნებ უფლის წინააღმდეგ ვცოდავთ?  რომ ვიტყუებით, ვიპარავთ, ვკლავთ და ვმრუშობთ, ამისთვის როგორ შეიძლება, უფლის კეთილგანწყობას ვიხვეჭდეთ?

სწორედ ამიტომ, მე და შენ სიკვდილი დავიმსახურეთ. დავიმსახურეთ, რომ უფალმა ზურგი გვაქციოს, რადგან შეგნებულად ვაგრძელებთ ცოდვას, მოუნანიებელ ცხოვრებასა და დაუმორჩილებლობას უფლისადმი. და იცით, როგორ სტკივა უფალს, როდესაც თავის მიერ გამოძერწილი თითოეული ადამიანი ცოდვას სჩადის? ამიტომ მე და შენ მონანიება გვჭირდება. გვჭირდება, რომ უარი ვთქვათ ცხოვრების ისეთ წესზე, რომელსაც გარდაუვალი სიკვდილი მოაქვს და დავიწყოთ იმ გზაზე სიარული, რომელსაც საუკუნო სიცოცხლისკენ მივყავართ. და რა მიგვიყვანს საუკუნო სიცოცხლემდე? პასუხი მარტივია – ჩვენ გვჭირდება იესო ქრისტე, რადგან მასშია საუკუნო სიცოცხლე, მასშია გადარჩენა და მასშია ცოდვების მიტევება. „ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის საჩუქარი – მარადიული სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში“ (რომაელთა 6:23).

რადგან ღმერთმა ხომ იმდენად შეგვიყვარა, რომ თავისი ერთადერთი ძე – იესო ქრისტე გაიმეტა ჯვარზე გასაკვრელად და ჩამოგვბანა ჩვენი საშინელი ცოდვები ამ უცოდველი კრავის შეწირვით, რადგან სხვა გზა არ არსებობს ღმერთთან მისასვლელად. იესო ქრისტეს მსხვერპლის გარეშე შეუძლებელია უფალთან შერიგება. და რატომ გაიმეტა უფალმა საკუთარი ძე? იმიტომ, რომ მას სურს, მივიღოთ ყველაზე დიდი საჩუქარი – საუკუნო სიცოცხლე; ის სიცოცხლე, მშვიდობა და სიყვარული, რომელიც არ დაგვიმსახურებია და ვერც ვერასდროს ვერ დავიმსახურებთ, რადგან ჩვენი ძალებით არ შეგვიძლია ყველა მცნების დაცვა; არ შეგვიძლია ქრისტეს გამომსყიდველი მადლის გარეშე უფალთან მიახლოება და ჩვენი თავების სრულყოფა. სწორედ ამიტომ, საუკუნო სიცოცხლე არის ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც შეიძლება ადამიანმა მიიღოს; ეს ის საჩუქარია, რომელსაც ვერანაირი ნივთის ბრწყინვალება და ვერც ჩვენი მშობლების მიერ მოძღვნილი ვერანაირი საჩუქარი ვერ შეედრება, რადგან იესო ქრისტეს მსხვერპლი დგას ყველასა და ყველაფერზე მაღლა.

აი, ეს საჩუქარი მოგვცა ჩვენ უფალმა, თუმცა მას გააზრება სჭირდება. უნდა ვიაზრებდეთ, რომ განსაკუთრებულ საჩუქარს განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება. იმაზე მეტი მოფრთხილება, ვიდრე ჩვენს ჩასაცმელს, საჭმელს, ნივთებსა და კავშირებს, რადგან ყველაზე კარგი, სასურველი და სრულყოფილი ის საჩუქარია, რომელიც უფალმა მოგვიმზადა.

28 იანვარი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

სინათლე აღემატება სიბნელეს

რუსუდან ილურიძე 28 იანვარი, 2021
რუსუდან ილურიძე

კვლავ ელაპარაკა ხალხს იესო და უთხრა მათ: ‘მე ვარ სინათლე ქვეყნისა, ვინც მე მომყვება, ბნელში არ ივლის, არამედ სიცოცხლის სინათლე ექნება.’

იოანეს სახარება 8:12

• „მე ვარ სინათლე ქვეყნისა“ – ეს ქვეყნიერება სიბნელითაა მოცული, დამაბრმავებელი, დამღუპველი სიბნელით, ამ სიბნელის განდევნა კი მხოლოდ იესოს, მის სინათლეს ძალუძს!

• „ვინც მე მომყვება“ – ვინც იესოს კვალდაკვალ, მის ნაკვალევზე  დადის; ვისაც მასთან ურთიერთობა აქვს; ვინც მის მიერ ბიბლიიდან ნასწავლის მიხედვით ცხოვრობს.

• „ბნელში არ ივლის“ – რა გავლენა აქვს სიბნელეს ჩვენზე? საგნების ცხადად დანახვაში, რეალობის სრულად აღქმაში გვიშლის ხელს, გვაბრმავებს… დაბრმავებულნი კი ერთ დღეს შეიძლება ხრამში გადავიჩეხოთ: „ბნელში მოარულმა არ იცის, საით მიდის“ (იოანეს სახარება 12:35). სინათლე, რომელსაც იესო იძლევა, თვალისჩინია; მალამოა სულიერი თვალებისთვის, რომელიც ქვეყნიერების სიბნელით გამოწვეულ სიბრმავეს კურნავს, სიცოცხლეს იძლევა და გვიცავს ხრამში გადაჩეხვისგან.

• „სიცოცხლის სინათლე ექნება“ – იესოსთან ურთიერთობით სიცოცხლის სინათლე ინთება ჩვენში და როგორც იესოა ნათელი ამ ქვეყნისთვის, ასევე ჩვენც ვიქცევით სინათლედ, როგორც წერია:

• იოანეს სახარება 12:46:

„მე სინათლედ მოვედი წუთისოფელში, რათა არცერთი, ვისაც ჩემი სწამს, არ დარჩეს ბნელში.“

• იოანეს სახარება 12:36:

„სანამ გაქვთ სინათლე, ერწმუნეთ მას, რათა გახდეთ სინათლის ძენი.“

• ფილიპელთა მიმართ 2:15:

„რათა შეიქნათ უბიწონი და სუფთანი, ღვთის შეუბილწავი შვილები ჭირვეულ და უკუღმართ თაობაში, რომელშიც ისე ანათებთ, როგორც მნათობები სამყაროში.“

• მათეს სახარება 5:14,16:

„თქვენ ხართ ქვეყნიერების სინათლე. მთის წვერზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება.  ასევე ანათებდეს თქვენი სინათლე ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია.“

დიახ, ქვეყნიერებაზე სიბნელე ბატონობს, მაგრამ იესო გვეუბნება, რომ მისი სინათლე დედამიწაზე გაბატონებულ სიბნელეს დევნის, ის ასევე ნათელ მითითებას გვაძლევს, თუ როგორ გავხდეთ ამ სინათლის მატარებელნი – ვიცხოვროთ ისე, როგორც მან მოგვიწოდა!

28 იანვარი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

პასუხი, რომელიც მოდის საჭირო დროს

თაკო გამგებელი 28 იანვარი, 2021
თაკო გამგებელი

თამბაქოს კვამლში გახვეულ ოთახში გამხდარი და გაფითრებული კაცი დაცემულიყო და სვამდა. ირგვლივ სიგარეტის უამრავი ნამწვი მიმოფანტულიყო. დანაოჭებული სახიდან წამოსული სინანულის ცრემლები იატაკს ასველებდა. ამბობენ, ყოველ ადამიანის ქვეყნად მოვლენისას აქვს განსაკუთრებული მისია, მიზანი. თუ ის თავისი ცხოვრების განმავლობაში შეიცნობს და აღასრულებს ამ მისიას, მაშინ მისი სიცოცხლეც ღირებული იქნებაო. ეტყობოდა, თავს იტანჯავდა წარსულის გამო. თავი ხელებში ჩაერგო და ახშობდა ნაწამები სულიდან წამოსულ ყვირილს. მორიგი ადამიანი, რომელიც ქვეყნიერების ჭაობს ჩაეთრია და წუთი წუთზე სიცოცხლესაც მოუსწრაფებდა. ხმები დადიოდა იმ მიყრუებულ ქუჩაზე, სადაც ის ცხოვრობდა. ზოგს ეცოდებოდა, ზოგს არარაობად მიაჩნდა. ყველაზე გულსატკენი ის იყო, რომ თავად ისიც ასე ფიქრობდა. ამბობდნენ, კარგი შვილი არასდროს ყოფილა, რაც ჭკუაში ჩავარდა, მშობლებს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციაო. ყოველ საღამოს ბრძოლის ველად აქცევდა სახლს. ბევრი ტკივილი მიუყენებია ისედაც ერთადერთ შვილზე დარდით ნატანჯი მშობლებისთვის. ალბათ, ნანობდა…

მერე შეუყვარდა. დაოჯახდა. ყველას ეგონა, უყვარს და გამოსწორდებაო. მან საყვარელ ქალსაც გაუცრუა იმედი. მისი სიყვარული ბორკილებად, და მშვენიერი სახე ჩამომჭკნარ ვარდად აქცია. ალბათ, ამასაც ნანობდა…

მშვენიერი გოგონაც შეეძინათ. თავადაც ეგონა, რომ შვილი მის ბნელ სულს ნათელს მოჰფენდა. არც ამან გაამართლა და საბოოლოდ დაკარგა ის. კვლავ სინანული ახრჩობდა…

ახლა კი, ცარიელი ოთახის ჭერზე მეზობლის ეზოდან აღებული თოკით აპირებდა, შვება მოეგვარა სულისთვის.

მიყრუებულ ქუჩაზე ადამიანები იშვიათად დადიოდნენ. უცნობი კაცი აუჩქარებლად მიაბიჯებდა და გამაყრუებელ სიჩუმეს უხეშად არღვევდა. მეზობლები ფანჯრებიდან იყურებოდნენ, როდესაც იგი ტანჯული მარტოსულის სახლის კართან გაჩერდა. გულში ფიქრობდნენ, ალბათ მევალეა და ფულის დასაბრუნებლად მიაკითხაო…

– „რისთვის მოდის ცოდვილი ადამიანი ამ ბოროტებით სავსე დედამიწაზე? კიდევ უფრო რომ დაიმძიმოს სული ცოდვებით?“ – ბუტბუტებდა კაცი, რომელიც ძველისძველ სკამზე იდგა.  

– „ყველა ადამიანი განსაკუთრებულია და ისინი ქვეყანას სიყვარულისთვის მოევლინნენ. ცხოვრება შეიძლება სულ არაა მარტივი, მაგრამ შეგიძლია, ბედნიერება არა ადამიანებში, არამედ ღმერთში იპოვო.“ – გაისმა ოთახში უცხო ხმა. კაცის გონება შიშმა მოიცვა, სხეული – კანკალმა და გული – ათასმა ფიქრმა. როდესაც თავის წინ მდგარი ადამიანი დაინახა, ნერვულად დაიწყო კანკალი და თვალების აქეთ-იქით ცეცება. უცნობი კაცი კი სათნო სახით და ნათელი თვალებით, ცდილობდა – მის სულიერ სიბნელეში ნაპერწკალი გაეჩინა.

– „შენ ვიღა ხარ? რა იცი, ან რას მიშველი? ჩემი ცხოვრების განმავლობაში ისე დავიმძიმე სული ცოდვებით, მისი ტარება შეუძლებელია. სხეული ვეღარ უძლებს…“ – აგრესიული და თან შეშინებული ხმით შესძახა მასპინძელმა, რომელსაც დიდად არ გახარებოდა სტუმრის მოსვლა.

– „მე ნამდვილად ვერაფერს გიშველი, თუ საკუთარი თავის შველა თავად არ გსურს. ამ ნესტიან ოთხ კედელს შუა სასმლით გაბრუებული აპირებ, საკუთარ თავს უშველო და სიკვდილს დანებდე?! შანსი არ უნდა მისცე ცოდვას, კვლავ იბატონოს შენზე, უნდა მიენდო მას, ვისაც შეუძლია, ქაოსი დაალაგოს. უფალს მიეცი შანსი, რომ დაგეხმაროს წამოდგომაში და გაიზიაროს შენი გულის ტკივილი.

უძლურად მიგაჩნია საკუთარი თავი? თქვი, რომ ძლიერი ხარ! როგორ გახდე კურთხეული? კურთხეული უკვე ხარ! მთავარია, რწმენით მიიღო ის. ხანდახან იმის თქმა, რომ ესეც გაივლის და ყველაფერი კარგად იქნება, არ შველის პრობლემას. რასაც არ დაუპირისპირდები, ვერასდროს შეცვლი. ნუთუ არ გინდა, შვება სიცოცხლემ მოგგვაროს? სიცოცხლემ უფალში. დაფიქრდი, რომ სამყაროში არის ის, ვისაც უყვარხარ!“

– „განა მე ღმერთის ღირსი ვარ? უწმინდური და ცოდვილი ადამიანი ვარ.“ – ცრემლმორეულმა თქვა კაცმა, სკამიდან ჩამოვიდა და უსუსური ბავშვივით ოთახის კუთხის სიბნელეში მიიმალა.

– „ღმერთის ნება არაა, რომ სიბნელეში იმალებოდე… ამას აქ დავტოვებ და წავალ. შეგიძლია, თავის ყულფში გაყოფა განაგრძო, ან ჭეშმარიტებას ჩახედო თვალებში…“ –თქვა უცნობმა, ძველისძველ მაგიდაზე სახარება დადო და წასვლის წინ თქვა:

– „და ღმერთი ჯანმრთელებს კი არა, სნეულებს სჭირდებათ…“ (მათე 9:12).

28 იანვარი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ღმერთი ჩვენ შორის, როგორც ყოველთვის…

თეონა მენაბდიშვილი 19 იანვარი, 2021
თეონა მენაბდიშვილი

აკრძალული ნაყოფით მოშხამული ბაგეები დღედაღამ ჩურჩულებდნენ: დედაკაცის თესლი, მტრობა, დაგესლილი ქუსლი, გაჭეჭყილი თავი – ედემის ბაღში მოცემული იმედი თაობებს გადავეცით.

დაობლებულები დავეხეტებოდით, ცოდვით ავავსეთ დედამიწა და მისი ნაყოფებით გავიტანჯეთ, მონობის უღელით საუკუნეები გადავიარეთ.

ხან დაგგმეთ, ხან სანანებლად ვაქციეთ ჩვენი შექმნა, ხან დაგემალეთ, ხან გაგექეცით, მაგრამ ყოველთვის იყო ვიღაც, ვის გულშიც იმედი სიტყვებად ფეთქავდა: დედაკაცის თესლი, მტრობა, დაგესლილი ქუსლი…

რამდენ ხანს გელოდით, უფალო…

რამდენჯერ ვცადეთ შენამდე მოსვლა და რამდენჯერ ბაბილონის გოდოლივით ჩამოვიშალეთ – ვინ ავიდოდა შენს წმინდა მთაზე, ვინ დადგებოდა შენ წინაშე.

ჩვენი ტანჯვის დასასრულო, ვინაიდან იცოდი, ვერასოდეს შემოგწვდებოდით, თავად მოხვედი.

„აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მართალი და გამარჯვებული.“

რა უცნაური დასასრული აქვს ჩვენს ხეტიალს…

ჩვენს სიბნელეში როგორ უეცრად გამობრწყინდა ვარსკვლავის შუქი…

რა უცნაურად ამშვიდებს სამყაროს ქაოსს ჩვილის ტირილი…

აქ, ევას ასულს სულ სხვა ნაყოფი უჭირავს ხელში…

არ ისმის კითხვა:  „სად ხარ, ადამ?“

ვიღაც ჩურჩულებს: „სად არის მეფე?“

ემანუელი – ღმერთი ჩვენ შორის…

ღმერთი ჩვენ შორის, როგორც ედემში.

ღმერთი ჩვენ შორის, როგორც უდაბნოში.

ღმერთი ჩვენ შორის, როგორც ცეცხლის შუაგულში.

ღმერთი ჩვენ შორის, როგორც ყოველთვის…

დედაკაცის თესლი, მტრობა, დაგესლილი ქუსლი, გაჭეჭყილი თავი – აღსრულდა სიტყვა უფლისა.

ემანუელ – ღმერთი აქ არის!

იმედი აქ არის!

მხსნელი აქ არის!

მშვიდობა აქ არის!

სინათლე აქ არის!

სიყვარული აქ არის!

ემანუელ…

19 იანვარი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ახალი ბლოგები
ძველი ბლოგები
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 2

    ღმერთი არ არის საშუალება

    5 დეკემბერი, 2022
  • 3

    მხსნელი უფალი

    26 თებერვალი, 2020
  • 4

    მედროვე ადამიანთა ქმედებები…

    22 მარტი, 2019
  • 5

    ნუ გეშინია უბრალოდ გწამდეს

    22 თებერვალი, 2017


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ