ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ
  • stories

  • Memories

  • About Me

ბლოგები

გამარჯვებული

გუჯა ჩაჩანიძე 10 მარტი, 2021
გუჯა ჩაჩანიძე

საწოლის კიდესთან ჩაიმუხლა. შიშს გარემოეცვა. გარშემო ბნელოდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მთელი ბნელეთი დასჩხაოდა თავს და თითოეული შეცდომისთვის პასუხს სთხოვდა.

– ღმერთო… ღმერთო… ღმერთო… – მხოლოდ ამის ლუღლუღებდა. სიტყვებს ვერ პოულობდა.

თავს ბნელეთის ძალები ესხმოდნენ. რამდენიმე მათგანი გამყინავი ხმით უკიოდა, ზოგიც ჩასჩურჩულებდა, ზოგიც ზიზღით უყურებდა.

შიშის, სიმარტოვის და ეჭვის სულები წრეს ურტყამდნენ და ჭრილობებს აყენებდნენ.

– ღმერთო… – ცრემლიც არ მოსდიოდა, არ აძლევდნენ საშუალებას, თავისი ემოცია გადმოეცალა, გამოფიტული და გამომშრალი იყო.

– ღმერთო, სად ხარ, დამეხმარე…

ღმერთი არ ჩანდა, მარტო სიბნელე და სიცივე იყო.

– ღმერთმა მიგატოვა! – გამყინავი ხმით ჩაჰკივლა ერთ-ერთმა.

– მას არ სჭირდები, შენი ცოდვები დაგახრჩობს!

ხმები ერთმანეთს ენაცვლებოდა და კიდევ უფრო ბნელდებოდა.

– ღმერთმა მიმატოვა. – გაუელვა თავში. ეს სიტყვები მთელ სხეულს მოედო, სიცივემ აიტანა.

– ღმერთმა მიმატოვა, მას არ ვჭირდები! – სისხლი ეყინებოდა, ხვდებოდა, რომ მარტო ვერ გაუძლებდა ამდენ ზეწოლას.

– ღმერთო, დამელაპარაკე, ნუთუ აღარ გჭირდები?! – ძლივს აღმოხდა.

„ობლად არ დაგტოვებთ, მოვალ თქვენთან.“ – შორიდან, დაბალ ხმაზე, თბილი ნათქვამი მოესმა.

ხმა ეცნო და გაირინდა, მაგრამ ბნელეთის ძალები კიდევ უფრო აკივლდნენ, რომ ეს ხმა გადაეფარათ და უფრო გამეტებით დაესხნენ თავს.

ეჭვის სული თავს დასტრიალებდა და ჩასძახოდა, რომ ეს ტყუილი იყო, რომ მას ეს ხმა არ გაუგონია და სიგიჟე იყო ამის მოსმენა.

– ღმერთო, როგორ გავიგო, რომ ეს შენი ხმა იყო? – გატანჯულმა გაიფიქრა.

„ჩემი ცხვრები ჩემს ხმას ისმენენ, და მე ვიცნობ მათ, და ისინი მე მომყვებიან. მე მათ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ და არ დაიღუპებიან საუკუნოდ და ხელიდან ვერავინ გამომტაცებს.“ – ისევ ნაცნობი თბილი ხმა გაისმა.

– მე მისი კუთვნილება ვარ. – ხმადაბლა წაილუღლუღა. – მისი ხელიდან ვერავინ წამგლეჯს.

სიბნელე გაიპო, სინათლის სხივმა შემოაღწია.

ბნელეთის ძალებმა უკან რამდენიმე წამით დაიხიეს, თუმცა არ დათმეს და ერთობლივი ძალით ეკვეთნენ ისედაც დაბლა დაცემულს.

– გახსოვს, როგორ მიეცი ღმერთს პირობა, რომ უერთგულებდი? – ჩასისინებდა მსჯავრდადება.

– გახსოვს, რამდენჯერ დაეცი? შენ რა, გგონია, ღმერთი გაპატიებს? ის სამართლიანი ღმერთია, ის წმინდა ღმერთია, ის შურისმგებელი ღმერთია. – ბოროტად დასტრიალებდნენ თავს შავი დემონები და წმინდა წერილის დამახინჯებულ ციტატებს ესროდნენ გავარვარებული ისრებივით.

– ღმერთო, განა შეძლებ ჩემს პატიებას? მე ხომ უკვე იმდენჯერ დავეცი, ვეღარც ვითვლი. – პასუხის მოლოდინში გული გამალებით უცემდა.

– „მე გაპატიებ შენ და აღარ გავიხსენებ შენს ცოდვებს.“ – ისევ ნაცნობი თბილი ხმა იყო. – „მპატიებელი და შემბრალე ვარ, სულგრძელი და დიდად მოწყალე.“

ცრემლები წასკდა, მიხვდა, რომ ღმერთის სიყვარულმა გარემოიცვა. ხვდებოდა, რომ თავად უძლური, ღმერთის სიყვარულით და მისი ძალით ივსებოდა.

– „შენს უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა!“ – ხმა უფრო მკაფიო გახდა.

თავი ასწია, პატიების განცდამ თავისუფლება მიანიჭა, მაგრამ ბნელეთი იოლად დანებებას არ აპირებდა. მათ უწინდელი გამბედაობა დაეკარგათ, მაგრამ მაინც ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტი ტკივილი და ჭრილობა მიეყენებინათ მისთვის.

„ეს სასწაულები იქნება მორწმუნეთა თანმხლები: ჩემი სახელით ეშმაკებს განდევნიან, ახალი ენებით ილაპარაკებენ.“ – ამოუტივტივდა გონებაში.

ოთახს თვალი მოავლო.

– თქვენ არ გაქვთ უფლება, ჩემზე ზეგავლენა მოახდინოთ! – სიტყვები მტკიცე და გაბედული იყო. – ღმერთმა შემიყვარა და მან მომცა ძალა, მას გავყვე, ამიტომ ვდგავარ თუ ვეცემი, მისი საკუთრება ვარ. თქვენ ჩემში არაფერი გეკუთვნით, რადგან მე იესო ქრისტეს საკუთრება ვარ! ამიტომ იესოს სახელით გიბრძანებთ, ახლავე დატოვოთ ჩემი ოთახი და მოშორდეთ ჩემი ცხოვრებიდან!..

გამაყრუებელი აფეთქების ხმა გაისმა, ბნელეთის ძალები თითქოს კედლებს მიენარცხნენ და საზარელი შიშით ატანილები ოთახიდან გაქრნენ.

თვალისმომჭრელმა სინათლემ და სიმშვიდემ აავსო ოთახი.

ბრძოლა დასრულებულიყო. გამარჯვებული წამოდგა და სარკეში ჩაიხედა. მეომარს ჰგავდა, აღჭურვილობა ბრწყინავდა, გაეღიმა, ჯავშანი გაისწორა და გარეთ გავიდა. ახალი ბრძოლა ელოდა, მაგრამ ზუსტად იცოდა, რომ მარტო არ იყო.

10 მარტი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

სულიერ სიცარიელეს მხოლოდ უფალი კურნავს

მიმი ტიელიძე 10 მარტი, 2021
მიმი ტიელიძე

უსასრულო სიცარიელეში დავაბიჯებდი. ვგრძნობდი, რომ უმიზნობისა და უიმედობის ზღვა ჩემს ჩაყლაპვას ლამობდა. სიცარიელის ამოსავსებად და ბედნიერების მისაღწევად ათასნაირი ჰობი გავიჩინე, მაგრამ არაფერმა მიშველა: არც ხატვამ, არც პიანინოზე დაკვრამ, არც სიმღერამ და არც ცეკვამ. ვიფიქრე, შეყვარებულს გავიჩენ-მეთქი და დროებით გადავეშვები რომანტიკულ მდინარეში, მაგრამ ეს მდინარე უზარმაზარი ოკეანე აღმოჩნდა, რომელშიც ლამის დავიხრჩვე… მერე ვიფიქრე, წიგნებშია-მეთქი გამოსავალი. დავიწყე მრავალი წიგნის კითხვა, კვლევა-ძიება, თუმცა თვითონაც არ ვიცოდი, რას ვეძებდი. ვკითხულობდი, ვსწავლობდი, კითხვებს ვსვამდი, რომლებზეც, პასუხების მიღების ნაცვლად, უფრო მეტი კითხვა მიჩნდებოდა. ჩემს თავში სრული ქაოსი იყო. ნუთუ ამ მდგომარეობას თავი ვერ უნდა დავაღწიო? რა არის ჩემი ბედნიერების წყარო? ვფიქრობდი, მაგრამ გამოსავალს ვერ ვპოულობდი.

შაბათი დღე იყო და სასეირნოდ წასვლა გადავწყვიტე. ვიფიქრე, გულს გადავაყოლებდი. გზად ყავის საყიდლად ერთ კაფეში შევიარე. როდესაც იქიდან გამოვდიოდი, თვალში მომხვდა იქვე, კედელზე გაკრული ერთი წარწერა: „ბედნიერებას არ ეძებენ იქ, სადაც უნდა ეძებდნენ.“ ჩემი მთელი გულისყური ამ ერთმა ფრაზამ მიიქცია. ბედნიერებას არ ვეძებ იქ, სადაც უნდა ვეძებდე? ნეტავ ეს რას ნიშნავს? გულდამძიმებულმა დავტოვე ის კაფე და ახლა უფრო მეტმა ფიქრმა შემომიტია. მივდიოდი ქუჩაში თავჩაქინდრული და ვფიქრობდი, სად შეიძლებოდა მომეძებნა ჩემი წილი ბედნიერება. მარცხნივ შევამჩნიე ერთი ტაძარი, რომელმაც თავისი კოხტა არქიტექტურით მიიპყრო ჩემი ყურადღება. გულმა გამიწია, რომ შევსულიყავი, არადა ყოველთვის თავს ვარიდებდი ტაძრებს. ტაძარი ცარიელი აღმოჩნდა.

ნუთუ ამხელა ტაძარში მხოლოდ მე ვარ? ნუთუ ვერავინ მხედავს? თუ ასეა, ამას რა სჯობია. მე ხომ არ მიყვარს ტაძრები… სულელო ჩემო თავო, აქ საერთოდ რას აკეთებ, ბარემ სანთელიც ხომ არ დავანთო და ვილოცო? სიტყვა ლოცვა რომ წარმოვთქვი, მეუცხოვა. ლოცვა? მე ხომ არასდროს მილოცია. განვაგრძე ხმამაღლა ლაპარაკი საკუთარ თავთან. არ ვიცი, ლოცვა რა არის. გულწრფელად წამომცდა. ჩემივე გულწრფელი საუბარი სიმამაცეს მმატებდა და საუბარს ვაგრძელებდი.

ხალხი მიდის ტაძარში, ლოცულობს… ლოცულობს… მაგრამ სულელია ეს ხალხი, თვითონაც არ იციან, რას აკეთებენ. ლოცვა რომ შველოდეს… და დავაპირე ტაძრიდან გაქცევა, რომ ამ დროს კუთხეში შევნიშნე ერთი ანთებული სანთელი. ეს სანთელი ბჟუტავდა, მაგრამ კუთხეში არსებულ სიბნელეს მაინც ანათებდა. მივაშტერდი ამ სანთელს, თითქოს დრო გაჩერდა. ვუყურებდი, ალი როგორ ადიოდა ზეცაში. იწვის სანთელი, იწვის და გარემოს ანათებს. ჩავფიქრდი და ჩემში მალე ფიქრების კორიანტელი აიშალა: სიბნელე… სიბნელეა ჩემს სულში. აი, რატომ არ ვარ ბედნიერი. სიბნელეა ჩემში ჩაბუდებული. ამ სიბნელეს კი განდევნა სჭირდება. კი მაგრამ, როგორ განვდევნო? არადა, მეც მინდა, ვიყო ბედნიერი… ბედნიერი მინდა ვიყო, გესმის შენ მანდ?! და უნებურად ტაძრის ჭერში დავიწყე ყურება. მივხვდი, რომ ჩემთვის წარმოუდგენელ ღმერთს მივმართავდი და მეუცნაურა…

– მინდა, ბედნიერი ვიყო. – გავიმეორე. ვიგრძენი, სახეზე ცრემლები ჩამომდიოდა. ვტიროდი. მე… მე რატომ არ შეიძლება ბედნიერი ვიყო? აგერ, ასი წიგნი წავიკითხე, ვიმოგზაურე ათასი პერსონაჟის ცხოვრებაში, მაგრამ პირადად ჩემს ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა. მეგობრებთან ერთად ბარებში დავდივარ, ვსვამ და ვცეკვავ, იქ კარგ განწყობაზე ვდგები, მაგრამ როგორც კი სახლში ვბრუნდები, მინდება, რომ საერთოდ გავქრე. ჩემს ადგილს ვერ ვპოულობ, ვერა. საუკეთესო ტანსაცმელი მაცვია, მაგრამ ეს არ მაკმაყოფილებს. მაინც რაღაც მაკლია, სულ… როდემდე ვიყო ასე გულნაკლული ან სულნაკლული? როგორც კი ეს სიტყვები წარმოვთქვი, მივხვდი, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ვთქვი. მივხვდი, რა იყო ჩემი პრობლემა. ფიზიკურად კი არ მაკლდა რაღაც, არამედ სულიერად. ჩემს სულს რაღაც აკლდა და მე ეს არ მესმოდა, რადგან ჩემს სულს არ ვიცნობდი. ეს რომ გავიაზრე, ტირილს კიდევ უფრო ვუმატე. ჩავიმუხლე და თავი ჩავღუნე.

– და როგორ შეიძლება სული შევივსო? ან არსებობს ასეთი რამ საერთოდ? სულის შევსება. ავიხედე ზემოთ და ისევ იმ სანთელს შევხედე. სანთელი ბჟუტავდა, მაგრამ იქაურობას მაინც ანათებდა. სანთელი… სინათლე… სიბნელეს ფანტავს სინათლე… და სადაა ეს სინათლე? მბჟუტავ სანთელს მივუახლოვდი. იქაურობა მტვერში ჩაფლულიყო. ვიფიქრე, მაგიდიდან მტვერს გადავწმენდდი, მაგიდის ქვემოთ შევიხედე, იქნებ რამე ტილო ან თუნდაც ქაღალდი იდოს-მეთქი. იქ მხოლოდ რაღაც წიგნი ჩანდა. წიგნი ავიღე ხელში და ბიბლია აღმოჩნდა. სადაც იმდენად შორს შევტოპე, რომ ეკლესიაში შემოვედი, ბარემ ბიბლიასაც გადავშლი-მეთქი, ვიფიქრე. გადავშალე და პირველი სიტყვები რაც შემხვდა, წავიკითხე: „უთხრა მას იესომ: ‘მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მიდის, თუ არა ჩემით.’“ (იოანეს 14:6). მეტის წაკითხვა ვეღარ შევძელი. გულმა გამალებით ცემა დამიწყო. თითქოს თვალიდან ბინდი გადამძვრა. ჩემში შემოდიოდა აზრი, რომ არსებობს სიცოცხლის გზა და ეს გზა ქრისტეა. არ მინდოდა იმის აღიარება, რომ ერთმა წაკითხულმა ფრაზამ ბიბლიიდან ჩემი სულის სიმები შეათრთოლა. ტუჩები ამიკანკალდა, ისევ თავი ჩავღუნე და მინდოდა თუ არა, წავილუღლუღე: – მანდ, შენ, თუ მართლა არსებობ, მომეცი სიცოცხლე, სიცოცხლე, რომელიც ჩემს სიცოცხლეს ბევრად სჯობია. აღარ მინდა ამ ცხოვრებით ცხოვრება. უმისამართოდ დავდივარ. მიშველე… მიშველე, შენ… შენ, თუ ღმერთი ხარ… და თუ შენ მისმენ ან უფრო მეტიც, მხედავ, ესე იგი გეცოდინება, როგორ ვიცხოვრე… და აქამდე ჩემი თავი თუ ანგელოზი მეგონა, მახსენდებოდა ჩემი უმსგავსო საქციელები… მე ხომ არც ისე ანგელოზი არ ვარ. მართალია, შეცდომები დავუშვი… ჰო, მიღალატია… მომიტყუებია… მიცემია უდანაშაულო ადამიანისთვის, ფული წამირთმევია… მე… მრცხვენია, რომ ყველაფერი გითხრა… კი, მრცხვენია.. არ უნდა მოვქცეულიყავი ასე… მაგრამ არ ვიცი, რა არის სწორი, არ ვიცი, უკეთესი გზა სადაა… მაპატიე, შენ… ღმერთო… მაპატიე…

ვტიროდი და ვერ ვახერხებდი თავის მაღლა აწევას. მარჯვენა ხელი ჩამებღუჯა და გულში ვირტყამდი, თითქოს თვითგვემით რამე მეშველებოდა, ან თითქოს ჩემს გულს გავაჩერებდი… არ ვიცი, რამდენ ხანს ვიტირე, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ დავმშვიდდი. თავი მაღლა ავწიე და ვიგრძენი, რომ მარტო არ ვიყავი. გარშემო მიმოვიხედე, მაგრამ იქ ისევ არავინ იყო. ისევ ავიღე ბიბლია და გადავშალე. ამჯერად ეს სიტყვები ამოვიკითხე:

ნუ გეშინია, რადგან მე შენთან ვარ; ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ მე. გაგამაგრებ და შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სიმართლის მარჯვენით.

ესაიას 41:10

საოცარ მშვიდობას ვგრძნობდი გულში, თითქოს ყოველი სიცარიელის ნაპრალი ამომევსო. თვალები ისევ ცრემლებით მქონდა სავსე, მაგრამ ამჯერად სიხარულის ნაპერწკალმა გაირბინა ჩემს თვალებში. ვიღიმოდი: – გმადლობ, შენ, ღმერთო. გმადლობ, რომ მომისმინე. გმადლობ, რომ მარტო არ მტოვებ. გმადლობ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემ გვერდით იყავი, მე კიდევ ვერ ვხვდებოდი… გმადლობ, რომ მიმახვედრე: შენ არსებობ, კეთილი ხარ და მპატიებელი. გმადლობ, რომ მიმიღე. და გთხოვ მასწავლო, ამის შემდეგ როგორ უნდა ვიცხოვრო. გთხოვ, გამიძეხი წინ და მომეცი სიბრძნე.

ბიბლიას ხელი დავავლე და სახლის გზას დავადექი. იმ დღიდან ღმერთი, როგორც მითი, განქარდა. იმ დღეს მე ახლიდან დავიბადე. იმ დღიდან სიცოცხლის გზას დავადექი, გზას, რომელსაც მიჰყავს ადამიანი თავისუფლებამდე. იმ დღიდან აღარ ვარ ცოდვის მონა. ქრისტემ გამათავისუფლა მე და ის შენც გაგათავისუფლებს, თუ გულწრფელად მოინანიებ შენს შეცდომებს. ის გაპატიებს, თუ შენს გულს მას აჩუქებ. მიეცი შენი დასერილი და დამახინჯებული გული ქრისტეს. ქრისტეა უდიდესი მკურნალი. შენ არ გჭირდება სხვა ექიმი, შენ ვერ შეძლებ ადამიანური მეთოდებით სულიერი სიცარიელის ამოვსებას, ეს მხოლოდ უფალს შეუძლია. ნამდვილი ბედნიერების წყარო მხოლოდ უფალშია, ამიტომ მას მიეწებე და დარწმუნებული იყავი, რომ მას შენი ბედნიერება უნდა.

10 მარტი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

გააღვივე რწმენის ნაპერწკალი შენს გულში

მარიამ ტიგინაშვილი 4 მარტი, 2021
მარიამ ტიგინაშვილი

პატარა იყო, ძალიან პატარა, პაწაწინა, თუმცა უკიდეგანო, მოვარდისფრო სივრცეს ანათებდა. დიდხანს ცდილობდა გაზრდას, ბევრი იწვალა, დაიღალა, კვდებოდა, ახლიდან იბადებოდა და ისევ პატარა რჩებოდა, მაგრამ ყოველი დაბადებისას თავს უფრო დიდად გრძნობდა, ვიდრე მანამდე იყო, თითქმის ყველა მხარეს აწყდებოდა მოვარდისფრო სივრცეში, ალბათ უნდოდა, თავისიანი ვინმე ეპოვა და შეერთებოდა.

არ ვიცი, როგორ, არც ის ვიცი, რატომ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ პატარა, ციცქნა ნაპერწკალი გადაიქცა დიდ, ელვისებურ ცეცხლად. მოვარდისფრო სივრცეში კი გაანათა, გააბრჭყვიალა გარშემო ყველაფერი. თავისი სიმტკიცით და უდრეკობით „გოლიათი“ იყო ეს პატარა ნაპერწკალი. ეცადა, ეცადა და მოახერხა.

ნაპერწკალს მოფერებით ვუწოდებ, რეალურად კი რწმენა ჩამესახა გულში, რწმენა ხვალინდელი დღისა, რწმენა უფლისა, მისი არსებობისა. დაიჯერებთ? მკვდარი ვიყავი, მაგრამ აღვდექი! ჩემი სული გაცოცხლდა, ფეხი აიდგა. თავიდან ნელი ნაბიჯებით დაიწყო სვლა, დინჯად და ფრთხილად, როგორც ბავშვის გაუბედავი ნაბიჯები, მაგრამ მაინც იმედიანი.

ნეტავ დაგენახათ, როგორი პატარა და უსუსური იყო იგი, მაგრამ როგორ გაღვივდა?! გაიშალა და გამიფერადა გულის ბნელი წერტილები. ადამიანთა ბაგიდან დაიწყო და ყველა აალაპარაკა, რომ ჩემი რწმენა გაღვივებულ ნაპერწკლად გადაექცია, შემდეგ კი ტორნადოსავით დაატრიალა, ენერგიულ ქარიშხალს რომ შეადარებ, სწორედ ისე. საბოლოოდ კი ცეცხლი დაანთო.

იმის მიუხედავად, რომ მის ნაბიჯებს ვეღარ მივყვებოდი, ყველა გზა საკუთარი გასაღებით გამიხსნა. ეს უფალია… რადგან ის ერთგულია, არ დაგტოვებს და არ მიგატოვებს, მან შექმნა შენი გული. გულს კი არ გატკენს მხოლოდ ის, ვინც შენი გული შექმნა.

მინდა გაიგო, როგორ აღვდექი და ვცოცხლობ. მინდა იცოდე, რომ სანამ ცოცხლობ, ყველაფრის გაკეთება შეგიძლია, გაღვიძება? გარდასახვა? დიახ, მკვდრეთით აღდგომაც კი.

ყველას გვსმენია ფრაზები: დაცემას წამოდგომა მოჰყვება, რომ ყველაფერი ოდესმე კარგად იქნება. არ დაიჯერო. მაშინ იქნება ყველაფერი კარგად, როცა შენ გადაწყვეტ. იმისთვის არ დაბადებულხარ, რომ საკუთარი ძალებით იცხოვრო; იმისთვის არ დაეცი, რომ შენი ძალით წამოდგე. მანამდე კი იმ ჭაობში დავიმკვიდრებთ საცხოვრებელს, სადაც გვგონია, რომ ყველაფერი თავისით მოხდება.

აჰა, ვდგავარ კართან და ვაკაკუნებ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან. მე მასთან ვივახშმებ და ის ჩემთან.

გამოცხადება 3:20

გვეტკბობა „ვარდისფერი ცხოვრება“, სადაც ყველაფერი ერთფეროვანია, სადაც არ გვიწევს სირთულეებთან გამკლავება. გვეტკბობა, რადგან არ გვინდა, რომ ნაპერწკალი გავაღვივოთ, მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ! ბედის გვჯერა თუ იღბლის? ვარდისფერი სათვალე მოვიხსნათ და დავინახავთ, რომ არცერთი არ არსებობს…

4 მარტი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ჭეშმარიტებით ანთებული სანთელი

თაკო გამგებელი 4 მარტი, 2021
თაკო გამგებელი

სუსხიანი ზამთრის უკანასკნელ დღეს, კვლავაც გაზაფხულის მოლოდინში, ფიქრების ქროლას ფოთლებად გავყევი.

წუთისოფელი მართლაც რომ წუთია ადამიანთა სხეულებისთვის.

ვიდრე ფეხი გიდგას ამ ცოდვით სავსე მიწაზე და დაიარები, ისე უნდა იარო, რომ სხვებისთვის ჭეშმარიტებით ანთებული სანთელი გახდე.

დედამიწაზე ჩვენი ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ შინაგანი სამყაროს დამალვაში გავლიოთ.

ღმერთი არ მოგვიწოდებს ჩრდილში დგომისკენ.

ანთებულ სანთლად დარჩენა ადვილი როდია. რამდენი შეეცდება თქვენში ამ ღვთიური ნათელის ჩაქრობას, ვერც კი დაითვლით; რამდენი გადაგეღობებათ ვიწრო გზაზე მიმავალს; რამდენი დაგადგამთ ფეხს ღმერთისთვის აძგერებულ გულზე და გაიძულებთ, უარყოთ ის, რაც სისხლ-ხორცში გაქვთ გამჯდარი.

ნეტარნი ხართ, როცა შეგიძულებენ ადამიანები, როცა გაგყრიან და გაგლანძღავენ, ხოლო თქვენს სახელს განდევნიან, როგორც ბოროტს, კაცის ძის გამო.

ლუკა 6:22

გახსოვდეთ, ამის გამო ნეტარნი ხართ ზეციერი მამისთვის.

თუ შენში ანთია ცეცხლი, მისი დამალვა შეუძლებელი იქნება, ისევე, როგორც სიმართლე და მზის ან სავსე მთვარის სინათლე არ იმალება.

თქვენი რწმენა მზის სხივივით და სავსე მთვარესავითაა, რომელიც მორწმუნის ბნელ ღამეებს ანათებს, სიმართლე კი სახარების თითოეული სიტყვაა.

კვლავინდებურად უფერულ საღამოს სითბო და შვება ვიგრძენი.

სიმსუბუქეს, რომელიც რწმენას მოაქვს გულში, ქვეყნად ვერაფერს შეადარებ.

ადამიანთა მოდგმას მუდამ ჰქონდა არჩევანი: მარადიული შვება ან მარადიული სატანჯველი.

მინდა, ღმერთისთვის ალესილი ხმალი, შორს გატყორცნილი ისარი, ხელაპყრობილი მოწაფე და უბრალოდ, მისი სახელის მორწმუნე ვიყო. მსურს, სიცოცხლის ბოლო წუთამდე ჩემი ბაგეებით მის სახელს წარმოვთქვამდე და ბოლო წუთამდე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მოისმინოს მისი სიტყვა, რომელიც მარადისობაში საუკუნო ექოდ გახმიანდება.

4 მარტი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ჩემგან იწყება ცვლილება

გიორგი ოდიაშვილი 4 მარტი, 2021
გიორგი ოდიაშვილი

▪ თუ არასოდეს გილოცია, რომ ღმერთმა შენი გული შეცვალოს, ნურც იმას ილოცებ, რომ მისი გული შეცვალოს.

მისი ( ) – ვისაც ვერ ეწყობი, ვისთანაც ცხადი ან დაფარული კონფლიქტი გაქვს.

მარტივია იმის დაჯერება, რომ ის არის დამნაშავე, მას შეეშალა, ის არ მოიქცა სწორად, ყველაფერი მისი ბრალია, მაგრამ ძალიან ხშირად ჩვენი ამგვარად გამოტანილი ყოველი დასკვნა ნაადრევი და მცდარი აღმოჩნდება ხოლმე.

იყავი ფხიზელი, იყავი კრიტიკული საკუთარი ქცევებისადმი, იყავი განმკითხველი საკუთარი თავისა და საკუთარი გულისა, რათა სიბრაზის და ბოღმის გამო არ ადანაშაულებდე ყოველთვის ყველას ყველაფერში და საკუთარ თავს კი არასოდეს არაფერში.

▪ ნუ ილოცებ, რომ ღმერთმა მას აუხილოს თვალები, თუ ჯერ საკუთარი თვალების ახელისთვის არ გილოცია, იქნებ შენ ვერ ხედავ სწორად.

კლაივ ლუისი ამბობდა, საკუთარი თავები მხოლოდ იმიტომ გვიყვარს, რომ ეს ჩვენ ვართო…

ზუსტად ამგვარად, შეიძლება, საკუთარ ქმედებებში ცუდს ვერაფერს ვხედავდეთ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ჩვენ ჩავიდინეთ, მაგრამ თუ იმავეს სხვა ჩაიდენს, ვიტყვით, რომ ეს სისაძაგლე და უსამართლობაა.

▪ ვერ შეძლებ მდგომარეობის სწორად შეფასებას, თუ შენი გული არ იქნება წრფელი, სუფთა და მიუკერძოებელი.

სუფთა გული შექმენი ჩემში, ღმერთო და წრფელი სული განაახლე ჩემს სხეულში.

ფსალმუნი 50:8
4 მარტი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ქარიშხლის შუაგულში

რუსუდან ილურიძე 23 თებერვალი, 2021
რუსუდან ილურიძე

ცხოვრებაში არის მოვლენები, რომლებსაც ვერ აირიდებ, მათში უნდა გაიარო… თუმცა გაქვს არჩევანი, მარტო გაივლი თუ უფალს, შენს ღმერთს მოუხმობ, რათა შენთან იყოს…

იმ დღეს მთელი არსებით ვგრძნობდი, რომ ჩემი ცხოვრებისკენ დიდი, დამანგრეველი ქარიშხალი მოემართებოდა და ვერ ავიცილებდი თავიდან, ის უნდა გადამეტანა… ქარიშხლამდე შიში, უიმედობა, უუნარობა, სასოწარკვეთილება – ყველაფერი ერთად, გაერთიანებული ძალით დამესხა თავს… სიბნელეში ჩავიძირე, სული მეყინებოდა. საითაც არ უნდა გამეხედა, სიბნელის გარდა ვერაფერს ვხედავდი. არაფერი მესმოდა, გარდა მათი ხმებისა: „მორჩა! შენ დამარცხდი! ტყუილად იბრძოდი! ამაო იყო შენი ცრემლები – უფლის წინაშე დაღვრილი! ნუთუ ვერ შეიგნე, რომ ამ ბრძოლაში ვერ გაიმარჯვებ?! დანებდი! აზრი არ აქვს!“… მეშინოდა, ძალიან მეშინოდა… ათასი ფიქრი დამტრიალებდა თავს და ყველა უიმედობით აღსავსე… ლოცვა მინდოდა, მაგრამ სიტყვებს ვერ ვპოულობდი, მხოლოდ ცხარე ცრემლების ნიაღვარი ჩამომდიოდა სახეზე… სიბნელე დამცინოდა… ასე მეგონა, ზურგზე უზარმაზარი ლოდი ამკიდეს, რომელიც სადაცაა გამსრესდა, მის სიმძიმეს ვგრძნობდი… თითქმის მიმქრალ იმედს ჩავეჭიდე, ბოლო ძალები მოვიკრიბე და ავლაპარაკდი: „ვერ გგრძნობ, მაგრამ ვიცი, ჩემთან ხარ და არ მიმატოვებ, არ დამაგდებ. ვიცი, რომ ჩემს ყოველ ლოცვას ისმენდი; ვიცი, რომ ყოველი ცრემლი, რომელიც შენ წინაშე დამიღვრია, უძვირფასესია შენთვის!“…

აქამდე თუ სიტყვებს ვერ ვპოულობდი, ახლა ვეღარ ვჩერდებოდი. ხმა, რომელიც ამ დრომდე მიკანკალებდა, განმტკიცდა. ცრემლები, ნიაღვრად რომ იღვრებოდა ლოყებზე, შეწყდა: „ამ ბრძოლაში შენ შემომიძეხი, ეს კი იმას მოწმობს, რომ გამარჯვება უკვე მომეცა, უბრალოდ ის უნდა დავიმკვიდრო! მე ვიცი, რომ ჩემი სიცოცხლით არ თამაშობ; ვიცი, აქ არ მთავრდება ყველაფერი, პირიქით, ახლა იწყება! გამამაგრე, განმამტკიცე, უფალო, რომ არ დავეცე, განდევნე შიში და უიმედობა ჩემგან. მახსოვს სიტყვები, იესო ნავეს ძეს რომ აღუთქვი: ‘განა ნაბრძანები არ მაქვს შენთვის, განმტკიცდი და ძლიერ გამხნევდი-მეთქი? ნუ შეძრწუნდები და შეთრთოლდები, რადგან შენთან იქნება უფალი, შენი ღმერთი ყველგან, სადაც კი წახვალ!’’ (იესო ნავეს ძის 1:9), როგორც იესო ნავეს ძეს ჰპირდებოდი, რომ მასთან იქნებოდი ყველგან, სადაც წავიდოდა, ასევე მპირდები მეც! როგორც იერემიას აღუთქვი: ‘შეგებრძოლებიან, მაგრამ ვერ დაგძლევენ, რადგან მე ვარ შენთან, შენ გადასარჩენად!’ (იერემია 2:19). მებრძვიან, უფალო, მაგრამ ვიცი, ჩემთან ხარ და ეს იმას ნიშნავს, რომ ვერ დამძლევენ! მე ვიცი, რომ ერთგული ღმერთი ხარ, ვიცი, რომ როცა ამბობ, აღასრულებ! ერთგული აღმთქმელი ხარ შენ! უბრალოდ ჩემთან იყავი, გთხოვ…“

სიმძიმე გაქრა… ვერ გავაცნობიერე, როდის გავთავისუფლდი მისგან. როდესაც გამოვერკვიე, ვიგრძენი, რომ თავისუფლად გავიმართე წელში, ჩემს გონებაში სიმშვიდემ დაისადგურა… ეს იყო უდიდესი დასტური იმისა, რომ სამყაროს შემოქმედი ჩემ გვერდით იდგა, მას ჩემი მარჯვენა ეჭირა, ის იყო კლდე ჩემი და საყრდენი, ბურჯი ჩემი, და ის ჩემთან იქნებოდა ქარიშხალში, რომელიც მიახლოვდებოდა… და როდესაც ქარიშხალი, შტორმი დამატყდა თავს, უფალმა „გამაგრებულ ქალაქად მაქცია“ (იერემია 2:18). ვგრძნობდი ფარს, ჩემ წინ აღმართულს, რომელიც მიცავდა ბოროტის გავარვარებული ისრებისგან, განადგურებას რომ მიქადდა. ვიცოდი, რომ მის ფრთებქვეშ ვიყავი დაფარული, მის საფარქვეშ!.. და ზუსტად ვიცი: რომ არა უფალი, ის მოვლენები მართლაც დამანგრეველი იქნებოდა ჩემთვის!..

ქარიშხალი ჩადგა, შტორმი ჩაწყნარდა, მე გადავრჩი, მეტიც, გავიზარდე, ფესვები უფრო ღრმად გავიდგი.

უფალს, შენს ღმერთს მიენდე, ის არ გიღალატებს, არ შეგარცხვენს! მოუხმე, რომ შენთან იყოს ყველგან, სადაც კი წახვალ და მით უმეტეს მაშინ, როდესაც ქარიშხლის შუაგულში იდგები! აზრებში მტკიცე დარჩი, ხმამაღლა წარმოთქვი ნდობის სიტყვები მის მიმართ და სიბნელეს ნუ ალაპარაკებ შენს ცხოვრებაში!

23 თებერვალი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ბრძოლის ველზე

გუჯა ჩაჩანიძე 16 თებერვალი, 2021
გუჯა ჩაჩანიძე

ბრძოლისგან დაღლილმა იარაღი გვერდზე გადააგდო და მოკლული მტრის გვერდით ჩაიმუხლა.

„როგორ გულიანად იბრძოდა ეს შეჩვენებული“, – გაიფიქრა. – „რა ძალა ადგა, რისთვის გადაუდგა თავის მეგობარს წინ, იმ ლაჩრისთვის ხელი რომ არ ეკრა, ახლა თვითონ ცოცხალი იქნებოდა. მაინც როგორ უკანმოუხედავად გაიქცა ის მშიშარა, ერთიც არ მოუხედავს უკან, ეს კი ახლა ჩემ წინ მკვდარი წევს.“

გულზე დაკიდებულ ჯვარს მოჰკრა თვალი.

„რელიგიური ყოფილა“, – გულში ჩაეცინა, – „ახლა გასაგებია. ერთ-ერთი ჩვეულებრივი გიჟი, აბსტრაქტული იდეების და არარეალური მომავლის იმედით სავსე შეშლილი. სიკვდილის წინ იდგა და არც დაფიქრებულა, ისე დაეხმარა თავის ლაჩარ მეგობარს, მაგრამ მაინც რა ძალა ადგა, რომ ასე მოიქცა, როცა ყველა ადამიანი თვითგადარჩენაზე ფიქრობს.“

ფიქრმა წაიღო. იხსენებდა, ვინმე თუ ენახა მსგავსი.

ომიანობის დროს თვითონაც მამაცურად იბრძოდა, მაგრამ თავი არასდროს გაუწირავს სხვისთვის.

წამოდგა და ის იყო, წასვლა დააპირა, რომ თვალი მოჰკრა პატარა ლურჯ წიგნს.

დაიხარა და წიგნი აიღო, მასაც ჯვარი ეხატა და სისხლით მოსვრილ ყდაზე მკრთალად ეწერა „ახალი აღთქმა“.

ქართულ ენას სუსტად ფლობდა, ბებია ჰყავდა ქართველი და ბებიის ნასწავლი ენა შემორჩენოდა მეხსიერებას.

წიგნი გადაშალა, თავიდან ასოების აღქმა გაუჭირდა, მაგრამ მცირეოდენი გონების დაძაბვის შემდეგ წაკითხვა შეძლო.

იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავს გაწირავს თავისი მეგობრისთვის.

იოანეს სახარება 15:13

ტანში გასცრა. წიგნმა თითქოს უპასუხა მის კითხვას, რომელსაც ბოლო ნახევარი საათი უტრიალებდა.

ისევ ფიქრმა წაიღო. ფიქრობდა სიცოცხლეზე, იმაზე, თუ რა ფასი ჰქონდა ცხოვრებას, სიყვარულს და მეგობრობას.

ცოტა რომ გამოერკვა, გაეცინა, ალბათ მალე მეც რელიგიური გავხდებიო, გაიფიქრა, წინა ფურცლებზე გადაშალა, შორიახლოს ჩამოჯდა და მათეს სახარების კითხვას გაჭირვებით შეუდგა.

დროდადრო შეჩერდებოდა და ჩაისუნთქავდა, თითქოს ჰაერი არ ჰყოფნიდა, რადგან აკვირვებდა იესო ქრისტეს ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი და მის მიერ მოხდენილი სასწაულები.

განსაკუთრებით დააფიქრა იმ მომენტმა, როდესაც იესოს გაცემის მომენტში ყველა მოწაფემ მიატოვა და გაიქცა, გაუკვირდა იესოს დამოკიდებულება, რომ მიუხედავად ამ ღალატისა, მას თავისი მოწაფეები მაინც უყვარდა.

„როგორ მსგავსად მოიქცა“, – გაიფიქრა და თავის მოკლულ მტერს უკვე დიდი პატივისცემით და მოწიწებით გახედა.

იარაღის გასროლის ხმამ გამოაფხიზლა, ფეხზე წამოხტა და იარაღი მოიმარჯვა, მაგრამ შორიახლოს არავინ ჩანდა.

ცოტა რომ დამშვიდდა, ისევ ჩამოჯდა და ინსტინქტურად გადაგდებული წიგნი აიღო, რომელიც იოანეს სახარებაზე გადაშლილიყო.

მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. წუთისოფელი რომ იძლევა, მე ისე არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება.

იოანეს სახარება 14:27

„ისე, როგორ მშვიდად შეხვდა სიკვდილს.“ – გაიფიქრა და კითხვა გააგრძელა.

„ესაა ჩემი მცნება, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ.“

„რა გასაკვირია, ეს ადამიანი თუ უყვარდა,“ – ჩუმად ჩაილაპარაკა, – „ნეტავ მე თუ შემიყვარებდა, ასეთ უგულოს და ცოდვილს…“

უეცრად ძალიან გაუკვირდა, თავის ცოდვებზე არასდროს უფიქრია. არც კი მიიჩნევდა, რომ რამეს არასწორად აკეთებდა ცხოვრებაში. ამ შეგრძნებამ დაამძიმა, თითქოს ამოუტივტივდა ყველა ადამიანი, რომელიც თავისი ხელით გამოასალმა სიცოცხლეს. თითქოს ახლა იგრძნო ის ვედრება, სიცოცხლის ბოლო წუთებში მათ თვალებში რომ ხედავდა.

ამ გრძნობისგან გათავისუფლება სურდა, მაგრამ ის თითქოს სულ უფრო უხუთავდა სულს.

„რა გავაკეთო?..“ – გაიფიქრა ამ უცნაური გრძნობებისგან შეშინებულმა და გამოსავლის ძიება ისევ წიგნში გადაწყვიტა.

თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, ერთგული და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უმართლობისგან.

1-ლი იოანეს 1:9

ამ აზრმა აავსო. მუხლი მოიყარა და გადაწყვიტა, რამდენიმე სიტყვით ეთქვა, რასაც გრძნობდა.

„იესო ქრისტე, მე არ ვიცი, შენ ვინ ხარ და არც ის ვიცი, ჩემი გესმის თუ არა, მაგრამ მჯერა, შენ იმისთვის მოკვდი ჯვარზე, რომ ჩემი შველა შეგძლებოდა, მე ამ წიგნში წავიკითხე, შენ ამბობ, რომ შენი ტვირთი მსუბუქია და ამიტომ გთხოვ, გამათავისუფლე ამ სიმძიმისგან. თუ რეალურად არსებობ, მაშინ მომეცი ძალა, რომ შევცვალო ჩემი ცხოვრება, ასე მშვიდად შევხვდე სიკვდილს, როგორც ეს ადამიანი შეხვდა და სიკვდილის შემდეგ მიმიღე შენს სასუფეველში, როგორც ჯვარზე გაკრული ავაზაკი მიიღე.“

წამოდგა, წიგნი დახურა და უკანა ყდაზე წარწერა შენიშნა: „თუ არ დავიხოცებით, მაშინ ვერ ვიცოცხლებთ.“

ყელში ბურთი მოებჯინა, წიგნი გულის ჯიბეში ჩაიდო და თითქოს ამდენი ხნის მკვდარმა სიცოცხლეში შეაბიჯა.

ახალი ცხოვრება იწყებოდა.

16 თებერვალი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ნინის გამო…

ნატალია ჩიქოვანი 16 თებერვალი, 2021
ნატალია ჩიქოვანი

რამდენიმე დღეა, შევხედავ ჩემს მოზარდ გოგონას და გულში მწარე ტკივილს ვგრძნობ ნინის გამო… გონებაში სულ ის მიტრიალებს, რას განიცდიდა უკანასკნელ წუთებში საქართველოს კიდევ ერთი მარიტა, შერცხვენილი, მიტოვებული და სასოწარკვეთილი, ოჯახისგან უარყოფილი და საზოგადოებისგან გაკიცხული… კიდევ ერთი სიცოცხლის გადარჩენა ვერ შევძელით, პირიქით, თოკი მივაწოდეთ, ვუბიძგეთ ჩვენი უმოქმედობით, ჩვენი შეგუებით უსამართლობასთან.

ვუყურებ იმ ქაოსს, რაც მისი გარდაცვალების შემდეგ სუფევს, დამაინტრიგებელი სათაურებით გადაჭრელებულ ვებგვერდებს, თანაგრძნობისგან დაცლილ მსჯელობას, „ნწ, ნწ“-ს ძახილს მაშინ, როცა ორი დღის წინ 14 წლის გაუხარელი სიცოცხლე მიწაში ჩავდეთ. ცოტა ხანს ვივიშვიშებთ, დავინტერესდებით წესის არაგება-აგებით, და ყველა დეტალის (რა მოხდა? სად მოხდა? რატომ მოხდა?) გულიანად განხილვის შემდეგ, კვლავ ჩვენ-ჩვენს ცხოვრებას განვაგრძობთ. და ასე, „ვალმოხდილნი“ ვიცხოვრებთ მორიგ ტრაგედიამდე მანამ, სანამ არ შევიგნებთ, რომ თითოეული ჩვენგანია პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის მომავალზე, იმ აზროვნებასა და შეუწყნარებლობაზე, რაც ჩვენშია. და თუ არ შევიგნებთ, „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“ ადრე თუ გვიან ჩვენს კარზეც დააკაკუნებს, რადგან სამყაროში ყველაფერი მიზეზშედეგობრივია და ბიბლია ამბობს, რომ კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის.

გიფიქრიათ, რომ მე ან თქვენ ხართ ის მეზობელი, ვის თვალში შერცხვენასაც ვერ გაუძლო პატარა გოგონამ?.. ახლა, როცა აღარ არის, შესაძლოა თქვათ, სიკვდილი რა გამოსავალი იყოო, მაგრამ რომ ეცოცხლა, რამდენჯერ გავჭორავდით? რამდენჯერ განვიკითხავდით? რამდენი მივიღებდით? რამდენი დავუდგებოდით გვერდით?.. ალბათ, ძალიან ცოტა, ან არავინ… ჩვენ ხომ ჩარჩოებში ვცხოვრობთ, ჩვენ ხომ შვილებს საზოგადოებასთან თავის მოსაწონებელ საგნებად და ჩვენი სიბერის გარანტორებად ვზრდით, ჩვენ ხომ ასეთ მომენტებში ჩვენი ავტორიტეტი უფრო გვადარდებს ხალხში, ვიდრე ის, თუ რა ხდება ჩვენი შვილის, მეგობრის, მეზობლის, ნათესავის გულში…

უიმედობის აჩრდილი დაძრწის ჩვენს ქვეყანაში უპატრონობის, მიუსაფრობის, უპასუხისმგებლობის აჩრდილებთან ერთად და ეს აჩრდილები ყველგან ცხოვრობენ, ყველა ინსტიტუციაში: ოჯახში, სკოლაში, პოლიციაში, სასამართლოში…

კიდევ ერთი სიცოცხლის გადარჩენა ვერ შევძელით, რადგან ბავშვობიდან გვასწავლეს მდუმარება; რადგან სხვის საქმეში ჩარევა ცუდი აღზრდის ნიშანია და აღარ გვიფიქრია, რომ არსებობს ზღვარი, სადაც საზოგადოება და ინდივიდი ერწყმის ერთმანეთს; სადაც ყველა ერთად ვქმნით ჩვენს მომავალს; სადაც არ უნდა გაჩუმდე; სადაც სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი არ უნდა იყოს; სადაც თანადგომა უნდა ვისწავლოთ, დავიცვათ სუსტნი და სწორი საზოგადოებრივი აზრი შევქმნათ.

ვიცი, რა არის უუნარობის განცდა, სისუსტის, დაუცველობის, უმომავლობის… მძულდა სამყარო, სადაც ადამიანები ვერ ხვდებოდნენ, რომ ზოგჯერ ადამიანი იქამდე მთავრდები, ვიდრე უკანასკნელად ამოისუნთქავ; ზოგჯერ შენს ოცნებებთან ერთად კვდები; ზოგჯერ უთქმელ დარდთან და ვერდაცულ თუ ვერდამტკიცებულ სიმართლესთან ერთად…

ვიცი, ნინის ვერ ვუშველი, მაგრამ ნინის გამო ვილაპარაკებ: შენ, ვინც ახლა საკუთარ ყოფნა-არყოფნას წყვეტ, შეჩერდი! არ დანებდე, სიკვდილი არ არის გამოსავალი, შენ უნდა შეცვალო ეს ქვეყანა, შენ ხარ მომავალი და წარსულად ნუ იქცევი. ნუ მოიქცევი იმ უპასუხისმგებლო ინსტიტუციის და კონკრეტული ადამიანების მსგავსად, რომლებმაც იმ ადგილამდე მიგიყვანეს, სადაც ახლა დგახარ! ნუ გადადგამ ამ ნაბიჯს! შენი მოვალეობაა, იცოცხლო! აიმაღლე ხმა უსამართლობის წინააღმდეგ და არ შეგეშინდეს, რადგან უფალია ყველა ჩაგრულის მცველი!

…

შენ კი, ძვირფასო (უმეტესად ქრისტიანულო) საზოგადოებავ, ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფრაზას შეგახსენებ, რომელიც თავად უფალ იესო ქრისტეს ეკუთვნის:

როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ასევე მოექეცით მათ.

მათეს 7:12
16 თებერვალი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

კეთილი უწყება – ახალი ამბავი, რომელიც არ ძველდება!

ნატალია ჩიქოვანი 3 თებერვალი, 2021
ნატალია ჩიქოვანი

დაახლოებით, 2000 წლის წინ ისრაელში მოხდა საოცარი გარდატეხა კაცობრიობის ისტორიაში − ღმერთი გამოჩნდა ხორცში! მსოფლიომ ბიოლოგიური საათის ათვლა თავიდან დაიწყო. მესიამ, რომელმაც ჯვარზე სიკვდილით, დახსნა მოუტანა ადამის შთამომავლებს, დატოვა სასიხარულო ამბავი, კეთილი უწყება თითოეული ჩვენგანისთვის, რათა გვცოდნოდა, რომ თავისუფალნი ვართ ცოდვის მონობისგან; გვცოდნოდა სიყვარულის შესახებ, რომელიც ჩვენი გადარჩენისთვის თავგანწირვით დამტკიცდა ჯვარზე; დაღვრილი სისხლის შესახებ, რომლის მეშვეობითაც გამოსყიდვა მოგვეცა; იესოს შესახებ, რომელიც აღსდგა მკვდრეთით და ჩვენც აღგვადგინა − ცოდვით სიკვდილისგან საუკუნო სიცოცხლისთვის.

საუკუნეების განმავლობაში კეთილი უწყება (სახარება) გადაეცემოდა თაობიდან თაობებს, ხელით იწერებოდა ბიბლიები კელაპტრის შუქზე, იცვითებოდა უამრავი მქადაგებლის ფეხსამოსი უწყების გადასაცემად განვლილ გზაზე, ეწირებოდა უამრავი მისიონერის სიცოცხლე, რათა გავრცელებულიყო და ჩვენამდე მოეღწია ამბავს, რომელიც შეცვლიდა ჩვენს ცხოვრებას, რომელიც გადაგვიყვანდა სიკვდილიდან სიცოცხლეში, რომელიც ბნელში მსხდომთ ნათელს გამოგვიბრწყინებდა… და დღემდე ეს არის უწყება, ახალი ამბავი, რომელიც არ ძველდება… და არ იყო სტამბა, სადაც დაიბეჭდებოდა ბიბლია; არ იყო ავიალაინერები, რომლებიც უსწრაფესად გადაიყვანდნენ მისიონერებს ერთი წერტილიდან მეორეში; არ იყო ინტერნეტი, არ იყო საინფორმაციო სააგენტოები, არ იყო ტელევიზია… და მაინც, ეს იყო ამბავი, რომელიც ვრცელდებოდა ძალიან სწრაფად!

21-ე საუკუნეში ყველა მედიასაშუალება ცდილობს მოიპოვოს საუკეთესო ახალი ამბები და არავის სჭირდება გუშინდელი ინფორმაცია. მაგრამ ქრისტიანებს გვაქვს ახალი ამბავი, რომელიც არასდროს ძველდება, რომელიც ყოველთვის აქტუალურია, რომელიც ავსებს არა ადამიანის ყურს, არამედ სულს., რომელიც იძლევა მარადიულ სიცოცხლეს!

…და დღეს ჩვენ გვაქვს ყველა საშუალება იმისათვის, რომ ვავრცელებდეთ კეთილ უწყებას, თუმცა პარადოქსია, რომ გამოღვიძება არ მოდის.

წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც „რკინის ფარდა“ ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფებდა ადამიანებს. დღეს ადგილმდებარეობის შეცვლაც კი არ გვჭირდება, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია სხვა ქალაქში, ქვეყანაში, ანდა სულაც სხვა კონტინენტზე მცხოვრებ მეგობრებს. განვითარებული ტექნოლოგიების მეშვეობით ვუკავშირდებით ახლობლებს მსოფლიოს ერთი წერტილიდან მეორეში. ყოველდღიურად ვიღებთ უამრავ ახალ ამბავს, ისე რომ გააზრებასაც ვერ ვასწრებთ. ეს ინფორმაციის მოზღვავების საუკუნეა, ინფორმაციული ომების, კიბერ თავდასხმების, ყვითელი პრესის, სკანდალების , ჭორების დრო… მაგრამ არა ღირებულის, არა ჭეშმარიტების, არა ფასეულის…

დღეს გვაქვს ყველაფერი იმისთვის, რომ მივიტანოთ სახარება ადამიანთა გულებამდე, თუმცა ბევრმა ჩვენგანმა შევწყვიტეთ მახარებლობა, დავკმაყოფილდით საკუთარი გადარჩენით. იმის მიუხედავად, რომ არ გვჭირდება ფეხით ან ეტლით მოგზაურობა, გამოვიკეტეთ სამლოცველო სახლებში, შევქმენით კონფორმული ჯგუფები ეკლესიაში, ჩავებღაუჭეთ ჩვენს მსახურებას და ვართ საქმის ერთგულები, როცა მსახურებაც, სამლოცველო სახლიც და ყველაფერი დანარჩენიც საშუალებაა იმისათვის, რომ სახარება ვუქადაგოთ ყველა ქმნილებას.

დღეს ეკლესიებს აქვთ იარაღი ცოდვასთან საბრძოლველად (ღვთის სიტყვა, ლოცვა, მარხვა), მაგრამ კედელზე ჩამოკიდებული იარაღით ვერაფერს მოინადირებ. თუ იარაღი არ აამოქმედე, ის თავისთავად არ გაისვრის.

დღეს მოქმედების დროა! სწორედ ის დროა, უთხრა შენ გვერდით მდგომს, მეზობელს, მეგობარს, კურსელს, თანამშრომელს, რომ არის გზა! ჭეშმარიტი, რომლის გავლის გარეშეც ვერავინ იხილავს ღმერთს! რომ არის სახელი და არ არსებობს სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით! რომ არის ვიღაც, ვინც გამუდმებით აკაკუნებს და ელის როდის გავუღებთ ! რომ არის ის, ვისაც ვუყვარვართ ყველაზე მეტად! რომ არის ღმერთი, რომელიც იცავს ყოველ ჩვენს ნაბიჯს!

მეგობრებო, ადვილია დააწვე ფეისბუკზე გაზიარების ღილაკს და ყოველდღიურად  გააზიარო უამრავი, არაფრისმომცემი ინფორმაცია… გაუზიარეთ ადამიანებს კეთილი უწყება, სასიხარულო ამბავი, რომელიც შეცვლის მათ ცხოვრებას!

P.S. 1974 წელს ფილიპინებში პოლიციას ჩაბარდა 52 წლის იაპონელი პორუჩიკი, რომელიც 30 წლის განმავლობაში იმალებოდა ჯუნგლებში, სადაც ის საგანგებო მისიით გადასვეს 1944 წელს და მთელი ამ ხნის განმავლობაში აგრძელებდა თავის მისიას.

ომი დიდი ხნის დამთავრებული იყო, მაგრამ იმპერატორის ერთგულმა ჯარისკაცმა ეს არ იცოდა და განაგრძობდა პოსტზე ყოფნას მიუხედავად იმ არაადამიანური პირობებისა, რომლებშიც ამ ხნის განმავლობაში უწევდა ცხოვრება.

მთელი 30 წლის განმავლობაში ომი მძვინვარებდა ამ ჯარისკაცის ილუზიებში…

დღეს მსოფლიო ილუზიებში ცხოვრობს, მათ სჭირდებათ სახარება, კეთილი  უწყება იმის შესახებ, რომ დახსნილნი არიან ცოდვის მონობის უღლისაგან!

3 თებერვალი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ახალი ბლოგები
ძველი ბლოგები
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 2

    მხსნელი უფალი

    26 თებერვალი, 2020
  • 3

    მედროვე ადამიანთა ქმედებები…

    22 მარტი, 2019
  • 4

    ნუ გეშინია უბრალოდ გწამდეს

    22 თებერვალი, 2017
  • 5

    მეორე ლოყის მიშვერის შესახებ

    2 აპრილი, 2019


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ