ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ
  • stories

  • Memories

  • About Me

ბლოგები

ხელცარიელი მსახური

გიორგი ოდიაშვილი 27 აპრილი, 2021
გიორგი ოდიაშვილი

მინდა, გიამბოთ ერთი კეთილი მწყემსის შესახებ, რომლის დაბადების დღეც ახლოვდებოდა. მისი გუნდის წევრებმა გადაწყვიტეს ერთობლივი ძალით მისი გახარება და მისთვის გრანდიოზული საჩუქრის მიძღვნა.

დამეთანხმებით, მწყემსი (ხუცესი) ყველაფერს ხედავს და ხვდება და ახლაც, კეთილი მწყემსი მიუხვდა თავის მსახურებს ჩანაფიქრს და უთხრა, ამდენი წელია, რაც ერთად ვმსახურობთ უფლის სამკალში და თქვენგან არც სიყვარული მომკლებია ოდესმე და არც საჩუქრები, წელს კი გთხოვთ და გაფრთხილებთ, რომ არავინ არაფერი მაჩუქოს, გთხოვთ, დაემორჩილეთ ჩემს სიტყვასო.

მისი დაბადების დღე რომ დადგა, მწყემსი და მსახურები სუფრასთან ისხდნენ; ერთად განვლილ დროს იხსენებდნენ; მადლობდნენ ღმერთს მისი სიკეთისა და წინამძღოლობისთვის; გალობდნენ; მხიარულობდნენ და უცბად წამოდგა ერთი მსახურთაგანი, რომელსაც ეწადა თავის გამოჩენა და განაცხადა, რომ მწყემსისთვის საჩუქარი ჰქონდა. მწყემსს არ ესიამოვნა ეს ფაქტი, მაგრამ, როგორც სჩვევოდა, სიბრაზეს მალავდა ხოლმე და საჩუქარი მიიღო.

ამ მსახურის შემდეგ სხვა მსახური წამოდგა და მანაც მიართვა საჩუქარი მწყემსს, ამის შემდეგ კიდევ ერთი წამოდგა და მიართვა საჩუქარი, და ერთმანეთის მიყოლებით დგებოდნენ მსახურები და მწყემსს საჩუქრებს უძღვნიდნენ, სიყვარულისა და მადლიერების ნიშნად, რომ ის ზრუნავდა მათ სულიერ ცხოვრებაზე.

როდესაც ერთის გარდა ყველა მსახურმა დაასაჩუქრა მწყემსი, უნებლიეთ, ყველას ყურადღება მისკენ იქნა მიმართული, აინტერესებდათ, მან რა საჩუქარი მოუტანა, ხოლო ეს მსახური თავდახრილი და გაწითლებული იჯდა, რადგან არაფერი მოეტანა მწყემსისთვის, მისი ნათქვამისამებრ…

შეატყო რა მწყემსა თავის მსახურს სირცხვილის შეგრძნება, წამოდგა, კაბინეტში გავიდა, იქიდან ბიბლიით ხელში დაბრუნდა და თქვა:

„ყველას მადლობას მოგახსენებთ თითოეული საჩუქრისთვის, სიყვარულისა და პატივისცემისთვის, მაგრამ ყველაზე დიდი მადლიერება შენ მიმართ მაქვს (დავდახრილ მსახურს მიმართა), რადგან შენ ყველაზე დიდი საჩუქარი მაჩუქე დღეს – შენი მორჩილება, და წმინდა წერილიდან წაიკითხა ადგილი:

‘განა ისევე ეამება უფალს სრულადდასაწველნი და მსხვერპლნი, როგორც უფლის ხმის მორჩილება? აჰა, მორჩილება მსხვერპლზე უკეთესია და მოსმენა – ნებისმიერ საჩუქარზე.’“

(1-ლი მეფეთა 15:22).

იყავი მომსმენი და მორჩილი შენი მწყემსისა, რომელიც თავად ღმერთმა დააყენა შენი სულის დარაჯად.

27 აპრილი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ბოლოს კი გამოიდარებს

თაკო გამგებელი 26 აპრილი, 2021
თაკო გამგებელი

სიტყვები შემომეძარცვა, როგორც ხეს ფოთლები ზამთრის პირას.

უსიტყვოდ მესმის და ვგრძნობ, რომ ახლოს ხარ.

მინდა, ხმამაღლა შევძახო შენი სახელი და ვიყიჟინო გამარჯვებით აღტყინებულმა, თუმცა დავდუმდი…

ყველას ცხოვრებაში დგება ბურუსით მოცული დღეები, კვირები, თვეები. როდესაც შენ ირგვლივ ვერ ხედავ ვერავის. სახეები, რომლებიც აქამდე ნაცნობი იყო, ახლა შენთვის უცხო და ბუნდოვანია. ხვდები, რომ შენს თავზე ერთ დროს აკაშკაშებული მზე ახლა ღრუბლებს დაუფარავს და წვიმასაც აპირებს. ფიქრობ, რომ მარტო დარჩი, ადამიანებისგან შორს.

შემდეგ იწვიმებს კიდეც. სულ მთლად დასველდები. დაეცემი. წვიმის წვეთებთან ერთად, ღაწვებს შენი დაღლილი თვალებიდან წამოსული სიმწრის ცრემლებიც დაასველებს. ბოლოს კი გამოიდარებს!

ფერადი ცისარტყელაც გამოანათებს შენს თავზე და მზეც კვლავინდებურად აკაშკაშდება. წვიმისგან დასველებულ სხეულს მზის სითბო დაეფინება, როგორც ზამთარში ქათქათა თოვლი – დედამიწას და გაგათბობს შინაგანად. თითქოს გრძნობ, რომ ეს სითბო სხეულს კი არა, გულსაც გითბობს. შენში მონატრებული სიმშვიდე ისადგურებს, გულში ღვივდება ხვალინდელი დღის იმედი. იცი, რომ იქ ხარ, სადაც უნდა იყო, და იმას ანდობ შენს სულს, ვინც გიბოძა იგი. მუხლებზე დაეცი იმის წინაშე, ვინც აუცილებლად წამოგაყენებს და კურთხევით აგავსებს.

ადამიანებისგან მიტოვებული აანალიზებ, რომ მათი თანადგომა არაფერია, ღმერთის თანადგომასთან შედარებით.

შენ ის იხილე ბურუსში, და მან მოგცა ძალა წამოდგომის! გახსოვდეს, ის აქ არის, ჩვენ შორის.

როცა ვიხილე იგი, მკვდარივით დავეცი მის ფერხთით. მან თავისი მარჯვენა დამადო და მითხრა: „ნუ გეშინია, მე ვარ პირველი და უკანასაკნელი.

გამოცხადება 1:17
26 აპრილი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

სამყარო შენით იწყება

თამუნა შაქარაშვილი 23 აპრილი, 2021
თამუნა შაქარაშვილი

ერთი წინადადებით რომ შეგეძლოთ მადლიერების გამოხატვა სამყაროს წინაშე, რას დაწერდითო, მკითხეს.

იმას, რასაც ვფიქრობდი და ვგრძნობდი, როგორ ჩავტევდი ერთ წინადადებაში, არ ვიცოდი.

ეს მართლაც წინადადებაზე დიდი იყო, ეს მსჯელობა და ფიქრი გახლდათ საკუთარ თავთან.

ჩემთვის ეს სამყარო სწორედ ისეთი აღმოჩნდა, რომ მე შემძლებოდა, მეპოვა ჩემი თავი; დამენახა, როგორი ვარ რეალურად, რა შემიძლია, რა დროს რას გავაკეთებ და ზოგადად, რის გაკეთება შემიძლია ამა თუ იმ სიტუაციაში.

ამ სამყაროში მე შემეძლო მტკენოდა, მეტირა, მეყვირა, მეცინა, მეგრძნო, მეფიქრა, მებრძოლა, გამემარჯვებინა, მეზეიმა! – ამ და სხვა ბევრ რამეში მე ამ სამყაროში დავინახე ჩემი ძლიერი და დადებითი, და ასევე, სუსტი და მანკიერი მხარეები.

პირველი ადამიანები დიდებულ ადგილზე იმყოფებოდნენ, დიდებულ ღმერთთან, სადაც ვერ დაინახეს საკუთარი თავი, ვერ იკმარეს ის დიდებულება, ის სივრცე, ის სამყარო…

ყოველთვის ვგრძნობ, რომ აქაურობა ჩემთვის თითქოს არ არის ის კომფორტის ზონა, თუმცა მე აქ ვიპოვე ღმერთი; სწორედ აქ შევიყვარე ის; სწორედ ეს იყო ის ადგილი, სადაც ავირჩიე იგი!  

სწორედ აქ გავიცანი და შევიყვარე საკუთარი თავი; აქ მივიღე ჩემი „მე“; აქ გავაანალიზე, რომ მჭირდებოდა – მიმეღო უფალი ჩემს პირად მხსნელად; აქ მოვიდა ქრისტე ჩემს გადასარჩენად; სწორედ აქ დაიღვარა სისხლი ჩემი ცოდვებისთვის და მეც სწორედ აქ გამიჩნდა სურვილი ღმერთის განდიდების. სწორედ ამიტომ ვცდილობ, საკუთარი თავი გავხადო ისეთი, რომ დავბრუნდე იქ, სადაც უნდა ვიყო…

სწორედ ამიტომ, მადლობა ამ სამყაროს, რადგან ის არის ჩემთვის, როგორც ღმერთისგან ბოძებული შესაძლებლობა, რათა საკუთარი ნებით ავირჩიო, რა მინდა, ვის მინდა გავყვე, როგორი მინდა ვიყო, ვის ვემსახურო, ამიტომ მადლობა ამ ყველაფრისთვის.

ვფიქრობ, ეს სამყარო, რაც არ უნდა ცუდი იყოს, ჩემს შემთხვევაში, მაინც დიდებულია თავის თავში და სწორედ ამ სამყაროში დევს გარკვეული სიბრძნეც და სიღრმეც.

ის თავის მისიას ასრულებს, ჩვენ კი ყოველდღიურ არჩევანს ვაკეთებთ.

P.S. გამარჯობა, სამყაროვ! ვაპირებ, საკუთარი თავით გაგალამაზო.  ^_^ (მულტფილმიდან „დაფი დაკი“).

რამდენად ლამაზიც ვიქნებით მე და შენ (არა ხორციელად, არამედ სულიერად), იმდენადვე გალამაზდება სამყაროც, რადგან ჩვენ ვიქნებით ნათელი ამ სამყაროში.

კოლ. 3:4-5: „როდესაც გამოჩნდება ქრისტე, თქვენი სიცოცხლე, მასთან ერთად თქვენც გამოჩნდებით დიდებით. მაშ, მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასოები: სიძვა, უწმინდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რაც კერპთმსახურებაა.“

ეს ჩვენი ბრძოლაა, ეს ჩვენი არჩევანი და გადაწყვეტილებაა!

კოლ. 3:12-14: „ამიტომ, როგორც ღვთის რჩეულებმა, წმინდებმა და საყვარლებმა, შეიმოსეთ მოწყალება, სახიერება, თავმდაბლობა, სიმშვიდე, სულგრძელობა. შეიწყნარეთ ერთიმეორე და მიუტევეთ ერთმანეთს. და ყოველივე ამას დაურთეთ სიყვარული, რომელიც ყველაფერს აკავშირებს და სრულყოფს.“ 

მიყვარხართ!..

23 აპრილი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

უფალი გჩუქნის მომავალს

რუსუდან ილურიძე 21 აპრილი, 2021
რუსუდან ილურიძე

დილით, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე ავდექი, ნაჩქარევად მოვემზადე, მოსასხამი მოვიცვი და სწრაფი ნაბიჯით ტაძრისკენ გავემართე, რადგან ვიცი, დღეს იესო იქ აპირებს მოსვლას და ქადაგებას. საოცარი პიროვნებაა, მისი საუბრის მოსმენისას გულში მშვიდობა მეღვრება. გულით მწამს, რომ ღვთის ძეა, როგორც თავად ამოწმებს ამას საკუთარ თავზე. ჰორიზონტს მიღმა მზის სხივები ამობრწყინდა, მათი სინათლე ბუმბერაზ მთებს ზოლად გასდევს, თუმცა თავად მზე ჯერ კიდევ არ ჩანს. ტაძარს მივუახლოვდი, ხალხი შეკრებილიყო, ისინიც იესოს ელოდნენ, ხალხის ჯგუფისგან განცალკევებით დავდექი, ამ მომენტში იესომ შემოაბიჯა ტაძრის ეზოში, დაჯდა და სწავლება დაიწყო. უცებ შორიდან ლანძღვის ხმა მომესმა. ყველას ყურადღება ამან მიიპყრო, ხმაური უფრო და უფრო ძლიერდებოდა მანამ, სანამ ტაძრის ეზოში ხალხის ჯგუფმა არ შემოაბიჯა. მათი ტანსაცმლის შემხედველი მაშინვე მივხვდი მათ ვინაობას, ესენი იუდეველი მღვდლები, უხუცესები არიან. ვერ ვხვდები, რა ხდება, მათი მზერა იესოსკენ არის მიპყრობილი… უცებ მღვდელთა ჯგუფი განზე გადგა და მათ შორის მდგომ ქალს ვხედავ, რომელსაც ტანსაცმელი დახეული და თითქმის შემოძარცვული აქვს. შერჩენილი ტანისამოსით სიშიშვლის დაფარვას ცდილობს. ხალხს შორის დააყენეს… ახლა ყველაფერი გასაგებია, მეძავია, რომელიც მრუშობისას გამოიჭირეს და აქ მოიყვანეს, რათა იესო გამოცადონ… ჩემს ნააზრევს ერთ-ერთი მღვდლის ნათქვამი ამტკიცებს: „მოძღვარო, ეს ქალი მრუშობაზეა წასწრებული; მოსემ კი ასეთების ჩაქოლვა მცნებად დაგვიდო რჯულში. შენ რას იტყვი?“ ხალხის და მათ შორის ჩემი მთელი ყურადღება იესოსკენაა მიპყრობილი, რა პასუხს გასცემს მათ? ნუთუ მისცემს ამ ქალის ჩაქოლვის უფლებას?..

იესომ პასუხი არ გასცა დასმულ კითხვას, დაიხარა და მიწაზე რაღაცის წერა დაიწყო, ზედმეტად შორს ვდგავარ და ვერ ვხედავ, რას წერს, მიახლოებას ვერ ვბედავ, ყველა გაშეშებული და უაღრესად დაინტერესებული შესცქერის მიმდინარე მოვლენებს, ქალი ხალხს შორის თავჩაქინდრული დგას… მღვდლებს მოთმინების ფიალა აევსოთ და დაჟინებით მოითხოვეს პასუხის გაცემა. იესო წამოიმართა, მათ მიუბრუნდა და უთხრა: „ვინც უცოდველია თქვენ შორის, პირველმა მან ესროლოს ქვა!“, შემდეგ მშვიდად დაიხარა და მიწაზე წერა განაგრძო. უხუცესთა სახეზე ჯერ გაოგნება შევნიშნე, რაც იმედგაცრუებამ ჩაანაცვლა, გაბრუნდნენ და სათითაოდ გაიკრიფნენ ეზოდან სინდისმხილებულნი. ქალი ჯერ კიდევ არ განძრეულა, ნეტავ რას ელის? ისევ წამოდგა იესო და ქალს მიუბრუნდა: „დედაკაცო, სად არიან შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი?“

„არავინ,უფალო!“ – უპასუხა ქალმა.

„არც მე გდებ მსჯავრს. წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ.“ – უთხრა იესომ.

მოსასხამი გავიძრე, ქალთან მივედი და მხრებზე მოვახვიე, მადლობის მზერა მესროლა და ეზოდან გაბრწყინებული სახით გავიდა. იესოს შევხედე, მისი თვალები წამიერად ჩემსას შეხვდა, შემდეგ ხალხს მიუბრუნდა. მე წამოვედი, თუმცა მისი ნათქვამი სიტყვები მაინც მოსწვდა ჩემს სმენას: „მე ვარ სინათლე ქვეყნისა, ვინც მე მომყვება, ბნელში აღარ ივლის, არამედ სიცოცხლის სინათლე ექნება.“

სახლისკენ მივდივარ და ვცდილობ გავაანალიზო ის, რისი მომსწრეც ახლა გავხდი.

მზე საბოლოოდ ამოიმართა ცაზე და სიბნელის ყოველი ჩრდილი განდევნა. ასევე მოხდა იმ ქალის ცხოვრებაშიც, როდესაც იესოს შეხვდა, უფალმა გაანათა თავისი სინათლით მისი ცხოვრება და ბოროტების ყოველი ჩრდილი მასში გააქრო.

ახლა ის სულ სხვა პიროვნებაა, ახალი ადამიანია, თითქოს თავიდან დაბადებული. იესომ რამდენიმე სიტყვით მისი ბინძური წარსული წაშალა და ნათელი, სუფთა აწმყო და მომავალი აჩუქა…

მხოლოდ იესოს ჰქონდა უფლება, ესროლა მისთვის ქვა და მან ეს არ გააკეთა!

მხოლოდ იესოს ჰქონდა უფლება, მისთვის მსჯავრი დაედო და მან ეს არ გააკეთა!

იესომ ამ ქალს აპატია, განწმინდა და დაანახვა, რომ წარსული არ განსაზღვრავს მის მომავალს!

არ არის საჭირო, შენი წარსული შენს მომავლად აქციო!

ქალისთვის ახალი ცხოვრება დაიწყო!

ყოველივე ამაზე ფიქრში გართულმა სახლამდე მოვაღწიე. საოცარი დღეა! დღეს იესო უფრო ახლოს გავიცანი. მოსიყვარულე, თანამგრძნობი, მოწყალე, მკურნალი და დიდებული პიროვნებაა! ის უფალია და მტკიცე გადაწყვეტილება მივიღე – მას გავყვე, მისი სინათლე მინდა ჩემში იყოს, სიცოცხლის სინათლე, მხოლოდ მას რომ შეუძლია მოცემა!

21 აპრილი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

პატიების ძალა

მიმი ტიელიძე 21 აპრილი, 2021
მიმი ტიელიძე

დილა გათენდა, მაგრამ ისევ უგემურად. უგემურად იმიტომ, რომ ბოლო რამდენიმე თვე საშინელი შეგრძნებით ვიღვიძებდი და ვაღამებდი. უპატიებლობა მტანჯავდა. ერთმა მეგობარმა იმდენად მატკინა გული, რომ ვერ ვპატიობდი, და ეს უპატიებლობა მე თვითონ მანადგურებდა, თუმცა არ ვიცოდი, როგორ მეშველა ჩემი თავისთვის.

დილა გათენდა და მე ისევ ვიგრძენი, თუ როგორ მსურდა შურისძიება და დასჯა იმ მეგობრისა, რომელიც მტერივით მომექცა. შემდეგ საქმეებს შევყევი და გარკვეული დროის შემდეგ ერთმა მეგობარმა დამირეკა. მოვიკითხეთ ერთმანეთი, ათასი საკითხი განვიხილეთ და არ ვიცი როგორ, მაგრამ პატიების თემასაც შევეხეთ. ვეღარ მოვითმინე და მასთან გადმოვღვარე ჩემი გრძნობები.

– იცი, დავით, ვიტანჯები. მინდა ვაპატიო, მაგრამ ვერ ვპატიობ.

– ჩემო კარგო, უფალს უნდა სთხოვო დახმარება, რადგან ჩვენი ძალებით არ შეგვიძლია პატიება. უფალი მოგცემს საჭირო ძალას, რათა იმ ადამიანს აპატიო, ვინც გული გატკინა.

– კი, ვთხოვ უფალს დახმარებას, მაგრამ მაინც არაფერი ხდება, დავით.

– მთელი გულით გინდა აპატიო? – ამ კითხვას არ მოველოდი და შევცბუნდი.

– კი, მინდა… – ძალდატანებით ვთქვი, თუმცა თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი.

– მგონი, არ ხარ დარწმუნებული.

– როგორ არა, დავით, ნამდვილად მინდა ვაპატიო. – მივხვდი, რომ ვცრუობდი.

– აბა, მაშინ გააგრძელე მთელი სულით და გულით ლოცვა. გულწრფელობაა უფალთან საჭირო, უთხარი მას, თუ როგორ გტკივა გული, ის მოგიშუშებს ამ სულიერ ჭრილობას და განგკურნავს.

მე გავჩუმდი. ავღელდი. ტირილი მინდოდა…

– აქ ხარ? – მკითხა დავითმა, როდესაც რამდენიმე წამი ხმა აღარ ამოვიღე.

– კი, – ძლივს ამოვილუღლუღე. ისევ უხერხული დუმილი ჩამოწვა. მივხვდი, რომ დავითი ჩემგან რაღაცის თქმას ელოდებოდა. გავტყდი და სიმართლე ვაღიარე.

– დავით, მე მოვიტყუე. არ მინდა, იმ ადამიანს ვაპატიო! არ მინდა! მინდა, დაისაჯოს! ოხ, როგორ სასტიკად მინდა დაისაჯოს, უნდა მიეზღოს იმის წილ, რაც მე გამიკეთა. შურისძიება მწყურია, დავით, გესმის? მე ვტიროდი.

– ოო, ღმერთო… არ მსურს, მას ვაპატიო, მაგრამ თან ვიცი, რომ პატიება აუცილებელია, მაგრამ არ მაქვს ამის ძალა. მიშველე, ღმერთო… ახლა უკვე ღმერთს ვესაუბრებოდი. სულ დამავიწყდა, რომ სატელეფონო ზარი დავითთან მქონდა.

ღაპაღუპით ჩამომდიოდა ცრემლები.

– ტირი? – მკითხა დავითმა.

– კი.

– აი, ხომ ხედავ, შენ თვითონ აღიარე, თუ რა ყოფილა შენი პრობლემა. კარგია, რომ შენს თავს აღარ ატყუებ, ჩემო მეგობარო. უფალს ხომ ისედაც ვერ მოატყუებდი. იმან ისედაც კარგად იცის, რომ არ გსურს პატიება. ეს გიშლის ხელს გულწრფელ ლოცვაში. აი, ახლა როგორც აღიარე სიმართლე, ისე გააგრძელე ლოცვა. ყველაფერი უთხარი უფალს. ის გისმენს და ელოდება, როდის შეწყვეტ თვალთმაქცობას. მას მიენდე, ის გაგათავისუფლებს უპატიებლობისგან. მთავარია, გულწრფელად გინდოდეს და არ შეწყვიტო ლოცვა ამაზე.

თვალები შევიმშრალე. გამიხარდა, რომ ეს საუბარი შედგა. დავითს დავემშვიდობე და ამ ყველაფერზე ფიქრი დავიწყე. ვიცი, რომ ეს ზარი შემთხვევითი არ ყოფილა.

რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ისევ მორიგი დილა გათენდა, მივხვდი, რომ ეს მორიგი დილა აღარ იყო, მე გულში სიმძიმის შეგრძნება აღარ მქონდა, აღარც შურისძიების სურვილი დამრჩენოდა გულში. გავაცნობიერე, რომ უპატიებლობისგან გათავისუფლებული ვიყავი. უფალმა შემაძლებინა, რომ მეგობრისთვის მეპატიებინა.

და ისიც გავიაზრე, რამხელა ძალა ჰქონია თურმე აღიარებას, მე ხომ ვაღიარე, რომ არ მსურდა მეპატიებინა. სიმართლემ გამათავისუფლა! უფლის წინაშე გულის წრფელად გადმოღვრამ მიშველა. პატიების ძალა უფალმა იესო ქრისტემ მომცა. მე ქრისტემ გამათავისუფლა!

და თუ შენც იტანჯები უპატიებლობისგან, მოუხმე იესოს, რომელიც ჩვენი შუამდგომელია, ის დაგეხმარება ამ ტვირთის მოხსნაში. მე ეს ჩემით ვერ შევძელი, მაგრამ უფალს ყოველივე შეუძლია. ის ათავისუფლებს ყოველგვარი ბორკილისაგან! ის გვკურნავს ჩვენ სულიერად! და უპატიებლობა – ეს სულიერი სენია, რომელსაც შეუძლია ადამიანის განადგურება. მიდი იესოსთან და სთხოვე გათავისუფლება, რათა მან მოგცეს პატიების ძალა; რათა ისევ მშვიდობიანად იყო ადამიანებთან; რათა ისევ ენდო ადამიანებს და ემეგობრო მათ.

და რაც შეუძლებელი გგონიათ, ის შესაძლებელია უფლისთვის, მუდამ გახსოვდეთ.

21 აპრილი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ცხოვრება მაინც მშვენიერია

ლიკა მელანაშვილი 2 აპრილი, 2021
ლიკა მელანაშვილი

ცხოვრება თავგადასავალია. ამქვეყნად არსებობის წამიდან ვიწყებთ ბრძოლას სიცოცხლისთვის, ბრძოლას გადარჩენისთვის, შენ კი ამ თავგადასავლის მთავარი გმირი ხარ.

გვიყვარს ზღაპრები. ისინი სასიამოვნო ანარეკლია იმ ყოფისა, რომელსაც ბავშვობაში რეალობის სიცხადით ვერ აღვიქვამდით.

გვიყვარს თავგადასავლები მამაც მეომრებზე, რომელთაც გზას ბარიერები უღობავს, მაგრამ ისინი სძლევენ ყოველივეს, შემწე კი ხელს უმართავთ მაშინ, როცა ყველაზე მეტად უჭირთ.

როგორ გვახარებს ამბის მშვენიერი დასასრული, როცა ყველა ბედნიერია; როცა ბოროტს თავისი წილი მიეზღო და კეთილმა მოიპოვა ნანატრი გამარჯვება.

ზღაპარი რეალური ცხოვრების სარკე და მოკლე ჩანაწერია. სინამდვილის მხატვრულად ასახვის საუკეთესო საშუალებაა.

შენ სწორედ ზღაპრულ თავგადასავალში ხარ, სადაც უამრავი ტკივილი და განსაცდელია, მაგრამ შენი შემწე მუდამ შენთანაა.

უფალი იქნება ჩაგრულის შემწე და დასაყრდენი გაჭირვების ჟამს.

ფსალ. 9:9

ალბათ, ერთხელ მაინც გიკითხავს საკუთარი თავისთვის, თუ რატომ ხარ ის, ვინც ხარ, რა არის შენი არსებობის მიზანი.

სამწუხაროდ, ხშირად მომისმენია ფრაზა: „ნეტავ არ ვარსებობდე.“

შენი არსებობა მნიშვნელოვანია!

შენ მნიშვნელოვანი ხარ!

ჩვენ, ყველა ინდივიდუალურები და განსაკუთრებულები ვართ ჩვენივე ნიჭითა და უნარებით, ხასიათით და თვისებებით. შენ რომ კარგად მღერი, სხვა რომ კარგად წერს და კიდევ სხვა რომ არაჩვეულებრივი მკერავი ან კულინარია, ეს მშვენიერია!

რაიმე სახის მოწყობილობა მხოლოდ ერთი კი არა, უამრავი ნაწილისგან შედგება და თითოეული ნაწილი მნიშვნელოვანია.

ვინაიდან ჩვენ ერთ სხეულში მრავალი ასო გვაქვს, მაგრამ ყველა ასოს როდი აქვს ერთი და იგივე საქმე. ასევე ჩვენ, მრავალნი ერთ სხეულად ვართ ქრისტეში, ხოლო ერთიმეორისათვის – ასონი.

რომ. 12:4-5

შეიძლება მოგეჩვენოს, რომ ნაკლებად მნიშვნელოვანი ხარ, არასაკმარისად ლამაზი, არასაკმარისად ნიჭიერი, არასაკმარისად „სუფთა“, რომ ვიღაცას უყვარდე, ღმერთს უყვარდე. როდესაც ეს უიმედო ფიქრები ხელს ჩაგაქნევინებს, გაიხსენე ის, თუ როგორ ამუშავებენ ოქროს.

შენ უამრავი გზა უნდა გაიარო, რომ გამოიწვრთნა, გალამაზდე და გასუფთავდე. (თუმცა მანამდეც უყვარხარ ღმერთს).

ამაშია სიყვარული, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების მოსატევებლად.

1-ლი იოანე 4:10

ვერასდროს ვიტანდი უსამართლობას, მაგრამ ბავშვობიდან მჯერა იმის, რომ ყველაფერს თავისი მიზეზი და ახსნა აქვს. თავგადასავალში, რომელსაც ჩვენ ცხოვრებას ვუწოდებთ, უამრავ უსამართლობასთან გვიწევს ბრძოლა და მაინც როგორ ვამბობთ, რომ ცხოვრება მშვენიერია? აქ ხომ ამდენი განსაცდელია, აქ ხომ ამდენი ტკივილი და ცრემლია, აბა, როგორღაა ცხოვრება მშვენიერი?

ყოველი ახალი დილის გათენება სასწაულია, მაგრამ ყველაფერს თვალი გვაქვს შეჩვეული და ვეღარ შევიგრძნობთ ამას.

ყოველი დღე ახალი შანსია, რომ იყო უკეთესი, რომ უარი თქვა სისუსტეზე და ეძებო შენი ამქვეყნად არსებობის მიზანი და მისია.

წარმოიდგინე, რომ ფრინველი ხარ, რომელიც ფრთის მოტეხის გამო თბილი ქვეყნებისკენ მიმავალ გუნდს ჩამორჩა. როგორ მოიქცევი ამ დროს? ფრთამოტეხილი იჯდები და დაელოდები, როდის დალევ სულს?

შენი შემწე უფალი იქნება, ის მობრუნდება შენკენ და ხელს გამოგიწვდის, შენ კი უნდა წამოდგე და ფრენა განაგრძო.

რა გგონიათ თქვენ, კაცს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთ მათგანს გზა აებნეს, განა მთებში არ მიატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს და არ წავა გზააბნეულის მოსაძებნად?

მათე 18:12

ცხოვრებას თავისი ტემპი აქვს და შენ ამ ტემპს ფეხი უნდა აუწყო.

ყველაფერს თავისი დრო აქვს. ფინიშის ხაზს რომ მიაღწიო, ამისათვის ჯერ უნდა დაიწყო… მწვერვალამდე დაბლიდან აუსვლელად ვერავინ აღწევს. ჩათვალე, რომ ეს შენი ფინიშია. იბადები, გტკივა, ეცემი, დგები და იმარჯვებ, როგორც ბავშვი, სიარულს რომ სწავლობს. თუ შეეშინდა, დიდი დრო სჭირდება იმისთვის, რომ კიდევ გადადგას ნაბიჯები.

ნუ შეგეშინდება დაცემის. ხელი რწმენით გაიწოდე უფლისკენ, რომ წამოდგე და გზა განაგრძო, შენი გზა, რომელსაც შენ გარდა ვერავინ გაივლის.

უფლის მიერ წარიმართება კაცის ნაბიჯები და გაამყარებს მას, ვის გზასაც შეიყვარებს. კიდეც რომ წაბორძიკდეს, არ დაეცემა, რადგან უფალს მტკიცედ უჭირავს მისი ხელი.

ფსალ. 36:23-24

შვიდჯერაც რომ დაეცეს მართალი, მაინც ადგება.

იგავ. 24:16

ამ უდიდეს თავგადასავალში, რომელსაც ჩვენ ცხოვრებას ვუწოდებთ, ყველას თავისი მისია აქვს. ამქვეყნად ყველას არსებობას რაღაც მიზანი აქვს, ვფიქრობ, რომ ბალახიც კი არ არის თავისი დანიშნულების გარეშე.

შენ უნდა შეძლო და იყო მთავარი გმირი, რომელიც ბარიერებსა და სირთულეებს თვალს უსწორებს, არ ნებდება და იმარჯვებს მათზე. იმარჯვებს მრავალ განსაცდელსა და ტკივილზე, სისუტესა და უიმედობაზე და ქმნის საკუთარ ისტორიას.

და, რაც მთავარია:

შენ მნიშვნელოვანი ხარ!

შენი შემწე ყოვლისშემძლე უფალია!

ამიტომ, ცხოვრება მაინც მშვენიერია, რადგან გეძლევა უამრავი შანსი, რომ გაიმარჯვო!

2 აპრილი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

აქციეთ რწმენა თქვენს გაზაფხულად

თაკო გამგებელი 19 მარტი, 2021
თაკო გამგებელი

ცხოვრებისგან ნაღალატები და დაცემული ფიქრობ, რომ მარტო დარჩი?

თითქოს ცდილობ, შენში არსებული ძალების უკანასკნელი მარაგი ოფლივით გამოწურო სხეულიდან და კვლავინდებურად გაიმართო წელში.

ცდილობ, თუმცა ამაოდ.

სწორედ რომ ამაოებაა ადამიანური, მიწიური ძალებით ბრძოლა ქვეყნიერებასთან, მაშინ, როდესაც შეიძლება, უბრალოდ ღრმად ჩავისუნთქოთ და მას მოვუხმოთ!

შესძახე ხმამაღლა!

ემანუელ!

იგრძნობ, როგორ მოდის შვება და როგორ დუნდება ჩვენი დაღლილი სხეული.

ღმერთი ჩვენთანაა!

ეს მხოლოდ სიტყვები როდია. აქციე ის შენს გამარჯვებად, შენს მამოძრავებელ ძალად.

ადვილი არაა, უბრალოდ განუდგე სადარდებელს. ის უნდა მიანდო მას, ვინც იმედს არასდროს გაგიცრუებს და არ გიღალატებს.

თქვენი ყველა საზრუნავი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე.

1-ლი პეტრეს 5:7

გაზაფხულია და კვლავაც წვიმს…

აქციე რწმენა შენს გაზაფხულად.

ჯერ კიდევ ცივია გარემო…

აქციე უფლის სახელი შენს სითბოდ.

ისევ დაღამდა და სიბნელე გაბატონდა…

აქციე უფლის სიტყვა შენს მზიან ღამედ.

ნაცნობი ფრაზები და სიტყვები…

ღმერთი ჩვენთანაა!

ალბათ ფიქრობ, რომ ეს უკვე იცი.

მაგრამ მხოლოდ ცოდნა არ კმარა, იგრძენი მისი არსებობა.

ჩვენი ღმერთი გამამხნევებელი სიტყვებით არ შემოიფარგლება და შუა გზაზე არ გვტოვებს.

ის არა მხოლოდ ზრუნავს, არამედ მოქმედებს კიდეც!..

19 მარტი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

გოლიათის პირისპირ

რუსუდან ილურიძე 18 მარტი, 2021
რუსუდან ილურიძე

ხანდახან ღმერთი არ ცვლის შენს სიტუაციას, ვინაიდან შენს შეცვლას ცდილობს. მას სურს, თავისი თავი გაგაცნოს, რომ მის მიმართ შენი რწმენა, იმედი და ნდობა განგიმტკიცოს.

• ამიტომაც, იგი „მეწამული ზღვის“ წინაშე დაგაყენებს, რათა გასწავლოს, რომ მას ძალუძს ამ ზღვის გაპობა (გამოსვლის მე-14 თავი).

• იგი დაგაყენებს მთის წინაშე, რათა გასწავლოს, რომ რწმენა მართლაც გადააადგილებს მთებს (მათეს სახარება 17:20).

• იგი დაგაყენებს გოლიათის წინაშე, რათა გასწავლოს, რომ მისი შეწევნით გიგანტებს გაანადგურებ (1-ლი მეფეთა მე-17 თავი).

• იგი მოგათავსებს ცეცხლის ღუმელში, რათა გასწავლოს, რომ იქაც შენ გვერდით იქნება და შენი ისე გამოხსნა შეუძლია, რომ ცეცხლი ვერ მოგეკარება (დანიელის მე-8 თავი).

ხშირად ისეთ სიტუაციებში აღმოჩნდები, სადაც გამოსავალს ვეღარ დაინახავ, მაგრამ გახსოვდეს, შენი უფალი ისეთ სიტუაციაში არ შეგიძღვება, სადაც მისი მადლი ვერ გაგამაგრებს!

თუ მოგიხმო, აღგჭურვა კიდეც!

18 მარტი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ენდე ღმერთს

ნიკა ჯიაძე 11 მარტი, 2021
ნიკა ჯიაძე

❓ რამდენჯერ შემოგივლია იერიქონის კედლების გარშემო – დაინგრეოდა კი ისინი?

❓ რამდენჯერ ყოფილხარ იმ მზვერავთა რიგებში ქალაქის დასაპყრობად – გაიმარჯვებდი კი?

❓ რამდენჯერ მისულხარ გადაულახავი ზღვის წინ – განაგრძობ კი გზას?

❓ რამდენჯერ გიხეტიალია უდაბნოში, გზა რომ არ ჩანდა – გაქვს კი მომავალი?

❓ რამდენჯერ ლომების პირისპირ აღმოჩენილხარ – გადარჩები კი?

❓ რამდენჯერ ყოფილხარ იმ ნავში, სიკვდილთან ძალიან ახლოს – განაგრძობ კი სიცოცხლეს?

❓ ან იმ ქუჩაზე რამდენჯერ მდგარხარ, სადაც უფალი ხშირად ჩამოივლიდა ხოლმე – გაჰყვები კი ისევ?

❓ რა უნდა ქნა ამ დროს, როცა გიჭირს და ეჭვობ?

✅ რაც არ უნდა მოხდეს, შენ უნდა ენდო!

✅ უნდა ენდო ღმერთს, რომ დაინგრეს კედლები და გააღწიო გარეთ, თავისუფლებაში!

✅ უნდა ენდო ღმერთს, გაბედო და მიაღწიო სიმაღლეებს!

✅ უნდა ენდო ღმერთს, რომ გაიყოს ზღვა და გამოჩნდეს შენი მომავალი!

✅ უნდა ენდო ღმერთს, რომ უდაბნოს დააღწიო თავი და გამოხვიდე!

✅ უნდა ენდო, რომ დაამარცხო მრავალი განსაცდელი და გააოცო ადამიანები შენი ცხოვრებით!

✅ უნდა ენდო, რომ შენი აღსასრული კი არა, შენი მიზანდასახული ცხოვრება დაიწყოს!

✅ უნდა ენდო, რომ ხელახლა გაჰყვე მას და დაასრულო ის, რისთვისაც დაიბადე!

✅ მიენდე, ირწმუნე და იხილავ სასწაულს!

11 მარტი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ახალი ბლოგები
ძველი ბლოგები
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 2

    მხსნელი უფალი

    26 თებერვალი, 2020
  • 3

    მედროვე ადამიანთა ქმედებები…

    22 მარტი, 2019
  • 4

    ნუ გეშინია უბრალოდ გწამდეს

    22 თებერვალი, 2017
  • 5

    მეორე ლოყის მიშვერის შესახებ

    2 აპრილი, 2019


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ