ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ
  • stories

  • Memories

  • About Me

ბლოგები

დაღლილი თვალები კვლავ იხილავს ჰორიზონტიდან ამომავალ მზეს

თაკო გამგებელი 17 მაისი, 2021
თაკო გამგებელი

ძალა მეცლებოდა.

გულში, სადაცაა ცეცხლიც ჩაქრებოდა. რწმენით მიღებულ ფრთებს ვეღარ ვშლიდი და უკვე ღამდებოდა.

სულიც ჩაკეტილა, თავისუფლება დაუკარგავს. გონებაშიც სიბნელე ბატონობდა.

კუთხეში მივიმალე, თითქოს საკუთარ ფიქრებში თავად დავიკარგე.

ვხედავდი, უკვე ღამდებოდა და ეშმაკიც ბობოქრობდა.

– მამა, მეშინია…

ნუ დამტოვებ ასე ეულად ამ სიბნელეში, რომელიც მალე შთანთქავს ჩემში დარჩენილ უკანასკელ სინათლეს.

ვგრძნობ, რომ ჩემს გულში ხარ.

ვგრძნობ, რომ რწმენის ცეცხლს კვლავ აღვივებ.

ნუთუ, დაკარგულ ცხვარს ასე მიატოვებ?

კითხვას პასუხი უმალ მოჰყვა.

– მე ვარ მწყემსი კეთილი. მწყემსი კეთილი თავის სულს გაწირავს ცხვართათვის. (იოანე 10:11).

სიცარიელეს სიმშვიდე ავსებდა და ჩამქრალი ცეცხლის ფერფლიდან კვლავ იმედი ღვივდებოდა.

ის, ვინც სულს სწირავს ცხვართათვის, იმსახურებს ცხვართა რწმენსა და სიყვარულს, ისეთივე უპირობოს, როგორიც თავად უფალს აქვს ადამიანთა მოდგმის მიმართ.

ზეციურ სიყვარულში სულმა კვლავ პოვა თავისუფლება და სხეულს უბოძა წამოდგომის ძალა.

ღამდებოდა…

თუმცა გულში უკვე არსებობდა იმედი, რომ დაღლილი თვალები კვლავ იხილავდა ჰორიზონტიდან ამომავალ მზეს.

17 მაისი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ოსტატი

მარიამ ბაიდაშვილი 7 მაისი, 2021
მარიამ ბაიდაშვილი

ფუნჯი ავიღე ხელში, ტილოს მოვუსვი, ფერები ერთმანეთს შეერწყა, იცლება ემოცია, ყველა დეტალში მე ვარ, ყველა ნაწილში ჩემი სულია დაღვრილი, გრძნობა, ემოცია, განცდები, ჩემი შინაგანი სამყაროდან გადმოტანილი შეგრძნებები, ფერები, სხივები… ეს ნახატი მე ვარ, ჩემი ხატებაა, ჩემი სული ჩავბერე, ცოცხლობს, შედევრია, ყველა მისი ნაწილი შევიყვარე, უსასრულოდ, საუკუნოდ…

გამთენიისას, როცა მზე ცას ეკიდება, გავწევ ფარდებს და ჩემს ნახატს ვუმზერ, მეტყველია, ცოცხალია, დამტვერილ კუთხეებს ვწმენდ და ირეკლება მასში ჩემი სახე.

დაბადება

უდაბურსა და ბნელ ადგილას, სადაც მხოლოდ ქაოსისა და არეულობის ხმა ისმოდა, ერთმა მხატვარმა ფუნჯი აიღო და სინათლე მოჰფინა პატარა გალაქტიკაში მივიწყებულ პლანეტას. ფუნჯი მოუსვა და ცას ფერი მიანიჭა, მისცა საფრენად ფრინველებს უშველებელი ცისფერი სივრცე, მიწა კი ბუმბერაზ ხეებსა და მინდვრის ყვავილებს უსახსოვრა.

– სიტყვამ ხორცი შეისხა, ოსტატო.

– მაგრამ რაღაც აკლია.

და ოსტატმა დაიწყო ძერწვა, ყველაზე ლამაზი ფერები დაღვარა ტილოზე, საუცხოო ძაფებით ქარგავდა, ოსტატს სახე გაბადვროდა, თითქოს თავისი ქმნილება სიცოცხლეზე მეტად შეიყვარა, შთაბერა სული და გამოსახა ადამიანი.

– ეს საუკეთესო ქმნილებაა მთელ სამყაროში. – ჩაილაპარაკა ოსტატმა და დასასვენებლად გაეშურა.

ეს ადამიანი შენ ხარ, მე ვარ, ოსტატისგან გამოძერწილი.

იმ პლანეტაზე ხარ, რომელიც მას ხელისგულებში ჰყავს მოქცეული და ყოველ დილას მტვერს სწმენდს, ქარიან ამინდში გულში ჩაიხუტებს და თავის შიგნით დამალავს, რათა არ დაიმსხვრეს.

შენ ოსტატის საუკეთესო ქმნილება ხარ, შენთვის გააფერადა წყვდიადი და გაანათა ზეცა. სიცოცხლეს დათმობს შენი გულისთვის, ყველა ფერი, რაც დედამიწაზეა, შენია, ოსტატის მარადიული სიყვარული შენია, შენ გეკუთვნის. არ დაგავიწყდეს, ნახატი მაშინ არის მიმზიდველი და უნიკალური, როცა მტვრისგან გაწმენდილია, როცა ოსტატის სახეა მასში არეკლილი და როცა ფერები მკაფიოდ ჩანს.

ოსტატი ღმერთია, შენ – მისი უნიკალური შედევრი.

მხატვარმა იცის, რომელი ფერი სჭირდება ნახატს, იმისათვის, რომ იკაშკაშოს, იმისათვის, რომ სრულყოფილი გახდეს. როცა შენი ფერები გახუნებას დაიწყებს და ფერს დაკარგავ, იცი, ვის უნდა მიეახლო, იმისათვის, რომ განახლდე და იკაშკაშო ისე, როგორც არასდროს.

7 მაისი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

როგორ შემიყვარე ასე?!

ლიკა მელანაშვილი 2 მაისი, 2021
ლიკა მელანაშვილი

შენს ნალურსმევზე მიდევს ხელი, ღმერთო, და ჩემგან მოყენებულ შენს ჭრილობებს ვეფერები…

ძალიან გტკივა?

გულუბრყვილოდ მჯერა შენი ყოველი ჯვარცმის წინ, რომ არ უარგყოფს პეტრე და არ გაგყიდის იუდა. მჯერა, რომ ბარაბა თავისი ნებით შენ მაგივრად ავა ჯვარზე.

უფალო, ნეტავ როგორ გაათენე ის ღამე, მძინარე მეგობრებს რომ უყურებდი და მამას სთხოვდი შველას?

ნეტავ თუ ახსოვს დოლოროსას შენი ფეხის ხმა?

შენი მხრებით ნაზიდ ჩემს ჯვარს სისხლის ნაკვალევს ვწმენდ, უფალო.

ძალიან მძიმე იყო?

რას გრძნობდი, როცა სახეში გაფურთხებდნენ?

როცა დაგცინოდნენ?

როგორი ხმა ჰქონდა ქვაფენილზე გაბნეულ ოცდაათ ვერცხლს?

ახსოვს გოლგოთას ავაზაკებს შორის უდანაშაულოს დაღვრილი სისხლი?

უფალო, საკუთარივით მტკივა შენი ობლობა, მამისგან მიტოვებულად რომ იგრძენი თავი.

სადღაც, ქვემოდან უყურებდა დედაშენი, როგორ ეწამე, სადღაც ვიღაცას დაენანე, ვერ გაგიმეტა, ბრბო კი ყიჟინით ზეიმობდა თავის სიბრმავეს.

უფალო, მძიმეა ჯვარი? მე მინდა შეგაშველო ჩემი ხელები, წყალი გწყურია? მე მოგიტან ყველაზე სუფთას, შენთვის საკადრისს. ჯვრიდან ჩამოგხსნი, ფეხებს დაგბან და თმით შეგიშრობ, ნალურსმევის ნახვა არ დამჭირდება შენი აღდგომის დასამტკიცებლად.

აი, ამგვარი ფიქრებით მაქვს სავსე გონება.

ვერ გაუძლო საკუთარ სიმცირეს თურმე იუდამ და გაახსენდა თურმე პეტრეს შენი ნათქვამი…

ატირდა.

როგორ აიტანე ჩემთვის გამზადებული დამცირება ასე მდუმარედ, ასე უხმოდ, ასე უსიტყვოდ?

როგორ შემიყვარე ასე?

რა იყო შენი დანაშაული? რომ ვერაფერი მოგიგონეს, ცოდვილების სიყვარულის გამო დაგდეს ბრალი და შაბათ დღეს სნეულების განკურნება არ გაპატიეს.

საკუთარი ბაგით გაღიარეს და ვერ გიწამეს. ვერ გიწამეს ღვთის ძედ, ღვთის შვილად, მხსნელად.

უფალო, შენი სიკვდილით დაამარცხე თავად სიკვდილი.

ჰო, უფალო, გულუბრყვილოდ მჯერა შენი ყოველი ჯვარცმის წინ, რომ არ უარგყოფს პეტრე და არ გაგყიდის იუდა. მჯერა, რომ ბარაბა თავისი ნებით შენ მაგივრად ავა ჯვარზე, მაგრამ რომ არა შენ, ვინ იხსნიდა მას?!

უფალო, ნალურსმევ ხელზე თავს გადებ და ვტირი… ძალიან გტკივა?

ჩემი ყველა სისუსტე დაიტია შენმა მხრებმა, ჩემი ყველა დანაშაული დაიდგი ეკლის გვირგვინად…

როგორ შემიყვარე ასე?

შენს დაჭრილ ტერფებთან თავს ვხრი და მადლობას გიხდი.

მინდა გეამბორო, მაგრამ მაშინებს ღალატი…

მაპატიე ჩემი სულის არასაკმარისობა.

უფალო, შენ გაიმარჯვე სიკვდილზე,

უფალო, შენ ცოცხალი ხარ.

აღსრულდა!

შენი ჭრილობებით მე განვიკურნე.

2 მაისი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

იბრძოლე ბოლომდე!

ბაია ლეკიაშვილი 30 აპრილი, 2021
ბაია ლეკიაშვილი

სანამ ასპარეზზე გავიქცეოდი, მოვემზადე, ბევრი ვივარჯიშე, ბოლოს კი, როცა საყვირის ხმა გაისმა, სირბილი დავიწყე. თავიდან კარგად შევუდექი საქმეს, ძალა მქონდა და მთელი ჩემი არსებით წინ, მიზნისკენ მივიწევდი, გზად კი ნელ-ნელა ვუყურებდი, როგორ ეცემოდა მრავალი მოასპარეზე, ისინიც ჩემსავით დიდხნიანი ვარჯიშის შემდეგ დაადგნენ დიად გზას, ახლა კი, როდესაც გარშემო მიმოვიხედე, მრავალი ვნახე, რომელიც დაეცა. მათმა შემყურემ სვლა შევანელე, ბევრის კრიტიკა დავიწყე, ბევრი გავასამართლე, ისეთი მინიმალური რაღაც უშლიდათ ხელს მიზნამდე და როგორ ვერ სძლიეს ცდუნებას-მეთქი. ვუყურებდი ადამიანებს და მივხვდი, რომ მათ შემყურეს ჩემი მთვარი მიზანიც გამომრჩენოდა მხედველობის არიდან და განახლებული ძალებით კვლავ გავაგრძელე ასპარეზზე სირბილი.

დიდხანს ვირბინე, ვიძუნძულე, ვიარე, და ბოლოს, როდესაც ღონემიხდილს ხოხვის თავი ძლივსღა შემრჩენოდა, მიწაზე განვერთხე. მივხვდი, რომ მეც იმ მრავალ დაცემულ ადამიანს ვუერთდებოდი, რომლებმაც ვეღარ შეძლეს პირვანდელი სახით ბოლომდე მყარად დგომა. ტირილი დავიწყე, ვხვდებოდი, ძალა აღარ მქონდა, მხოლოდ ცრემლები, ცრემლები და ისევ ცრემლები იყო ჩემ გარშემო და ჩემს შინაგანშიც. ჩემი სული აქვითინდა, მივხვდი, რომ დაჭრილი ვიყავი. გულში ბევრი ისარი მოურტყამთ და იმდენად მწყუროდა მიზნის მიღწევა, რომ ყურადღება არც მიმიქცევია, ეს ისრები როგორ მაცლიდა ენერგიას, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია ასპარეზზე ყოფნისას.

ისრები, ისრები, ახლა მხოლოდ და მხოლოდ ისრებია ჩემს გულში და ჩემს სულსაც მისწვდომია… თავიანთი წვეტიანი თავებით ჩაუკაწრავთ მთელი შინაგანი. ზოგ ისარს წყენა ერქვა, ზოგს შური, ზოგს ჭორი, ზოგს რა და ზოგსაც რა. უპატიებლობა, გაუმაძღრობა, სურვილი და ლტოვა იმათზე, რაც „აკრძალულია“, სურვილი სიახლის გასინჯვის და შემდგომ პასუხისმგებლობის მოხსნის, ტყუილის ისრები საკმაოდ ბევრი აღმოჩნდა, ყველაფერს თავი ერთად მოვუყარე და მივხვდი, ერთადერთი გამოსავალი, რომლითაც გადარჩენას შევძლებდი, ამ ცოდვის ისრებისგან გათავისუფლება იყო… ბოლო ძალები მოვიკრიბე, კონებად შევკარი ყველა ისარი და მივეახლე მადლის ტახტს. მთელი ჩემი ცრემლები, წყენა, მთელი ჩემი გული გადმოვღვარე ზეციერი მამის წინაშე, მის ფერხთით ერთი სულის მოთქმით გადმოვშალე და ვთქვი:

– იესო, მხოლოდ შენ, უფალო, მხოლოდ შენ ერთს შეგიძლია გამიგო, რას ვგრძნობ ახლა, მხოლოდ შენ იცი, ღმერთო… 2000 წლის წინ თავად გამოცადე ყველაფერი საკუთრ თავზე, რათა ჩემთვის ხსნა და გადარჩენა მოგეტანა. მხოლოდ შენ იცი, რას ნიშნავს, როდესაც კეთილის წილ ბოროტს მოგაგებენ და სიკეთის მაგივრად ლანძღვით გპასუხობენ. შეგაფურთხეს, დაგამცირეს, ცილიც დაგწამეს, ეშმაკის ძალას მიაწერეს ყველა შენი სასწაული და მთელი შენი დიადი მიზანი. ეკლის მწარე გვირგვინი ჩაგადგეს თავზე და დაგცინოდნენ: „თუ მესია ხარ, იხსენი შენი თავი“ – გეუბნებოდნენ… შენ კი მხოლოდ წყალი ისურვე და მაშინაც ძმრით დაგისველეს ტუჩები. ფერდი განგიგმირეს და გოლგოთის სიმძიმე მხრებზე აგკიდეს, შენ კი, როცა შეგეძლო, მთელი შენი დიდებით გებრძანებინა ანგელოზთა ჯარისთვის და შური გეძია მათი ბორტების გამო, თქვი: „მიუტევე, უფალო, რადგან არ იციან, რას აკეთებენ.“

და ახლა, უფალო, მეც გთხოვ, რომ მომცე ძალა, ვაპატიო ყველას, ვინც კეთილის წილ ბოროტი მომაგო და ცილი დამწამა, მხოლოდ შენ, იესო, მხოლოდ შენ გესმის ჩემი ყველაზე უკეთ.

შენ ჯვარი დაითმინე ჩემთვის, რათა ყოველთვის მქონდეს იმედი, რომ მყავს ღმერთი, რომელიც ნუგეშით მიპასუხებს მაშინ, როდესაც ბრბო ჩემს ჩაყლაპვას გადაწყვეტს, როდესაც პირს შეკრავენ ჩემს გასანადგურებლად, მე კი ვიცი, რომ შენ შემეწევი შენი მარჯვენის ძლიერებით და გამამაგრებ, უფალო… ჰოდა მეც, როგორც შენს შვილს შემფერის, გთხოვ, მომცე ძალა მიტევების, რადგან რომ ხვდებოდნენ საკუთარი საქციელის საზღურს, არ გაამწარებდნენ შენს ხატად შექმნილ ადამიანს…

ნელ-ნელა ისრებმა დაშლა და გაქრობა დაიწყო, ჩემი გული გამთელდა და მივხვდი, რომ განვიკურნე, ყველა ჭრილობა შეხორცდა და ისეთი დიდი ძალით შევიმოსე, ვიდრე სირბილის დაწყებისას ვიყავი. განახლებული ძალებით, ახალი შემართებით ავიღე გეზი და აგერ, წითელი ლენტიც გაიჭრა, მე გავხდი გამარჯვებული, დიახ, მე გავიმარჯვე, რადგან ჩემთან ყოვლისშემძლე ღმერთია, რომელიც ყველას აძლევს იმაზე მეტ რესურსს, ვიდრე საჭიროა. ის სიყვარულია, მას კი ყველა და ყველაფერი უყვარს, რაც მისი შექმნილია.

30 აპრილი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ჩვენთვის ჯვარცმული მაცხოვარი

თეონა მენაბდიშვილი 30 აპრილი, 2021
თეონა მენაბდიშვილი

ძე ღვთისა,

ჩვენთვის ჯვარცმული მაცხოვარი.

სისხლი, რომლითაც მისი ჯვარია გაჟღენთილი, ჩვენი გამომსყიდველი სისხლია,

და როგორც მისი სხეული ჭრილობებისგან, ისე დაიფარა დანაშაული ჩვენი.

მას შემოაძარცვეს სამოსელი, რომ ჩვენთვის მოეცა სპეტაკი სამოსი.

ამ ბრბოს წინაშე მისი სიშიშვლე სამუდამოდ ფარავს ჩვენს სირცხვილს.

ეკლის გვირგვინითაა შემკული, რომ მოგვცეს გვირგვინი სიცოცხლისა

და წყურვილს ითმენს – სიცოცხლის წყალი ჩვენ რომ შეგვასვას.

ჩვენი ცოდვებისთვისაა დაჭრილი და დალეწილია ჩვენი უკეთურობისთვის.

ძე ღვთისა,

ჩვენთვის ჯვარცმული მაცხოვარი,

მისი ჭრილობები ჩვენი კურნებაა,

მის ხელისგულზეა ჩვენი თავშესაფარი,

მისი ჯვარია ჩვენი ძალა,

მის სიკვდილშია ჩვენი სიცოცხლე.

ავაზაკთა შორის ჯვარცმული, მალე ანგელოზებთან ერთად დაბრუნდება დიდებით,

ნაცვლად „იუდეველთა მეფისა“  „მეფეთა მეფეს“ უწოდებენ.

ბრბოს შეძახილებს შეცვლის მისი ქება-დიდება,

„დამნაშავეას“ ნაცვლად იყვირებენ:

„წმინდაა, წმინდაა ძე ღვთისა, ჩვენთვის ჯვარცმული მაცხოვარი!“

30 აპრილი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

აღდგომამდე გზაა გასავლელი…

თამუნა ბაღდავაძე 30 აპრილი, 2021
თამუნა ბაღდავაძე

აღდგომა მოდის… სინათლის, სიხარულის, იმედის, სიცოცხლის და გამარჯვების დღე. აღდგომა მოდის და გვიხარია… მაგრამ აღდგომამდე დიდი ხუთშაბათია, შემდეგ სისხლიანი წითელი პარასკევი და ბოლოს, ყველაზე შემზარავად მდუმარე შაბათი. აღდგომამდე გზაა გასავლელი…

აღდგომა მოდის და არ მინდა დავივიწყო, აღდგომას რა ახლდა თან, კვირა დღემდე. მინდა, ისევ გავაცოცხლო ჩემს გულში ის ყველაფერი, რამაც აღდგომა აღდგომად გახადა.

დღეს გვერდზე ვდებ ყველას და ყველაფერს და მოგყვები, უფალო. გეთსიმანიის ბაღში აგონიაში რომ ლოცულობ, იქ მინდა ვიყო, შორიახლოს, და შენთან ერთად ვლოცულობდე. მაშინ ვერც ერთმა ვერ ვიფხიზლეთ, მაშინ ბრმები და ყურმძიმენი ვიყავით და ძილს ვერ მოვერიეთ, 1 საათიც კი ვერ ვიფხიზლეთ შენ გვერდით. მაშინ გულმძიმენი ვიყავით და ვერ შევამჩნიეთ, რა ხდებოდა შენს შინაგანში. მერე რა, რომ ბოლომდე არ გვესმოდა, მერე რა, რომ არ ვიცოდით და ვერ ვხვდებოდით, რა მოხდებოდა და რას გააკეთებდი ჩვენთვის, ჩვენ ხომ შეგვეძლო – გვეგრძნო შენი გული და სულის მღელვარება და უბრალოდ შენ გვერდით ვყოფილიყავით… დღეს მინდა, შენ გვერდით ვიყო, მდუმარედ ვიდგე მუხლებზე შენ გვერდით, გწმენდდე სისხლს, ოფლად რომ მოედინება შენს სახეზე და შენთან ერთად ვღვრიდე გულს მამის წინაშე.

მინდა, განკითხვის და გასამართლების გარეშე შევხედო, როგორ გკოცნის იუდა და ის ტკივილი შევიგრძნო, რაც შენ მისდამი გქონდა. მინდა, სიბრაზის გარეშე შევხედო იმ ჯარისკაცებს, სახეში რომ გირტყამენ, გაფურთხებენ და დაგცინიან და დავინახო მათში ის, რასაც შენ ხედავდი მაშინ – ურჩ, გზააბნეულ, დაბრმავებულ, მაგრამ საყვარელ ქმნილებას, რომელიც აუჯანყდა კეთილ შემოქმედს და ჰგონია, რომ მართალია.

მდუმარედ მინდა ვიდგე შენ გვერდით და მთელი არსებით განვიცდიდე ყოველ შოლტს, რომელიც მე მეკუთვნოდა, მაგრამ არცერთი არ მიმიღია, ყველა ამცდა და მძვინვარე რისხვად დაატყდა შენს ზურგს.

უხმოდ მინდა გამოგყვე გოლგოთისკენ და შენთან ერთად გავიარო მწუხარებისა და ტანჯვის გზა. მინდა ის ჯვარი გამოგართვა, ძლივს რომ მიგაქვს დამტვრეული სხეულით და შენ ნაცვლად ვზიდო.

მინდა, შენს ჯვართან ჩამუხლულმა ყელში დიდი ხნის გაჩხერილი ტკივილი ამოვხეთქო და ცრემლებად გადმოვღვარო.

არა, არ მოგაწვდი ძმრიან ღრუბელს ტკივილების გასაყუჩებლად, ვიცი, არ შესვამ. გადაწყვეტილი გაქვს, მთელი სიმძაფრით განიცადო ცოდვის საზღაური და სრულად შესვა ის სასმისი, მე რომ მეკუთვნოდა.

მინდა, ჩემი მოსასხამით შეგმოსო და დავფარო სიშიშვლე შენი სხეულისა. ეს სირცხვილიც მე მეკუთვნოდა, მაგრამ შენ ამარიდე და საკუთარ თავზე აიღე.

მინდა იქ ვიყო, შენს ჯვართან მუხლმოყრილი და გულმოდრეკილი ბოლომდე, ვიდრე არ ჩამოგხსნიან განგმირულს და ნატანჯს, რომ ნელსაცხებლების ნაცვლად ჩემი ცრემლებით განგბანო და დაგასვენო იქ, სადაც უკუნეთი სიბნელის შემდეგ სინათლეს ამოაბრწყინებ.

მინდა, შენი ტკივილი სულით მაინც გავიზიარო, გულით მაინც ვატარო, როგორც ყველაზე ახლობელმა. მინდა, მარტოობას და უარყოფას გადაგარჩინო ჯვარზე, მინდა, მაგრამ არ შემიძლია, იმ დღეს მე შენთან არ ვიყავი. იმ დღეს არავინ იყო შენთან და მარტოდმარტო, ჯვარზე გაკრული, ნაწამები ჩუმად კვდებოდი ყველასგან მიტოვებული, ყველას სახსნელად და გადასარჩენად.

30 აპრილი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

სინათლემ სძლია სიბნელეს!

მარიამ ბაიდაშვილი 30 აპრილი, 2021
მარიამ ბაიდაშვილი

ბაბუაწვერასავით მიმოფანტული ვარ ცასა თუ მიწაზე. თითქოს სული შემიბერეს და გავიფანტე. მრავალ ნაწილად გახლეჩილი ვარ და ჩემი ყველა ნაწილი გადარჩენას ელის. იმიტომ დავიფანტე, რომ მოვწყდი სიცოცხლის წყაროს, მას, ვისაც დედამიწა გულში ეტევა და მისი გულის ძგერა ატრიალებს პლანეტას, მან, ვინც ჩემი სხეული – ქარს აყოლილი და გატეხილი – მრავალჯერ შეაწება თავისი მზერით, თავისი სიყვარულით, თავისი სინათლით…

პირველად, როდესაც ქვის სასროლ მანძილზე დავშორდი მას, შევნიშნე, რომ მისი კაშკაშა სინათლე ბჟუტავდა. ვიფიქრე, ეს პატარა ნათებაც მეყოფოდა გზის გასაგრძელებლად და გზას გავუდექი. თანაც დავინახე, როგორ გადაიხსნა იესომ გული, რათა სინათლე უფრო მეტად მოსულიყო ჩემამდე. ქვის სასროლი მანძილი ახლა უფრო მეტად გაიზარდა, ცოტა ხანს ჩამობნელდა, გზა აღარ ჩანდა. პატარა ქვას ფეხი წამოვკარი, სიბნელეში მდგარ ხეს ჩავავლე ხელი, რომელიც ეკლიანი ყოფილა და ბრაზმორეულმა წამოვიყვირე: „სად ხარ, უფალო, რატომ აგვიანებს სინათლე, გამინათე გზა!“ სინათლემ არ დააყოვნა, იესოს ნაიარევი გასჩენოდა სხეულზე, ნათება სწორედ იქიდან გამოდიოდა. წინსვლა განვაგრძე. დამსკდარ მიწაზე აღმოვჩნდი. ნაპრალებში ფეხი მივარდებოდა. გაურკვეველი იყო გზა. ისევ ბრაზი მომერია, ეჭვი შემეპარა ღმერთის სინათლეში, ამიტომ კვლავ გაბრაზებულმა შევყვირე: „იქნებ ცოტა კიდევ გაანათო, წინ ვეღარ მივდივარ!“ 

დაუყოვნებლივ განათდა. ფეხი ავაცილე გაყოფილ და დაბზარულ ადგილებს, რომელსაც ჩემი ჩაყლაპვა სურდა. მომწყურდა, წყალი კი შორს იყო, ჩემ უკან, იქიდან, საიდანაც მოვდიოდი, მაგრამ უკან ვეღარ დავბრუნდებოდი, ამიტომ ახალი წყლის ძებნას შევუდექი. სიცივისაგან და წყურვილისაგან დაღლილი მიწად დავეცი, ჩემი სხეულიც თითქოს მიწასავით გასკდა და ჩემ შიგნით სული ვეღარ დაფარფატებდა, დამძიმდა, დამაწვა და გზის გაგრძელება უფრო მეტად ძნელი აღმოჩნდა. შორიდან წყლის მჩქეფარე ხმა შემომესმა, სიბნელიდან დიდი და ვრცელი მოჩანდა იგი, თითქოს დასასრული არ ჰქონდა. ვფიქრობდი, ეს წყაროა დაუშრობელი, რომელიც წყურვილს ყოველთვის მომიკლავს. იმის გამო, რომ დამსკდარი მიწა უსასრულო იყო, გზის გასაგრძელებლად მეტი სინათლე მჭირდებოდა, უკანმოუხედავად შევყვირე: „სინათლე, სინათლე მჭირდება, მიზანთან ახლოს ვარ.“ 

განათდა და გავიქეცი წყურვილის მოსაკლავად. ნაპრალებს ფეხს ვაცილებდი. მივუახლოვდი. სანამ წყაროდან წყალს ავავსებდი, უკან მივიხედე, რომ მეტი სინათლე მომეთხოვა. დავინახე, რომ ნაირევი, რომელიც უფალს ჰქონდა სხეულზე, გამრავლდა. ამ ჭრილობებიდან მოდიოდა სინათლე და რამდენადაც შორს მივდიოდი, რამდენადაც ვითხოვდი სინათლეს, ეს ჭრილობები მრავლდებოდა. სინანულმა მძლია, მომენატრა სითბო, მომენატრა მამის ხმა, ვიფიქრე, წყალს შევსვამ და მამასთან დავბრუნდები. რამდენიმე ნაბიჯიღა გადავდგი, წყარო უფრო დიდი და ღრმა ჩანდა, სინათლემ კი ბჟუტვა იწყო. წყლის დასალევად დავიჩოქე, მთლიანად ჩამობნელდა, წყარო დიდდებოდა, სიცილის ხმა მესმოდა, ისეთი სიცილის, რომელიც ყურებს მტკენდა, სულს მიწვავდა. ყურებზე ხელი მივიჭირე, ფეხზე ხავსივით შემომეხვია რაღაც ცივი და მითრევდა. შემდეგ ყელზე დამწვდა, ვიგუდები, კლდეებს ვეხეთქები, დამსკდარი მიწა პირს აღებს და ჩემს გადაყლაპვას ლამობს. 

„მიშველე, იესო, შენთან მინდა, სინათლე მჭირდება, სინათლე მჭირდება, მიშველე, მაპატიე, მამა…“  სადაც არის, დავიმარხები მიწის შიგნით, ან ჩავიძირები ჭაობში, რომელიც წყაროდ მეჩვენა, მაგრამ უეცრად სინათლემ იმატა, გაიზარდა, განათდა ისე, როგორც არასდროს, სიბნელეში არსებული კოშმარი თითქოს სრულდებოდა. სინათლე ჩემს ხელებს მოედო, ტერფებს, შემდეგ ყელს; წყვეტდა სიბნელისაგან შემოხვეულ ძაფებს, მათავისუფლებდა. უკან მივიხედე. ეს მამა იყო, იმისათვის, რომ ბნელი წუთისოფელი მთლიანად გაენათებინა, ბუმბერაზ მთაზე აღმართულ ჯვარზე იყო დაკიდებული ჩემთვის, და სინათლემ სიბნელეს სძლია…

30 აპრილი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

რაზე აშენებ შენს ცხოვრებას?

გიორგი ფიროსმანაშვილი 27 აპრილი, 2021
გიორგი ფიროსმანაშვილი

გამარჯობა.

გთხოვ, უბრალოდ ნუ ჩაიკითხავ.

მინდა, თითოეულ კითხვას გასცე პასუხი შენს გონებაში.

არ ვიცი, ახლა როგორ ხარ, ან ცხოვრების რა ეტაპზე იმყოფები, მაგრამ მინდა, დაფიქრდე:
სწორი მიმართულებით მიდიხარ?

რა გადაწყვეტილების მიღებასაც აპირებ, ბოლოს რა შედეგამდე მიგიყვანს?
ეს შედეგი რა გავლენას მოახდენს სხვებზე?
შენი ქმედებები სხვადასხვა შედეგის მომტანია შენს ცხოვრებაში და რასაც დათესავ, იმას მოიმკი.

მინდა შეგახსენო, რომ ეს ცხოვრება გარდაცვალებით არ მთავრდება. შენი შინაგანი მოთხოვნილება მარადიული სიცოცხლისა, ბუნებრივია, რადგან შემოქმედმა თვით მარადიულობა ჩადო ჩვენში.

სწორედ ამიტომ, ბრძნული გადაწყვეტილება იქნება, თუ შენს ცხოვრებას მარადიული პერსპექტივით განიხილავ. ჩვენი ცხოვრების წესი განსაზღვრავს, უფალთან ვიქნებით თუ მის გარეშე. ამისთვის კი სიბრძნეს თავად უფლის სიტყვიდან უნდა ვიღებდეთ.

ადამიანები, რომლებიც ისმენენ უფლის სიტყვას და აღასრულებენ მას, იესომ კეთილგონიერ კაცს შეადარა, რომელმაც სახლი კლდეზე აიშენა. მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები და ეკვეთნენ იმ სახლს, ის კი არ დაეცა, რადგან კლდეზე იყო დაფუძნებული.

ხოლო, ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ისმენენ უფლის სიტყვას, მაგრამ არ აღასრულებენ მას, იესომ შეადარა უგუნურ კაცს, რომელმაც სახლი ქვიშაზე აიშენა. მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები და ეკვეთნენ იმ სახლს. დაეცა იგი, და ფრიად დიდი იყო მისი დაცემა. (მათეს სახარება 7:24-27).

ეს სახლი ჩვენი ცხოვრებაა. მაცხოვარი არავის შეჰპირებია ია-ვარდებით მოფენილ ცხოვრებას, სადაც პრობლემები არ იქნება. მან თქვა, რომ ცხოვრებაში გასაჭირი უფლის სიტყვის აღმსრულებელსაც შეხვდება და მასაც, ვინც არ აღასრულებს. მაგრამ ამ გასაჭირიდან როგორ გამოვალთ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა იყო ჩვენი ცხოვრების საძირკველი, რაზე ვაშენებდით მას.

ვინც უფლის სიტყვის მიხედვით ცხოვრობს, უფალი მათ მარადიული სიცოცხლით ასაჩუქრებს.
ნუ შეგეშინდება განსაცდელის, რადგან უფალია შენთან! ის გაგაძლიერებს და გამოგიყვანს ყველა სირთულიდან! მიენდე მას. იესო ქრისტესთან ერთად ცხოვრება გაცილებით უმჯობესია, რადგან ის მიგიძღვის წინ, ის არის შენი საძირკველი, შენი იმედი; შენი ამავსებელი სიყვარულით, მშვიდობით, მადლით.

დაე, უფლის სიტყვა გახდეს შენი ცხოვრების შეურყეველი საძირკველი, ერთგული მეგზური, სიბრძნის წყარო და მარადიული სიცოცხლის მომცემი!

უფალს ებარებოდე!

27 აპრილი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ჩვენი გადაწყვეტილებები ჩვენს ცხოვრებაზე აისახება!

თამუნა შაქარაშვილი 27 აპრილი, 2021
თამუნა შაქარაშვილი

ძალიან ჩავფიქრდი ამ სიტყვებზე. ჩავფიქრდი, თუ როგორი მნიშვნელოვანია ჩვენი ცხოვრების თითოეული დეტალი, როგორი მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილებების მიღება.

ჩავფიქრდი, თუ მართლაც რაოდენ დიდ გავლენას ახდენს თითოეული გადაწყვეტილება აწმყოსა და მომავალზე, ეს იქნება კარგი და სწორი გადაწყვეტილება, თუ ცუდი და არასწორი.

როდესაც გავა დრო, რა იქნება? რას იფიქრებთ თქვენს წარსულზე? როგორი იქნება ის თქვენთვის? სიამაყით გადახედავთ განვლილ ნაბიჯებს, თუ ეს ნაბიჯები სირცხვილს გაგრძნობინებთ?

ეს ყველაფერი თქვენს გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული, თქვენს არჩევანსა და მიზანზე.

„გაამაგრე ჩემი ნაბიჯები შენს გზაზე, დაე, არ გადაუხვიონ ჩემმა ტერფებმა.“

ფსალმუნი 16:5

ვფიქრობ, რომ მართლაც უნდა ვილოცოთ და ღმერთს მივენდოთ, რათა აკურთხოს ჩვენი გადაწყვეტილებები. მას უნდა ვკითხოთ, თუ რას ფიქრობს ჩვენს ცხოვრებაზე.

დაე, მართლაც მან გაამაგროს ჩვენი ნაბიჯები, მოგვცეს სიბრძნე და გონიერება იმისათვის, რომ არ გადაუხვიოს ჩვენმა ტერფებმა სწორი გზიდან.

რამდენი რამ გამახსენდა. ნუთუ ეს მე ვარ…

ვდუმდი და ვფიქრობდი იმ მნიშვნელოვან მომენტებზე, როდესაც სწორი გადაწყვეტილებები მივიღე… როგორი კურთხეული და კეთილი ნაყოფით სავსე იყო ესა თუ ის გადაწყვეტილება. ასევე ვფიქრობდი იმ არასწორ გადაწყვეტილებებზე, რომლებმაც დამასევდიანა, თუმცა მადლიერი ვარ თუნდაც იმიტომ, რომ ამ განსაცდელებმაც ბევრი რამ მასწავლა.

მე დავინახე საკუთარი თავი სხვადასხვა სირთულის დროს,  დავინახე ჩემი სისუსტეები, ჩემი თავი მეტად გავიცანი, მეტი წარმოდგენა გამიჩნდა საკუთარი „მე“-ს შესახებ. ბევრი რამ საამაყო იყო, ისევე როგორც მტკივნეული.

სწორედ მაშინ, როდესაც სირთულეებს გავდიოდი, უფალმა მომკიდა ხელი… „და ამომიყვანა საზარელი ორმოდან, გაუვალი ლაფიდან და დააყენა კლდეზე ფერხნი ჩემნი, წარმართა ჩემი ნაბიჯები.“ ფსალუნი 39:3.

სწორედ მაშინ, როდესაც „კინაღამ გადაუხვიეს ჩემმა ფეხებმა, კინაღამ მომიცურდა ნაბიჯები.“ ფსალმუნი 72:2.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ფიქრები, ჩვენი ნაბიჯები და მთლიანად ჩვენი ცხოვრება მივუსადაგოთ ღმერთის სიტყვას, იმ სინათლეს, რომელიც ქრისტიანებს გვიპყრია ხელთ.

ჩვენი შვილები შემოგვხედავენ და სწორედ ჩვენგან აიღებენ მაგალითს. ამიტომ ჩვენი, როგორც ქრისტიანების პასუხისმგებლობაა სწორად ცხოვრება, რადგან ბიბლია ამბობს, რომ სწორედ მე და „თქვენ ხართ ნათელი ქვეყნისა. ვერ დაიმალება ქალაქი, მთის მწვერვალზე გაშენებული. როდესაც ანთებენ სანთელს, ჭურჭელქვეშ კი არ დგამენ, არამედ სასანთლეზე, რომ ყველას გაუნათოს სახლში. დაე, ასევე ანათებდეს თქვენი ნათელი კაცთა წინაშე, რათა ისინი ხედავდნენ თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია.“ (მათეს სახარება 5:14-16)

ბოლოს კი დაგიტოვებთ საფიქრალს, რომ ჩაუღრმავდეთ საკუთარ თავს, საკუთარ ფიქრებს, აზრებს და გადაწყვეტილებებს.

დაფიქრდით და კიდევ დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები ჩვენს ცხოვრებაზე აისახება!

გისურვებთ, რომ ანათოთ და იბრწყინოთ. იყავით კურთხეულები, დაფიქრებულები და უფლის სიყვარულით სავსენი.

დაე, იმ სულიერმა თვალებმა დაგანახვოთ სწორი და არასწორი.

უფალი გვხედავს და უფალი გვისმენს, ყველგან და ყოველთვის.

„სიბნელეც არაა წყვდიადი შენთვის, და ღამე დღესავით განათდება; რა სიბნელე და რა სინათლე!“

ფსალმუნი138:12

საკუთარ თავს სწორედ აქ იპოვით.

ბოლოს კი გიტოვებთ ამ მუხლს:

„ლამპარია ჩემი ფეხისთვის სიტყვა შენი და სინათლე – ჩემი ბილიკისათვის.“

ფსალმუნი 118:105
27 აპრილი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ახალი ბლოგები
ძველი ბლოგები
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 2

    მხსნელი უფალი

    26 თებერვალი, 2020
  • 3

    ღმერთი არ არის საშუალება

    5 დეკემბერი, 2022
  • 4

    მედროვე ადამიანთა ქმედებები…

    22 მარტი, 2019
  • 5

    ნუ გეშინია უბრალოდ გწამდეს

    22 თებერვალი, 2017


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ