ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ
  • stories

  • Memories

  • About Me

ბლოგები

მას ისევ შენი გულის სიღრმეში იპოვი…

თაკო გამგებელი 17 სექტემბერი, 2021
თაკო გამგებელი

სიბნელეში დავეხეტები, როგორც ობოლი, უსახლკაროდ, დახმარების მოლოდინით დაღლილი…

დავიკარგე.

გულაჩქარებული დავეძებ სინათლეს გარშემო, როგორც უდაბნოში მოწყურებული ადამიანი – წვეთ წყალს.

სიბნელეში ექოდ გაისმა ხმა, რომელიც გახდა ნათელი ჩემი სულისა.

– მე გამომყევი…

თვალებს ვაცეცებ, ვეძებ უცნობ ხმას, თუმცა ამაოდ… იმედგაცრუებული დავეცი…

– სად ხარ? ვერ გხედავ.

– შორს ნუ მეძებ, შენი გულის სიღრმეში ჩაიხედე და იქ მიპოვი…

ხშირად, წუთისოფლის ამაოებით იმედგაცრუებული ადამიანები სინათლეს და იმედს შორს ეძებენ, ბოლოს კი მოლოდინით იღლებიან და ეცემიან.

ქვეყნიერებაზე არ მოიპოვება სინათლე, რომელიც გულს გაგვითბობს და სულში მარადიულად იკაშკაშებს.

მხოლოდ უფალშია შესაძლებელი რწმენის ცეცხლის პოვნა, რომელიც დაცემის საშუალებას არ მოგვცემს და ყველაზე ძლიერად შეეხება ჩვენს გულს.

უფალი შორს არაა. ის მუდამ ელოდება, როდის გადავდგამთ მისკენ ნაბიჯს… როდის ჩაიღვრება იმედად ჩვენს გულებში იესოს სისხლის ყოველი წვეთი, რომელიც გოლგოთის მიწაზე დაიღვარა…

უფალი კეთილია და უკუნისამდეა წყალობა მისი!..

თუ გრძნობ სიცარიელეს, ტკივილს და სიბნელეს, გამოსავალს შორს ნუ ეძებ, ჩაიხედე შენი გულის სიღრმეში… სინათლეს იქ იპოვი…

17 სექტემბერი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

უდაბნო დასასრული არაა

თაკო გამგებელი 15 ივლისი, 2021
თაკო გამგებელი

გაუდაბნოებულ გზაზე დაკარგული და გამოფიტული უკანასკნელი ძალებით ვადგამ ნაბიჯებს.

გაუცხოებული ადამიანები გაყინული მზერით გვერდს მივლიან, ისე, თითქოს არც ვარსებობ.

ვიფიტები და სადაცაა, სანთელივით ჩამოდნება ჩემი ნატანჯი სხეული.

თითქოს ჰაერი გაიშვიათდა გარშემო და სადაცაა, სუნთქვასაც შევწყვეტ.

სიცოცხლის სურვილი და გადარჩენის იმედი თავიდან ბოლომდე მიპყრობს.

გული გამალებით ძგერს და მეჩურჩულება, რომ ეს დასასრული არაა.

ერთადერთი, რაც სიკვდილის პირას მდგომს დამრჩენოდა, იმედი და რწმენა იყო.

დავეცი.

თითქოს შვებაც ვიგრძენი, მაგრამ ეს სატყუარაა, ასე ვერ გადავრჩები.

ისე ვეჭიდები ჩემს უკანასკნელ იმედს, როგორც წყალწაღებული ხავსს.

მტკივა.

ღაწვები ტკივილით სავსე ცრემლებით მისველდება.

ჩემი ყოველი დაღვრილი ცრემლი და წაბორძიკება მტრის გამარჯვებაა, ჩემი ღმერთი კი ჩემი გამარჯვება!

დაცემულს ის გვერდს არ აუვლის და სასიკვდილოდ არ გაიმეტებს!

მისი რწმენით ვარ ყოვლისმძლეველი და შეუდრეკელი.

ვერც ერთი უდაბნო ვერ დააშრობს ჩემი მისადმი რწმენის წყაროებს.

მე მაქვს ის, რაც ჩემს მტერს აშინებს,

სიხარული და საუკუნო სიცოცხლე უფალში.

ღმერთი ადამიანივით არ გკრავს ხელს და არ გაგიცრუებს მასზე დამყარებულ იმედს, რადგან ის აღთქმების ღმერთია.

ეშმაკს სურს, რომ გასაჭირის დროს შენზე უარი ვთქვა, მაგრამ სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე განვადიდებ შენს სახელს, უფალო, რადგან კრავი ღირსია ქების!

ფსალმუნი 62:2: „ღმერთო, შენ ხარ ჩემი ღმერთი; მოსწყურდი ჩემს სულს, უკაცრიელ და გამოფიტულ, უწყლო მიწაზე.“

უწყლო და გამოფიტულ მიწაზე შენით ვისაზრდოებ, უფალო!

შენ ხარ ჩემი სუნთქვა და ძალა!

უდაბნო ჩემი დასასრული არაა, რადგან შენში სიცოცხლე გრძელდება სამარადისოდ!

15 ივლისი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ბედნიერება ქრისტეშია!

ბაია ლეკიაშვილი 30 ივნისი, 2021
ბაია ლეკიაშვილი

ყოველ დღეს მოჰყვება სხვა დღე, ყოველ თვეს – სხვა თვე, და ყოველ წელს – მომდევნო სხვა წელი, მანამ, სანამ სიცოცხლის დღეებს არ ამოვწურავთ, ჩვენ შემდეგ კი დრო ისევე გაგრძელდება, როგორც ჩვენს არსებობამდე იყო.

რამდენი რამ გადახდება ხოლმე ამ ხანმოკლე სიცოცხლეში ადამიანს: ტკივილი, სევდა, მწუხარება, სიხარული, სიყვარული… ბედნიერ მომენტებს ზოგჯერ მძიმე და ტრაგიკული ისტორიები ცვლის და პირიქით. ყველაფერი ცვალებადია, ის, ვინც ახლა შენი მეგობარია, შეიძლება მომავალში შენი მტერი გახდეს და ასევე, ვისაც ახლა მიიჩნევ შენს მტრად, შესაძლოა, ის შენი გულის სანდომ ადამიანად იქცეს.

ზოგჯერ ეცემი, ზოგჯერ ყველაზე მაღალ მწვერვალს იპყრობ, ზოგჯერ ტირი, ზოგჯერ კი ამ ტირილს ღიმილი ცვლის.

უცნაურობითა და მრავალფეროვნებით სავსეა ის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ.

ყველაზე მეტად ადამიანებს რაც აშინებთ, ეს არის მომავლის შიში.

რა იქნება ხვალ?

მექნება თუ არა საკვები საარსებოდ?

ვინ ვიქნები მომავალში?

ვინ ვარ მე?

უკეთესი მომავლის შესაქმნელად ადამიანები გარბიან სხვა ქვეყნებში, იმ იმედით, რომ იქ თავს იგრძნობენ კარგად. ადამიანები შრომობენ, იბრძვიან, წვალობენ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოიპოვონ ფული, მოიწყონ კარგი კარიერა, ჰქონდეთ საუკეთესო საცხოვრებელი კერა, თუმცა სამწუხარო ის არის, რომ ამ ყველაფერს სანამ მიაღწევენ; ჰგონიათ, რომ ბედნიერება არის ფულში, ცხოვრების კარგ მეგზურში, სამსახურში, და როცა ამ ყველაფერს აღწევენ, ისინი მაინც უბედურები არიან. მათ აქვთ სულიერი სიცარიელე, გული გამოფიტული, მათი გარეგნული იერი ლამაზია, თუმცა ისინი არ არიან კმაყოფილები იმით, რასაც მიაღწიეს; გამუდმებით იკმაყოფილებენ ჯერ ერთ სურვილს, შემდგომ მეორეს, მესამეს, უსასრულოდ და მაინც ამბობენ: „საკმარისი არ არის, მეტი მინდა“, და მაინც, ბედნიერების ძიებას აგრძელებენ მატერიალურში. ადამიანები ეძებენ ყველას და ყველაფერს, ისინი ეხებიან ყველაფერს, გარდა იესო ქრისტესი, ისინი იხვეჭენ სიმდიდრეს, მაგრამ დროებით სიმდიდრეს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი აღარ იქნება. ისინი იცვლიან ბევრ პარტნიორს იმ იმედით, რომ ადრე თუ გვიან სიყვარულს იპოვიან, თუმცა თავად ღმერთია სიყვარული, საწყისი ყოველივესი ყოველივეში.

ისინი აგემოვნებენ საუკეთესო რესტორნების საკვებს, მაგრამ შინაგანი აქვთ ცარიელი, სული – მშიერი, გული კი – ცარიელი და გამოფიტული.

ღმერთი არის თავად სიმდიდრე, ღმერთი არის თავად სიყვარული, ღმერთი არის თავად წარმატების მომტანი, ღმერთი არის სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენი, როგორც შინაგანი, ასევე მატერიალური სიცარიელე ამოვივსოთ; ღმერთი გაღარიბდა იმისთვის, რომ ჩვენ გავემდიდრებინეთ, მან იტვირთა ყველა ცოდვა, რათა ჩვენ გავემართლებინეთ, ის მოკვდა, რათა ჩვენ გვეცოცხლა!..

ადამიანები ეძებენ ყველაფერს, გარდა ქრისტე იესოსი…

როგორ იპოვო ის?

თავად უფალი გეძებს გაღვიძების მომენტიდან, ღამით, როცა მარტო რჩები შენს თავთან, ის შენს გულს ელაპარაკება; როდესაც გგონია, რომ მარტო ხარ, ის არის შენ გვერდით, უბრალოდ ის დგას და გამუდმებით აკაკუნებს შენი გულის კარზე: „აჰა, ვდგავარ კართან და ვაკაკუნებ, თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან, მე მასთან ვივახშმებ, ის კი ჩემთან.“

თუ გაუღებ შენი გულის კარს ღმერთს, ის დაანაყრებს შენს გამოცარიელებულ გულს, ის გამოგკვებავს და გიბოძებს გზას, რომელიც არის უხრწნელი და მარადიული.

როდესაც შევიცნობთ ღმერთს, ვისწავლით, როგორ ვისიამოვნოთ ყოველი დღით, იმ საკვებით, რომელიც გვაქვს, იმ სამსახურით, სადაც ვმუშაობთ, იმ ურთიერთობებით, რომელსაც ვამყარებთ სხვა ადამიანებთან – ღმერთთან ერთად ვისწავლით ცხოვრებით ტკბობას ჯერ აქ, შემდგომ კი მარადიულ სიცოცხლეში.

30 ივნისი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

უძღები შვილის დაბრუნება

მიმი ტიელიძე 24 ივნისი, 2021
მიმი ტიელიძე

თვალებს ვახელ. არ მსურს ლოგინიდან ადგომა, ყველაფერი მეზარება. ბოლოს, როგორც იქნა, თავს ძალას ვატან, ვდგები და ჩემთვის საუზმის მომზადებას ვიწყებ. საჭმელს გემოს ვერ ვატან. სიცარიელეს ვგრძნობ. სიცარიელეს, რომელიც გამოფიტვაზე მეტია. ვგრძნობ, რომ რაღაც ჩემ შიგნით ტირის. უზომოდ მტკივნეულ სევდას განვიცდი. სევდას, რომელიც მგონია, რომ გამაგიჟებს. თავს ვერ ვაღწევ ამ გრძნობებსა და ემოციებს. გავდივარ ქალაქში, ხან რომელ პარკში ვსეირნობ, ხან რომელ ნაყინს მივირთმევ, მაგრამ არ მშველის. თითქოს ჩემი „მე“ გამებუტა და აღარ მელაპარაკება. მაინც ჯიუტად მგონია, რომ მოგზაურობა, საყიდლებზე სიარული ან ფოტოების გადაღება დამეხმარება. მინდა, ტვინი გავთიშო, მაგრამ არ შემიძლია.

დავჯექი. ხელში ჩანგალი მოვიმარჯვე მორიგი სალათის დასაგემოვნებლად, მაგრამ ნიაღვრად წამოსულმა ცრემლების ნაკადმა არ მომცა ამის საშუალება. ვტირი. მინდა, შევიკავო ცრემლები, მაგრამ არ გამომდის. ჩემ გარშემო ხალხია და არ მინდა, მათ შეამჩნიონ ჩემი ცრემლები. ისინი მაინც ვერ დამეხმარებიან. მათ არ იციან, რა მჭირს. და მეც რომ არ ვიცი? ვფიქრობ და ვერ ვხვდები, რა მატირებს. ვგრძნობ, რომ ჩემი გულის სიღრმიდან მოდის ეს უზომო სევდა. ჩემი სული განიცდის რაღაცას. შემდეგ მივხვდი – განვიცდიდი იმას, რომ რაღაც მაკლდა. მეორე დღესაც ასე გაგრძელდა. ქუჩაში გარეგნულად ლამაზი და ღიმილიანი სახით დავდიოდი, მაგრამ ჩემს შინაგანში ჩემი „მე“ რაღაცის ნაკლებობას განიცდიდა.

გადის დღეები. ისევ სულიერად ვიტანჯები. ვგრძნობ, რომ უარმყვეს. ვგრძნობ, რომ არავის ვუნდივარ, მათ შორის არც საკუთარ თავს. მივხვდი, რომ ჩემი ლამაზი კაბები ვერ მალამაზებს, ვერ მივსებს გულს ნამდვილი სიხარულით. განა აქამდე კარგად არ ვიყავი? როგორ მიხაროდა ხოლმე მოგზაურობა, ახალ ტანსაცმელში გამოწყობა, ლამაზ პარკებში გასეირნება. ახლა რა დამემართა? რატომ ვერ განვიცდი სიხარულს? ჩემში მხოლოდ სევდა დაბუდებულა და ვიცი, რომ დროზე თუ არ განვდევნე ეს სევდა, დეპრესიაში გადაიზრდება.

მერე გამახსენდა: ბოლოს როდის ვილოცე? ღმერთო, ბოლოს როდის დაგელაპარაკე? რაღაც რომ მაწუხებდა, შენ მოგიყევი თუ მეგობრებს შევჩივლე? რა თქმა უნდა, მეგობრებს. უფრო მეტიც, ჩემს პრობლემებზე მოვუყევი სრულიად უცხო ადამიანებს, რომლებსაც ჩემი დახმარება არ შეეძლოთ. რატომ შენთან არ მოვედი? არ მაქვს, ღმერთო, პასუხი… უფრო სწორად, მაქვს პასუხი, მე უბრალოდ მრცხვენია. მრცხვენია იმის, რომ გიღალატე…

და გამახსენდა, ბოლო პერიოდში რამდენი სისულელე ჩავიდინე, რამდენი შეცდომა დავუშვი, რამდენჯერ მოვიტყუე, რამდენჯერ გავლანძღე ადამიანები, მათ შორის ზუსტად ისინი, რომლებიც ამას არ იმსახურებდნენ; რამდენი დავწყევლე, რამდენის შემშურდა, რამდენ არასწორ ურთიერთობაში ჩავები, რამდენი ბილწი სიტყვა ვთქვი… მივხვდი, რომ ცოდვაში ვცხოვრობდი. და მივხვდი, რომ სულიერ სიცარიელესა და სევდას განვიცდიდი, რადგან ღვთის სული გამშორდა და ჩემმა სულმა ეს ვერ აიტანა, რადგან ის შექმნილია ღმერთთან ურთიერთობისთვის, მაგრამ ამავდროულად, ღმერთის ადგილი მხოლოდ წმინდა გულშია, იმიტომ, რომ ღმერთი ვერ ეგუება უწმინდურებას.

და როგორი იყო ჩემი გული? ზუსტადაც რომ დასვრილი, ჭუჭყიანი და უსუფთაო. ასეთ ადგილას კი სულიწმიდა ვერ ისვენებს. მას სჭირდება ისეთი გული, რომელიც მიდრეკილია უფლის მორჩილებისა და სიწმინდისკენ…

როგორც კი ეს გავაცნობიერე, მივხვდი, რამდენად ცოდვილი არსება ვიყავი, არადა მანამდე ჩემი თავი განსაკუთრებულად კარგი ადამიანი მეგონა. მივხვდი, რომ ჩემი ცოდვების გამო ჩემს ნამდვილ მამას – უფალს ვკარგავდი. განა რამდენ ხანს შეძლებდა ჩემი სული უფლის გარეშე ცხოვრებას? ამ სულიერ სიცარიელეს განა რამდენ ხანს გაუძლებდა ჩემი სუსტი სხეული? მივხვდი, რომ მონანიება და განწმენდა მჭირდებოდა. მივხვდი, იმისთვის არ დავბადებულვარ, რომ ღმერთს ვუღალატო და ჩემი ცხოვრება ცოდვაში გავატარო…

გადავწყვიტე, მელოცა. რამდენიმე წუთი ჩუმად ვიჯექი. ხმა ვერ ამოვიღე, რადგან მრცხვენოდა. ღმერთის მრცხვენოდა, რადგან ვიცოდი, რომ მას ვუღალატე და გული ვატკინე, თანაც ჩემი ნებით. ჩემში ბრძოლა მიდიოდა, ვიცოდი, რომ თუ არ მოვინანიებდი, საბოლოოდ დავკარგავდი ღმერთს და ღვთის გარეშე ცხოვრება ცოცხალ კოშმარად მეჩვენებოდა. როგორც იქნა, ხმა ამოვიღე და პატიება ვთხოვე მას, ვინც ყველაზე სამართლიანი და მოწყალე მამაა. ისიც ვაღიარე, რომ ჩემი ნებით შევცოდე, არაფერი დამიმალავს უფლისთვის, ან კი რას დავუმალავდი… ლოცვის შემდეგ ცოტა ხანში ჩამეძინა. როცა გავიღვიძე, შედარებით ენერგიულად ვიყავი და გასეირნება გადავწყვიტე. ჩავიცვი ლამაზად და გარეთ გავედი. მიხაროდა, რომ ვსეირნობდი, მომწონდა ისიც, როგორ გამოვიყურებოდი. სახლში დაბრუნებისას ვიცეკვე კიდეც, მთელი ენთუზიაზმით. შემდეგ დავფიქრდი, საიდან მოდიოდა ჩემში ამდენი ენერგია, როდესაც აქამდე სიცოცხლეც კი მეზარებოდა… გადავშალე ბიბლია და ყველაფერი, რაც წავიკითხე, სრულიად გავიაზრე. აქამდე თითქოს თვალებზე ბინდი მქონდა გადაკრული, ახლა კი ყველაფერი ნათელი იყო. აქამდე თუ მეზარებოდა, ახლა მსურდა, მელოცა. ჩემში ლოცვისა და ბიბლიის კითხვის სურვილი დაბრუნებულიყო. აქამდე ღვთისადმი მადლიერების გრძნობაც დაკარგული მქონდა. ახლა კი ნელ-ნელა მახსენდებოდა, რამდენი რამ უჩუქებია ღმერთს ჩემს ცხოვრებაში. უფრო მეტიც, აქამდე თუ ძალიან ვზარმაცობდი, ჩემი სიზარმაცე თითქმის მთლიანად გამქრალიყო, ჩემში სწავლისა და სიბრძნის შეძენის მეტი მოტივაცია აღმოვაჩინე და გამიკვირდა. კი მაგრამ, საიდან ეს ყველაფერი?

ბოლოს მივხვდი: იმან, ვისაც არ სურს ადამიანთა დაღუპვა, მაპატია ჩემი ცოდვები, რადგან არ დავუმალე არაფერი. ის ჩემგან სწორედ იმას ელოდებოდა, როდის მივიდოდი და ვეტყოდი, რომ არ მაქვს საკმარისი სიბრძნე და სიყვარული, რომ საკმარისად მომთმენი არ ვარ ამ ცხოვრებაში, რომ ძალიან სუსტი ვარ და ამიტომ ვეცემი სულიერად… მან მაპატია, თუმცა ამას არ ვიმსახურებდი… და არა მხოლოდ მაპატია, არამედ მომანიჭა მეტი სულიერი მგრძნობელობა, მადლიერების უნარი და ძალა, რომ ამ ცხოვრებაში წარმატებას მივაღწიო ყველა სფეროში.

ადამიანები გამწირავდნენ, მათთვის რომ მეღალატა, კარს მომიხურავდნენ სამუდამოდ. უფალი კი მიცდიდა, როდის დაბრუნდებოდა თავისი უძღები შვილი, რომ შორიდანვე მსახურნი გამოეგზავნა ჩემთან შესაგებებლად, შემდეგ კი ჩემკენ გამოქცეულიყო და ჩამხუტებოდა. და თქვენი აზრით, რა დამემართებოდა ამ ყველაფრის შემდეგ? განსაკუთრებული სიყვარული ვიგრძენი ჩემი ზეციერი მამისგან და მივხვდი, რომ მან მაშინაც კი არ მიმატოვა, როდესაც მე დავტოვე იგი… ის ეძებს მომნანიე გულის მქონე ადამიანებს და მათ კარზე აკაკუნებს. თქვენ მხოლოდ მისი ძახილი უნდა გაიგონოთ და მას კარი გაუღოთ, აღიარეთ მასთან ყველა ცოდვა (აბსოლუტურად ყველა) და არ შეგეშინდეთ! ის ადამიანი არ არის, რომ თქვენზე უარი თქვას! მას ყოველთვის უყვარხართ – დაცემული, ჭუჭყიანი და ბინძურიც კი. მას ყოველთვის სურს თქვენი მიღება, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ღმერთი უწმინდურებას ვერ იტანს, რადგან ის წმინდაა. ამიტომ საჭიროა ჩვენი გულების განწმენდა (ამაში დახმარება კი მხოლოდ ღმერთს შეუძლია), ამიტომ მიდით მასთან, დატოვეთ ყველაფერი და ის მოგანიჭებთ სიხარულს; ის ამოგივსებთ იმ სიცარიელეს, რომელიც გტანჯავთ; ის მოგიშუშებთ იმ ჭრილობებს, რომლებიც ადამიანებმა მოგაყენეს. ის განგაახლებთ, რადგან უფლის დაღვრილი სისხლი ჯვარზე სრულიად საკმარისია.

როგორ ტალახშიც არ უნდა იყოთ, ყოველთვის არსებობს გამოსავალი – მოუხმეთ იესოს! ისაა საუკეთესო მკურნალი და ექიმი. მასშია უდიდესი ძალა და გამარჯვება.

24 ივნისი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

შენ ცუდი არ ხარ!

გიორგი ბურდილაძე 21 ივნისი, 2021
გიორგი ბურდილაძე

ხშირად ადამიანებს იმედგაცრუება გვიპყრობს იმ შეცდომების გამო, რაც ცხოვრებაში დაგვიშვია, ამიტომ არ მივიჩნევთ თავს კარგ ადამიანად, უფრო მეტიც, იმდენად გვძულს საკუთარი თავი, რომ უამრავ საგანძურზე ვამბობთ უარს… ვცდილობთ, დარდსა და ტკივილს ბოლომდე გავანადგურებინოთ თავი, თითქოსდა საკუთარი თავის დაკნინებით მივიღებდეთ გამოსყიდვას…

არადა ღმერთმა თავის მსგავსად შეგვქმნა!.. მისი მსგავსება კი გამოიხატება იმაში, რომ შენ ცუდი არ ხარ! თუ ცუდი ხარ, მაშინ ღმერთიც ცუდი გამოგყავს… თუ ღმერთი ცუდია, ვინღაა კარგი?

როგორი ვარ მე? ვარ ისეთი, როგორსაც სარკე აირეკლავს? ისეთი ხომ არ ვარ, როგორსაც ჩემი მეგობრები მხედავენ? იქნებ ისეთი ვარ, როგორსაც ოჯახის წევრები, ნათესავები მიყურებენ? ან იქნებ ისეთი ვარ, როგორსაც ვხედავ საკუთარ თავს?

მე, შენ ზუსტად ისეთები ვართ, როგორსაც ღმერთი გვხედავს! როგორს გვხედავს ღმერთი?

ისეთს, როგორიც თავად არის! საუკეთესო! სამართლიანი! უკომპრომისო, უანგარო! მოსიყვარულე და მოწყალე! სიტყვის მთქმელი და შემსრულებელი! ერთგული! მშვიდობისმყოფელი და ნუგეშისმცემელი! მეგობრული და მომთმენი! უანგაროდ გამცემი და უანგაროდ მიმღები! მარადიული!..

ღამით, ღმერთის წინაშე მუხლებზე დამდგარი წრფელი ადამიანი რომ დაგანახვა, როგორ იღვრება მისი გული უფლის წინაშე, თავისი დარდით და ტკივილით, სამადლობლითა და თხოვნით… აღიარებითა და ხედვით… უბრალოდ ერთხელ რომ შეგახედა უფლის თვალით, როგორი ხარ შენ, მე… სრულიად შეიცვლიდი აზრს საკუთარ თავზე…

ყველაფერი ეს კი ისევ და ისევ უფლის მადლით და წყალობით, მისი უკიდეგანო სიყვარულით… არამც და არამც ჩვენი დამსახურებით, კვლავ შეგვირიგა იესო ქრისტემ თავისში ღმერთთან, გააკრა ჯვარზე ყოველი ტვირთი, ტანჯვა, ტკივილი და დანაშაული… გამოგვისყიდა წმინდა სისხლით და ახლა, ვინც ის ვირწმუნეთ, აღარ ვეკუთვნით საკუთარ თავს… რადგან ფასი გადახდილია, ჩვენ კი თუ ვცოცხლობთ, უნდა ვცოცხლობდეთ მისთვის და მასთან ერთად… ვიდრე არ დადგებოდეს ის სანატრელი დღე, როდესაც ზეცა ხილულად იმეფებს ჩვენთან ერთად.

ამიტომ შენ არ ხარ ცუდი, რაც არ უნდა ჩაგედინოს, რაც არ უნდა შეგმთხვეოდეს… რა გარემოებასა და მდგომარეობაშიც არ უნდა ყოფილიყავი დღემდე და ამ წამამდე, იცოდე, რომ შენთვის დაღვარა სისხლი ქრისტემ და გვიანი არ არის, თუ მიხვალ მის წინაშე, დაფარულში და აღიარებ მას საკუთარ მხსნელად.

21 ივნისი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

სიცოცხლესა და სიკვდილს შორის გადებული ხიდი

თაკო გამგებელი 21 ივნისი, 2021
თაკო გამგებელი

რა გვჭირდება იმისთვის, რომ დავრჩეთ ქრისტეში?

რა არის ის, რაც ხანდახან ყველაზე მეტად გვიშლის ხელს, რომ ღმერთს ჩავეჭიდოთ და მას მივენდოთ?

ადამიანი შემოსილია სხეულით, რომელიც დროებითი ჭურჭელია ჩვენი სულისთვის. ასევე გვაქვს ემოციები და გონება.

ჩვენი სხეული ქვეყნიური სამყოფელია, რომელიც დედამიწაზე არსებობის დასასრულს ქვეყნიერებაზევე რჩება.

სული ღვთაებრივი და წმინდა რამაა. გადარჩენილი ადამიანის სული ცოდვის მძიმე უღლისგან თავისუფალია და ეს საუკუნო სიცოცხლის გარანტორია.

გონება კი მეტად რთული რამაა. ის ბოლომდე არც ხორციელია და არც სულიერი. ჩვენ ვიცით, რომ გონება ბრძოლის ველია. ვიტყოდი, რომ ის ბეწვის ხიდია, რომლის ქვეშაც ქვეყნიერება მიედინება, ხოლო მეორე მხარეს იესო ხელგამოწვდილი გვიცდის.

რატომ აქვს გონებას და ფიქრებს ამხელა მნიშვნელობა მოწაფეობრივ ცხოვრებაში?

ცხოვრების გზაზე წამოჭრილი დაბრკოლებები ცხადია და ჩვენ მათ პრობლემად აღვიქვამთ.

გონებაში მოსული არასწორი ფიქრი შეიძლება დაბრკოლებად არ მივიჩნიოთ, თუმცა რეალურად ის შეიძლება ეშმაკის მიერ მზაკვრულად დაგებული მორიგი მახე აღმოჩნდეს და ჩვენდა უნებურად გავხდეთ ცდუნების მსხვერპლნი. არასწორი აზრები და გონებაში გამეფებული სიბნელე ხშირად სწორედ ისაა, რაც ღმერთსა და ჩვენ შორის უფსკრულს აჩენს.

ამიტომაა საჭირო ფიქრების კონტროლი, რათა შევძლოთ ჩვენს გონებაში არსებულ ბრძოლის ველზე გამარჯვებით ზეიმი.

რა დაგვეხმარება გამარჯვებასა და ფიქრების კონტროლში?

1-ლი იოანე 2:27: „ხოლო ცხებულება, რომელიც თქვენ მიიღეთ მისგან, თქვენშია და არავისგან სწავლა არ დაგჭირდებათ, არამედ მისი ცხებულება გასწავლით ყველაფერს. და ის არის ჭეშმარიტი და უტყუარი, რასაც იგი გასწავლით. მასში დარჩით.“

საჭიროა, ვუსმინოთ ჭეშმარიტს და მივენდოთ წერილს, რადგან ის უტყუარია. შავბნელ ფიქრებთან ბრძოლას ვერ შევძლებთ, თუ არ მივენდობით სინათლეს და არ გამოვიყენებთ იმ ძალას, რომელიც ჯვრით მივიღეთ. ესაა გზა იმისთვის, რომ ღმერთი დარჩეს ჩვენში და ჩვენ მასში.

წერილი ამბობს, რომ თუ მზერას იესოს არ მოვაშორებთ, შევძლებთ, წყლის ტალღებზე ნაბიჯებიც გადავდგათ. თუ იესოსკენ მივმართავთ გონებასა და ფიქრებს, არ ჩაგვიტყდება სიცოცხლესა და სიკვდილს შორის გადებული ხიდი.

21 ივნისი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ნუთუ ღმერთმა მიმატოვა?

ბაია ლეკიაშვილი 9 ივნისი, 2021
ბაია ლეკიაშვილი

ხშირად მიფიქრია, რომ ჩემი რწმენით მთელ სამყაროს შევცვლიდი. ქრისტესადმი რწმენა მაძლევდა საბაბს, შევწინააღმდეგებოდი ყველა სირთულეს.

და აი ახლა, როდესაც მორიგი პრობლემა მომადგა კარს, როდესაც მორიგი გამოცდა დავიტეხე თავს, ისევ მეგონა, რომ მე გავიმარჯვებდი. იმდენად მჯეროდა, იმდენად ვიყავი საკუთარ თავში დარწმუნებული, რომ მზადყოფნა გამოვუცხადე პრობლემას და მასთან საომრად გავემართე, თუმცა უიარაღოდ. ზუსტად მაშინ, როდესაც ჩემი გამარჯვება უნდა მეზეიმა, დავმარცხდი… და რატომ მოხდა ასე? მრავალი კითხვა მიტრიალებს გონებაში.

ნუთუ ღმერთმა მიმატოვა?

რატომ დავმარცხდი, განა უფალი არ შემეწია?

ნუთუ ჩათვლიმა ღმერთმა?

ბოლოს კი ჩავუკვირდი ჩემს გზებს და აღმოვაჩინე, რომ ღმერთი არასდროს ტოვებს თავის შვილებს მარტო; ღმერთი ყოველთვის იცავს თავის მოყვარულს; ღმერთს არასდროს სძინავს; მაშინაც კი, როდესაც ჩვენ მშვიდად გვძინავს, უფალი ფხიზლობს ჩვენ გამო, რომ აგვარიდოს სიავე და მწუხარება. ჩემს გზებს ჩავუკვირდი და დავინახე, რომ ღმერთს ხელი თავად გავუშვი და მარტო აღმოვჩნდი პრობლემის წინაშე არა იმიტომ, რომ ღმერთმა მიმატოვა ან დავავიწყდი, არამედ იმიტომ, რომ მე დამავიწყდა ის.

როდესაც გამარჯვება უნდა მეზეიმა, ზუსტად მაშინ დავმარცხდი-მეთქი, ვახსენე მონათხრობის დასაწყისში, თუმცა ვიტყოდი, რომ ჩემს დამარცხებაში არის ჩემი გამარჯვება, მე გავიმარჯვე იმის მიუხედავად, რომ ეს კონკრეტული პრობლემა ჩემს რწმენაზე მაღლა დადგა.

მივხვდი, რატომ აღმოვჩნდი დამარცხებულ პოზიციაში. კითხვები მოდიოდა გონებაში, თუ რატომ მოხდა ეს და კითხვასთან ერთად პასუხმაც არ დააყოვნა: „მცირე ყოფილა ჩემი რწმენა.“ მაშინ, როდესაც რწმენა გამომეფიტა, შიშმა და უსუსურობამ დაისადგურა ჩემს გულში.

მექანიკური რწმენა – აი, რა იყო ჩემი პრობლემა. როდესაც გგონია, რომ ყველაფერს სწორად აკეთებ, როდესაც გგონია, რომ ფხიზლობ, როდესაც გგონია, რომ ფეხზე მყარად დგახარ, როდესაც ყველაზე მეტად გგონია, რომ რაღაც სწორია, ზუსტად მაშინ ეცემი.

1-ლი კორინთელთა მიმართ 10:12 ამბობს: „ამიტომ ვინც ფიქრობს, რომ დგას, გაფრთხილდეს, რომ არ დაეცეს.“

ყველაფრის მიუხედავად, გვაქვს ღვთის მადლით მისი შემეცნების უნარი, რათა მივბაძოთ ერთადერთ სრულყოფილ სიყვარულს და მისი მართალი სიტყვის მეშვეობით გავმართლდეთ მისი სახელის სადიდებლად.

ჩემთვის ეს „დამარცხება“ აღმოჩნდა გამარჯვებული ცხოვრების დასაწყისი. იმისათვის, რომ ვიცხოვროთ გამარჯვებულებმა და არა დამარცხებულებმა, აუცილებელია საკუთარ თავებს ჩავუკვირდეთ და დავუსვათ კითხვა: „მცირე ხომ არ არის ჩემი რწმენა?“

და თუ აღმოაჩენთ, რომ მართლაც მცირეა იგი, აუცილებლად მიეახლეთ მადლის ტახტს, რათა უფალმა გამოკვებოს „საჭირო ელემენტებით“ თქვენი რწმენა.

9 ივნისი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

მაპატიე, უფალო…

მიმი ტიელიძე 31 მაისი, 2021
მიმი ტიელიძე

ცოდვებმა შემომიტია, დავმძიმდი და ვეღარ ვიმართები წელში. ჩემი ძვლები გამოიფიტა ამდენი ცოდვის ზიდვით. გამახსენდა, ერთ დროს როგორ ვიჯექი ავყიათა საკრებულოში და იმას ვაკეთებდი, რაც შენ გძულს, უფალო: ვმრუშობდი, ვლოთობდი, ვლაზღანდარობდი, უწესოდ ვიქცეოდი, ღრეობაში ვატარებდი ჩემს ცხოვრებას. შენ კიდევ იცდიდი, როდის გამახსენდებოდი, როდის გამახსენდებოდა დაფარულში შესვლა და შენი სახელის მოხმობა. ელოდებოდი, შენს სიტყვას როდის გადავშლიდი და როდის შევიმეცნებდი სიბრძნეს, როდის გამინათდებოდა გული და შევწყვეტდი ცხოვრების ამაოდ გაფლანგვას.

შენ იცდიდი, კიდევ მაძლევდი შანსს უკან მობრუნების, იმ გზაზე დაბრუნების, რომელიც მართალია ვიწროა, მაგრამ სამაგიეროდ სიცოცხლისაკენ მიჰყავს ადამიანები. შენ გსურდა, ფართო გზიდან გადამეხვია, იმ გზიდან, რომელზეც  დავდიოდი და რომელიც ამქვეყნიური სიამოვნებებით იყო სავსე, მაგრამ მას საბოლოოდ მხოლოდ სულიერი სიცარიელე და შენგან გაუცხოება მოჰქონდა.

ვაგრძელებდი ცოდვაში გორაობას, დიახ, როგორც ღორი ტალახში გორაობს და კოტრიალობს, ზუსტად ისე ვეხვეოდი ტალახში. ტალახში, რომელიც მითრევდა და ჩემს სამოსელს ბინძურს ხდიდა. მე ცოდვის ჭაობში ვიძირებოდი, თან ისე, რომ ვერ ვხვდებოდი. სამაგიეროდ, შენ ხედავდი ყველაფერს და გული ჭრილობებით გევსებოდა.

შენ კიდევ ცდილობდი, ჩემთვის გეთქვა: ჩემო სულელო ბავშვო, მე მაქვს, შვილო, ყველაფერი, რაც შენ გჭირდება, შენ კიდევ ცოდვების მორევში მიექანები. რატომ არ გესმის, რომ ამით განა მხოლოდ მე მტკენ გულს, არამედ საკუთარ სულს აზიანებ? სულს, რომელიც ძვირფასი სისხლის გაწირვით გამოვისყიდე… შვილო, შენ თუ ვერ ხედავ შენს ლაქებს, მე ვხედავ. მე არ მინდა, ბინძურმა იარო… გესმის? მე შენთვის ულამაზესი და სუფთა კაბები მაქვს, ისეთი არა, ქვეყნიერება რომ გპირდება… შენ ჩემი ხარ, იცი თუ არა ეს? რაც ჩემია, მე მას ხელს არასდროს არ გავუშვებ. ის სამყარო კი, შენ რომ აღმერთებ, ზუსტად ერთ წამში მიგატოვებს, ზუსტად ერთ წამში მოგისვრის სანაგვეზე. შენ ამისთვის არ შეგქმენი. ჩემი ქალიშვილები სამეფო სასახლეში დადიან და იძენენ სიბრძნეს, რომელიც მათი მამისგან მოდის. შენ ვისთან მიდიხარ, როდესაც რჩევა გჭირდება? ეგ სასმელი ჩემზე უკეთესია? მაგ კაცს შეუძლია შენი სულის ხსნა? არა, ხომ? ქეიფისა და გართობის დროს მე რატომ არ გახსენდები, შვილო? შენ ხომ ერთ დროს მამიკოს მეძახდი, ახლა სად ვარ? რად დამივიწყე? რატომ დაივიწყე მამაშენის სახლი?

მე არ ვუსმენდი, ან არ მსურდა, რომ გამეგონა. იქნებ მართლა ვერ ვიგებდი? გული გამქვავებოდა, აღარ მიმაჩნდა საჭიროდ ჩემი ზეციერი მამის სახლში სიარული და მისი მოსმენა. მე ხომ ისედაც კარგად ვერთობოდი, რაღა საჭირო იყო ღმერთი.

ჩემი ზეციერი მამა შეურაცხყოფილი იყო, იმიტომ, რომ ვუღალატე. ამ ქვეყნიერებაზე გავცვალე. როგორ მოიქცეოდა ის ადამიანი, რომელსაც უღალატეს? მე მაგალითად, ასეთ ადამიანს მეორე შანსს აღარ მივცემდით, ბოდიშიც რომ მოეხადა მას. მაგრამ ჩემი ზეციერი მამა ასე არ მომექცა. უფალმა ისეთი რაღაც გააკეთა, სიკეთის ყველა განზომილებას სცდება. მე მისთვის არ დამიძახია, მე მისთვის პატიება არ მითხოვია, მე ბოდიში არ მომიხდია, მე მასთან არც კი მივსულვარ, ისევ იმავე სისულელეების გაკეთებას განვაგრძობდი, თუმცა ხანდახან სინდისი მაწუხებდა, რომელსაც ვაჩუმებდი ხოლმე. ეს სინდისიც შენი შექმნილია, უფალო, ადამიანთა გამოსაფხიზლებლად.

მაგრამ შენ ისე კარგად მომექეცი, მე რომ არ დამიმსახურებია. მიუხედავად იმ ტკივილისა, რაც მე მოგაყენე, შენ მაინც გადაწყვიტე, შენი სულელი ბავშვი გამოგეხსნა. ერთ ღამესაც, როდესაც მე უშფოთველად მეძინა, შენ ჩემი სულისგან ამოკრიფე ის მანკიერებანი, რომლებიც ჩემს სულს უშლიდა ხელს შენთან ურთიერთობაში.

და როდესაც გავიღვიძე, მივხვდი, რომ ამ დილით სხვანაირი ვიყავი, ისეთი აღარ ვარ, როგორიც გუშინ, და დავიწყე ფიქრი: რა ხდება, რატომ აღარ მიმიწევს გული გარყვნილებისკენ? რატომ აღარ მინდა, ღრეობის მონაწილე ვიყო? და შემეშინდა. წარსულთან კავშირი გაწყვეტილი მქონდა. ისეთი გავმხდარიყავი, როგორიც წლების წინ, აი, მაშინ, ლოგინზე დამხობილი ღმერთს რომ მოვუხმობდი და ვეუბნებოდი, რომ მასზე მეტად არავინ მიყვარდა, რომ მხოლოდ მას ვემსახურებოდი ამიერიდან.

რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც გავაანალიზე, თუ რა მოხდა, მივხვდი ერთ რაღაცას: ჩემმა კეთილმა უფალმა არ დაუშვა ჩემი დაღუპვა. განა ვინმეს ამაზე მეტად ვუყვარვარ? არა! არავის არ ვუყვარვარ ასე და არც შეუძლიათ, ასე შემიყვარონ. და წამსკდა ცრემლები, რადგან გული მადლიერებით აივსო.

– ღმერთო, ახლა გთხოვ პატიებას, მართალია, ჯერ მე უნდა მეთხოვა პატიება და შენ მერე გამოგეხსენი, მაგრამ შენ არ დამელოდე. კიდევ კარგი, არ დამელოდე, უფალო, ხომ დავიკარგებოდი სამუდამოდ? ხომ დავიღუპებოდი? შენ გარეშე ყველა დავიღუპებით, რადგან არ არსებობს სიცოცხლისკენ მიმავალი სხვა გზა. მაპატიე… მაპატიე, უფალო… და ისიც მაპატიე, რომ ახლა გთხოვ პატიებას… მე დავაგვიანე,..

მისმენდა. ბოლომდე მომისმინა. ვიცი, რომ ეღიმებოდა. და მე გავიგონე: შენ ჩემი ხარ, ეს არასოდეს დაგავიწყდეს. და არ არსებობს მიზეზი, რის გამოც შენზე უარს ვიტყვი. მე ადამიანი არ ვარ, დამსახურების მიხედვით რომ გასცემდეს სიყვარულს. ჩემი სიყვარული უპირობოა. უბრალოდ იმ დღეებს რა ვუყოთ, შვილო, რომელიც ერთად არ გავატარეთ?

მე დავიბენი.

– იქნებ შესაძლებელი იყოს იმ დღეების აღდგენა, უფალო?

– ვერა, შვილო, იმ დღეებს ვეღარ დააბრუნებ. განა შეძლებ, დედაშენის მუცელში ხელმეორედ შეხვიდე და თავიდან იშვა?

– თუ საჭირო გახდა, მე მაგისთვისაც მზად ვარ, – მთელი გაბედულებით მივუგე.

გაიცინა ჩემმა ზეციერმა მამამ. მივხვდი, რამდენი დამიკარგავს, რადგან ბოლოს მისი სიცილი დიდი ხნის წინ გავიგონე.

– შვილო, ხელი ჩამჭიდე.

მე უფალს ხელი ჩავჭიდე და იმ დღიდან ერთად ვაგრძელებთ სიარულს.

და მე აღარ მეშინია – იქნებ იმიტომ უნდა დამეკარგა საკუთარი თავი, რომ მერე ჩემი უფალი, ანუ ნამდვილი სინათლე მეპოვა…

31 მაისი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

რაღა მოვითხოვო შენგან?!

ლიკა მელანაშვილი 31 მაისი, 2021
ლიკა მელანაშვილი

უფალო, ჩემი ფარი ხარ, სული მაქვს შენთან მშვიდად.

დაცემულს ხელს მიწვდი, ჩემი ტკივილებით სავსე გაქვს მხრები, რაღა მოვითხოვო შენგან?

ცრემლს მწმენდ და იარებს მიშუშებ,

თავშესაფარი ხარ ჩემი.

ყველასგან მიტოვებული სასურველი ვარ შენთვის,

ვინ შემიყვარებს ასე?

იმედი ხარ ჩემი, პირველი და უკანასკნელი.

თითოეულ ნაბიჯს ვზომავ, რომ არ გატკინო, ისედაც საკმარისად ეწამე ჩემთვის.

ვინ ვარ, უფალო?

არავინ და არაფერია ჩემი არსება, ხორცი – სუსტი და უძლური,

გული მინდა მქონდეს საშენო, ღმერთო,

იქნებ ოდესმე გავხდე შენი ღირსი…

არაფერი ვარ უშენოდ, შენ ავსებ ჩემი სულის სიცარიელეს.

შენს თვალში შიშველს რიდი მკლავს, ღმერთო, როგორ დაგენახვო ასე?

საგანგებოდ ვემზადები შენთვის…

იქნებ ვიღაცისთვის მეც ვიყო შვება?

იქნებ დაცემულისთვის ვიყო ხელი,

გაწვდილი და სანდო, ღმერთო, რა გავაკეთო შენთვის?

შენი ერთგული ვიყო, მინდა.

ჩემი არეული გზების დამლაგებელო, შენ გიძღვნი ყველაფერს, შენით ვარსებობ.

შენს ვენახში ვდგავარ მუხლმოყრილი და ჩემს წილ საქმეს გთხოვ, იქნებ რამეში გამოგადგე, იქნებ ვარ საჭირო?!

ერთ გოჯ მიწას მაინც დავამუშავებ ჩემ შემდეგ მომავალი ყვავილებისთვის.

ვიქნები შენს ვენახში და ჭრილობებიდან ცრემლებს მოვწმენდ ვაზს.

დააკაკუნე, უფალო, ჩემს კარზე, გელოდები,

მინდა გაგიღო, შემოგიშვა, ჩემთან ივახშმო, დაგასვენო,

დასაძინებლად მე თივის ზვინიც მეყოფა.

უფალო, ჩემი ქარიშხლიანი დღეების გამოდარებავ,

თავშესაფარი ხარ ჩემი, რაღა მოვითხოვო შენგან?!

31 მაისი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ახალი ბლოგები
ძველი ბლოგები
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 2

    მხსნელი უფალი

    26 თებერვალი, 2020
  • 3

    ღმერთი არ არის საშუალება

    5 დეკემბერი, 2022
  • 4

    ფიზიკური ნაკლი არ არის პრობლემა…

    7 ოქტომბერი, 2020
  • 5

    მედროვე ადამიანთა ქმედებები…

    22 მარტი, 2019


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ