ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ
  • stories

  • Memories

  • About Me

ბლოგები

„ნუ ეძებ კაცთა შორის, უფალს მიმართე… ის გელოდება…“

თაკო გამგებელი 27 ოქტომბერი, 2021
თაკო გამგებელი

ხანდახან ისე მტანჯველად და მძიმედ ცემს გული, ადამიანს სიკვდილს მოანატრებს… 

დაღლილი თვალები ღაღადებს და ბაგეები დუმს, ყოველი ამოსუნთქვა მტკივნეული ხდება…

სად წავიდე?..

რა გზას დავადგე?..

რით ვუშველო საკუთარ თავს?..

ამაოდ ცდილობ…

ფუჭია შენი ძალა საკუთარ ტკივილთა მოსაშუშებლად. ვერც დრო ვერ შეძლებს გატეხილი გულის გამთელებას, რომელიც ძლივსღა ფეთქავს…

უნდა წახვიდე მასთან, ვინც მუდამ გელოდება;

მას უნდა ჩასჭიდო ხელი, ვინც სანდოა;

მას უნდა გაუზიარო ტკივილი, ვინც მკურნალია;

ის უნდა გიყვარდეს, ვინც პირველმა შეგიყვარა;

ამ ყოველივეს ძიება ადამიანთა შორის ამაოებაა…

თავს ნუ მოიტყუებ!

კაცი მყარი კედელი არაა, შეიძლება ის დაინგრეს და ამ ნანგრევებმა შენც ცოცხლად დაგმარხოს.

ადამიანი საკუთარი თავის შესაცნობად ევლინება ამ ცოდვილ მიწას. ისე ნუ წახვალ ამ ქვეყნიდან, საკუთარი თავი რომ ვერ შეიმეცნო და ადამიანად ყოფნის თავისებურება სულით ხორცამდე არ ან ვერ განიცადო.

მარადისობაში საკუთარ თავს ის გვაპოვნინებს, ვინც გვითხრა: „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ“ (მათე 11:28).

27 ოქტომბერი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

უდანაშაულოთა სისხლი…

ბაია ლეკიაშვილი 12 ოქტომბერი, 2021
ბაია ლეკიაშვილი

ზეიმია… მალე ოჯახს ახალი სიცოცხლე უნდა მოევლინოს, ბიჭი იბადება… იმედი გვარის გაგრძელების და იმედი მშობლების, რომ ღრმად მოხუცებულობის პირას მისულებს საკუთარი შვილი მოუვლით… ბიჭი დაიბადა, იმედი დაიბადა ოჯახის, ყველა ზეიმობს… პირველი ნაბიჯები აიდგა, საუბარი ისწავლა…

დედა და მამა დღედაღამ მუხლჩაუხრელი შრომით შრომობენ, რათა იდეალური მომავალი შეუქმნან შვილს, რომელიც ერთადერთი იმედია მათთვის…

ბიჭი გაიზარდა, სკოლა დაამთავრა; შეუყვარდა… შეიყვარეს… ბევრს მიაღწია; მშობლების საამაყო შვილი გახდა; სიკეთით სავსე, მეოცნებე ადამიანად ჩამოყალიბდა… ბავშვობიდან ძალიან ხიბლავდა მოგზაურობა. ერთ მშვენიერ დღესაც გადაწყვიტა – სადმე, მყუდრო, პატარა, მაგრამ ისტორიებით სავსე ადგილას ემოგზაურა… მშობლებს გაუჭირდათ, მიეღოთ საკუთარი ვაჟის ასეთი, მოულოდნელი გადაწყვეტილება, თუმცა შვილს გული არ დასწყვიტეს და ცრემლნარევი თვალებით და იმის მოლოდინით, რომ შინ უვნებელს მალე იხილავდნენ, საქართველოში გამოუშვეს… ნეტავ რა იცოდა დედის გულმა, რომ შვილს ვეღარასდროს ნახავდა, ან რა იცოდა საბრალო მამამ, რომ თავისი ცხოვრების იმედი, საკუთარი სულის ნაწილი სასიკვდილო გზაზე გააცილა უკანასკნელად…

დიახ, ეს ის ბიჭია, რომელიც სამარცხვინო ჯალათებმა მოკლეს, ეს ის ბიჭია, რომელიც უმოწყალოდ და წარბშეუხრელად გაიმეტეს ცივი მიწისთვის, მატლებისთვის, უკუნითი სიბნელისთვის…

ნეტავ რას ვიგრძნობთ თითოეული ჩვენგანი, თუ გავიგებთ, რომ ვიღაც არაადამიანმა საკუთარი შვილი, ჩვენივე სულის ნაწილი წაგვართვა?

ნეტავ რას იგრძნობ, როდესაც გაიგებ, რომ შენი შვილი სიცოცხლის ბოლო წამებს მკვლელთან ჭიდილში ატარებდა, იმ იმედით, რომ როგორმე, რამენაირად ხელიდან დასხლტომოდა იქნებ?..

ნეტავ რას ვიგრძნობდით თითოეული ჩვენგანი, თუ შვილის გვამის ნახვაც არ გვეღირსებოდა?

ნეტავ რას ვიგრძნობდით მაშინ, როდესაც ცარიელ სახლში დავიძინებდით, იმ ადამიანის გარეშე, რომელიც ჩვენი ნაწილია?

ნეტავ რას ვიგრძნობდით მაშინ, როდესაც საოჯახო ალბომის თვალიერებისას, სიხარულის ნაცვლად, ცრემლებით მოვრწყავდით ფოტოსურათებს?

ნეტავ რას გრძნობ ახლა, როდესაც  ამ ნაწერს კითხულობ?

გული გეტკინა? იქნებ შიშმა მოგიცვა?

შეგებრალა მოკლული ბიჭი? მისი მშობლები?!

მე გამოგიტყდებით და მთელი ჩემი შინაგანი სამყარო პროტესტის გრძნობით შეიმოსა და ხმამაღლა ღრიალებს… არ შემიძლია, არ დავწერო და არ მოგიწოდო:  კმარა, უბრალოდ „გაატარო“ და ასეთი მძიმე ფაქტების შესახებ მხოლოდ და მხოლოდ წაიკითხო, თვალი გადაავლო… შეიძლება ეს მოკლული ბიჭი შენი შვილი, ძმა, მეგობარი, კლასელი ან ნათესავი არ ყოფილა, მაგრამ რა იცი, ვინ იქნება შემდეგი?..

გამოფხიზლდი! იყავი მეტად გულისყურით, საქართველოვ… ბევრი შვილი მოგიკლეს და ახლა, შენთან მოსულ სხვა ქვეყნის შვილებსაც უმოწყალოდ იმეტებენ ცივი მიწისთვის, მატლებისთვის, უკუნითი სიბნელისთვის!.. განა შეიძლება ასე?.. ნუთუ აღარ არის გამოფხიზლების დრო?!..

12 ოქტომბერი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

შეგვინდე, ღმერთო…

ნატალია ჩიქოვანი 11 ოქტომბერი, 2021
ნატალია ჩიქოვანი

უამრავი ტრაგედია აზვირთებული ტალღებივით გვატყდება თავს, გადაგვფარავს, სუნთქვას შეგვიკრავს, დარდში ჩაგვახრჩობს და თავად კი დავიწყებას ეძლევა, რადგან ისევ ამოდის მზე, ისევ ურცხვად თენდება ღამე, თითქოს ახალთვალახელილ სიცოცხლეს სამუდამოდ არ დაეხუჭოს თვალი…

ისევ უდარდელად აიშენებენ ადამიანები სახლებს, თითქოს არ არსებობდეს ნასახლარი, 9 ადამიანისთვის რომ საფლავად იქცა… ისევ მიაშენებენ უკანონო ფართს, საბინადრო ადგილს, თითქოს არც არასდროს არაფერი მომხდარა… მომდევნო ტრაგედიამდე, იქამდე, სანამ ისევ შეგვეკვრება სუნთქვა და საყოველთაო გლოვითა და აღშფოთებით მოვიწმენდთ ნამუსს გაუხარელ სიცოცხლეთა წინაშე, და მერე ისევ ურცხვად ამოვა მზე… ზოგჯერ ტრაგედია თავს დაგვატყდება, მაგრამ ის, რისი თავიდან აცილებაც ჩვენ, ყველას ერთად და ცალ-ცალკე შეგვეძლო, ტრაგედია არ არის, დანაშაული და უპასუხისმგებლობაა…

ზოგჯერ სხვადასხვა ტრაგედია თავს დაგვატყდება და წაგვართმევს ძვირფასი ადამიანების სიცოცხლეს, მაგრამ საქმე ისაა, ვსწავლობთ თუ არა ასეთ დროს სხვისი სიცოცხლის ფასს, თუ უბრალოდ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ვცხოვრობთ?!.. მინდა, ოდესმე სიხარულიდან სიხარულამდე და ბედნიერებიდან ბედნიერებამდე ვცხოვრობდეთ, მაგრამ ჯერ პასუხისმგებლობიდან პასუხისმგებლობამდე ცხოვრება უნდა ვისწავლოთ!..

ზოგჯერ ტრაგედია თავს დაგვატყდება და ადამიანები ღმერთს დააბრალებენ ადამიანებისგან ადამიანების გაწირვას… შეგვინდე, ღმერთო…

11 ოქტომბერი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

არასდროს დაკარგო ღმერთის იმედი!..

ნატალია ჩიქოვანი 11 ოქტომბერი, 2021
ნატალია ჩიქოვანი

 წინ უნდა იარო! ადამიანად რომ დაიბადები, მას შემდეგ სულ წინ უნდა იარო! უკან მოხედვა ან გაჩერება სიკვდილს უდრის, შესაძლოა ფიზიკურს არა, მაგრამ შინაგანს, და ეს სიკვდილი უფრო ღრმა და გამანადგურებელია, ვიდრე გარდაცვალება. სულ წინ უნდა იარო, თუ გინდა, დანიშნულების ადგილზე მიხვიდე.

ცხოვრების გზაზე:

✅ შესაძლოა დაიღალო, მაგრამ არ მოიქანცო!

 ✅შესაძლოა, ხანდახან იმედი გადაგეწუროს, მაგრამ სასოწარკვეთას არ მიეცე!

 ✅შესაძლოა, დაეცე კიდეც, მაგრამ რწმენა არ დაკარგო კვლავ წამოდგომის!

 ✅შესაძლოა, მარტოც დარჩე, მაგრამ არ გატყდე!

 ✅შესაძლოა, რისიც გჯეროდა, ტყუილი აღმოჩნდეს, მაგრამ განაგრძე! და შენ შექმენი ის, რისიც გჯეროდა!

 ✅შესაძლოა, ბევრჯერ დამარცხდე, მაგრამ გწამდეს გამარჯვების!

 ✅შესაძლოა შეგიძულონ, მაგრამ არ შეწყვიტო სიყვარული!

 ✅შესაძლოა, ფეხი დაგიდონ, მაგრამ არ შეწყვიტო სხვათა დახმარება!

 ✅შესაძლოა, რაღაცები დაკარგო, მაგრამ არ შეწყვიტო გაცემა!

 ✅ამ გზაზე, შესაძლოა, ბევრი რამ მოხდეს, მაგრამ არასდროს დაკარგო ღმერთის იმედი!

ეს გზა ადამიანად ყოფნის გზაა და ადამიანად რომ დაიბადები, სულ წინ უნდა იარო!..

11 ოქტომბერი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

„შეაწუხე“ მოძღვარი…

რუსუდან ილურიძე 26 სექტემბერი, 2021
რუსუდან ილურიძე

ახალი აღთქმა (ლუკას სახარება, მე-8 თავი) გვიამბობს სინაგოგის მთავრის, იაიროსის, შესახებ. ის იესოსთან მიდის, რადგან მისი ქალიშვილი სიკვდილის პირასაა; და მას სურს, გაჰყვეს იესო თავის გოგონასთან, რათა განკურნოს იგი… უფალ იესოსთან საუბრის პროცესში, იაიროსთან მისი სახლიდან გამოგზავნილი პიროვნება მიდის და ეუბნება: „შენი ასული მოკვდა. ნუღარ შეაწუხებ მოძღვარს [იესოს].“(ლუკას 8:49). ამის გამგონე იესო სინაგოგის მთავარს საპირისპირო რამეს ეუბნება: „ნუ გეშინია, მხოლოდ ირწმუნე და გადარჩება.“ (ლუკას 8:50). იესო გაჰყვება იაიროსს და მკვდრეთით აღადგენს მის გოგონას.

ძვირფასო მკითხველო, არ ვიცი, რა ხდება ახლა შენს ცხოვრებაში, რას ებრძვი, რამდენნაირ პრობლემას გადიხარ და როგორ ტკივილს განიცდი… იქნებ ერთი და იგივე შეცდომა დაუშვი მრავალჯერ და გგონია, რომ შენი პრობლემა ვეღარ მოგვარდება და გამოსწორდება; იქნებ იაიროსივით ვიღაცის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვი; იქნებ უკვე იმდენჯერ დაეცი, რომ დანებებას აპირებ, რადგან ვიღაც გეუბნება: „დამთავრდა! შენი საქმე წასულია! დანებდი! ნუღარ შეაწუხებ მოძღვარს!..“

იცი, არ აქვს მნიშვნელობა შენს მდგომარეობას და მის სიმძიმეს; არ აქვს მნიშვნელობა წინააღმდეგობას, რომლის წინაშეც დგახარ და გამოსავალს ვერ ხედავ; არ აქვს მნიშვნელობა, თუ შენ გარშემო არსებული გარემოებანი დანებებისკენ გიბიძგებენ; რადგან შენი მოძღვარი, შენი უფალი, რომელიც შეუძლებლის შემძლე ღმერთია, და რომლისთვისაც არასოდეს არ არის გვიან, შენ გვერდით დგას და გეუბნება: „ნუ გეშინია, მხოლოდ გწამდეს!“   

ახლა მინდა, გითხრა: ადექი და „შეაწუხე“ შენი უფალი, ნუ უყურებ ნურანაირ წინააღმდეგობას, უფალს უყურე!.. იესომ ერთხელ თქვა: „ნეტარია, ვინც არ შეცდება ჩემში“ (ლუკას 7:23), ნუ დაივიწყებ უფლის ყოვლისშემძლეობას და მასზე დაამყარე იმედი, მასზე დაიმედებული არ შერცხვება! ის აუცილებლად უპასუხებს შენს რწმენას!..

„კურთხეულია კაცი, რომელსაც უფლის იმედი აქვს, უფალი იქნება მისი დასაყრდენი.“ (იერემია 17:7).

ნუ გეშინია, უბრალოდ გწამდეს!..

და კიდევ ერთხელ, ადექი და „შეაწუხე“ შენი მოყვარული მამა და მოსიყვარულე მოძღვარი!..

26 სექტემბერი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

ის მოკვდა, რათა გვქონოდა საუკუნო სიცოცხლე

თაკო გამგებელი 20 სექტემბერი, 2021
თაკო გამგებელი

მზეს დავასწარი გაღვიძება და გარიჟრაჟის მოლოდინში ჰორიზონტს გავყურებ.

ღიმილი დასთამაშებს ჩემს ახლად გაღვიძებულ სახეს… თუმცა ღიმილი მალევე შეიცვალა ცრემლებით და ერთიმეორის მიყოლებით დაეშვა დილის სუსხით გაწითლებულ ღაწვებზე.

ახალი დღე ხომ ცხოვრების ახალი შანსია. ჩემი გული მოლოდინით აღსავსეა და გამალებით ძგერს. ვგრძნობ, როგორ მოძრაობს სისხლი ძარღვებში და როგორ ვივსები სიცოცხლით, რადგან უფალია ჩემს გულში. მახსოვს ის ერთი, არაფრით გამორჩეული, რუტინული დილა, როდესაც გავიაზრე, რომ ამხელა სამყაროს შემოქმედს ძლიერ ვუყვარდი. მე კი ამ უკიდეგანო სიყვარულს შევფიცე მარადიული ერთგულება, რადგან ყოველ დილით ვიხსენებ, რომ იესო ჩემ გამო შეუდგა გოლგოთის გზას.

ის დაეცა, რათა მე წამოვმდგარიყავი.

მას სტკიოდა, რათა მის ჭრილობებში მე მიმეღო განკურნება.

ის ითმენდა, რათა აღსრულებულიყო მამის სიტყვა და „ლომი იუდას ტომიდან“ გამხდარიყო ჩვენთვის შეწირული კრავი.

მას სწყუროდა, რათა ჩემს სულს მისით ესაზრდოვა გამოფიტულ მიწაზე.

მისი სისხლით განვიწმინდე.

ადამის მოდგმამ კვლავ იხილა ამომავალი მზე, რომელსაც მე ასე ველოდები ყოველ დილით.

გარიჟრაჟისას ჩემს გულში წვეთ-წვეთად იღვრება სიტყვები, როგორც კრავის სისხლი გოლგოთის მიწაზე: „ის მოკვდა ჯვრაზე, რათა მისით და მასში გვქონოდა სიცოცხლე უკუნითი უკუნისამდე!..“

20 სექტემბერი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

სწორად აღვლენილი ლოცვა

რუსუდან ილურიძე 20 სექტემბერი, 2021
რუსუდან ილურიძე

უფლის წინაშე მეტად აღარ მიმაქვს ის სათხოვარი, რომელიც მგონია, რომ მჭირდება… 

დავიწყე ლოცვა, რომ ღმერთმა იმით მაკურთხოს, რასაც თავად მიიჩნევს საჭიროდ ჩემს ცხოვრებაში!

უფალია ჩემი შემოქმედი! მისთვის ცნობილია ყოველი ჩემი საჭიროება. ის ერთადერთია, ვინც უწყის ჩემი ხვალინდელი დღე, და ზუსტად იცის, რა დამჭირდება, როდესაც იქ აღმოვჩნდები!

აღარ ვთხოვ უფალს, ამარიდოს ყველა ის ბრძოლა, რომელიც ცხოვრების განმავლობაში მომიწევს; არამედ ვლოცულობ, რომ რწმენით შემმოსოს, რათა მისით განმტკიცებულმა შევძლო, ყოველ ამ ბრძოლაში გამარჯვება დავიმკვიდრო; გამარჯვება, რომელიც მან ჩემთვის მოამზადა!..

20 სექტემბერი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

ადამიანს ყველაზე ძვირფასი საკუთარი სიცოცხლე აქვს

ბაია ლეკიაშვილი 20 სექტემბერი, 2021
ბაია ლეკიაშვილი

ერთ დღეს კარზე დიდმა გაჭირვებამ მომიკაკუნა… თითქოს ყველამ უარმყო… ის ადამიანები შემომეცალნენ ხელიდან, რომლებიც ყველაზე მეტად მიყვარდნენ და ვენდობოდი… ყველა გაქრა და ხელიდან დამისხლტა, როგორც  თოვლის ფიფქები… ვიყურებოდი ირგვლივ და არავინ იყო ისეთი, ვინც ბნელ წყვდიადში ხელს გამომიწვდიდა გზის გასაკვალად.

ვტიროდი, მაგრამ ვერავინ მხედავდა… ვყვიროდი, თუმცა ჩემი ხმა არავის ესმოდა… მტკიოდა, მაგრამ ტკივილს ვერავინ მიამებდა… ძალიან უსუსური, სასოწარკვეთილი და იმედგაცრუებული ვიყავი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფიქრები მდინარეებად მოდიოდა და მეუბნებოდა: „დაასრულე ეს ტანჯვა!“

ბევრჯერ ვცადე ფეხზე წამოდგომა, მაგრამ ყოველ ჯერზე თითქოს უფრო მეტად ვვარდებოდი შავ უფსკრულში… ვერავის და ვერაფერს ვეჭიდებოდი, და ზუსტად ამ დროს კვლავ მოდიოდა ფიქრი: „დაასრულე ეს ტანჯვა!“  ეს ფრაზა ყოველ ჯერზე მსტუმრობდა, როდესაც ძლიერ განვიცდიდი მარცხს… მაშინ, როდესაც აზრს კარგავდა სიცოცხლე; მაშინ, როდესაც ვერსაიდან ვერ ვხედავდი გამოსავალს და მეგონა, რომ ღმერთმაც მიმატოვა… მეც ვიფიქრე ერთხელ: მოდი, დავასრულებ ამ დიდ ტკივილს, სამუდამოდ შევუერთდები ბნელ წყვდიადს…

მდინარე… აი, ჩემი გამოსავალი… ის საკმაოდ ღრმაა…. შუაღამე შევარჩიე და დამცავ ბარიერზე ავედი; ხელები გავშალე; ცრემლები ერთიმეორის მიყოლებით ჩამომდიოდა სახეზე; ვტიროდი და გულში ვფიქრობდი: „ნეტავ რა იქნება, ნეტავ რა იქნება ამის შემდგომ?..“ ყურში კი უფრო და უფრო ძლიერდებოდა ხმა: „დაასრულე ეს ტანჯვა, სულ ცოტაც და…“ ვტიროდი, ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს… ბოლოს ვთქვი: „საკმარისია! ახლაც ვტირი, ახლაც ვერავინ მხედავს, ჩემი გული ნაგლეჯებადაა დაქუცმაცებული, სული მტკივა!..“  სადაცაა, უნდა გადავმხტარიყავი და უცებ, საიდანღაც, შუაღამის სიბნელეში, ბოშის ბავშვი მომიახლოვდა და მეუბნება:

– დეიდა, უნდა გადახტე? არ გადახტე, რა, გთხოვ…

ამ ბავშვს შევხედე. თითქოს ყველა ტკივილი და ნეგატიური აზრი, რომ „დამესრულებინა ეს ტანჯვა“, გაქრა… ბავშვის თვალებს ვუყურებდი, შეშინებული კვლავ მთხოვდა: „დეიდა, უნდა გადახტე? არ გადახტე, გთხოვ…“

იმ ღამეს მივხვდი, რომ ჩემს ტკივილსა და ცრემლებს უფალი ხედავდა. მივხვდი, რაოდენ ძვირფასია სიცოცხლე… მაშინ, როდესაც მეგონა, რომ შველა არსაიდან იქნებოდა; მაშინ, როდესაც მეგონა, რომ ღმერთმაც მიმატოვა, მან ზეციდან დახმარების ხელი გამომიწოდა და ბავშვი გამომიგზავნა! იმ ღამით არ გადავმხტარვარ… მივხვდი, რომ ადამიანს ყველაზე ძვირფასი საკუთრი სიცოცხლე აქვს!.. იმ დღის შემდეგ აღარ ვუსმენ ბოროტის ჩურჩულს; შევიყვარე ჩემი ცხოვრება; ვისწავლე, როგორ ვაჯობო ტკივილს; როგორ მოვიშუშო ადამიანებისგან მოყენებული ჭრილობები; ვისწავლე ბრძოლა და აი, ახლა შენც იმავეს გეუბნები, ადამიანო, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! სიკვდილი გამოსავალი არ არის! სიკვდილზე უნდა გაიმარჯვო და იცოდე, რომ შენი სიცოცხლე ფასდაუდებელია, შენი არსებობა მნიშვნელოვანია! ასე რომ არ ყოფილიყო, ქრისტე არ გაეკვრებოდა ჯვარს ჩვენ გამო. ის ჯვარს ეცვა, რათა ჩვენ გვეცოცხლა! დაიმახსოვრე, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!..

20 სექტემბერი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

ნაპატიები ვარ…

თეონა მენაბდიშვილი 17 სექტემბერი, 2021
თეონა მენაბდიშვილი

მობილური ტელეფონის ეკრანზე მეგობრის სახელი, ლამაზი ფოტო და უკვე არაერთხელ მოსმენილი შეტყობინება გამოჩნდა: „არ შემიძლია, ღმერთს პატიებას ვეღარ ვთხოვ, უბრალოდ არ შემიძლია…“

ხანგრძლივი საუბრის შემდეგ ისევ ვზივარ და ვფიქრობ: რატომ ხდება ასე? ყველა, ვინც ღვთის წყალობა გამოვცადეთ, მისი სიყვარული შევიგრძენით, მისი პატიება არაერთხელ მივიღეთ, მაინც რატომ აღმოვჩნდებით ხოლმე მდგომარეობაში, როცა „არ შეგვიძლია“, ღმერთს პატიება ვთხოვოთ?

იქნებ ჩემს ზემოხსენებულ მეგობარს ღმერთი ჩემნაირი ჰგონია და ფიქრობს, რომ ისიც ჩემსავით გადაატრიალებს თვალებს და ეტყვის, აი, ხომ გეუბნებოდიო… ან იქნებ თავისი მკაცრი მასწავლებელივით სასტიკი ჰგონია და ფიქრობს, რომ შეარცხვენს, „ორიანს“ დაუწერს და სულ ბოლოში, ყველას უკან მიუჩენს ადგილს… ან იქნებ თავისი მამის მსგავსად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ისიც მიატოვებს…

ჩვენს შეცდომებზე სხვების რამდენი რეაქცია დაგველექა გულზე, როგორც დიდი ხნის გადაუშლელ წიგნზე მტვერი… და ხშირად არავინაა, ვინც სულს შეუბერავს და გვეტყვის, რომ ღმერთი სხვანაირია.

კიდევ ერთი ტალღა გადაგვივლის და ცოდვის მორევიდან ნაცნობი ხმა მოგვესმის: „არ შეგიძლია, უბრალოდ არ შეგიძლია…“ მაგრამ ჩვენს სულებში ხომ მარადიული ჭეშმარიტების ექო უფრო ხმამაღლა გაისმის; გულის სიღრმეებიდან ხომ ყოველთვის გვესმის რაღაც ხმა, რომელიც ღვთის დაუსრულებელ, ძლიერ სიყვარულზე გვიამბობს; ისევ გვიხმობს, ისევ შეგვახსენებს, რომ საკმარისია ღვთის მადლი; საკმარისია ქრისტეს მსხვერპლი; საკმარისია მამის სიყვარული ჩვენს სახსნელად!..

რამდენიც არ უნდა ვიხეტიალოთ, ამ ლაბირინთიდან მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს, მხოლოდ ერთი გზა, მხოლოდ ერთი კარი, მხოლოდ ერთი მთა, მხოლოდ ერთი ჯვარი, მხოლოდ ერთი მსხვერპლი, მხოლოდ ერთი ღმერთი… და რაწამსაც მის წინაშე დავდგებით მონანიებით, კიდევ ერთხელ აღმოვაჩენთ, რომ ეს „სხვანაირი“ ღმერთია, რომლის სიყვარულიც ყველა ცოდვას ფარავს!..

მე კი ვიცი, სულ მალე მობილური ტელეფონის ეკრანზე მეგობრის სახელი, ლამაზი ფოტო და ყველაზე სასიამოვნოდ წასაკითხი და მოსასმენი შეტყობინება გამოჩნდება: „ნაპატიები ვარ…“

17 სექტემბერი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ახალი ბლოგები
ძველი ბლოგები
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    ნუ განიკითხავ…

    4 მაისი, 2016
  • 2

    ადექი და აიღე შენი ჯვარი!

    9 ივნისი, 2016
  • 3

    მაპატიე, უფალო…

    31 მაისი, 2021
  • 4

    იყავი ნამდვილი!

    27 მაისი, 2020
  • 5

    მასთან ახლოს

    8 დეკემბერი, 2020


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ