ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ
  • stories

  • Memories

  • About Me

ბლოგები

შობა, იმედის ზეიმი

ბაია ლეკიაშვილი 16 დეკემბერი, 2021
ბაია ლეკიაშვილი

შობა-ახალი წლის პერიოდი ეპოქის დასაწყისია. იგი სიყვარულის, რწმენის, იმედის, სიახლის, ფერადოვნების, სიხარულის, შანსის, ახალი გზის, გამოსავლის, მშვიდობისა და ნუგეშის ზეიმია. კიდევ რამდენი რამ შეიძლება ასახავდეს შობის სიდიადეს?!

ვინ მოთვლის.

ჩემთვის კი, შობა ნამდვილად იმედის ზეიმია. უპირველესად, ქრისტეს დაბადება საკუთარ გულში, შემდგომ კი, მასთან ერთად ცხოვრება და გაზრდაა.

არ მინდა, დიდი მნიშვნელობა ციფრებსა და კალენდარს მივანიჭო, ზოგი 25 დეკემბერს, ხოლო ზოგიც 7 იანვარს აღნიშნავს ამ დღეს.

მე კი ვფიქრობ, რომ დავას აზრი არ აქვს ციფრებსა თუ კალენდარზე, მანამ, სანამ საკუთარ ცხოვრებაში არ მივცემთ იესო ქრისტეს საშუალებას, რომ იშვას ჩვენი გულის ბეთლემში.

დასაწყისში ვახსენე, იმედის ზეიმია-მეთქი ჩემთვის შობა, რადგანაც ქრისტეს დაბადებით იმედი დაიბადა, იმედი საუკუნოდ სიცოცხლის, ზეიმისა და სიხარულის.

ატმოსფეროც კი იცვლება შობის ღამეს.

ესაიას 9:6: „რადგან ვაჟი შეგვეძინა, ძე მოგვეცა, მის მხრებზე დაივანებს მმართველობა და ეწოდება სახელად მას საკვირველი მრჩეველი, ძლიერი ღმერთი, საუკუნო მამა და მშვიდობის მთავარი.“

აი, რა არის ჩემთვის შობა, ვიცოდე, რომ მყავს ღმერთი, რომელსაც ხელთ ყოველივე უპყრია. რომელიც საკვირველი მრჩეველია ყველა გამოუვალ მდგომარეობაში და უძლიერესი ღმერთთა ღმერთია, რომელიც საუკუნოდ მეფობს; რომელსაც „მამას“ ვუწოდებ; რომელიც მშვიდობის მთავარია.

შობა არის დღე, როდესაც უამრავი ადამიანი, თუნდაც რამდენიმე წუთით, გვერდით დებს ყველა ტკივილსა თუ მწუხარებას და საკუთარ გულში უშვებს რწმენას, უკეთესი ხვალინდელი დღის იმედს; იმედს სიყვარულის, რწმენისა და გადარჩენის.

16 დეკემბერი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

მილიონი „პატარა“ სასწაული

ნატალია ჩიქოვანი 16 დეკემბერი, 2021
ნატალია ჩიქოვანი

ზოგჯერ მთელი ცხოვრება ელი სასწაულს… მთელი ცხოვრება რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინში ხარ. წინასაშობაო გარემო კი უფრო მეტად გიმძაფრებს მოლოდინს. გჯერა, რომ რაღაც უფრო მეტისთვის დაიბადე, რაღაც განსაკუთრებულისთვის. ეს მოლოდინი ზოგჯერ მოტივს გვაძლევს, ზოგჯერ კი იმედს გვიცრუებს…

მივაბიჯებ საშობაო ანგელოზებით განათებულ ქალაქში და ვფიქრობ სასწაულებზე, რომლებიც არ მოხდა ჩემს ცხოვრებაში და ვიძინებ სასწაულებზე ფიქრში, რომლებიც მინდა, რომ მოხდეს მომდევნო წელს.

ერთხელ კი შემთხვევით დავიწყე ფიქრი იმაზე, რა არის სასწაული. და მართლაც, რა არის ის? რაღაც, რაც წესით არ უნდა ხდებოდეს… და ვინ იცის, რა უნდა ხდებოდეს „წესით“? როდის იყო, სამყარო ადამიანის დაწესებულ წესებს ემორჩილებოდა? როდის იყო, რომ ადამიანმა ზუსტად იცოდა, რამდენ ხანს იცოცხლებდა? არც არასდროს…

და რატომ არ არის სასწაული ყოველი დღის გათენება? თვალის ახელა ყოველ დილით? რატომ არ არის სასწაული ყოველი მოლეკულა ჟანგბადი ჩვენში? ყოველი ამოსუნთქვა, ყოველი ჩახუტება? ყოველი ცრემლი? რატომ არ არის სასწაული ყოველი ნაბიჯი, ყოველი გაღიმება? მეგობრობა ან სიყვარული?…

და მე აღმოვაჩინე მილიონობით „პატარა“ სასწაული ჩემს ცხოვრებაში და გული მადლიერებით ამევსო.

მადლობა უფალს ყოველი სასწაულისთვის, მილიონობით „პატარა“ სასწაულისთვის, რომელიც ჩვენს ცხოვრებას ქმნის.

გილოცავთ კაცობრიობის მთავარი მოვლენის, იესო ქრისტეს შობას და გისურვებთ მილიონი „პატარა“ სასწაულით ტკბობას, რომელიც უფალმა მისცა კაცთა მოდგმას საჩუქრად.

ყველაზე დიდი სასწაული კი თვითონ სიცოცხლეა, ამაზე მეტს რაღას უნდა ელოდო!

შობას გილოცავთ!

16 დეკემბერი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

სხვისკენ გასროლილი ქვა შენს გულში ეცემა

მარიამ ბაიდაშვილი 22 ნოემბერი, 2021
მარიამ ბაიდაშვილი

ზეცამდე მინდა სწრაფვა, სიკეთის შეცნობა მსურს უკუნისამდე, მაღლა ფრენა და მრავალი მთის დალაშქვრა მინდა, მაგრამ…

შეწყვიტე ოცნება, სანამ ხელში ქვა გიჭირავს და მზად ხარ, სხვისი მიმართულებით ისროლო იგი!

შეწყვიტე ოცნება, სანამ ტალახში ამოსვრილი მეგობრის ფერხთა განბანას არ ისწავლი!

შეწყვიტე ოცნება, თუ არ შეგიძლია, სარეველასაგან გაასუფთაო მეგობრის გული და მასში პატიება დათესო, რათა სიყვარული მოიმკო ნაყოფად!

შეწყვიტე ოცნება, მწვერვალზე ასული ლოდს თუ დააგორებ უპატიებელი გულიდან და წილის წილ მიაგებ მოყვასს, ანდა მტერს!

შეწყვიტე ოცნება, თუ ჯერ არასოდეს გითქვამს: „გაპატიე!..“

შეწყვიტე ოცნება, თუ მაღლობზე კენჭს ამოგიგდებენ, გაგეკაწრება, შენ კი პატიების ნაცვლად, ძლივს გაკვალულ გზას კი არ გააგრძელებ, არამედ მაღლობიდან დაბლა, ტალახთან ჩამოხვალ, რათა სამაგიერო გადაუხადო მსროლელს, მის სიმაღლეზე გასწორდე და სიბრაზემ დაგახრჩოს, დაგამძიმოს და ფრენის უფლება აღარ მოგცეს…

მითხარი, რა არ გეპატია შენ, რომ გაგიძნელდეს შენდობა სხვისი ბრალისა?!..

მითხარი, რომელი ხელით ცდილობ სხვის ჩაქოლვას, როცა იესომ ხელიდან ქვა ძირს დააგდო?

მითხარი, რომელი თესლი დათესილა და არ მოუმკიათ ნაყოფი?

მოიმკი, აუცილებლად მოიმკი შენს ნათესს:

სიკეთესა თუ ბოროტებას,

შებრალებას თუ გასამართლებას…

იგავნი სოლომონისა 10:12:

„სიძულვილი შუღლის აღმძვრელია, სიყვარული კი ყველა ცოდვას ფარავს.“

22 ნოემბერი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ცხოვრების იარები

ნატალია ჩიქოვანი 12 ნოემბერი, 2021
ნატალია ჩიქოვანი

ზოგჯერ, როგორც სხეულს სარკეში, ისე უყურებ საკუთარ ცხოვრებას და იარებს ითვლი: ეს წარსულის შეცდომებია, ეს მეგობრებმა მოგაყენეს, აქ გიღალატეს, აქ სიტყვით დაგჭრეს, ის ჯერ კიდევ მოუშუშებელი – თვითშეცოდებისგან და არასრულფასოვნების კომპლექსისგან – გაქვს გაჩენილი… მთელი შენი ცნობიერი იარებით არის დაფარული. ზოგი ჯერ კიდევ გტკივა, ზოგიც – აღარ, ზოგს გამოცდა ჰქვია, ზოგს – განსაცდელი, ზოგს კი უკვე გამოცდილება ეწოდება.

უყურებ და ხვდები, ან ჯერ ვერც ხვდები, რომ მათგან ზოგიერთს ღირსეულად უნდა უპასუხო, ზოგიერთი აიტანო, გადაიტანო და ზოგიც შენს იარაღად, თავდაჯერებად და აღჭურვილობად აქციო.

ცხოვრების იარები, ერთი შეხედვით, უშნოდ გეჩვენება. გინდა – საშლელი გქონდეს, რომ წაშალო, რადგან ისინი არასასურველ მოვლენებს გახსენებენ.

იქამდე გეტკინება, მეგობარო, სანამ არ მიხვდები, რაოდენ ლამაზია ყოველი იარა, თუ რამდენ რამეს სწავლობ ყოველ დაცემაზე. იქამდე შესჩივლებ ღმერთს, სად ხარო?! და, რატომ, ღმერთოო?! – იქამდე შეეკითხები მას, სანამ მთელი სიცხადით არ გაიგებ, რომ ყველაფერი, რაც შეგმთხვევია, შენს პიროვნებას ძერწავს – ისეთ უნიკალურს, როგორიც ხარ; ისეთ საოცარს, როგორიც სხვა არ არის.

ეს ის იარებია, რომლებზეც გადის გზა სხვათა გულამდე, რომელთა მეშვეობით მათი ნუგეშისცემა და დახმარება შეგიძლია…

შეიყვარე შენი ცხოვრება ისეთი, როგორიც არის. შეიყვარე თითოეული იარა, რადგან იარები – ეს შენი პიროვნების ნაწილია და თუ საკუთარ თავს ვერ შეიყვარებ, ვერც ვერავის შეყვარებას ვერ შეძლებ სინამდვილეში…

გახსოვდეს, რომ უფალ იესო ქრისტეს ჭრილობები ჩვენი კურნებაა! აქციე შენი ჭრილობები სხვათა კურნებად და იცოდე, რომ იარების ქონა არ არის სირცხვილი, არც დიაგნოზი, არც იარლიყი, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ხარ!

აქციე შენი იარები შენს აღჭურვილობად!

12 ნოემბერი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

უფალი – ჩვენი თავშესაფარი

თაკო გამგებელი 12 ნოემბერი, 2021
თაკო გამგებელი

ზამთრის სუსხი, მფრინავი ქათქათა ფიფქები, მყუდრო სახლი და ჰარმონია, რომელიც გულსაც ათბობს. ალბათ, რა მშვიდი და დაცულია ყოველი ჩვენგანი სახლში და მისგან მოწყვეტილი კვლავ გულაფანცქალებული მიისწრაფვის მშობლიური კერისკენ. ზღურბლს გადააბიჯებს, შვებით ამოისუნთქავს, „სახლში ვარო“ – იტყვის და სითბოდ ჩაეღვრება გულში მონატრება.

უფალიც ასეა ყოველი მორწმუნისათვის. სადაც არ უნდა ვეძიოთ სიმშვიდე, სადაც არ უნდა დავსახლდეთ ქვეყნიერებაზე, იმაზე მეტად მყუდრო თავშესაფარს ვერსად ვიპოვით, ვიდრე უფლის კალთაა. ყველაფრით დაღლილი, ტვირთაკიდებული და წუთისოფლის ამაოების უღელში შებმული უფლის თანდასწრებაში შეხვალ და იტყვი: „სახლში ვარ“, მაშინვე მოვა ის სიმშვიდე და მყუდროება, რომელსაც ნაცნობ კედლებში განვიცდით.

ზამთრის სუსხიან საღამოს, როდესაც ქარი თავისუფლად დანავარდობს, მისი სიცივე სახლამდე ვეღარ აღწევს. ნეტარია კაცი, რომელიც უფლის რწმენაში დაიდებს ბინას, რადგან მას ცოდვის სუსხი ვერასდროს გაუცივებს იმედით სავსე გულს, რომელიც კეთილი მწყემსისთვის ძგერს.

12 ნოემბერი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

თვალი უფლისა მის მოშიშებზეა…

რუსუდან ილურიძე 12 ნოემბერი, 2021
რუსუდან ილურიძე

 „ისურვებს უფალი თავის მოშიშებს, თავისი წყალობის მოიმედეებს.“ (ფსალ. 146:11).

„ისურვებს“ – ანუ, სასურველია უფლისთვის ეს პიროვნება.

„ღვთისმოშიში“ – ეს ის ადამიანია, რომელიც აცნობიერებს, თუ ვის ემსახურება – მოსიყვარულე და წმინდა უფალს. ეს ის პიროვნებაა, რომელიც მას პატივს მიაგებს;  უყვარს უფალი და მისი სიტყვის მორჩილია; ის, ვინც გაურბის ცოდვას და მუდამ ფხიზლობს, რათა არ შესცოდოს!

ბიბლიაში იობზე დაწერილია, რომ ღვთისმოშიში პიროვნება იყო, და ამას თავად უფალი ამბობს. იობს უფლის სიმართლეში ეჭვი არასოდეს შეუტანია; არასოდეს შეუწყვეტია მისი ერთგულება ყველა იმ გასაჭირის მიუხედავად, რაც გადაიტანა და ვხედავთ, საბოლოოდ, თუ რამდენად განადიდა უფალმა იგი!

მეფე დავითი ღვთისმოშიში პიროვნება იყო. ის სცოდავდა, თუმცა ამ ცოდვაში არ რჩებოდა, არამედ ესწრაფოდა მონანიებას და საყვარელი უფლისგან მხილებას ყოველთვის თავმდაბლობით იღებდა; რის გამოც დავითი უფლისთვის მოსაწონი კაცი გახდა!

„მისი წყალობის მოიმედე“ – ადამიანი, რომელიც აცნობიერებს, რომ უფალზე დაიმედებული არ შერცხვება! ის, ვინც მთელი არსებით და ხანდახან ბრმადაც კი ენდობა უფალს. ის, ვინც გარემოებებს კი არა, უფალს შეჰყურებს. 22-ე ფსალმუნში დავითი ამბობს: „უფალი ჩემი მწყემსია, არაფერი არ მომაკლდება! … სიკვდილის აჩრდილთა ველზეც რომ ვიარო, ბოროტების არ შემეშინდება, რადგან შენა ხარ ჩემთან.“  დავითი იცნობდა უფალს, რომელიც კეთილი მწყემსია (იოანეს სახარება 10:11). მან იცოდა, რომ არაფერი მოაკლდებოდა, რადგან უფალი იყო მისი მწყემსი; არ აშინებდა ბოროტი, არც გაჭირვება ან განსაცდელი, ვინაიდან იცოდა: უფალი, რომელსაც ემსახურებოდა, არასოდეს მიატოვებდა მას და იმედებს არ გაუცრუებდა!

„აჰა, თვალი უფლისა მის მოშიშებზეა – ვისაც მისი წყალობის იმედი აქვს; რათა იხსნას ისინი სიკვდილისგან და ასაზრდოოს შიმშილის ჟამს.“  (ფსალ. 32:18-19).

მისი თვალები შენკენაა მოპყრობილი, ღვთის მოშიშო და მისი წყალობის მოიმედე ადამიანო! მის ყურები ისმენს შენს ლოცვას, არ დანებდე!..

12 ნოემბერი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

რაც არ ამირჩევია მე, მოწოდებაა შენგან

ლიკა მელანაშვილი 4 ნოემბერი, 2021
ლიკა მელანაშვილი

„ალბათ, ასე იყო საჭირო“ – რამდენჯერ მითქვამს და ამით რაღაც გამართლებას ყოველთვის ვუძებნიდი ხოლმე მომხდარს.

მოდიოდა ქარიშხალი, მტკიოდა და ვამბობდი: „უფალო, რატომ?! მე არ ამირჩევია ეს.“

და მერე, როგორც გაავებული ტალღა ჩაესვენება ხოლმე სიმშვიდის სასთუმალში, ყველაფერი უბრუნდებოდა თავის ადგილს.

ჩადგებოდა ქარი, შეშრებოდა თვალზე ცრემლი და „ალბათ, ასე იყო საჭირო“ – პასუხად მქონდა ისევ.

არასდროს მიფიქრია, უფალო, რომ ამით მასწავლიდი ქარიშხალზე დგომას, ქარიშხალზე სიარულს.

როგორ მოდიოდა პეტრე შენკენ?..  მაგრამ მოშორდა თუ არა მისი მზერა შენსას, შიშიც შეიგრძნო და ჩაძირვა დაიწყო.

შენკენაა ჩემი მზერა!

არავინ ვარ, უფალო, შენ გარეშე, ცარიელი ჭურჭელი ვარ; ამავსე შენით, რომ გამოვიწრთო, როგორც ოქრო და მოვიდე შენთან ქარიშხალგამოვლილი და ტალღებგადავლილი.

მოვიდე და დავისვენო, რადგან შენშია სისავსე და ვერ მისწვდება ჩემი ფიქრი შენს ჩანაფიქრს.

უფალო, ცრემლებმორეული მუხლებზე ვდგავარ და ვლოცულობ;

გააქრე ყველა შიში ჩემგან, მაგრამ, იქნებ, აღარც გჯერა ჩემი;

იქნებ, უარს ამბობ ჩემზე?

როგორ მოვიქცე, ღმერთო, რომ ვიყო მსახური, რომელსაც დაუძახებ და მოვა, დაავალებ და შეასრულებს?

და მოდის ხმა პასუხად: „მოიქეცი ისე, რომ შენზე დავამყარო იმედი.“

მინდა, უფალო, ჩემზე დაამყარო იმედი;

დამიძახო და მოვიდე;

დამავალო და შევასრულო, რადგან წმინდა წერილში შენ ამბობ: „საკუთარი ძალით ვერ იმარჯვებს კაცი.“ (1-ლი მეფეთა 2:9).

არც დავითის გამარჯვება იყო თავისი ძალით და არც ერთი ჩემი ქარიშხალი არ ჩამდგარა ჩემით.

როგორც ბავშვს, ისე მომყვებოდი უკან და აზვირთებულ ტალღებზე ამადგმევინე ფეხი.

ამიტომ, უსასრულოდ ვიტყვი, უფალო:

სანაგვიდან ამამაღლე უპოვარი;

მტვრიდან წამომაყენე გლახაკი;

სიმაგრე ხარ ჩემი!

და, ალბათ კი არა, დიახ! ასე იყო საჭირო!

და ვიცი, რომ რაც არ ამირჩევია მე, მოწოდებაა შენგან.

4 ნოემბერი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

„გაიქეცი უფალთან შესახვედრად“

მიმი ტიელიძე 27 ოქტომბერი, 2021
მიმი ტიელიძე

ეკლესიისაკენ გულდამძიმებული მივაბიჯებ. მგონია, რომ იქ ჩემი ადგილი არ არის, რომ იქ ყველა განწმენდილი მოდის, ჩემ გარდა. თითქოს სიარულს განვაგრძობ, მაგრამ ფეხები უკან მრჩება… ისიც კი გავიფიქრე, იქნებ აჯობებს, სახლში დავრჩე, ღმერთს ასეთი ვერ დავენახვები – ცოდვილი და ჭუჭყიანი-მეთქი. აგერ, უკვე მივუახლოვდი ეკლესიის შენობას და ახლა უკან ხომ აღარ გავბრუნდები?.. შევდივარ და აქეთ-იქით თვალების ცეცებას ვიწყებ. ვფიქრობ: იმედია, ვერ ამჩნევენ, გასაწმენდი გულით რომ ვარ შემოსული. მავიწყდება, რომ გულებს მხოლოდ უფალი ხედავს და არა ადამიანი. და რომც ხედავდნენ გულებს, ისინი ვერ განმსჯიან, მხოლოდ უფალს შეუძლია ჩემი განსჯა და გასამართლება.

გალობას იწყებენ მგალობლები. თავიდან ვყოყმანობ, მაქვს თუ არა საერთოდ უფლება, განვადიდო უფალი? მაგრამ შემდეგ მახსენდება, რომ მას ყველა შემთხვევაში ეკუთვნის ქება-დიდება და მე ვინ ვარ, რომ არ მივუძღვნა?! ის გულწრფელ ქებას ყველა ადამიანისგან მიიღებს, არ უარყოფს, და რაც მთავარია, უფალს არ ეშლება ადამიანების წრფელი გულის დანახვა… მართალია, ახლა მაქვს უსუფთაო გული, მაგრამ საგალობლების გალობასთან ერთად მახსენდება, რამდენი რამის გამო ვარ მადლიერი ჩვენი უფლისა:  მადლობელი ვარ, რომ  მილიონობით ავადმყოფი ადამიანისგან განსხვავებით, ჯანმრთელი ვარ;  რომ სხეულის ყველა ნაწილს ვფლობ;  რომ არ მაკლია ფიზიკური სიჯანსაღე, ასევე გონება და სხვადასხვა ნიჭი, ყოვლისშემძლე უფალს რომ უბოძებია ჩემთვის;  მადლობელი ვარ, რომ მაქვს საკვები, ტანსაცმელი და სხვა საჭირო ნივთები;  რომ შემიძლია სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა;  მადლობელი ვარ იმის, რომ მყავს მშობლები, მეგობრები;  რომ არსებობს ეკლესია, სადაც დაუბრკოლებლად მოვალ და მის სიტყვას მოვისმენ;  მადლობას ვუხდი მას იმისთვის, რომ დაადგინა მქადაგებლები, მგალობლები და მასწავლებლები ეკლესიაში… მადლიერების შეგრძნებასთან ერთად ვგრძნობ, ჩემი გული როგორ რბილდება და სათნო ხდება; სითბო მეღვრება გულში; თვალებიდან ცრემლების ნაკადი მორაკრაკებს ჩემს სახეზე და ვეღარ ვმალავ მათ.

მიხარია… მიხარია, რომ სახლში დარჩენა არ გადავწყვიტე. ასე რომ მოვქცეულიყავი, ხომ იგივე ადამიანი დავრჩებოდი. აქ, ეკლესიაში კი უფალი მელოდებოდა, რადგანაც სურდა – შევეცვალე, აქ ის მელაპარაკება, აქ ის თვალებს მიხელს…

გალობას ქადაგება მოჰყვა. მქადაგებელი ამბობს, რომ უფალი არ გვდებს მსჯავრს; ეს ეშმაკია, რომელიც ყველანაირად ცდილობს ჩვენს განადგურებას!..  უფალი, რომელიც ჩვენი მამაა, როგორ ისურვებს ჩვენს მოშორებას?!  ის მუდმივად ხელს გვიწვდის, რადგან მას სიცოცხლე, ყოველივე კარგი, სრულყოფილი და სასურველი სურს ჩვენთვის.

ვფიქრობ ამ ყველაფერზე… ეს ხომ უფალია, რომელმაც ჩადო ჩემში სურვილი ეკლესიაში მოსვლისა; ეს უფალია, რომელმაც არ დაუშვა ჩემი დაღუპვა, რომელმაც გადამარჩინა და მიუხედავად ჩემი შეცდომებისა, ისევ მაძლევს შანსს, რომ მოვინანიო, განვიწმინდო და მასში ვიარო. ის მამაა ჩვენი, საყვარელი მამა… ის საყრდენია, რომელიც თუ გამომეცალა, არარაობა შევიქნები და ჩემი სიცოცხლე აზრს დაკარგავს. ვგრძნობ, თუ როგორ მჭირდება უფალი!.. როგორ წავიდე და სხვას ვუქადაგო, თუ მე თვითონ უღირსი ვარ?!  მე უფალი მჭირდება…  ეკლესია მჭირდება… სულიერი საკვების მიღება მჭირდება… მჭირდება, გავიზარდო უფალში… ხშირად გვავიწყდება, რომ გაზრდაა საჭირო; რომ ერთსა და იმავე ადგილზე არ უნდა დავრჩეთ… და რას ვაკეთებთ, რომ სულიერად გავიზარდოთ? ვუჯერებთ და ვემორჩილებით უფალს? თუ მუდმივად ჩვენი გზებით დავდივართ, რომელსაც ხშირად სიცარიელე და გრძნობებისგან დაცლა მოაქვს? კი, ხშირად ასეც ვიქცევით. გავრბივართ უფლისგან, რადგან გვირჩევნია, ჩვენს სურვილებს მივანიჭოთ პრიორიტეტი. თუმცა, ყველა სურვილს როდი შევყავართ უფლის სამეფოში.

ქადაგება სრულდება.  ვიცი, რომ დღეს სწორად ავირჩიე, როდესაც ეკლესიაში მოსვლა გადავწყვიტე, რადგან აქ მამხილა უფალმა, აქ დამარიგა, აქ ისევ მასწავლა ლოცვა და გალობა. აქ ისევ ვიგრძენი უფლის თანდასწრება. ჩვენ სწორედ იმისთვის ვართ შექმნილნი, რათა უფალს ვცეთ თაყვანი, მის თანდასწრებაში ვიყოთ მუდმივად, რადგან ეს სწორედ მისი თანდასწრებაა, რომელიც გვათავისუფლებს და ამსხვრევს ცოდვის ბორკილებს და ეშმაკის ზრახვებს.

გინდა, რომ შენც გათავისუფლდე?

მაშინ მოუხმე იესოს და სთხოვე შენი გაქვავებული გულის მოლბობა;

სთხოვე, გასწავლოს მადლიერება;

სთხოვე, გაგხადოს თავისი მსგავსი;

სთხოვე, აგანთოს ისეთი რწმენით, რომელიც მთებს გადაგაადგილებინებს;

სთხოვე, მოგცეს მსახურის გული, რომ მის გამო ყველგან წახვიდე და ყველაფერი გააკეთო, რასაც ის დაგავალებს;

სთხოვე, რომ გაგათავისუფლოს ყველა მანკიერებისა და დამოკიდებულებისგან…

და იცოდე, რომ რაც არ უნდა ცოდვილად გრძნობდე თავს, უფალი სულ გელოდება… გაიქეცი მის სახლში – ეკლესიაში; ნურავის შეხედავ; ნუ მოუსმენ ეშმაკს, უფალს მოუსმინე; და არ არსებობს ეკლესიაზე უკეთესი ადგილი უფლის სიტყვის მოსასმენად. გაიქეცი, უფალთან შესახვედრად. ის მომლოდინე გულებს მუდამ ელოდება… ის გელოდება შენ, დიახ, სწორედ შენ გელოდება!..

27 ოქტომბერი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

„ნუ ეძებ კაცთა შორის, უფალს მიმართე… ის გელოდება…“

თაკო გამგებელი 27 ოქტომბერი, 2021
თაკო გამგებელი

ხანდახან ისე მტანჯველად და მძიმედ ცემს გული, ადამიანს სიკვდილს მოანატრებს… 

დაღლილი თვალები ღაღადებს და ბაგეები დუმს, ყოველი ამოსუნთქვა მტკივნეული ხდება…

სად წავიდე?..

რა გზას დავადგე?..

რით ვუშველო საკუთარ თავს?..

ამაოდ ცდილობ…

ფუჭია შენი ძალა საკუთარ ტკივილთა მოსაშუშებლად. ვერც დრო ვერ შეძლებს გატეხილი გულის გამთელებას, რომელიც ძლივსღა ფეთქავს…

უნდა წახვიდე მასთან, ვინც მუდამ გელოდება;

მას უნდა ჩასჭიდო ხელი, ვინც სანდოა;

მას უნდა გაუზიარო ტკივილი, ვინც მკურნალია;

ის უნდა გიყვარდეს, ვინც პირველმა შეგიყვარა;

ამ ყოველივეს ძიება ადამიანთა შორის ამაოებაა…

თავს ნუ მოიტყუებ!

კაცი მყარი კედელი არაა, შეიძლება ის დაინგრეს და ამ ნანგრევებმა შენც ცოცხლად დაგმარხოს.

ადამიანი საკუთარი თავის შესაცნობად ევლინება ამ ცოდვილ მიწას. ისე ნუ წახვალ ამ ქვეყნიდან, საკუთარი თავი რომ ვერ შეიმეცნო და ადამიანად ყოფნის თავისებურება სულით ხორცამდე არ ან ვერ განიცადო.

მარადისობაში საკუთარ თავს ის გვაპოვნინებს, ვინც გვითხრა: „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ“ (მათე 11:28).

27 ოქტომბერი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ახალი ბლოგები
ძველი ბლოგები
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 2

    მხსნელი უფალი

    26 თებერვალი, 2020
  • 3

    ღმერთი არ არის საშუალება

    5 დეკემბერი, 2022
  • 4

    ფიზიკური ნაკლი არ არის პრობლემა…

    7 ოქტომბერი, 2020
  • 5

    მედროვე ადამიანთა ქმედებები…

    22 მარტი, 2019


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ