ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ
  • stories

  • Memories

  • About Me

ბლოგები

ჩანაწერები გლოვის ველიდან

ნატალია ჩიქოვანი 10 თებერვალი, 2022
ნატალია ჩიქოვანი

მზიანი დღეების შემდეგ უცაბედად ჩამოწვა სიბნელე. თითქოს წყვდიადი შავი, გამხდარი თითებით გეტმასნება ტანზე. აღარაფერი გახარებს. შენ წინ გლოვის ველია, იმედგაცრუების ორმოებით სავსე, ყოველი ორმო სხვადასხვა სიღრმისაა, ხოლო ყოველი ნაბიჯი საშიში… არასდროს იცი, სად დაგისხლტება ფეხი ცრუწარმოდგენებითა და ტკივილებით გაზეპილ მიწაზე და სად, რომელ ორმოში ამოყოფ თავს, ან რამდენი ხნით, ან რა სიღრმეზე…

გლოვის ველი ყველა ქრისტიანის ცხოვრების გზასავალზე ძევს; თუ ვიწრო და ეკლიან გზას ირჩევ და მაშასადამე სწორ გზას, არ არსებობს სხვა, შემოვლითი გზა, სადაც თავს აარიდებდი ამ ველზე გავლას. ეს გამოცდის ველია, რწმენის გამოცდის, იმედის მიღმა იმედით დანახვის, შიშზე გაბედულებით გამარჯვების, დაცემისა და კვლავ წამოდგომის ველი.

ზოგჯერ გგონია, რომ თავს ვეღარასდროს დააღწევ ამ დარდის ეკლებით შეიარაღებულ ბარდებს, რომლებიც ხორცზე ისე გედებიან, როგორც ნემსკავი თევზს. ნადავლივით გიჭერენ უსაშველობისა და გამოუსავლობის ბადრაგები.

მშრალია ფიქრები, უსიცოცხლოა ემოციები, ნელ-ნელა სულერთი ხდება ყველაფერი და ერთი ნაბიჯიღა გიკლია, რომ გატყდე, დანებდე, კარავი დასცე ამ შავ ტრამალზე და გლოვასა და ვაებაში ჩაიძირო. გამოიგლოვო საკუთარი უბედობა, უსუსურობა, უმომავლობა და თვითშეცოდების ცრემლებით წარხოცო უკანასკნელი იმედი.

და დიახ, ამიტომაც ჰქვია ამ საზარელ ადგილს გლოვის ველი… მას მისამართი არ აქვს, ის ჩვენ შიგნითაა და ეს კიდევ უფრო საზარელს ხდის. შენ იგივე ხარ, იღიმი, დადიხარ, ძველებურად ცხოვრობ, თუმცა ყოველი ღიმილის უკან ცრემლია, ყოველი ნაბიჯის მიღმა ტკივილი. ეჭვები გიღრღნის ტვინს და დაღლილობის გრძნობა ყოველგვარ სასიცოცხლო ენერგიას გაცლის. აქ დრო არ არის, დრო ჩერდება. ვერ დაფარავ ამ ველს, ვერც სწრაფი ნაბიჯით და ვერც ბევრჯერ გაღიმებით, ის უნდა გაიარო, ყოველ მის ხაფანგს რწმენით უპასუხო, ყოველი ნაბიჯი ღმერთს მიანდო და არ უნდა შეუბერო სული საკუთარი ურწმუნოებით იმედის მბჟუტავ ჭრაქს, გზას რომ გინათებს.

ამ ველზე მოგეჩვენება, რომ მარტო ხარ, რომ დემონები მოგდევენ და მათი ხარხარი სწვდება ყურთასმენას. აქ ყველა ტყუილ ფიცს გაუვა ყავლი და ყველას ნამდვილ სახეს დაინახავ. ამ ველზე ბევრ ადამიანს ჩამოიტოვებ უკან და ბევრიც თავად დაგტოვებს, რადგან არსად არ არიან ადამიანები ისე გულწრფელნი, როგორც განსაცდელის ვიწრო ხეობებში, სადაც მორალური პრინციპები იმ ბეწვის ხიდს გადის, რომელსაც ან შენი გადარჩენა შეუძლია სხვისი ჩაძირვის ნაცვლად, ან პირიქით. ეს მარტოობის ველია, თუმცა ღმერთთან შეხვედრის ადგილიცაა იგი, მისი გაცნობის შესანიშნავი საშუალება, საკუთარი პიროვნების თავიდან აღმოჩენის, ცხოვრების ხელახლა გადაფასების, შენი თითოეული ნაკლის ზედაპირზე ამოსვლის და დიდი ცვლილებების.

არ უნდა გაჩერდე, უკან არ უნდა გაიხედო, ჯიუტად უნდა იარო წინ, უკუნეთში და გჯეროდეს, რომ შესაძლებელია – ყოველ მომდევნო წამს სინათლეში შეაბიჯო.

საერთოდ, ყველაზე დიდი პრობლემა შესაძლოა იქცეს ყველაზე დიდ გამოწვევად, ყველაზე დიდი შეცდომა – ყველაზე კარგ მასწავლებლად, გლოვის ველი კი გამარჯვების ველად…

თუ ღმერთს მიენდობი იმედის მიღმა იმედით!

„გლოვის ველზე გამვლელნი წყაროს აღმოაჩენენ, და კურთხევით დაფარავს მათ ადრეული წვიმები შემოდგომისა.“

📖 ფსალმუნი 83:6

10 თებერვალი, 2022 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

სად ინახავ უფლის სიტყვას?

გიორგი ოდიაშვილი 1 თებერვალი, 2022
გიორგი ოდიაშვილი

რამდენიმე წლის წინ მე და მამაჩემი ბალს ვკრეფდით და ვაპირებდით, გაგვეყიდა.

როდესაც სრულად მოვკრიფეთ, რამდენიმესაათიანი კრეფის შემდეგ, ხილის მოსავალი იქვე დავაწყვე და ხელების დასაბანად გავეშურე.

უცბად, მამამ დამიძახა და მითხრა, მყიდველი საღამომდე ვერ მოვა და ჯობია, ჩრდილში შეინახო ბალი, რომ მზეზე არ გაფუჭდესო.

მივბრუნდი და დავიწყე ბლით სავსე ყუთების ჩრდილში გადატანა, და თან ფიქრებმა წამიღო…

ასეა ღვთის სიტყვაც, როდესაც ის მოდის შენს ცხოვრებაში, სრული ძალმოსილებით და სიდიადით მოდის, მაგრამ რამდენად ნაყოფიერი იქნება იგი შენი ცხოვრების მეშვეობით და სადამდე გაგყვება, მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ სად შეინახავ მას.

თუ მხოლოდ გონებაში შეინახავ, ლოგიკური აზროვნება ყოველთვის დააბრკოლებს ღმერთის ძალას, რომელიც არ ექვემდებარება ადამიანურ ლოგიკას;  ხოლო თუ გულში ჩაიმარხავ, ის ყოველთვის შენთან იქნება და დროულ შემწეობას მოგივლენს უფლისას!..ფსალმუნი 118:11:  „გულში ჩავიმარხე შენი სიტყვები, რათა არ შეგცოდო.“

1 თებერვალი, 2022 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

უფალო, ჩემი მტვრიანი გულის დამლაგებელო

ლიკა მელანაშვილი 1 თებერვალი, 2022
ლიკა მელანაშვილი

ფიქრების საბურველში გაეხვია ღამე,

როიალს აკორდები ვარსკვლავებივით სცვივა,

ყინვაა და სუსხი,

რაღაც არ მასვენებს,

მცივა.

საათის ისრები ახმაურებს წამებს, გარეთ ქარი არ აპირებს ძილს.

მოუსვენრად ვათამაშებ თითებს და მოკრძალებული გამბედაობით ვაკაკუნებ საკუთარი გულის კარზე…

გავაღო მინდა, შევიდე, ჩამოვჯდე და თვალი მოვავლო ბნელ კუნჭულებს, მხოლოდ უფალი რომ ხედავს. კუთხეებს და მასში მიმალულ ყოველ სისუსტეს, ვერთქმულ ტკივილს, ფარდაჩამოფარებულ სიბნელეს. მინდა, შევიდე და დავალაგო, მტვერი დაედებოდა სიყვარულის ჭურჭელს…

საგულდაგულოდ გავწმინდო ყველა სარკე, ფანჯარა, მინა, ღმერთს რომ ეამება, ისე.

აბა, როგორ იცხოვრებს არეულ გულში? ვგრძნობ, რომ მელოდება, როდის შევალ და გულის კედლებს სისუფთავით გავანიავებ, შემდეგ შევიყვან და მთელ გულს მივცემ საცხოვრებლად. ელოდება, როდის მივხედავ გულის სარკეს, ხშირად ადამიანები რომ იხედებიან ხოლმე.

რას იფიქრებენ ადამიანები?

დაულაგებელ გულში როგორ ვაცხოვრებ, ან თავად როგორ გაჩერდებიან?

ადგებიან და გაიჯახუნებენ კარს.

ხელს ვკიდებ სახელურს, უჭირს გაღება, ვერავინ მეხმარება, ჩავიმუხლე და ვუყურებ უღონო მაჯებს…  რა დამემართა ნეტავ?

ცრემლით ამევსო უპეები, არაფერი გამომდის, ვხედავ.

ფეხის ხმა მესმის, ჟრუანტელის მომგვრელ თბილ ხელს ვგრძნობ მხარზე, ვინ არის, ნეტავ?! ძირს დაცემული თრთოლით ვწევ თავს ზემოთ, უფლის მოღიმარი სახე და თვალები მეგებება.

კარს მიღებს და მეხმარება წამოდგომაში. სახლიდან უსიამოვნო სუნი გამოდის, შევდივარ და ვუყურებ დასვრილ იატაკს, ფარდაგს, კედლებს, სიყვარულის მტვერდადებულ ჭურჭელს.

მრცხვენია…

ნუ უყურებ, ღმერთო, დავალაგებ დასვრილ ბინას, ჩამოვხევ ძველ ფარდებს მიმალული კუთხეებიდან, გავაშიშვლებ ყველა დაფარულს, გადავყრი ძველ ნივთებს, არაფერში რომ არ მადგება.

გადავყრი ძველ ზრახვებს, ძველ ფიქრებს, განვაახლებ ყველა ჭურჭელს და შენთან ერთად სავახშმოდ მოვიწვევ ყველას.

ოღონდ ნუ უყურებ, ღმერთო…

დასალაგებლად მოვედი, მაგრამ ვერ ვაღებდი კარს. შენთვის შესაფერის სუფთა გულში მინდა შემოგიყვანო.

დავალაგებ,  ახლავე, ღმერთო!

აი, ეს გეგმები აღარ მჭირდება, გადავყრი, განვაახლებ, არც ეს წყენა მარგებს რამეს, არც ეს სიბრაზე. ყველაფერს ერთად შევკრავ და სანაგვეზე წავიღებ.

მხოლოდ ის პატარა ოთახი მაშინებს, ღმერთო, ბავშვობის ტკივილები რომ შევმალე და კარი საგულდაგულოდ გადავუკეტე. ძლივს შეხორცებული იარების მეშინია, ღმერთო, როგორ შევიდე, ძველი ჭრილობებიდან ისევ რომ დაიწყოს სისხლმა დენა?!.. ყრუ ტკივილით ჯერ ისევ მტკივა, მაგრამ ხშირად აღარ ვფიქრობ ამ იარებზე, დავიწყება მინდა. დავიწყება მინდა ყველა ცუდად მოშუშებული ნაიარევის, ყველა მიტოვების, ვერმიღების, ბალიშის ქვეშ შემალული ყველა ცრემლის.

ხელს მიწვდი?

ერთად შევაღოთ კარი?

იქნებ არ ღირს… ისედაც ხომ ნაცნობია ყველაფერი შენთვის, რაღაა სანახავი?.. დავტოვოთ ისე, როგორც არის.

შენ კვლავ მიღიმი და ხელს მიწვდი.

ათრთოლებული ვდებ შენს ნალურსმებზე ჩემს ბინძურ ხელებს, თვალებს ვხუჭავ, გიცხადებ ნდობას.

ჭრიალით იღება კარი,

უსიამოვნოდ ცივა.

ხელს ძლიერად ვუჭერ, უფალო, შენს მკლავებს, გეჭიდები, გაუბედავად ვახელ თვალებს.

ვგრძნობ, ნელ-ნელა თბება, ნაწილებად იშლება იარები და ქრება, რა ემართება ჩემს ჭრილობებს, ნაგროვებ ცრემლებს?..  ტკივილების გროვა იფანტება და…

სიმყუდროვის სურნელი დგება. სიმშვიდე ეუფლება სულს, თეთრად იმოსება ოთახი და სიმსუბუქე მეხვევა მხრებზე. ცრემლები იწყებს თვალებთან თამაშს.

ხომ არ დავაგვიანე მოსვლა?

ხშირად მახსენებდა თავს აქ გამოკეტილი ყველა განცდა და ყოველ ჯერზე ხელახლა ვაშენებდი კედლებს, როგორმე მათი ხმა რომ გადამეფარა.

ჩემი გულის მკურნალო, მოხვედი და ხელი გამომიწოდე. წამომაყენე და გამამაგრე. ძალა მომეცი და გამამხნევე. მივხვდი, გინდოდა, ჩემთან ერთად დაგენგრია ყველა სისუსტე. ჩემი თვალით მენახა, როგორ ჩამოიშლებოდა შიშით ნასაზრდოები ყველა კარი.

თვალს ვავლებ სახლს, რა სიმშვიდეა, ღმერთო, სად ვიყავი აქამდე?! ჩემი წიაღის საიდუმლოებათა გამომკვლეველო, რას დაგიმალავ შენ?!  მამხილე, რომ გამოვიწვრთნა. მომსმენი ყური და გამგები გული მომეცი, რომ შევიყვარო შენი სიტყვა და სამუდამოდ შევინახო ჩემში. მზად არის ჩემი გული, განგადიდო, რადგან ზეცაზე დიდია შენი წყალობა და ჭეშმარიტება შენი უკუნისამდეა!

ახლავე დავუძახებ ყველას, ჩემთან წამოდით, სიყვარულის სუფთა ჭურჭელზე მინდა გავახშმოთ და მოგიყვეთ, როგორ შემიშრო უფალმა ცრემლი, წამომაყენა და გამიღო კარი. უნდა გიამბოთ, როგორ მრცხვენოდა. როგორ გამიქრო ჩემს ტკივილთა ყველა ნაიარევი.

დაწერილია: „გულებს წინადაგიცვეთთ უფალი, შენი ღმერთი, შენ და შენს შთამომავლობას, რათა გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, მთელი თქვენი გულითა და არსებით, რათა იცოცხლოთ.“  (მე-2 რჯული 30:6)

არ შევიზიზღებ შენს დარიგებას და შენი შეგონება არ მომძულდება. დაე, შეიცანი ჩემი გული და შემამოწმე, ბოროტების გზაზე რომ არ ვიარო.

უფალო, ჩემი მტვრიანი და ტკივილებით სავსე გულის დამლაგებელო!..

შენ გითმობ მთელ სახლს, სამუდამოდ იცხოვრე ჩემს გულში შენს ყველა ქმნილებასთან ერთად, მე კი ყოველ დილით ადრე ავდგები, რომ გავანიავო გულის ყველა კუთხე, ყველა ნაწილი.

ვიზრუნებ, სიყვარულის ისეთი სუფთა ჭურჭელი მქონდეს, გამოჩენის რომ არ შემრცხვება. შენთვის შესაფერისი და შენი სიყვარულის მსგავსად უმანკო ჭურჭელი. ყოველდღე ახალ-ახალ სიკეთეს შევმატებ ჩემს გულს, განუზომელ სითბოს შემოვახვევ სახლს მხრებზე და ამ სითბოთი შევეგებები ყველას, ვინც კი კარზე დააკაკუნებს.

პეტრე მოციქულის წერილი გვასწავლის:

„და რაკი ჭეშმარიტებისადმი მორჩილებით განიწმინდეთ თქვენი სულები – უპირფერო, ძმური სიყვარულისთვის, მტკიცედ და სუფთა გულით გიყვარდეთ ერთმანეთი.“  (1-ლი პეტრე 1:22)

საოცარ სიმშვიდეს ვგრძნობ, სისუფთავე სულ სხვა სიმშვიდეს ბადებს.

ღმერთო, მე მთელი გული დაგითმე, შენ კი ჩემს ძველ ტკივილთა განახლებული, პატარა ოთახი ამჯობინე მოსასვენებლად… სიყვარულით გინდა ამივსო მისი სიცარიელე და ამიტომ, არა?!

უფალო, ჩვენი მტვრიანი გულების დამლაგებელო, შეგვაძლებინე, ყოველთვის გვქონდეს დალაგებულ გულში სიყვარულის სუფთა ჭურჭელი.

თუ ჯერ კიდევ დასალაგებელია შენი გული, რაღას უცდი? უფალი შენც გელოდება.

1 თებერვალი, 2022 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

იესო იშვა, მეგობარო!

ლიკა მელანაშვილი 7 იანვარი, 2022
ლიკა მელანაშვილი

დეკემბერია…

მხრებზე ვიხვევ თბილ სამოსელს და დაორთქლილ მინებზე ათრთოლებული თითების მოკრძალებული გამბედაობით ვწერ – შობა…

ვუყურებ ცას და თავს ვაფარებ მის უმანკო გამომეტყველებას.

გათოვდეს ნეტავ…

ჰაერში სიხარულის მომგვრელი სურნელი ტრიალებს. საგულდაგულოდ დაწერილი სურვილების ბარათები ოცნებებად ავკინძე… გავგზავნი ღმერთთან.

ქუჩებში მოსაწყენი ხმაურია, აჩქარებული ნაბიჯებით ითელება დათოვლილი ბილიკები.

სუსხია და ცივა.

უიმედო კელაპტრები კიაფობს სევდაჩაგუბებული თვალების უპეებში…

ვერ ვისვენებ, ვფიქრობ…

იმედად მინდა მივიდე გამვლელებთან და ნანატრ სითბოდ მოვეხვიო: „ნუ დარდობ“ – ვუთხრა.

გილოცავ შობას, მეგობარო!

იესო იშვა!

მოიხსენი მხრებზე გადებული მძიმე ტვირთი, ახლოა შვება.

იპოვე მასში სიყვარული და ის შეავსებს შენში ბზარებად გაჩენილ სიცარიელეს და გაამთელებს ძლივს შეხორცებულ ნაიარევებს.

იესო იშვა!

და არ სჭირდება ამ თარიღს კალენდარზე ფანქრით მონიშვნა, რადგან სასწაულები კალენდრებით უფასურდება.

მხოლოდ დღეს არა, ყოველ დილით შევახსენოთ საკუთარ თავს მისი შობა და მივულოცოთ ერთმანეთს, რომ გვყავს იმედი, რომელიც არასოდეს არ გაცრუვდება.

სი-მარტო-ვე.

რა ცარიელი სიტყვაა…

ალბათ, სიმარტოვესაც გაბედვა უნდა…

შენთვის იშვა, შენთვის მოევლინა ტკივილით სავსე სამყაროს; გიპოვა, შეგიყვარა, მიგიღო, მეგობარი გიწოდა, გულში ჩაგიკრა; შენ კი, ადამიანო, გაირიყე, განაპირდი, შენს გზას დაადექი და განმარტოვდი, გტკივა…

ალბათ, გამოწვდილ ხელზე უარის თქმასაც გაბედვა უნდა…

მაგრამ ის გელოდება იმ ლოდინით, ადამიანებს რომ არ შეგვიძლია. ხელგამოწვდილი გელოდება, რომ მიგიღოს, გაპატიოს აკვიატებული სიმარტოვე და მისგან გაქცევა.

ნუ გაბედავ სიმარტოვეს!

მინდა, გავიდე ქუჩებში და მოურიდებელი სიხარულით ყველას შევაგებო სიტყვები:

„იესო იშვა, მეგობარო!“

შენთვის და ჩემთვის შეიმოსა მისი სპეტაკი სული უძლური ხორცით, რადგან ღმერთმა იმ სიყვარულით შეგვიყვარა, ადამიანებს რომ არ შეგვიძლია.

სიხარულით ივსება გული, რა საოცარი დღეა…

დაიბადა სინათლე, რომ გვეპოვა გზა, სადაც ჭეშმარიტება და სიცოცხლეა. მინდა, ჩვენი გულებიც ხელახლა დაიბადოს, წმინდა, სპეტაკი და უმანკო.

დაე, ჩვენს გულებში იშვას იესო!

მისი შობა არის დღესასწაული, დღე-სასწაული…

ეს დღე ერთადერთი დაბადების დღეა, როდესაც იუბილარს კი არა, ერთმანეთს ვულოცავთ მის დაბადებას.

გილოცავთ იესოს დაბადებას!

7 იანვარი, 2022 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

უფლის ხელია ჩემზე!..

თაკო გამგებელი 6 იანვარი, 2022
თაკო გამგებელი

დაკარგული ცხვარივით ვარ განწირული მშიერ მგელთათვის და უგზო-უკვლოდ დავეხეტები უსასრულო სიბნელეში. 

არსად ჩანს მწყემსი კეთილი და ამ მტანჯველმა მოლოდინმა დრო გააჩერა ჩემ გარშემო.

დღეები დღეებს მისდევს, თვეები – თვეებს, მე კი კვლავ სიბნელეში ვზივარ. 

თვალთა ზღურბლიდან მდუღარე ცრემლები ეშვება.

მესმის: „გამოდი…“

…თითქოს ლაზარესავით კვლავ შევიგრძენი სიცოცხლე და თავიდან დავიბადე. 

ცაბაოთ უფალმა თავად გამოძერწა ადამიანი, შეეხო მას და სული შთაბერა ტალახს. 

მას შემდეგაა, ყოველი ჩვენგანის სული დაუოკებლად რომ ილტვის ამ ზეციური შეხებისკენ.

გამოფიტულ მიწაზე ისე მჭირდები, როგორც წვეთი წყალი.

ამ მცხუნვარე უდაბნოში ისე მსურხარ, როგორც გრილი ნიავი.

დაცემული ისე ვინატრებ შენს თანდასწრებასა და შეხებას, როგორც მომაკვდავი – წუთით კვლავ სიცოცხლით ტკბობას.

მწყემსი კეთილი სულს გაწირავს ცხვართათვის და ამის დამტკიცება დაკარგულთათვის არასდროს ჰბეზრდება.

ის სიბნელეში არ შემოსულა, ჩემ გვერდით არ დამჯდარა და არ უთქვამს, შენი ტვირთის მზიდველი თავად გავხდებიო. მან ერთხელ უკვე აზიდა ჩემი წილი ჯვარი გოლგოთის აღმართზე და ჩემ მაგიერ დაღვარა სისხლი არა მხოლოდ ადამის მოდგმასთან შესარიგებლად, არამედ იმის გამოც, რომ ქრისტიანთა ცხოვრებაში დამდგარ სხვადასხვა „უდაბნოში“ მისი რწმენით ესაზრდოვათ ამ ადამიანებს, მის ხმას მიჰყოლოდნენ და თავად გამოსულიყვნენ სიბნელიდან.

დახმარების მოლოდინი უსასრულოდ გაგრძელდებოდა, რომ არ ამერჩია – ვყოფილიყავი გამარჯვებული იესოს სახელით!

სადაც არ უნდა იყო, როგორც არ უნდა გიჭირდეს, წრფელი გულით თქვი:

„უფალი ამ ყოველივეზე მაღლაა!  და მისი ხელია ჩემზე! რადგანაც ვიცი, 99 ცხვარს მიატოვებს და მე მომძებნის!  ამიტომაც, ვიღებ გამარჯვებას, რომელიც უფლისგანაა, რომლის სახელმაც დაამარცხა ბნელეთი და დაამსხვრია ჩემი ცოდვის ყოველი ბორკილი!..“

6 იანვარი, 2022 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

უსახლკარო

ნატალია ჩიქოვანი 29 დეკემბერი, 2021
ნატალია ჩიქოვანი

დეკემბერი იდგა, შობა ახლოვდებოდა, საშობაო ანგელოზებით მორთული ქალაქი ღამით მზესავით ანათებდა, მაგრამ არ ათბობდა. იწვა იგი ქუჩაში, ცივი მეტალის ურიკაზე, რომლითაც დღისით ბაზრობაზე ტვირთი გადაჰქონდა და არაფრისმთქმელი თვალებით უყურებდა საშობაო დეკორაციებს საკუთარ თავს ზემოთ, რომელიც ალბათ იმდენი ფული დაჯდა, ერთად არც ექნებოდა ნანახი… სციოდა და ალბათ უფრო სტკიოდა მიუსაფრობა… ვერ ათბობდა ღამით მზესავით აბრდღვიალებული ქალაქი.

თვალები დახუჭა… ხედავდა პატარა ბიჭს, სოფლის მწვანე ველებზე რომ დასდევდა ქარს ფრანის გასაშვებად და სადამდეც შეეძლო, გონებით მიჰყვებოდა ბავშვობის აჩრდილებს: მდინარეში ცურავდა თევზივით, დარბოდა მწვანე ჭალებში, იცინოდა, ოჯახი ჰყავდა და ბედნიერი იყო… ჰო, ალბათ, ბედნიერებას ადამიანები ქმნიან ჩვენ გარშემო; თავისი სიყვარულით და მზრუნველობით ქსოვენ სითბოს, რომელიც გაყინვისგან გვიცავს ცხოვრების გრძელ, ცივ და უმთვარო ღამეებში… იგრძნო, როგორ დაეღალა გული და ხელი გაუშვა მოცინარ ბიჭუნას, ხელჩაკიდებული რომ მიჰყავდა მორიგ მოგონებასთან, აღარ შეეძლო და აღარც უნდოდა გაგრძელება…

ღია თვალებში მის თავს ზემოთ გამოკიდებული საშობაო განათება ჩარჩა, როგორც ერთი ადამიანის არგადარჩენილი სიცოცხლის მოწმე და დასტური.

დილით იპოვეს. იყო დუმილი მრავლისმთქმელი, უთქმელი დანაშაულის გრძნობა და რეიტინგისთვის დაწერილი ახალი ამბები. შობა თენდებოდა… ლოცვებით გამთბარ ეკლესიებში ქრისტიანები ქრისტეშობას ზეიმობდნენ… უსახლკაროს კი უკვე ჰქონდა სახლი ზეცაში. შობა თენდებოდა…

მათეს სახარება, თავი 25-ე:

„მაშინ ეტყვის მეფე მარჯვნივ მდგომთ: ‘მოდით, მამაჩემის მიერ კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ წუთისოფლის დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სამეფო. ვინაიდან მშიოდა და საჭმელი მომეცით; მწყუროდა და მასვით; უცხო ვიყავი და მიმიღეთ; შიშველი ვიყავი და შემმოსეთ; სნეული ვიყავი და მიპატრონეთ; საპყრობილეში ვიყავი და მომაკითხეთ.’ მაშინ ეტყვიან მას მართლები პასუხად: ‘უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ან მწყურვალი და გასვით? როდის გიხილეთ უცხო და მიგიღეთ? ან შიშველი და შეგმოსეთ? როდის გიხილეთ სნეული, ან საპყრობილეში მყოფი და მოგაკითხეთ?’ მეფე მიუგებს მათ პასუხად: ‘ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც ერთს ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს გაუკეთეთ, მე გამიკეთეთ.’“

29 დეკემბერი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

უჩვეულო ვარსკვლავი

გიორგი ოდიაშვილი 24 დეკემბერი, 2021
გიორგი ოდიაშვილი

ადამის ძეთათვის დედამიწაზე ერთი ჩვეულებრივი, რიგითი დღეა, ზეცაში კი ანგელოზები დაბნეულები არიან გაოცებისაგან.

არანაირი სამზადისი მიწაზე, ზეცა კი ფეხზე დგას, თრთის…

არანაირი მორთულობა და განათება დედამიწაზე, გარდა ერთი დიდი და უჩვეულო ვარსკვლავისა, მაგრამ ისიც ზეციდან.

ისეთი დღეა, რიგით სტუმარსაც რომ არავინ ელოდება სახლში, არამც თუ ღმერთს –  ხორცში.

მხოლოდ გომურში გამოინახა ადგილი მისთვის მიწაზე, ზეცაში კი არავის ეპარება ეჭვი, რომ უზენაესი ტახტი მისია.

არანაირი ხმაური სიხარულისა, არანაირი ზარ-ზეიმი დედამიწაზე, მხოლოდ ახალშობილი ღმერთის ტირილნარევი ხმა, მშობიარობის ტკივილებისგან გახშირებული სუნთქვა მარიამისა და ორიოდე ცხოველის ბღავილი ისმის მიწაზე; ზეცის ანგელოზთა დასი კი გალობს, ხარობს და ქებას უძღვნის ღმერთს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე ვერ იაზრებენ, თუ რა მოიმოქმედა ღმერთმა თავისი განკაცებით.

არ ყოფილა არაფერი, ვთქვათ, რის შეძენასაც ვცდილობთ ხოლმე ჩვენი სუფრებისა თუ სახლებისთვის, შობის ლამაზად აღსანიშნავად; მაგრამ იყო ის, ის ერთი და ერთადერთი, რომლის გამოც კაცობრიობას დაუბრუნდებოდა რწმენა და იმედი მათდამი ღმერთის სიკეთისა და სიყვარულისა.

იყო ღმერთი უზენაესი, მიუწვდომელი, რომელსაც იმდენად სურდა ჩვენი სიახლოვე, რომ დატოვა ზეცა და დამკვიდრდა ჩვენ შორის, ჩვენთან ძალიან ახლოს.

ქრისტე იშვა, გილოცავ მის შობას!

დაე, შენს გულშიც იშვას ის ერთადერთ მხსნელად და უფლად!..

24 დეკემბერი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

გამარჯვების დროა!..

ნიკა ჯიაძე 24 დეკემბერი, 2021
ნიკა ჯიაძე

ბიბლიაში ხომ მრავალი ისტორიაა მოცემული? ყველა საინტერესოა, მაგრამ ისინი სასარგებლო მაშინ ხდება, როცა გავიგებთ, რომ ყველაფერი „ჩვენს სასარგებლოდ დაიწერა“.

მინდა, მოგიყვეთ ერთი მეფის გარშემო დატრიალებული ამბავი ბიბლიიდან, რომელიც გამარჯვების საოცარ ტაქტიკას გვასწავლის. ამ მეფის სახელს შეგნებულად არ გეტყვით, რათა მთელი ეს ისტორია ჩვენამდე დავიყვანოთ და დავიმახსოვროთ არა ამბავი მეფის შესახებ, არამედ გაკვეთილი, რომელიც მასშია გადმოცემული.

ისტორია მოგვითხრობს, რომ ისრაელის წინააღმდეგ ძლიერი ურდო გამოვიდა.

შეუძლებელ მდგომარეობაში ყოფილხარ? გქონია მომენტი, როცა წარმოდგენა არ გაქვს, რა უნდა გააკეთო? გარშემორტყმული ხარ ისეთი ვითარებით, რომელიც კარგს არაფერს გიქადის?

ალბათ იტყვი: „უკვე კარგა ხანია, ასე ვარ!“  ან:  „ახლა ზუსტად ამ მდგომარეობაში ვიმყოფები!“

ჰო, და ამ დროს რას აკეთებ?

მოდი ვნახოთ, რა გააკეთა მეფემ:

I. „შეშინდა და სახე უფლის საძიებლად იბრუნა“ (მე-2 ნეშტ. 20:3).

ეს შიში მაგონებს არსებული სიტუაციის კარგად გაანალიზების შედეგად გამოწვეულ პირველ ემოციას. რამდენად სერიოზულად აღიქვამ იმას, რაც ხდება შენ გარშემო? ნუ იფიქრებ მარტო პრობლემაზე. იქნებ ოცნება გაქვს? იქნებ იბრძვი მიზნისთვის. რამდენად სერიოზულად აღიქვამ იმას, თუ რისთვის ხარ დაბადებული და მოწოდებული? თუ იმდენად სერიოზულად, როგორც ის მეფე, მაშინ ღრმად დაფიქრდები, და თუ სიბრძნეც გაქვს, მაშინ დაიწყებ უფლის ძიებას.

ეს შიში კიდევ მაგონებს მოწიწებას უფლისადმი.

ძალიან ბრძნული გადაწყვეტილებაა, ჯერ უფალს დაეკითხო, როგორ იპოვო გამოსავალი. რადგან გამოცდილია სიტყვები: „უფალს მიანდე შენი საქმეები და შენი გეგმები განმტკიცდება“ (იგავნი 16:3).

და ამას თან დაურთო მარხვაც. იმდენად სერიოზულად აღიქვა მეფემ დამდგარი სიტუაცია, რომ მარხვა გამოაცხადა. არა, მან უფრო სერიოზულად აღიქვა: მარხვა არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედ მთელი იუდასთვის გამოაცხადა!..

ყველას და ყველაფერს ჩართავს, ოღონდ არ დამარცხდეს!  მეგობრებო, ახლობლებო, მთელო ერო! მე უნდა დავამარცხო მტერი!

უნდა მივაღწიო ჩემს მიზანს. მე ოცნება მაქვს! ამიტომ მოდით, ყველანი ჩაერთეთ. ყველა ღონეს გამოვიყენებ, რათა გავიმარჯვო! ყველა ძალას მოვიკრებ, რომ მიზანს მივაღწიო! – ფიქრობს ის.

ეს არის პირველი ნაბიჯი, რომ დაფიქრდე, სერიოზულად მოეკიდო შენს მდგომარეობას და მოწიწებით დაიწყო უფლის ნების ძიება.

II. იქ მისვლა, სადაც უფლის ხმას გაიგონებ.

„შეიკრიბა იუდა, რათა ეძიათ უფლისაგან შეწევნა;  …იერუსალიმის კრებულში, უფლის სახლის ახალი ეზოს წინ.“

სად მოისმენ უფლის ხმას? ისრაელისთვის, უმეტესად, უფლის ხმის გაგონება კონკრეტულად იერუსალიმში, უფლის ტაძარში იყო შესაძლებელი. ამიტომ იქ მიდის მეფეც და ერიც. მიდის, ლოცულობს და იღებს კიდეც პასუხს წინასწარმეტყველის ბაგით.

შენ რა საშუალებას მიმართავ, რომ ღმერთის ხმა გაიგონო? სად მიდიხარ? რას კითხულობ? რას ისმენ? ჩვენ ვიცით, რომ ბიბლია მოგვეცა წასაკითხად. ვიცით, რომ უფალმა ეკლესია დააფუძნა. ასევე ვიცით, რომ ის ბუნების მეშვეობითაც გვესაუბრება. ვიცით, რომ ის ადამიანებს, მქადაგებლებს, მასწავლებლებს და წინასწარმეტყველთაც იყენებს კონკრეტული უწყების გადმოსაცემად. მიდი იქ, სადაც უფალი ნათლად დაგელაპარაკება. მოძებნე ეს ადგილი. უფალი ამბობს: „თუ ძებნას დამიწყებთ, თავს გაპოვნინებთ.“

და ასევე: „მთელ დედამიწას ადევნებს თვალს უფალი, რათა განამტკიცოს და მხარი დაუჭიროს მათ, ვინც მთელი გულით მასზე არიან მინდობილნი“ (მე-2 ნეშტ. 16:9).

არ დაიჯერო, რომ შენ მიმართ უფალს არ აქვს სათქმელი. ეძიე და იპოვი!

უფალი ასრულებს თავის აღთქმებს. ლოცვისას მიმართე მას. გაიხსენე მისი სიტყვები და დაპირებანი. ისრაელიანებმა ლოცვისას წარმოთქვეს, რომ ღმერთი ბატონობს ცაში და მიწაზე, რომ მის ხელთაა ძლიერება.

გაიხსენე, რა დაპირება ან აღთქმა დაგიდო უფალმა. როგორც ღმერთის შვილს, შენ აუცილებლად გექნება სიტყვა უფლისგან.

III. ღმერთის სიტყვა კონკრეტულია და არა ზოგადი.

„ჩადით ხვალ მათთან“ (მუხლი მე-16).

„განა ჩემ მიმართ იქნება კონკრეტული?“  რატომაც არა?  ნახეთ, ეს ისტორია როგორ გრძელდება. ალბათ, ისრაელსაც უჭირს, ამხელა ურდოს წინაშე საომრად გავიდეს. მას სჭირდება ხელჩასაჭიდი, რამე კონკრეტული, რომ გავიდეს და დაიწყოს ბრძოლა გასამარჯვებლად. და რაკი ითხოვეს სწორ ადგილას, აჰა, გამოჩნდა ღმერთის სიტყვა: „ჩადით ხვალ!“ – ეს იყო პირველი სიტყვა მათდამი. პასუხი მიიღეს, თუმცა მეტად დაკონკრეტება სჭირდებათ. ჯერ მხნეობა არ მოუკრებიათ. რამენაირად უნდა დარწმუნდნენ! არის მეტი დაზუსტებაც: „ისინი ჰაციცის მაღლობზე ამოვლენ.“ ჩვენთვის უცნობია ეს მაღლობი, მაგრამ მათ ხომ ზუსტად იცოდნენ! ეს მეტად დამაჯერებელია და დარწმუნებულობას მატებს მათ, მაგრამ კიდევ რაღაც აკლია თითქოს. უფრო კონკრეტულადაც შეიძლება? დიახ: „და ხევის ბოლოს.“ გასაგებია. გასაგებია. უკვე იციან სადაც, მაგრამ კიდევ ერთი დაზუსტება, შეიძლება? ადამიანები ეჭვიანები არიან! მეტი სიზუსტე გვჭირდება და დავიჯერებთ, რომ ზუსტად ღმერთი გვგზავნის და ის იქნება ჩვენ გვერდით. კიდევ ერთი ხმა და მინიშნება მჭირდება, რომ დავრწმუნდე ღვთის სიტყვაში! და აჰა, ბოლო აკორდიც: „იერუელის უდაბნოს წინ წააწყდებით მათ.“

წავედით! ღმერთის სიტყვა კონკრეტულია და არა ზოგადი! მას შეუძლია ქალაქში, კონკრეტულ უბანში, ქუჩასა თუ მის გადაკვეთაზე, აი, იმ კუთხესთან მიგიყვანოს. დეტალურად დაგიზუსტოს. თუ სერიოზულად მოეკიდები და დაიწყებ უფლის ნების ძიებას, მაშინ კონკრეტულად გაიგებ, რომელ სასწავლებელში ჩააბარო, რა ისწავლო; დაიწყო თუ არ დაიწყო; გარისკო თუ არ გარისკო, წამოიწყო თუ შეაჩერო; ის ადამიანი აირჩიო თუ სხვა ადამიანი… ყველაფერს მოისმენ, და დეტალურად მოისმენ, თუკი ასე იმოქმედებ.

დავითის ერთი ისტორიაც, რომელიც დაგვარწმუნებს, რომ ღმერთის სიტყვა კონკრეტულია.

თავიანთი მტრების, ფილისტიმელთა შემოსევისას დაეკითხა უფალს და პასუხად მიიღო: „გადი!“

განდევნა დავითმა ისინი, მაგრამ მცირე დროში ისევ დაბრუნდნენ ფილისტიმელნი.

და „ისევ დაეკითხა დავითი ღმერთს.“  და ნახეთ, რა კონკრეტული პასუხია: „პირდაპირ ნუ მიუდგები”.

აბა, როგორ?

„უკნიდან მოუარე.“

უფრო მეტიც შეიძლება? დიახ! „ბალსამონის ხეების მხრიდან მიადექი.“ ჩვენ არ ვიცით ბალსამონის ხეები, მაგრამ მათ ზუსტად იციან. უკვე მზად არიან და საბოლოო სიტყვა სჭირდებათ, რომ ეკვეთონ!

დაუკვირდით, რა სიზუსტეა!

„როგორც კი ბალსამონის ხეთა კენწეროებიდან შრიალის ხმა მოგესმება, მაშინ გადი საბრძოლველად, რადგან ღმერთი წაგიძღვება…“

ჩვენ ჩვენი საკუთარი ბრძოლა გვაქვს წარსამართი და ჩვენი ენით დაგველაპარაკება ღმერთი, თუ სად, როდის და როგორ გავიდეთ საბრძოლველად და გასამარჯვებლად!..

ღვთის სიტყვა კონკრეტულია!

IV. გაიგონებ რა კონკრეტულ ხმას – ირწმუნე!

მას შემდეგ, რაც ისრაელის მეფემ მოშიშება გამოიჩინა, უფლის ძიება დაიწყო, თავის ერთან ერთად იმარხულა, ითხოვა და კონკრეტული პასუხი მიიღო; ახლა რწმენის დროა!

მეფემ მოუწოდა: „ისმინეთ ჩემი, იუდეველნო და იერუსალიმის მკვიდრნო! ირწმუნეთ უფლის, თქვენი ღმერთის და განმტკიცდებით; ირწმუნეთ მისი წინასწარმეტყველების და წარმატება გექნებათ“ (მუხლი მე-20).

რწმენის გარეშე ვერ მიაღწევ!

ყველა ხმა რომ გაიგონო, ყველა რესურსი რომ გამოიყენო, ყველა საჭირო ადამიანსაც რომ მოუხმო, მაინც ვერ გაიმარჯვებ რწმენის გარეშე!

ირწმუნე მისი სიტყვა და წარმატება გექნება.

რწმენა ზეცის გასაღებია.

ყველაფრის მიუხედავად, ირწმუნე!

რაც უნდა მოხდეს, ირწმუნე!

დაიჯერე, შენზეც იქნება კონკრეტული სიტყვა ღვთისაგან.

დაიჯერე, ეს შენ ხარ, ვინც გაიმარჯვებს! დაიჯერე, დაიჯერე და კვლავ დაიჯერე!

და ბოლოს:

V. ყველაფერზე წინ – თაყვანისცემა!..

„მოეთათბირა ხალხს და უფლის მგალობლები დააყენა, რათა ევლოთ მეომრების წინ, ექოთ მისი სიწმინდის დიდებულება და ეთქვათ: ‘ადიდეთ უფალი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!’ როცა იწყეს ყიჟინა და ქება, უფალმა შფოთი დაუშვა მკვიდრებზე, რომლებიც იუდას წინააღმდეგ იყვნენ გამოსულნი და გაანადგურა. (მმ. 21-22).

შეგიძლია, წარმოიდგინო მოწინააღმდეგეთა რეაქცია? საბრძოლოდ გასულთ წინ „მომღერლები“ თუ მგალობლები ხვდებიან!  მალე მსწრაფლმრბოლელებს გზავნიან მეთაურებთან და ბრძოლის თაობაზე მეომრები ეუბნებიან, რომ გაუგონარი რამ ხდება. ეს სიგიჟეა! ისრაელის მეომრები რაღაცას მღერიან!

ჰო! წინ პატარა გუნდი მოდის და რაღაცას მღერის!

არა, ეს დაუჯერებელია!

ძველად, წინ ხან ძაღლებს, საშინელი გამომეტყველების მქონე მეომრებს, ანდა, საუკეთესო შემთხვევაში, ყველაზე ძლიერ შენაერთს აყენებდნენ, საუკეთესო აბჯრით, გამოცდილებითა და სულისკვეთებით.

მაგრამ აქ რა ხდება! გალობის ხმა ისმის!

იცით, აქ ბრწყინავს ისრაელის ნდობა და რწმენა ღვთისა.

შეიძლება ეს უჩვეულოა, წარმოუდგენელია, შესაძლოა ასე „არ შეიძლება”, მაგრამ ეს არის რწმენა!

გალობითა და თაყვანისცემით ხაზს ვუსვამთ, რომ ღმერთი უზენაესია, ძლიერია, ყოვლისმჭვრეტელია, შემწე და ნუგეშისმცემელია, დამხმარე და გამაძლიერებელია!

იცი, მარტივია, მაშინ იგალობო, როცა ყველაფერი რიგზეა და გემღერება.

ყველა გარემოებას, ცდუნებასა თუ განსაცდელს მრავალნაირი ხმა აქვს. იჩქარე, დროზე გადაწყვიტე! იმოქმედე. გელოდები!

არასდროს არის გვიან, ღმერთის სახის ძიება დაიწყო; მიხვიდე იქ, სადაც გაიგონებ უფლის კონკრეტულ ხმას; ირწმუნო და დიახაც, იგალობო!

წარმოიდგინეთ შემდეგი: უკვე ნატანჯი ისრაელიანები ეგვიპტიდან გაათავისუფლა მოსემ, ღვთის დიადი სასწაულების თანხლებით. ისინი გამოვიდნენ! მოიპოვეს ნანატრი თავისუფლება!

მაგრამ, მოიცადეთ!!!  წინ ზღვაა!  რაა?!

მოსე, რას აკეთებ?!

უკან გაიხედეს და ეგვიპტის გაშმაგებული არმია მოემართება მათკენ!

დავიღუპეთ! წყევლა-კრულვა აღმოხდათ! აქ უნდა დავიხოცოთ! ეს რა საშინელებაა!

და ამ განწირულ მომენტში, წარმოიდგინეთ (ეს ჩვენი წარმოსახვაა), მოსე ხმას იმაღლებს ერის წინაშე და იძახის: „უფლის სახის ძიება დავიწყოთ და ვუგალობოთ უფალს!“

ხალხი გაცხარდა! რა გვემღერება?! რა დროს ძიებაა?! არანაირი საბრძოლო იარაღი! არაფერი ამდაგვარი! ვიღუპებით!..

მაგრამ ისტორია გრძელდება ასე, რომ ზღვა გაიყო შუაზე და ისრაელიანები მეორე ნაპირზე გავიდნენ, ხოლო ეგვიპტელები დაიღუპნენ. შემდეგ კი ვკითხულობთ:  „იხილა ისრაელმა დიადი საქმე… მაშინ უგალობეს მოსემ და ისრაელის შვილებმა… უფალს“ (გამოსვლა 14:31; 15:1).

რა მარტივია იგალობო, როცა ყველაფერი გადალახე, ასეთ დროს ხომ იმედი და რწმენაც აღარ გჭირდება?..

ძველად უთქვამთ, იმედი კარგია საუზმედ, ვახშმად უკვე აღარ ვარგაო.

შეძლებ, იმ კონკრეტული მომენტის დადგომამდე ირწმუნო, რომ უფალი შენ გვერდით იქნება?!  მაშინ ეს რწმენა დაგარწმუნებს – ემანუელ –  ღმერთი შენთან არს, და გამარჯვებამდეც და გამარჯვების შემდეგაც უგალობებ უფალს.

24 დეკემბერი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

“განმკარგველი თუ მფლობელი?”

რომა შალამბერიძე 16 დეკემბერი, 2021
რომა შალამბერიძე

ყოველი ადამიანი თავისი ცხოვრებით ცხოვრობსო, იტყვიან ხოლმე…

ერთნი ხმამაღლა აცხადებენ: დიდია ჩემი შესაძლებლობა!

მეორენი: ეს ნივთი მე მეკუთვნის!

მესამენი: ჩემი ნაჯაფარი ჩემი საკუთრებაა!

და ეს სია დაუსრულებლად გრძელდება.

სინამდვილეში, არავინ არ ფლობს საკუთარ სიცოცხლეს, ნივთს, ფინანსებს, დიდებას, ძლიერებას;  მხოლოდ დროებით სარგებლობაში გვაქვს ეს ყოველივე, არავინ ფლობს საკუთარ ცხოვრებას, მხოლოდ დროებით გვაქვს მოცემული.

მაშ, რა? ვინ ვართ?! რა გვაქვს, რას ვფლობთ?!

ჩვენ ღვთისგან ბოძებულის განმკარგველები ვართ, მისგან მოცემულია ყოველივე კარგი და ჩვენ უბრალოდ განვკარგავთ მას. ზოგი – კარგად, ზოგი – ცუდად, საზომი მარადიულობაა და არა ჩვენი თვალი.

დიახ, ჩვენ დროებით სარგებლობაში გვაქვს ყოველივე და კონკრეტულ დროს, ნებსით თუ უნებლიეთ, ხელის გაშვება მოგვიწევს.

• „არ გამაჩნია არაფერი.“ – მურმან ლებანიძე;

• „მთელი ქვეყნის მბრძანებელიც კი იმქვეყნად ცარიელი წავიდა.“ – ალექსანდრე მაკედონელი;

• „ყოველი კეთილი მისაცემელი და ყოველი სრულყოფილი ნიჭი გადმოდის მაღლიდან.“ – ბიბლია;

• „შენია, ღმერთო, სიდიადე, ძლიერება, დიდება, გამარჯვება და დიდებულება; შენია ყველაფერი ცაში თუ დედამიწაზე, ღმერთო; შენია სამეფო და ყოველივეს სათავე ხარ და ამაღლებული ყოველივეზე.“ – ბიბლია;

• „სიმდიდრე და პატივი შენგან მოდის, შენ ბატონობ ყოველივეზე, შენს ხელშია ძალა და ძლიერება, შენს ხელშია ყველას განდიდება და გაძლიერება.“ – ბიბლია;

• იგავი ტალანტებზე, თუ  „ვინ როგორ განაგებს თავის საკუთრებას…“ – ბიბლია.

16 დეკემბერი, 2021 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ახალი ბლოგები
ძველი ბლოგები
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 2

    ღმერთი არ არის საშუალება

    5 დეკემბერი, 2022
  • 3

    მხსნელი უფალი

    26 თებერვალი, 2020
  • 4

    ფიზიკური ნაკლი არ არის პრობლემა…

    7 ოქტომბერი, 2020
  • 5

    მედროვე ადამიანთა ქმედებები…

    22 მარტი, 2019


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ