ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ
  • stories

  • Memories

  • About Me

ბლოგები

მზე შენს ცხოვრებაშიც გამოანათებს

მაკო გამეზარდაშვილი 9 აპრილი, 2022
მაკო გამეზარდაშვილი

მახსოვს, ცხოვრების რთულ პერიოდს გავდიოდი. იმდენად დაღლილი ვიყავი, რომ სამყაროს კაშკაშა ფერებმა ჩემში აზრი დაკარგა. ვერაფერი აღმაფრთოვანებდა ისე, როგორც წარსულში. აი, ასეთი მივუყვებოდი გზას.

გარეთ, ისევე, როგორც შინაგანში, სიცივე იყო; ნაცრისფერი ამინდი ჩემს უიმედო გულს ერწყმოდა – გულს, რომელიც საშინლად დაჭრილი იყო, იარები კი – იმდენად ღრმა, რომ ვერასდროს წარმოვიდგენდი, ასეთი ტკივილისგან ოდესმე თუ გავთავისუფლდებოდი.

თვალები ზეცისკენ აღვაპყარი. ცა, რაღა თქმა უნდა, ღრუბლიანი იყო. ჩემს გულში ვთქვი: ამინდიც ჩემ მსგავსად ნაცრისფერია. უეცრად, ღრუბლიან ამინდში, სადაც მზის სხივის ნაკვალევსაც ვერსად დაინახავდით, კაშკაშა მზემ ისე გამოანათა, ორი წუთის წინ გარეთ რომ არ ვყოფილიყავი, უბრალოდ ვერ დავიჯერებდი ასეთ რადიკალურ ცვლილებას. მზის თვალისმომჭრელი სხივები არემარეს გაბედულად მოეფინა; რასაც კი მისწვდა, ყველაფერი დაიპყრო, მათ შორის, ის ნაცრისფერიც, რომელიც ასე ებღაუჭებოდა ჩემს შინაგანს და არ სურდა, მარტოდმარტო უიმედობაში დარჩენილიყო. ღმერთის სულმა ფრთხილად მომიცვა, ჩემი ცივი სხეული გაათბო. გულის სიმებსაც ნაზად ჩამოჰკრა და მითხრა: „ზუსტად ასე გამოანათებს მზე შენს ცხოვრებაში!“ მის ძალაუფლებიან სიტყვას ჩემში სამყაროს ფერების აღდგენა არ გასჭირვებია. ხასხასა მწვანეფოთლებიან ტოტებზე შემომსხდარი ბულბულები თავიანთი გალობით სამყაროს თურმე ისევ ისე ამშვენებენ. მე კი გულიდან წრფელად წამოსულმა ღიმილმა დამამშვენა – ღიმილმა, რომელიც ამ დრომდე დაკარგული იყო.

არ აქვს მნიშვნელობა, უიმედობის მორევში რამდენად ხარ ჩაფლული, ღმერთს შეუძლია, შენი იმედი ნებისმიერი მდგომარეობიდან აღადგინოს. ეშმაკს თუკი ჰგონია, რომ შენზე გამარჯვება აქვს მოპოვებული, გაგამხნევებ და გეტყვი, მაშინაც ასე ეგონა, როცა გოლგოთის მთაზე ჯვარცმულ იესოს ხედავდა. ის, რაც მას დასასრულად მიაჩნია, ქრისტესთვის დასაწყისია!

დღესდღეობით, ტკივილებისგან განა უბრალოდ განვიკურნე, ღმერთმა ისე მოახერხა, რომ შეხორცებისას ნაიარევიც კი არ დამიტოვა, უფრო მეტიც, ვინც მატკინა, მათ მიმართ სიყვარულიც განმიახლა! აი, ასე მოქმედებს ღმერთი. გახსოვდეს, მზე შენს ცხოვრებაშიც გამოანათებს!!!

9 აპრილი, 2022 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

მე თვითონ

ბაია ლეკიაშვილი 7 აპრილი, 2022
ბაია ლეკიაშვილი

მაშინ, როდესაც ბუნებამ გამოიღვიძა და სამყარომ გაზაფხულის ფერადი სამოსი მოირგო, მე ჩემს გულს სუდარა ჩავაცვი.

ჩემთვის ყოველი ფერი შავი გახდა.

სახლი, ოჯახი, ურთიერთობები, გარემო, მეგობრები – ყველა და ყველაფერი.

ბავშვობის ტრავმებმა, იმედგაცრუებამ, უსამართლობამ, ცილისწამებამ, საყვარელი ადამიანის თუ ადამიანების დაკარგვისგან მოყენებულმა ტკივილმა გავლენა იქონია და ერთ დღესაც გავაცნობიერე, რომ ჩემი გული იმ მგლოვიარეთა რიგებს შეუერთდა, რომელთა ცხოვრებაც სულ ერთი ფერის გახდა.

ცხოვრებამ მასწავლა, რომ ძლიერი უნდა ვიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა დაიკავებს ჩემს ადგილს.

ცხოვრებამ მასწავლა, რომ არაფერს დამითმობს ბრძოლისა და შრომის გარეშე.

პატარაობიდანვე მწვავე ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ სრულიად ხელცარიელი დამტოვა აზვირთებული პრობლემების წინაშე და დახმარების მოლოდინში, როდესაც არავინ გამომიწოდა ხელი, მტკიცედ ვაჯერებდი ჩემს თავს, რომ  მე თვითონ  ყველაფერს შევძლებდი და ასეც ხდებოდა.

ღმერთის დახმარებით ყველაფერს ვაკეთებდი.

გავიდა ხანი და, როგორც ყველა, მეც გავიზარდე. ვისწავლე დამოუკიდებლად ცხოვრება. დღემდე ყველაფერს ღმერთით მე თვითონ  მივაღწიე, ბოლოს კი მაინც მოვიქანცე, დავუძლურდი, გამოვიფიტე, უუნარო გავხდი, მეტად უსიცოცხლო.

ყველაფერს შავ ფერში ვუყურებ, ასაკთან ერთად პასუხისმგებლობა გამეზარდა, გადავეჩვიე ხალხისგან დახმარების მიღებას…

ძლიერი გოგოს იმიჯი მოვირგე. ჩემი ცრემლები გულში დავიმარხე და არავის ვანდობდი ღმერთის გარდა, რადგან მომატყუა სტერეოტიპმა: „ძლიერები არ ტირიან.“

ჩემს გზებს ჩავუკვირდი, როდის გახდა ყველაფერი სულერთი?..

როდის დაკარგა ცხოვრებამ ინტერესი და როდის ვიქეცი ძლიერი გოგო ასეთ გამოფიტულ, გამოცარიელებულ არსებად?!

დიდხანს ფიქრის შემდეგ მივხვდი, სად დავუშვი შეცდომა…

ფრაზა (მე თვითონ შევძლებ-მეთქი), რომელსაც ხალხს ვუმეორებდი გამუდმებით, დადგა დრო, რომ ღმერთსაც გავუმეორე.

კარი მივუხურე ჩემს ცხოვრებაში სულიწმიდას და აღარ მივეცი უფლება, ჩარეულიყო ჩემს გადაწყვეტილებებში. შედეგი კი ასეთი მივიღე: ყველაფერი შავი გახდა, აზრი დაკარგა და ერთ ადგილზე გაიყინა.

ღმერთისგან განზე გამდგარი აღმოჩნდები მაშინ, როდესაც ცდილობ, ყველაფერი აკეთო შენ თვითონ.

ხშირად მიფიქრია, სად ხარ-მეთქი, უფალო, მას კი დახმარების ხელი ადამიანისგან გამოუწვდია, თუმცა ღვთისგან გამოგზავნილ ადამიანებს ასეთ პასუხს ვცემდი – მე თვითონ შევძლებ-მეთქი და ისინიც მიდიოდნენ.

შეცდომას ვუშვებთ მაშინ, როდესაც დახმარების მიღებაზე უარს ვამბობთ, ეს სისუსტის ნიშანი არ არის და ახლა ვაცნობიერებ ამას.

თუ გინდა, რომ იყო წარმატებული, იმეგობრე ღმერთთან, რომელიც იესო ქრისტეა.

თუ გინდა, რომ ისწავლო, როგორ გახდე ძლიერი პიროვნება, უნდა მიჰბაძო იესო ქრისტეს, რადგან ის ერთადერთი პიროვნებაა, რომელმაც დაამარცხა თვით ჯოჯოხეთი.

ის ერთადერთია, ვინც ყველა ტკივილს უკვალოდ მოგიშუშებს და ერთადერთია, ვისაც წრფელი, უხრწნელი და მარადიული სიყვარული შეუძლია.

ასეთი სიყვარულით შეგვიყვარა ჩვენც, თითოეული ჩვენგანი.

და მეც ყველაფრისგან დაღლილი, მოქანცული ისევ ღმერთთან მივრბივარ ძალის განსაახლებლად, რადგან უფალი გვეუბნება:

„მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ!

იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან მშვიდი და გულით თავმდაბალი ვარ, და პოვებთ სულის სიმშვიდეს. ვინაიდან ჩემი უღელი სასიამოვნოა და ჩემი ტვირთი მსუბუქი!.
მათეს სახარება11:28-30

7 აპრილი, 2022 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

მონა თუ თავისუფალი?

ლიკა მელანაშვილი 31 მარტი, 2022
ლიკა მელანაშვილი

დღეს ყველა საუბრობს თავისუფლების საჭიროებაზე. ამ სიტყვამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, მაგრამ საუკუნეების წინ დაწერილი წმინდა წერილი, რომელიც დღესაც ცოცხალია, გვასწავლის, თუ რას ნიშნავს – იყო თავისუფალი.

გიკითხავს ვინმე კომპეტენტური ადამიანისთვის რაიმე კონკრეტულ საკითხზე – „შეიძლება თუ არა ამის გაკეთება?“ საინტერესოა, რა პასუხი მიგიღია.

ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი მაშენებს.
1 კორინთელთა 10:23

როდესაც მონობასა და თავისუფლებას ერთმანეთისგან მიჯნავ, არჩევანის წინაშე დგები, არჩევანი კი ცვლის შენს ცხოვრებასა და რეალობას. და რა არის ეს არჩევანი? – რჩები თუ არა ღმერთთან. შენ გაქვს თავისუფალი ნება: აირჩიო, რაც გსურს, მაგრამ უნდა გახსოვდეს, რომ ეს არ ააშენებს შენს ურთიერთობას უფალთან, რადგან შესაძლოა, შენმა თავისუფალმა ნებამ, იქცეოდე მხოლოდ საკუთარი ხორციელი, ადამიანური სურვილების დასაკმაყოფილებლად, მიგიყვანოს ცოდვამდე. ცოდვა კი ადამიანს დაღუპვის გზაზე აყენებს.

ვინც ჩემთან არ არის, ჩემი წინააღმდეგია და ვინც ჩემთან არ აგროვებს, ის ფანტავს.
მათეს სახარება12:30

ზოგჯერ ადამიანებს ღვთის მცნებები იმ რთულად შესასრულებელ დავალებად გვეჩვენება, რომელიც სასკოლო წიგნში, ალბათ, ერთხელ მაინც ყველას გამოგვიტოვებია და არჩევანი უფრო მარტივზე შეგვიჩერებია, მაგრამ ისეთი მძიმე არ არის უფლის ჯვარი, როგორადაც გვეჩვენება ხოლმე. ქრისტიანობა მიმაჩნია მუდმივ პროცესად, გამუდმებით იზრდებოდე და უახლოვდებოდე ღმერთს. როდესაც გულით ირჩევ ღვთის სიყვარულს და მასში დარჩენას, არ არის მისი უღელი მძიმე, არამედ უფლის სიყვარული განაპირობებს ცოდვის სიძულვილს.

უამრავი ქმედების შესახებ ვიცით, რომ ცოდვაა, თუმცა უნებლიეთ მაინც ვცოდავთ, რადგან უძლურ ხორცშია ჩვენი სული. მაგრამ არსებობს ცოდვა, რომელიც არა უნებლიე, არამედ ნებითია. როდესაც ცოდვის წინაშე დგახარ, გული მსჯავრს გდებს, გაფრთხილებს და ხვდები, რომ შესცოდავ, მაგრამ აჩუმებ ამ ხმას, ამ დროს ნებით სცოდავ. ეს შენი არჩევანია. შესაძლოა, გამართლებაც კი მოუძებნო, რომლითაც ეს ცოდვა შენს ცხოვრებაში გახდება პროცესი, შენ კი – ამ ცოდვის მონა. ამ დროს შენი ნება თავისუფალია, მაგრამ ხდები ცოდვის მონა.

ნუთუ არ იცით, რომ ვისაც გადასცემთ თქვენს თავებს, რათა იყოთ მისი მონა-მორჩილნი, მისი მონები ხართ, ვისაც დაემორჩილებით: ან ცოდვისა სასიკვდილოდ, ან მორჩილებისა სიმართლისათვის.
რომაელთა 6:16

უფალი გვაძლევს თავისუფლებას, თავისუფალ ნებასა და არჩევანს.

მონებს აღარ გიწოდებთ, რადგან მონამ არ იცის, რას აკეთებს თავისი ბატონი. არამედ მეგობრები გიწოდეთ, რადგან ყველაფერი გამცნეთ, რაც მამაჩემისგან მსმენია.
იოანეს სახარება 15:15

ქრისტე არ გვიწოდებს მონებს, არამედ მეგობრებს, მაგრამ მისი მეგობრობა ნიშნავს, რომ ვაკეთებდეთ იმას, რაც გვამცნო, რაც განგვიცხადა და რასაც გვასწავლის გამუდმებით. ჩვენ თუ ვირჩევთ ქრისტეში დარჩენას, ეს ნიშნავს, რომ ერთგულად ვიცავდეთ უფლის მცნებებს და ვშორდებოდეთ ყოველივეს, რაც ცოდვასთან გვაახლოებს.

ხოლო თქვენ, ძმებო, თავისუფლებისთვის ხართ მოწოდებულნი, ოღონდ ეს თავისუფლება არ გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს.
გალატელთა 5:13

თუ ჯვარს ვაცვით ჩვენი ძველი პიროვნება, მოვინანიეთ და ქრისტეს გზა ავირჩიეთ, ცოდვა აღარ უნდა გავამეფოთ ჩვენზე. იგი აღარ უნდა ბატონობდეს ჩვენზე, რადგან შესაძლებელი არ არის ერთად, ემსახურო ცოდვასაც და ღმერთსაც. ჩვენ ქრისტეს მადლის ქვეშ ვართ, მისი მადლი კი უსაზღვროა. ქრისტეს მოძღვრების მორჩილება ნიშნავს, დაშორდე ცოდვას და გათავისუფლდე მისი მონობისგან.

და თუ ქრისტე თქვენშია, სხეული მკვდარია ცოდვისათვის, ხოლო სული ცოცხალია სიმართლისათვის.
რომაელთა 8:10

ვიდრე არსებობ, იზრუნე, რომ ქრისტე იყოს შენში, რადგან მხოლოდ მისგან მოგენიჭება ჭეშმარიტი თავისუფლება. მან გვიხსნა ცოდვისგან, იტვირთა ჩვენი სისუსტე და უძლურება. იტვირთა და გაგვათავისუფლა ყოველივე ამისგან.

თავისუფლებისთვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს.
გალატელთა 5:1

შვილად მიგვიღო, მეგობარი გვიწოდა, შეგვიყვარა, გვაპატია. ნუ იქნები გულმავიწყი მსმენელი. ნურც ის, ვინც საკუთარ თავს სარკეში ათვალიერებს, ხედავს საკუთარ სიბინძურეს, მაგრამ მიდის და ივიწყებს ამ ყველაფერს. უფლის სიტყვა ის სარკეა, რომელიც საუკეთესოდ დაგანახვებს, თუ ვინ ხარ შენ. თუ ჩაიხედავ მასში, მოისურვებ საკუთარი თავის მოწესრიგებას და იქნები მისი ნების შემსრულებელი, მასში იქნები თავისუფალი და ყოველივე სასიკეთოდ გეწევა.

ახლა კი, როცა თავისუფლები ხართ ცოდვისაგან და ღვთის მონები გახდით, თქვენი ნაყოფი სიწმინდეა, ბოლო კი – მარადიული სიცოცხლე. ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის საჩუქარი – მარადიული სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში.
რომაელთა 6:22-23

ცოდვის მონობისგან გათავისუფლება და უფლის ერთგულება გვანიჭებს მშვიდობას, თავისუფლებასა და მარადიულ სიცოცხლეს.

არსებობს ადამიანთა ორი კატეგორია: ცოდვებში მკვდარნი და ცოდვისთვის მკვდარნი.
ლეონარდ რევენჰილი

უმჯობესია, ცოდვისთვის ვიყოთ მკვდარნი…

და შენ ვინ ხარ? მონა თუ თავისუფალი?

31 მარტი, 2022 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

აირჩიე სიმართლე

ბაია ლეკიაშვილი 31 მარტი, 2022
ბაია ლეკიაშვილი

უმუშევრობა, გაჭირვება, მწვავე სოციალური მდგომარეობა.

დიდის მიერ პატარის დამცირება და ჩაყლაპვა.

ზოგჯერ როგორი რთული ასატანია იმ რეალობაში ცხოვრება, რაც მოცემული გვაქვს.

უსამართლობა, უსამართლობა და ისევ, ფეხის ყოველ ნაბიჯზე, უსამართლობა.

მონური მენტალიტეტი უდაბნოში გზააბნეული ისრაელიანების მსგავსად.

ზოგჯერ ამბორით გვავსებენ, მაგრამ ჩვენს გასაყიდად გზა უკვე გამონახული აქვთ.

სიკეთის წილ ბოროტს მოგაგებენ და მადლიერების სანაცვლოდ მრისხანებას იღებ.

კარგს გპირდებიან, თუმცა უბედურებას გატეხენ თავს.

ნდობას ითხოვენ და სანაცვლოდ ღალატს გიბრუნებენ.

მზად არიან, ფეხქვეშ გათელონ შენი ღირსება, თავმოყვარეობა და ცდილობენ, ჩაახშონ შენში ყველაზე მთავარი,  თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ი ს  გრძნობა; ცდილობენ, წაგართვან ნათელი მომავალი და ბნელ რეალობას გაჩეჩებენ ხელთ.

სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან უიმედობას ქადაგებენ, თითქოს თავისუფალნი, მაგრამ ამავდროულად „მონები“, ცდილობენ – გასწავლონ თავისუფლება, ეს ხომ აბსურდია, სასაცილოა…

განა მე ვიცი, რა არის ბოლომდე თავისუფლების არსი?

რა თქმა უნდა არა, მაგრამ ვერ ვაჩერებ, არ შემიძლია, ჩავახშო შინაგანი ხმა, რომელიც გამუდმებით მეუბნება: „იბრძოლე!“

მეც ამ ხმას მივყვები, ვიბრძვი, უმეტესწილად მარტო… თითქოს თავიდან მომხრეები მყავს, იმედს იძლევიან, მაგრამ შუა გზიდან, როცა კი „ქანაანში“ ვაპირებთ შესვლას, ისევ უდაბნოში ბრუნდებიან, შიშის გამო, გაუბედაობის გამო.

მეც ბევრჯერ მიფიქრია, განა ერთმა ადამიანმა რა რეფორმაცია უნდა მოვახდინო, ამხელა აზვირთებული უსამართლობის მიმართ-მეთქი და დანებების გზას მკრთალად მაინც შევაპარებ ხოლმე თვალს, თუმცა, ისევ შინაგანი ხმა მეუბნება: „არ გაჩერდე, გეტკინება, სულ მარტო შეიძლება დარჩე, მაგრამ არ დანებდე!“

და ვიცი, თუ დავნებდები, მეც ისევე დავიღუპები „უდაბნოში“, როგორც ისრაელიანები დაიხოცნენ მოსეს დროს.

თუნდაც ერთი ვიყო ბოროტთა შორის და სიმართლე არავის სწყუროდეს, მხოლოდ მე შევსვამ სიმართლის ჭიდან.

იესო მიდგას თვალწინ, მართალი, შეუბილწავი, უცოდველი, ცოდვაში ბრალდებული და გასამართლებული სხვათა ცოდვების გამო.

როცა უფალს ვიხსენებ, მტკივა, მაგრამ აღარ მიკვირს ადამიანებისგან არაფერი.

თუ რომელიმე ადამიანი ახლა იმ პროცესს გადის, რომელსაც მე გავდივარ, მინდა, ერთი რამ ვურჩიო: ძალიან გატკენენ გულს, უსამართლოდ მოგექცევიან და ყოველ შენს სამართლიან გადაწყვეტილებას უსამართლობას მიაწერენ, უიმედობას გიქადაგებენ, თუმცა გახსოვდეს, არასდროს, არასდროს, არასდროს არ დანებდე! რადგან თუ უკან დაიხევ, შეგეშინდება და ვერ გაბედავ, ყოველთვის ვიღაც იდგება შენზე „მაღლა“, რომელიც სინათლის ნაცვლად ბნელ რეალობაში დაგტოვებს.

31 მარტი, 2022 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

იფიქრე, რაზე ფიქრობ

რუსუდან ილურიძე 17 მარტი, 2022
რუსუდან ილურიძე

ფიზიკურ სამყაროში გამოვლინებამდე, ქმედება გადის პროცესს, რომელიც მიმდინარეობს ადამიანის გონებაში, უფრო კონკრეტულად კი, ფიქრებში. იგი ორი ძირითადი ეტაპისგან შედგება:

1. ჩასახვა – იბადება ფიქრი მოქმედების განხორციელების შესახებ.

2. გადაწყვეტილება – განხორციელდეს თუ არა ეს ქმედება.

ბიბლია ამბობს, რომ ყოველი ქმედება, ანუ ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების სტილი, განსაზღვრავს იმას, თუ რა დაემართება მის სულს სხეულის სიკვდილის შემდეგ:

ვინაიდან ჩვენ, ყველანი უნდა გამოვცხადდეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თითოეულმა მიიღოს იმის მიხედვით, რასაც სხეულის სიცოცხლის დროს აკეთებდა – კეთილს თუ ბოროტს.

2 კორინთელთა 5:10

მე, როგორც ქრისტიანი, ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში მტკიცედ ვარ დარწმუნებული!

სულისთვის ორი ადგილსამყოფელი არსებობს: სამოთხე და ჯოჯოხეთი.

სამყაროში ორი მხარეა: კეთილი და ბოროტი, ღმერთის და ეშმაკის.

ორივე მხარე იბრძვის ადამიანის სულისათვის. ღმერთი იბრძვის, რომ ადამიანის სული გადარჩეს და საუკუნო სიცოცხლე დაიმკვიდროს; ხოლო ეშმაკი იბრძვის, რომ ადამიანის სული დაღუპოს და მარადიულ სატანჯველში გაგზავნოს. ეს ბრძოლა ჩვენს გონებაში, კერძოდ კი, ფიქრებში მიმდინარეობს.

ის, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში, დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ მხარეს (უფალს თუ ეშმაკს) მოუსმენს ადამიანი, რომლის გონებაშიც მიმდინარეობს ეს ომი!

უფალი მრავალგან გვაფრთხილებს იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია – ვაკონტროლებდეთ იმას, თუ რაზე ვფიქრობთ!

ჩვენი ფიქრები ქმედებებად იქცევა!

მინდა, ერთი ციტატა გაგიზიარო ბიბლიიდან, რომელიც დაგეხმარება იმაში, რომ დაიცვა თავი ბოროტის მიერ მოტანილი ფიქრებისაგან, რათა ისინი არ იქცნენ შენს ქმედებებად.  

და ბოლოს, ჩემო ძმებო, ყოველივე, რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც მართალია, რაც უმანკოა, რაც საყვარელია, რაც სასახელოა, ყოველივე, რაც მოსაწონი და სანაქებოა, იმაზე იფიქრეთ.

ფილიპელთა მიმართ 4:8

ეს მუხლი გვიჩვენებს რვა ფილტრს, რომელშიც უნდა გაიაროს შენს გონებაში არსებულმა თითოეულმა ფიქრმა.

• რა დანიშნულება აქვს ფილტრს?

თვალსაჩინოებისთვის წარმოიდგინე მილი, რომელშიც დასალევმა წყალმა უნდა გაიაროს, ამ მილს უმონტაჟებენ ფილტრს, რომელიც წყალში არსებულ სიბინძურეს შეაკავებს და წყალს დასალევად ვარგისს გახდის, მაგრამ თუ ფილტრი არ იქნება დამონტაჟებული, წყალი არ გაიწმინდება და მის დამლევს დააზიანებს.

აი, ასე მოქმედებს ფილტრი და ამისათვის სჭირდება ჩვენს ფიქრებსაც ის!

ეშმაკი ეცდება, ბოროტი ფიქრებით „დაბომბოს“ შენი გონება, ფიქრებით, რომლებიც შენი სულის დაღუპვას ემსახურება, მაგრამ შენ თუ ფხიზლად იდგები და ამ ფიქრებს გაფილტრავ, ბოროტი ვერ შეძლებს თავისი განზრახვის აღსრულებას!

როდესაც ფიქრი დაიბადება შენს გონებაში, დასვი შეკითხვა?

ის, რაზეც ახლა ვფიქრობ:

1. ჭეშმარიტია? (ჭეშმარიტებასთან, ღვთის სიტყვასთან თანხვედრილია?)

2. პატიოსანია? (კეთილსინდისიერი, სამართლიანი, ღირსეული, წესიერია?)

3. მართალია? (მორალურად სწორი, სამართლიანია?)

4. უმანკოა? (წმინდაა თუ უწმინდური?)

5. საყვარელია? (მოსაწონი და სიყვარულის ღირსია?)

6. სასახელოა? (დიდების ღირსია?)

7. მოსაწონია? (მოსაწონია უფლისათვის?)

8. სანაქებოა? (უფლისგან საქებარია?)

მაშ ასე, ბოლოს მსურს, წარმატება გისურვო ამ ბრძოლაში და რამდენიმე ამონარიდი შეგახსენო ბიბლიიდან, რომელიც დაგეხმარება გამარჯვებაში:  

რადგან ხორციელი ფიქრები სიკვდილია, ხოლო სულიერი ფიქრები – სიცოცხლე და მშვიდობა. იმიტომ, რომ ხორციელი ფიქრები ღვთის მტრობაა; ვინაიდან არ ემორჩილება ღვთის რჯულს და არც შეუძლია.

რომაელთა 8:6-7

ზეციერზე იფიქრეთ და არა მიწიერზე.

კოლასელთა მიმართ 3:2

და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში.

ფილიპელთა 4:7

გამარჯვებულ ცხოვრებას გისურვებ!

17 მარტი, 2022 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

შაქარი, ზეციური მანანა და მინდობა ღმერთზე

გიორგი ოდიაშვილი 17 მარტი, 2022
გიორგი ოდიაშვილი

ახალი ამბების მოსმენის შემდეგ მაღაზიაში წავედი შაქრის და ზეთის მოსამარაგებლად, რომელიც უკვე საკმარისად მქონდა სახლში.

გზაში ფიქრებს შევყევი და გამახსენდა, როგორ გადაწყვიტეს ისრაელიანებმა უდაბნოში ზეციური საკვების – მანანას შენახვა ხვალინდელი დღისთვის და როგორ გადაიქცა ის მატლად მეორე დღეს.

მივხვდი, რომ ქრისტიანები არ ვართ ისინი, ვინც პანიკის შედეგად უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებებს, თუნდაც ერთი შეხედვით ბრძნულ გადაწყვეტილებებს.

პანიკა არის შიში, რომელმაც აიძულა ებრაელები, გადაენახათ საკვები ხვალისთვის, რადგან ისინი არ ენდობოდნენ ღმერთს, რომ მეორე დღესაც მოუვლენდა მანანას.

ასევე გამახსენდა, როგორ არ ილეოდა ქვრივი დედაკაცის სახლში ზეთი 3 წლის განმავლობაში, ვიდრე საყოველთაო შიმშილი იყო ისრაელში და მივხვდი, რომ ჩემი ნაბიჯი არ იყო ბრძნული, არამედ – პანიკური.

უფალმა იესომ გვასწავლა შესანიშნავი ლოცვა „მამაო ჩვენო“-ს სახით და ერთ-ერთი სფერო ეხება პური არსობისას, რომელიც ღმერთს ყოველდღიურად უნდა ვთხოვოთ და ის მისცემს ყველას, მასზე დაიმედებულს.

იესოს არ უთქვამს, სთხოვეთ მამას პური არსობისა და ის მოგცემთ, ოღონდ კრიზისის დროს არ სთხოვოთ, ვერ მოგცემთო.

არა, იესომ გვასწავლა ლოცვა, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო, ყველა ეპოქაში იმუშავა და ის იმუშავებს ჩვენს დღეებშიც, ჩვენს საქართველოში, ჩვენს რეალობაში.

ყმაწვილი ვიყავი, კიდეც მოვხუცდი და არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული და მისი შთამომავლობა პურზე ხელგაწვდილი.

ფსალმუნი 36:25

ღმერთი გამოაჩენს!

17 მარტი, 2022 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ომი, როგორც დაფარულის გამოაშკარავება

ელენე თანდაშვილი 17 მარტი, 2022
ელენე თანდაშვილი

ომი, სისხლისღვრა, ათასობით ადამიანის გაუფასურებული სიცოცხლე…

ომი ხმამაღლა გაჰყვირის მთელ მსოფლიოში და ცდილობს დაგვაჯეროს, რომ არაფრად ვღირვართ, რომ არავინ და არაფერი არაა იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე საკუთარი ეგოსა და სურვილის დაკმაყოფილება – ეს, რასაკვირველია, იქამდე, სანამ ჯერი თავად შენზე არ მოდგება.

რა განაპირობებს ომს, რომელიც საბოლოოდ ვერანაირად ვერ ჩაითვლება რაიმე სარგებლის მომტანად და რომელიც მხოლოდ ნგრევასა და განადგურებას ემსახურება?

მოდით შევხედოთ, რა ხდება დღეს მსოფლიოში? (თუმცა ეს ცნება – „მსოფლიო“ ძალიან ზოგადად და ფართოდ ჟღერს; მაგრამ აუცილებელია ვიაზრებდეთ, რომ ყველაფერი, რაც მსოფლიოში ხდება, პირდაპირ გვიკავშირდება თითოეულ ჩვენგანს და პირიქით…) ხდება ის, რაც ჩვენთვის ძალიან ნაცნობია – ერთი, შედარებით დიდი და ძლიერი, ცდილობს მეორეს გადაყლაპვას; ამ მიზნის მისაღწევად კი ის არ უშინდება არც სხვის და არც საკუთარ დანაკარგს; ძარცვავენ ოპონენტს, თუმცა, საბოლოოდ, თავადაც არანაკლებ გაძარცვულნი რჩებიან.

მთავარი, რაც დღევანდელი მსოფლიო მოვლენებიდან უნდა ითქვას, ისაა, რომ ეს ომი, რომელიც ახლა ამდენად შემზარავად გვეჩვენება, ომი, რომლის წინააღმდეგნიც ვართ მთელი მსოფლიო, ომი, რომელმაც თითქოს გაგვაერთიანა კიდეც, სინამდვილეში ისევ და ისევ ჩვენი, დაცემული ბუნების ადამიანებისგან გამომდინარეობს. დიახ, ამ ომის წყარო ისევ და ისევ ჩვენ ვართ. არ არსებობს გარეგანი მდგომარეობა, რომელიც შინაგანიდან არ იწყება.

ომი, რომელსაც დღეს ასე თვალნათლივ ვხედავთ, რეალურად უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს ადამიანთა შორის. ჩვენ ყველანი შეიარაღებულნი ვართ უსიყვარულობის, ადამიანთა დამცირების, ზედაპირულობის, ეგოიზმის, სიამაყის იარაღებით და თავდაუზოგავად ვიბრძვით იმისათვის, რომ თავად წამოვიწიოთ ამ ძალმომრეობის ხარჯზე. ჩვენ დღეს საკუთარი თვალით ვხედავთ ათასობით გვამს, სისხლითა და ცრემლით მორწყულ ქალაქებს, თუმცა ღმერთისთვის ეს დიდი ხნით ადრე იყო ნათელი – ის ამ საზარელ მდგომარეობას ყოველ წამს უყურებს ჩვენს გულებში.

დიახ, ეს ომია და მისი გამომწვევი მიზეზი გულგაცივებული და ეგოცენტრული კაცობრიობაა, რომელსაც თვალები დაუბრმავა საკუთარმა გაუმაძღრობამ, უსიყვარულობამ, სიცარიელისა და მარტოსულობის განცდამ, დაუბრმავა იმდენად, რამდენადაც საკმარისია სხვისი სიცოცხლის, პიროვნებათა ყოველგვარი განცდის, მათი კუთვნილების გათელვისა და განადგურებისთვის.

ვინ იცის, რამდენი ჭრილობა გაქვს შინაგანში, რომელსაც საგულდაგულოდ მალავ; ვინ იცის, რამდენი ხანია, რაც გვამს დაემსგავსე; გვამს, რომელსაც გარეგნულადღა შერჩა სიცოცხლის ნიშანწყალი. შენ ფიქრობ, რომ მალავ; ფიქრობ, არავის დააწვე ტვირთად, მაგრამ იცოდე, რომ შენი ტვირთი დღეს ძალიან ნათელია, ის უკვე სააშკარაოზეა გამოტანილი. ეს ომი შენი გულის გამომზეურებაა, ეს ომი თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაა. ომი, სადაც უსამართლოდ იღუპებიან იარაღით, რომელიც ღმერთისგან არ არის, იარაღებით, რომლებიც ზემოხსენებულია…

დიახ, ეს ფიზიკური ომი შინაგანი, დაფარული მდგომარეობის გამოაშკარავებაა. სწორედ ამიტომაა ასე მნიშვნელოვანი, რომ ადამიანების ცხოვრება ებარებოდეს ცოცხალ, მართალ, მოსიყვარულე, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, რომელშიც არ არსებობს ტკივილი, არეულობა, ჩაგვრა და გაწირვა. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ გვიყვარდეს, ვუფრთხილდებოდეთ, ვზრუნავდეთ, საკუთარ თავზე მეტად მივიჩნევდეთ ერთმანეთს.

გვახსოვდეს, რომ ჩვენ დაცემულ ქვეყნიერებაზე გვიწევს ცხოვრება. ამ დროს ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის ის, რომ ჩავაბაროთ ღმერთს ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ოჯახები, რადგან ის არის ერთადერთი საიმედო თავშესაფარი, ის არის მყარი საყრდენი. მას შეუძლია ჭრილობების მოშუშება, ის არის მოწყალე ღმერთი, რომელიც გვიცავს იმ საშინელებათაგან, რომლებსაც რეალურად უნდა ვიმკიდეთ ჩვენ მიერ დათესილი უღმერთოების გამო…

დასასრულ კი მოგიწოდებთ, რომ ყველაფერზე მეტად დავიცვათ და გავუფრთხილდეთ საკუთარ გულს, რათა მისგან სიცოცხლე მოედინებოდეს ნაცვლად სიკვდილისა.

„ყველაფერზე მეტად დაიცავი შენი გული, რადგან მისგან მოედინებიან სიცოცხლის წყაროები.

იგავები 4:23
17 მარტი, 2022 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

გაზაფხული მხოლოდ კალენდარზე მოვიდა…

ლიკა მელანაშვილი 2 მარტი, 2022
ლიკა მელანაშვილი

განგაშის ზარი, ჩალაგებული ჩემოდნები და მიტოვებული ბინები, გამოსამშვიდობებლად მომზადებულ თვალებში ჩამდგარი ცრემლები, ბოლო ჩახუტება და მზერით ნათქვამი „დამიბრუნდი“. ტყვიის სუნით გაჟღენთილი ჰაერი, ბავშვებიანად დახვრეტილი ოჯახები, ახალშობილებით სავსე თავშესაფრები, სიკვდილის შიში ბავშვების თვალებში…

აგრესია და ძალაუფლებისადმი უსაზღვრო სიყვარული, დამპყრობლობა, ამპარტავნობა და შეუბრალებლობა… და ყველაზე მტკივნეული – ამ ყველაფერს შეწირული  მშვიდობიანი მოსახლეობა.

მახსოვს საკუთარი თვალით ნანახი 2008 წლის 8 აგვისტო, საკუთარ თავზე გადავლილი ომი და მისი შედეგები. ამ მტკივნეულ მოგონებას შეემატა უკრაინის 25 თებერვლის სისხლიანი კადრები.

საკუთარი, ძლივს მოშუშებული ტკივილისგან ვერ ვარჩევ უკრაინის განსაცდელს. თვალებს ვხუჭავ და ვხედავ ცეცხლისფრად განათებულ ცას, სამხედრო კოლონებს, იარაღასხმულ ქალებს და ფეხებმოწყვეტილ ადამიანს. სიტყვებით ვერ გადმოიცემა ის სიმამაცე, რაც ტანკის შესაჩერებლად საკუთარი თავის გაწირვა და ხიდის აფეთქებაა. გადარჩენისთვის ბრძოლის ამდენად შემზარავი და, ამავდროულად, გასაოცარი სიმამაცის კადრები ჯერ არ მინახავს. ვუყურებ, ვიღიმი და ვტირი.

ეს ომი მაგონებს დავითისა და გოლიათის შებრძოლებას. თვალუწვდენელი სიგრძის კოლონა გამოვიდა უკრაინის წინააღმდეგ, გოლიათის სიმაღლე კი ექვსი წყრთა იყო. ათასობით ტყვიაა მიმართული უკრაინისკენ, გოლიათის შუბის წვერი კი ექვსას შეკელს იწონიდა, მაგრამ სძლია დავითმა მას. როგორ და რით? შურდულითა და ქვით. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ამ ამბავში ისაა, რომ დავითის გამარჯვება მტკიცე რწმენის შედეგი იყო. მახვილითა და შუბით არ უხსნია ღმერთს ისრაელიანი ერი ფილისტიმელებისგან, არამედ უფლის ნება იყო ეს, დავითს კი სწამდა მისი.

მჯერა, გოლიათს ღმერთის ძლიერი ხელი შეაჩერებს.

თუ ღმერთი ჩვენკენ არის, ვინ გამოვა ჩვენ წინააღმდეგ?

რომაელთა მიმართ 8:31

ქალაქის ასაღებად მისული სამხედრო ძალები მშვიდობიანმა მოსახლეობამ შიშველი ხელებით გააბრუნა უკან. ქვეყნის მთავარსარდალი გადაწყვეტილების მიღებისას შვილების სურათს უყურებს… და არსად გარბის.

ტყვიების ქარიშხლის ქვეშ ახალშობილების დაბადება ღრუბლიან ცაზე ცისარტყელას გამოჩენას ჰგავს.

ახლა უკრაინაში ტკივილი და შიმშილია, მაგრამ სიხარულის მომგვრელად ჟღერს ის ფაქტი, რომ ქართველი მებრძოლი მშიერ ხალხს პურს ურიგებს.

გლოვის ველზე გამვლელნი წყაროს აღმოაჩენენ და კურთხევით დაფარავს მათ ადრეული წვიმები შემოდგომისა.

ფსალმუნი 83:6

არავინ იცის მშვიდობის ფასი ისე, როგორც ომგამოვლილმა ადამიანმა. სრული სიცხადით შევიგრძნობ ერთხელ უკვე განცდილი ომის აუტანელ სიმძაფრეს და მერამდენე ღამეა, მეც უკრაინასთან ერთად მღვიძავს, გულითა და გონებით მათთან ვარ.

მაშინ, როდესაც სროლის ხმისგან გაღვიძებული ბავშვი იაზრებს ომის მნიშვნელობას და არ უნდა, რომ მოკვდეს, გაზაფხული მართლაც ჯერ მხოლოდ კალენდარზეა მოსული.

ყველამ ერთად ვილოცოთ და ღმერთს ვთხოვოთ, რომ მალე მთელ მსოფლიოში ვიხილოთ ნანატრი გაზაფხული, მშვიდობიანი ცა და იმედიანი თვალები!

მოგვმადლე შველა მტრებთან ბრძოლაში, რადგან ამაოა ხსნა ადამიანისგან.

ფსალმუნი 59:11

დიდება ღმერთს!

მშვიდობა უკრაინას!

2 მარტი, 2022 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

მშვიდობა სძლევს ომს

ნატალია ჩიქოვანი 1 მარტი, 2022
ნატალია ჩიქოვანი

ჯერ კიდევ თებერვლის შუა რიცხვებში, სუსხიან დღეს, სამსახურისკენ მიმავალ გზაზე ვარდისფრად აყვავებული ხე დავინახე. გავიფიქრე, ნაადრევად შემოსილა-მეთქი, რადგან თვალწინ დამიდგა ბობოქარი მარტის გაუგებარი ხასიათი. ვიცოდი, არცერთ ყვავილს რომ არ შეარჩენდა, თუმცა, სულში გაზაფხულჩაღვრილმა განვაგრძე გზა… მერე და მერე კიდევ ბევრი ხე შემხვდა თეთრად და ვარდისფრად აფეთქებული კვირტებით მოსილი, ჰაერში გაზაფხულის სუნს რომ აფრქვევდნენ და გულში სიცოცხლის წყურვილს აღვიძებდნენ.

და, აი, უკვე გაზაფხული დადგა. ვიცი, ბევრ მათგანს არ შერჩება კვირტები, მათ ყვავილებს მარტის ქარი ნაცრისფერ ქუჩებში მიმოფანტავს და ახალი სიცოცხლის დასაწყისს მათი „სიკვდილით“ ამცნობს ქუჩაში მოსეირნე ადამიანებს.

უკვე გაზაფხული დადგა, სწორედ ის გაზაფხული, ნაადრევად აყვავებულმა ხეებმა და მოფრენილმა მერცხლებმა რომ მოიყვანეს…

ამბობენ, ერთი მერცხლის ჭიკჭიკს გაზაფხული არ მოუყვანიაო, მაგრამ ვინ იცის?!.. სიცოცხლის წყურვილს კი უღვიძებს ზამთრის ღრმა ძილით მოსილ დამზრალ მიწას.და როგორც გაზაფხული დადგა, სწორედ ასე, გარდაუვალად სძლევს მშვიდობა ომს და კეთილი – ბოროტს, რადგან ასე ყოფილა ოდითგანვე, აწ და მარადის! ❤

1 მარტი, 2022 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ახალი ბლოგები
ძველი ბლოგები
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 2

    მხსნელი უფალი

    26 თებერვალი, 2020
  • 3

    ღმერთი არ არის საშუალება

    5 დეკემბერი, 2022
  • 4

    მედროვე ადამიანთა ქმედებები…

    22 მარტი, 2019
  • 5

    ფიზიკური ნაკლი არ არის პრობლემა…

    7 ოქტომბერი, 2020


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ