ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ
  • stories

  • Memories

  • About Me

ბლოგები

ხანდახან რწმენა ქვიშის მარცვლებივით მებნევა…

ნინო ხუროშვილი 9 ივნისი, 2022
ნინო ხუროშვილი

ხანდახან რწმენა ჩემი მსგავსია მყიფე, თხელი ყინულისა, რომელიც თითქოს სადაცაა ფეხქვეშ ჩამიტყდება…

ხანდახან რწმენა ჩემი ესოდენ მოჰგავს პირდაღებულ, უძირო უფსკრულზე დაკიდებულ ბეწვის ხიდს, რომელზეც ძრწოლაატანილი ძლივს ვადგამ ნაბიჯებს…

ხანდახან რწმენა ჩემი როგორ ჰგავს უმიზნო ხეტიალს ჭაობიან ტყეში, როდესაც არ ვიცი, როდის დამიცდება ფეხი და შთანმთქავს ეჭვების ჭაობი…

ხანდახან რწმენა ჩემი ბნელეთის ველია, რომელზე მოარულს სულსა ჩემსა ვერ გაურკვევია, საით წავიდეს, სად იპოვოს ნათელი…

ხანდახან… ხანდახან კი რწმენა ჩემი ქვიშის მარცვლებივით თითებიდან მებნევა და ძირს დაცემულმა არ ვიცი, როგორ მოვაგროვო სათითაოდ თითქმის უხილავი მისი ნაწილაკები…

ხანდახან… ჰო, ხანდახან, არც კი ვიცი, სად ვპოვო პასუხები კითხვებზე, რომლებიც სვავებივით ჯიჯგნიან ჩემს სულს…

ხანდახან არ ვიცი, როგორ დავაღწიო თავი ეჭვებს, რომლებსაც ჩემი რწმენა ჩაუგდიათ ხელში ნადავლად და ნაწილებად ფლეთენ…

და მე მივდივარ ამ თხელ ყინულზე…. ფეხქვეშ ირხევა ეს ბეწვის ხიდი… უფსკრული დანთქმას მიქადის… ბნელეთის ველზე ყველა მხრიდან მესმის ყმუილი წარსულიდან გამოყოლილი ჩემი ეჭვებისა… და ვიღაც ჩამძახის, რომ აქ სულ მარტო ვარ… და ცდილობს დამარწმუნოს, რომ არ მომიწევდა გამოვლა ტკივილის ქარიშხალში, რომ არ ვიქნებოდი იძულებული ამეტანა ტანჯვის ნესტრის სიმწარე, რწმენის მიზეზი რომ ღირსი ყოფილიყო რწმენისა და ნდობისა… რწმენის მიზეზი რომ ყოვლისშემძლე ყოფილიყო… რადგან ის არ დაუშვებდა…

მუხლებზე ვეცემი გლოვის ველზე გამვლელი და ყურებს ხელებით ვიფარავ, რამეთუ აღარ მინდა ჩამესმოდეს ბოროტის ხარხარი, რომელიც მარწმუნებს, რომ არ ღირს, არა!

თუმცა…

ამდენ ხმაურსა და ყმუილში ოდნავ მესმის ის, რაც ამდენჯერ მომისმენია, თუმცა არასოდეს ყოფილა ჩემთვის ესოდენ მნიშვნელოვანი…

„ვიდოდი ღათუ შორის აჩრდილთა სიკუდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ“…

და ხელები ჩემი თავისთავად აღეპყრობიან ზეცად და ვამბობ:

„მწეო ჩუენო, იხილე, ღმერთო, და მოხედენ პირსა ცხებულისა შენისასა….

რათა რწმენა ჩემი იყოს, ვითარცა კლდე, რომელზე დამყარებულსაც ვერ შეარყევენ ბჭენი ჯოჯოხეთისა…

რამეთუ კლდეი არს თავად ქრისტე უფალი…

მიძღოდე მე, უფალო, გზათა შენთა და ვიდოდი მე ჭეშმარიტებითა შენითა…

უფალო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო…“

9 ივნისი, 2022 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

ნუ განსჯი სხვას

მიმი ტიელიძე 12 მაისი, 2022
მიმი ტიელიძე

წმინდა წერილი არაერთხელ საუბრობს ჩვენ მიერ სხვების განსჯაზე. მაგალითად, მათეს სახარების მეშვიდე თავი შემდეგი სიტყვებით იწყება: „ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხოთ“. გულში ხშირად გამიფიქრებია: მე ხომ სხვებს არ განვსჯი, უმეტესად სულ სხვა ადამიანები არიან ჩემი განსჯით დაკავებულნი-მეთქი. ვფიქრობდი, რომ ამ მხრივ წუნი არ მქონდა და განვაგრძობდი ცხოვრებას ჩვეულებრივ.

ერთხელ ჩემი მეგობარი შემხვდა. საუბრისას გამიმხილა, რომ ცუდად მოიქცა და სხვა მეგობარს გული ატკინა: მოატყუა და იმედი გაუცრუა. მაშინვე დავამშვიდე, მთავარია, მომავალში ასე აღარ მოიქცე-მეთქი, გულში კი გავიფიქრე: გარეთ თავს აჩვენებს, რომ ასეთი კარგი ადამიანია, არადა ჯერ კიდევ თურმე ასეთი შეცდომები მოსდის. არაერთხელ მოუყოლია ასეთი ისტორიები ჩემს მეგობარს, რომ შეცდა, რომ სხვადასხვა ადამიანური ნაკლი აქვს… მე ყოველთვის ვუსმენდი, მაგრამ გულში განვსჯიდი ხოლმე. არ ვაფასებდი მის გულწრფელობას. ის მე მიყვებოდა თავის შეცდომებზე, რადგან მენდობოდა. გულს ღვრიდა ჩემთან, მე კიდევ გულში განვიკითხავდი მას. მართალია, სხვებისთვის არ მომიყოლია მის შეცდომებზე, მაგრამ ჩემს გულში განსჯაც უკვე განსჯა იყო მის მიმართ. უფრო მეტიც, ერთხელ ისიც კი გავიფიქრე – მე ასე ცუდად არ მოვიქცეოდი-მეთქი.

ამ ამბიდან გავიდა დაახლოებით ერთი კვირა და ზუსტად ისე მოვიქეცი, როგორც ჩემ მიერ განსჯილი მეგობარი. მეც მოვატყუე და იმედი გავუცრუე სხვა მეგობარს. ყველაფერი დაემთხვა: რასაც ეს პიროვნება მომიყვა, მეც ზუსტად იგივე ჩავიდინე. ცოტა ხანში გავაანალიზე ეს ყველაფერი და როცა მივხვდი, რა გავაკეთე, გამახსენდა ბიბლიიდან სწორედ ეს სიტყვები:

ან როგორ ეუბნები შენს ძმას – მიმიშვი, თვალიდან ბეწვი ამოგიღოო, და აჰა, შენს თვალში კი დირეა!.
მათეს სახარება 7:3,4

მაშინ მივხვდი, რომ სხვათა განმსჯელი მე თვითონ იმავეს ვაკეთებდი. მივხვდი, რომ ასეთი საქციელი არ შემეფერებოდა და რომ სხვათა განსჯა იგივე ცოდვაა.

ყოველ ჯერზე, როდესაც აზრი მომდის, რომ სხვა ადამიანები განვსაჯო, სულ ეს შემთხვევა მახსენდება. ხანდახან გვიწევს მწარე გაკვეთილების მიღება, რათა ჩვენში სულიერი მანკიერებები აღმოვაჩინოთ. მანკიერებებს ვერ შევებრძოლებით, თუ ჯერ არ აღმოვაჩინეთ ისინი. და როდესაც აღმოვაჩენთ, ბრძოლას უნდა ვიწყებდეთ ჩვენივე სულების სასიკეთოდ. ღვთის თვალში ყველა ცოდვა ცოდვაა. სხვათა განსჯა ის ცოდვაა, რომელიც ადამიანს არასდროს მოუტანს სიკეთეს. ხშირად ყველაზე რთული სწორედ დამოკიდებულებებთან ბრძოლაა. როდესაც სხვას განსჯი, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ სხვებზე უკეთესი გგონია თავი; როდესაც სხვებზე უკეთესი გგონია თავი, ეს ნიშნავს, რომ სიამაყე შემოპარულა შენს გულში. სიამაყე კი მრავალი ცოდვის სათავე ხდება. თუ უფალი შენს ცხოვრებაში უშვებს ასეთ შემთხვევებს, იცოდე, რომ მისი მიზანი შენი მხილება და გამოსწორებაა. საკითხავი ისაა, შენ თუ გამოეხმაურები უფლის მხილებას, თუ მოისმენ და დაემორჩილები მას.

რადგან როგორც თქვენ განიკითხავთ, იმგვარადვე განიკითხებით, და რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ.
მათეს სახარება 7:2

12 მაისი, 2022 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

ნუ იქნები გარემოების მსხვერპლი!

ლიკა მელანაშვილი 12 მაისი, 2022
ლიკა მელანაშვილი

ადამიანის ცხოვრება წიგნს ჰგავს. პირველი ფურცელი დაბადებაა, ბოლო – გარდაცვალება, ყდები კი გარემო, სადაც არსებობ პირველი ტირილიდან ბოლო ამოსუნთქვამდე.

რა კვალს ტოვებ ფურცლებზე?

ყოველთვის ლამაზი, თანაც სქელი და გამძლეყდიანი წიგნები მომწონდა. რა კარგია სქელი ყდა, შენს ყოველდღიურ ფურცლებს როგორ კარგად იცავს…

ჩემს ცხოვრებას არ მოჰყვა გამძლე ყდა, მაგრამ ყოველი ქარის ამოვარდნისას ყოველ ფურცელზე დაცულად ვგრძნობდი თავს და ვწერდი ახალ ფურცელზე სხვადასხვა ახალ ისტორიას, გამოცდილებას, წარმატებასა და მარცხს. არც ამ დროს შეცვლილა გარემო და გარემოებები, ყდებივით რომ მქონდა შემოხვეული და ვერც გავრბოდი მისგან, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, დაცული ვიყავი ხილულისგან თუ უხილავისგან. ვგრძნობდი, რომ ყოველი ახალი ფურცლის შევსების შემდეგ უფრო გამძლე იყო ჩემი არსებობა. ყოველი ახალი დღის შემდეგ უფრო და უფრო ვშორდებოდი ჩემს გარემოებებს, რადგან გადავწყვიტე, არ ვყოფილიყავი გარემოების მსხვერპლი.

სრულიად უმწეო ვიყავი, დედამ რომ მიმატოვა. ღრმა ბავშვობაშივე გავიაზრე ფაქტის არსი და გადავწყვიტე, რომ თავად არასოდეს მოვიქცევი ასე. დღემდე ამ გადაწყვეტილების ერთგული ვარ. მინახავს ადამიანები, რომლებიც გალოთდნენ იმიტომ, რომ მამა ჰყავდათ ლოთი და ამ გარემოებამ იმსხვერპლა. მინახავს ადამიანები, რომლებსაც დედა ჰყავდათ მრუში და თავადაც ამ გზას დაადგნენ, რადგან გარემოების მსხვერპლად მიიჩნიეს თავი. მიიღეს არასასურველი გარემოებები, შეეგუვნენ და ემსხვერპლნენ.

ნუ იქნები მსხვერპლის აზროვნების, რადგან ღმერთს ეს არ აქვს შენთვის განზრახული!

არ ვიცი, შენ რა გარემოება გქონდა ან გაქვს, რა გეტკინა, რა გადაიტანე ან რა უდაბნოს გადიხარ ახლა, მაგრამ ნუ იხეტიალებ, როგორც მსხვერპლი და ნუ მოექცევი გარემოებათა ბორკილებში, არამედ რწმენით გაიმარჯვე მათზე!

ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში გადავწყვიტე, თუ უფალი იმ დიდი ბედნიერების ღირსად მიმიჩნევს, რომ გავხდე დედა და ვიყო მეუღლე, არასოდეს მივატოვებ მე, არამედ ვიქნები სანიმუშო და სამაგალითო, უფლისათვის სასურველი ქალი!

უფალი ცხოვრების თითოეულ ფურცელზე ჩემთან იყო და მამაგრებდა, მზრდიდა და მიცავდა ამოვარდნილი ქარიშხლებისგან.

მსხვერპლის აზროვნება ამბობს: „მიმატოვეს და მეც მივატოვებ“, „ღარიბ ოჯახში დავიბადე და ვერაფერს მივაღწევ“, „ნაკლი აქვს ჩემს ცხოვრებას და არავინ მიმიღებს“.

მიენდე უფალს, გამხნევდი და გაიმაგრე გული!.
ფსალმუნი 26:14

ბევრი ცრემლი დაიწერა ჩემი ცხოვრების ფურცლებზე, მაგრამ ჩემს გულს ნაპატიები აქვს მიტოვება.  რომ არა განსაცდელები და უფლის მამობა, არც კი ვიცი, ვინ ვიქნებოდი.  მადლობელი ვარ ამ მიტოვებისაც.

ყოველთვის მამხნევებდა წმინდა წერილიდან ეს მუხლი:

განა დაივიწყებს ქალი თავის ძუძუთა ბავშვს და არ შეიბრალებს ძეს თავისი მუცლისას? იმათაც რომ დაივიწყონ, მე არ დაგივიწყებ შენ!.
ესაია 49:15

თუ შენგან დამოუკიდებლად მოხდა შენს ცხოვრებაში რაღაცები, შენ არ აგირჩევია და არ გინდოდა, მაგრამ ასე მოხდა, გახსოვდეს, რომ ამას აქვს მიზეზი და მიზანი. უფალი მოგყვება ყოველი ფეხის ნაბიჯზე და გჯეროდეს, მას აქვს ჩანაფიქრი შენს ცხოვრებაზე. მთავარია, როგორ რეაგირებ მომხდარზე და როგორია შენი არჩევანი!

ნუ იაზროვნებ, როგორც მსხვერპლი, რწმენით გაიმარჯვე არასასურველ გარემოებებზე!

ხშირად ჰკითხე საკუთარ თავს – რა კვალს ტოვებ ცხოვრების ფურცლებზე?

და გახსოვდეს: უფალია შენი ცხოვრების საიმედო ყდა!

12 მაისი, 2022 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

„ესწრაფე, მიემსგავსო ღმერთს”

მაკო გამეზარდაშვილი 28 აპრილი, 2022
მაკო გამეზარდაშვილი

განა რა არის ჩვენი სიცოცხლე, ნისლი, რომელიც ერთხანს გამოჩნდება, შემდეგ კი, ჩვენს დაუკითხავად, ჩვენი თვალსაწიერიდან გაქრება…

არაფერი შექმნილა უმიზნოდ, ყველაფერს თავისი დანიშნულება აქვს სამყაროში, ისევე, როგორც შენ!

ადამიანის შექმნის მთავარი არსი გახლავთ ის, რომ იყოს ღმერთის ხატი და მსგავსი, რასაც გვასწავლის კიდეც ქრისტიანებისთვის ავტორიტეტული წიგნი, წმინდა წერილი. ერთ-ერთმა ღვთისმსახურმა კაცმა დასვა ამგვარი კითხვა: „დაბადების პირველი თავის 26-ე მუხლში ღმერთი ამბობს, შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და მსგავსად, ხოლო 27-ე მუხლში წერია, რომ შექმნა ადამიანი თავის ხატად, მაინტერესებს, მსგავსება რატომ აღარ წერია?“

ასეთი პასუხი გასცეს: „ებრაელი რაბინები ამბობენ, რომ ეს მსგავსება უკვე ჩვენი პასუხისმგებლობაა. თავის ხატად კი შეგქმნა ღმერთმა, მას ჩანაფიქრი კი აქვს, რომ მისი მსგავსიც იყო, მაგრამ ეს უკვე შენ უნდა განავითარო.“

რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს განვავითაროთ? განა არ ვიცით, რომ დღევანდელი ჩვენი გადაწყვეტილება განსაზღვრავს ჩვენს მომავალს?.. დრო გადის, ბევრ რამეში ვტყუვდებით, კომპრომისს კომპრომისი ემატება, ღვთისგან ბოძებულ სინდისს ვახშობთ; ბოროტიც ცდილობს, ბრჭყვიალა სასაჩუქრე ყუთში ჩადებული ცოდვით მოგვატყუოს, რომელსაც საბოლოოდ მარადიულ სატანჯველში მივყავართ.

ამისთვის მოვიდა ქრისტე, მან თავისი მსხვერპლით მოგვანიჭა მადლი, რომელიც გვეხმარება, მოვინანიოთ ჩვენი ცოდვები, ზურგი ვაქციოთ მას და ვიცხოვროთ ღვთისთვის მოსაწონად; ცდუნებების მიუხედავად მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც მის ბუნება-ხასიათში გაგვზრდის, რადგან დადგება დღე და მიწის მტვრისგან შექმნილი სხეულები ისევ მიწას დაუბრუნდება, ჩვენი სულით კი წარვდგებით მის წინაშე და მოგვიწევს, ჩვენი ცხოვრების ანგარიში ღმერთს ჩავაბაროთ.

დღეს, სანამ სუნთქავ და ცოცხალი ხარ, გაქვს შანსი, შეცვალო შენი ცხოვრება, რადგან  ყოველი ახალი დღე უფრო მეტად გვაახლოებს მასთან შესახვედრად.

28 აპრილი, 2022 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

ოცდაათ ვერცხლად გაგეცი, უფალო…

მიმი ტიელიძე 28 აპრილი, 2022
მიმი ტიელიძე

ბავშვობაში ბევრჯერ მომიმიზეზებია ათასგვარი რამ, რათა თავიდან ამეცილებინა შენთან ყოფნა, უფალო. ხან ვითომ მუცელი მტკიოდა, ხან გამოცდები მქონდა, ხან ავად ვიყავი. ყველაფრის მოგონება შემეძლო, რათა ნამდვილი მიზეზი – სიზარმაცე გადამეფარა. უბრალოდ მეზარებოდა, ან არ ვიყავი შენთან ურთიერთობის ხასიათზე. შენ დიდად არ შემწინააღმდეგებიხარ, რადგან თავისუფალი ნებით შემქმენი. ყოველთვის გინდოდა, რომ ჩემით ამერჩია – ვყოფილიყავი ჩემს ზეციერ მამასთან, ანუ შენთან, თუ ვყოფილიყავი და მეცხოვრა შენ გარეშე. მახსოვს, თუ კარგ ხასიათზე ვიყავი, ან თუ მეცალა, მაშინ მინდოდა შენთან საუბარი, შენი ხმის გაგონება, შენი სიტყვის წაკითხვა, შენს შვილებთან დროის გატარება… ასე, მუდმივად ვმერყეობდი.

როცა გავიზარდე და 18 წლის გავხდი, მეგობარმა სამსახური შემომთავაზა. მითხრეს, რომ შაბათ-კვირას ვიმუშავებდი. მეც დაუფიქრებლად დავთანხმდი. არადა, მქონდა არჩევანი, არ მემუშავა, მაგრამ მე ასე გადავწყვიტე. ვიფიქრე, ამით რა დაშავდება-მეთქი. არ გავითვალისწინე, რომ კვირაში 5 დღე ისედაც უნივერსიტეტში ვიყავი და ახლა შაბათ-კვირაც თუ დაკავებული მექნებოდა, ვეღარ შევძლებდი შენთან ურთიერთობას. მოკლედ, საკუთარივე ნებით, ჩემი ორი თავისუფალი დღეც გავიქრე დღის წესრიგიდან. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მთელი დღე ვიქანცებოდი უნივერსიტეტში, გვიანობამდე ვმეცადინეობდი და შაბათს დილაადრიან სამსახურში მივდიოდი ხოლმე. კვირა საღამოს, როცა ვასრულებდი მუშაობას, ისეთი დაღლილი ვბრუნდებოდი სახლში, რომ ბიბლიის გადაშლის თავიც არ მქონდა, ან თუ გადავშლიდი, ხუთ წუთში ზედ მეძინებოდა. განა რას მიხდიდნენ ამდენს ამ სამსახურში? არც არაფერს. ვფიქრდები და მახსენდება, რომ მართლა 30 ვერცხლს მიხდიდნენ, იუდასავით. თუმცა არა, შემეშალა, იუდამაც კი უფრო მეტი საფასური აიღო, მე 30 ვერცხლადაც კი არ გამიყიდიხარ, უფალო, მე 15 ლარად გაგყიდე, ფაქტობრივად არაფერზე გაგცვალე. ისეთი უღირსი ვიყავი, გთმობდი შენ – ანუ ყველაფერს და ამის სანაცვლოდ არაფერსაც არ ვიღებდი. ასეთ დონეზე როგორ დავეცი, უფალო? განა 15 ლარი შენზე ძვირფასია? განა რომელიმე სამსახური შენზე უფრო ტკბილია? ან შენზე უფრო დამაკმაყოფილებელია?

30 ვერცხლად გაგეცი, უფალო და იცი, ვნანობ. იმ დღეების დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, ახლა უკვე ვიცი, როგორ მოვიქცეოდი. უარს ვიტყოდი იმ 30 ვერცხლზე და შენი ხმის გაგონებას ვამჯობინებდი. მაგრამ რომ არ შემშლოდა, რომ არ გამეყიდე და ამ ღალატით გამოწვეული სინდისის ქენჯნა არ მეგრძნო, მაშინ ხომ არასდროს მეცოდინებოდა, რას ნიშნავს შენი გაცემა?

ნეტავ იუდასაც წინასწარ სცოდნოდა, უფალო, რას იგემებდა შენი გაცემით. ნეტავ მიხვედრილიყო, რომ შენ 30 ვერცხლი კი არა, გაცილებით და ბევრად მეტი ღირხარ, რომ შენ შეუფასებელი ხარ, უფალო. განა, რა მოსატანია 30 ვერცხლი შენთან, ან 15 ლარი ან 15 დოლარი?

აი, ასე დავდივართ ყოველდღე და ჩვენივე ნებით 30 ვერცხლად გყიდით და გვიან გვახსენდება ჩვენი დანაშაული. მე წლების შემდეგ მივხვდი ჩემს დანაშაულს, უფალო. ისიც, შენ გამინათე, თვალები. შენ რომ მოწყალება არ მოგეღო ჩემზე, დღესაც „ბრმად“ ვივლიდი და ისევ ფულზე გაგცვლიდი, ან მეგობრებზე, ან საჭმელ-სასმელზე, ან გართობაზე…

ახლა უკვე დიდი ვარ და ისევ მივუყვები გზას. და აღარ მინდა, რომ 30 ვერცხლად გაგყიდო, უფალო. აღარ მინდა, ვიყო იუდა. მინდა, ვიყო შენი ცხვარი, რომელიც შენს ხმას ისმენს და ემორჩილება. შენ კი მოდიხარ ჩემთან და კარს მიღებ. მე შენთან ვვახშმობ და შენ კი ჩემთან.

დაე, ნურასდროს გავხდებით იუდას მსგავსნი. დაე, არასდროს არ გაგცენ ჩვენმა ხელებმა და არ მიითვალონ 30 ვერცხლი ჩვენივე სულების დასაღუპად…

28 აპრილი, 2022 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

შაბათი: სად არის ღმერთი?

მარიამ ტყემალაძე 24 აპრილი, 2022
მარიამ ტყემალაძე

ჯვარცმის შემდეგ მოწაფეები შოკურ და უიმედო მდგომარეობაში იმყოფებიან.

იესო – მათი მეგობარი, მასწავლებელი, ადამიანი, რომელიც სხვებს ემსახურებოდა, კურნავდა, ზრუნავდა და არაფერი ცუდი არ ჩაუდენია, მათ თვალწინ აწამეს, მოკლეს.

ისინი უსამართლობის თვითმხილველები გახდნენ.

ამ დროს მხოლოდ ასეთი კითხვები მოგდის თავში: რატომ? რისთვის? სად არის ღმერთი?

დღეს ეს სამყარო უფრო მყიფე, არასტაბილური და საშიშია, ვიდრე ოდესმე.

ბოლო 2 თვის განმავლობაში, რაც უკრაინაში ომია, ბევრი ადამიანის გულში ისმის კითხვა: სად არის ღმერთი? რატომ არის ამდენი უსამართლობა?

ღმერთი იქ არის, სადაც ევა წყვეტს – დაემორჩილოს ეშმაკს, ცოდვას, და არ ერევა მის არჩევანში, რადგან ის თავისუფალი პიროვნებაა. ის პატივს სცემს ჩვენს არჩევანს, როგორიც არ უნდა იყოს იგი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფლები ვართ არჩევანში, მაგრამ არა შედეგებში. ყველა საქმეს, კარგს თუ ცუდს, თავისი შედეგი და ნაყოფი აქვს. ყველა ადამიანი თავის გადაწყვეტილებაზე აგებს პასუხს.

და კვლავ ისმის კითხვა: სად არის ღმერთი? ღმერთი ყოველთვის ახლოსაა. ღმერთი რჩება ღმერთად ქაოსის შუაგულშიც კი.

ღმერთი იქ იყო, როცა კაენმა მოკლა აბელი.

„რატომ არ შეაჩერა ღმერთმა კაენი?“ – ღმერთმა გააფრთხილა ის და უთხრა, რომ ცოდვა იყო მის კარს მომდგარი და უბრძანა მასზე მეფობა. კაენს ყური რომ დაეგდო ღმერთის გაფრთხილებისთვის, სხვა შედეგი დადგებოდა.

რატომ არ შეაჩერა ღმერთმა? იმიტომ, რომ ღმერთი გვაძლევს არჩევანის უფლებას.

ის იყო იქ, სადაც ჰეროდე კლავდა ბავშვებს, რათა მესია მოეკლა.

ის ახლოს იყო, როცა იოანე ნათლისმცემელს თავი მოჰკვეთეს.

ის იქ იყო, როცა ქრისტე ჯვარს აცვეს.

ის ისევ იქ არის, სადაც მას ელოდებიან და მის სახელს უხმობენ.

ის იქ არის, მათთან, ვისაც მშვიდობიანი მოსახლეობა გამოჰყავს ომის შუაგულიდან, ვინც ზრუნავს დაჭრილებზე, ვინც თავს სწირავს მშვიდობისთვის.

იქ მყოფი უკრაინელები, ბლოგერები, მორწმუნეები ჰყვებიან, თუ როგორ იბრძვის ღმერთი მათთან ერთად და რომ დღეს ის უფრო რეალური და ახლოს მყოფია, ვიდრე ოდესმე.

ნუ დააბრალებ ცუდ მოვლენებს მას, რომელმაც ჯვარზე გაწირა თავისი შვილი.

ღმერთი გვიგზავნის თავის ძეს და არა ომს. ზუსტად იმისათვის, რომ ბოროტება, რომელიც ადამიანშია, იყოს დამარცხებული.

ის მოვიდა ამქვეყნად, იტანჯა, ჯვარს ეცვა, რათა სიცოცხლის ფასად გაეთავისუფლებინა მთელი კაცობრიობა ცოდვის მონობისა და სულიერი სიკვდილისგან.

შეხედე ჯვარს, ნახე, თუ როგორ ისჯებოდა ცოდვა.

იესო ჯოჯოხეთში ჩავიდა, რათა შენ აღარ მოგიწიოს იქ ჩასვლა. მოწაფეებს შაბათს ბევრი კითხვა ჰქონდათ და ამ უსამართლობაში ვერ ხედავდნენ იმედს, მაგრამ ეს მხოლოდ შაბათია…

ახლოვდება კვირა (აღდგომა).

აღდგომა იმედია მათთვის, ვინც ქრისტესნი არიან, რადგან ისინი მასთან ერთად აღდგებიან.

ახლა კი, სანამ ღმერთს შევხვდებით, ვიყოთ მისი ერთგულნი, გავმხნევდეთ, ვენდოთ და გვიყვარდეს ის, ვინც სიკვდილამდე შეგვიყვარა.

24 აპრილი, 2022 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

სიკვდილის სურნელი აქვს ამ დღეს, რათა სიცოცხლე ეგრძნო ყოველ ადამიანს

თაკო გამგებელი 24 აპრილი, 2022
თაკო გამგებელი

კვლავ ცრემლები ეშვება ღაწვებზე…

კვლავ ოცდაათ ვერცხლად იყიდება სიწმინდე და სიყვარული.

გული გამალებით ცემს და გონებაში კვლავ წისქვილის ქვასავით ბრუნავს წყეული სიტყვები: „ჯვარს აცვით!“

კვლავ დუმს პილატე…

კვლავ მიაბიჯებს მაცხოვარი გოლგოთაზე.

კვლავ წვეთ-წვეთად, მტანჯველად და მძიმედ ეცემა კრავის სისხლის ყოველი წვეთი ცოდვით გაჟღენთილ მიწაზე.

ადამიანთა შორის კვლავ ისმის მომაკვდავის ჩურჩული: „მამაო, მიუტევე ამათ, რადგან არ იციან, რას აკეთებენ” და უკანასკნელ ამოსუნთქვას ამოყოლილი სიტყვა „აღსრულდა”.

სიკვდილის სურნელი აქვს ამ დღეს, რათა სიცოცხლე ეგრძნო ყოველ ადამიანს.

იესომ დაიტია კაცთა ტვირთი და სიმძიმე. სინანულის სურნელიც აქვს ამ დღეს, რადგან მთელი გულით გსურს ხელის გაწვდენა დაცემული უფლისაკენ, მაგრამ არ ძალგიძს.

დალურსმულ მაცხოვარს კვლავ გულში იკრავს მარიამი, როგორც დაბადებისას.

ბოლოს კი, კვლავ ლოდს მიაგორებენ მის საფლავს…

მას შემდეგ ყოველი ადამიანი საკუთარ გოლგოთას მიუყვება და მრავალჯერ დაცემულს სიმწრისგან აღმოხდება სიტყვები: „უფალო, მიშველე!“

დღეს დაცემის დღეა, რათა აღდგომა გამხდარიყო ჩვენი წამოდგომის ძალა და გამარჯვება ცხოვრების გზაზე.

24 აპრილი, 2022 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

დალურსმული ხელები

გიორგი ოდიაშვილი 23 აპრილი, 2022
გიორგი ოდიაშვილი

აგერ, ორი გრძელი მორი, თითქმის ისეთივე, როგორსაც ყმაწვილი იესო ამუშავებდა ხოლმე თავისი ხელებით, რათა მათგან სასურველი ნივთები შეექმნა თავის მამასთან, ხურო იოსებთან ერთად.

აგერ, თითქმის ისეთივე მორები, მაგრამ სრულიად სხვა დანიშნულებით.

იესო დღეს ვეღარ დაამუშავებს, ვეღარ დააჭედებს ლურსმნებს ამ მორებზე თავისი ხელებით, მაგრამ მის ხელებს უეჭველად დააჭედებენ დღეს ამ მორებზე… ამ მორებისგან გაკეთებული კოჟრიანი ჯვარი არც არავის გაუშალაშინებია იმ მიზნით, რომ ქრისტე უნდა მოკვდეს მასზე და ტკივილი შევუმსუბუქოთო.

დიახ, ასე ინება უზენაესმა, რომ სამყაროში ყველაზე ძლიერი და ყველაზე საიმედო ხელი დალურსმული ხელი ყოფილიყო.

23 აპრილი, 2022 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ბლოგები

შენც შეეხე იესოს რწმენით

მაკო გამეზარდაშვილი 21 აპრილი, 2022
მაკო გამეზარდაშვილი

მახსოვს დღე, როდესაც  ყველაფერი შავ-თეთრად მექცა, დაუნდობელმა, სასტიკმა ტკივილმა კუთხეში მიმიმწყვდია და თავისი სისხლიანი კლანჭებით ხელში ჩამიგდო. ტკივილს თავს ვერ ვაღწევდი, არც არავინ მყავდა, რომ შველა მეთხოვა. თეთრად გათენებული ღამეები, საშინლად გაწელილი მარტოობა, უსასრულო შფოთი, ავადმყოფობა, რის გამოც სისხლდენა არ წყდებოდა. სამკურნალოდ  მთელი ჩემი ქონება დავხარჯე, მაგრამ უშედეგოდ; ექიმებმა ვერაფერი მიშველეს, უარეს დღეში ჩავვარდი. ახლაც ტკივილს ვერავინ და ვერაფერი მიყუჩებს, თუმცა, ფიზიკურ ტკივილზე მეტად, შინაგანი ტკივილი მანადგურებს; სნეულების გამო ყველა უწმინდურად აღმიქვამს; ისინი ამბობენ, რომ უფლება არ აქვთ, მომეკარონ; ყველა გამირბის, თავს მარტოდ და უღირსად ვგრძნობ. გარშემო ვინც კი მყავდა, ხელში აღებული ქვიშასავით გამომეცალა; თავიანთი დამოკიდებულებით ცოცხლად დამმარხეს, ყოველი დაყრილი მიწა კი სულის ნაიარევად მექცა.

ხალხში ფარულად დავდივარ, არ მინდა, რომ მიცნონ; ასე არავინ გამირბის, მაგრამ ეს სიცარიელეს ვერ მივსებს, თუმცა, ზოგჯერ თავს მათ ნაწილად მაგრძნობინებს…

ხალხში ხმა გავრცელდა, რომ არის ვინმე ქრისტე, რომელიც სხვებს არ ჰგავს; მოძღვარია, მაგრამ არ ეთაკილება და ცოდვილებთან ერთად სუფრასთან ზის; თანაც ამბობს, რომ მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ. ნეტავ მის გარემოცვაში მეც შემეძლოს მისვლა… მე რას მეტყოდა?.. ნუთუ შეუძლია, სირცხვილი ჩამომრეცხოს, სიცარიელე შემივსოს, სულიერი და ფიზიკური ჭრილობები შემიხორცოს? ის ხომ ხალხს კურნავს… ეჰ, იმედის მომცემი სიტყვებია, მაგრამ მერამდენედ უნდა გამიცრუვდეს, არა, არა, საკმარისია!!!  სჯობს, შევწყვიტო ოცნება. აღარ არის საჭირო, ისევ შევმატო იმედგაცრუების თაროს კიდევ ერთი ტკივილი…

ფიქრებისგან გატანჯულმა სახლში წასვლა გადავწყვიტე, სადაც არავინ მელოდა. წარსული გამოცდილებით დაღონებული გზას გავუყევი. ეკლიანმა ფიქრებმა დაჭრილი გულის გავლით მთლიანად მომიცვა, რამაც დასერილი გრძნობები კიდევ ერთხელ, მეტად ღრმად დასერა. ტკივილს შეგუებული ვეღარაფერს ვგრძნობდი, ხელჩასაჭიდი – მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენაც არ მქონდა; რწმენა, რომ რამე ჩემს ცხოვრებაშიც შეიცვლებოდა.

უეცრად ხალხის ხმა შემომესმა. შევჩერდი. წამით თვალი ქრისტეს მოვკარი. მისი თვალებიდან ღვთიური სიყვარული გადმოედინებოდა, რაც, წინაღობების მიუხედავად, ჩემს გულს სწვდებოდა. სხვა რამ ვიგრძენი, ეს გრძნობა შეუდარებელი იყო, იგი აქამდე არასდროს განმეცადა. თითქოს დრო შეჩერდა. ქრისტე წამოდგა და მოწაფეებთან ერთად ვიღაც კაცს გაჰყვა, ხალხი აირია. იესო ნელ-ნელა თვალს ეფარებოდა…

ვთქვი: არა, არა, ასე უბრალოდ მე მას ვერ დავთმობ! თითქოს ჩემში მოზღვავებული იმედი გაჩნდა, რაც დანებების უფლებას არ მაძლევდა. გულმა ფეთქვა დამიწყო, რომელიც ამ დრომდე გაჩერებული მქონდა. აქამდე განუცდელი ძალა მომეცა. სირცხვილის მიუხედავად, ვამბობდი: მასთან უნდა მივიდე, ის განმკურნავს. ტყვეობის ბორკილები შევიხსენი და სწრაფი ნაბიჯებით მკურნალისკენ გავეშურე. ბოროტ ტკივილს ჩემი გაშვება არ სურდა. ჩემს დასაჭერად ყველაფერს აკეთებდა, მაგრამ უშედეგოდ. იცოდა, თუ ქრისტემდე მივიდოდი, ჩემი თორმეტწლიანი ავადმყოფობა ერთ წამში დასრულდებოდა.

ბრბოში ავირიე; ქრისტეს ვეღარ ვხედავდი; სუნთქვა გამიხშირდა, მაგრამ მაინც განვაგრძე რწმენის ნაბიჯებით სვლა. ისე მივილტვოდი იესოსკენ, როგორც ირემი წყლის ნაკადებისკენ. ბრბო მასკდებოდა, მასთან მისასვლელ გზას მიკეტავდა; მე კი დაჟინებით მივიწევდი წინ, წინაღობები აღარ მადარდებდა; მხოლოდ ერთი აზრით ვიყავი გაჯერებული – მას უნდა შევხებოდი. ჩემი სულის ძახილი მეტად მკაფიო ხდებოდა. გამოცდილების უიმედო ხმა კი იკლებდა. ახლა მხოლოდ ეს სიტყვები მესმოდა, რომ განვიკურნებოდი! როგორც იქნა, მივუახლოვდი, ვთქვი: მის სამოსელსაც რომ შევეხო, განვიკურნები. ასეც მოხდა, მისი ტანსაცმლის კალთას შევეხე და იმწამსვე შემიწყდა სისხლის დენა. ქრისტესგან ძალა გადმოვიდა, რამაც მთლიანად მომიცვა; მკვდარი იმედები გამიცოცხლა; უსასრულოდ ღრმა ჭრილობები შემიხორცა; სიცარიელე შემივსო; ყოველივე ცუდი, რაც ამ დრომდე თან მდევდა, განდევნა. ასეთ სასწაულს ღვთის გარდა ვერავინ შეძლებდა. სიყვარულით გაჯერებულმა ძალამ ღვთის წმინდა შიში შემძინა, შიში იმისა, რომ ასეთი სიყვარული არასდროს დამეკარგა. ასეთი სასწაულებრივი ცვლილებები ჩემს გონებას ბევრად აღემატებოდა, გაკვირვების მწვერვალზე მყოფმა დამალვა გადავწყვიტე.

იკითხა იესომ: „ვინ შემეხო?“ ქრისტეს სურდა ჩემი რწმენის სრულყოფა, რომელიც საჯარო აღიარებით იყო შესაძლებელი, რათა ყველას გაეგო, რომ  სირცხვილი მთლიანად ჩამომრეცხა და თავისი ღვთიური ღირსებით შემმოსა. პეტრემ და მასთან მყოფებმა უთხრეს: „მოძღვარო, ხალხი გარს გახვევია და ზედ გაწყდება, შენ კი კითხულობ, ვინ შემეხოო?“  ხოლო იესომ თქვა: „ვიღაც შემეხო, რადგან ვიგრძენი, რომ ძალა გავიდა ჩემგან.“

ვეღარ დავიმალე, ძრწოლით მივუახლოვდი, დავემხე მის წინაშე და საჯაროდ განვაცხადე, რა მიზეზითაც შევეხე და როგორ უცბად განვიკურნე. ქრისტემ ჩემი აღიარება დააჯილდოვა სიტყვებით: „ასულო, შენმა რწმენამ განგკურნა. წადი მშვიდობით!“

თუკი ჩემ მსგავსად შენც განგიცდია ზემოთ ხსენებული გრძნობები, მაშინ გეტყვი, რომ მარტო არ ხარ!!!  შენც გაქვს შანსი, მარიონეტულ ცხოვრებას თავი დააღწიო, ამისთვის კი მხოლოდ ერთი რამ გჭირდება, შენც შეეხე რწმენით იესოს. იესოს, რომელიც მკურნალი ღმერთია და რომელიც მოვიდა დედამიწაზე…

…გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების და ბრმათათვის თვალის ახელის გამოსაცხადებლად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად, უფლის შეწყალების წლის გამოსაცხადებლად.
ლუკას სახარება 4:18-19

21 აპრილი, 2022 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestThreadsBlueskyEmail
ახალი ბლოგები
ძველი ბლოგები
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    უყურე ცხოვრებას ფხიზელი თვალით – დალევა გამოსავალი არ არის!

    22 აპრილი, 2015
  • 2

    ნუ განიკითხავ…

    4 მაისი, 2016
  • 3

    ადექი და აიღე შენი ჯვარი!

    9 ივნისი, 2016
  • 4

    მაპატიე, უფალო…

    31 მაისი, 2021
  • 5

    იყავი ნამდვილი!

    27 მაისი, 2020


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ