ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ
  • stories

  • Memories

  • About Me

ბლოგები

ნეტავ ადამიანები ვარსკვლავები ვყოფილიყავით…

თაკო გამგებელი 13 სექტემბერი, 2022
თაკო გამგებელი

ყოველ ჯერზე, როდესაც ცის კამარას ვუყურებ, ვფიქრობ, რა იქნებოდა, ადამიანებიც ვარსკვლავები ვყოფილიყავით. ქვეყნიერებისგან მოშორებით მოციმციმე ვარსკვლავები, რომელთა შორეული ნათება ადამიანის ენაზე უფრო მეტყველ თვალებს ჰგავს.

მიყვარს დილით ქუჩაში მშვიდად სიარული და ყოველი გამვლელის თვალების სიღრმეში „ჩავარდნა“.

ხშირად ჩემი გული გრძნობს მათ მზერაში ჩამალულ ტკივილს, შფოთს, ეჭვსა და შურს.

შეგიმჩნევიათ, როგორი ჩამქრალი და სატირლად მოღრუბლულია დარდით სავსე თვალები?

სამაგიეროდ, ბედნიერებით გაბრწყინებული თვალებია მზესავით კაშკაშა.

ყველაზე მეტად კი უფალი განიცდის ჩვენი სულის დარდსაც და სიხარულსაც. ის, ვინც ჩვენს ყოველ დაღვრილ ცრემლს აგროვებს. ის, ვინც ასჯერ გაიღებდა საკუთარ სიცოცხლეს, რათა ჩვენს თვალებში მზეს გამოენათებინა. ხანდახან მგონია, რომ ღმერთი ჩემთან ერთად დადის ქუჩაში და აკვირდება ყოველ ადამიანს, რომელიც არამიწიერი სიყვარულით უყვარს.

არცერთი ადამიანის ბედისწერა არ უნდა იწერებოდეს ცრემლებით. უფალმა ყოველ სიცოცხლეს უბოძა ბედნიერების შანსი.

მიუხედავად ათასგვარი ტკივილით სავსე თვალებისა, ყოველ დილით, როცა ქუჩაში ვსეირნობ, უფალი ადამიანების გადარჩენის გზად მესახება, რადგან ვიცი, რომ ქრისტეს მორწმუნე ადამიანი ყველაზე მეტად ჰგავს ცის კამარაზე საუკუნოდ მოკაშკაშე ვარსკვლავს.

13 სექტემბერი, 2022 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ქრისტე – ჭეშმარიტება ათავისუფლებს!

მიმი ტიელიძე 6 ივლისი, 2022
მიმი ტიელიძე

სიმძიმე შემოპარულიყო ჩემს სულში… ისევ მტანჯავდა რაღაც, შიგნიდან მღრღნიდა და მანადგურებდა უიმედობა, ფიზიკური და ემოციური უძლურება… ვხედავდი, რომ არაფერი იცვლებოდა უკეთესობისკენ ჩემს ცხოვრებაში… მერე რა, რომ ბევრი რამ მქონდა – სახლი, ფული, საუკეთესო მეგობრები, საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობა… ო, როგორ მიჭირდა ჩემი საკუთარი სხეულის ტარებაც კი… უკვე მერამდენედ… ყოველდღე ვგრძნობდი, თითქოს ვიშლებოდი… თითქოს სადაცაა, დავეცემოდი… და ამ დროს დღეში ასჯერ მაინც მომდიოდა ნეგატიური ფიქრები: დანებდი, ხომ ხედავ დანებება უფრო მარტივია, ვიდრე ბრძოლა. დანებდი, რათა თავიდან აიცილო უფრო მეტი ტანჯვა. შენ ამას ვერ გაუძლებ. შენ ამას ვერ შეძლებ… მძიმე ემოციების ტყვეობაში მყოფი, კარგ რამეებს ვეღარ ვამჩნევდი ცხოვრებაში. თითქოს ყველასი და ყველაფრის სიყვარულის შეგრძნება გამიქრა. აქამდე რომ ვგიჟდებოდი ჩემს საყვარელ ადამიანებზე, ახლა მათი სიყვარული ტვირთად გადამქცეოდა… და ღმერთი? ჩემი ზეციერი მამის სიყვარულსაც ვეღარ ვგრძნობდი. ყოველდღე ვეკითხებოდი მას: ღმერთო, რატომ ვერ ვგრძნობ შენს თანდასწრებას, რატომ ვერ გხედავ, რატომ არ მესმის შენი? სადა ხარ? ნუთუ მიმატოვე? იცი, მე თავს მარტო ვგრძნობ… აღარაფერი მიხარია, უფალო… და ვიცი, ასე თუ გაგრძელდა, დავიღუპები… მე კი დაღუპვა არ მინდა.. არ მინდა ეშმაკის მხარეს, მე შენთან მინდა… შენთან მინდა… გამოჩნდი, მომეცი მადლიერება, რომ მცირედი მაბედნიერებდეს. მინდა, მომშორდეს ნეგატიური აზრები, უფალო… არ მინდა, მიდრეკილი ვიყო უიმედობისადმი. მჯერა, რომ ამისთვის არ შეგიქმნივარ.

ცხოვრება გრძელდებოდა ამ ტყვეობაში და თითქოს უფალი არ ცვლიდა ჩემს მდგომარეობას. ამასობაში კი ხშირად მახსენდებოდა ხოლმე ფრაზა წმინდა წერილიდან: „შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ“ (იოანე 8:32). და ვფიქრობდი, ღმერთო, რას ნიშნავს ეს? კი ვიცი, რომ ეს ჭეშმარიტება ქრისტეა, მაგრამ ქრისტემ, ანუ ჭეშმარიტებამ როგორ უნდა გამათავისუფლოს-მეთქი. ბოლომდე არ მესმოდა ამ ფრაზის ნამდვილი სათქმელი. მეგონა, რაღაც თეოლოგიური ფილოსოფიის ცოდნა სჭირდებოდა ამ მუხლის შინაარსის გაგებას. კი მჯეროდა, რომ ქრისტეა ჩემი მხსნელი, ჩემი მკურნალი, ჩემი მეგობარი, მაგრამ ვეღარ ვგრძნობდი მის სიახლოვეს; ვეღარ ვგრძნობდი მის მიერ ჩემს გათავისუფლებას ცოდვებისგან და ცუდი დამოკიდებულებისგან…

ერთი მორიგი დღე გათენდა. ჩემს საქმეს ვაკეთებდი და აფორიაქებული ვიყავი. მახსოვს, ოთახში ვარ და ჩემს შინაგანში რაღაც გავიგონე, თითქოს რაღაც ფრაზამ გაიჟღერა. ზოგადად, არაერთხელ მოსულა ჩემს გონებასა თუ გულში რაღაც აზრები, ფიქრები, შეხედულებები, მაგრამ ეს ცოტა განსხვავებული იყო, რადგან გარკვევით არ ჟღერდა. ძალიან ჩუმად გაისმა ფრაზა, იმდენად ჩუმად და იმდენად სწრაფად, რომ მალევე გადამავიწყდა. რამდენიმე საათის შემდეგ, როცა, როგორც იქნა, საქმეებისგან მოვიცალე და დავჯექი, გამახსენდა ეს ფრაზა და დავფიქრდი. დღეს რაღაც ხომ გავიგონე? გონება დავძაბე. ვცადე გამეხსენებინა, დღეს გულის კუნჭულში რა ფრაზამ გამიელვა და ეს, დაახლოებით, ასე ჟღერდა: „შენ კარგი არ ხარ ჩემ გარეშე.“ როგორც კი ეს ფრაზა გავიხსენე, იმწამსვე გამინათდა გონება. მივხვდი ერთ მნიშვნელოვან რაღაცას.

გამახსენდა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ჩემს გულში ვტრაბახობდი ხოლმე – აი, რამდენიმე თვეა, ამ კონკრეტულ საკითხში არ შემიცოდავს; აი, სხვებს გაუჭირდათ ამ პრობლემის გადალახვა და მე რა წარმატებით დავძლიე-მეთქი. მივხვდი, თურმე აქამდე მეგონა, რომ ჩემით დავძლიე რაღაცები, რომ ჩემით ვთქვი უარი ცოდვის ჩადენაზე, რომ საკუთარი ძალებით გავექეცი ცოდვას. ეს გავიაზრე და ცრემლები წამსკდა. თურმე არასწორი დამოკიდებულება მქონია სულსა და გულში. ბოლო პერიოდში რომ ისევ დავეცი, მივხვდი, უფალმა დაუშვა ასე, რათა მივეხვედრებინე, რომ მაშინ ვამარცხებ ცოდვებს, როცა სრულიად დარწმუნებული ვარ ჩემს უძლურებაში და როცა უფალზე ვამყარებ იმედს ცოდვასთან ბრძოლაში. ბოლო პერიოდში თურმე აღარ ვცხოვრობდი იმის გააზრებით, რომ იესო იყო ჩემი გამომსყიდველი და ჩემი ძალა. მე ყველაფერი საკუთარ თავზე მქონდა მიწერილი. მივხვდი, რომ უფლის გარეშე არაფერი არ შემძლებია. ამ ყველაფრის გააზრება, ალბათ, წამის მეასედში მოხდა. მაშინვე დავიჯერე ის ფრაზა, რომელიც სულის ყველაზე ღრმა წერტილში ყველაზე ჩუმად გავიგონე. მე იგი მივიღე, როგორც უტყუარი ჭეშმარიტება და მივხვდი, რომ ეს ფრაზა უფლისგან იყო; რომ ქრისტე ჩაერია; რომ მან ამიხილა თვალი თავისი ჭეშმარიტებით და თვალების გახელა გათავისუფლებას უდრიდა. მე ქრისტემ, ანუ ჭეშმარიტებამ გამათავისუფლა.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქრისტემ გადაწყვიტა, რომ საკმარისი იყო ჩემი ბრმად სიარული; რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, რადგან ასე ის თავის შვილს დაკარგავდა და მე კი – ჩემს სულს… ქრისტე, რომელმაც ჩემი სულის გამოსახსნელად თავისი თავი გაწირა, ვერ დაუშვებდა, რომ მისი ეს მსხვერპლი ამაო ყოფილიყო. მან თქვა: „კმარა! უნდა გავათავისუფლო ჩემი ქალიშვილი, რადგან მე ის მიყვარს.“ ქრისტე ხომ უბრალოდ ჩვენი ცოდვების საპატიებლად არ მოსულა, ის მოვიდა, რათა გვიხსნას ცოდვების ტყვეობისგან და მისი ძალაუფლებისგან. ის მოვიდა, რათა გვიხსნას უიმედობისგან, ავადმყოფური აზრებისგან, ეგოიზმისგან, სუიციდური აზრებისგან, ყოველგვარი უძლურებისგან… ამ ყველაფრისგან მიხსნა მე ქრისტემ. თან სრულიად დაუმსახურებლად… უნდა ვაღიარო, რომ ძალიან ხშირად არ ვლოცულობდი მთელი გულით ჩემს გათავისუფლებაზე, მე უბრალოდ ვიტანჯებოდი… და ვფიქრობდი, რომ ღმერთის კეთილგანწყობა უნდა დამემსახურებინა ჩემი კარგად მოქცევით… მაგრამ რადგან ბოლო პერიოდში ვეღარ ვიმარჯვებდი ცოდვებზე, ვიფიქრე, რომ ღმერთმა მადლი მომაკლო… რომ მან სიყვარული და ყურადღება მომაკლო.

ვცდებოდი… როცა მართლაც ერთი წამი მაშორებდა ყველაფერზე ხელის ჩაქნევისგან, მაშინ გამაგონა ქრისტემ ჭეშმარიტება და ამ ჭეშმარიტებამ გამათავისუფლა. ახლა ვიცი, რას ნიშნავს ჭეშმარიტების შეცნობა. იმ დღიდან მოყოლებული აღარ ვფიქრობ იმაზე, თუ რამდენად უძლური ვარ. სხეულშიც მომემატა ძალა, სულშიც… და თუ აქამდე ერთი წუთიც კი ვერ ვახერხებდი, ჩემი თავისთვის რამე დამეძალებინა, მაგალითად, მეცადინეობა ან უფლისთვის რამის გაკეთება, ახლა ვახერხებ. ვიცი, რომ ისევ უძლური ვარ; ისევ ტალღებზე მიწევს სიარული; ისევ ვულკანი გადმოდის ჩემს ცხოვრებაში; ისევ მიჭრიან გულს, მაგრამ ჩემი თვალები მოსწყდა ჭაობის ყურებას. მე ახლა ამბიცია მაქვს, რომ მთებს ისევ უნდა შევეჭიდო. ისევ მეუბნებიან, რომ არ გამომივა, მაგრამ მივხვდი, რომ უფალი ჩემს მხარეზეა და მან უნდა გამამარჯვებინოს.

ხალხს ავიწყდება, რომ უფალს შეუძლია მთების გადაადგილება. მაშინ, როდესაც ჩემი საკუთარი თავის იმედიც კი აღარ დამრჩა, ველოდები უფლის სასწაულებს ჩემს ცხოვრებაში…

დაფიქრდი, მაშინ, როცა ისე ხარ შენს ტკივილში ჩაფლული, რომ უფალს ვეღარ ამჩნევ, იქნებ გავიწყდება, რომ შენი უიმედო მდგომარეობის შემცვლელი მხოლოდ იესოა და მას უნდა მოუხმო? ქრისტე კი მოვა და თანაც მაშინ, როცა არ ელი; წამის მეათასედში გაგათავისუფლებს და თვალებზე მალამოს წაგისვამს. არა იმიტომ, რომ ჩვენ კარგები ვართ, არამედ იმიტომ, რომ ის არის კეთილი და ასე სურს.

დაე, რაც უფალს სურს, ის აღსრულდეს ჩვენს ცხოვრებაში. შენ კი მოდი, უფალო, და აგვიხილე თვალები. მოდი და გაგვათავისუფლე.

ქრისტე ჩემი ჭეშმარიტებაა.

რა არის შენი ჭეშმარიტება?

6 ივლისი, 2022 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

მოიშორე მწუხარება შენი გულიდან

თორნიკე ხუბაშვილი 4 ივლისი, 2022
თორნიკე ხუბაშვილი

მოიშორე მწუხარება შენი გულიდან და ტკივილი – შენი სხეულიდან, რადგან სწრაფად გარბის ბავშვობა და სიჭაბუკე.

ეკლესიასტე 11:10

ხშირად ტვირთის დამძიმება ხდება არა სიმძიმის მომატების, არამედ მისი ზიდვის ხანგრძლივობის გამო.

შესაძლოა ფიქრობდე, რომ ეს არაფერს გავნებს, შეგიძლია მათი ზიდვა და გაკონტროლება, მაგრამ ასე არ იქნება. ერთხელაც დაიღლები და ისე დამძიმდება, რომ გაგსრესს, ეს მხოლოდ დროის საკითხია.

ამიტომ, ნუ მისცემ უფლებას ტკივილს, რომ იმაზე მეტი დროით გაჩერდეს შენს ცხოვრებაში, ვიდრე ეკუთვნოდა, თორემ თვითშეცოდებაში გადაიზრდება. არის ჟამი გლოვის და ჟამი სიხარულის.

ტანჯვას ნუ მოაპარვინებ შენს წლებს, დანიშნულებას, ნიჭს და ახალგაზრდობას. ხანდახან დროა, უთხრა ტკივილს, რომ მისი დრო ამოიწურა, მისი მიზანი უკვე მიღწეულია და ახლა დრო დადგა მშვიდობის, განკურნების, სიხარულის და მიღებული გამოცდილების გამოყენების.

#აპატიე

#გაუმკლავდი

#განიკურნე

#გაუშვი

#ისწავლე

#გააგრძელე

4 ივლისი, 2022 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

დაემორჩილე უფლის ხმას

მიმი ტიელიძე 9 ივნისი, 2022
მიმი ტიელიძე

ოჯახსა და სკოლაში ხშირად გვასწავლიან უფროსებისადმი მორჩილებას. როდესაც პატარა ვიყავი, ამ ყველაფერს თვალდახუჭული ვასრულებდი. ვემორჩილებოდი მშობლებს, ბებია-ბაბუას, ჩემი სკოლის მასწავლებლებსა და სკოლის დირექტორს. მათი სიტყვა ჩემთვის კანონი იყო. ვასრულებდი, რასაც მეტყოდნენ, რადგან ისინი უფროსები იყვნენ. თუმცა, რამდენადაც ერთგული ვიყავი უფროსებისადმი მორჩილებაში, იმდენად ნაკლებად ვუსმენდი და ვემორჩილებოდი ჩემს თანატოლებსა და ჩემზე უმცროსებს, იმიტომ, რომ საზოგადოებამ არ მასწავლა სოციუმის სხვა დანარჩენი წევრების პატივისცემა და მორჩილება. ჩემ გარშემო მყოფ საზოგადოებას დაავიწყდა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ესწავლებინა – დავემორჩილო უფალს, რომელიც ძალიან ხშირად ჩემზე ბევრად უმცროსი ან თანატოლი ადამიანების მორჩილებას მავალებს. ახლა კი მინდა, გავიხსენო ერთი პატარა და ძალიან უბრალო მოვლენა, რომელმაც თვალები ამიხილა უფლის მორჩილებაზე.

ერთხელ ქრისტიანულ ახალგაზრდულ ბანაკში წავედი, სადაც მონაწილეთა და ბანაკის ლიდერთა უმეტესობაც კი ჩემი თანატოლი იყო. პირველ დღეს გვაჩვენეს ბანაკის ტერიტორია და აგვიხსნეს საერთო სარგებლობის ადგილების გამოყენების წესები. მაგალითად, გვითხრეს, რომ ცალკე იყო მონაწილეების და ბანაკის ლიდერების სააბაზანო ოთახები, და რომ მონაწილეები მხოლოდ მათთვის განკუთვნილ სააბაზანოში უნდა შესულიყვნენ. ცნობისმოყვარეობამ მძლია და ცოტა ხნის შემდეგ შევათვალიერე ყველა სააბაზანო ოთახი. აღმოჩნდა, რომ ბანაკის ლიდერების სააბაზანო ბევრად კეთილმოწყობილი იყო. იქ ბევრად კომფორტული იქნებოდა შხაპის მიღება. ეს როგორც კი აღმოვაჩინე, მაშინვე დავიწუნე მონაწილეებისთვის განკუთვნილი სააბაზანო და გადავწყვიტე, რომ ლიდერების სააბაზანოთი მესარგებლა. თუმცა, ასე პირდაპირაც ვერ ვიზამდი ამას. თანხმობა მჭირდებოდა. როცა მოსაღამოვდა, ერთ-ერთ ლიდერს ვკითხე: არ შეიძლება, რომ ლიდერების სააბაზანოში შევიდე? თან ახლა ცარიელია, შიგნით არავინ არის და მგონი, არაფერი მოხდება-მეთქი.

ეს ლიდერი ზუსტად ჩემი თანატოლი იყო, თან ჩემი მეგობარი. მან მითხრა, რომ ბანაკის წესებს ყველა უნდა დაემორჩილოს და თუნდაც ის სააბაზანო ცარიელი იყოს, იქ ლიდერების გარდა არავინ არ უნდა შევიდესო. გული დამწყდა, მე სხვა პასუხს ველოდი, თუმცა არ შევიმჩნიე იმედგაცრუება და დავეთანხმე ამ ადამიანს: კარგი, რადგან არ შეიძლება, არ შევალ-მეთქი. ეს ვუთხარი და გამოვტრიალდი, მაგრამ მაინც არ მასვენებდა ფიქრი იმ სააბაზანოზე. განა როგორი გამორჩეული იყო, გულში ასე რომ ჩაგივარდაო, ალბათ მკითხავთ, მაგრამ გიპასუხებთ, რომ აქ კომფორტი არაფერ შუაში არ იყო. საქმე ჩემს დამოკიდებულებაში გახლდათ: გულში ვფიქრობდი, რომ ბანაკის ლიდერები არავისზე მეტს არ წარმოადგენდნენ და თუკი მათ უნდა მიეღოთ შხაპი კომფორტულად, მონაწილეებსაც უნდა ჰქონოდათ ამის საშუალება.

გულში გადავწყვიტე, რომ მეც არ ვიყავი ვინმეზე ნაკლები. ისე, რომ არ გამიმხელია არავისთვის, ავდექი და მივაშურე ლიდერების სააბაზანოს. დიდი სიხარულით შევვარდი და დავიწყე ბანაობა. შუა პროცესში წყალი გაცივდა. თავიდან ვერ მივხვდი, რა ხდებოდა; წესით, წყალი არ უნდა გაცივებულიყო; ხან რა ვცადე, ხან – რა, მაგრამ ვერაფრით გავაცხელე წყალი. რამდენიმე წუთი ტყუილად რომ ვეწვალე, დავნებდი. ნერვები მომეშალა, გავბრაზდი, ასე ქაფიანი სად გავიდე-მეთქი, მაგრამ მაინც დავიწყე ტანსაცმლის ჩაცმა. 

უცბად სიმწრის ოფლმა დამასხა, რადგან გავიაზრე, რაც მოხდა. მე ლიდერის აზრი არაფრად ჩავაგდე, მე მას არ დავემორჩილე, არადა მევალებოდა მისი მორჩილება. მერე რა, რომ ჩემზე უფროსი არ იყო ასაკით; მერე რა, რომ ჩემი მეგობარი იყო. მივხვდი, წყლის გაცივება ნიშანი იყო უფლისგან, რომ მე არასწორად მოვიქეცი. განა უფალს ჩემთვის ცხელი შხაპი დაენანა დამღლელი დღის ბოლოს? არა, უბრალოდ მას არ მოეწონა ჩემი გულის მდგომარეობა, რომ მე: ლიდერების დონემდე ავამაღლე ჩემი თავი; ამავდროულად, სხვა მონაწილეების დონეზე მყოფად არ მივიჩნიე საკუთარი თავი (იმის ფიქრით, რომ მე მეტი მეკუთვნოდა); არ დავემორჩილე უფროსებსა თუ უმცროსებს…  ადამიანებისადმი მორჩილება კი, კონკრეტულად ხელმძღვანელობისადმი მორჩილება, უფლის მცნებებში შედის. უფალი ხომ ამბობს:

„დაემორჩილეთ ყოველ ადამიანურ მმართველობას უფლის გულისთვის, იქნება ეს მეფე, როგორც უმაღლესი მმართველი, თუ გამგებლები, მისგან წარმოგზავნილები ბოროტმოქმედთა დასასჯელად და კეთილის მოქმედთა საქებრად.“
1-ლი პეტრე 2:13-14

ამ კონკრეტული ლიდერისადმი ურჩობით მე რეალურად უფლისადმი ურჩობა გამოვავლინე. მივხვდი, რომ ჩემთვის უფალს გაკვეთილის სწავლება უნდოდა ამ მაგალითით. და მე მივიღე ეს გაკვეთილი. ვისწავლე ისიც, რომ უნდა დავემორჩილო ჩემს თანატოლებსა და უმცროსებსაც კი, თუკი ასე სურს უფალს; რომ არ უნდა გავარჩიო ადამიანები; რომ მხოლოდ უცხო ადამიანებისადმი კი არ უნდა მქონდეს რიდი, არამედ მეგობრების მიმართაც; რომ არ უნდა უგულებელვყო ნებისმიერი ადამიანური ხელმძღვანელობა.

„ასევე ახალგაზრდებიც დაემორჩილეთ უხუცესთ და ერთმანეთისადმი მორჩილებით თავმდაბლობა შეიმოსეთ, რადგან ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს.“
1-ლი პეტრე 5:5

მორჩილება საკვანძო საკითხია ადამიანის ცხოვრებაში. იმ ადამიანს წარმატება არ ექნება, რომელსაც უფლისა და ადამიანების მორჩილება არ სურს. შეძლებით ყველას შეგვიძლია, უბრალოდ ხანდახან ჩვენი სიამაყე გვიშლის ხელს, რომ დავემორჩილოთ უფალს და გარშემო მყოფ ხალხს. ნუ იქნებით ჩემსავით მეამბოხე ადამიანი, რომელმაც საკუთარი მეგობრის მორჩილება არაფრად მიიჩნია; რომელმაც დაივიწყა უფლის მორჩილება და მცნებები. იყავით უფლის ხმის მომსმენნი, დაემორჩილეთ მას, თუნდაც ყველაზე საშინელი ხელმძღვანელებისადმი მორჩილება დაგავალოთ მან; რადგან

„განა ისევე ეამება უფალს სრულადდასაწველნი და მსხვერპლნი, როგორც უფლის ხმის მორჩილება? აჰა, მორჩილება მსხვერპლზე უკეთესია და მოსმენა – ვერძის ლურთებზე.“
1-ლი მეფეთა 15:22

9 ივნისი, 2022 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

იქნებ

ბაია ლეკიაშვილი 9 ივნისი, 2022
ბაია ლეკიაშვილი

შენ შეგიძლია, საკუთარ თავს პრობლემებიც მოუტანო და ბედნიერებაც.

შენი თავის მეგობარი თავადვე უნდა იყო, სხვა იმედს გაგიცრუებს, დედამიწის ზურგზე ვერავინ შეძლებს – გიერთგულოს ბოლომდე; სადღაც შეცდება, სადღაც დაინახავ მის ქმედებაში, რომ მისი საქციელით მანძილი შენსა და მას შორის ძალიან გაიზარდა.

ეძებ ადამიანს, ვინც გაღიარებს და მიგიღებს ისეთს, როგორიც ხარ.

ჰო, შენ შეგიძლია, საკუთარ თავს პრობლემები შეუქმნა, რადგან ადამიანები ხშირად განზრახ მივდივართ დათმობაზე, იმის მიუხედავად, რომ ვიცით, შესაძლოა, ამ ქმედებას თან უზარმაზარი განსაცდელი მოჰყვეს.

რატომ ვაკეთებთ ამას?

ამას ვაკეთებთ „იქნებ“-ის მოლოდინით.

იქნებ გამოვიდეს, იქნებ იმედი არ გამიცრუვდეს.

მაგრამ ამ „იქნებ“-ის მოლოდინში გვავიწყდება ერთი რამ, მოლოდინის რეჟიმის მიღმა, შენს გონებაში ამა თუ იმ ქმედების ფინალს ნახულობ, რა თქმა უნდა, დადებითი კუთხით. „იქნებ“-ის მოლოდინში, გონებაში არ უშვებ აზრს, რომ შესაძლოა, ყველაფერი ისე არ დამთავრდეს, როგორადაც ვირტუალურად წარმოსახავ.

რა ხდება მაშინ, როდესაც „იქნებ“-ის მოლოდინში აღმოაჩენ იმას, რასაც გულის სიღრმეში ჩუმად, ყრუდ, მაგრამ მაინც გრძნობდი…

ყველაფერი არ დასრულდა ისე, როგორადაც შენ წარმოსახავდი; ამ ყოველივემ არ მოგიტანა ბედნიერება, არამედ უდიდეს ტკივილს შეეჯახე.

ვერ ყვირი, ვერ გამოხატავ, ვერავის ეუბნები! შენ ხომ თავიდანვე იცოდი, თავიდანვე „იქნებ“-ის მოლოდინით დაიწყე და უბრალოდ ამ ხერხმა არ გაამართლა. მაშ, რატომ გტკივა გული იმის გამო, რაც თავიდანვე იცოდი? უბრალოდ ხომ სცადე?!

შენ იმიტომ გეტკინა, რომ შეცდომა დაუშვი და აი, სად…

არა… არა… მაშინ არ შემცდარხარ, როდესაც „იქნებ გამოვიდესო“ – თქვი და მოქმედება დაიწყე.

შენ მაშინ შეცდი, როდესაც მოლოდინის დროს მხოლოდ იმის ალბათობა დაუშვი, რომ ყველაფერი ბედნიერად დასრულდებოდა, ბალანსი დაარღვიე და წაუყრუე გულის ძახილს: „მოიცადე… იქნებ არ გამოვიდეს…“

ბევრჯერ ვყოფილვარ იმავე მდგომარეობაში და ყოველ ჯერზე მახსენდება ადგილი ბიბლიიდან:

„საუკეთესო მათ შორის ნარ-ეკალსა ჰგავს, უწრფელესი კი ძეძვზე უარესია; დადგა შენი გუშაგის დღე, დღე შენი მონახულებისა. დაგიდგა შფოთვის ჟამი.

ნუ ენდობი ახლობელს, ნუ დაეყრდნობი მეგობარს, შენს მკერდზე მწოლისგანაც კი დაიცავი შენს ბაგეთა კარი;

რადგან შვილი არცხვენს მამას, ასული თავისი დედის წინააღმდეგ აღდგა, რძალი – დედამთილის წინააღმდეგ. კაცის მტრები მისი ოჯახის წევრები არიან.“

მიქა წინასწარმეტყველი 7:4-6

ალბათ, თვალები გაგიფართოვდა, ამ ადგილს თუ პირველად კითხულობ; როგორ შეიძლება შენი ოჯახის წევრი შენი მტერი იყოს?!

ან შენი საყვარელი მეუღლე, რომელთან ერთადაც დგები და წვები.

რა საშინელებაა, არა? მაგრამ ეს რეალობაა…

ბიბლია ყოველთვის მაფრთხილებდა და მაფრთხილებს: არ ენდო ხალხს!

და ეს მართალია. არ ენდო არავის, ნდობაში ვგულისხმობ იმას, რომ დაიტოვო რაღაც დაფარული შენში, რაც მხოლოდ შენ იცი, არ გააძარცვინო თავი ადამიანებს.

არ გადაუშალო შენი გული ბოლომდე ყველას; ნუ მიიღებ ყველას ახლობლად და ნუ გეგონება, რომ ნებისმიერი, ვინც გიღიმის, შენი მოყვარეა.

არ მოტყუვდე და დაიცავი შენი გული, რადგან ვისაც დღეს ახლობლად მიიჩნევ, ხვალ შეიძლება შენი მტერი იყოს; და ვისაც დღეს მტრად აღიქვამ, მომავალში შეიძლება შენი მეგობარი გახდეს. ცხოვრება ძალიან, ძალიან მრავალფეროვანი და უცნაურია, თავისი კარგი თუ ცუდი მხარეებით.

რაც არ უნდა მოხდეს, არასდროს შეწყვიტო სწრაფვა – გააკეთო იმაზე მეტი, ვიდრე აკეთებ.

არ დანებდე, არამედ თქვი: „იქნებ გამოვიდეს“, ოღონდ გახსოვდეს:

შეიძლება არც გამოვიდეს, მაგრამ მოქმედება უნდა განაგრძო და თქვა: „მე გამომივა“, „მე ამას შევძლებ.“

და თუ არ გამოვიდა, გულს ნუ გაიტეხ, ცრუ მოლოდინი არ შეიქმნა, დააკვირდი მოვლენებს გულდასმით, თავად დაინახავ და აღმოაჩენ გასაოცარ პასუხებს, თუ რატომ არ ხდება ყველაფერი ისე, როგორადაც წარმოსახვაში წარმოვისახავთ ხოლმე.

9 ივნისი, 2022 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

გაიმარჯვე სწორი გადაწყვეტილების მიღებით!

მაკო გამეზარდაშვილი 9 ივნისი, 2022
მაკო გამეზარდაშვილი

ცხოვრებისეულ ბალანსს შენ მიერ მიღებული თითოეული გადაწყვეტილებით ინარჩუნებ. ვფიქრობ, რომ ადამიანები არ ვიბადებით სუსტებად და ძლიერებად, ეს ჩვენს გადაწყვეტილებათა შედეგია. იყო ძლიერი, არ ნიშნავს, დაბადებიდან თანდაყოლილი გქონდეს პრობლემებზე გამკლავების უდიდესი იმუნიტეტი.

დააკვირდით ძლიერ ადამიანს, აუცილებლად გაოცდებით მისი ისტორიით; მიხვდებით, რომ მისი გულის სიძლიერეს, მისივე რთული წარსული ქმნის; დღეს კი ძლიერ, მისაბაძ ადამიანად მიიჩნევა, რადგან ტკივილის მიუხედავად აღმატებული აირჩია. მესმის, ზოგჯერ ისე ვიღლებით, რომ სასოწარკვეთილებას მივეცემით ხოლმე. ჩემს ცხოვრებაში ყოფილა ასეთი მომენტი და მინდა, დღეს ამაზე გესაუბროთ, რადგან ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს დაუდგება ცხოვრებაში მსგავსი სირთულე;  უმეტესად, იმიტომ ვიღლებით, რომ არასწორ ადგილას ვიბრძვით, მე არ მინდა, რომ თქვენც ასე დაგემართოთ.

ვინც მიცნობს, იცის, რომ არ ვარ დეპრესიული ადამიანი, მაგრამ მქონია მომენტი, როცა მისკენ გზა ჩემი გადაწყვეტილებებით გავკვალე. სანამ დეპრესიას მივადგებით, მანამდე არის გზა, რომელიც სამ ეტაპად დავყავი; ამ სამი ეტაპის გავლის შედეგი გახლავთ დეპრესია.

I – გულის გაუხეშების გზა

თეორიულად ყველამ კარგად ვიცით, რომ ღმერთი ყოველთვის მზად არის, დახმარების ხელი შუაგულ შტორმშიც გამოგვიწოდოს, თუმცა, ჩვენ ხშირ შემთხვევაში საპასუხოდ ხელს არ ვუწვდით; ის გვეძახის, ჩვენ კი მაინც ვაგრძელებთ საკუთარი თვალთახედვით ცხოვრებას; გულის წადილს ვკარგავთ, რომ ჩვენი ცხოვრება რეალურად შევცვალოთ, ამას მოჰყვება გულის გაუხეშება.

II – უკმაყოფილების გზა

როცა ცხოვრების მიზანს ხარ აცდენილი, შეუძლებელია, შეძლო ხარისხიანად ტკბობა, ვგულისხმობ იმას, რომ თუ სულის სიმშვიდე დაკარგული გაქვს, მშვიდ გარემოშიც შინაგან შფოთს განიცდი; ამის გამო სრულყოფილად ვერ ხარობ, არაფერი გაბედნიერებს, ყველაფერს ეჩვევი; დილა რომ გაგითენდა, ფიქრობ, რომ ეს ასეც უნდა იყოს; მადლიერ გულს კარგავ, რაც უკმაყოფილების გზაზე აღმოგაჩენს.

III – უმიზნობის გზა

როცა აღარ აახლებ გონებას, შემეცნების დონეც იკლებს, ბურუსი ჩვენს მიზანს გარემოიცავს, რაც ხშირ შემთხვევაში მოქმედების ძალას გვიკარგავს; უმოქმედობა მიზანს ჩვენი თვალსაწიერიდან აქრობს, უმიზნობას კი დეპრესიამდე მივყავართ.

ამ საფეხურების გავლისას დეპრესია მზად არის, „შინ შეგიპატიჟოთ“. როდესაც ღმერთს აღარ უკავია თავისი კუთვნილი პირველი ადგილი შენს ცხოვრებაში, საძირკველი გეცლება, შეიძლება ყველაფერიც გქონდეს, მაგრამ შინაგანად სიცარიელეს განიცდიდე; შეიძლება ჩუმად იყო მაშინ, როცა შენი შინაგანი ყვირის, შენი დუმილი კი, ტკივილის კიდევ ერთ სიტყვად ითვლებოდეს; თვალახვეული იბრძოდე, მიმართულების გარეშე, გაურკვევლად იქნევდე მუშტებს; მე სწორედ აქ შემეშალა: შედეგს ვერკინებოდი, როცა მისი გამომწვევი მიზეზი „ტაშს მიკრავდა“. შეცდომაზე ვისწავლე და დავიწყე ფესვების ამოძირკვა:

I – შევცვალე ჩემი ცხოვრება 180°-ით.

მოვინანიე ჩემი უგუნურება. ღმერთს ჩემი არცერთი სისუსტე არ უკვირს, ამიტომ მასთან ყოველთვის 100%-ით წრფელი ვარ. ვაღიარე და ვთქვი, რომ რაღაცებში ჩემი ძალებით ვიბრძოდი. კომპრომისი ასე უეცრად არ მოდის, ჯერ იბადება აზრი, რომელსაც თუ დავეთანხმები, ავტომატურად ჩემს გულში ვუშვებ, ღმერთი კი ადამიანთა გულებს წონის; ხოლო მონანიებით ღმერთს საშუალება ეძლევა, გაუხეშებული გული დაარბილოს, რასაც ჩვენი ქმედების ცვლილება მოსდევს.

II – გადავწყვიტე, ვყოფილიყავი მადლიერი.

დავიწყე მადლიერება ყველაფრისთვის, ამით განვიცადე მადლიერებით გამოწვეული ბედნიერება, რამაც სიხარულის უშრეტ წყაროსთან შემაერთა და მასწავლა ქრისტეში კმაყოფილება.

III – განვაახლე ჩემი ხედვა.

როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყო, მისი მადლით ვცდილობ, დავრჩე ჩემი გადაწყვეტილების ერთგული. ჩემს გონებას წმინდა წერილის შუქზე ვაახლებ, რაც მეხმარება, მკაფიოდ დავინახო ჩემი მთავარი მიზანი და მიბიძგებს – ვიმოქმედო მისთვის.

მესმის შენი გრძნობების სიღრმე, მეც განმიცდია შინაგანი ტკივილი, რომელიც გულის გავლით სულს სწვდებოდა; მეც შენ მსგავსად ლაბირინთში მორბენალს ვგავდი, რომელიც რაღაცისგან გაქცევის ხარჯზე შეშინებული უმიზნოდ დარბოდა… თუ შენც გინდა, თავი დააღწიო დეპრესიას, მაშინ იმოქმედე! გადაწყვიტე და შეცვალე შენი ცხოვრება ღმერთთან პირადი ურთიერთობით; მოასწორე შენი ბილიკი წმინდა წერილის შუქზე; იყავი მადლიერი და ისწავლე კმაყოფილება იმით, რაც უკვე გაქვს; გონებაში გქონდეს მკაფიო სურათი, რომლის აღსრულებისთვისაც ძალას არ დაიშურებ! გახსოვდეს, ყოვლისშემძლე ღმერთია შენთან, ის იბრძვის შენ გამო.

ღმერთს აქვს გეგმა შენთვის!

9 ივნისი, 2022 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

„დაემორჩილე უფლის ხმას, წამოდექი!“

თეონა მენაბდიშვილი 9 ივნისი, 2022
თეონა მენაბდიშვილი

შეიძლება მკვდართა ძველებით სავსე ველზე დიდხანს იყავი – მათ ნაწილად იქეცი. 

შეიძლება გგონია, რომ ღვთისაგან მივიწყებული ხარ და ვეღარ გხედავს უფლის თვალები.

შეიძლება დაგავიწყდა, როგორია იყო ცოცხალი და ყოველდღე უყურებ საკუთარ გახრწნას.

შეიძლება ვეღარაფერს გრძნობ, ვეღარაფერზე ოცნებობ, ვეღარაფერი გახარებს, ვეღარაფერზე ლოცულობ. 

შეიძლება უკვე „მკვდარი“ ხარ.

ყური უგდე, უდაბნოს ქარებში ხმა გაისმის:

„გამხმარო ძვლებო, ისმინეთ სიტყვა უფლისა!“

ეს ხომ ნაცნობი ხმაა!

ხმა, რომელიც სიკვდილიდან სიცოცხლეში მოგიწოდებს;

სიბნელიდან საკვირველი სინათლისკენ გიხმობს.

შენი „სიკვდილი“ დასასრული არ არის, პირიქით – შეიძლება კარგი დასაწყისიცაა.

ღმერთს ხომ გამოფიტული ძვლებისგან ლაშქრის შექმნა შეუძლია. 

შენთან ერთად აღდგება შენი მკვდარი მოწოდება, მკვდარი ოცნებები, მკვდარი ურთიერთობები.

თუ უფლის ხმას მოისმენ, თუ შენს გულს გახსნი, შემოიყვანს შენში სულს და გაგაცოცხლებს.

ვინ ჩამოგაშორებს ღმერთის სიყვარულს?

სიკვდილი ნამდვილად ვერა.

სად წაუხვალ მის სულს და მის სახეს სად გაექცევი?

ქვესკნელშიც რომ ჩახვიდე, იქაც ის არის.

შენი უფალი აღდგომა და სიცოცხლეა.

დაემორჩილე უფლის ხმას, წამოდექი!

შეგიძლია, უფლის მიერ გაცოცხლებული დიადი ლაშქრის ნაწილი იყო.

წამოდექი!

„გამხმარო ძვლებო, ისმინეთ სიტყვა უფლისა. ასე უთხრა უფალმა ღმერთმა ამ ძვლებს: ‘შემოვიყვან თქვენში სულს და გაცოცხლდებით თქვენ. მოგცემთ თქვენ ძარღვებს და ამოვიყვან თქვენზე ხორცს, დაგფარავთ კანით და მოგცემთ სულს, და გაცოცხლდებით და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი.’“
ეზეკიელი 34:4-6

9 ივნისი, 2022 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

აღარაფერი იქნება ძველებურად

ნინო ხუროშვილი 9 ივნისი, 2022
ნინო ხუროშვილი

ქუჩებში დავდივარ და ვხვდები, რომ სამყარო თავის თავს აღარ ჰგავს… (თუმცა დიდი ხანია ასეა… მას მერე აღარ ჰგავს, რაც ცოდვამ შემოდგა ფეხი ადამიანთა სამყოფელში…). დროდადრო თვალებს ვხუჭავ, რომ ასე მაინც დავემალო ყველაფერს, თუმცა შემდეგ ვახელ და ხედავ, რომ სინამდვილე უცვლელია. თითქოს ქალაქი იგივეა. ქუჩებიც იგივეა. ყველაფერი თავის ადგილზე დგას… და მაინც არაფერია ისე. არაფერი აღარ ჰგავს თავის თავს. აღარც მე ვგავარ საკუთარ თავს. აღარც ჩემი გრძნობებია იგივე…

მახსენდება ფილმი, რომელსაც ადრე ვუყურე. ადამიანებს ეკარგებათ შეგრძნებები… მახსენდება და მწარედ, ირონიულად მეღიმება. თითქოს ადამიანები თავად ვწინასწარმეტყველებთ საკუთარ ბედს… იმდენს ვცოდავთ, იმდენ საშინელებაზე ვწერთ, ვიღებთ ფილმებს იმაზე, რის წარმოდგენაც არ გვინდა რეალურ ცხოვრებაში, მაგრამ…. მაგრამ შემდეგ ყველაფერი ხორცს ისხამს და სწორედ ჩვენ თვალწინ ცოცხლდება…. ყველაფერი რეალობა ხდება.. გაოგნებული ვარ… რას ვაბრალებთ ღმერთს? სად ხარო, რომ ვუყვირით სასოწარკვეთილნი… ის არსად წასულა. ჩვენ წავედით. ძალიან შორს წავედით… მას ესმის ჩვენი. ჩვენ კი აღარ გვესმის. მეტისმეტად შორს ვართ. ვიხრჩობით ცოდვებში. ერთმანეთსაც ვახრჩობთ… მერე ღმერთს ვსაყვედურობთ და ვგმობთ… სად ხარო, შევყვირით… დავდივარ ქუჩებში…

არაფერია ძველებურად. ვხვდები, რომ აღარც იქნება. როგორც ქარიშხლისას. როგორც ქარიშხლის შემდეგ… სულშიც და გარეთაც ქარიშხალია. ქაოსია. არეულობაა. სულებს გვიძარცვავს ეს განსაცდელი, ეს ქარიშხალი.. და რას დაგვიტოვებს, როცა ჩადგება, არ ვიცი… რა დარჩება ჩვენი სულის ნაპირზე: სულის სიღრმიდან ამოტივტივებული და გამორიყული ნაგავი… თუ … მინდა ისევ „ძველებურად“ იყოს ყველაფერი. მერე ვხვდები, რომ აღარ და ვეღარ იქნება. აღარც უნდა იყოს. მტკივნეულია, მაგრამ ვიცი, რომ უნდა შევიცვალო.. უნდა შეიცვალოს ყველაფერი. ვიცი, რომ უნდა გავუძლო. ქარიშხლის პირისპირ უნდა ვიდგე და არც ვეცადო დამალვას.

მიჭირს… ფეხზე ძლივს ვდგავარ… მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ გამჭოლ გრიგალში, ძვალსა და რბილში, სულსა და გულში რომ მატანს, არ ვკვდები, არ ვიყინები… ვერ ვხედავ, მაგრამ ხელშესახებად ვგრძნობ, რომ არ ვარ მარტო. ხელი რომ გავიწოდო, შევეხები ამ უხილავს. ის თბილია. მისგან სიმშვიდე მოდის… გარშემო ქაოსია. ქარიშხალი კაბასავით მაგლეჯს სულის ნაწილებს და ფანტავს… მაგრამ ვდგავარ… უხილავს ვგრძნობ… უხილავს ვეყრდნობი… ღმერთს… რომელსაც ხშირად არც კი მოვუხმობ ცოდვებში ჩაძირული, მაგრამ ის არ მიდის… და ვიცი, ბოლომდე მისით ვიქნები გარემოცული… როგორც კი შევბარბაცდები და მგონია, რომ უნდა დავეცე, არ ვეცემი… ის აქ არის. ცივია ნოემბერი. ცივია ადამიანების თვალები და გულები. ცივია სამყარო. ცივია ცოდვა. ცივია რეალობა. ცივია ქარიშხალი… მაგრამ ვგრძნობ, რა თბილია ხელი, რომელსაც ვუკავივარ….

სულს, რომელიც შენ გენდობა, იფარავ მშვიდობაში, რადგან შენზეა მონდობილი.

ესაია 26:3
9 ივნისი, 2022 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ხანდახან რწმენა ქვიშის მარცვლებივით მებნევა…

ნინო ხუროშვილი 9 ივნისი, 2022
ნინო ხუროშვილი

ხანდახან რწმენა ჩემი მსგავსია მყიფე, თხელი ყინულისა, რომელიც თითქოს სადაცაა ფეხქვეშ ჩამიტყდება…

ხანდახან რწმენა ჩემი ესოდენ მოჰგავს პირდაღებულ, უძირო უფსკრულზე დაკიდებულ ბეწვის ხიდს, რომელზეც ძრწოლაატანილი ძლივს ვადგამ ნაბიჯებს…

ხანდახან რწმენა ჩემი როგორ ჰგავს უმიზნო ხეტიალს ჭაობიან ტყეში, როდესაც არ ვიცი, როდის დამიცდება ფეხი და შთანმთქავს ეჭვების ჭაობი…

ხანდახან რწმენა ჩემი ბნელეთის ველია, რომელზე მოარულს სულსა ჩემსა ვერ გაურკვევია, საით წავიდეს, სად იპოვოს ნათელი…

ხანდახან… ხანდახან კი რწმენა ჩემი ქვიშის მარცვლებივით თითებიდან მებნევა და ძირს დაცემულმა არ ვიცი, როგორ მოვაგროვო სათითაოდ თითქმის უხილავი მისი ნაწილაკები…

ხანდახან… ჰო, ხანდახან, არც კი ვიცი, სად ვპოვო პასუხები კითხვებზე, რომლებიც სვავებივით ჯიჯგნიან ჩემს სულს…

ხანდახან არ ვიცი, როგორ დავაღწიო თავი ეჭვებს, რომლებსაც ჩემი რწმენა ჩაუგდიათ ხელში ნადავლად და ნაწილებად ფლეთენ…

და მე მივდივარ ამ თხელ ყინულზე…. ფეხქვეშ ირხევა ეს ბეწვის ხიდი… უფსკრული დანთქმას მიქადის… ბნელეთის ველზე ყველა მხრიდან მესმის ყმუილი წარსულიდან გამოყოლილი ჩემი ეჭვებისა… და ვიღაც ჩამძახის, რომ აქ სულ მარტო ვარ… და ცდილობს დამარწმუნოს, რომ არ მომიწევდა გამოვლა ტკივილის ქარიშხალში, რომ არ ვიქნებოდი იძულებული ამეტანა ტანჯვის ნესტრის სიმწარე, რწმენის მიზეზი რომ ღირსი ყოფილიყო რწმენისა და ნდობისა… რწმენის მიზეზი რომ ყოვლისშემძლე ყოფილიყო… რადგან ის არ დაუშვებდა…

მუხლებზე ვეცემი გლოვის ველზე გამვლელი და ყურებს ხელებით ვიფარავ, რამეთუ აღარ მინდა ჩამესმოდეს ბოროტის ხარხარი, რომელიც მარწმუნებს, რომ არ ღირს, არა!

თუმცა…

ამდენ ხმაურსა და ყმუილში ოდნავ მესმის ის, რაც ამდენჯერ მომისმენია, თუმცა არასოდეს ყოფილა ჩემთვის ესოდენ მნიშვნელოვანი…

„ვიდოდი ღათუ შორის აჩრდილთა სიკუდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ“…

და ხელები ჩემი თავისთავად აღეპყრობიან ზეცად და ვამბობ:

„მწეო ჩუენო, იხილე, ღმერთო, და მოხედენ პირსა ცხებულისა შენისასა….

რათა რწმენა ჩემი იყოს, ვითარცა კლდე, რომელზე დამყარებულსაც ვერ შეარყევენ ბჭენი ჯოჯოხეთისა…

რამეთუ კლდეი არს თავად ქრისტე უფალი…

მიძღოდე მე, უფალო, გზათა შენთა და ვიდოდი მე ჭეშმარიტებითა შენითა…

უფალო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო…“

9 ივნისი, 2022 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ახალი ბლოგები
ძველი ბლოგები
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 2

    მხსნელი უფალი

    26 თებერვალი, 2020
  • 3

    ღმერთი არ არის საშუალება

    5 დეკემბერი, 2022
  • 4

    მედროვე ადამიანთა ქმედებები…

    22 მარტი, 2019
  • 5

    ფიზიკური ნაკლი არ არის პრობლემა…

    7 ოქტომბერი, 2020


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ