ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ
  • stories

  • Memories

  • About Me

ბლოგები

ასტროლოგია და მკითხაობა – უძლური ალტერნატივა

თორნიკე ხუბაშვილი 29 ნოემბერი, 2022
თორნიკე ხუბაშვილი

ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობით სარგებლობს ჰოროსკოპი, ასტროლოგია, მკითხაობა და ჯადოქრობა. ადამიანებმა შეწყვიტეს ლოცვა და დაიწყეს შელოცვა; ადამიანებმა შეწყვიტეს საკუთარი დანიშნულების ძიება ღმერთის სიტყვაში და დაიწყეს მომავლის მკითხაობა.

ბიბლიურმა ღმერთმა ადამიანი შექმნა ყველანაირ შემოქმედებაზე ამაღლებულ და თავისუფალ ქმნილებად, რომელსაც აქვს პრივილეგია ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობის, ცხოვრებისეული აზრის და დანიშნულების მისგან კარნახის და მისგან მოსმენის. ამიტომ ასტროლოგიისადმი ნდობა პირდაპირ ამცირებს ადამიანის ფასეულობას და როლს.

ეს იმ ადამიანთა მოგონილი მეცნიერება და ალტერნატივაა, რომელთაც სწყურიათ უსაფრთხოების განცდა, მომავლის გარანტია, მაგრამ არ სურთ ბიბლიურ ღმერთთან კავშირი. რა თქმა უნდა, ეს თვითმოტყუება და ამაო დაჯერებაა, რაც ვერ დაიცავს ადამიანს იმ სულიერი საფრთხისგან, რომელიც არსებობს.

ღვთის სიტყვას აქვს მკაფიო მიზანი, დააკავშიროს ადამიანი თავის შემოქმედთან. იესო ქრისტე ყველა ადამიანის მხსნელია და მხოლოდ მისი რწმენა, მისადმი მიძღვნა ამყოფებს კაცს უსაფრთხოდ. სხვა ყველაფერი თავის მოტყუება და საკუთარი გზების ძიებაა.

სხვათა შორის, საღვთო წერილი დასცინის ამ მეცნიერებას, როგორც უძლურ ალტერნატივას ბოროტების და ტანჯვის წინააღმდეგ… 

იხილეთ ტექსტი ქვემოთ:

„მოგეწევა ბოროტი და არ გეცოდინება, როგორ შეულოცო; დაგატყდება უბედურება და ვერ შეძლებ მისგან გამოსყიდვას; ისე მოულოდნელად მოგივა წარწყმედა, რომ ვერც მიხვდები. დარჩი ახლა შენს ჯადოსნობასა და მრავალ გრძნეულებაში, რაზეც სიყმაწვილიდან ზრუნავდი; იქნებ მიიღო სარგებელი, იქნებ შიში მოჰგვარო ხალხს. დაქანცული ხარ მრავალი რჩევისგან; ახლა ადგნენ და გიხსნან ცის მზომლებმა და ვარსკვლავთმრიცხველებმა, ახალმთვარეობისას რომ წინასწარმეტყველებენ და გეუბნებიან, რა მოგივა. აჰა, ბზესავით გახდნენ, ცეცხლმა დაწვა ისინი, ვერ გადაირჩინეს სული ალისგან; არ დარჩა ნაკვერჩხალი გასათბობად, ცეცხლი – მის წინ დასაჯდომად. ასეთები გახდნენ შენთვის ისინი, ვისთვისაც იღვწოდი, ვისთანაც შენი სიყმაწვილიდან ვაჭრობდი; თითოეული თავის მხარეს წაჩანჩალდა, არავინაა შენი მხსნელი!“
ესაია 47:8-15

29 ნოემბერი, 2022 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

მზად ხარ?!

ბაია ლეკიაშვილი 25 ნოემბერი, 2022
ბაია ლეკიაშვილი

გიმღერია ტკივილის დროს ისე, თითქოს ყველაზე ბედნიერი ადამიანი ხარ ამ სამყაროში?

ან გიცეკვია თავსხმა წვიმაში ისე, თითქოს ირგვლივ მხოლოდ შენ ხარ?

გიგრძნია თავი ყველაზე მარტოსულ ადამიანად ამ სამყაროში მაშინაც კი, როდესაც ირგვლივ ათობით ან ასობით ადამიანი გაკრავს გარს?

განგიცდია სულის ტკივილი იქამდე, თითქოს გულზე ხელის მიბჯენით შეგიძლია, ხელი ჩასჭიდო ტკივილს და საბოლოოდ მოიგლიჯო სხეულიდან?

ან თუ გიტირია მწარე ცრემლით იქამდე, ვიდრე ღონემიხდილსა და ძალაგამოცლილს ძილის მეტი არაფერი შეგძლებია?

გყვარებია სხვა საკუთარ თავზე მეტად?

გაგინაწილებია სხვისთვის ის, რაც ყველაზე მეტად გნდომებია?

უღალატია შენთვის იმ ადამიანს, რომელზეც ფიქრობდი, რომ საკუთარ სულსაც კი ანდობდი?!

წაურთმევიათ შენთვის ოცნება, რომელიც დიდი მოტივაცია იყო შენთვის?

განგიცდია მომენტი, როდესაც სიკეთის წილ უსაზღვრო სიბოროტეს გიბრუნებენ უკან?

ერთხელ მაინც გაუმწარებიხარ კითხვას: „რატომ?!“ და პასუხი დღემდე არ მიგიღია?

ერთხელ მაინც გაგცრუებია იმედი ისე, თითქოს გამოსავალი უფსკრულის პირას გაქცევა და სამუდამო სიბნელესთან შეერთება ყოფილიყოს?

ერთხელ მაინც დაკარგულხარ საკუთარ თავში ისე, თითქოს სულ სხვა ადამიანად იქეცი?!

ერთხელ მაინც დაცემულხარ ისე, თითქოს იმედის ბოლო ნაპერწკალიც სიბნელეს ჩაეყლაპოს?

ერთხელ მაინც გიყვირია სიტყვა „კმარა!“ ისე, რომ საკუთარი თავის თავადვე შეგშინებია?

შეგშინებია საკუთარი თავის მაშინ, როცა ირგვლივ ყველაფრის განადგურების სურვილი გაგჩენია?

გიგრძნია შურისძიების წყურვილი ისე, თითქოს სისხლი გაგყინვია?

ერთხელ მაინც შეგშლია ის, რაც გეგონა, რომ არასდროს შეგეშლებოდა და შეგმთხვევია ის, რაზეც ფიქრობდი, რომ შეიძლება სხვას, მაგრამ შენ არ შეგემთხვეოდა?

ან ერთხელ მაინც გითქვამს სასოწარკვეთილს ფრაზა: „რატომ მაინცდამაინც მე?!“

თუ ამ ყველაფერთაგან რაიმე შეგმთხვევია, გილოცავ!

კეთილი იყოს შენი დედამიწაზე ცხოვრება!

ერთხელ მაინც დაფიქრებულხარ, რომ ცხოვრებაა ზუსტად ამ შემთხვევებით სავსე?! და მეტიც! არაფერია ამ დედამიწაზე შემთხვევითი.

და ჯერ კიდევ სად ხარ!

წინ კიდევ მრავალი გამოწვევაა…

და თუ ერთხელ მაინც გიგემია ტკივილის შემდგომ ზეიმის გემო, აუცილებლად აირჩევ გამარჯვების გზას! რადგან შემთხვევით არ ხდება არაფერი. ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ისწავლო ნამდვილი ბრძოლა; გაიგო, რა გემო აქვს სიკეთეს და რა – ბოროტებას. გადააფასო პრიორიტეტები და გაფილტრო შენ ირგვლივ ყველა სულიერი და უსულო რამ, რა არის სასარგებლო და რა – მავნე.

იბრძოლე იქამდე, სანამ ერთხელ მაინც შეგიძლია, ღრმად ჩაისუნთქო…

იბრძოლე მანამ, სანამ ამის ძალა შეგწევს!

დაიწყე მოქმედება ახლა და არ გადადო ხვალისთვის!

იმოქმედე დროულად და ნუ დააყოვნებ!

რადგან დრო მიდის, მას ვერ შეაკავებ, ვერც ერთ დღეს ვერ ეტყვი, აქ მოიცადე, მალე დავბრუნდებიო!

განუწყვეტლივ იყავი მზად კეთილი საქმეების საკეთებლად.

იცოდე, რომ ყველაფერი, რაც შენ ირგვლივ ხდება, არ არის სამყაროსთვის უცხო.

„არის რაღაც, რომ იტყვიან მასზე: ‘შეხედე, ახალია ეს!’ ის კი უკვე ყოფილა საუკუნეებში – ჩვენამდე რომ იყვნენ.“
ეკლესიასტე 1:10

მზად ხარ?!

25 ნოემბერი, 2022 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

გაიარე უდაბნო რწმენით

ლიკა მელანაშვილი 15 ნოემბერი, 2022
ლიკა მელანაშვილი

ხშირად ვლოცულობ შემდეგი სიტყვებით:

– უფალო, გამოავლინე შენი ნება; მიჩვენე, რა არის შენთვის სასურველი, რომ სწორად და გონივრულად ავირჩიო ყოველივე.

და მივხვდი, რომ:

რაც უფრო აგვიანებ ღმერთთან ურთიერთობას, მით უფრო გვიანდება შენს ცხოვრებაში მისი ნების გამოვლენა.

ხშირად წარმატებისა და ჩვენი ცხოვრების გზების სასიკეთოდ წარმართვის მოლოდინი ხდება რუტინული.

ველოდებით, მაგრამ არ ვლოცულობთ რწმენით;

ველოდებით, მაგრამ არა – იმედით.

საბოლოოდ, პრობლემები რჩება პრობლემებად, ყოველივე ამას კი მოსდევს იმედგაცრუება.

გვინელდება იმის რწმენა, რომ უფალს აქვს ჩვენზე სასიკეთო ჩანაფიქრი და გეგმა.

მიფიქრია, ასეთ დიდებულ ღმერთს ათასობით ადამიანში ჩემზე, ერთ ჭიანჭველათაგანზე, ასეთ მცირეზე როგორ უნდა ჰქონდეს გეგმა?

გავიხსენოთ მოსე, სანამ ცეცხლმოკიდებულ ბუჩქს ნახავდა და ღმერთი მოუწოდებდა, რომ ერს გასძღოლოდა. მას ფიქრადაც არ გაუვლია, რა ჰქონდა დაგეგმილი ღმერთს.

დავითი, მწყემსი ბიჭი, უფლისგან იყო მეფედ ცხებული. ალბათ, ერთ-ერთი უკანასკნელი იყო, ვისაც ხალხი მეფედ აირჩევდა, მაგრამ ღმერთმა იგი თავისი ხალხის წინამძღოლობისთვის გამოიყენა.

პავლე მოციქული, ერთ დროს ქრისტიანების მდევნელი, ქრისტიანობისკენ მომწოდებელი გახდა.

ღმერთს აქვს სასიკეთო ზრახვები, მაგრამ ზოგჯერ ჩვენ არ ვაძლევთ ყოველივე ამის გამოვლენის საშუალებას და საკუთარი ძალისხმევით ვცდილობთ გარკვეული საკითხების გადაწყვეტას.

უფალი გვესაუბრება, ჩვენ კი გვჭირდება მისი ხმის გარჩევისა და მოსმენის სწავლა.

ადამიანის ცხოვრებაში არის ეტაპები, როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებია მისაღები.

სთხოვე უფალს, რომ გიჩვენოს სწორი გზები.

ამ გზების დანახვა შესაძლებელია უფალთან გამუდმებული, ერთგული ურთიერთობით;

დაჟინებული რწმენითა და მოლოდინით.

დღევანდელი ქარიშხლიანი დღე მხოლოდ წვრთნაა.

გლოვის ველის მოთმინებითა და მორჩილებით გავლა შენს ცხოვრებაში მოიტანს წყაროს წყალს და ნანატრ შვებას.

„ყოველივე სიხარულად ჩათვალეთ, ჩემო ძმებო, როცა სხვადასხვა განსაცდელში ცვივდებით, რაკი იცით, რომ თქვენი რწმენის გამოცდა მოთმინებას ქმნის.“
იაკობის წერილი 1:2-3

უდაბნოს გადიხარ?

მადლიერებითა და რწმენით იარე და მიიღებ უფლისგან აღთქმულს!

უდაბნოს ბოლოს უფალი მოგცემს გამარჯვებას, რომელზეც, შესაძლოა, არც კი გიოცნებია, რადგან ხშირად ჩვენი ფიქრი ვერც კი სწვდება უფლის ჩანაფიქრს.

შეებრძოლე იმაზე ფიქრს, რომ გამოსავალი არ არსებობს, რადგან უფალი ამბობს:

„ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ, ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ, განგამტკიცებ, შეგეწევი და მხარს დაგიჭერ.“
ესაია 41:10

რა სჭირდება უფალს შენგან?!

ერთგულება!

„შეიყვარეთ უფალი, ღვთისნიერნო მისნო; ერთგულს იცავს უფალი.“
ფსალმუნი 30:23

დღეს არის დრო, რომ მეტად მიუახლოვდე და მიჰყვე მას.

ერთგული ურთიერთობა ღმერთთან გიჩვენებს გზებს, რომლებიც უნდა აირჩიო და გასწავლის კიდეც მათზე სიარულს.

ყველას გვიყვარს მადლიერი ადამიანი.

ღმერთიც მცირედით მადლიერს უხვ კურთხევას და წყალობას უვლენს.

გახსოვდეს, რა გააკეთა უფალმა დღემდე შენთვის!

გახსოვდეს, რისგან გიხსნა და დაგიცვა, სად გიპოვა, საიდან გამოგიყვანა და სად დგახარ დღეს!

ხშირად უხილავისგან გვიცავს უფალი.

თუ შენ დღეს გადიხარ უდაბნოს და თითქოს ამ ყველაფერს არ უჩანს ბოლო, იცოდე:

რაც უფრო აგვიანებ ღმერთთან ურთიერთობას,

მით უფრო გვიანდება მისი ნების გამოვლენა შენს ცხოვრებაში,

მით უფრო გვიანდება ღმერთისგან აღთქმულის მიღება!

გახსოვდეს მადლიერება ყველაფრისთვის!

15 ნოემბერი, 2022 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

იესო, ყველაზე ძლიერი მეგობარი

მარიამ ბაიდაშვილი 15 ნოემბერი, 2022
მარიამ ბაიდაშვილი

ყველაფერი ჭკნება მიწად, ნორჩი კვირტებიდან გაშლილი ყვავილები შემოდგომისას ქარს მიაქვს, არაფერია მარადიული, ჩემი სიხარულიც კი. ახალი ერა, ეპოქა, ლეგენდები, ხელოვნურად შექმნილი ღმერთები ქუჩაში გაქვავებულ ქანდაკებადღა თუ დარჩებიან. ჩემი სიხარული რას უნდა აევსო ამ წარმავალ სამყაროში? რას ჩავეჭიდო, რომ არ დამისხლტეს ხელიდან, ან დრომ არ წაიღოს?

უკვდავების წყაროს ვეძებდი – დამშრალიყო; უკვდავების კარიბჭე, სიკვდილისგან ძლეული, დაჟანგებულიყო. რას ჩავეჭიდო?

ერთადერთი, რაც არასოდეს გამქრალა ჩემი დაბადებიდან დღემდე, ქრისტეს უსასრულო სიყვარულია. ქრისტესი, რომელსაც ვერაფერი ვერ მოერია. ადამიანისადმი განუზომელი სიყვარულით მან საკუთარი სისხლი გადამისხა ვენებში, რათა სიცოცხლე გამეგრძელებინა.

ყველაზე ძლიერი და მამაცია, აუღებელი ციხესიმაგრეა, სადაც თავს ვაფარებ და არ მეშინია. როცა ტალღები მითრევდნენ, გამახსენდა, რომ ქრისტემ თავის ფეხებქვეშ მოაქცია ისინი; როცა ძლიერი ქარიშხალი ამედევნა, ჩავიცინე, რადგან ვიცოდი, ვის ხმას ემორჩილებოდა იგი; ცეცხლში ჩავვარდი და არ ვიწვოდი, რადგან ყველაზე ძლიერ სტიქიებს უნარს უკარგავს ჩემი სანუკვარი მეგობარი, ქრისტე, უსასრულო და მარადიული სიყვარული.

მალე შეგხვდები, იესო, და მოგიყვები დედამიწაზე გადამხდარ თავგადასავლებს, როგორ მამხნევებდი, როცა მეშინოდა; როგორ ამაყობდი, როცა რბოლაზე ვიყავი და უშიშრად მივიწევდი ყველა ბარიერისკენ, რადგან ვიცოდი, ვინ იყო ჩემი გულშემატკივარი.

მიყვარხარ!

15 ნოემბერი, 2022 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

დადიან ჩვენი სულები ჩამოგლეჯილნი

ნინო ხუროშვილი 14 სექტემბერი, 2022
ნინო ხუროშვილი

შენი სიწმინდის სულს ნუ წამართმევ, ღმერთო, დამიბრუნე სიხარული შენი ხსნით… რადგან დაგვიძველდა რწმენა, ჩრჩილნაჭამი სამოსელივით შემოგვეხა და შემოგვეძარცვა ქრისტიანობა.

გაცვეთილ სიტყვებად გვექცა გაუცვეთელი ჭეშმარიტებანი და ბანალური გახდა ფრაზები: „შენ ღმერთს უყვარხარ“, „ის მოკვდა შენთვის“, „მას საუკეთესო სურს შენი ცხოვრებისთვის“… მორიდებით ვამბობთ სხვებთან, რომ ქრისტიანები ვართ და როცა შესაძლებლობა გვაქვს, რომ გავჩუმდეთ, სულაც არაფერს ვამბობთ.

სხვებს ვაკრიტიკებთ ტაძარში მოდისა და რიტუალებისთვის სიარულის გამო, შინაარსისგან დაცლილი „ღვთისმოსაობისა“ და „ღვთისმოშიშების“ გამო და ამ დროს თავად გვექცა მოსაბეზრებელ მოვალეობად კვირას ეკლესიაში წასვლა. ცარიელნი მივდივართ და ცარიელნი მოვდივართ. არაფერი მიგვაქვს და არაფერი მოგვაქვს. ეკლესიაშიც კი ვერ ვგრძნობთ ღმერთის სიახლოვეს, იქაც კი შორსა ვართ ღმერთისგან.

მერე კვირის დანარჩენ დღეებს საკუთარ საქმესა და საზრუნავებში ჩაფლულნი ვატარებთ, არ გვცალია სხვებისთვის, სად გვაქვს ყურადღება სხვებისთვის გასაყოფი, სად გვაქვს სიყვარული, მარჯვნივ და მარცხნივ რომ ვარიგოთ… დავდივართ მსახურებაზე, რადგან უარს ვერ ვამბობთ რაღაც ვალდებულების გამო, სხვებმა რომ არაფერი თქვან, იმის გამო; იმის გამო, რომ მივეჩვიეთ, ავტომატურად და განმეორებად ჩვეულებად გვექცა და ამის გამო… და თუნდაც იმის გამო, რომ „ღვთისმოსაობის“ და „ღვთისმოშიშების“ ნაფლეთებიღა შემოგვრჩა…

დაძონძილს დავათრევთ საკუთარ სულებს, დამშეულსა და გაძვალტყავებულს, მოწყურებულსა და დამშრალს… სამაგიეროდ, ისეთ ყალბ სამყაროს ვქმნით ჩვენ გარშემო, განსაკუთრებით კი სოციალურ ქსელში (არარსებულ და ვირტუალურ მაკროსამყაროში ასევე არარსებულ და ვირტუალურ მიკროსამყაროს ვქმნით), რომ თავადვე ვიჯერებთ მერე, რაოდენ მდიდარი სულიერი სამყაროს მფლობელნი ვართ თურმე და რა საინტერესო ცხოვრება გვაქვს და მხოლოდ იმიტომ, რომ ხანდახან შეიძლება ბიბლიის ესა თუ ის მუხლი გამოვაქვეყნოთ, თავი მოვიწონოთ ჩვენი „ცხოვრებისეული სიბრძნით“.

ეს უკეთეს შემთხვევაში… უარესი კი ისაა, როცა ჩვენს შემხედველ ადამიანს ოდნავი ასოციაციაც არ უჩნდება იმისა, რომ შესაძლოა, ქრისტიანები ვიყოთ და „ღმერთს ვემსახურებოდეთ“.

რა უნდა ვასწავლოთ სხვებს, თუ თავად არ ვიცით არაფერი? როგორ უნდა ავანთოთ სხვები, თუ თავად ჩამქრალნი ან ოდნავ მბჟუტავნი დავდივართ? როგორ უნდა ვასწავლოთ სიკეთის კეთება სხვებს, თუნდაც საკუთარ შვილებს, თუ მთელი ჩვენი სიკეთე ქუჩაში მჯდომი მათხოვრისთვის რამდენიმე გროშის ჩაგდებით შემოისაზღვრება? როგორ უნდა წარვუძღვეთ სხვებს, როცა თავად გზა გვაქვს არეული და ხელების ცეცებით დავდივართ?

სუფთა გულები შექმენი ჩვენში, ღმერთო და წრფელი სული განაახლე ჩვენს სხეულებში! როგორ უნდა ხვდებოდნენ ურწმუნონი, რომ ქრისტიანები ვართ, თუ ერთმანეთი არ გვიყვარს, თუ ეჭვი და უნდობლობა სარეველასავით ედება ეკლესიებს, თუ არ შეგვიძლია ერთმანეთისათვის გულწრფელი ლოცვა? და რასაც ვლოცულობთ, ისიც კი ყალბია და დიდი ხნის ნასწავლი და გაზეპირებული? დადიან ჩვენი სულები ჩამოგლეჯილნი, რწმენის, იმედისა და სიყვარულის ძონძებით და ითხოვენ შველას…

მეტისმეტად „დავბრძენდით“, მეტისმეტად „ბევრი ვისწავლეთ“ და მეტისმეტად „გავიზარდეთ“ იმისათვის, რომ ბავშვურად გვიხაროდეს, ბავშვურად გვწამდეს და ბავშვებივით გვიყვარდეს, ბავშვებივით ვპატიობდეთ.

შეგვიწყალე, ღმერთო, შენი წყალობისამებრ! შენი მრავალი შემწყნარებლობისამებრ წაშალე ჩვენი დანაშაული! ღმერთო, ჩვენი ხსნისა, განგვიმტკიცე მოშვებული მკლავები და მოდუნებული მუხლები. დაამსუყე და გააძღე ჩვენი სულები შენი სიცოცხლის პურით. სიწმინდის სული განაახლე ჩვენში…

14 სექტემბერი, 2022 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

განმშორდი, უფალო

ნინო ხუროშვილი 14 სექტემბერი, 2022
ნინო ხუროშვილი

– განმშორდი, უფალო, რადგან ცოდვილი ვარ…

– მკურნალი სნეულთ სჭირდებათ და არა ჯანსაღთ…

– უფალო, წუმპესა და ტალახში დავდიოდი ამდენი წელი… როგორ მოხვედი ჩემს ატალახებულ ცხოვრებაში, ღმერთო? შენ, ესოდენ სუფთა… ესოდენ წმინდა… ისე, რომ ერთი ლაქაც არ მოგეცხო ჩემკენ მომავალ გზაზე. ჩაბნელებულ ბილიკებზე მერეოდა ფეხი ამდენი წელი. ბრმაზე უარესად მებნეოდა გზა. სული გამიხევდა. ახლა შენ შეგხვდი, უფალო. საიდან მოხვედი ჩემს კუნაპეტ ცხოვრებაში? როგორ დამინახე ამ სიბნელეში? როგორ მომაკვლიე?

– ადექი და სინათლეში იარე… წადი და მეტად აღარ შესცოდო…

– მაგრამ, უფალო, მე ცოდვილი ვარ… განმშორდი…

– მკურნალი სნეულთ სჭირდებათ და არა ჯანსაღთ…

– ღმერთო, მე ბინძური ვარ, ლაფში ამოსვრილი…

– მე უკვე დაგბანე ფერხნი… განგბანე ჩემი სისხლით… განბანილს კი მეტად აღარ სჭირდება დაბანა…

– ღმერთო, სული მაქვს გახევებული.. ვერაფერს ვგრძნობ…

– მე უკვე ჩაგიდე ხორცის გული ქვის გულის ნაცვლად…

– მაგრამ, ღმერთო…

– ადექი და მომყევი…

14 სექტემბერი, 2022 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

კვლავ დაგიბრუნდი, მამა

ბაია ლეკიაშვილი 13 სექტემბერი, 2022
ბაია ლეკიაშვილი

მახსოვს დღე, როდესაც შენგან წასვლა გადავწყვიტე. თავი ყველაზე მართალი ადამიანი მეგონა, მრავალი არგუმენტით ვამართლებდი ჩემს საქციელს, ბრალიც კი დაგდე… რა სასაცილოა, არა?

ბრალი დაგდე მე, ქმნილებამ შემოქმედს… მეგონა, აგვიანებდი პასუხებს ჩემს ცხოვრებაში; მეგონა, უპასუხოდ დამტოვე; მეგონა, დაგავიწყდი; მეგონა, დაგღალე, ბოლოს კი ისიც ვიფიქრე, რომ თავად დამღალე. წესები, მცნებები, ო, როგორი დამღლელი იყო მხოლოდ მცნებებად დარჩენილი მცნებები, უსიყვარულოდ და უშენოდ დარჩენილი ყველა წესი ძალიან დამიმძიმდა. სხვადასხვა საზრუნავზე გადართულს დამავიწყდა, რატომ ვიცავდი ყოველ შენს დადგენილებას და ამ ქაოსში თავად შენ დაგკარგე. ტკივილების ქარცეცხლმა გამომტაცა შენი ხელი და იმდენად წავყევი შორს ამ აზვირთებულ ქარტეხილს, რომ შენს გამოწვდილ ხელს ვეღარ მოვწვდი, ვეღარ ჩაგკიდე ხელი და ბოლოს სახე ვიბრუნე შენგან…

მეგონა, ამ ქარიშხალში ვიპოვიდი ჩემს წილ ბედნიერებას…

…ვიხსენებ ქარტეხილის დღეებს… ქარმა შორს წამიყვანა, შენგან ძალიან შორს… დინებას მივყვებოდი, წინააღმდეგობა არაფრისთვის და არავისთვის გამიწევია, ბევრი ვიხეტიალე… რამდენი ორმო ყოფილა… ყველა ორმოში ტყვედ ვიქეცი… მონობის ერთი სამყაროდან, მეორე სამყაროში დავაბიჯებდი, მტკიოდა… ჩემი ყოველი დღე მტკიოდა უშენოდ გატარებული, ბოლოს კი შევეჩვიე, თითქოს დამავიწყდი, დავივიწყე ჩემი თავი, უშენობას შევეჩვიე და უკან მოვიტოვე ყველა წელი შენს სახლში გატარებული…

ახალი სახლი ავიშენე. მეგონა, ყველაზე მყარ სახლს ვაშენებდი. გალავანი შემოვარტყი, გუშაგად თავად დავდექი. მეგონა, ჩემი გულის კარს თავად დავიცავდი და ვერავინ შეძლებდა შემოტევას და ზიანის მოყენებას.

მტერს სხვაგან ვეძებდი, მაგრამ საკუთარი თავის მტერი თავადვე ვყოფილვარ… საკუთარი ხელით დავისერე გული და თავადვე ვცდილობდი მის მკურნალობას, მაგრამ ამაოდ…

ავადმყოფს ექიმი სჭირდება, შენ მჭირდებოდი, ღმერთო, და იმის მაგივრად, რომ შენთან მემკურნალა, ისევ ჩემი ძალებით ვეცადე მკურნალობას…

რამდენ რამეს მივედ-მოვედე, რამდენჯერ გავხდი ავყიათა საკრებულოს წევრი…

სად იყო ჩემი წილი ბედნიერება?

არსად… ვერსად ვერ ვნახე სიხარული…

ვერც სიყვარული ვნახე უანგარო;

ვერც ცრემლი – გულწრფელი;

ვერც მეგობრობა – თავგანწირული;

ვერც მშვიდობა – შენმიერი.

ვერაფერი ვნახე ისეთი, რაც შენს თავს გადაწონიდა..

ისევ ჩემს ქარცეცხლში ვიყავი, როცა გამახსენდა „მამაჩემის სახლი“, შენი სახლი, უფალო…

როგორ ვცხოვრობდი შენთან, როგორი სიხარული მქონდა შენთან, როგორი მეგობარი იყავი ჩემი, როგორი მტკიცე ნუგეში მქონდა შენგან. როგორი ნამდვილი და უპირობო სიყვარულით გიყვარდი და გიყვარვარ ახლაც…

გამახსენდა, მამა, როგორ მშვიდად ვდგებოდი და ვწვებოდი, როდესაც შენზე ვამყარებდი იმედს…

გამახსენდა გალობა, რომლითაც ქებას გიძღვნიდი და ვიგრძენი, როგორ დაწყნარდა ნელ-ნელა ქაოსი, ვიყურებოდი წინ და შენს ხელს ვხედავდი გამოწვდილს, კვლავაც დალურსმულს… კვლავაც შენს დაღვრილ სისხლს ვიცხებ შენი ასული, რათა განვიწმინდო…

შენამდე შავი მანტიით მოვედი და ვხედავ, ნელ-ნელა როგორ გამისპეტაკე სამოსი; შენ გამწმინდე, უფალო, ყველა ცოდვისგან და ვხედავ, ცოდვებს მპატიობ; არ გაინტერესებს, რა ჩავიდინე, რამდენჯერ შევცოდე, რამდენ ორმოსა თუ ჭაობში ჩავიძირე… მხოლოდ ერთი რამ გახარებს, მხოლოდ ერთი რამ…

შენი ასული კვლავაც შენს სახლს დაუბრუნდა…

მადლიერი ვარ, მამა, მადლიერია ჩემი გული, რადგან მონობის სამეფოდან დამიხსენი, სამოსი გამისპეტაკე, გამწმინდე და თავი მაღლა ამაწევინე, შვილი მიწოდე და ჩემი ცოდვები წარხოცე.

ო, რა დიდია, უფალო, შენი ჯვარცმა…

ო, რა დიდია, უფალო, გოლგოთაზე დაღვრილი სისხლი… როგორი ძლიერია, ერთი წვეთიც კმარა ჩემს განსაწმენდად…

მადლიერია ჩემი გული, უფალო, რომ ორი ათასი წლის წინ ჯვარს ჩემ გამოც გაეკარი, რათა ახლანდელი ცოდვები მომტევებოდა და კვლავაც მომიტევებ.

მსჯავრი გააუქმე და მადლი მომანიჭე…

ღირსება აღმიდგინე  და ცათა სამეფო მიბოძე… მადლიერი ვარ, ღმერთო…

მე დაგიბრუნდი…

უშენოდ სახლი ავიშენე, უსაძირკვლო, პირველივე ქარზე რომ დაინგრა…

მოვიდა მდინარე და მთლიანად დაშალა, უსახლოდ დავრჩი, მაგრამ შენ შენი სამეფო მიბოძე; ყველაფერი, რაც გაქვს, მიწილადე, გამათავისუფლე და ფეხზე დამაყენე.

ახლა კი ისღა დამრჩენია, შენი გზებით ვიარო, შენს ჩრდილქვეშ შევაფარო თავი და დღედაღამ ჩემს გზებს ჩავუკვირდე, რათა კვლავ არ დამიცდეს ფეხი გზიდან,  რომელიც:

გზაა სიცოცხლის,

გზა გადარჩენის,

გზა სიყვარულის და

გზა მარადიული სიცოცხლის.

13 სექტემბერი, 2022 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ღმერთი იბრძვის შენთვის

მაკო გამეზარდაშვილი 13 სექტემბერი, 2022
მაკო გამეზარდაშვილი

ღმერთის მიერ შექმნილ ველურ ცხოველებს შორის გველი ყველაზე ცბიერი იყო. მას სურდა, ევასთვის შეეთავაზებინა ისეთი რამ, რაც მის გულს ჩასწვდებოდა; საუბრით ხედვა შეუქმნა და მოანდომა, ღმერთს გასტოლებოდა; ასეთი მოტივის მქონე ევამ დაინახა, რომ საჭმელად კარგი ჩანდა იმ ხის ნაყოფი, თვალთათვის საამური და მიმზიდველი; მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა.

ეშმაკის ხრიკია – დაგანახვოს, მოგანდომოს, გაგასინჯოს და შემდეგ მსჯავრი დაგდოს. ფხიზლად ყოფნა გვმართებს! დიდი მნიშვნელობა აქვს, რით ვკვებავთ ჩვენს გულებს, რას ვუყურებთ და რას ვუსმენთ. რითაც „ვიკვებებით“, მისითვე ვიმართებით; თუ ამ ყველაფერს წავუყრუებთ, სიბნელეში აღმოვჩნდებით, სადაც საკუთარი თავის გაუცხოება გვეწყება; ტკივილისგან დამძიმებულნი კი უღირსობის მორევში ჩაძირვას ვიწყებთ, ბრძოლის სურვილს ვკარგავთ და  სიღრმიდან ამოსვლის აზრს ვეღარ ვპოულობთ.

შეიძლება ამბობდე, მაინც იგივე შემეშლება, რა აზრი აქვს? მიეცი საკუთარ თავს შანსი, რომელიც ამ დღის მადლით მოგეცა. ალბათ, გაიფიქრე, რამდენჯერ უნდა მივცე შანსი?.. გიპასუხებ: იმდენჯერ, რამდენჯერაც შეგეშლება! როდესაც წრფელი გულით მოინანიებ შენს ცოდვას, ეშმაკს აღარ აქვს უფლება შენკენ თითის გამოშვერის; არავის აქვს უფლება, გამართლებული გაგასამართლოს.

ვინ ხარ შენ, სხვისი მონის განმკითხველო? თავისი უფლის წინაშე დგას იგი ან ეცემა; მაგრამ წამოყენებული იქნება, ვინაიდან ღმერთს ძალუძს მისი წამოყენება.

რომაელთა 14:4

შენთვის ძვირფასი სისხლია დაღვრილი, რომლის მეშვეობითაც ღმერთი ყოველთვის მზად არის, მიგიღოს, წამოგაყენოს და მოგცეს ძალა გამარჯვების. იესომ დაუმსხვრეველი ბორკილები დაამსხვრია, შეუძლებლიდან სასწაული დაგვანახვა. არასდროს თქვა, რომ ეს დასასრულია, ყოველი სუნთქვისას ახალი შანსი და ახალი შესაძლებლობა გეძლევა.

დროა, თქვა:

ნუ ხარობ ჩემზე, მტერო! რომც დავეცე, წამოვდგები, ბნელშიც რომ დავჯდე, უფალია ჩემი ნათელი!

მიქა 7:8

შენ გამარჯვებულ ომში ხარ, სადაც ღმერთი იბრძვის შენთვის!

13 სექტემბერი, 2022 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

უფულობის პლუსი

გიორგი ოდიაშვილი 13 სექტემბერი, 2022
გიორგი ოდიაშვილი

თუ ხარ ქრისტიანი და ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ფულის გარეშე იმყოფები, ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, რომ შენში უფრო ღრმად ჩაიხედო და აღმოაჩინო, ვინ ხარ და რა გაქვს იესო ქრისტეს რწმენით.

ვერცხლი და ოქრო არა მაქვს, ხოლო რაც მაქვს, იმას გაძლევ: იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით, გაიარე! მარჯვენაზე მოჰკიდა ხელი და წამოაყენა, და მას უცბად გაუმაგრდა ფეხები და კოჭები. წამოხტა, დადგა და სიარული დაიწყო, მათთან ერთად შევიდა ტაძარში. დადიოდა, ხტოდა და აქებდა ღმერთს.“
საქმეები 3:6-8

იმ მომენტში პეტრეს რომ ოქრო-ვერცხლი ჰქონოდა, ის რიგითი მოწყალების გაცემით შემოიფარგლებოდა (თუმცა ესეც საქმეა) და ღვთის სასწაულს ვეღარ ვიხილავდით.

____________

P.S. ღმერთი არ არის სიღარიბის და უფულობის მომხრე, თუმცაღა მას შეუძლია გამოიყენოს ასეთი შემთხვევები უფრო დიდი სასწაულების მოსახდენად.

13 სექტემბერი, 2022 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ახალი ბლოგები
ძველი ბლოგები
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 2

    მხსნელი უფალი

    26 თებერვალი, 2020
  • 3

    მედროვე ადამიანთა ქმედებები…

    22 მარტი, 2019
  • 4

    ღმერთი არ არის საშუალება

    5 დეკემბერი, 2022
  • 5

    ფიზიკური ნაკლი არ არის პრობლემა…

    7 ოქტომბერი, 2020


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ