ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ
  • stories

  • Memories

  • About Me

ბლოგები

ენდე ღმერთის მიერ წარმართულ პროცესს

რომა შალამბერიძე 17 თებერვალი, 2023
რომა შალამბერიძე

„ამიტომ გეუბნებით, ყველაფერს, რასაც ლოცვაში ითხოვთ, გწამდეთ, რომ მიიღებთ და მოგეცემათ“

მარკოზი 11:24

ხშირად ჩვენი პრობლემა არის ის, რომ „მიიღებთ და მოგეცემათ“ აუცილებლად იმწამსვე შედეგში უნდა გამოიხატოს, სინამდვილეში კი უარვყოფთ პროცესს, რომელსაც თავად ღმერთი უშვებს…

„გწამდეთ, რომ მოგეცემათ“

რაზეც არ უნდა ლოცულობდე, თუ ხარ სუფთა და ინახავ თავს წმინდად, იქონიე მოლოდინი, რომ აუცილებლად მიიღებ პასუხს და ღმერთი აკვირდება შენს ნაბიჯებს.

თუ დამადასტურებელი ნიშნები არ ჩანს, უბრალოდ დაიჯერე, რომ როგორც კი რწმენით ითხოვ, ღმერთი იმწამსვე პროცესშია ჩართული და რასაც სთხოვ მისი ნებით, ის იმოქმედებს.

ჩვენი ნიშანი ღმერთის სიტყვაა და არა ჩვენი განცდები.

შესაძლოა, პატარა ბავშვს დაბადების დღეზე მანქანა აჩუქონ, მაგრამ გამოყენებამდე საჭიროა, დრომ განვლოს, რათა შესაფერისი დრო დადგეს მისი გამოყენების.

თუ ღმერთის სიტყვა ამბობს, რომ „მოგეცემა“, ესე იგი, მოგეცემა.

თუ ღმერთი ამბობს, რომ გაკურთხებს, ესე იგი, ნამდვილად გაკურთხებს.

თუ ღმერთი ამბობს, რომ მოვა, ესე იგი, ნამდვილად მოვა.

თუ ღმერთი ამბობს, რომ გიერთგულებს, ესე იგი, ნამდვილად გიერთგულებს.

თუ ღმერთი ამბობს, რომ განგამტკიცებს, ესე იგი, ნამდვილად განგამტკიცებს.

თუ ღმერთი ამბობს, რომ აგავსებს, ესე იგი, ნამდვილად აგავსებს.

ღმერთი ადამიანი არ არის, რომ თქვას და არ აღასრულოს.

ერთადერთი, რაც ჩვენ გვჭირდება, არის ის, რომ ვენდოთ ღმერთის მიერ წარმართულ პროცესს.

მადლიერებით ვაუწყოთ მას ჩვენი სათხოვარი და გვჯეროდეს, რომ გვისმენს და აკურთხებს ჩვენს ყოველ საჭიროებას.

ლოცვის შემდგომ კი ისე მოიქეცი, როგორც მფლობელი და არა მომლოდინე, რადგან ღმერთმა თავად აღგვითქვა:

„რასაც ითხოვ, გწამდეს, რომ მიიღებ და მოგეცემა.“

 ენდე ღმერთის მიერ წარმართულ პროცესს და დაელოდე, ამას აქვს ფასი.

17 თებერვალი, 2023 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

გახსოვდეს

ნინო ხუროშვილი 14 თებერვალი, 2023
ნინო ხუროშვილი

გახსოვდეს, ვინ ხარ, ვის ეკუთვნი და საით მიდიხარ…

ისიც გახსოვდეს, საიდან მოდიხარ…

გახსოვდეს, სადაც დაცემულხარ… რის გამოც დაცემულხარ…

მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ ღმერთის მადლმა უკვე დაფარა შენი დანაშაულებანი…

ყოველთვის სწორია, რომ გვახსოვდეს!

ყოველთვის კარგია, რომ გვახსოვდეს!

არაფერი დაივიწყო, დღიდან შენი ცნობიერი ცხოვრების დაწყებისა…

არ დაივიწყო, ვინ იყავი და ახლა ვინ ხარ…

არ დაივიწყო არცერთი განსაცდელი, რომელშიც იწრთობოდი…

არცერთი ცდუნება, რომელსაც ებრძოდი…

არ დაივიწყო არცერთი ბრძოლა, როცა გიჭირდა და გეგონა, რომ ყველაფერი დამთავრდა…

არ დაივიწყო არცერთი ცრემლი…

გახსოვდეს შენი ჭრილობები… მაგრამ შენი სულის ყოველი ნაიარევის დანახვისას გახსენდებოდეს, როგორ გიწამლა ღმერთის მადლმა და როგორ შეგიხორცა ეს ჭრილობები…

გახსოვდეს ყოველი ძნელბედობის ჟამი, მაგრამ უფრო მეტად გახსოვდეს, რაც უფალმა სიკეთე გიყო… რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი…

„რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რას დამკვნესი? მიენდე ღმერთს, რადგან კვლავაც განვადიდებ მას, ჩემი სახის განმაცოცხლებელს და ჩემს ღმერთს.“
ფსალმუნი 42:5

14 თებერვალი, 2023 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

სადა ხარ?

ნინო ხუროშვილი 14 თებერვალი, 2023
ნინო ხუროშვილი

სადა ხარ? სადა ხარ, როცა დაკარგული დაეხეტები ქუჩა-ქუჩა და არ იცი, სად მთავრდება ერთი გზა და სად იწყება მეორე. სადა ხარ? როცა დაიკარგე საკუთარ თავში, საკუთარი ტკივილისა და მწუხარების ლაბირინთში და არ იცი, სადამდე მიგიყვანს ბილიკი. სადა ხარ? მიხვდი, რომ ცხოვრება არც ზღაპარია და არც ისეთი უწყინარი, როგორიც გეგონა. გეგონა, შენით გაიკვლევდი გზას და შეცდი… სადა ხარ?

სადა ხარ, როცა დაკარგულ შვილს ასე ტკივილიანი ხმით მოგიხმობს ღმერთი და გზას გაჰყურებს, გზას, რომელზეც შენ უნდა გამოჩნდე სახლისკენ მიმავალი. სადა ხარ? ნუთუ ჩაიდინე ის, რაზეც გითხრა უფალმა, რომ არ ჩაგედინა? ნუთუ შენს მამას, შენს გამჩენს ზურგი აქციე და მაცდურს დაუჯერე? სადა ხარ? სად იმალები? მამა გეძახის. დაიკარგე… საკუთარ თავშიც ვეღარ გაგიგნია გზა და ვერც ცხოვრებაში… არც არავინაა, რომ ხელი მოგკიდოს და წინ წაგიძღვეს. ვერ გიპოვია გზის ვერც დასაწყისი და ვერც დასასრული. აღარ გახსოვს, როდის დაიწყო აგონია და ვერც იმას ხვდები, როდის დასრულდება. მხოლოდ შორიდან გესმის ხმა, მონატრებითა და ტკივილით სავსე ხმა. სადა ხარ?

სადა ხარ, როცა ასე გელოდება ის, ვინც შთაგბერა მარადიული სული, ვინც თვით მარადისობა ჩადო შენში, ვინც შენთვის დადო სიცოცხლე სამსხვერპლოზე ზვარაკად, რათა შენ, ჰო, შენ გქონოდა მისასვლელი სიცოცხლესთან… ზეცისკენ მიმავალი გზა გახსნილიყო შენ წინაშე… სადა ხარ? მიმოიხედე… ვერ ცნობ გარემოს. ვერ ცნობ ადამიანებს გარშემო. საკუთარი თავიც კი უცხოდ გეჩვენება და გარბიხარ. გაურბიხარ ადამიანებს, უცხოთა მზერას, საკუთარ თავსაც კი გაურბიხარ, საკუთარ გრძნობებს… წყენას, ტკივილს, რომელიც ამდენი ხანია, დაბუდებულა შენს გულში და ღრმად გაუდგამს ფესვები, როცა სულს გიღრღნიან ჩადენილი ცოდვები და არ იცი, სად გაექცე მათ…

სადა ხარ? როცა ასე მოგიხმობს ღმერთი. სადა ხარ? რომელ გზას ადგახარ? მობრუნდი. ეგ გზა წყვდიადით მთავრდება. მობრუნდი. აღარ არის მანდ მისავალი. თვალუწვდენელი უფსკრულია მხოლოდ. მობრუნდი. სინათლისკენ მობრუნდი. არ გესმის მამის ტკივილიანი ხმა? ის გზას გაჰყურებს და ერთი სული აქვს, როდის მოიხედავ, როდის გამოჩნდები ეულ ბილიკზე, რომ გამოიქცეს და ჩაგეხუტოს… და მოგცეს საუკეთესო, რაც აქვს… მიგიღოს უძღები ძე ისე, თითქოს არასოდეს წასულხარ მისგან… არასოდეს გიქცევია ზურგი მისთვის… შენ მხოლოდ მობრუნდი… სადა ხარ???

14 თებერვალი, 2023 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ადამიანებს სცივათ და შიათ

ნინო ხუროშვილი 23 იანვარი, 2023
ნინო ხუროშვილი

ჩვენ გარშემო ადამიანებს შიათ, სცივათ… გარეთ კი ქარი აფრიალებს ბოძზე გამოკრულ საარჩევნო პლაკატს, რომელზე გამოსახული მაძღარი და ცხოვრებისგან განებივრებული „ძია“ თვითკმაყოფილი მზერით გვიყურებს და „პურსა და სანახაობას“ გვპირდება. სანახაობა არის. ამ ქვეყანაში არ „მოიწყენ“.

„ბიძინას კარის თამაშების“ მერამდენე სეზონი გადის, ვინ მოთვლის. სრულიად საქართველო ყოველდღე, დილიდან საღამომდე თვალს ადევნებს „რაინდთა მათ ბრწყინვალეთა“ საარაკო შერკინებებს.

ჩვენ გარშემო კი ადამიანებს შიათ, სცივათ, თბილი და სუფთა ლოგინი ენატრებათ…

სანახაობა არის. ხალხს უხვად აძლევენ სანახაობას. პური არ არის. ნუგეში არ არის. გულმოწყალება და თანაგრძნობა არ არის. ისევ ადამიანები უყოფენ ერთმანეთს ბოლო ლუკმას. იქ, ზემოთ მყოფ „რაინდებს“ რა საქმე აქვთ უბრალო ხალხთან.

საქართველოში ორი კატეგორიაა: „ისინი“ და ადამიანები. „ისინი“ ვერ ხედავენ, „მათ“ არაფერი ესმით… ვერ ხედავენ პირბადის ზემოთ მომზირალ სასოწარკვეთილებაჩამდგარ თვალებს… არ ესმით: „ბაბუ, მშია… დედა, მშია….“

„ისინი“… მდიდარნი ამა ქვეყნისანი. ესოდენ გულუხვნი დაპირებებში. დეკემბერია. ვდგავარ ფანჯარასთან და გავყურებ უფერულ ქუჩას, უფერულ სახლებს… ვხედავ, როგორ აფრიალებს ქარი ბოძზე გამოკრულ საარჩევნო პლაკატს და გვახსენებს, რა გულუხვად დაგვირიგეს დაპირებები იმის შესახებ, რომ საქართველო გაბრწყინდებოდა, რომ აღარავინ იქნებოდა მშიერი…

ვდგავარ და ვფიქრობ. ეს დაპირებებიც ისეთივე ფარატინაა, როგორც ეს პლაკატი.

ვდგავარ და ვფიქრობ, რომ უკანასკნელ წამამდე მხოლოდ ღმერთის იმედს უნდა ჩაეჭიდო. მარტო მას შეუძლია, დაგპირდეს და შეასრულოს.

„ღმერთი კაცი როდია, რომ იცრუოს, და არც ადამიანის ძეა, რომ გადათქვას. თქვას და არ გააკეთოს? ილაპარაკოს და არ აღასრულოს?“
რიცხვი 23:19

ადამიანები? ღმერთზე დაიმედებულნი უმოქმედოდ არ ვიდგეთ. სადა ხარ, ღმერთო? ვერ ხედავ ამდენ გაჭირვებულს? არ გესმის ამდენი ღაღადი?

ღმერთს ესმის. ის ხედავს. ის შორს არ არის. მას ყველაფერი შეუძლია, მაგრამ მას უნდა შენი, ჩემი, ჩვენი მეშვეობით დააპუროს მშივრები, შემოსოს შიშვლები, გაათბოს გაყინულნი…

„ვინაიდან ღარიბნი მუდამ თქვენთანა გყავთ და, თუკი მოისურვებთ, შეგიძლიათ – სიკეთე უყოთ მათ…“
მარკოზი 14:7

თუკი მოისურვებთო, ქრისტე ამბობს… თუკი… ჰოდა, საქმეც ესაა… ხშირად ვერ „მოვისურვებთ“ ხოლმე. სად არის ღმერთი მშიერი და მწყურვალი, ბედის ანაბარა მიგდებული ადამიანისთვის? შენშია. ჩემშია.

ვიღაცას უთქვამს: „შენ შეგიძლია, გახდე ის ერთადერთი იესო, რომელსაც ადამიანი დაინახავს მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში. შენ შეგიძლია, გახდე ერთადერთი ბიბლია, რომელსაც ადამიანი წაიკითხავს…“

23 იანვარი, 2023 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

გილოცავთ, კიდევ ერთხელ შემობრუნდა დედამიწა მზის გარშემო

ნინო ხუროშვილი 30 დეკემბერი, 2022
ნინო ხუროშვილი

კიდევ ერთხელ შემობრუნდა დედამიწა მზის გარშემო. კიდევ ერთხელ გაიარა ეს გზა, უკვე მერამდენედ უხსოვარი დროიდან… კიდევ ერთი წელი, 365 დღე, გავაცილეთ წარსულისკენ. იწყებს დედამიწა მომდევნო წრეს მხურვალე ვარსკვლავის გარშემო და მოდის ახალი დღეები, ახალი საათები, ახალი წუთები… ვფიქრობდი წუხელ ახალ წელზე, ვფიქრობდი საერთოდ სიცოცხლეზე, ჩვენს დედამიწაზე… ადამიანებზე… დადის მოხუცი დედამიწა, წლებით დამძიმებული და დასერილი ამდენი ტკივილითა და მწუხარებით… დადის და ბრუნავს მზის გარშემო, სხვა გზა არ იცის, სხვაგან არსად აქვს წასასვლელი და დაატარებს ადამიანების ტკივილს, იმედგაცრუებას, დარდსა და სიკვდილს… და ხან, როცა ამდენს ვეღარ იკავებს გულში, შუბლს იჭმუხნის და ტირის… ჩვენ ამას წვიმას ვეძახით…

ვფიქრობდი ღამით, სამყაროს ცენტრია დედამიწა თითქოს, ეს პაწაწინა და განსაკუთრებული პლანეტა… რამდენს უცხოვრია მასზე და ისიც დიდსულოვნად იტანს კეთილსა თუ ბოროტს, კარგსა თუ ცუდს… დაატარებს და დადის უცვლელი მარშრუტით. არცერთი წამით არ ჩერდება და ცდილობს, არ იფიქროს… არ იფიქროს, რამდენი ცოდვა-მადლია მის ზურგზე… წუხელ ვფიქრობდი… კიდევ ერთ წელი მოგვაკლდა-მეთქი… არა, არ მოგვემატა, მოგვაკლდა… რაც უფრო წინ მივდივართ, მით უფრო გვაკლდება წლები… ჰოდა, აი, დედამიწამ მზეს კიდევ ერთხელ შემოუარა ჩვეული ტემპით და რევერანსით გამოეთხოვა განვლილ გზას, რათა ისევ ახლიდან დაადგეს იმავე ბილიკს…

ამაღამ ახალი წელი დგება… ზოგი ოჯახი სავსეა ხვავითა და ბარაქით, სიხარულითა და ბედნიერებით, ზოგი კი − ცარიელით… ზოგს ღიმილი არ სცილდება თვალებიდან, ზოგს − ცრემლი… ზოგს სცხელა დეკემბრის ამ ცივ ღამეს, ზოგსაც გული ეყინება მკერდში სიცივით… ზოგან საჩუქრების გახსნით გამოწვეული შარიშური და მხიარული შეძახილები ისმის, ზოგან კი სიჩუმეა… რადგან არაფერია გასახსნელი და ბავშვებმაც იციან ეს…

ახალი წელი დგება… გილოცავთ… ბანალურ მილოცვებს არ მოვყვები… გისურვებთ (ჩემს თავსაც, მათ შორის) მხოლოდ იმას, რომ ფეიერვერკების ხმაურმა და შეძახილებმა არ ჩაახშოს ჩვენში თანაგრძნობისა და თანადგომის ხმა, გისურვებთ, რომ ნაძვის ხეების თვალისმომჭრელი მორთულობისა და ბრჭყვიალა გირლანდებით აფერადებული ქუჩების მიღმა ცრემლიანი თვალების დანახვა ყოველთვის შეგვეძლოს…

გილოცავთ… თავს არ მოვიტყუებ და პათეტიკურად არ ვიტყვი, რომ, დაე, ამ წელს სულ სიხარული, ბედნიერება და ხალისი გქონდეთ-მეთქი… ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სულ სიხარული და სიცილი შეუძლებელია… რომ ჩვენი დღეები სევდაგარეული და დარდმორეულია ხშირად… სწორედ ამიტომ, გისურვებთ, რომ ასეთ დღეებშიც კი უფლის იმედით მშვიდდებოდეთ, გისურვებთ, რომ ძალა გქონდეთ ყოველი დაბრკოლების დასაძლევად და გასაჭირში მყოფთ მაინც შეგეძლოთ სხვების დახმარება… დაე, ამ წელს თუნდაც ერთით ნაკლები ცრემლი იყოს… ერთით ნაკლები მწუხარება… ერთით ნაკლები იმედგაცრუება… გილოცავთ ახალ წელს… უფლის რწმენას და დიდ გულს გისურვებთ…

30 დეკემბერი, 2022 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

რომ არ ყოფილიყო შობა…

თეონა მენაბდიშვილი 25 დეკემბერი, 2022
თეონა მენაბდიშვილი

რომ არ ყოფილიყო შობა, ღმერთი თავად რომ არ ჩამოსულიყო მიწაზე, ახლაც ამაო მცდელობაში ვიქნებოდით, რომ როგორმე მას მივწვდომოდით ზეცად. 

რომ არ ყოფილიყო შობა, სიბნელეში მსხდომნი კვლავაც ვერ გავიგებდით სინათლის შესახებ.

რომ არ ყოფილიყო შობა, არ გვეცოდინებოდა, რომ ღვთის აღთქმამ შეიძლება გასტანოს საუკუნეები, ათასწლეულები და ყველაზე მოულოდნელ დროს მაინც აღსრულდეს.

რომ არ ყოფილიყო შობა, ვერასოდეს გავიგებდით, რამხელაა ზეციერი მამის ჩვენდამი სიყვარული და 

რამდენის გაღება შეუძლია მას კაცობრიობისთვის. 

არ გვეცოდინებოდა, რომ ღმერთს არ ძალუძს ჩვენი ტანჯვის შორიდან ყურება; არ შეუძლია, არ მოვიდეს, როცა გვჭირდება, და ვერ გავიგებდით, რა გზის გავლა შესწევს ჩვენთან მოსასვლელად. 

რომ არ ყოფილიყო შობა, არ გვეცოდინებოდა, რომ ის ჭეშმარიტად არის ემანუელი – ღმერთი ჩვენ შორის. 

ღმერთი კაცად ქცეული, ღმერთი დამდაბლებული, ღმერთი მონის ხატებით. 

რომ არ ყოფილიყო შობა, საკუთარი ძე, საკუთარი თავი ახალგაზრდა გოგონას ხელებისთვის რომ არ მიენდო ღმერთს, არ გვეცოდინებოდა, რამდენის მინდობა შეუძლია მას უბრალო ადამიანისთვის. 

და არ გვეცოდინებოდა, რამხელა საგანძურს შეიძლება ატარებდეს ერთი ადამიანი, როგორც მარიამის გარშემო მყოფებმა არ იცოდნენ ეს. 

რომ არ ყოფილიყო შობა, არ გვეცოდინებოდა, რომ ბნელი ღამე სინამდვილეში შეიძლება დიდი სინათლის დაბადება იყოს. 

არ გვეცოდინებოდა, რომ ერთმა უბრალო, არაფრით გამორჩეულმა ღამემ შეიძლება შეცვალოს კაცობრიობის ისტორია. 

რომ არ ყოფილიყო შობა და იმ ღამით ყრმა იესო ასე თავმდაბლურად გომურში, სიბინძურეში რომ არ დაბადებულიყო, ვერასოდეს შევძლებდით, ჩვენს გულებში შემოგვეპატიჟებინა იგი, ვერასოდეს ვიფიქრებდით, რომ ის ჩვენს გულებში დაბადებასაც იკადრებდა.

რომ არ ყოფილიყო შობა, 

ის რომ არ დაბადებულიყო, 

ჩვენ არ გვექნებოდა შანსი ხელახლა დაბადების. 

ის რომ არ გამხდარიყო ჩვილი, ჩვენ ვერასოდეს გავხდებოდით ღვთის შვილები. 

მაგრამ იმ საოცარ ღამით იყო შობა. 

იშვა ქრისტე, ემანუელი, კაცობრიობის მხსნელი.

25 დეკემბერი, 2022 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

შობის საჩუქარი

მიმი ტიელიძე 25 დეკემბერი, 2022
მიმი ტიელიძე

ხუთი წლის წინ ერთ-ერთი უცხოური უნივერსიტეტის გაცვლით პროგრამაზე ამარჩიეს და სტიპენდია დამინიშნეს. იმდენ ხანს ვოცნებობდი ამ მომენტზე, რომ მინდოდა ყველასთვის მეხარებინა. რა თქმა უნდა, ვახარე მშობლებსაც და ემოციურად უკვე ვემზადებოდი ახალ ქვეყანაში გადასასვლელად. მალე აღმოვაჩინე, რომ ამ სტიპენდიის მიღება ჩემგანაც ითხოვდა გარკვეულ მსხვერპლს. მჭირდებოდა მასპინძელი ქვეყნის ვიზის აღება, ამისთვის კი საბუთების მომზადება, მათ შორის, ფრენის ბილეთის ყიდვაც, რასაც არავინ მიფინანსებდა. რადგან პირადად მე ფული საერთოდ არ მქონდა, ჩემს მშობლებს მივმართე დასახმარებლად. აღმოჩნდა, რომ ამ პერიოდში არც მათ ჰქონდათ ფინანსები და უახლოეს რამდენიმე თვეშიც არ ექნებოდათ. ამან დიდ საფიქრალში ჩამაგდო. ვფიქრობდი, ღმერთო, ასეთ რთულ კონკურსში გავიმარჯვე, იმდენ სტუდენტში მე ამარჩიეს, ჩემი დიდი ხნის ოცნება ახდა და ახლა მხოლოდ იმიტომ ვერ უნდა წავიდე, რომ ბილეთის საყიდელი ფული არ მაქვს? ძალიან ვდარდობდი ამ ყველაფერზე.

გადავწყვიტე არავისთვის შემეჩივლა, რადგან არავის შეეძლო ჩემი დახმარება, ჩემს საკუთარ მშობლებსაც კი. ასე ჩუმად ვიტანჯებოდი და საშინელ განწყობაზე ვიყავი, რადგან ძვირფასი საჩუქარი მაჩუქეს და მისი მიღება არ შემეძლო. თანაც შობა მოდიოდა. არ მინდოდა, ქრისტესშობას სევდიანი შევხვედროდი. სურვილი მქონდა, მეზეიმა ეს დღე, მაგრამ ჩემს გულს არ ეზეიმებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება: ავდგები, სადმე სამსახურს ვიშოვი და ამ დარჩენილ ვადაში (ერთ თვეში) რაიმე თანხას მოვაგროვებ-მეთქი. თან ვიცოდი, რომ დიდად ამ მიზანს ასრულება არ ეწერა. სამსახური რომ უცბად მართლაც გამოჩენილიყო, ერთ თვეში სულ რამდენი უნდა გადაეხადათ, რომ მე ბილეთიც მეყიდა, დაზღვევაც გამეკეთებინა და ვიზის მოსაკრებელიც გადამეხადა? აბსურდი ჩანდა ეს ყველაფერი, მაგრამ მტკიცედ მწამდა, რომ ნებისმიერ ფასად ჩემი საჩუქრისთვის უნდა მებრძოლა, მე ჩემი საჩუქარი უნდა ამეღო აუცილებლად. არადა, გარემოებებს თუ შევხედავდი, საერთოდ არ მეწყობოდა ხელი. ასე გავიდა რამდენიმე დღე, მაგრამ არაფერი არ ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში. დრო იწურებოდა, მე კი ვერაფერს ვაკეთებდი.

მახსოვს, გათენდა 25 დეკემბერი. შობის დილა იყო. თითქოს სასიხარულოს არაფერს არ ველოდი, რადგან შობაზე ვერ ვიყავი კონცენტრირებული. ჩემი პრობლემები მაწუხებდა და ის, რომ ვერავინ მეხმარებოდა. სრულიად მარტო ვიყავი ამ ბრძოლაში. შინაგანად არ დავნებებულვარ, მაგრამ ჩემს ხელში მაინც არანაირი იარაღი არ ჩანდა ჩემი მდგომარეობის შესაცვლელად. ცოტა ხანში მირეკავს დედაჩემი, რაღაც ამბავი უნდა გითხრაო. მე არაფერს განსაკუთრებულს არ ველოდი. ის კი მეუბნება: ამ დილით ბანკიდან დამირეკეს. იცი, სესხი შემომთავაზეს ძალიან კარგი პირობებით. თანხა არც ისე დიდია, მაგრამ იმდენია, შენ რომ გჭირდება შენი საბუთების ასაღებად. გადავწყვიტეთ, ეს ფული ვისესხოთ ბანკიდან და შენ მოგცეთ, რომ შეძლო შენს გაცვლით პროგრამაზე წასვლა. აღარ იდარდო, დედი, შენ იქ აუცილებლად წახვალ.

ვერ წარმოიდგენთ, რა საოცარი შეგრძნება დამეუფლა. ასეთი შობა არასდროს მქონია. ჩემს ოცნებას მალე ხორცი შეესხმებოდა, სულ რაღაც ერთი ადამიანის ზარის გამო, რომელმაც შესაფერის დროს და ადგილას დარეკა. მე ვიცი, რომ ის ზარი შემთხვევითი არ ყოფილა, რომ უფლისგან იყო ეს საჩუქარი. თავიდან ბოლომდე უფალი იყო ჩართული ამ საქმეში – მან მომცა მე სტიპენდია და მან უზრუნველყო, რომ ეს საჩუქარი მიმეღო. ამ სიხარულისგან ისეთ ემოციებში ვიყავი, სრულიად დამავიწყდა, რომ შობა იყო. დამავიწყდა, რომ ფიზიკურ საჩუქრებზე მეტიც მოგვცა ღმერთმა. მან მარტო ის კი არ შეძლო, რომ ჩემი ოცნების ასახდენად ფინანსები ებოძებინა, არამედ ჩემთვის და მთელი კაცობრიობისთვის თავისი ერთადერთი ძე გამოიმეტა, რომელიც გახდებოდა ჩვენსა და მას შორის ერთადერთი ხიდი, ერთადერთი შემრიგებელი, ერთადერთი გზა და ჭეშმარიტება მამასთან მისასვლელად.

დღეს შობაა. ჩვენი მაცხოვარი დაიბადა და ამ ქვეყნიერებას მოჰფინა ნათელი, რათა ბნელში აღარ დავდიოდეთ; რათა აღარ წავიბორძიკოთ; რათა უშუალო ურთიერთობა გვქონდეს უფალთან. იესო ხომ ჩვენი ცოდვების ჯაჭვებისგან გასათავისუფლებლად დაიბადა. ის ხომ გლახაკთათვის ხსნის სიტყვის საუწყებლად დაიბადა. ის ჩემთვის, შენთვის, ჩვენთვის დაიბადა.

და რადგან ის დაიბადა, ჩვენი ცხოვრება აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იქნებოდა, ის რომ არ გვყოლოდა: ბნელი, უფერული და უღიმღამო.

ის დაიბადა. გიხაროდეთ!

25 დეკემბერი, 2022 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

დააკვირდი, სად თესავ

ნინო ლეკიაშვილი 16 დეკემბერი, 2022
ნინო ლეკიაშვილი

გიფიქრია, რომ ის შესაფერისი ნიადაგი, რომელზეც მარცვალი უნდა დათესო კარგი ნაყოფის გამოსაღებად, არის არა მარტო ჩვენი საქმეები, გამოცდილება, არამედ ადამიანები?! დიახ, ნიადაგი, რომელზეც მარცვალი უნდა დაითესოს და რომელიც მომავალში ნაყოფს გამოიღებს შენთვის, ეს ადამიანია ან ადამიანები. წარმოიდგინე, რა მტკივნეულია იმის გააზრებაც კი, რომ შენ მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში თესავდი არასწორ ნიადაგზე! წარმოიდგინე? მთელი შენი ხანმოკლე სიცოცხლე არასწორ ნიადაგზე გაატარე, უნაყოფოდ, ან ისეთი ნაყოფით, რომელსაც სარგებელი არ მოუტანია შენთვის.

ჩემი სოფლის ეზოში დიდი კაკლის ხე იდგა. გარედან ისეთი მშვენიერი იყო, განსაკუთრებით წვიმის დროს, როცა წყლისგან დამძიმებულ ტოტებს ძირს ხრიდა. ამ მშვენიერ კაკლის ხეს ძლიერი ფესვები ჰქონია, რომელმაც მიწაში იმდენად ღრმად გაიდგა ფესვები, ისე გაიზარდა, რომ სახლის საძირკველს შემოეხვია. ამ მშვენიერ კაკლის ხეს, რომელიც უგემრიელესი ნაყოფით გვახარებდა მთელი ბავშვობა, შეიძლებოდა, დღე-დღეზე უსახლკაროდ დავეტოვებინეთ. ვერც მოვჭრიდით, რადგან სარისკო იყო ამხელა ხის ისე მოჭრა, რომ სახლს არ დასცემოდა. თუ არ მოვჭრიდით, ეს მშვენიერი კაკლის ხე ნელ-ნელა დაანგრევდა ჩვენს უკვე არცთუ ისე მშვენიერ სახლს. იჯდა მამაჩემი დაღონებული და ფიქრობდა, როგორ გათავისუფლებულიყო ამ მშვენიერი ხისგან უსისხლოდ. თურმე წლების განმავლობაში ეზოში გვედგა მშვენიერი კაკლის ხე, რომელიც იძლეოდა უგემრიელეს ნიგოზს, მაგრამ ის მალე გახდებოდა ოჯახური უბედურების მთავარი მიზეზი. მაინც როგორ ვერ შევამჩნიეთ?!.. როგორ შემოგვხვია ფესვები ასე მყარად?..

მაშინ, როცა მისი მშვენიერებით ვტკბებოდით, სიხარულით ვჭამდით მისი მოცემული ნიგვზით გაკეთებულ ჩურჩხელებს, ის მიწაში, დაფარულში, სადღაც სიღრმეში, ჩვენს სახლს ძირს უთხრიდა.

ამდენი წელი მისი გემრიელი ნაყოფი მხოლოდ შხამი აღმოჩნდა, მომწამვლელი, დამანგრეველი.

ის ხომ ჩვენი ხელით დავრგეთ? დიდ, ძლიერ, ნაყოფიერ ხედ ვაქციეთ!..

დააკვირდი შენს თესლს, სწორ ნიადაგზე თუ თესავ…

წარმოიდგინე, რა მტკივნეულია იმის გააზრებაც კი, რომ შენ მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში არასწორ ნიადაგზე თესავდი… წარმოიდგინე?..

16 დეკემბერი, 2022 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ღმერთი არ არის საშუალება

ნინო ხუროშვილი 5 დეკემბერი, 2022
ნინო ხუროშვილი

რისთვის ლოცულობ? რას სთხოვ ღმერთს? რისთვის სთხოვ?

ვინ ან რა არის ჩვენთვის ღმერთი?

იქნებ ღმერთს ქვეცნობიერად „საშუალებად“ აღიქვამ შენი მიზნის ან მიზნების მისაღწევად?

ღმერთი არ არის „საშუალება“, ის მიზანია.

ნუთუ ამცირებ ღმერთს საკუთარ წარმოდგენაში?

ნუთუ აკნინებ მის სიდიადეს?

იქნებ ერთგვარ „კეთილ ჯადოქრად“ მიიჩნევ, რომელსაც შეუძლია, თავისი ჯოხი აიქნიოს და როგორც ზღაპარში ხდება, თვალის დახამხამებაში გარდაქმნას შენი ცხოვრება?

ღმერთი არ არის „საშუალება“, ის მიზანია.

იქნებ ღმერთი შენთვის „ხიდია“ შენი წარმატებისა და კეთილდღეობისკენ? ხიდი, რომელსაც გადაივლი და მისკენ აღარც მიიხედავ…

ღმერთი არ არის „საშუალება“. ის მიზანია.

ესწრაფე მას. ის დაისახე შენს მიზნად.

ნუ იქნება ღმერთი „საშუალება“ შენი ცხოვრებისეული მიზნის მისაღწევად… არამედ ღმერთი იყოს შენი მიზანი, ხოლო შენი სიცოცხლე – საშუალება მისი მიღწევისათვის…

„საოცარი ხარ, ღმერთო, შენს ტაძარში. ღმერთი ისრაელისა – ის აძლევს ძალასა და სიმაგრეს ხალხს; კურთხეულ არს ღმერთი!“
ფსალმუნი 67:35

5 დეკემბერი, 2022 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ახალი ბლოგები
ძველი ბლოგები
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 2

    მხსნელი უფალი

    26 თებერვალი, 2020
  • 3

    მედროვე ადამიანთა ქმედებები…

    22 მარტი, 2019
  • 4

    ღმერთი არ არის საშუალება

    5 დეკემბერი, 2022
  • 5

    ფიზიკური ნაკლი არ არის პრობლემა…

    7 ოქტომბერი, 2020


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ