ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ
  • stories

  • Memories

  • About Me

ბლოგები

აპატიე, რადგან გეპატია შენც!

ლიკა მელანაშვილი 15 მაისი, 2023
ლიკა მელანაშვილი

მე და ბებიაჩემი „მესაიდუმლე მეგობრები“ ვართ. ღრმა ბავშვობიდან მახსოვს მისი მონათხრობი ისტორიები. როდესაც მიყვებოდა ადამიანზე, რომელმაც აწყენინა, წყენასთან ერთად იმ პიროვნების კარგ ქმედებაზეც საუბრობდა. სულ რომ კარგი არაფერი ჰქონოდა იმ ადამიანს ბებოსთვის გაკეთებული, მის დადებით თვისებას მაინც აღნიშნავდა ხოლმე. დღემდე ასეა…  და მე ამით ის მნიშვნელოვანი გაკვეთილი ვისწავლე, რასაც იშვიათად ისწავლი სკოლაში, უნივერსიტეტში. ამ გაკვეთილს პატიება ჰქვია. ბებოს ამ თვისებით ვისწავლე, რომ ყველა ადამიანშია რაღაც, რაც იმსახურებს პატივისცემას და სიყვარულს; ვისწავლე, რომ მიუხედავად ბევრი ცუდისა, კარგი ყოველთვის უნდა გახსოვდეს და რაშიც არ უნდა შეცდეს ადამიანი და როგორც არ უნდა გატკინოს, უნდა შეძლო პატიება.

პატიებას მშვიდობა მოაქვს.

თითქოს ადამიანებს კარგის დამახსოვრება უფრო გვიჭირს, ვიდრე ცუდის. რა პარადოქსულია… კარგს ხომ უფრო უკეთ უნდა ვიმახსოვრებდეთ? როდესაც ადამიანში ცუდი განცდები იბადება, ის იზრდება და ღრმად იდგამს ფესვს, შემდეგ კი ყოველი ახალი უარყოფითის შეგრძნებისას იღვიძებს და გახსენებს თავს. რამდენჯერ გაბრაზებულხარ ერთსა და იმავეზე? რამდენჯერ დაგიკავშირებია ახალთან ძველი უარყოფითი განცდა და ცუდად უმოქმედია შენს შინაგან მდგომარეობაზე?

არაფერს ვიტყვი, რაც პირადად არ განმიცდია. გინახავთ, როგორია ზვავი? წყენა სწორედ მას ჰგავს. თავდაპირველად მცირეა. რაც უფრო ფართო გზას აძლევ, უფრო და უფრო იზრდება და საბოლოოდ ყველაფერს ანადგურებს. წყენის განცდა ჩანასახშივე უნდა ჩაახშო, სანამ იგი გადაიქცევა ტკივილად და შემდეგ სიბრაზედ, რომელიც აზიანებს შენს სულს, შენს პირად ურთიერთობას ღმერთთან.

„ხოლო როცა ლოცულობთ, მიუტევეთ, თუ რაიმე გაქვთ ვინმეს წინააღმდეგ, რათა თქვენმა ზეციერმა მამამაც მოგიტევოთ თქვენი ცოდვები.

ვინაიდან, თუ თქვენ არ მიუტევებთ, არც თქვენი მამა, რომელიც ზეცაშია, არ მოგიტევებთ თქვენს ცოდვებს.“

მარკოზის სახარება 11:25-26

მე გადავწყვიტე ადამიანისთვის იმის პატიება, რითაც ჩემი ცხოვრების სირთულე და მტკივნეულად გასავლელი გზები განისაზღვრა. არა უბრალოდ ვიღაცისთვის რაღაც წყენის, არამედ იმის პატიება, რამაც ქარიშხლიანი დღეები გამომატარა. სხვისი დაშვებული იმ შეცდომების პატიება გადავწყვიტე, რომელთა შედეგებს დღემდე ვიმკი, მაგრამ ახლაც პატიებას ვირჩევ, რადგან მახსოვს, რომ მეც მეპატია; რადგან სხვაგვარად ვერ ვიქნები ღირსი უფლის შვილობის. დგას კი უფლის შვილობაზე წინ წყენა და სიბრაზე?

მე ვირჩევ პატიებას. მატკინეს? ჩემი ჭრილობების წამალი უფალია, საუკეთესო მკურნალია ის. პატიება ათავისუფლებს გულს ბორკილებად ქცეული წყენისგან, ტკივილისგან და სიბრაზისგან, პატიება გათავისუფლებს და თავადაც გხდის ამის ღირსს.

საკუთარ თავს ვუთხარი:

„მე გადავდგამ პირველ ნაბიჯს“;

„მე შევიცვლი დამოკიდებულებას“;

„ვხედავ ცუდთან ერთად მის კარგსაც“;

„არა უშავს, რომ მე დავზარალდი“;

„დავივიწყებ და ვაპატიებ“;

„ღმერთი პატიობს მას, მე ვინ ვარ, რომ ვერ ვაპატიო?!“;

„ვაპატიებ, რადგან მახსოვს, რომ მეპატია მეც“.

ეს არის არჩევანი, რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედოს ყველა ქრისტიანმა. მიტევების საუკეთესო მაგალითი ხომ ქრისტესგან შეგვიძლია ავიღოთ? სხვას რას ნიშნავს ქრისტიანობა, თუ არა ქრისტეს მაგალითით ცხოვრებას?

პატიობდე ნიშნავს, რომ გიყვარდეს. სიყვარულით გვპატიობს ღმერთიც.

„ყოველგვარი სიმწარე, სიბრაზე, რისხვა, ყვირილი და გმობა განიშორეთ ყველა ბოროტებასთან ერთად.

„ყოველგვარი სიმწარე, სიბრაზე, რისხვა, ყვირილი და გმობა განიშორეთ ყველა ბოროტებასთან ერთად.

იყავით გამოსადეგნი ერთმანეთისთვის, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც თქვენ მოგიტევათ ქრისტეში ღმერთმა.“

ეფესელთა მიმართ 4:31-32

გადადგი პირველი ნაბიჯი, იყავი პირველი შენ! იყავი თუნდაც „დაზარალებულ“ მდგომარეობაში, სძლიე სიამაყესა და პრინციპებს, რომლებიც რატომღაც გვავიწყდება ხოლმე, როდესაც თავად გვინდა, რომ გვაპატიონ. გახსოვდეს, რომ ვისაც არ პატიობ, ღმერთის ქმნილებაა, მისი შვილია და არანაკლებად უყვარს ღმერთს ისიც.

პატიება ცვლის შენს გულს და მის გულსაც, ვისაც პატიობ!

ძალიან პატარა ვიყავი, ღმერთის მიმართ რიდი და სირცხვილის გრძნობა რომ გამიჩნდა. ყოველთვის წარმოვიდგენდი, რომ ჩემ გვერდით იდგა და მიყურებდა. საკუთარ თავს ვეკითხებოდი: „ამით ვაწყენინებ ღმერთს?“. ხშირად ადამიანებს გვავიწყდება, რომ ღმერთი ჩვენ გვერდითაა, გვხედავს და გვიყურებს. ის ხედავს და აკვირდება ჩვენს ქმედებებს, გადაწყვეტილებებსა და არჩევანს. ის ხედავს ჩვენი გულის მდგომარეობას.

შეახსენე საკუთარ თავს, რომ ადამიანებთან რაც არ უნდა დამალო, ღმერთი შენ გვერდითაა, ის გხედავს და გაკვირდება. ჩვენი ყოველდღიურობის გზამკვლევი რომ იყოს კითხვა: „ამით ვაწყენინებ ღმერთს?“, ალბათ, გაცილებით ნაკლებ შეცდომას დავუშვებდით. ალბათ, უფრო მეტად გაგვიადვილდებოდა პატიება.

შესაძლოა, დაგებადოს კითხვა: „კი მაგრამ, რამდენჯერ უნდა ვაპატიო?!“

იმდენჯერ, რამდენჯერაც შენ გეპატია ღმერთისგან!

იმდენჯერ, რამდენჯერაც გინდა, რომ შენც გაპატიონ!

15 მაისი, 2023 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ბარაბას ადგილზე რომ ვყოფილიყავით…

მაკო გამეზარდაშვილი 14 აპრილი, 2023
მაკო გამეზარდაშვილი

ბარაბა, ცნობილი პატიმარი, კაცის მკვლელი, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყებაში მონაწილეობდა, ჯვარს უნდა აცვან. ალბათ, წარმოგიდგენიათ მისი განცდა, შფოთვა, გაურკვევლობა, შიში, უიმედობა… ვფიქრობ, წინასწარ ეგუებოდა სირცხვილს, რომელიც გოლგოთის გზისკენ მიმავალს უნდა განეცადა; ვინაიდან ზოგიერთნი შეიკრიბებოდნენ სამართლის აღსრულებისთვის, ზოგიერთნიც – სიკვდილით დასჯის საჯარო სანახაობისათვის. ალბათ, ძნელად თუ მოიძებნებოდნენ ადამიანები, რომლებსაც გული ეტკინებოდათ ბარაბაზე და არ ენდომებოდათ მისი სიკვდილი.

ესმა ხმა, როგორ საუბრობდნენ მცველები ქრისტეზე, როგორ დააკავეს და როგორ ითხოვდა ხალხი მის ჯვარცმას. გაუკვირდა, რადგან სმენოდა მისი სწავლებანი; სმენოდა, რომ ის კურნავდა, ათავისუფლებდა, მკვდრებსაც კი აცოცხლებდა… გაიფიქრა ბარაბამ, ნუთუ ერთნაირი სიკვდილი გვეკუთვნის მე, კაცის მკვლელს, და ქრისტეს, რომელსაც კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია?! ფიქრი არც კი  ჰქონდა დასრულებული, როდესაც მცველი მივიდა ბარაბასთან და ცივად უთხრა: „პილატე გიხმობს პრეტორიუმში.“ შიშმა მოიცვა, ფიქრობდა, რომ წამებით სიკვდილს უახლოვდებოდა; მთელი გზა მთლიანი სხეულით გრძნობდა გულისცემას; ყოველი გადადგმული ნაბიჯი სტკიოდა; რაც უფრო მეტად უახლოვდებოდა პრეტორიუმს, მით უფრო იაზრებდა და ნანობდა თავის დანაშაულს, თუმცა გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ვერაფერს შეცვლიდა.

პილატემ ბრბოს წარუდგინა მკვლელი ბარაბა და უდანაშაულო ქრისტე, რომელიც შურით გასცეს. გამგებელს წესად ჰქონდა დღესასწაულზე იმ პატიმრის გათავისუფლება, რომელსაც ხალხი მოითხოვდა, ამიტომ უთხრა მათ პილატემ: „ვინ გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ: ბარაბა თუ იესო, ქრისტედ წოდებული?“ რადგან იცოდა, რომ შურით გასცეს იგი… ხოლო მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა დაარწმუნეს ხალხი, რომ ბარაბა გამოეთხოვათ, იესო კი დაეღუპათ. მიუგო გამგებელმა და უთხრა მათ: „ამ ორიდან რომელი გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ?“ მათ უთხრეს: „ბარაბა.“  შეხედა ბარაბამ ქრისტეს, რომელიც სიყვარულისა და იმედის თვალებით შეჰყურებდა ბარაბას.  „ეუბნება მათ პილატე: ‘იესოს რაღა ვუყო, ქრისტედ წოდებულს?’ ყველამ თქვა: ‘ჯვარს ეცვას!’ ხოლო მან იკითხა: ‘რა ბოროტება ჩაუდენია?’ მაგრამ ისინი დაჟინებით ყვიროდნენ: ‘ჯვარს ეცვას!’ როდესაც პილატემ დაინახა, რომ ვერაფერს შველის, არამედ შფოთიც კი იწყება, აიღო წყალი, დაიბანა ხელები ხალხის წინაშე და თქვა: ‘უბრალო ვარ ამ მართლის სისხლისაგან. თქვენ იცით.’ … მაშინ გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გაამათრახებინა და გადასცა, რომ ჯვარს ეცვათ იგი.“

თავისუფალ ბარაბას ბორკილებს ხსნიან, წარმოუდგენელ სიხარულს განიცდის, ისეთი რამ მოხდა მის ცხოვრებაში, რომლის იმედის ნაპერწკალიც კი აღარ ჰქონდა, მას სიცოცხლე აჩუქეს, თუმცა რის ხარჯზე… ჩაფიქრდა ბარაბა, თან ქრისტეს მზერა თვალწინ დაუდგა, რომელიც ასე მშვიდად, სიყვარულითა და იმედიანი თვალებით შეჰყურებდა. თქვა თავის გულში: „ნუთუ მეკუთვნოდა სიცოცხლე უდანაშაულოს სიკვდილის ხარჯზე?“ მას ჯერ კიდევ ვერ გაეგო, რომ ხალხს კი არ აურჩევია ბარაბას თავისუფლება, არამედ ეს თავად ქრისტემ აირჩია, რომ გათავისუფლებულიყო ბარაბა და მის ნაცვლად თავად წამებულიყო.

„მაშინ წაიყვანა პილატემ იესო და გააშოლტვინა. ჯარისკაცებმა ეკლის გვირგვინი დაწნეს და თავზე დაადგეს, თან ძოწეული მოასხეს. მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ: ‘გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ!’ და სახეში სცემდნენ. პილატე ხელახლა გამოვიდა გარეთ და უთხრა მათ: ‘აჰა, თქვენთან გამომყავს იგი, რათა იცოდეთ, რომ ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში.’ მაშინ გარეთ გამოვიდა იესო ეკლის გვირგვინით და ძოწეულით შემოსილი. პილატემ უთხრა მათ: ‘აჰა, ადამიანი!’ იესო რომ დაინახეს მღვდელმთავრებმა და მსახურებმა, აყვირდნენ: ‘ჯვარს აცვი! ჯვარს აცვი!’ უთხრა მათ პილატემ: ‘თავად წაიყვანეთ და ჯვარს აცვით, რადგან მე ბრალს ვერ ვპოულობ მასში.’ მიუგეს იუდეველებმა: ‘ჩვენ გვაქვს რჯული და ჩვენი რჯულის მიხედვით, ის უნდა მოკვდეს, რადგან თავს ღმერთის ძეს უწოდებს.’“

„წუთისოფელი მის მიერ შეიქმნა და წუთისოფელმა ვერ იცნო იგი. თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღეს იგი.“ იესო გოლგოთისკენ მიმავალ გზას დაადგა. ზოგი შურით, ზოგიც უმეცრებით გაჰყვიროდა: „ჯვარს აცვით! ჯვარს აცვით!“ იქვე ბრბოსთან ახლოს ბარაბა მალულად უყურებდა ქრისტეს, რომელმაც სიცოცხლე აჩუქა.

„თხემად წოდებულ ადგილზე რომ მივიდნენ, იქ აცვეს ჯვარს ისიც და ავაზაკებიც – ერთი მის მარჯვნივ, მეორე კი – მარცხნივ.“

თვალები ცრემლით აევსო, ვეღარ ბედავდა, ქრისტესთვის შეეხედა; დანაშაულის  გრძნობამ მოიცვა; იცოდა, რომ იმ ორ ავაზაკს შორის ჯვარცმული თვითონ უნდა ყოფილიყო; ამბობდა თავის გულში: „მაპატიე…“

„თქვა იესომ: ‘მამაო, მიუტევე მათ, ვინაიდან არ იციან, რას აკეთებენ.’ წილი ყარეს და გაიყვეს მისი სამოსელი.

იდგა ხალხი და შეჰყურებდა. მთავრებიც დასცინოდნენ და ამბობდნენ: ‘სხვებს იხსნიდა, ახლა თავისი თავი იხსნას, თუ ქრისტეა, ღმერთის რჩეული!’

ჯარისკაცებიც დასცინოდნენ, მიდიოდნენ და ძმარს სთავაზობდნენ;

და ეუბნებოდნენ: ‘თუ იუდეველთა მეფე ხარ, იხსენი შენი თავი.’

მის ზემოთ ბერძნული, რომაული და ებრაული ასოებით დაწერილი წარწერა იყო: ‘ეს არის იუდეველთა მეფე.’

ერთი ჩამოკიდებული ავაზაკი გმობდა მას: ‘განა ქრისტე არა ხარ? იხსენი შენი თავი და ჩვენც.’

მეორე გაუჯავრდა და უთხრა: ‘ნუთუ ღმერთისა არ გეშინია, როცა შენც იმავე სასჯელში ხარ?

ჩვენ სამართლიანად დავისაჯეთ, ვინაიდან რასაც ვაკეთებდით, იმის საკადრისი მივიღეთ, მაგას კი ცუდი არაფერი ჩაუდენია.’

და უთხრა: ‘იესო, გამიხსენე, როცა შენს სამეფოში მიხვალ.’

იესომ უთხრა: ‘ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში.’

უკვე დღის ექვსი საათი იქნებოდა, რომ მთელი დედამიწა ბნელმა მოიცვა ცხრა საათამდე.

დაბნელდა მზე და ტაძრის ფარდა შუაზე გაიხა.

დიდი ხმით შესძახა იესომ და თქვა: ‘მამაო, შენს ხელთ ჩამიბარებია ჩემი სული.’ ეს თქვა და სული განუტევა.“

ბარაბა მუხლებზე დაეცა, გულში მჯიღს იცემდა და გაჰყვიროდა: „მაპატიე, ვინაიდან მე ჩემი ცოდვების გამო ვიმსახურებდი სიკვდილს, შენ კი, უცოდველი, ჩემს კუთვნილ ჯვარზე გაეკარი, რომლითაც გამათავისუფლე მე.“

ბარაბას თავისი დანაშაულის საფასური სიცოცხლით უნდა გადაეხადა; მას უნდა გაევლო გოლგოთის გზა, სადაც იგემებდა სირცხვილსა და დამცირებას; იგი იქნებოდა კაცთაგან მოძულებული, მიტოვებული; ბარაბა თავის კუთვნილ ჯვარზე წამებით უნდა მომკვდარიყო; იგი უნდა გამხდარიყო ხალხისთვის სანახაობა, მაგრამ გამოჩნდა სიცოცხლე, რომელმაც გარდაქმნა მისი რეალობა.

ჩვენც, ბარაბას მსგავსად, ჩვენი ცოდვების გამო სიკვდილს ვიმსახურებდით, მაგრამ წყალობით მდიდარმა ღმერთმა თავისი დიდი სიყვარულით შეგვიყვარა და ჯვარს ეცვა ჩვენი ცოდვებისთვის; აღდგა ჩვენდა გასამართლებლად, ამაღლდა და ღვთის მარჯვნივ დაჯდა თავისი დიდებით, შემდგომ კი კვლავ დაბრუნდება.

14 აპრილი, 2023 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

რომელ მეფეს მიუტევებია მიუტევებელი?

ნინო ხუროშვილი 14 აპრილი, 2023
ნინო ხუროშვილი

რომელ მეფეს მიუტევებია მიუტევებელი?

რომელ დამპყრობელს გაუწვდია ხელი ძირს დაცემული, სიკვდილმისჯილი დამნაშავისათვის?

რომელი დამპყრობელი დამჯდარა საზოგადოების „განახვეტთა“, ვითარცა თანასწორთა, გვერდით?

რომელ მეფეს გაუხდია მეწამული სამეფო სამოსელი და ჯვალო შეუმოსავს?

რომელი დამპყრობელი ჩამოსულა ტახტიდან, რათა მტვერსა და ტალახში უბრალო ადამიანებთან ერთად ევლო?

რომელ მეფეს უთქვამს უარი დიდებულად გაწყობილ სამეფო პალატებზე და კარდაკარ უვლია გლახაკთა ჭუჭყიან ქოხმახებში მათდამი თანაგრძნობისა და სიყვარულის გამოსახატავად?

რომელი მეფე შეხებია ქალაქიდან გაძევებულ კეთროვანს? შეხებია და განუკურნავს?

რომელ მეფეს უტირია გულშეძრულს დასაღუპავად განწირული, ცოდვებში ჩაფლული ცოდვილების გამო?

რომელი დამპყრობელი შესულა დასაპყრობ ქალაქში ჩოჩორზე ამხედრებული, უიარაღოდ?

რომელი მეფე ჩაჰბარებია საკუთარი ნებით მტერს?

რომელ დამპყრობელს გაუშლია ხელები საკუთარივე ნებით, რათა ჯვარს ეცვათ იგი?

რომელ მეფეს დაურღვევია ადამიანთა დაწესებული ყველა წესი და ყველა კანონი სიყვარულისა და მიტევების სახელით?

რომელ მეფეს დაუმარცხებია სიკვდილით სიკვდილი?

რომელმა დამპყრობელმა შეძლო, სიკვდილს წინ აღსდგომოდა და მარად ცოცხალს ემეფა მარადისობიდან მარადისობაში?

ეს ქრისტე იყო…

თავისი სიყვარულით რომ დაიპყრო ადამიანის გული…

უიარაღოდ რომ დაიპყრო…

ეს ქრისტე იყო…

მიტევების ძალით რომ დაიმორჩილა ქვეყნიერება…

სიყვარულით – ყოველგვარ გონებას რომ აღემატება…

მიტევებით – ყოველგვარ გაგებას რომ სცდება…

14 აპრილი, 2023 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

მონებისათვის უცხოა თავისუფლება

ნინო ხუროშვილი 10 მარტი, 2023
ნინო ხუროშვილი

ეგვიპტეში დაბადებულთათვის უცხო იყო თავისუფლება.

იმდენად უცხო, რომ ვერ ჰგუობდნენ და ისევ მონობაში დაბრუნება ერჩივნათ.

ეგვიპტეში დაბადებულთათვის უცხო იყო დამოუკიდებლობა. ისინი კარნახით და ბრძანებით ცხოვრებას იყვნენ შეჩვეულნი.

მათ არ ჰქონდათ უნარი იმისა, რომ თავად განეგოთ საკუთარი ცხოვრება.

ეგვიპტეში დაბადებულთათვის საკმარისი იყო, საჭმელი და დასაძინებელი ადგილი ჰქონოდათ.

უკვე უდაბნოში მყოფნი გამუდმებით იმაზე წუწუნებდნენ, თუ რამდენი საჭმელი ჰქონდათ ეგვიპტეში.

მათ არ შეეძლოთ და არც იცოდნენ, როგორ შეიძლებოდა გალიის გარეთ ცხოვრება და ფრთების გაშლა.

მათ არც სურდათ, ესწავლათ ფრენა. მიწაზე ხოხვა ერჩივნათ ჰაერში აფრენას.

მონობაში დაბრუნება ერჩივნათ უდაბნოს მცხუნვარე თავისუფლებას.

აღთქმული მიწა არ იზიდავდათ მათ.

ეგვიპტის მიზიდულობა უფრო ძლიერი იყო.

ამიტომ დაიხოცნენ უდაბნოში ეგვიპტეში დაბადებულთა უფროსი თაობის წარმომადგენლები (მათგან მხოლოდ ორი შევიდა აღთქმულ მიწაზე).

მათ კი, ვინც უდაბნოში დაიბადნენ და გაიზარდნენ, ბავშვობიდან გაიგეს თავისუფლების გემო და ბრძოლით დაიმკვიდრეს აღთქმული მიწა.

ისწავლეს ფრენა. ისწავლეს დამოუკიდებლად ცხოვრება. ისწავლეს თავის-უფლობა.

„თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს.“
გალატელთა 5:1

10 მარტი, 2023 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ხელახლა მასწავლე სიარული, ღმერთო

ნინო ხუროშვილი 7 მარტი, 2023
ნინო ხუროშვილი

შენს გზაზე მივდიოდი, ღმერთო, შენი სიტყვები „მეჭირა“, შენი მადლი მაძლევდა ყველაფრის უნარს, მაგრამ რატომღაც, მაინც ხშირად ვეცემოდი სწორედ იქ, სადაც გზად არავითარი დაბრკოლება არ იყო თითქოს, სადაც ლოდი კი არა, კენჭიც არ ეგდო…

რატომღაც ხშირად ვსვამდი სხვა წყაროდან, გტოვებდი შენ, ცოცხალი წყლის წყაროს და მივაშურებდი ხოლმე დაბზარულ ჭებს, წყალს რომ იკავებენ, ვსვამდი და კიდევ უფრო მეტად მწყურდებოდა…

რატომღაც ხშირად ვარღვევდი ჯებირებს, ვერ ვეგუებოდი საზღვრებს და გადავდიოდი ზღვარს… აღარ მაინტერესებდა დაწესებული სამანები… რადგან ხშირად ასე მესმოდა თავისუფლება…

ჩემი მეამბოხე და მოუსვენარი სული არ ისვენებდა, ვერ ეტეოდა ჩარჩოებში და მუდამ აკრძალული ხის ნაყოფი სურდა, ეგემა… რომელსაც შენ ტაბუ დაადე და თქვი, არ მეჭამა… ვეღარ ვამჩნევდი ირგვლივ სხვა ხეებს, სხვა ნაყოფთა მშვენიერებას და მაინცდამაინც იმ ხის ნაყოფი მსურდა და მისკენ მივილტვოდი…

რატომღაც ხშირად გეურჩებოდი და მერე ვიმალებოდი, როცა მეძახდი ახლოს მოსული… თუმცა იცოდი, სადაც ვიყავი მომდევნო დაცემის შემდეგ „თავშეფარებული“… მე კი ხმას არ გცემდი და ჯიუტად ვდუმდი… ან კი რა მქონდა სათქმელი…

ამიტომაც… ჰო, სწორედ ამიტომ, ახლა მომიწევს, ყველაფერი თავიდან ვისწავლო, ღმერთო… თავიდან ვისწავლო სიარული, პირველი ნაბიჯების გადადგმა, აზრების სიტყვებად დალაგება და გამოთქმა ლოცვად… თავიდან უნდა ვისწავლო, როგორ მიყვარდეს, როგორ მწამდეს, როგორ მეიმედებოდეს…

ხელახლა უნდა შევიცნო შენი სამყარო, ღმერთო… თავიდან შევაბიჯო შენს სამყაროში, რადგან დამაუძლურა ცოდვამ და დამცა… გადამაჩვია შენი ბაღის ხეთა შორის სიარულს. შენთან საუბარს… და ახლა ვარ იმ საპყარივით, გზად რომ იჯდა და მოწყალებას ითხოვდა გამვლელ-გამომვლელთაგან…

ოღონდ მე მოწყალებას ღვთისაგან ვითხოვ… ველოდები, როდის ჩაივლის მაცხოვარი, რომ დავუძახო, ვუხმო და ვთხოვო, მოიღოს მოწყალება… ჩამჭიდოს ხელი და ყრმასავით თავიდან მასწავლოს სიარული. ხელახლა მასწავლოს თავისი სამყაროს აღქმა იმ ფერებად, რომელ ფერებადაც შექმნა და რომელსაც მე ახლა ვეღარ ვხედავ… რადგან ახლა მრუმეა ირგვლივ ყველაფერი… მასწავლე სიარული, ჩამჭიდე ხელი მკლავში… მიმიზიდე ადამიანური გრძნობის საკვრელებით, სიყვარულის ძაფებით… გადმოიხარე ჩემკენ და გამომკვებე… არ გამიმეტო და არ გადამაგდო, რადგან მხოლოდ შენში პოვებს შებრალებას ობოლი… (ოსია წინასწარმეტყველი 11:3-4, 8; 13:4).

7 მარტი, 2023 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

მიუტევე არგუმენტის გარეშე

რომა შალამბერიძე 7 მარტი, 2023
რომა შალამბერიძე

ყველაზე მეტად უარგუმენტო პატიების მჯერა, როცა იცი, რომ მოდავე არც ისე მართალია, მაგრამ არგუმენტის გარეშე აპატიებ, რადგან პიროვნება გიყვარს შეცდომაზე მეტად.

დღეს მიტევების დღე არისო… ჩემი აზრით კი, დღე არაფერ შუაშია − ყოველდღე გვჭირდება, რომ მივუტევოთ და მოგვიტევონ.

ერთხელ იესოსთან მისი მოწაფე, პეტრე, მივიდა და ჰკითხა, თუ რამდენჯერ უნდა ეპატიებინა სხვისთვის. მათ შორის საუბარი საინტერესოდ წარიმართა.

პეტრეს და იესოს საუბარი, დაახლოებით, ასეთი იყო: რამდენჯერ უნდა მივცეთ ადამიანებს შანსი? რამდენი იმედგაცრუება უნდა ავიტანოთ? ბოლოს და ბოლოს, რამდენჯერ უნდა ვაპატიოთ ადამიანებს? ერთხელ? არა! ორჯერ? არა! აბა, რამდენჯერ?

არა ორჯერ, არამედ დღეში სამოცდაათგზის შვიდჯერ. იცით, ეს რამდენია? 490! თუკი ეცდებით, ვინმეს დღეში 490-ჯერ მიუტევოთ, ის ადამიანი თქვენ წინაშე უნდა ცდებოდეს წუთში ერთხელ მაინც. წარმოგიდგენიათ? შეუძლებელია, ამდენჯერ ვინმემ დააშავოს. ჰოდა, ამდენადვე შეუძლებელია, ადამიანს ვერ ვაპატიოთ, თუკი ნამდვილად მოვინდომებთ ამას.

უბრალოდ ეს არგუმენტების გარეშე უნდა გავაკეთოთ! სიყვარულით, ანგარების გარეშე, სრული გააზრებით და არა ემოციური განწყობით.

რა მნიშვნელობა აქვს, ვინ არის მართალი, როდესაც მნიშვნელოვანი ურთიერთობაა?

რა მნიშვნელობა აქვს, როგორ ხასიათზე ვართ და რა არგუმენტები გვაქვს, როცა ჩვენი მეგობარი, მამა, დედა, შვილი ან უბრალოდ, ახლობელი საჭიროებს მიტევებას და ამით შეგვიძლია, ისინი ტვირთისგან გავათავისუფლოთ?

პატიება ნამდვილად არ არის ადვილი, ჩვენი ტკივილი ხომ რეალურია?..

დიდი ფასია გადასახდელი, რომ ადამიანს ისე მიუტევო, როგორც ჩვენ მოგვეტევა, მაგრამ თავად უფალმაც ხომ დიდი ფასი და მსხვერპლი გაიღო და ისე გვაპატია.

უფალს შეუძლია, თანაგვიგრძნოს ჩვენს ტკივილებში და თავისი მადლითა და ძალით შეუძლებელი შეგვაძლებინოს – პატიების უნარი მოგვცეს.

ბოლოს კი არ დაგავიწყდეთ: „როგორც ჩვენ მივუტევებთ, ისევე მოგვეტევება“.

ამიტომ: მიუტევე არგუმენტის გარეშე და გიყვარდეს არგუმენტის გარეშე.

7 მარტი, 2023 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

როცა შვილს სძინავს, დედა ზრუნავს

რომა შალამბერიძე 7 მარტი, 2023
რომა შალამბერიძე

მაშინ, როდესაც ბავშვი იბადება, დედის გულზე აწვენენ, რათა მოტირალი ჩვილი დაამშვიდოს დედის სიახლოვემ, რომელსაც ის ესოდენ შეეჩვია მუცლად ყოფნის დროს.

ის კვანძი, რომელიც მას დედასთან აკავშირებდა, იჭრება, რადგან ის უკვე დამოუკიდებელი პიროვნება ხდება.

ეს დედამაც კარგად იცის. იცის, რომ დამოუკიდებელი პიროვნება უნდა აღზარდოს. იცის, რომ ერთ დღეს, შესაძლოა, შვილმა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მათ სიშორეს გამოიწვევს, თუმცა, დედა მაინც შეგნებულად ზრდის მას დამოუკიდებელ ადამიანად, რადგან ყველაზე მეტად შვილის ბედნიერებაზე წუხს.

დედამ იცის, რომ სიშორე ვერ დაარღვევს ამ სიყვარულს და პირიქით, დამოუკიდებლად ცხოვრებას ასწავლის შვილს, რათა ყველაფერი თავად შეძლოს. ჩვენ კი, შვილები, თუ დავფიქრდებით, აღმოვაჩენთ, რომ ზოგჯერ უმადურად ვიქცევით ჩვენი მშობლის წინაშე და მადლობასაც არ ვეუბნებით მას გემრიელი საკვებისთვის, ჭიქა წყლისთვის; იმისათვის, რომ უბრალოდ იზრუნა ჩვენს მოწესრიგებაზე და ეს ბავშვობიდან იწყება, რაც ხასიათს გვიყალიბებს.

გავუფრთხილდეთ დედებს, თამამად ვუთხრათ, რომ გვიყვარს და რომ ისინი მნიშვნელოვანნი არიან ჩვენს ცხოვრებაში, რადგან დედები გაცილებით მეტს იმსახურებენ, ვიდრე უბრალო სიტყვებს.

როცა შვილს სძინავს, დედას შეუძლია, მის სასთუმალთან ილოცოს და უყუროს, რომ თუ რაღაც ისე არ მიდის, საჭირო რამ მოიმოქმედოს.

როცა ბავშვი დამწუხრებულია, დედას შეუძლია, იყოს ყველაზე დიდი მოტივატორი.

როცა ბავშვი წარუმატებელია, დედას შეუძლია, იყოს ყველაზე დიდი ფსიქოლოგი.

როცა ბავშვს პრობლემა აქვს, დედა ლოცულობს!

როცა ბავშვს სტკივა, დედასთან გარბის.

როცა ბავშვს უხარია, დედას უზიარებს.

როცა ბავშვს ეშინია, დედას ეხუტება.

როცა ბავშვი წაიქცევა, დედა წამოაყენებს.

როცა ბავშვს სძინავს, დედა ზრუნავს.

დედობა სრული განაკვეთით მუშაობაა, მისი საზღაური კი სიყვარულია.

ამრიგად, გვიყვარდეს, პატივი ვცეთ და დავაფასოთ დედა.

ასე გამაცნო ჩემმა დედიკომ დედობა. ასე ცხოვრობს ჩემი მეუღლე დედად!

გილოცავთ დედის დღეს! დედებო, თქვენ წარმოუდგენლად ძვირფასნი ხართ!

7 მარტი, 2023 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

შენ ხარ სინათლე

ქეთი გვასალია 21 თებერვალი, 2023
ქეთი გვასალია

სინათლე, რომელიც შენშია, ყველაზე ხმამაღალი, ჟღერადი ეჟვანია, რომელიც გამარჯვებულის დროშაზეა შებმული.

სინათლე, რომელიც შენშია, აღწევს ყველაზე ბნელ კუნჭულშიც კი და სხვაგვარს ხდის მას; უფრო ნათელს, ვიდრე მანამ იყო; რადგან სინათლე ფანტავს ბნელს.

სინათლე, რომელიც შენშია, უფრო ნათლად ჩანს შენ გარეთ, რადგან მართალთა სინათლე კაშკაშებს.

სინათლე ცვარივით ედება ხავერდოვან მწვანე ბალახზე შენი ნაბიჯების კვალს, რადგან ვინც ნათლის მატარებელია, აუცილებლად ანათებს იქაც კი, სადაც მცირე ნათელია.

ჭაობიან ადგილზე შენს განვლილ ბილიკებსაც თან დასდევს და იქაც ტოვებს კვალს, და თან უფრო აშკარას, უფრო მკაფიოს.

რადგან შენი სინათლით შეხება ზუსტად ჭაობიან ადგილებში არის საჭირო, რადგან შუქჩამქრალ ოთახში აუცილებელია შუქის ანთება.

როგორ უნდა იყო სინათლე? ნუთუ მარტივია ეს? ვის არ სურს, იყოს ნათელი, რომელიც ბნელსაც ანათებს?  ბნელის განათება კი სინათლის უბრალო სხივსაც შეუძლია. შენ შეგიძლია აირჩიო, იყო სინათლე, რომელიც ყველაზე ხმამაღალი „სიტყვაა“ ამ სამყაროში. იგი იმაზე გასაგებად და მიზანმიმართულად საუბრობს, ვიდრე შეგიძლია წარმოიდგინო. და თუ იქნები სინათლე, მოუფრთხილდი მას, რომ ჩრდილი არ მოეფაროს. მე ვაკვირდები ადამიანებს, რომლებიც ანათებენ ისე, თითქოს შობის ვარსკვლავს სჯობნიან. რა არის მათში? ან ვინ? როგორია ეს ნათელი? ეფარება თუ არა მას ჩრდილი? ჩემი ერთი ძვირფასი მეგობარი არის ზუსტად ისეთი ნათელი, ისეთი მკაფიო და აშკარა, რომლის იქითაც არ არსებობს სინათლე; რომელსაც ახლოსაც ვერ ეკარება ჩრდილი. ის იმდენად უბრალოა, რომ ეს უბრალოება ხდის მას ამ სამყაროში ყველაზე ძვირფასს. მასში არის სინათლე, რომელიც ვერ მოიცვა ბნელმა. გაგიმხილოთ? ეს ქრისტეა. ქრისტე ყველაზე დიდი, კაშკაშა სანთელია, რომელიც აუცილებლად გადაუკიდებს შენს ჩამქრალ სანთელს საკუთარ ცეცხლს და გაქცევს სამყაროს ნათელ სიტყვად. და შენც შეძლებ, უწილადო შენი ცეცხლი სხვა ჩამქრალ სანთლებს. გადაუკიდო მათ, ისინი კი შენთან ერთად გაანათებენ ამ ქვეყნიერებას, რომელიც ერთადერთ ნათელს ჰგუობს და ეს ნათელი მზეა.

ეს მზე ვერ სჯობნის ქვეყნიერების სიბნელეს. ქრისტე კი არის ის, რომლის მეშვეობითაც ვიხილე სინათლე, რომელიც აღემატებოდა ბნელს, რადგან იგი ერთადერთი ჭეშმარიტი სინათლეა. 

შენ საუკეთესო შესაძლებლობებით გაჩნდი და სურს უფალს, რომ იყო ყველაზე ნათელი ლამპარი ამ წუთისოფელში; რომ შეძლო და გაუნათო ადამიანებს გზა; მათ სულებს აჩვენო ის შესახვევი, რომელიც სიცოცხლის შუქისკენ მიდის. უფალმა ზუსტად ამისთვის შექმნა ადამიანი, რომ ანათოს მან უფლის დიდებით და გამოჩნდეს სხვა ადამიანების ცხოვრებაში შობის ვარსკვლავივით. მოსტაცოს ისინი ბნელს, რომელსაც დაუნდობლად სურს ყველას ჩაყლაპვა. გახადოს ადამიანთა გულები მგრძნობიარენი ყოველივეს მიმართ. რადგან მგრძნობიარე გულში შემოდის უფალი, ხორცის გულში იდგამს ტახტს და მეფობს გულიდან მთელი სულის გავლით.

თუკი გინდა, იყო ნათელი, მაშინ უნდა იყოს შენში იესო, უნდა მცირდებოდე შენ და იზრდებოდეს იგი შენში, რადგან უფალზე მოიმედე ადამიანი, მისით ავსებული ადამიანი ყველაზე ლამაზი ნათელია ამ წუთისოფელში და შეუძლებელია, იგი მოიცვას ბნელმა. უბრალოა, სპეტაკია, ყველაზე ხმამაღლა ჟღერადი ჰანგია ამ სამყაროში, ხედავ და სიცოცხლე გიხარია, რადგან სიცოცხლე იესოა, შენ კი გაქვს სიცოცხლის ნათელი…

გიხარია…

ეს კი ის სიხარულია, რომელსაც ვერავინ წაგართმევს!

„იესომ თქვა: ‘მე ვარ სინათლე ქვეყნისა, ვინც მე მომყვება, ბნელში აღარ ივლის, არამედ სიცოცხლის სინათლე ექნება მას.”
იოანეს 8:12

 „მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ადამიანთა სინათლე. სინათლე ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი.“
იოანეს 1:4-5

21 თებერვალი, 2023 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ვინ არის შენი საქართველო?

ნინო ხუროშვილი 21 თებერვალი, 2023
ნინო ხუროშვილი

რა არის საქართველო? მიწა, სადაც დავიბადეთ, ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ, მთები, რომლებითაც ვამაყობთ… და თითქოს გულს გვაცლიანო, ისე გვტკივა, როცა ამ მიწას ლუკმა-ლუკმა გვართმევენ და გვაკბეჩენ… ამის გამო ვიბრძვით, ვყვირით… ბოლო დროს, როცა ისევ დაიძაბა მდგომარეობა კონფლიქტის ზონის საზღვართან, უფრო მეტად ავყვირდით, მეტად მივუახლოვდით ე. წ. „საზღვარს.“ ძარღვები გვებერება და გვასკდება. ეს აღიქმება ჩვენს თვალში სამშობლოს სიყვარულად. ეს არის ჩვენთვის ჭეშმარიტი პატრიოტიზმი. და ამ დროს ერთმანეთს ვხოცავთ, ვჭამთ ცოცხლად, ვქურდავთ, ვაწამებთ… გვერდით მდგომს, საკუთარ მოყვასს, საკუთარ მოძმეს არ ვინდობთ და ზურგში დანას ვურტყამთ, თუმცა სამშობლო გვიყვარს. ღმერთის აღარ გვწამს და არად ვაგდებთ მის მცნებებს. და თუ ვამბობთ, რომ გვწამს, მხოლოდ სიტყვით.

რა არის საქართველო? ეს არასწორად დასმული კითხვაა. სინამდვილეში, უნდა ვიკითხოთ: ვინ არის საქართველო? მშიერი ბავშვია შენი საქართველო, ბავშვი, რომლის თვალებიც ლანდად აგედევნა და აღარ გასვენებს; ქუჩის პირზე მჯდარი ჩამოძონძილი და ცხოვრებისგან გარიყული მათხოვარია საქართველო, სამოწყალოდ რომ ორიოდე გროშს ვიმეტებთ მისთვის… დედა, რომელიც გაჭირვების გამო ტოვებს შვილს − ის არის შენი საქართველო. მოზარდი, რომელსაც დაუნდობლად კლავენ − ის არის შენი საქართველო… მწვანილს რომ ყიდის ჩია, მოხრილი მოხუცი და დილიდან დაღამებამდე რომ აცახცახებული დგას ქუჩაში, სიცხესა თუ სიცივეში − ის არის შენი საქართველო… ნაგავში რომ ლუკმა-პურს ეძებს − ისიც საქართველოა… ყოველდღე შენ გვერდით ჩავლილი თითოეული ადამიანი − თავისი ტკივილით, დარდითა და ვარამით − შენი საქართველოა…

რად გვიღირს მიწა და რაში გვარგია, თუ არ გვეცოდინება, როგორ გვიყვარდეს ნამდვილი საქართველო… თუ არ გვექნება უნარი იმისა, რომ ხელი გავუწოდოთ დაცემულს და გათელილს… თუ არ გვექნება სურვილი იმისა, რომ ცრემლი მოვწმინდოთ გულნატკენს… რად გვინდა ხმამაღალი, პათეტიკური და ვითომ პატრიოტული სიტყვები ქვეყნის სიყვარულის შესახებ, თუ არ შეგვიძლია, ერთი წვეთი სითბო გავიმეტოთ სხვისთვის… თუ სხვისი ჭირი – ღობეს ჩხირია ჩვენთვის… თუ უფლის უდიდეს მცნებათაგან ერთ-ერთი: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ ცარიელი სიტყვებია… და თუ მოყვასი არ გვეყვარება, ვერასოდეს შევიყვარებთ საქართველოს, მიწას კი არა − რუკაზე აღნიშნულს, არამედ ცოცხალ საქართველოს, რომელსაც გული აქვს და სტკივა, რომელსაც შია და ცრემლი სდის… რომელიც სისხლად იცლება და ხელებში გვიკვდება… თვალებში დატეული სამშობლო, საქართველო…. მხრებზე წამოსხმული ზრუნვა − საქართველო… შუბლზე ნაოჭებად − ფიქრი − საქართველო…. გული მისკდება და სისხლი ძარღვებში როგორ დავანელო? ვინ არის შენი საქართველო?..

21 თებერვალი, 2023 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ახალი ბლოგები
ძველი ბლოგები
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 2

    მხსნელი უფალი

    26 თებერვალი, 2020
  • 3

    მედროვე ადამიანთა ქმედებები…

    22 მარტი, 2019
  • 4

    ღმერთი არ არის საშუალება

    5 დეკემბერი, 2022
  • 5

    ფიზიკური ნაკლი არ არის პრობლემა…

    7 ოქტომბერი, 2020


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ