ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ
  • stories

  • Memories

  • About Me

ბლოგები

მკვდარი ვიყავი და გავცოცხლდი 

მიმი ტიელიძე 8 აპრილი, 2025
მიმი ტიელიძე

სიკვდილი მელოდა, მაგრამ არ მიმატოვე… 

სირცხვილი მდევდა და მამარცხებდა, მაგრამ შენ ხელი გამომიწოდე, შენი სახელის გულისათვის… 

ჩემს სულს ეშმაკი დევნიდა. უნდოდა, შავეთში ჩავეყვანე, ჩემი განადგურების გეგმა ამჯერად მაინც სისრულეში უნდა მოეყვანა, მაგრამ შენ უზომო სიყვარულით შემიყვარე ჯერ კიდევ დედაჩემის მუცელში შენივთებამდე… 

ო, ღმერთო, საერთოდ არ მცნობიხარ, ჩემი შენდამი ცოდნა როგორი მცირე ყოფილა… 

როცა ყველაზე დიდ ჭაობში ვიყავი, მაშინ შემეწიე შენი სახელის გამო, შენი დიდებისათვის… 

ობლად არ დამტოვე… 

საუკეთესო მეგობარმა მიმატოვა, ამქვეყნიურ ამაოებაზე გამცვალა, მაგრამ შენ არ დამტოვე… 

მშობლებმა უპირობო სიყვარულით არ შემიყვარეს, მაგრამ შენ შემიყვარე… 

ხელი არ გამომიწოდეს და-ძმებმა, გამომაგდეს სახლიდან, მაგრამ შენში ვპოვე თავშესაფარი… 

შენ უზრუნველმყავი… 

შენ მომაპკურე სიცოცხლის წყალი მაშინ, როდესაც ვიხრჩობოდი, სული მელეოდა… 

ჩემი სული იღვენთებოდა, სულის ძვლები მეშლებოდა. 

ფიზიკურადაც ვიშლებოდი, ქარის ამოქროლებაზე ხან საით გადავვარდებოდი, ხან საით… 

ჩემი გული ამქვეყნიურ საჭიროებებს წარეტაცა.. 

ვეძებდი სამსახურს, ვეძებდი წარმატებას, ვეძებდი მეგობრებს, ვეძებდი სიყვარულს… 

და ამასობაში ყველაზე მნიშვნელოვანი დამავიწყდა – შენ მომეძებნე, შენი ნება მეძებნა… 

გული გამიცივდა და ჩამიქრა, და ამიტომ გულის გასათბობად ადამიანებსა და ნივთებს მივმართე… 

დამავიწყდა, რომ გულებს მხოლოდ შენ ათბობ და ამთელებ… 

მხოლოდ შენ აჯანმრთელებ სულებს… 

მხოლოდ შენ არწყულებ სულის ხრიოკებს… 

მინდოდა, თავი ბედნიერად მეგრძნო, რას არ მივმართე, მაგრამ ყველასთან და ყველგან უცხოდ ვგრძნობდი თავს… 

და მაინც ჯიუტად არ გიბრუნდებოდი… 

ამასობაში ჭაობში ჩავიძირე… ჭაობი თანდათან მითრევდა… 

აღარ მსურდა შენთან მოახლოება, უბრალოდ აღარ მინდებოდა… პირიქით, გაგირბოდი კიდეც. მეგონა, ჩემით მივხედავდი ჩემს ცხოვრებას… თურმე როგორ ვცდებოდი. შენი გეგმები და ზრახვები ყოველთვის უფრო დიდებულია, ვიდრე ადამიანების… მე დროებითი ბედნიერება ავირჩიე, რომელსაც მოჰყვა დაუსრულებელი სევდა, დარდი და დეპრესია, შენ კიდევ ჩემი დაცვა გსურდა… 

მაშინ, როდესაც ჩემი სული გაცრიცა გოდებამ და მეტის ატანა აღარ შემეძლო, შენ გამომიწოდე ხელი და გააქრე ჩემი ნეგატიური ფიქრები, შენ შემაწყვეტინე ტირილი, შენ მომეცი ფიზიკური და ემოციური ძალა სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად, შენ განმიახლე გონება, შენ მაპატიე ჩემი ცოდვები და გადაწყვიტე, აღარ გაგეხსენებინა ისინი; ჩემი ცხოვრებიდან შენ ამოძირკვე შეუფერებელი ადამიანები, რომელთა გაშვებაც მე არაფრის დიდებით არ მსურდა, ისე ვიყავი მათზე დამოკიდებული და სიყვარულის იდეით შეპყრობილი… 

მე მომწონდა დრამაში მონაწილეობა, მსიამოვნებდა მსხვერპლის როლში ყოფნა გაუაზრებლად და შენ იცოდი, რომ ეს მანადგურებდა. ამიტომაც გადაწყვიტე, დროულად გეშველა ჩემთვის. გაუვალი ლაფიდან ამომიყვანე და სიკვდილისგან დამიხსენი, უფალო, შენი უზომო სიყვარულის საჩვენებლად… იმ სიყვარულის, რომელსაც მე ვერასოდეს ვიაზრებდი… 

როდესაც გავიაზრე, რამდენი რამ მაპატიე, გული მადლიერებით ამევსო… მივხვდი, შენ გარდა არავინ დამეხმარებოდა, არავინ მიშველიდა, მაგრამ შენ არ დამტოვე, რადგან ჩემი მშობელი ხარ, ჩემი მამა ხარ, რომელსაც თავისი დამსხვრეული და ჯიუტი შვილი მაინც უყვარს და დიდ ფასად დახსნილ შვილს ასე უბრალოდ არ მისცემს დაღუპვის საშუალებას… მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ არ ვიმსახურებდი შენს წყალობას, შენს მადლს… შენ მაინც გამომიხსენი, ჩამნერგე შესაფერის გარემოსა და ადამიანებში, კარგი მეგობრები დამიყენე გვერდში, საკმარისად მომეცი ყველაფერი, რომ ისევ გავფურჩქნილიყავი… 

ახლა ვიფურჩქნები, უფალო, და მხოლოდ შენ იცი, ამ ყოფამდე რამდენად უსიცოცხლო ვიყავი… ვიყავი უძღები შვილი, რომელიც დაბრუნდა… მკვდარი ვიყავი და გავცოცხლდი… დავიკარგე და გამოვჩნდი… მარტო ვიყავი და ახლა აღარ ვარ მარტო… ახლა შენმა დიდებამ მომიცვა… ახლა შენი კურთხევის წვიმა მრწყავს და მაცოცხლებს… შენი სიყვარული მათბობს და მამღერებს, მაცეკვებს შენი სიმართლე… მახარებს შენი სიმშვიდე… 

მინდა, არასდროს შეწყვიტო ჩემი სიყვარული… 

8 აპრილი, 2025 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი

ალექსანდრა სულამანიძე 15 მარტი, 2024
ალექსანდრა სულამანიძე

სკოლაში ახალი საგნები რომ გვემატებოდა, მასწავლებლები პირველ გაკვეთილზე თავიანთ საგნებს გვაცნობდნენ ხოლმე… ვიხსენებ იმ პერიოდს და თვალწინ იმდროინდელი კადრები წარმომიდგება… კლასში შემოვიდა ფიზიკის მასწავლებელი და გვეუბნება: „საგანი, რომელიც მე უნდა გასწავლოთ, არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ის ცხოვრებაში ყოველ ნაბიჯზე შეგხვდებათ, ამიტომ აუცილებლად უნდა ისწავლოთ და იცოდეთ ფიზიკა“.
შემდეგ ისტორიის მასწავლებელი გვიყვებოდა, თუ რამდენად აუცილებელია, ვიცოდეთ ჩვენი და სხვა ქვეყნების წარსული; არაფერია ამ საგანზე მნიშვნელოვანიო, გვეუბნებოდა… ერთმა მასწავლებელმა კი გვითხრა: „არავინ მოგატყუოთ და არ იფიქროთ, რომ ჩემს საგანზე მეტად მნიშვნელოვანი სხვა რაიმეა… ქართული ენა და ლიტერატურა? ეს უპირველესი და უმთავრესი საგანია…“
ამ ჩამონათვალთა რიგშია თითქმის ყველა საგანი, ყველა მასწავლებელი… ვიხსენებ და თვალწინ იმდროინდელი კადრები წარმომიდგება, მაგრამ არ მახსენდება ვინმეს ეთქვას, ესწავლებინოს, ერჩიოს, წამოსცდენოდეს, რომ ბიბლიის კითხვა ყველაზე მნიშვნელოვანია და ცხოვრებაში ზუსტადაც სამყაროს მთავარი წიგნით ხელმძღვანელობაა ყველაზე სწორი არჩევანი.
სწორედ ფიზიკოსი და ქიმიკოსი რობერტ ბოილი ამბობდა: „ბიბლიის გვერდით სხვა ადამიანური წიგნები, საუკეთესონიც კი, წარმოადგენენ მხოლოდ და მხოლოდ პლანეტებს, რომლებიც მთელ თავიანთ სინათლესა და ელვარებას მზისგან იღებენ“. მზე, სინათლე, ჭეშმარიტება სწორედ ღვთის სიტყვაა. ბიბლია სამყაროს მთავარი და საუკეთესო წიგნია, გზამკვლევი…
მოდით, წავიკითხოთ ბიბლია, ოღონდ არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ კითხვით, არამედ გამოვიყენოთ მთელი ღვთივსულიერი წერილი ჩვენს ცხოვრებაში. დაიწყე, გადადგი ნაბიჯი, გაიცანი და იგრძნობ, რომ ენდობი თავისუფლების ღუზას, რომელიც გჭირდება შენ და შენ სჭირდები მას.
არც ახლა აღმოჩნდა გვიანი, უნივერსიტეტის მეორე კურსზე ერთი მნიშვნელოვანი წიგნი გადავშალე, ბიბლია…
ახლაც გადაშლილი მაქვს. იმედის ნაპერწკლებს ვაგროვებ მისგან.

15 მარტი, 2024 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ღმერთო, უშენოდ ვინ ვიქნებოდი?

ალექსანდრა სულამანიძე 4 მარტი, 2024
ალექსანდრა სულამანიძე

ხშირად მიფიქრია, როგორი იქნებოდა ჩემი ახლანდელი ცხოვრება ღმერთის გარეშე…ხან როგორს წარმოვიდგენ, ხან როგორს…

რამდენს ამარიდე, ღმერთო… რამდენჯერ გადამარჩინე, უფალო…

თვალებს ვხუჭავ და ვიღიმი. მადლიერებით ვიღიმი, ღმერთო.

შენ მე მიპოვე, ხელი ჩამკიდე, რამდენს ამარიდე, რამდენს გამარიდე…ვფიქრობ და ვფიქრობ დაუსრულებლად, სად ვიქნებოდი უშენობით გამოფიტული?

და ვიხსენებ განვლილი ცხოვრების კადრებს და წარმოვიდგენ, რომ ხან მაღალი კორპუსის დანგრეულ სახურავზე ვარ სახლიდან ჩუმად გაპარული, ხან კი ჩაბნელებულ სადარბაზოში მეგობრის დარაჯად ვდგავარ, არავინ დაინახოს, როგორ ეწევა, იქნებ მეც დავმალულიყავი მალე… ხან სად ვარ, ხან – სად…

წარმოვიდგენდი და ვფიქრობდი ხოლმე, რა კარგია, წლების წინ რომ იმ გოგო-ბიჭებს ჩამოვშორდი. ვინ იცის, მათან ერთად სად ვიქნებოდი, ვინ ვიქნებოდი, რა ვიქნებოდი-მეთქი…

ისინი გავუშვი ჩემი ცხოვრებიდან, ისინი აღარ არიან ჩემი მეგობრები, ისინი ვეღარ მთხოვენ საშიშ ადგილებში თანამზრახველობას. შენ მე მიპოვე, რამდენს ამარიდე… გადამარჩინე.

ისინი გავუშვი ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ ვერ გავუშვი ჩემი გონებიდან. მათი განშორებით კი არ გამიმართლა, შენმა გამოწვდილმა ხელმა მანუგეშა. შენმა სიყვარულმა დამანახვა გზა. შენმა მოფენილმა გზამ გამომაცოცხლა. შენმა მზრუნველობამ შემცვალა.

სად ვიქნებოდი, ღმერთო, უშენოდ სადღაც დაკარგული? თვალებს ვხუჭავ და ვიღიმი, მადლიერებით ვიღიმი.

ღმერთო, ისე განმამტკიცე, ძველ მეგობრებს შემახვედრო, რათა მათ შენი თავი გავაცნო.

4 მარტი, 2024 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

გოდება უდაბნოდან (ნაწილი მეოთხე)

მიმი ტიელიძე 26 ნოემბერი, 2023
მიმი ტიელიძე

სული დამიმახინჯდა. ამქვეყნიურ გზაზე სიარულში მანკიერებები გავიჩინე. ხან რომელ ლაფში ჩავდგი ფეხი და ხან რომელში. ჭუჭყიანია ჩემი ფეხსაცმელი. გამოცვლა მჭირდება. ახალი სამოსიც მინდა. თეთრი, სპეტაკი სამოსი, რომ სუფთად, შეულახავად და წმინდად ვიგრძნო თავი. მაგრამ სამოსისა და ფეხსაცმლის გამოცვლა განა შეძლებს ჩემი სულის მანკიერებების გაქრობას? ვფიქრობ, ვერა. შემიძლია, ჩავიცვა ახალი ტანსაცმელი, მაგრამ სულით ხომ იგივე ვრჩები. ჩემი იდენტობა ამით არ იცვლება. ბინძურ თუ სუფთა, ლამაზ თუ ულამაზო ტანსაცმელში მე მაინც იგივე პიროვნება ვარ. იმავე დამახინჯებული სულით.

უდაბნო კარგი ადგილია ამ ყველაფერზე საფიქრელად. როცა ოაზისის პერიოდი იდგა ჩემს ცხოვრებაში, მაშინ არ ვფიქრობდი ამაზე. ახლა კი ყოველდღე ამაზე მეფიქრება. რა ვუშველო ჩემს დამახინჯებულ სულს? მით უმეტეს ახლა, როდესაც უდაბნოში ვარ, კიდევ უფრო რთულია სულის გადარჩენაზე ფიქრი. აქ ჯერ ფიზიკურად უნდა გადავრჩე. ჯერ სხეული უნდა გადავარჩინო, შემდეგ კი სამშვიდობოზე გასულმა, იქნებ სულზეც ვიფიქრო. არადა, ჩემი სული უკვე ფერმკრთალდება, იღვრება, იცრიცება… სასწრაფოდ წყალი სჭირდება მასაც… მხოლოდ სხეულს არა, სულსაც სჭირდება წყალი სიცოცხლისა, წყალი უკვდავებისა, წყალი დაუშრეტელი… სად ვიპოვო ასეთი წყალი? მოვთქვამ და ზეცაში ვიხედები უნებურად, ხელებაპყრობილი, თითქოს ზეციდან ველი ჩემს კითხვებზე პასუხს.

„ვინც იმ წყალს დალევს, რომელსაც მე მივცემ, საუკუნოდ აღარ მოსწყურდება; რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, მასში იქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდენს“, – მესმის ხმა.

– ქრისტე, შენა ხარ? – წამოვიძახე. თურმე ჯერ კიდევ შერჩენია ჩემს სულს უფლის ხმის გარჩევის უნარი.

– ჩემგან მოცემული წყლის დამლევს არასდროს მოსწყურდება… თითქოს ჩემი კითხვა ვერ გაიგო უფალმა, ისევ გააგრძელა თავისი სიტყვა.

– მე მწყურია, უფალო, ჩემთვის სამყოფი წყალი არა მაქვს… იქნებ ერთი წვეთი წყალი მოგეცა… – დავიწყე ხვეწნა-მუდარა.

– მართალია. წყალი გაკლია…

– კი, უფალო, ასეა. – გამიხარდა, უფალი რომ დამეთანხმა.

– ჩემს წყალს თუ დალევ, საუკუნოდ აღარ მოგწყურდება.

– ჰოდა, მომეცი ეგ წყალი, უფალო, – ამოვიგმინე…

– შენ ფიზიკურ წყალს ითხოვ ახლა. მე სხვა რამეზე გელაპარაკები.

– ეგ წყალიც მინდა, უფალო.

– არ იცი, რას ითხოვ.

– დიახ, ვიცი, უფალო. ვიცი, რომ სულისთვისაც მჭირდება წყალი.

– შენს სულს წყალი ნამდვილად სჭირდება?

– კი, უფალო. ჩემს სულს გადარჩენა სჭირდება. – გავბრაზდი უფლის კითხვაზე.

– განა წეღან მხოლოდ ფიზიკურ წყალზე არ ოცნებობდი, ნეტავ ერთი წვეთი წყალი მაინც დამალევინაო. ახლა უცბად სულის გადარჩენა მოგინდა? – მომიგო უფალმა.

– კი… სულის გადარჩენაც მინდა.

– აი, ისევ… სულის გადარჩენა(ც) მინდაო, ისე ამბობ, თითქოს ეგ დანამატია. ჯერ სხეულს გადაირჩენ და მერე ბარემ სულიც მივაყოლოთ, ხომ? – ირონიის ხასიათზე დამდგარა უფალი, ვატყობ.

– მე ეგ არ მითქვამს…

– მაგრამ ეგ იგულისხმება შენს სიტყვებში.

– არა, დანამატი არ არის სულის გადარჩენა.

– აბა, რა არის?

– არ ვიცი…

– სწორია, არ იცი. ჯერ კიდევ ვერ მიხვედრილხარ, რომ სულის გადარჩენაა ყველაზე მნიშვნელოვანი. შენ კი დღემდე სხეულის გადარჩენაზე ფიქრობ…

– ოღონდ ამ უდაბნოდან გავაღწიო და გადავრჩე, მეტი არაფერი მინდა… – ვაგრძელებ გოდებას.

– და რომ გადარჩები, მერე რას იზამ? ალბათ, ისევ იმავე ცხოვრებას დაუბრუნდები. და, შესაბამისად, ისევ აღმოჩნდები უდაბნოში.

– არა, უფალო… ოღონდ აქ ნუღარ დამაბრუნებ…

– რატომ? შენ ხომ აქ ბევრი რამ ისწავლე… ბევრი რამ გადააფასე… ახლა იცი, ფასეული რა არის ცხოვრებაში, შენი თავი უკეთესად გაიცანი, ჩემი შეცნობის კუთხითაც გაიზარდე…

– აქ მაინც აღარ მინდა დაბრუნება…

– მადლიერი უნდა იყო, უდაბნომ ხომ გამოგწვრთნა?..

– არ მინდა აქ დაბრუნება! – ვიყვირე მე.

– კარგი. და სად გინდა, რომ წახვიდე?

– იქ, სადაც არ ცხელა და არ ცივა. სადაც წყალია…

– შენ ბუნებრივად მიილტვი სიცოცხლის წყაროსკენ. ეს მიდრეკილება მე ჩავდე შენში… ყველა ადამიანში…

– სად არის ეგ წყარო? იქნებ მიმიყვანო მასთან…

– თავად სიცოცხლის წყარო მოვედი შენთან და ნუთუ აქამდე ვერ მიხვდი?!

გავოგნდი ამ სიტყვებზე. აქამდე ამაზე არ მიფიქრია… უფალი – სიცოცხლის წყარო? არაფერი მსგავსი არ მომისმენია, არ მინახავს და არ შემიგრძნია…

– მე… ვერ მივხვდი… – როგორც იქნა, გულწრფელად ვაღიარე.

– დაბინდულია შენი სულიერი თვალები. არ იყურები იქ, სადაც უნდა იყურებოდე. – მომიგო უფალმა.

– არ ვიცოდი, რომ შენ იყავი სიცოცხლის წყარო, უფალო… ეს ყველაფერს ცვლის ახლა…

– და მაინც, რას ცვლის? ახლა დაიწყებ სიცოცხლის წყაროსგან წყლის მიღებას თუ ისევ ამქვეყნიურ წყაროს ეზიარები?

– რა არის ამქვეყნიური წყარო?

– დიდება, წარმატება, სტატუსი, ფული, მეგობრები…

– მაგრამ ეგენი ხომ საჭიროა, უფალო?

– ეგენი შენი კერპებია, რასაც თაყვანს სცემ… – სწორედ მტკივნეულ წერტილს შეეხო უფლის სიტყვები…

– არა. მე თაყვანს არ ვცემ ნივთებსა და ადამიანებს, უფალო…

– არ არის აუცილებელი, მათ უჩოქებდე და მათი ხატები გაიკეთო. ეს ყველაფერი შენს დამოკიდებულებაში ჩანს…

მინდოდა, კიდევ შევპასუხებოდი უფალს, მაგრამ გასამართლებელი არგუმენტი ვერ ვიპოვე და გავჩუმდი.

– რატომ გაჩუმდი? გასამართლებელი მიზეზები გამოგელია? – თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხა უფალმა.

– კი, გამომელია. – უკვე მეორედ გამოვთქვი გულწრფელი აზრი. უფალთან რამის დამალვას რა აზრი ჰქონდა.

– მომწონს, როდესაც გულწრფელი ხარ ჩემთან. მინდა, რომ ყოველთვის გულწრფელი იყო და არაფერი დამიმალო. მაშ, რას იტყვი? ისევ გინდა, სიცოცხლის წყალს ეზიარო?

– კი, მინდა, მინდა… ძალიან მინდა… – წამოვიძახე და მზად ვიყავი, დამეჩოქა, თუმცა ფიზიკურად ჯერ კიდევ ვერავის ვხედავდი ჩემ გარშემო…

– მინდა წყალი… სხეულის, სულისა და გონების გადასარჩენად… მიწილადე ეგ წყალი, უფალო… სულ ცოტაც მეყოფა…

– მართალია. სულ ცოტა წყალიც კი შეძლებს შენში მდინარეების წარმოშობას… და წარმოიდგინე, ბევრი წყალი ოკეანედ გადაგაქცევს.

– არ მინდა ბევრი წყალი, უფალო… ერთი წვეთიც კი გამომაცოცხლებს. თან შენ მილიარდობით შვილი გყავს, იმათაც ხომ უნდა უწილადო…

– ყველასთვის სამყოფი წყალი მაქვს.

– ეგ როგორ?

– განა დაგავიწყდა, რამდენად უსაზღვრო შეძლებისაა შენი ზეციერი მამა?!

– კი, ვიცი, რომ ყოვლისშემძლე ხარ!..

– და ის თუ იცი, რომ შვილებზე ვზრუნავ?

– კი, ეგეც ვიცი.

– მაშ, ნუღარ ეჭვობ. მოდი და მიიღე წყალი, რომელიც ჩემგან მოდის.

უფლის ხმა გაქრა. დავიწყე ქრისტეს ძახილი, მაგრამ აღარსად ჩანდა… ჩემთვის წყალი უნდა მოეცა… ნეტავ სად არის ეს წყალი? მე ვარო წყალი, ხომ მითხრა. ოჰ, უფალო, ხანდახან ისეთი ქარაგმებით საუბრობ, რომ ვერ ვიგებ ხოლმე შენს ნათქვამს… მივდივარ უდაბნოში და ვბურტყუნებ ჩემთვის… უცბად მხარზე გადაკიდებულ ჩანთაში ჩადებული „ახალი აღთქმა“ გამახსენდა. ამდენი ხანი როგორ არ გამხსენებია?.. იმედია, ქარიშხალმა არ მომტაცა. გავხსენი ჩანთა და გაცრეცილი და დამტვერილი ახალი აღთქმა ამოვიღე. მტვერი გადავაცალე, გადავშალე და კითხვა დავიწყე. ჩემი სული ხარბად ისრუტავდა იქ ამოკითხულ სიტყვებს. სიცოცხლის წყალი შემოდიოდა ჩემში და არწყულებდა ჩემი სულის ხრიოკებს. ჩემი სულის ნაფლეთები ნელ-ნელა მთელდებოდა, რადგან მე ვსვამდი სულიერ სასმელს სულიერი კლდიდან.

26 ნოემბერი, 2023 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

გოდება უდაბნოდან   (ნაწილი მესამე)

მიმი ტიელიძე 21 ოქტომბერი, 2023
მიმი ტიელიძე

უფალმა მუცლის ნაყოფად შემქმნა: ქათქათა თეთრი სახე გამომიძერწა, ძარღვები და გული ჩააქსოვა ჩემს სხეულში, ულამაზესი შავი თმებით შემმოსა და პატარა, ანცი თვალები დააბნია ჩემს სახეს ღილებად. პაწაწინა, ცოცხალ თოჯინად გამაჩინა ღმერთმა და მომათავსა მშობლების კალთაში. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად მშობლების გარემოცვაში ვიზრდებოდი, მაინც ყოველთვის მარტო ვგრძნობდი თავს…

რატომ ვგრძნობ ჩემს სახლში თავს უცხოდ? რატომ ვერ მივიჩნევ თავს მათს ნაწილად? მთელი ცხოვრება ამგვარი კითხვები მაწუხებდა. წლები გრძელდებოდა ეს ყველაფერი… რატომ ვარ მარტო, როდესაც გვერდით ამდენი ადამიანია? რატომ ვერავის ვეუბნები, რა მაწუხებს? რატომ ვერ მიგებენ ჩემი ოჯახის წევრები? იქნებ მათ არ ვუყვარვარ? თავს საკმარისად მიღებულად ვერ ვგრძნობდი და ეს შინაგანად მანგრევდა. ამიტომ, როდესაც საშუალება მქონდა, სახლიდან გავრბოდი. უბრალოდ გავიქცეოდი ხოლმე ქუჩაში და იქამდე დავრბოდი უგზო-უკვლოდ, სანამ ქანცი არ გამწყდებოდა. არ მსურდა იქ ვყოფილიყავი, სადაც არ მიღებდნენ, სადაც არ ვუყვარდი, სადაც არ მპატიჟებდნენ, სადაც არ უხაროდათ ჩემი დანახვა… ამიტომაც ვეწებებოდი მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც მოსწონდათ ჩემ გვერდით ყოფნა. სულ ასეთ ადამიანებთან ვატარებდი ხოლმე დროს. თუმცა მაინც დგებოდა ის მომენტი, როდესაც გამომშვიდობება მიწევდა მეგობრებთან. აი, ამ დროს კი ისევ მარტო ვრჩებოდი – ფიზიკურად ადამიანების გარემოცვაში, მაგრამ სულიერად მარტო.

წლები ვებრძოდი ამ მარტოსულობის შეგრძნებას. ნამდვილი მეგობარი არ მეღირსა. კლასელებთანაც არ ვმეგობრობდი დიდად. ნათესავებსაც ვერ ვენათესავებოდი სულიერად. სად არიან ჩემი სულის მოსაწონი ადამიანები, ღმერთო? რამდენჯერაც აღმოვაჩინე ასეთი განსაკუთრებული ადამიანები, მალევე გაქრნენ ჩემი ცხოვრებიდან. არ შეიძლება, სამუდამოდ ვინმე ჩანერგო ჩემს ცხოვრებაში? ვუჩიოდი ღმერთს გაუთავებლად. მას ვაბრალებდი იმას, რომ ერთი მუდმივი მეგობარი ვერ გაიმეტა ჩემთვის…

ახლა კი უდაბნოში ვარ, სადაც რამეზე ოცნებამ აზრი დაკარგა. აქ, ამ გაჭირვებაში, აზრადაც აღარ მომდის, ვისურვო ვინმე ან რამე. აქ მთავარი გადარჩენაა. და მე ვოცნებობ, რომ გადავრჩე. აღარ მაინტერესებს, თუკი აქამდე მსურდა მყოლოდა ოჯახი, და-ძმა, ძაღლი… მქონოდა მანქანა ან სახლი, მემოგზაურა სხვადასხვა ქვეყანაში, გამომეცადა ექსტრემალური სპორტის სახეობები, მესწავლა ცურვა, გამეხსნა უპატრონო ცხოველების თავშესაფარი, სიურპრიზები მომეწყო საყვარელი ადამიანებისათვის. აღარაფერი აღარ მაინტერესებს. საერთოდ არაფერი. ჩემმა ფილტვებმა ჟანგბადი მიიღოს, ამაზე ვდარდობ. ჩემმა გულმა ფეთქვა არ შეწყვიტოს, ამაზე ვოცნებობ. ჩემმა სხეულმა წყალი მიიღოს, იმაზე მაქვს მთელი ყურადღება გადატანილი. დღისით მზემ არ დამწვას, ხოლო ღამით უდაბნოს სიცივემ არ შემიწიროს, ამის დარდი მაწუხებს. ჩემმა სოციალურმა სტატუსმა და განათლებამაც კი დაკარგა ღირებულება. უდაბნოში აღარ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ, რას წარმოადგენ, რა გაგიკეთებია ცხოვრებაში. მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, თუ რამდენად შეგიძლია – გადარჩე.

ფეხის ყოველი გადადგმა ტკივილს მაყენებს, რადგან სისხლი მდის ფეხის ტერფებიდან. იქნებ მივაღწიო ცივილიზებულ დასახლებას. იქნებ, ჰორიზონტი გამოაჩინო, ღმერთო. ის მაინც მითხარი, კიდევ რამდენი უნდა ვითმინო… ისე, ვფიქრდები და ვხვდები, რომ ამ სხეულის დატოვება ჩემთვის დიდი შვება იქნებოდა. საერთოდ, რად მინდა სიცოცხლე, როდესაც ასე ტვირთად მექცა იგი? უფრო მარტივი არ იქნება, რომ მოვშორდე ამ გაძვალტყავებულ სხეულსა და გალეულ სულს? აღარ დავამძიმებ დედამიწას, ჩემი წუწუნიც შეწყდება, ღმერთო… ალბათ, როგორ მოგაბეზრე თავი? არ მეუბნები, მაგრამ ვხვდები, რომ თავი მოგაბეზრე. საერთოდ, ამდენი ხანი როგორ მომითმინე?.. სჯობია, გავჩუმდე… მაგრამ როგორ გავჩუმდე, მე ხომ სულგამწარებული ვარ… ეს ტკივილი თუ არ გამოვხატე, გავნადგურდები… უფრო სწორად, უკვე ვნადგურდები. ცოცხლად ვკვდები. ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს?

ბრძოლაზე უარის თქმა და დანებებაა ყველაზე უარესი რამ ცხოვრებაში, – ნივთდება ჩემს გონებაში ეს აზრი. ფიზიკურად და სულიერად რომც იყო განადგურებული, არ ნიშნავს, რომ ყველაზე უარეს მდგომარეობაში ამ დროს ხარ. ყველაზე საშიში სიტუაცია მაშინ დგება, როდესაც ბრძოლას შეწყვეტ და იტყვი, რომ არანაირ მცდელობას არ აქვს აზრი, – მეუბნება შინაგანი ხმა. – როდესაც ხელს ჩაიქნევ და იმედს გადაიწურავ, აი, მაშინ გეშინოდეს, რადგან მხოლოდ დანებებამ შეიძლება მიგიყვანოს განადგურებამდე. არ დანებდე იმ აზრს, რომ უკეთესი ვერ გახდები. არ დანებდე იმ აზრს, რომ რაღაც არ გამოგივა; რომ რამეს ვერ შეძლებ, ვერ მიაღწევ მწვერვალებს; რომ სხვადასხვა შიშს და კომპლექსს ვერ დაამარცხებ; რომ ღირსი არ ხარ – კარგად მოგეპყრონ… ვერაფერი დაგამარცხებს, თუკი არ დანებდები.

ჩემი გონება და გული სავსეა ამ ფრაზებით და ვგრძნობ, რომ ისინი ნელ-ნელა ენერგიით მავსებს. ნელ-ნელა იფანტება ჩემი უიმედობა… თანდათან მოტივაცია ჩნდება ჩემში. უფრო მეტ სიმსუბუქეს ვგრძნობ სხეულში. გონება ახლა ნაკლებ მარწუხებშია მოქცეული… მივხვდი, ჩემში მოსული ყველა აზრი სწორი და ჭეშმარიტია. გავიაზრე, რომ დანებების გამო მიჭირს ამ უდაბნოს გავლა… არა, უფრო მეტიც, რომ დავნებდი ცხოვრებაში და ხელი ჩავიქნიე, ზუსტად იმიტომ აღმოვჩნდი ამ უკიდეგანო უდაბნოში. დანებება უფრო მარტივი გამოსავალი მეჩვენა, ვიდრე ბრძოლა. ბრძოლა ხომ დიდ ენერგიასა და შემართებას მოითხოვს. დავნებდი და სწორედ ამიტომ მოვხვდი გაუვალ ლაფში, უსასრულო უდაბნოში, სადაც დღისით მზე მწვავს და საღამოს ქარი მთოშავს… აქ ბრძოლამ ისე გამომფიტა, აქაც დავნებდი… და კიდევ უფრო მეტად გავნადგურდი სულიერ-ემოციურად… არ უნდა დავნებებულიყავი. არც მაშინ და არც ახლა…

მიშველე, უფალო, – ამოვიძახე სულგამწარებულმა. – თუ ძალიან გვიანი არ არის, ბრძოლას გავაგრძელებ. მართალია, არანაირი ენერგია და ძალა აღარ შემრჩა ამისთვის, მაგრამ შევეცდები მაინც, რომ ვიბრძოლო. წლების განმავლობაში ხელჩაქნეული და იმედგაცრუებული ჩემს თავს ბრძოლის შანსს არ ვაძლევდი… ვამბობდი, რომ არ გამოვა, არაფერი არ შეიცვლება.. ახლა ავდგები და კიდევ ერთხელ ვცდი… შენ კი, თუ ისევ ჩემ გვერდით ხარ, შემეწიე და გამამაგრე…

ვიბრძოლებ, უფალო… შენ ხომ ყოველთვის ასე გსურდა, რომ მებრძოლა ბოლომდე, რომ ნამდვილი მებრძოლი ვყოფილიყავი…

ავდექი და შევუდექი უდაბნოს ცხელ გზას. რამდენჯერმე წავიქეცი კიდეც, ტანსაცმლის ნაწილი კიდევ უფრო შემომეხა. ფეხები უფრო მეტად დამიწყლულდა. მაგრამ მაინც ვაგრძელებდი სიარულს… რამდენიმე საათის შემდეგ პატარა ბუჩქს მოვკარი თვალი. მისკენ გავლასლასდი. მცირე ნაყოფი აღმოვაჩინე ამ ბუჩქზე და  მაშინვე გავსინჯე. შემდეგ კიდევ ცოტა ვიარე. ახლა რამდენიმე ხე დავინახე. ოაზისის ტერიტორიაზე დამიდგამს ფეხი. წყალი რომ დავინახე, სიხარულისგან მინდოდა მეყვირა, მაგრამ ყელიდან ხმა არ ამომივიდა, ენა სასაზე მიმკრობოდა. მაშინვე დავეწაფე წყალს და ხარბად ვსვი. გული ვიჯერე წყლის სმით და იქვე, ქვიშაზე გადავწექი…

ღმერთო, ბოლოს იმდენი ხნის წინ დავლიე წყალი, რომ ახლა მისი გემო მეუცხოება. ისე ვგრძნობ თავს, თითქოს ბრილიანტი ეჩუქებინოთ ჩემთვის. როგორი კმაყოფილი ვარ… ხის ჩრდილი და წყალი მაქვს… ის, რაც ყველაზე მეტად მენატრებოდა…

„და ეს იმიტომ, რომ არ დანებდი. ეს იმიტომ, რომ იმედს ჩაებღაუჭე. იმედს მომავლისა, იმედს უკეთესობისა, იმედს სიკეთისა, ანუ მე ჩამეჭიდე…“ – ჩემს გულს დაელაპარაკა უფალი.

და მე იმწამსვე გავიაზრე, რაც მოხდა. უფალი მელოდებოდა, როდის გადავდგამდი ნაბიჯს, როდის დავიჯერებდი, რომ რაღაც შეიცვლებოდა ჩემს ცხოვრებაში… დავიჯერე, ანუ იმედი შემოვუშვი ჩემში, რამაც ნაბიჯი გადამადგმევინა… როგორც კი მოქმედება დავიწყე, უფალიც ჩაერია… შეცვალა ჩემი სიტუაცია… მომცა ის, რაც მჭირდებოდა.

და მიმახვედრა – დანებება არასდროს არ არის გამოსავალი.

გამარჯვება ბრძოლაშია.

21 ოქტომბერი, 2023 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

გოდება უდაბნოდან (ნაწილი მეორე)

მიმი ტიელიძე 9 ოქტომბერი, 2023
მიმი ტიელიძე

მოსაღამოვდა ჩემს უდაბნოში და გრილი ნიავი ამოქროლდა. თავიდან ვიფიქრე, უფალს შევებრალე და ნიავი ამიტომ მომივლინა-მეთქი, მაგრამ ძალიან მალე ეს ნიავი ქარიშხალში გადაიზარდა. ქვიშა ფეხებიდან მეცლებოდა… ქარი აქეთ-იქით ბურთივით მაგორავებდა… ისევ ჩივილი დავიწყე ჩემს ბედზე… წინასწარმეტყველ იონასავით წუწუნს მოვყევი: რად მინდოდა ეს ნიავი, თუ ქარიშხლად გადაიქცეოდა და სიცოცხლეს გამიმწარებდა-მეთქი. ოღონდ ქარიშხალი ჩამდგარიყო და მეტი აღარაფერი მსურდა. თუნდაც ისევ უდაბნოს ცხელი სუნთქვა მეგრძნო. ისევ შეჩვეული ჭირი მერჩივნა. მოვთქვამდი ჩემს ბედზე, რომ უბედური ვარ, უიღბლო დავიბადე, არაფერში გამიმართლა: არც ოჯახში, არც ქვეყანაში, არც მეგობრებში… საერთოდ არაფერში არ გამიმართლა… სილამაზითაც ვერ დავიკვეხნი. თვალს მარიდებენ ჩემი სიდაბლის გამო. ზედ არ მიყურებენ. ვერც მამჩნევენ, ისეთი დაბალი ვარ. რა იქნებოდა, ღმერთო, ჩემთვის ოცი სანტიმეტრით მეტი სიმაღლე მოგეცა, რა იქნებოდა, ცისფერი თვალებიც დაგემატებინა, ცოტა პატარა ცხვირი გამოგეძერწა, სწორი თმით შეგემოსა ჩემი თავი ამ ხუჭუჭი თმის ნაცვლად… და ასე, უსასრულოდ, საყვედურების გრაგნილს ვუშლიდი უფალს…

არაფრით არ ვარ კმაყოფილი. ან როდისმე ვყოფილვარ საერთოდ?! არ მომწონს ხალხი. არ მომწონს ჩემი თავი. თავს მიტოვებულად ვგრძნობ, უფალო. ხომ ხედავ, ამ უდაბნოში სული მიმდის, წყალი მჭირდება, საჭმელიც… სადაა ჩემი შეწევნა, ასე რომ ვსაჭიროებ? რატომ მგონია, რომ მიმატოვე, მამა, რატომ?!

ემოციურ ვნებათაღელვაში ჩამძინებია… მოკუნტულს გამომეღვიძა. მზე ამოდიოდა… მიწა ჯერ კიდევ გრილი იყო. თავქვეშ ერთი ფარატინა ტილო მედო და თურმე ქარს ისიც წაუღია. ახლა ბალიშად რა გამოვიყენო? კიდევ რომ ამოვარდება ქარიშხალი, როგორ დავაღწიო თავი? ამ უდაბნოში კი რა გამოლევს ქარიშხალს… 

ამასობაში წამოვდექი და გადავწყვიტე, სანამ მზე ამოვიდოდა, ჩრდილი მომეძებნა. იქვე იასამნისფერ წერტილს მოვკარი თვალი. ასეთ უსახურ ადგილას არ მეგონა, ფერადი რამ თუ იარსებებდა. მივუახლოვდი და ხელთ ყვავილი შემრჩა. ისეთი პაწაწინა იყო, ძლივს ჩანდა, თან სუსტი ღერო ჰქონდა. აქ, ამ უწყლო ნიადაგზე რანაირად ამოვიდა? – ვფიქრობდი გაკვირვებული. თავიდან მოწყვეტა გადავწყვიტე, მაგრამ შემდეგ დავფიქრდი: ისედაც მცირე სიცოცხლე აქვს, რატომ მოვუსწრაფო ეს ხანმოკლე სიცოცხლე?.. თან ესეც ჩემსავით უდაბნოშია. ესეც ჩემსავით მარტოა… ალბათ „ოჯახისგან“ შორსაა. ან შეიძლება ობოლია. ასე საწყლად ამოსულა უდაბნოში, თავისი პაწია იასამნისფერი კაბა ჩაუცვამს და ქარის ამოქროლაზე შეიძლება გული წაუვიდეს. შეიძლება ამაღამ ქარიშხალს ვერც კი გადაურჩეს. ჩემსავით უიღბლო ყოფილა ესეც… 

ვგრძნობ, აღარსად წასვლა აღარ მინდა. იქვე ჩამოვჯექი მიწაზე და ამ ყვავილს ვუყურებ. მართალია, ხმას ვერ გამცემს ეს პაწაწინა ყვავილი, მაგრამ უკვე რომ არსებობს აქ, ჩემ გვერდით, ამ ხრიოკ მიწაზე, უკვე მადლი და შვებაა ჩემთვის. ვატყობ, ტუჩის კუთხეები გამეხსნა და ჩემდა გასაოცრად, აღმოვაჩინე, რომ ვიღიმი. დიახ, გავიღიმე… ბოლოს როდის გავიღიმე, აღარ მახსოვს… მაგრამ ისევ შემომეპარა ფიქრი იმაზე, თუ რა ეულია ეს ყვავილი. ღმერთო, რა დააშავა ამ ყვავილმა, ეს რატომღა მოიძულე?.. მე შეიძლება ნამდვილად დავიმსახურე უდაბნოში ხეტიალი, მაგრამ ამ ულამაზესმა პატარა გოგონამ რა დააშავა? თავის ოჯახთან ერთად მაინც დაგერგო. რამდენიმე საათში ხომ გაქრება ეს საცოდავი… და მეც აღარ მეყოლება მეგობარი… ასე როგორ დავეცი, რომ მხოლოდ უსულო საგნებთან შემიძლია ვიმეგობრო?.. ადამიანები შემომაკლდნენ. ნეტავ უბრალოდ დამანახვა ადამიანები, არ მინდა არც მათი დახმარება, უბრალოდ მათი სახე დავინახო. მათი ღიმილი…

ჩემი „წინასწარმეტყველება“ ახდა. რამდენიმე საათში იასამნისფერი ქალბატონი ჩამოჭკნა და გახმა. ეს რომ აღმოვაჩინე, ტირილი დავიწყე. რატომ მომიკალი ჩემი ერთადერთი მეგობარი, ღმერთო? რატომ? ახლა სრულიად მარტო ვარ… ხომ ჯობდა, მე მოგეკალი და ეს არსება დაგეტოვებინა? ამ უდაბნოს უსახურ ფერებში სიფერადეს მაინც შეიტანდა… და ჩემნაირ გულმოკლულებს გააღიმებდა, იმედს მისცემდა…

„ეგ მე ვარ, იმედს რომ იძლევა“, – მესმის გულში ხმა.

„ეგ ყვავილი მე აღმოგიცენე, რომ მეგობარი გყოლოდა, მარტო რომ არ გეგრძნო თავი.

ეგ იასამნისფერი კაბაც მე ჩავაცვი, რომ უდაბნოს ერთფეროვნება გაეფერადებინა შენთვის.

მე ამ ყვავილზე კი არა, შენზე ვდარდობ. დედამიწა შენთვისაა შექმნილი. ადამიანებისთვის არის შექმნილი დედამიწა და არა ადამიანები – დედამიწისთვის.

მე სულ ვდარდობ შენზე…

ხან ნიავს მოგივლენ ხოლმე, რომ გაგრილდე, ხან მზეს, რომ გათბე… შენ კიდევ ვერ ხედავ, მხოლოდ წუწუნებ…

შენ როგორ ინერვიულე ამ ყვავილზე, რომელიც სულ ერთ დღეს ცოცხლობს, როგორ შეგეცოდა, რომ დაჭკნა…

და არ იცი, მე როგორ ვდარდობ, შენ რომ ჭკნები…

მე არ მომწონს შენი სულიერი ჭკნობა… და არც სხვა ადამიანების დაჭკნობა არ მომწონს…

შენ – ადამიანს გეცოდება ის, რაც შენი შექმნილი არაა და მე როგორ არ უნდა მეცოდებოდნენ ჩემი საუკეთესო ქმნილებანი?.. როგორ არ უნდა მეცოდებოდე?..

მე ვდარდობ შენზე, მიუხედავად იმისა, რომ თავად ამას ვერ ხედავ…

მე ვცდილობ, იმედი გამოგიგზავნო, რომ წამოდგე და ფეხზე მყარად დადგე. მორჩე წუწუნს და დაიწყო მადლიერება.

გელოდები. შენი შემქმნელი გელოდები.

ჭკნები, შვილო, და არ მინდა, გახმე. არ მინდა, იმ ყვავილივით დაგემართოს, დღეს რომ არის და ხვალ ქრება.

მე მინდა, მასავით შეგმოსო იასამნისფრად, სიხარულისფრად, სიყვარულისფრად, სიმამაცისფრად…

მე მინდა, მასავით იმედი მოუტანო სხვებს და არ ფიქრობდე მხოლოდ საკუთარ თავზე.

მე მინდა, ანათებდე უდაბნოში.

დიახ, მომაკვდავსაც შეგიძლია გამოანათო, თუკი შენი წყარო მე ვიქნები“.

– მართლა გსურს, უფალო, გამოვანათო?

– მსურს, დაე, ანათე, – ამბობს უფალი.

9 ოქტომბერი, 2023 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

გოდება უდაბნოდან  (ნაწილი პირველი)

მიმი ტიელიძე 27 ივლისი, 2023
მიმი ტიელიძე

ჩემი ცხოვრება ერთი გაუთავებელი ომია. ასე მგონია, დაბადებიდან ამოსუნთქვა არ მაცალეს და პირდაპირ შუაგულ ომში მიკრეს თავი. ომში, სადაც არც წინამძღოლი მყავს, არც დამრიგებელი, არც ექიმი და არც მეგობარი. ეს მარტოსულის ბრძოლაა. ბრძოლის ადგილი უდაბნოა. ჰორიზონტზე ოაზისი არ მოჩანს. არანაირი ნიშანი იმისა, რომ აგრილდება, რომ ჩრდილი ჩამოდგება, რომ დახმარება მოვა, რომ წყალს მომაწვდიან მწყურვალს… შორს წავედი ღმერთისგან და მეჩვენება, რომ ამ უდაბნოში  სრულიად მარტო ვარ. დავხეტიალებ… ტანსაცმელი შემომაცვდა ტანზე. ფეხსაცმელებს უკვე ძირი გასძვრა. ყოველი ფეხის გადადგმა სულს მიმწარებს. უდაბნოს ცხელი ქვიშა ისედაც დაწყლულებულ ფეხისგულებს უფრო მეტად მიწვავს. პირი მიშრება… ნეტავ ერთი წვეთი წყალი ვიპოვო. მხოლოდ ერთი წვეთი. ეგეც იმდენს ნიშნავს ჩემთვის… ნუ დამტოვებ მარტო, ღმერთო… საკმარისია ჩემი მარტოსულობა… სული ხელებში ჩამეფშხვნა… გაილია ჩემს ციცქნა სხეულში… დაავადებებმა დამაუძლურა… ძვლები მეშლება… მეუბნებიან, ჯანმრთელი ადგილი აღარ შეგრჩა სხეულშიო… გამომეფიტა ეს თითქოს ვალად მოცემული სხეული… მე ხომ თიხისგან ვარ შექმნილი… ვიფშვნები… და არ არსებობს გამომძერწავი, რომ მოვიდეს და შემაერთოს თავიდან… რომ აღმადგინოს… ნაწილ-ნაწილ ვარ დაქუცმაცებული… გული დამსხვრეულია… მეუბნებიან, ადექი და აკრიფე ეს ნამსხვრევებიო. კი, ავკრეფ, მაგრამ როგორ გავამთელო გული?.. როდის იყო, ნამსხვრევების შეერთებით მთელდებოდა იგი?.. ან სად ვიპოვო ეს ნაწილები, ხან სად დავფანტე და ხან – სად… ყველგან მიმობნეულია ჩემი გული. როგორ წავიდე და ვიპოვო?.. რაც დამრჩა, ნეტავ ისიც არ დავკარგო…

მბჟუტავი პატრუქივითაა ჩემი გული. ცოტაც და ჩაქრება… ნუ ჩააქრობ მას, უფალო… მიეცი საწვავი, რათა აინთოს და უკეთესად გაანათოს, თორემ სადაცაა, ჩავქრები… სული მელევა… ნუ დაუშვებ ჩემს ჩაქრობას… ეს სამყარო ხომ ისედაც სავსეა ჩამქრალი გულებით, რომლებიც ერთ დროს ანთებულნი იყვნენ და შემდეგ ათასმა ცხოვრებისეულმა პრობლემამ და საზრუნავმა გამოიწვია მათი ჩაქრობა… მეც უამრავ საზრუნავში ჩავიძირე, უფალო… ისინი გაუვალი ლაფივით დამაწვა… რაც უფრო წინ წასვლას ვცდილობ, მით უფრო ვეფლობი… მითრევს ეს ჭაობი… ვერაფერს ვეჭიდები… ამ ჭაობს ფსკერი არ გააჩნია… ვიფლობი და ვერ გამოვდივარ ამ პრობლემებისგან… რადგანაც შენ დაგშორდი, ღმერთო, ვგრძნობ, რომ მითრევს უმომავლობა, უიმედობა, უსახსრობა, უსამსახურობა, მარტოსულობა და უმეგობრობა; შური მითრევს, შუღლი და უთანხმოება; ეგოიზმი მაქცევს თავის მარწუხებში… ყველაფერი ჩემს ჩათრევას ცდილობს… პასუხისმგებლობის ბორკილებში ვარ… ტვირთს ვერ ვიშორებ ზურგიდან… არადა, როგორ სწყურია ჩემს სულს თავისუფლება… ბოლოს როდის ვიგრძენი ნეტავ სიმსუბუქე?..

მაკლია ღრუბლებზე სიარულის შეგრძნება… მომენატრა მსუბუქად სიარული… მომენატრა შენი ხელის ჩაჭიდება… შენი ღიმილი უკვე დამავიწყდა… შენი ხმა დიდი ხანია, არ გამიგონია… შენს სუფრასთან ბოლოს როდის ვიყავი, აღარ მახსოვს… აღარაფერი მახსოვს შენზე, უფალო… დამავიწყდა, როგორია შენთან ყოფნა..

და მე ამ ჭაობში ვიძირები…

ცოდვის ბორკილებში ვარ…

გამათავისუფლე, – ვიძახი დამონებული.

მიშველე, – ვიძახი სულგამწარებული.

ხელი მომკიდე, – ვამბობ მიტოვებული.

ამამაღლე, – ამოვთქვამ დამცირებული.

ჩემ მაგივრად შური იძიე, – შემოგღაღადებ იმედგაცრუებული.

დამცინიან ჩემი მტრები. ისე მექცევიან, თითქოს ძაღლი ვიყო ან მათი გასართობი სათამაშო. ხმა ამოიღე ჩემ ნაცვლად, უფალო, და სამაგიერო გადაუხადე! მე ხომ არ მაქვს შურისძიების უფლება… შენ იმოქმედე! ნუთუ ვერ ხედავ, რომ შენს შვილს ამცირებენ. ასწავლე გაკვეთილი მათ! ჩემი გულის იარები კი მოაშუშე. დავით მეფეს ხომ უსმენდი, მისი ღაღადი ხომ არ გამოგრჩენია. ასევე მოაპყარ ყური ჩემს ვედრებას… სამართალი აღასრულე. ნუ გაიხარებს ბოროტი ჩემზე! შემიბრალე! ამამაღლე!

ღმერთო, მომეცი ძალა, რომ შეგისრულო დადებული პირობა, რომ აღარ დავარღვიო ისინი, აღარ გაგიცრუო იმედი; ჩემი საკუთარი ძალისხმევით ამას ვერ შევძლებ; მომეცი ძალა, რომ ვიყო მადლიერი და მუდამ გაღიარებდე ჩემს მხსნელად!..

27 ივლისი, 2023 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

ღმერთი – ყველაზე მშვენიერი მელოდია

მარიამ ბაიდაშვილი 30 ივნისი, 2023
მარიამ ბაიდაშვილი

ჩემში აქროლებულო სიოვ, ყველაზე მშვენიერზე დავწერ, შენზე, უფალო.

ქროლა ხარ ქარის, თბილი ნიავი; გაზაფხულის მზეზე გაფურჩქნილი ხის სურნელი გაქვს; ყოველდღე ახლდები, შენ ისევ ამბობ და ქმნი; იძვრი გაუნათებელ სივრცეში და სიცოცხლეს ბადებ; იძვრი უდაბურ მიწაზე და აყვავებ. ბოროტ მეფედ გაქციეს, რომელიც ცოდვებს ითვლის; შენი არსებობა დაამახინჯეს და ჩარჩოებში გამოგკეტეს. მე კი გხედავ, როგორც მქროლავ სიოს, გაზაფხულის სურნელს რომ აფრქვევს. თბილი ქარი ხარ ჩემში მქროლი, მინდვრის ყვავილების ფერია შენი სამყარო და შენი ხმა – ხავერდოვანი. მეფე ხარ, მთელი ზეცის მხედართა წინამძღოლი, მე კი შენი ასული, შენი დიდებული სამეფოს წევრი, უმაღლესი რანგის წარმომადგენელი, ეს ჩემი სიმდიდრე და ჯილდოა.

ჩემში აჟღერებულო ყველაზე ლამაზო მელოდიავ, მე შენზე დავწერ და გაგიცნობენ. ვეტყვი სამყაროს, რომ შევიცანი ღმერთი და ავცეკვდი, უზენაესის წინაშე ფრთები გავშალე და სამყარო შევიგრძენი, ამოვიცანი შენი მშვენიერი ხელწერა. შენ თქვი და მთელი მხედართმთავრობა და ზეცის არმია მოიხმე დედამიწის შესაქმნელად, შენი სულის სუნთქვა ამჩნევია ამ პლანეტის მისტიკურ და განუზომელ სილამაზეს.

აღტაცებული ვარ შენი შეცნობით და გონება გაზაფხულის მზეზე მიფიცხებული მინდორივით მიყვავილდება. სამყარო სხვანაირი გახდა, უფრო ღრმა, მშვენიერი, იდუმალი. გაუფასურდა კანონები, წესები, ჩარჩოები, რომლებიც შენს გასაცნობად მოიგონეს; შენ მეტი ხარ, ვიდრე წესები; შენ მეტი ხარ, ვიდრე რელიგიები, ვიდრე აგებული ტაძრები; მეტი ხარ, ვიდრე ის პოლემიკა შენზე, რომელიც სიძულვილს და დავას ბადებს. შენ მეტი ხარ და ეს უნდა იცოდნენ. აარონის ხის კვერთხი შენს თანდასწრებაში აყვავდა. სადაც შენი სული ქრის, იქ თავისუფლება ამსხვრევს დადებულ ბორკილებს; შენს  ნაკვალევზე მშვენიერი ყვავილები იზრდება; თავისუფლდებიან ადამიანები სიმძიმისგან და ბნელეთის ჩრდილისგან.

შენი სუნთქვით გავცოცხლდი, რომელიც იძვრის ჩემში. მე ვეტყვი ხალხს, როგორია ღმერთი; შეგიცნობენ და მოგეკვრებიან; შეგიცნობენ და გული შენზე სიყვარულით აუძგერდებათ. შენ აქ იყავი, აქ ხარ და შენი ხელწერა სამუდამოდ აღბეჭდილია ადამიანზე.

შენ მეტი ხარ, ყველაფერზე მეტი! ჩემი სული შენსას მიეკვრება და მშვენიერ განზომილებაში ვიფრენ უსასრულოდ…

მიყვარხარ!..

30 ივნისი, 2023 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ბლოგები

იბადები, ადამიანო

ნინო ხუროშვილი 1 ივნისი, 2023
ნინო ხუროშვილი

იბადები, ადამიანო, და არ იცი, სად რა შეგხვდება ათასნაირად დაკლაკნილ, მიხვეულ-მოხვეულ და ქვაღორღიან გზაზე, რომელსაც ცხოვრება ჰქვია… არ იცი, რამდენ ადამიანს გადააწყდები: ბოროტსა თუ კეთილს… არ იცი, რამდენი ღამე გაგითენდება და რამდენი დღე დაგიღამდება და როდის დადგება ის წამი, როცა შენთვის დედამიწა ბრუნვას შეწყვეტს, მზე ერთ ადგილას გაშეშდება და მკერდიც დაგეცლება ჰაერის უკანასკნელი ნაკადისგან…

სანამ ეს წამი დადგებოდეს, ცხოვრობ… ცხოვრობ… მორევში მოხვედრილი თევზივით, თავს რომ ვერ აღწევს წყლის ნაკადს და მიჰყვება და მერე ეჩვევა კიდეც და აღარც ახსოვს, როდის მოხვდა ამ თავბრუდამხვევ ორომტრიალში.

ადამიანებიც მივეჩვიეთ დღეების ორომტრიალს… წამების, წუთების, საათების მორევს… ყველას რომ გვითრევს და აღარ გვაძლევს უფლებას, რომ მშვიდი წყლებისკენ გავცუროთ და დავისვენოთ. ცხოვრება აღარ გვაცდის, რომ ხანდახან გავჩერდეთ და დავფიქრდეთ. ცხოვრებამ ფიქრის, ანალიზის, საკუთარ თავში ჩაღრმავების უნარი წაგვართვა. აღარაფერი გვიკვირს. ამა და ამ ქალაქსა თუ ქვეყანაში ესა და ეს მოხდა და ამდენი და ამდენი ადამიანი დაიღუპა… იქ ის მოკლეს… ამდენი და ამდენი გამოაძევეს საცხოვრებელი ადგილებიდან… ამდენი და ამდენი შიმშილით, წყალდიდობით, მიწისძვრით თუ სხვა უბედურებით დაიხოცა… და ამას უკვე რეაქციის გარეშე ვისმენთ… იმდენად მივეჩვიეთ, რომ ცრემლიც კი აღარ გვადგება თვალზე… და მიდის ეს ამაოებათა ამაოება თავის კალაპოტში, რასაც ცხოვრება ჰქვია და სადაც ადამიანები მხოლოდ უსარგებლო და ფუჭი საქმიანობით არიან დაკავებულნი.

გაჩერდი! ადამიანო, გაჩერდი! შეჩერდი! ჩაახშე გარშემო ყველა ხმა და საკუთარ თავში ჩაიხედე… დღეს კიდევ ერთი სიკვდილის შესახებ გაიგე… ოდნავ შეგიტოკდა გული და მერე ისევ განაგრძე შენი ჩვეული საქმიანობა. ხვდები? ხვდები იმას, რომ თითქოსდა გვერდიდან აკვირდები ცხოვრებას, როგორც თეატრში ან კინოში სკამზე მჯდომი ერთ-ერთი რიგითი მაყურებელი და უყურებ ცხოვრების წარმოდგენებს?!.. ბანალური შედარებაა, აქამდეც ბევრს უთქვამს ეს. უყურებ და ხედავ: ვიღაც ქორწინდება, ვიღაც თხოვდება, ვიღაც ავადმყოფობს, ვიღაც კვდება… ვიღაცას სტკივა, იტანჯება… ვიღაცა გამოსავალს ეძებს და ვიღაცა ბრმად ხტება განსაცდელში.

ადამიანები ერთმანეთის მიყოლებით ქრებიან სცენიდან, სიცოცხლეს ტოვებენ და შენ ამას მხოლოდ უყურებ რიგითი მაყურებელივით, თითქოსდა ბილეთი გქონდეს ნაყიდი, რომ ამ ცხოვრებაში შემოსულიყავი და სხვა ადამიანთა სიცოცხლის რეალურ წარმოდგენას დასწრებოდი. იმაზე კი არ დაფიქრებულხარ, ქვეშეცნეულად მაინც, რომ შენც ვიღაც გაკვირდება და გიყურებს ასე? ახლა მაინც გაჩერდი და დაფიქრდი.

იცი, როდის შეწყდება შენი სიცოცხლე გადაჭრილი ძაფივით? იცი, როდის დასწყდებათ გული ახლობლებს მაინც შენ გამო? იცი, როდის აღარ გააგრძელებს სვლას მზე? იცი, როდის განქარდება ეს ამაოებათა ამაოება? არ იცი… და არც გინდა ფიქრი… გაურბიხარ… თავს არიდებ, თუმცა ქვეცნობიერად ეს ფიქრი სულ თან გდევს და არ გშორდება. ჰოდა, გაჩერდი… თვალი გაუსწორე სინამდვილეს… თვალი გაუსწორე იმას, რაც ამ რეალობაზე მეტად რეალურია. მზად ხარ იმ წუთისთვის? მზად ხარ ამ წარმოდგენის დასასრულისთვის? ფარდის დაშვებისთვის?..

იბადები, ადამიანო, და არ იცი, სად რა შეგხვდება ათასნაირად დაკლაკნილ, მიხვეულ-მოხვეულ და ქვაღორღიან გზაზე, რომელსაც ცხოვრება ჰქვია… არ იცი, სად და როდის შეწყდება დღეების ორომტრიალი. არავინ გამოგყვება ბოლომდე… ყველას სხვადასხვა მხარეს გაიტაცებს მორევი. მარტო რჩები? არა, თუ ღმერთს მოუხმობ მაგ მორევიდან… წყნარი წყლებისკენ ის წაგიძღვება… და მოგასვენებს, თუნდაც მორევმა გარშემო ყველაფერი შთანთქას… და მერე უკვე მზად იქნები იმისათვის, რომ შენც წახვიდე. მზად იქნები იმისათვის, რომ შეწყდეს ქარის ქროლა, დაბნელდეს მზე, გაწყდეს ძაფი… მზად იქნები, წახვიდე მარადიულ სახლში…

იბადები, ადამიანო, და არ იცი, როდის დასრულდება შენი სიცოცხლე, მაგრამ ერთი რამ შეგიძლია იცოდე: ვინ იქნება შენ გვერდით ცხოვრების ბოლოს და ვისთან იქნები მარადისობაში… ეს კი შენ უნდა აირჩიო…

1 ივნისი, 2023 0 კომენტარი
0 FacebookTwitterPinterestEmail
ახალი ბლოგები
ძველი ბლოგები
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 2

    მხსნელი უფალი

    26 თებერვალი, 2020
  • 3

    ღმერთი არ არის საშუალება

    5 დეკემბერი, 2022
  • 4

    მედროვე ადამიანთა ქმედებები…

    22 მარტი, 2019
  • 5

    ფიზიკური ნაკლი არ არის პრობლემა…

    7 ოქტომბერი, 2020


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ