ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ

აღდგომამდე გზაა გასავლელი…

თამუნა ბაღდავაძე 30 აპრილი, 2021
თამუნა ბაღდავაძე 30 აპრილი, 2021 270 ნახვა
270

აღდგომა მოდის… სინათლის, სიხარულის, იმედის, სიცოცხლის და გამარჯვების დღე. აღდგომა მოდის და გვიხარია… მაგრამ აღდგომამდე დიდი ხუთშაბათია, შემდეგ სისხლიანი წითელი პარასკევი და ბოლოს, ყველაზე შემზარავად მდუმარე შაბათი. აღდგომამდე გზაა გასავლელი…

აღდგომა მოდის და არ მინდა დავივიწყო, აღდგომას რა ახლდა თან, კვირა დღემდე. მინდა, ისევ გავაცოცხლო ჩემს გულში ის ყველაფერი, რამაც აღდგომა აღდგომად გახადა.

დღეს გვერდზე ვდებ ყველას და ყველაფერს და მოგყვები, უფალო. გეთსიმანიის ბაღში აგონიაში რომ ლოცულობ, იქ მინდა ვიყო, შორიახლოს, და შენთან ერთად ვლოცულობდე. მაშინ ვერც ერთმა ვერ ვიფხიზლეთ, მაშინ ბრმები და ყურმძიმენი ვიყავით და ძილს ვერ მოვერიეთ, 1 საათიც კი ვერ ვიფხიზლეთ შენ გვერდით. მაშინ გულმძიმენი ვიყავით და ვერ შევამჩნიეთ, რა ხდებოდა შენს შინაგანში. მერე რა, რომ ბოლომდე არ გვესმოდა, მერე რა, რომ არ ვიცოდით და ვერ ვხვდებოდით, რა მოხდებოდა და რას გააკეთებდი ჩვენთვის, ჩვენ ხომ შეგვეძლო – გვეგრძნო შენი გული და სულის მღელვარება და უბრალოდ შენ გვერდით ვყოფილიყავით… დღეს მინდა, შენ გვერდით ვიყო, მდუმარედ ვიდგე მუხლებზე შენ გვერდით, გწმენდდე სისხლს, ოფლად რომ მოედინება შენს სახეზე და შენთან ერთად ვღვრიდე გულს მამის წინაშე.

მინდა, განკითხვის და გასამართლების გარეშე შევხედო, როგორ გკოცნის იუდა და ის ტკივილი შევიგრძნო, რაც შენ მისდამი გქონდა. მინდა, სიბრაზის გარეშე შევხედო იმ ჯარისკაცებს, სახეში რომ გირტყამენ, გაფურთხებენ და დაგცინიან და დავინახო მათში ის, რასაც შენ ხედავდი მაშინ – ურჩ, გზააბნეულ, დაბრმავებულ, მაგრამ საყვარელ ქმნილებას, რომელიც აუჯანყდა კეთილ შემოქმედს და ჰგონია, რომ მართალია.

მდუმარედ მინდა ვიდგე შენ გვერდით და მთელი არსებით განვიცდიდე ყოველ შოლტს, რომელიც მე მეკუთვნოდა, მაგრამ არცერთი არ მიმიღია, ყველა ამცდა და მძვინვარე რისხვად დაატყდა შენს ზურგს.

უხმოდ მინდა გამოგყვე გოლგოთისკენ და შენთან ერთად გავიარო მწუხარებისა და ტანჯვის გზა. მინდა ის ჯვარი გამოგართვა, ძლივს რომ მიგაქვს დამტვრეული სხეულით და შენ ნაცვლად ვზიდო.

მინდა, შენს ჯვართან ჩამუხლულმა ყელში დიდი ხნის გაჩხერილი ტკივილი ამოვხეთქო და ცრემლებად გადმოვღვარო.

არა, არ მოგაწვდი ძმრიან ღრუბელს ტკივილების გასაყუჩებლად, ვიცი, არ შესვამ. გადაწყვეტილი გაქვს, მთელი სიმძაფრით განიცადო ცოდვის საზღაური და სრულად შესვა ის სასმისი, მე რომ მეკუთვნოდა.

მინდა, ჩემი მოსასხამით შეგმოსო და დავფარო სიშიშვლე შენი სხეულისა. ეს სირცხვილიც მე მეკუთვნოდა, მაგრამ შენ ამარიდე და საკუთარ თავზე აიღე.

მინდა იქ ვიყო, შენს ჯვართან მუხლმოყრილი და გულმოდრეკილი ბოლომდე, ვიდრე არ ჩამოგხსნიან განგმირულს და ნატანჯს, რომ ნელსაცხებლების ნაცვლად ჩემი ცრემლებით განგბანო და დაგასვენო იქ, სადაც უკუნეთი სიბნელის შემდეგ სინათლეს ამოაბრწყინებ.

მინდა, შენი ტკივილი სულით მაინც გავიზიარო, გულით მაინც ვატარო, როგორც ყველაზე ახლობელმა. მინდა, მარტოობას და უარყოფას გადაგარჩინო ჯვარზე, მინდა, მაგრამ არ შემიძლია, იმ დღეს მე შენთან არ ვიყავი. იმ დღეს არავინ იყო შენთან და მარტოდმარტო, ჯვარზე გაკრული, ნაწამები ჩუმად კვდებოდი ყველასგან მიტოვებული, ყველას სახსნელად და გადასარჩენად.

თამუნა ბაღდავაძე

საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის წევრი.
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ქრისტიანულ არხში.

დატოვე კომენტარი პასუხის გაუქმება

შეინახე ჩემი სახელი, ელ.ფოსტა და ვებგვერდი ამ ბრაუზერში, შემდგომი კომენტარების დასატოვებლად.

შემთხვევითი ბლოგები

რით კვებავ შენს ურთიერთობებს?

31 ივლისი, 2019

მშვიდობა სძლევს ომს

1 მარტი, 2022

ადამიანებს სცივათ და შიათ

23 იანვარი, 2023

მე შევცოდე…

20 დეკემბერი, 2019

მალე უფალი გოლგოთას შეუდგება

15 აპრილი, 2020

სიყვარული, რომელმაც სიკვდილი დაამარცხა!..

1 მაისი, 2019

ომი, როგორც დაფარულის გამოაშკარავება

17 მარტი, 2022

ნუ მოირგებ ნიღაბს…

3 ივლისი, 2020

ნახევარი სიმართლე სრული სიცრუეა

14 ივლისი, 2020
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 2

    საკუთარი დედის გინების შესახებ…

    7 მარტი, 2019
  • 3

    სტანდარტული ქრისტიანობა საკმარისი არ არის

    19 მარტი, 2019
  • 4

    შენ ხარ ჩემთან, ჩემს გადასარჩენად!

    5 მაისი, 2020
  • 5

    ენდე ღმერთს

    11 მარტი, 2021


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ