ეკლესიისაკენ გულდამძიმებული მივაბიჯებ. მგონია, რომ იქ ჩემი ადგილი არ არის, რომ იქ ყველა განწმენდილი მოდის, ჩემ გარდა. თითქოს სიარულს განვაგრძობ, მაგრამ ფეხები უკან მრჩება… ისიც კი გავიფიქრე, იქნებ აჯობებს, სახლში დავრჩე, ღმერთს ასეთი ვერ დავენახვები – ცოდვილი და ჭუჭყიანი-მეთქი. აგერ, უკვე მივუახლოვდი ეკლესიის შენობას და ახლა უკან ხომ აღარ გავბრუნდები?.. შევდივარ და აქეთ-იქით თვალების ცეცებას ვიწყებ. ვფიქრობ: იმედია, ვერ ამჩნევენ, გასაწმენდი გულით რომ ვარ შემოსული. მავიწყდება, რომ გულებს მხოლოდ უფალი ხედავს და არა ადამიანი. და რომც ხედავდნენ გულებს, ისინი ვერ განმსჯიან, მხოლოდ უფალს შეუძლია ჩემი განსჯა და გასამართლება.
გალობას იწყებენ მგალობლები. თავიდან ვყოყმანობ, მაქვს თუ არა საერთოდ უფლება, განვადიდო უფალი? მაგრამ შემდეგ მახსენდება, რომ მას ყველა შემთხვევაში ეკუთვნის ქება-დიდება და მე ვინ ვარ, რომ არ მივუძღვნა?! ის გულწრფელ ქებას ყველა ადამიანისგან მიიღებს, არ უარყოფს, და რაც მთავარია, უფალს არ ეშლება ადამიანების წრფელი გულის დანახვა… მართალია, ახლა მაქვს უსუფთაო გული, მაგრამ საგალობლების გალობასთან ერთად მახსენდება, რამდენი რამის გამო ვარ მადლიერი ჩვენი უფლისა: მადლობელი ვარ, რომ მილიონობით ავადმყოფი ადამიანისგან განსხვავებით, ჯანმრთელი ვარ; რომ სხეულის ყველა ნაწილს ვფლობ; რომ არ მაკლია ფიზიკური სიჯანსაღე, ასევე გონება და სხვადასხვა ნიჭი, ყოვლისშემძლე უფალს რომ უბოძებია ჩემთვის; მადლობელი ვარ, რომ მაქვს საკვები, ტანსაცმელი და სხვა საჭირო ნივთები; რომ შემიძლია სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა; მადლობელი ვარ იმის, რომ მყავს მშობლები, მეგობრები; რომ არსებობს ეკლესია, სადაც დაუბრკოლებლად მოვალ და მის სიტყვას მოვისმენ; მადლობას ვუხდი მას იმისთვის, რომ დაადგინა მქადაგებლები, მგალობლები და მასწავლებლები ეკლესიაში… მადლიერების შეგრძნებასთან ერთად ვგრძნობ, ჩემი გული როგორ რბილდება და სათნო ხდება; სითბო მეღვრება გულში; თვალებიდან ცრემლების ნაკადი მორაკრაკებს ჩემს სახეზე და ვეღარ ვმალავ მათ.
მიხარია… მიხარია, რომ სახლში დარჩენა არ გადავწყვიტე. ასე რომ მოვქცეულიყავი, ხომ იგივე ადამიანი დავრჩებოდი. აქ, ეკლესიაში კი უფალი მელოდებოდა, რადგანაც სურდა – შევეცვალე, აქ ის მელაპარაკება, აქ ის თვალებს მიხელს…
გალობას ქადაგება მოჰყვა. მქადაგებელი ამბობს, რომ უფალი არ გვდებს მსჯავრს; ეს ეშმაკია, რომელიც ყველანაირად ცდილობს ჩვენს განადგურებას!.. უფალი, რომელიც ჩვენი მამაა, როგორ ისურვებს ჩვენს მოშორებას?! ის მუდმივად ხელს გვიწვდის, რადგან მას სიცოცხლე, ყოველივე კარგი, სრულყოფილი და სასურველი სურს ჩვენთვის.
ვფიქრობ ამ ყველაფერზე… ეს ხომ უფალია, რომელმაც ჩადო ჩემში სურვილი ეკლესიაში მოსვლისა; ეს უფალია, რომელმაც არ დაუშვა ჩემი დაღუპვა, რომელმაც გადამარჩინა და მიუხედავად ჩემი შეცდომებისა, ისევ მაძლევს შანსს, რომ მოვინანიო, განვიწმინდო და მასში ვიარო. ის მამაა ჩვენი, საყვარელი მამა… ის საყრდენია, რომელიც თუ გამომეცალა, არარაობა შევიქნები და ჩემი სიცოცხლე აზრს დაკარგავს. ვგრძნობ, თუ როგორ მჭირდება უფალი!.. როგორ წავიდე და სხვას ვუქადაგო, თუ მე თვითონ უღირსი ვარ?! მე უფალი მჭირდება… ეკლესია მჭირდება… სულიერი საკვების მიღება მჭირდება… მჭირდება, გავიზარდო უფალში… ხშირად გვავიწყდება, რომ გაზრდაა საჭირო; რომ ერთსა და იმავე ადგილზე არ უნდა დავრჩეთ… და რას ვაკეთებთ, რომ სულიერად გავიზარდოთ? ვუჯერებთ და ვემორჩილებით უფალს? თუ მუდმივად ჩვენი გზებით დავდივართ, რომელსაც ხშირად სიცარიელე და გრძნობებისგან დაცლა მოაქვს? კი, ხშირად ასეც ვიქცევით. გავრბივართ უფლისგან, რადგან გვირჩევნია, ჩვენს სურვილებს მივანიჭოთ პრიორიტეტი. თუმცა, ყველა სურვილს როდი შევყავართ უფლის სამეფოში.
ქადაგება სრულდება. ვიცი, რომ დღეს სწორად ავირჩიე, როდესაც ეკლესიაში მოსვლა გადავწყვიტე, რადგან აქ მამხილა უფალმა, აქ დამარიგა, აქ ისევ მასწავლა ლოცვა და გალობა. აქ ისევ ვიგრძენი უფლის თანდასწრება. ჩვენ სწორედ იმისთვის ვართ შექმნილნი, რათა უფალს ვცეთ თაყვანი, მის თანდასწრებაში ვიყოთ მუდმივად, რადგან ეს სწორედ მისი თანდასწრებაა, რომელიც გვათავისუფლებს და ამსხვრევს ცოდვის ბორკილებს და ეშმაკის ზრახვებს.
გინდა, რომ შენც გათავისუფლდე?
მაშინ მოუხმე იესოს და სთხოვე შენი გაქვავებული გულის მოლბობა;
სთხოვე, გასწავლოს მადლიერება;
სთხოვე, გაგხადოს თავისი მსგავსი;
სთხოვე, აგანთოს ისეთი რწმენით, რომელიც მთებს გადაგაადგილებინებს;
სთხოვე, მოგცეს მსახურის გული, რომ მის გამო ყველგან წახვიდე და ყველაფერი გააკეთო, რასაც ის დაგავალებს;
სთხოვე, რომ გაგათავისუფლოს ყველა მანკიერებისა და დამოკიდებულებისგან…
და იცოდე, რომ რაც არ უნდა ცოდვილად გრძნობდე თავს, უფალი სულ გელოდება… გაიქეცი მის სახლში – ეკლესიაში; ნურავის შეხედავ; ნუ მოუსმენ ეშმაკს, უფალს მოუსმინე; და არ არსებობს ეკლესიაზე უკეთესი ადგილი უფლის სიტყვის მოსასმენად. გაიქეცი, უფალთან შესახვედრად. ის მომლოდინე გულებს მუდამ ელოდება… ის გელოდება შენ, დიახ, სწორედ შენ გელოდება!..