ბიბლიაში ხომ მრავალი ისტორიაა მოცემული? ყველა საინტერესოა, მაგრამ ისინი სასარგებლო მაშინ ხდება, როცა გავიგებთ, რომ ყველაფერი „ჩვენს სასარგებლოდ დაიწერა“.
მინდა, მოგიყვეთ ერთი მეფის გარშემო დატრიალებული ამბავი ბიბლიიდან, რომელიც გამარჯვების საოცარ ტაქტიკას გვასწავლის. ამ მეფის სახელს შეგნებულად არ გეტყვით, რათა მთელი ეს ისტორია ჩვენამდე დავიყვანოთ და დავიმახსოვროთ არა ამბავი მეფის შესახებ, არამედ გაკვეთილი, რომელიც მასშია გადმოცემული.
ისტორია მოგვითხრობს, რომ ისრაელის წინააღმდეგ ძლიერი ურდო გამოვიდა.
შეუძლებელ მდგომარეობაში ყოფილხარ? გქონია მომენტი, როცა წარმოდგენა არ გაქვს, რა უნდა გააკეთო? გარშემორტყმული ხარ ისეთი ვითარებით, რომელიც კარგს არაფერს გიქადის?
ალბათ იტყვი: „უკვე კარგა ხანია, ასე ვარ!“ ან: „ახლა ზუსტად ამ მდგომარეობაში ვიმყოფები!“
ჰო, და ამ დროს რას აკეთებ?
მოდი ვნახოთ, რა გააკეთა მეფემ:
I. „შეშინდა და სახე უფლის საძიებლად იბრუნა“ (მე-2 ნეშტ. 20:3).
ეს შიში მაგონებს არსებული სიტუაციის კარგად გაანალიზების შედეგად გამოწვეულ პირველ ემოციას. რამდენად სერიოზულად აღიქვამ იმას, რაც ხდება შენ გარშემო? ნუ იფიქრებ მარტო პრობლემაზე. იქნებ ოცნება გაქვს? იქნებ იბრძვი მიზნისთვის. რამდენად სერიოზულად აღიქვამ იმას, თუ რისთვის ხარ დაბადებული და მოწოდებული? თუ იმდენად სერიოზულად, როგორც ის მეფე, მაშინ ღრმად დაფიქრდები, და თუ სიბრძნეც გაქვს, მაშინ დაიწყებ უფლის ძიებას.
ეს შიში კიდევ მაგონებს მოწიწებას უფლისადმი.
ძალიან ბრძნული გადაწყვეტილებაა, ჯერ უფალს დაეკითხო, როგორ იპოვო გამოსავალი. რადგან გამოცდილია სიტყვები: „უფალს მიანდე შენი საქმეები და შენი გეგმები განმტკიცდება“ (იგავნი 16:3).
და ამას თან დაურთო მარხვაც. იმდენად სერიოზულად აღიქვა მეფემ დამდგარი სიტუაცია, რომ მარხვა გამოაცხადა. არა, მან უფრო სერიოზულად აღიქვა: მარხვა არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედ მთელი იუდასთვის გამოაცხადა!..
ყველას და ყველაფერს ჩართავს, ოღონდ არ დამარცხდეს! მეგობრებო, ახლობლებო, მთელო ერო! მე უნდა დავამარცხო მტერი!
უნდა მივაღწიო ჩემს მიზანს. მე ოცნება მაქვს! ამიტომ მოდით, ყველანი ჩაერთეთ. ყველა ღონეს გამოვიყენებ, რათა გავიმარჯვო! ყველა ძალას მოვიკრებ, რომ მიზანს მივაღწიო! – ფიქრობს ის.
ეს არის პირველი ნაბიჯი, რომ დაფიქრდე, სერიოზულად მოეკიდო შენს მდგომარეობას და მოწიწებით დაიწყო უფლის ნების ძიება.
II. იქ მისვლა, სადაც უფლის ხმას გაიგონებ.
„შეიკრიბა იუდა, რათა ეძიათ უფლისაგან შეწევნა; …იერუსალიმის კრებულში, უფლის სახლის ახალი ეზოს წინ.“
სად მოისმენ უფლის ხმას? ისრაელისთვის, უმეტესად, უფლის ხმის გაგონება კონკრეტულად იერუსალიმში, უფლის ტაძარში იყო შესაძლებელი. ამიტომ იქ მიდის მეფეც და ერიც. მიდის, ლოცულობს და იღებს კიდეც პასუხს წინასწარმეტყველის ბაგით.
შენ რა საშუალებას მიმართავ, რომ ღმერთის ხმა გაიგონო? სად მიდიხარ? რას კითხულობ? რას ისმენ? ჩვენ ვიცით, რომ ბიბლია მოგვეცა წასაკითხად. ვიცით, რომ უფალმა ეკლესია დააფუძნა. ასევე ვიცით, რომ ის ბუნების მეშვეობითაც გვესაუბრება. ვიცით, რომ ის ადამიანებს, მქადაგებლებს, მასწავლებლებს და წინასწარმეტყველთაც იყენებს კონკრეტული უწყების გადმოსაცემად. მიდი იქ, სადაც უფალი ნათლად დაგელაპარაკება. მოძებნე ეს ადგილი. უფალი ამბობს: „თუ ძებნას დამიწყებთ, თავს გაპოვნინებთ.“
და ასევე: „მთელ დედამიწას ადევნებს თვალს უფალი, რათა განამტკიცოს და მხარი დაუჭიროს მათ, ვინც მთელი გულით მასზე არიან მინდობილნი“ (მე-2 ნეშტ. 16:9).
არ დაიჯერო, რომ შენ მიმართ უფალს არ აქვს სათქმელი. ეძიე და იპოვი!
უფალი ასრულებს თავის აღთქმებს. ლოცვისას მიმართე მას. გაიხსენე მისი სიტყვები და დაპირებანი. ისრაელიანებმა ლოცვისას წარმოთქვეს, რომ ღმერთი ბატონობს ცაში და მიწაზე, რომ მის ხელთაა ძლიერება.
გაიხსენე, რა დაპირება ან აღთქმა დაგიდო უფალმა. როგორც ღმერთის შვილს, შენ აუცილებლად გექნება სიტყვა უფლისგან.
III. ღმერთის სიტყვა კონკრეტულია და არა ზოგადი.
„ჩადით ხვალ მათთან“ (მუხლი მე-16).
„განა ჩემ მიმართ იქნება კონკრეტული?“ რატომაც არა? ნახეთ, ეს ისტორია როგორ გრძელდება. ალბათ, ისრაელსაც უჭირს, ამხელა ურდოს წინაშე საომრად გავიდეს. მას სჭირდება ხელჩასაჭიდი, რამე კონკრეტული, რომ გავიდეს და დაიწყოს ბრძოლა გასამარჯვებლად. და რაკი ითხოვეს სწორ ადგილას, აჰა, გამოჩნდა ღმერთის სიტყვა: „ჩადით ხვალ!“ – ეს იყო პირველი სიტყვა მათდამი. პასუხი მიიღეს, თუმცა მეტად დაკონკრეტება სჭირდებათ. ჯერ მხნეობა არ მოუკრებიათ. რამენაირად უნდა დარწმუნდნენ! არის მეტი დაზუსტებაც: „ისინი ჰაციცის მაღლობზე ამოვლენ.“ ჩვენთვის უცნობია ეს მაღლობი, მაგრამ მათ ხომ ზუსტად იცოდნენ! ეს მეტად დამაჯერებელია და დარწმუნებულობას მატებს მათ, მაგრამ კიდევ რაღაც აკლია თითქოს. უფრო კონკრეტულადაც შეიძლება? დიახ: „და ხევის ბოლოს.“ გასაგებია. გასაგებია. უკვე იციან სადაც, მაგრამ კიდევ ერთი დაზუსტება, შეიძლება? ადამიანები ეჭვიანები არიან! მეტი სიზუსტე გვჭირდება და დავიჯერებთ, რომ ზუსტად ღმერთი გვგზავნის და ის იქნება ჩვენ გვერდით. კიდევ ერთი ხმა და მინიშნება მჭირდება, რომ დავრწმუნდე ღვთის სიტყვაში! და აჰა, ბოლო აკორდიც: „იერუელის უდაბნოს წინ წააწყდებით მათ.“
წავედით! ღმერთის სიტყვა კონკრეტულია და არა ზოგადი! მას შეუძლია ქალაქში, კონკრეტულ უბანში, ქუჩასა თუ მის გადაკვეთაზე, აი, იმ კუთხესთან მიგიყვანოს. დეტალურად დაგიზუსტოს. თუ სერიოზულად მოეკიდები და დაიწყებ უფლის ნების ძიებას, მაშინ კონკრეტულად გაიგებ, რომელ სასწავლებელში ჩააბარო, რა ისწავლო; დაიწყო თუ არ დაიწყო; გარისკო თუ არ გარისკო, წამოიწყო თუ შეაჩერო; ის ადამიანი აირჩიო თუ სხვა ადამიანი… ყველაფერს მოისმენ, და დეტალურად მოისმენ, თუკი ასე იმოქმედებ.
დავითის ერთი ისტორიაც, რომელიც დაგვარწმუნებს, რომ ღმერთის სიტყვა კონკრეტულია.
თავიანთი მტრების, ფილისტიმელთა შემოსევისას დაეკითხა უფალს და პასუხად მიიღო: „გადი!“
განდევნა დავითმა ისინი, მაგრამ მცირე დროში ისევ დაბრუნდნენ ფილისტიმელნი.
და „ისევ დაეკითხა დავითი ღმერთს.“ და ნახეთ, რა კონკრეტული პასუხია: „პირდაპირ ნუ მიუდგები”.
აბა, როგორ?
„უკნიდან მოუარე.“
უფრო მეტიც შეიძლება? დიახ! „ბალსამონის ხეების მხრიდან მიადექი.“ ჩვენ არ ვიცით ბალსამონის ხეები, მაგრამ მათ ზუსტად იციან. უკვე მზად არიან და საბოლოო სიტყვა სჭირდებათ, რომ ეკვეთონ!
დაუკვირდით, რა სიზუსტეა!
„როგორც კი ბალსამონის ხეთა კენწეროებიდან შრიალის ხმა მოგესმება, მაშინ გადი საბრძოლველად, რადგან ღმერთი წაგიძღვება…“
ჩვენ ჩვენი საკუთარი ბრძოლა გვაქვს წარსამართი და ჩვენი ენით დაგველაპარაკება ღმერთი, თუ სად, როდის და როგორ გავიდეთ საბრძოლველად და გასამარჯვებლად!..
ღვთის სიტყვა კონკრეტულია!
IV. გაიგონებ რა კონკრეტულ ხმას – ირწმუნე!
მას შემდეგ, რაც ისრაელის მეფემ მოშიშება გამოიჩინა, უფლის ძიება დაიწყო, თავის ერთან ერთად იმარხულა, ითხოვა და კონკრეტული პასუხი მიიღო; ახლა რწმენის დროა!
მეფემ მოუწოდა: „ისმინეთ ჩემი, იუდეველნო და იერუსალიმის მკვიდრნო! ირწმუნეთ უფლის, თქვენი ღმერთის და განმტკიცდებით; ირწმუნეთ მისი წინასწარმეტყველების და წარმატება გექნებათ“ (მუხლი მე-20).
რწმენის გარეშე ვერ მიაღწევ!
ყველა ხმა რომ გაიგონო, ყველა რესურსი რომ გამოიყენო, ყველა საჭირო ადამიანსაც რომ მოუხმო, მაინც ვერ გაიმარჯვებ რწმენის გარეშე!
ირწმუნე მისი სიტყვა და წარმატება გექნება.
რწმენა ზეცის გასაღებია.
ყველაფრის მიუხედავად, ირწმუნე!
რაც უნდა მოხდეს, ირწმუნე!
დაიჯერე, შენზეც იქნება კონკრეტული სიტყვა ღვთისაგან.
დაიჯერე, ეს შენ ხარ, ვინც გაიმარჯვებს! დაიჯერე, დაიჯერე და კვლავ დაიჯერე!
და ბოლოს:
V. ყველაფერზე წინ – თაყვანისცემა!..
„მოეთათბირა ხალხს და უფლის მგალობლები დააყენა, რათა ევლოთ მეომრების წინ, ექოთ მისი სიწმინდის დიდებულება და ეთქვათ: ‘ადიდეთ უფალი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!’ როცა იწყეს ყიჟინა და ქება, უფალმა შფოთი დაუშვა მკვიდრებზე, რომლებიც იუდას წინააღმდეგ იყვნენ გამოსულნი და გაანადგურა. (მმ. 21-22).
შეგიძლია, წარმოიდგინო მოწინააღმდეგეთა რეაქცია? საბრძოლოდ გასულთ წინ „მომღერლები“ თუ მგალობლები ხვდებიან! მალე მსწრაფლმრბოლელებს გზავნიან მეთაურებთან და ბრძოლის თაობაზე მეომრები ეუბნებიან, რომ გაუგონარი რამ ხდება. ეს სიგიჟეა! ისრაელის მეომრები რაღაცას მღერიან!
ჰო! წინ პატარა გუნდი მოდის და რაღაცას მღერის!
არა, ეს დაუჯერებელია!
ძველად, წინ ხან ძაღლებს, საშინელი გამომეტყველების მქონე მეომრებს, ანდა, საუკეთესო შემთხვევაში, ყველაზე ძლიერ შენაერთს აყენებდნენ, საუკეთესო აბჯრით, გამოცდილებითა და სულისკვეთებით.
მაგრამ აქ რა ხდება! გალობის ხმა ისმის!
იცით, აქ ბრწყინავს ისრაელის ნდობა და რწმენა ღვთისა.
შეიძლება ეს უჩვეულოა, წარმოუდგენელია, შესაძლოა ასე „არ შეიძლება”, მაგრამ ეს არის რწმენა!
გალობითა და თაყვანისცემით ხაზს ვუსვამთ, რომ ღმერთი უზენაესია, ძლიერია, ყოვლისმჭვრეტელია, შემწე და ნუგეშისმცემელია, დამხმარე და გამაძლიერებელია!
იცი, მარტივია, მაშინ იგალობო, როცა ყველაფერი რიგზეა და გემღერება.
ყველა გარემოებას, ცდუნებასა თუ განსაცდელს მრავალნაირი ხმა აქვს. იჩქარე, დროზე გადაწყვიტე! იმოქმედე. გელოდები!
არასდროს არის გვიან, ღმერთის სახის ძიება დაიწყო; მიხვიდე იქ, სადაც გაიგონებ უფლის კონკრეტულ ხმას; ირწმუნო და დიახაც, იგალობო!
წარმოიდგინეთ შემდეგი: უკვე ნატანჯი ისრაელიანები ეგვიპტიდან გაათავისუფლა მოსემ, ღვთის დიადი სასწაულების თანხლებით. ისინი გამოვიდნენ! მოიპოვეს ნანატრი თავისუფლება!
მაგრამ, მოიცადეთ!!! წინ ზღვაა! რაა?!
მოსე, რას აკეთებ?!
უკან გაიხედეს და ეგვიპტის გაშმაგებული არმია მოემართება მათკენ!
დავიღუპეთ! წყევლა-კრულვა აღმოხდათ! აქ უნდა დავიხოცოთ! ეს რა საშინელებაა!
და ამ განწირულ მომენტში, წარმოიდგინეთ (ეს ჩვენი წარმოსახვაა), მოსე ხმას იმაღლებს ერის წინაშე და იძახის: „უფლის სახის ძიება დავიწყოთ და ვუგალობოთ უფალს!“
ხალხი გაცხარდა! რა გვემღერება?! რა დროს ძიებაა?! არანაირი საბრძოლო იარაღი! არაფერი ამდაგვარი! ვიღუპებით!..
მაგრამ ისტორია გრძელდება ასე, რომ ზღვა გაიყო შუაზე და ისრაელიანები მეორე ნაპირზე გავიდნენ, ხოლო ეგვიპტელები დაიღუპნენ. შემდეგ კი ვკითხულობთ: „იხილა ისრაელმა დიადი საქმე… მაშინ უგალობეს მოსემ და ისრაელის შვილებმა… უფალს“ (გამოსვლა 14:31; 15:1).
რა მარტივია იგალობო, როცა ყველაფერი გადალახე, ასეთ დროს ხომ იმედი და რწმენაც აღარ გჭირდება?..
ძველად უთქვამთ, იმედი კარგია საუზმედ, ვახშმად უკვე აღარ ვარგაო.
შეძლებ, იმ კონკრეტული მომენტის დადგომამდე ირწმუნო, რომ უფალი შენ გვერდით იქნება?! მაშინ ეს რწმენა დაგარწმუნებს – ემანუელ – ღმერთი შენთან არს, და გამარჯვებამდეც და გამარჯვების შემდეგაც უგალობებ უფალს.