ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ

დღეს მე არ მოვკვდი…

ნატალია ჩიქოვანი 18 სექტემბერი, 2020
ნატალია ჩიქოვანი 18 სექტემბერი, 2020 277 ნახვა
277

დილით ბავშვებისთვის არ მიკოცნია, ონლაინგაკვეთილებს უსხდნენ.  მეუღლეს ეზოში დავშორდი, ხელი დავუქნიე და საღამომდე-მეთქი, მივაძახე.

ჩქარი ნაბიჯით გავუყევი ტროტუარს. გაჩერებასთან ტაქსი იდგა. ისნამდე მივდივარო, მითხრა და ვიფიქრე, სამსახურში დაგვიანებას სჯობდა, მეტროთი გავიდოდი დიდუბეში. ჩავჯექი, საქარე მინას ჩავუწიე და ფიქრებში გადავეშვი. ფანჯრიდან ვიყურებოდი და ვფიქრობდი ათას რამეზე:  მსხვილმანებზე, წვრილმანებზე, ბავშვებზე, სკოლაზე, უსკოლობაზე, სახლზე, სამსახურზე, მეგობრებზე. ბევრ რამეს მისწვდა ჩემი ფიქრი.  ჰო, მადლიერებაზეც ვფიქრობდი, ვფიქრობდი, როგორი მადლიერი ვარ ღმერთის – ყველასა და ყველაფრისთვის, ვინც მყავს და რაც მაქვს-მეთქი. ვფიქრობდი, რომ მადლიერება უფლისადმი იმ დაკეტილი კარის გასაღებია ჩვენს ცხოვრებაში, რომლის მიღმაც სულიერი მშვიდობა და სიხარული, კმაყოფილება და ბედნიერებაა. ვფიქრობდი და ვიღიმებოდი…

ავტომობილი ძალიან სწრაფად მიჰქროდა, მაგრამ ვიფიქრე, რომ ავტობანზე არა უშავდა, და ერთით კარგიც კი იყო – არ დავაგვიანებდი.

„მესენჯერზე“ შეტყობინება მომივიდა, ინგლისურის მასწავლებელი ბავშვებს „თიმსში“ ელოდებოდა, როგორც ჩანს, „აპი“ ისევ „ჭედავდა“ და არ აჩვენებდა აქტივობას. მერე ჩვენ წინ ვიღაცამ მოულოდნელად დაამუხრუჭა. მუხრუჭების წივილის ხმა შემზარავი იყო, და მკვეთრი, მოულოდნელი მოხვევა… ტელეფონი ხელიდან გამიფრინდა. წინ, ოდნავ მოშორებით მანქანების გრძელი კოლონა იდგა, ჩვენ კი ალბათ 140 კმ/სთ სიჩქარით მივფრინავდით. ყოველ მომდევნი წამს გვეგონა, რომ საცობში მდგომ რომელიმე მანქანას ვეჯახებოდით. არ ვიცი, როგორ ჩნდებოდა გასაძრომ-გამოსაძრომი ავარიის გამო შექმნილ საცობში; მძღოლი ვერც სიჩქარეს ანელებდა იმის გამო, რომ ვერ ამუხრუჭებდა. მუხრუჭი ნიშნავდა, რომ ვიღაცას დავეჯახებოდით, ამიტომ კვლავ მივქროდით და მკვეთრად ვუხვევდით. ალბათ, 30-40 წამი გავიდა, სანამ სასწაულებრივად გავცდით საცობს და კიდევ 15-20 წამი დასჭირდა სიჩქარის შენელებას გაჩერებამდე… 1 წუთი – რომელიც სიკვდილთან გასაუბრებას ჰგავდა თითოეული ჩვენგანისთვის. ყველა ვტიროდით…

ჩვენ ყველამ გავიფიქრეთ, რომ ეს ერთი წუთი იყო ბოლო ჩვენს ცხოვრებში. ალბათ, ყველას გაგვირბინა თვალწინ ჩვენმა ცხოვრებამ. მე გამახსენდა, რომ შვილებისთვის არ მიკოცნია… ქმრისთვის არ მითქვამს, რომ მიყვარს… რომ გუშინ მშობლებთან არ დამირეკავს…

დღეს არ მოვკვდი, მაგრამ დღეიდან ვიცხოვრებ ისე, თითქოს ყოველი დღე ბოლოა ჩემს ცხოვრებაში, თითქოს აღარ მაქვს მეტი წუთი… იმ მომენტში, როცა ვფიქრობდი, რომ ყველაფერი მთავრდებოდა, ყოველივე მატერიალური უაზრობად იქცა ჩემთვის, ყველა წყენა და ყველა ტკივილი გაფერმკრთალდა.

ახლა ვზივარ, ვწერ და თან ვფიქრობ: თუ ადამიანებს ეცოდინებოდათ, რომ რამდენიმე წუთის მერე გარდაიცვლებიან, რომ ღმერთის თვალებში მოუწევთ ჩახედვა, ალბათ, ძალიან ბევრ რამეს უბრალოდ არ გაიფიქრებდნენ, ძალიან ბევრ სიტყვას არ იტყოდნენ და ბევრ რამეს არ გააკეთებდნენ… და პირიქითაც, ბევრ ისეთ რამეზე დაიწყებდნენ ფიქრს, რაზეც აქამდე არ უფიქრიათ. ბევრ თბილ სიტყვას იტყოდნენ, სიყვარულს დათესავდნენ ირგვლივ და გააკეთებდნენ ისეთ რამეებს, რაც ღირებულია და რასაც ეგოიზმთან არაფერი აქვს საერთო…

დღეს არ მოვკვდი, მაგრამ ვიფიქრებ, რომ ყოველდღე უნდა მოვკვდე…

ჩემი ლექსიკონიდან ამოვშლი სიტყვას „ხვალ“, ვიცხოვრებ დღეს, ამწუთას, ამწამს და არასდროს გადავდებ იმას, რის გაკეთებაც ახლა შემიძლია.

და თქვენც, იცხოვრეთ, მეგობრებო, დღეს იცხოვრეთ, დღეს მოეფერეთ, დღეს უთხარით, რომ გიყვართ, დღეს აპატიეთ, დღეს გაეცით, დღეს მოინანიეთ, დღეს შეიცვალეთ… რადგან, შესაძლოა, „ხვალ“ აღარც კი დადგეს…

დღეს მე არ მოვკვდი…

ნატალია ჩიქოვანი

"ქრისტიანული არხის" ჟურნალისტი.
რუსთავის სახარების რწმენის ეკლესიის წევრი.
მინი-თეატრალური დასის და საკვირაო სკოლის მსახური.

დატოვე კომენტარი პასუხის გაუქმება

შეინახე ჩემი სახელი, ელ.ფოსტა და ვებგვერდი ამ ბრაუზერში, შემდგომი კომენტარების დასატოვებლად.

შემთხვევითი ბლოგები

ადამის ძე

8 მარტი, 2016

დანებება ადვილია, რწმენაა საჭირო – ბოლომდე მიხვიდე!..

8 დეკემბერი, 2020

იესოს შენი სჯერა!

7 დეკემბერი, 2020

გოდება უდაბნოდან  (ნაწილი პირველი)

27 ივლისი, 2023

გაიღვიძე, მძინარავ!

29 მაისი, 2019

ისევ გათენდება…

11 ივნისი, 2015

ბოლში გახვეული ცხოვრება

8 ოქტომბერი, 2019

რომ არ ყოფილიყო შობა…

25 დეკემბერი, 2022

მარტო არა ხარ!

27 მარტი, 2017
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    პატიება

    5 დეკემბერი, 2015
  • 2

    უფალი ლაპარაკობს!

    23 დეკემბერი, 2020
  • 3

    სწორად აღვლენილი ლოცვა

    20 სექტემბერი, 2021
  • 4

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 5

    ერთის სიკვდილი საკმარისია!

    19 დეკემბერი, 2019


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ