ადამიანები ხშირად ამახვილებენ ყურადღებას წარსულში დაშვებულ შეცდომებზე.
რა თქმა უნდა, შეცდომების დაშვება არ არის კარგი, მაგრამ ამას უარყოფითთან ერთად დადებითი მხარეც აქვს. კარგია, როდესაც ვხვდებით ჩვენს შეცდომებს და მათი მეშვეობით ვსწავლობთ. ცხადია, ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომები უნდა მოვინანიოთ და თუ შესაძლებელია, გამოვასწოროთ კიდეც, თუმცა წარსულის შეცდომებს არ უნდა მივცეთ უფლება, რომ განგვისაზღვროს მომავალი ცხოვრება.
ქრისტეს სისხლი წარსულში დაშვებულ შეცდომებზე ბევრად აღმატებულია, ამიტომ ის გვწმენდს ჩვენ ყოველგვარი ცოდვისგან და ღმერთი არც ერთ მათგანს აღარ გვიხსენებს.
გავიხსენოთ, რას ეუბნება იესო მარიამ მაგდალინელს: „გეპატია შენი ცოდვები. წადი და აღარ შესცოდო.“
ქრისტე თავისი სისხლით გვწმენდს და ივიწყებს წარსულს, თუმცა ამით არ უნდა ვისარგებლოთ და არ უნდა განვაგრძოთ შეცდომების შეგნებულად დაშვება იმ იმედით, რომ იესო მაინც გვაპატიებს.
არ უნდა გვეშინოდეს, უფალს უნდა მივენდოთ, მისი ხელი არ დამოკლებულა და მისი აღთქმები არ შეცვლილა.
ჩვენ, ადამიანებმა, უნდა გადავლახოთ განსაცდელები, რათა გავძლიერდეთ და მიზანს მივაღწიოთ.
მთავარია გავიაზროთ, რომ შევცოდეთ უფლის წინაშე და რომ მონანიებისა და განახლების დროა.
გადაწყვიტე, რომ გაჰყვე მას!
შენ კონკრეტული მიზნისთვის ხარ გაჩენილი. საკუთარ შეცდომებზე ისწავლე და გამოცდილება გამოიყენე ჯერ საკუთარი თავის და შემდეგ სხვა ადამიანების წამოსაწევად, მათ გასამხნევებლად და დასარიგებლად. შენ შეგიძლია, დაშვებული შეცდომები კურთხევად შემოაბრუნო და ემსახურო სხვებს.
იყავი ის ადამიანი, რომელიც ქარის, წვიმისა და ნებისმიერი დაბრკოლების მიუხედავად მაინც იდგება.
იყავი ის ადამიანი, რომელიც ასჯერ დაცემული ას მეერთეჯერ წამოდგება და იტყვის: “დიდება უფალს! მე ვაგრძელებ ბრძოლას, რომელშიც უკვე გავიმარჯვე!”
ქრისტიანული ცხოვრება ჩვენი ყოველდღიური არჩევანი უნდა იყოს.
ყოველდღე აირჩიე უფალი და მას ემსახურე. მან ჯერ კიდევ მაშინ შეგვიყვარა, როდესაც ცოდვილნი ვიყავით და ეს არ ყოფილა დაბრკოლება მისთვის, უბრალოდ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ და უარი ვთქვათ ცოდვაზე.
შევიძულოთ ცოდვა!
ჩვენი რწმენა მის სიტყვებზე უნდა დავაფუძნოთ, რადგან მისი სიტყვა ჭეშმარიტია.
(ესაია 43:1,2) “ნუ გეშინია, რადგან მე გამოგისყიდე, მოგიწოდე შენი სახელით; ჩემი ხარ შენ. როდესაც გაივლი წყლებში, მე შენთან ვარ, მდინარეებში გატოპავ და ვერ წაგლეკავენ ისინი. ცეცხლში გაივლი და არ დაიწვები, მისი ალი არ მოგედება.“
არ დაგავიწყდეს, რომ უფალი თავისი სიტყვის ერთგულია.
(ესაია 43: 18,19) “ნუ გაიხსენებთ წარსულს და მომავალზე ნუ იფიქრებთ, რადგან მე შევქმნი ახალს.“
უფალი შექმნის ახალ კაცს შენში! უფალი წაგიძღვება ყოველივეში. მან უკვე გაპატია და გითხრა, წადი და ნუღარ შესცოდავ.
შენ გეპატია ცოდვები, თუკი რწმენით მიიღე მისი სიტყვები და გულში ჩაიბეჭდე.
უფლის ხელი არ დამოკლებულა შენზე. აღიარე იესო ქრისტე შენს ღმერთად და მიეცი საშუალება, იუფლოს შენზე.
არ გეგონოს, რომ შეცდომები აღარ იქნება. რა თქმა უნდა, იქნება, რადგან ჩვენ ადამიანები ვართ, მაგრამ არ უნდა დავრჩეთ ამ მდგომარეობაში.
დაცემული ხარ? წამოდექი! ასჯერ რომ დაეცე, ასმეერთედ წამოდექი!
შენ უფლის შვილი ხარ!
არასდროს დანებდე!