„ადამიანს, რომელიც არ ფიქრობს – აპატიოს სხვებს, დაავიწყდა, რომ მასაც აპატიეს.“ – ეს ფრაზა ეკლესიაში მოვისმინე და ძალიან მომეწონა. რაღა თქმა უნდა, დავეთანხმე. იმ დროს ვერც კი ვიფიქრებდი, შემდგომ ეს სიტყვები ასე მკაფიოდ თუ გაჟღერდებოდა ჩემში.
ყოველი ცრემლი მახსოვს. საშინელებაა, როდესაც გამოსავალს ვერ ხედავ, ქაოსში ხარ, კონტროლს კარგავ, დაუძლურებული კი ეცემი. ჩემში არსებულ ტკივილს იმდენად ღრმად ჰქონდა ფესვი გადგმული, რომ სულ ერთი დანებებაც და ცხოვრების მკვიდრად გამიხდებოდა, რასაც ვერ და არც შევეგუებოდი. ამდენი დარტყმით ჩემი შემართება მზის ჩასვლის მსგავსად ნელ-ნელა იკარგებოდა, რაც გულს მეტად ცივსა და უხეშს ხდიდა. ვთქვი: საკმარისია, აღარ ვაპატიებ!
ვიგრძენი, როგორ დამამძიმა ასეთმა გადაწყვეტილებამ, ფაქტობრივად, უპატიებლობას ბოლო აგურიც შევმატე, რამაც მთლიანად გამაქვავა. ბოროტისგან გამოგზავნილ ფიქრს კმაყოფილებით ვიღებდი. ვიცოდი, რომ არასწორი გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ გულს პატიების გაგონება არ სურდა, ეგოისტური ფიქრები მომდიოდა: „კი მაგრამ, მათ კარგად იციან, ასე ძლიერ რომ გტკენენ, ანალოგიურს რაღატომ გიკეთებენ? და შენ მაინც გინდა, რომ აპატიო? კარგი რა, სულელივით არ მოიქცე!“
მახსენდებოდა ჩემი განვლილი ცხოვრება: ღვთისთვის გული რამდენჯერ მიტკენია; პიროვნებისთვის, რომელსაც კარგის მეტი ჩემს ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებია. ამაზე ფიქრი მამსხვრევდა. ვამბობდი: ისინიც ადამიანები არიან… ჩემს თავს ვებრძოდი: ან უნდა გადამედგა ნაბიჯები, რომელიც ასეთი მტკივნეული იყო, მაგრამ ღმერთთან ერთად შესაძლებელი, ანდა განმეცადა რეგრესი, რომლის ბოლოც ყველამ კარგად ვიცით.
ყოველ ლოცვაში ღმერთს ვთხოვდი, რომ პატიების ძალა მოეცა, წრფელად ვუღვრიდი გულში არსებულ გრძნობებსა და ემოციებს. ისიც მისმენდა, მანუგეშებდა და თავისი სიტყვით მამაგრებდა; ძალას ყოველთვის განმიახლებდა, ცრემლს კი სიცილად მიქცევდა; ლოცვის დროს წრფელი, ნამდვილი ლოცვა ვისწავლე. მახსოვს ფრაზა, რომელსაც ყოველი ლოცვისას ვიძახდი: ღმერთო, არ მინდა, რომ ვაპატიო, მაგრამ მინდა, რომ მინდოდეს. ამ სიტყვებმა: „მინდა, რომ მინდოდეს“ – უდიდესი პროგრესი განმაცდევინა; სიტყვამ ხორცი შეისხა და თავშესაფრად მექცა; ყოველი ეს დარტყმა და სირთულეც ისეთ ტკივილს ვეღარ მაყენებდა, როგორსაც მანამდე. ვამჩნევდი, რომ ღმერთისგან ბოძებული ძალით წინ მივიწევდი; საშინელ ქარიშხალში სავალ გზას ვხედავდი; ჩემი ნაბიჯები განმტკიცდა; იმედი მომეცა, რომ მისი სასწაულით უპატიებლობას თავს დავაღწევდი, რაც ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთი სასწაული იქნებოდა. ასეც მოხდა, რაც უფრო მეტად ვუახლოვდებოდი ღმერთს, მით უფრო ჩუმდებოდა ჩემი ეგოც. ლოცვაში მათი კურთხევა დავიწყე. თავიდან ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ყოველი კურთხევისას ვგრძნობდი, ღმერთს ჩემი გულიდან სისხლიანი ნამსხვრევები როგორ ამოჰქონდა. ამით საშუალებას ვაძლევდი, რომ ემკურნალა ჩემი დაჭრილი გულისთვის. პროცესი არც ისე სასიამოვნო იყო, თუმცა, შედეგი – გასაოცარი. ერთ-ერთი დანახვისას ზიზღის ნაცვლად სიყვარული ვიგრძენი, რამაც ძალიან აღმაფრთოვანა. თითქოს ჩემში მოულოდნელად სიხარულის ზარმა ჩამოჰკრა და ამ გრძნობით სავსე სიტყვები აღმომხდა: როგორ გადაგიხდი მადლობას, ღმერთო, გასაოცარი ხარ! საოცარი შეგრძნებაა, როდესაც ისეთ შედეგს ხედავ, რომელიც ღმერთს განადიდებს.
სრული გააზრებით მესმის შენი ტკივილის; მესმის, როგორი ძნელია, როცა გტკენენ; თითქოს ის ადამიანი შენთვის კვდება, ცოცხალს გლოვობ, უპატიებლობის ჭაობში იძირები… ამ დროს გამოსავლის საკუთარი ხერხებით პოვნა მეტად საზიანო და მტკივნეულია, რადგან ვერაფერი ისე ვერ გიშველის, როგორც ღვთისგან გამოწვდილი ხელი, რომელიც ნებისმიერი სიღრმიდან უმტკივნეულოდ ამოგიყვანს.