ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ

აპატიე, რადგან გეპატია შენც!

ლიკა მელანაშვილი 15 მაისი, 2023
ლიკა მელანაშვილი 15 მაისი, 2023 216 ნახვა
216

მე და ბებიაჩემი „მესაიდუმლე მეგობრები“ ვართ. ღრმა ბავშვობიდან მახსოვს მისი მონათხრობი ისტორიები. როდესაც მიყვებოდა ადამიანზე, რომელმაც აწყენინა, წყენასთან ერთად იმ პიროვნების კარგ ქმედებაზეც საუბრობდა. სულ რომ კარგი არაფერი ჰქონოდა იმ ადამიანს ბებოსთვის გაკეთებული, მის დადებით თვისებას მაინც აღნიშნავდა ხოლმე. დღემდე ასეა…  და მე ამით ის მნიშვნელოვანი გაკვეთილი ვისწავლე, რასაც იშვიათად ისწავლი სკოლაში, უნივერსიტეტში. ამ გაკვეთილს პატიება ჰქვია. ბებოს ამ თვისებით ვისწავლე, რომ ყველა ადამიანშია რაღაც, რაც იმსახურებს პატივისცემას და სიყვარულს; ვისწავლე, რომ მიუხედავად ბევრი ცუდისა, კარგი ყოველთვის უნდა გახსოვდეს და რაშიც არ უნდა შეცდეს ადამიანი და როგორც არ უნდა გატკინოს, უნდა შეძლო პატიება.

პატიებას მშვიდობა მოაქვს.

თითქოს ადამიანებს კარგის დამახსოვრება უფრო გვიჭირს, ვიდრე ცუდის. რა პარადოქსულია… კარგს ხომ უფრო უკეთ უნდა ვიმახსოვრებდეთ? როდესაც ადამიანში ცუდი განცდები იბადება, ის იზრდება და ღრმად იდგამს ფესვს, შემდეგ კი ყოველი ახალი უარყოფითის შეგრძნებისას იღვიძებს და გახსენებს თავს. რამდენჯერ გაბრაზებულხარ ერთსა და იმავეზე? რამდენჯერ დაგიკავშირებია ახალთან ძველი უარყოფითი განცდა და ცუდად უმოქმედია შენს შინაგან მდგომარეობაზე?

არაფერს ვიტყვი, რაც პირადად არ განმიცდია. გინახავთ, როგორია ზვავი? წყენა სწორედ მას ჰგავს. თავდაპირველად მცირეა. რაც უფრო ფართო გზას აძლევ, უფრო და უფრო იზრდება და საბოლოოდ ყველაფერს ანადგურებს. წყენის განცდა ჩანასახშივე უნდა ჩაახშო, სანამ იგი გადაიქცევა ტკივილად და შემდეგ სიბრაზედ, რომელიც აზიანებს შენს სულს, შენს პირად ურთიერთობას ღმერთთან.

„ხოლო როცა ლოცულობთ, მიუტევეთ, თუ რაიმე გაქვთ ვინმეს წინააღმდეგ, რათა თქვენმა ზეციერმა მამამაც მოგიტევოთ თქვენი ცოდვები.

ვინაიდან, თუ თქვენ არ მიუტევებთ, არც თქვენი მამა, რომელიც ზეცაშია, არ მოგიტევებთ თქვენს ცოდვებს.“

მარკოზის სახარება 11:25-26

მე გადავწყვიტე ადამიანისთვის იმის პატიება, რითაც ჩემი ცხოვრების სირთულე და მტკივნეულად გასავლელი გზები განისაზღვრა. არა უბრალოდ ვიღაცისთვის რაღაც წყენის, არამედ იმის პატიება, რამაც ქარიშხლიანი დღეები გამომატარა. სხვისი დაშვებული იმ შეცდომების პატიება გადავწყვიტე, რომელთა შედეგებს დღემდე ვიმკი, მაგრამ ახლაც პატიებას ვირჩევ, რადგან მახსოვს, რომ მეც მეპატია; რადგან სხვაგვარად ვერ ვიქნები ღირსი უფლის შვილობის. დგას კი უფლის შვილობაზე წინ წყენა და სიბრაზე?

მე ვირჩევ პატიებას. მატკინეს? ჩემი ჭრილობების წამალი უფალია, საუკეთესო მკურნალია ის. პატიება ათავისუფლებს გულს ბორკილებად ქცეული წყენისგან, ტკივილისგან და სიბრაზისგან, პატიება გათავისუფლებს და თავადაც გხდის ამის ღირსს.

საკუთარ თავს ვუთხარი:

„მე გადავდგამ პირველ ნაბიჯს“;

„მე შევიცვლი დამოკიდებულებას“;

„ვხედავ ცუდთან ერთად მის კარგსაც“;

„არა უშავს, რომ მე დავზარალდი“;

„დავივიწყებ და ვაპატიებ“;

„ღმერთი პატიობს მას, მე ვინ ვარ, რომ ვერ ვაპატიო?!“;

„ვაპატიებ, რადგან მახსოვს, რომ მეპატია მეც“.

ეს არის არჩევანი, რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედოს ყველა ქრისტიანმა. მიტევების საუკეთესო მაგალითი ხომ ქრისტესგან შეგვიძლია ავიღოთ? სხვას რას ნიშნავს ქრისტიანობა, თუ არა ქრისტეს მაგალითით ცხოვრებას?

პატიობდე ნიშნავს, რომ გიყვარდეს. სიყვარულით გვპატიობს ღმერთიც.

„ყოველგვარი სიმწარე, სიბრაზე, რისხვა, ყვირილი და გმობა განიშორეთ ყველა ბოროტებასთან ერთად.

„ყოველგვარი სიმწარე, სიბრაზე, რისხვა, ყვირილი და გმობა განიშორეთ ყველა ბოროტებასთან ერთად.

იყავით გამოსადეგნი ერთმანეთისთვის, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც თქვენ მოგიტევათ ქრისტეში ღმერთმა.“

ეფესელთა მიმართ 4:31-32

გადადგი პირველი ნაბიჯი, იყავი პირველი შენ! იყავი თუნდაც „დაზარალებულ“ მდგომარეობაში, სძლიე სიამაყესა და პრინციპებს, რომლებიც რატომღაც გვავიწყდება ხოლმე, როდესაც თავად გვინდა, რომ გვაპატიონ. გახსოვდეს, რომ ვისაც არ პატიობ, ღმერთის ქმნილებაა, მისი შვილია და არანაკლებად უყვარს ღმერთს ისიც.

პატიება ცვლის შენს გულს და მის გულსაც, ვისაც პატიობ!

ძალიან პატარა ვიყავი, ღმერთის მიმართ რიდი და სირცხვილის გრძნობა რომ გამიჩნდა. ყოველთვის წარმოვიდგენდი, რომ ჩემ გვერდით იდგა და მიყურებდა. საკუთარ თავს ვეკითხებოდი: „ამით ვაწყენინებ ღმერთს?“. ხშირად ადამიანებს გვავიწყდება, რომ ღმერთი ჩვენ გვერდითაა, გვხედავს და გვიყურებს. ის ხედავს და აკვირდება ჩვენს ქმედებებს, გადაწყვეტილებებსა და არჩევანს. ის ხედავს ჩვენი გულის მდგომარეობას.

შეახსენე საკუთარ თავს, რომ ადამიანებთან რაც არ უნდა დამალო, ღმერთი შენ გვერდითაა, ის გხედავს და გაკვირდება. ჩვენი ყოველდღიურობის გზამკვლევი რომ იყოს კითხვა: „ამით ვაწყენინებ ღმერთს?“, ალბათ, გაცილებით ნაკლებ შეცდომას დავუშვებდით. ალბათ, უფრო მეტად გაგვიადვილდებოდა პატიება.

შესაძლოა, დაგებადოს კითხვა: „კი მაგრამ, რამდენჯერ უნდა ვაპატიო?!“

იმდენჯერ, რამდენჯერაც შენ გეპატია ღმერთისგან!

იმდენჯერ, რამდენჯერაც გინდა, რომ შენც გაპატიონ!

ლიკა მელანაშვილი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი.
გორის წმინდა სამების ქრისტიანული ეკლესიის წევრი.
მგალობელთა გუნდის მსახური.

დატოვე კომენტარი პასუხის გაუქმება

შეინახე ჩემი სახელი, ელ.ფოსტა და ვებგვერდი ამ ბრაუზერში, შემდგომი კომენტარების დასატოვებლად.

შემთხვევითი ბლოგები

მისი ფურცლები სისხლივით ელავს…

11 სექტემბერი, 2020

იბადები, ადამიანო

1 ივნისი, 2023

წერილი ღმერთს

21 დეკემბერი, 2016

მაშინ, როდესაც კითხვები რჩება

4 თებერვალი, 2016

„შეაწუხე“ მოძღვარი…

26 სექტემბერი, 2021

საუბარი ღმერთთან

4 მაისი, 2018

მიუტევე არგუმენტის გარეშე

7 მარტი, 2023

მამა, მე მოვედი…

19 ივნისი, 2015

არასწორი მოლოდინი

10 ივლისი, 2019
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • საუბარი ღმერთთან

    4 მაისი, 2018
  • 3

    ენდე ღმერთს

    11 მარტი, 2021
  • 4

    ნუ ცხოვრობ წარსულით, წინ მომავალია!

    24 აპრილი, 2017
  • 5

    სამყაროს სჭირდება ქრისტე!

    24 აპრილი, 2019


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ