ბრძოლისგან დაღლილმა იარაღი გვერდზე გადააგდო და მოკლული მტრის გვერდით ჩაიმუხლა.
„როგორ გულიანად იბრძოდა ეს შეჩვენებული“, – გაიფიქრა. – „რა ძალა ადგა, რისთვის გადაუდგა თავის მეგობარს წინ, იმ ლაჩრისთვის ხელი რომ არ ეკრა, ახლა თვითონ ცოცხალი იქნებოდა. მაინც როგორ უკანმოუხედავად გაიქცა ის მშიშარა, ერთიც არ მოუხედავს უკან, ეს კი ახლა ჩემ წინ მკვდარი წევს.“
გულზე დაკიდებულ ჯვარს მოჰკრა თვალი.
„რელიგიური ყოფილა“, – გულში ჩაეცინა, – „ახლა გასაგებია. ერთ-ერთი ჩვეულებრივი გიჟი, აბსტრაქტული იდეების და არარეალური მომავლის იმედით სავსე შეშლილი. სიკვდილის წინ იდგა და არც დაფიქრებულა, ისე დაეხმარა თავის ლაჩარ მეგობარს, მაგრამ მაინც რა ძალა ადგა, რომ ასე მოიქცა, როცა ყველა ადამიანი თვითგადარჩენაზე ფიქრობს.“
ფიქრმა წაიღო. იხსენებდა, ვინმე თუ ენახა მსგავსი.
ომიანობის დროს თვითონაც მამაცურად იბრძოდა, მაგრამ თავი არასდროს გაუწირავს სხვისთვის.
წამოდგა და ის იყო, წასვლა დააპირა, რომ თვალი მოჰკრა პატარა ლურჯ წიგნს.
დაიხარა და წიგნი აიღო, მასაც ჯვარი ეხატა და სისხლით მოსვრილ ყდაზე მკრთალად ეწერა „ახალი აღთქმა“.
ქართულ ენას სუსტად ფლობდა, ბებია ჰყავდა ქართველი და ბებიის ნასწავლი ენა შემორჩენოდა მეხსიერებას.
წიგნი გადაშალა, თავიდან ასოების აღქმა გაუჭირდა, მაგრამ მცირეოდენი გონების დაძაბვის შემდეგ წაკითხვა შეძლო.
იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავს გაწირავს თავისი მეგობრისთვის.
ტანში გასცრა. წიგნმა თითქოს უპასუხა მის კითხვას, რომელსაც ბოლო ნახევარი საათი უტრიალებდა.
ისევ ფიქრმა წაიღო. ფიქრობდა სიცოცხლეზე, იმაზე, თუ რა ფასი ჰქონდა ცხოვრებას, სიყვარულს და მეგობრობას.
ცოტა რომ გამოერკვა, გაეცინა, ალბათ მალე მეც რელიგიური გავხდებიო, გაიფიქრა, წინა ფურცლებზე გადაშალა, შორიახლოს ჩამოჯდა და მათეს სახარების კითხვას გაჭირვებით შეუდგა.
დროდადრო შეჩერდებოდა და ჩაისუნთქავდა, თითქოს ჰაერი არ ჰყოფნიდა, რადგან აკვირვებდა იესო ქრისტეს ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი და მის მიერ მოხდენილი სასწაულები.
განსაკუთრებით დააფიქრა იმ მომენტმა, როდესაც იესოს გაცემის მომენტში ყველა მოწაფემ მიატოვა და გაიქცა, გაუკვირდა იესოს დამოკიდებულება, რომ მიუხედავად ამ ღალატისა, მას თავისი მოწაფეები მაინც უყვარდა.
„როგორ მსგავსად მოიქცა“, – გაიფიქრა და თავის მოკლულ მტერს უკვე დიდი პატივისცემით და მოწიწებით გახედა.
იარაღის გასროლის ხმამ გამოაფხიზლა, ფეხზე წამოხტა და იარაღი მოიმარჯვა, მაგრამ შორიახლოს არავინ ჩანდა.
ცოტა რომ დამშვიდდა, ისევ ჩამოჯდა და ინსტინქტურად გადაგდებული წიგნი აიღო, რომელიც იოანეს სახარებაზე გადაშლილიყო.
მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. წუთისოფელი რომ იძლევა, მე ისე არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება.
„ისე, როგორ მშვიდად შეხვდა სიკვდილს.“ – გაიფიქრა და კითხვა გააგრძელა.
„ესაა ჩემი მცნება, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ.“
„რა გასაკვირია, ეს ადამიანი თუ უყვარდა,“ – ჩუმად ჩაილაპარაკა, – „ნეტავ მე თუ შემიყვარებდა, ასეთ უგულოს და ცოდვილს…“
უეცრად ძალიან გაუკვირდა, თავის ცოდვებზე არასდროს უფიქრია. არც კი მიიჩნევდა, რომ რამეს არასწორად აკეთებდა ცხოვრებაში. ამ შეგრძნებამ დაამძიმა, თითქოს ამოუტივტივდა ყველა ადამიანი, რომელიც თავისი ხელით გამოასალმა სიცოცხლეს. თითქოს ახლა იგრძნო ის ვედრება, სიცოცხლის ბოლო წუთებში მათ თვალებში რომ ხედავდა.
ამ გრძნობისგან გათავისუფლება სურდა, მაგრამ ის თითქოს სულ უფრო უხუთავდა სულს.
„რა გავაკეთო?..“ – გაიფიქრა ამ უცნაური გრძნობებისგან შეშინებულმა და გამოსავლის ძიება ისევ წიგნში გადაწყვიტა.
თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, ერთგული და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უმართლობისგან.
ამ აზრმა აავსო. მუხლი მოიყარა და გადაწყვიტა, რამდენიმე სიტყვით ეთქვა, რასაც გრძნობდა.
„იესო ქრისტე, მე არ ვიცი, შენ ვინ ხარ და არც ის ვიცი, ჩემი გესმის თუ არა, მაგრამ მჯერა, შენ იმისთვის მოკვდი ჯვარზე, რომ ჩემი შველა შეგძლებოდა, მე ამ წიგნში წავიკითხე, შენ ამბობ, რომ შენი ტვირთი მსუბუქია და ამიტომ გთხოვ, გამათავისუფლე ამ სიმძიმისგან. თუ რეალურად არსებობ, მაშინ მომეცი ძალა, რომ შევცვალო ჩემი ცხოვრება, ასე მშვიდად შევხვდე სიკვდილს, როგორც ეს ადამიანი შეხვდა და სიკვდილის შემდეგ მიმიღე შენს სასუფეველში, როგორც ჯვარზე გაკრული ავაზაკი მიიღე.“
წამოდგა, წიგნი დახურა და უკანა ყდაზე წარწერა შენიშნა: „თუ არ დავიხოცებით, მაშინ ვერ ვიცოცხლებთ.“
ყელში ბურთი მოებჯინა, წიგნი გულის ჯიბეში ჩაიდო და თითქოს ამდენი ხნის მკვდარმა სიცოცხლეში შეაბიჯა.
ახალი ცხოვრება იწყებოდა.