ერთი ცოდვილის ისტორია

0 129

2014 წლის ივლისი იყო. მე და ჩემი მეგობარი დათო წავედით მონასტერში, უდაბნოში. ჩვენი მეგობარი სანდრო წინასწარ შეუთანხმდა ბერს, რომ მივეღეთ. სურვილი იმისა, რომ გაექცე რუტინას და დროებით მაინც იყო სიმშვიდეში, ალბათ, ყველას აქვს. მახსოვს, ყოველ დილით, კელიიდან გამოსვლისას საოცარი ხედებით მოხიბლულნი ერთი ღრმად ჩავისუნთქავდით და დაიმედებულები ვიყავით, რომ ღმერთისთვის სასიამოვნო საქმეს ვაკეთებდით. ჩავედით მონასტერში და შევუდექით კითხვას წმინდა წერილებიდან. ძველი ქართული იყო და არცთუ ისე კარგად მესმოდა, რას ვკითხულობდი. ყველასთვის ნაცნობი გრძნობაა. შემდეგ შემოგვძახა ბერმა, ახლა მრწამსი წავიკითხოთო. მე და დათომ ერთმანეთს გადავხედეთ და მივხვდით, არცერთმა არ ვიცოდით, რა გვითხრა ბერმა, რომელმაც ისე შემოგვხედა, რომ გვეგონა, ღვთიური რისხვა გველოდა. მკაცრად გვითხრა: „არ უნდა იცოდეთ, რისი გწამთ?!“ კიდევ ვერ მივხვდით. შემდეგ მოგვაწოდა ძველ ფურცელზე დაწერილი მრწამსი და გვითხრა, წაიკითხეთო. სიტყვები მეცნო… მწამს ერთი ღმერთი… გულზე მომხვდა, ასეთი უცოდინარი, რომ ვიყავი. მართალი იყო ის ბერი, არ ვიცოდი, რისი მწამდა. ლიეტუვაში მივდიოდი. გადავწყვიტე, რომ იმ ზაფხულს ბიბლია უნდა წამეკითხა… შენც არ მომიკვდე.

ორ თვეში მე და ჩემი მეგობარი ირაკლი უკვე ლიეტუვაში ვიყავით. ბიბლიაზე ფიქრი უცებ გადამავიწყდა, როგორც ხდება ხოლმე, დაიწყო დროსტარება… ნაცნობი სიტუაციაა.  

შემდეგ წელს ულამაზესი გოგო გავიცანი. მე და ლაურას ერთმანეთი შეგვიყვარდა. გაგრძელდა დროსტარება. უნივერსიტეტი დავამთავრე. სამსახური ვიშოვე. ერთმანეთის ოჯახები გავიცანით. თითქოს ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც ჰოლივუდში ხდება. გვეგონა, მთელმა სამყარომ იცოდა, რომ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილები, მაგრამ…

ერთი წლის შემდეგ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება მოუწია, სწავლა რომ დაესრულებინა. თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ დაბრუნდა ლიეტუვაში. თითქოს შეცვლილიყო. მითხრა, ბიბლია უნდა წავიკითხოთო. ვერ გავიგე?.. დავიწყეთ კითხვა. ვერაფერს ვიგებდი… სულ მეძინებოდა კითხვისას… ალბათ, ნაცნობი სიტუაციაა.

შემდეგ მითხრა, ქრისტიანული ჯგუფი ვნახე ინტერნეტში და იქ უნდა წავიდეთო. მივყევი დინებას (უფრო თავგადასავლების სიყვარულის გამო)… წავედით. რამდენიმე ქვეყნიდან იყვნენ, ზოგი კათოლიკე, ზოგი პროტესტანტი, ზოგი მართლმადიდებელი. მოხუცები იყვნენ, სასიამოვნო ხალხი. გადაშალეს ბიბლია და დაიწყეს სახარების კითხვა, შემდეგ დაიწყეს გარჩევა, ვინ ეთანხმებოდა და ვინ არა. ჰმ, საინტერესო ჩანდა. მე გაბედულად მოვახსენე ყველას, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ და კიდევ ის, რომ საქართველო IV საუკუნიდან ქრისტიანული ქვეყანაა, რომ ჩვენ ძირძველი ქრისტიანები ვართ და „ჭკუას ვერავინ გვასწავლის“. წასვლისას მასპინძელმა ახალი აღთქმა მაჩუქა. ეს ის წიგნი იყო, ჩემი ცხოვრება რომ რადიკალურად შეცვალა. თავიდან კი ეჭვის თვალით გამოვართვი. ალბათ, ნაცნობი სიტუაციაა. ერთი თვის შემდეგ ლაურას არდადეგები დაუმთავრდა და თავის ქვეყანაში დაბრუნდა.

მითხრა, ან ქრისტიანი უნდა გახდე, ან ერთად ვერ ვიქნებითო. ვუთხარი, ქრისტიანი ვარ-მეთქი. ის კი ამბობდა, რომ ღმერთი უნდა გიყვარდეს მთელი სულით, გულით და გონებითო. ჩემზე მეტად უნდა გიყვარდესო. შენი ცხოვრება ღმერთს უნდა ეძღვნებოდესო. დილით რომ გაიღვიძებ, პირველად უფალი უნდა გახსენდებოდესო, მისდამი სულ მადლიერებით უნდა იყო სავსეო. საერთოდ ვერაფერი გავიგე (?). როგორ შეიძლება უფალი გიყვარდეს? ალბათ, უნდა გეშინოდეს, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, როგორ უნდა შეგიყვარდეს ღმერთი. რაღაც ყალბი გრძნობა მეგონა… შეყვარებულ გოგოზე მეტადაც როგორ უნდა შეძლო უფლის შეყვარება? ეჰ, არა… ალბათ, ნაცნობი სიტუაციაა.

ჰოდა, დამშორდა…

შოკიდან ვერ გამოვდიოდი. ყველაფერი დაიმსხვრა. ყველაფერი წაიშალა. დიდი ქარი ამოვარდა და ყველაფერი წალეკა. ცრემლების ტბა დადგა. სიკვდილი უფრო ტკბილი ჩანდა. სანატრელი. ყველაფერი შემძულდა, ყველაზე მეტად საკუთარი თავი. ასე გაგრძელდა საათები. დღეები. ხან იატაკზე ტირილში მეძინებოდა ხოლმე. მერე ღმერთს ვადანაშაულებდი, შენ გამო ვკვდები-მეთქი. ალბათ, ესმოდა კიდეც. ალბათ, დიდხანს გაგრძელდებოდა ცოცხალი სიკვდილი, რომ არა შველა, რომელიც ზემოდან მოვიდა.  ალბათ, ვერ აიტანა, როცა ადანაშაულებენ რამეში… თუმცა სამაგიერო ისე არ გადამიხადა, როგორც ვიმსახურებდი. მოითმინა, ალბათ. 

ვერ ვიგებდი, ცხოვრების არსი რა იყო, რისთვის გავჩნდი, რისთვის არის შექმნილი ურთიერთობა, რატომ იქმნება და ინგრევა ცხოვრება. არ ვიცი, რა ძალამ მიბიძგა, მაგრამ დავიწყე ახალი აღთქმის კითხვა. აი, იმ წიგნის, იმ მოხუცმა მასპინძელმა რომ მაჩუქა. თან მეშინოდა, ბიბლიის სწორი ვერსია თუ მქონდა. ვნახე ინტერნეტში რამდენიმე ვერსია. რამდენიმე დღე ვადარებდი თარგმანებს. დავრწმუნდი, რომ სანდო წიგნი მეჭირა… ნაცნობი სიტუაციაა…

კითხვა დავიწყე ნაწყვეტ-ნაწყვეტ, აქა-იქა. თითქოს მითრევდა. მერე გადავშალე ბოლო თავზე. მსმენოდა აპოკალიფსის შესახებ და მინდოდა, მეტი გამეგო. წავიკითხე. ვერაფერი გავიგე. ერთი მარტივი რამ კარგად დამამახსოვრდა. უფალს აქვს სიცოცხლის წიგნი. ვისი სახელიც ამ წიგნში წერია, ისინი მიდიან სამოთხეში, ვისი სახელიც არ წერია, ისინი მიდიან ჯოჯოხეთში. მე სად მივდიოდი? ვკითხე ჩემს თავს. ჩემი ცოდვები და უზნეო საქციელი წინ დამიდგა და მივხვდი, რომ ჯოჯოხეთში მივდიოდი. ის გოგო სულ დამავიწყდა. ჯოჯოხეთის შიშმა ამიტანა. დავიწყე ძებნა იმისა, თუ როგორ უნდა ჩავეწერო სიცოცხლის წიგნში. იქნებ სადმე უნდა წავიდე და ვილოცო, ან იქნებ სანთელი უნდა დავანთო… ყველანაირად ვცდილობდი, პასუხი მეპოვა. 

წავიკითხე ოთხივე სახარება, პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მოციქულთა საქმეები, პავლეს წერილები…. მთელი ეს წერილები ერთსა და იმავეს იძახდა. იმას, რომ იესო არის უფალი და მას შეუძლია ჩვენთვის პატიება და მარადიული სიცოცხლის მოცემა. ვხვდებოდი, რომ იესოს შეეძლო, ჩემი სახელი ჩაეწერა სიცოცხლის წიგნში. რაც უფრო მეტს ვკითხულობდი, უფრო მეტად მიზიდავდა უფალი იესო. თურმე ის ჩვენთვისაა განკაცებული. ჩვენთან მეგობრობა უნდა. ვერც კი წარმოვიდგენდი… ღმერთმა ასე რატომ დაიმდაბლა თავი… ვკითხულობდი, როგორ უყვარს ცოდვილები, თუმცა ვერ იტანს ჩვენს ცოდვებს და მათ მონანიებას გვთხოვს. ბოლოს ჯვარზეც გავაკარით, რომ ჩვენ მაგივრად მომკვდარიყო, ჩვენი ცოდვებისთვის დასჯილიყო და ჩვენ, როგორც მისი მორწმუნეები, გავემართლებინეთ. შემდეგ აღდგა და ამაღლდა ცაში. მოგვცა იმედი, რომ დაბრუნდება და ვისაც მისი გვწამს, წაგვიყვანს თავისთან სამოთხეში. იქ, სადაც სიმშვიდეა, სადაც ტკივილი არ არსებობს. ჰო, აი, ეგ მინდოდა ყველაზე მეტად…

თითქოს სული იყო ჩამოსული ზემოდან, დაუჯერებელი რაღაცები ხდებოდა ჩემს თავს. როცა ერთ ცოდვას ვინანიებდი, თითქოს სული მამხნევებდა, რომ ის მეორე ცოდვაც მეღიარებინა. ტირილში ყველა ცოდვა ამოვიდა… ღმერთს ვეხვეწებოდი, რომ რომელი ცოდვაც არ მახსოვდა, ისიც ეპატიებინა. ბოლოს ვთხოვდი, დაესრულებინა ჩემი ცხოვრება ან ეშველა რამე. ვეუბნებოდი, ხომ მწამს ახლა უფალი იესოსი? ხომ მოვინანიე? ამის მეტი არაფერი წერია წიგნში. მთელი ბიბლიის არსიც ხომ ესაა-მეთქი. ბოლოს ერთი კარგად ვიტირე, ამოვიოხრე და ჩამეძინა… ალბათ, ნაცნობი სიტუაციაა. 

2017 წლის 5 ივნისი, ორშაბათი დილა, მაღვიძარაზე ადრე გამეღვიძა. იშვიათი შემთხვევაა, დავასწრო… მე არ ავმდგარვარ. თითქოს წმინდა სულმა ამაყენა. თითქოს ჩემი გული და შინაგანი სამყარო განათებული იყო, გაწმენდილი. ტკივილი გამქრალიყო. ყოველგვარი მიზეზის გარეშე ძალიან მიხაროდა და ვიცინოდი. თითქოს სული ჰაერში მიტაცებდა. რაღაც ზეიმი იყო. ძლიერ, ნეტარ გრძნობას განვიცდიდი. მივხვდი, რომ უფალი იყო ამ ყველაფრის ავტორი. ეს დილა იყო, როცა მივხვდი, რომ უფალი შეიძლება გიყვარდეს, ყველაზე მეტად გიყვარდეს. თუმცა სულიწმიდის შენში მოქმედების გარეშე ამის გაკეთება ყალბი იქნება. უბრალოდ შეუძლებელია. შიგნიდან უნდა შეგცვალოს. ეს დილა იყო, როცა ახლიდან დავიბადე და მივხვდი, რომ ჩემი სახელი უფალს უწერია სიცოცხლის წიგნში… ალბათ, ნაცნობი სიტუაციაა…

P.S. ადამიანების და ქვეყნის სახელი შეცვლილია გარკვეული მიზეზების გამო.

Loading...