ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ

იესო, ხელი არ გამიშვა, შენთან ყველაზე უსაფრთხოდ ვარ…

მარიამ ბაიდაშვილი 8 ოქტომბერი, 2020
მარიამ ბაიდაშვილი 8 ოქტომბერი, 2020 732 ნახვა
732

ზოგჯერ მიფიქრია, რა იქნებოდა, ბაბუაწვერად რომ დავბადებულიყავი… ცივი ქარი დაუბერავდა, მე გავიფანტებოდი და ზეცისკენ გავფრინდებოდი, უფრო ახლოს ვიქნებოდი შენთან, ვიდრე მიწაზე.

ჩემს ოცნებებში ხან პეპელა ვარ, ხანაც – პატარა ჩიტი თუ ნებისმიერი ფრინველი და ვნატრობ, როგორმე, ფრენით მოვაღწიო შენამდე.

მენატრები, ისე, როგორც არასდროს…

ახლა მატარებელში ვზივარ. გვირაბში ბნელა, ხმაურია. ყურებზე ხელებს ვიჭერ. მეშინია, ხმაური მაშინებს… მინდა, სინათლე დავინახო; მინდა, ვაგონები გაჩერდეს; შეწყდეს ქაოსი; გავიქცე, გავაღწიო ამ უსასრულო გვირაბიდან, რომელშიც მარტო ვარ. ზეცა მინდა დავინახო, ერთი წამით მაინც შევეხო, ერთი წამით მაინც ვიყო იქ, შენთან ახლოს… იმიტომ, რომ ზეცაში ავად არავინ ხდება. მე კი ავად გავხდი და ძალიან, ძალიან მტკივა…

გახსოვს, როდესაც პირველად საავადმყოფოში შევედი, ყველა ექიმი შენ გგავდა თეთრი, გაწკრიალებული ხალათითა და ფითქინა ხელებით, მაგრამ თეთრი ხალათის შიგნით მათი სამოსი მუქი და დასვრილი იყო, შენ კი მთლიანად თეთრი ხარ, შენში პატარა სიბნელესაც კი ვერავინ ნახავს. არასდროს მომწონდა სიბნელე, ამიტომ ყველგან გეძებდი…

მათ ვერ მომარჩინეს. ისინი სუსტები არიან. ამბობენ, რომ გიშველიან, მაგრამ მათი სიტყვები ტკივილგამაყუჩებლებსა და აბებზეა დაყრდნობილი, ჩემი ლოცვა კი – შენს სიტყვებზე; რადგან შენ ამბობ და სიტყვები მაშინვე ცოცხლდება, ხორცს ისხამს; ისე, როგორც პატარა ყვავილი აპობს ასფალტს, იშლება და სურნელებით ავსებს გარემოს.

მენატრები, ისე, როგორც არასდროს…

მატარებელი არ ჩერდება, ისევ ხმაურია. უფალო იესო, გული დამეღალა, ადამიანებმა დარდი დამიტოვეს და წავიდნენ. მე ვბრაზობ მათზე. ისე, რომ ზოგჯერ სიძულვილით ვივსები და მინდა, ისევე ეტკინოთ, როგორც მე მატკინეს. მიფიქრია, რომ მათი ხელები ყველაფერს, ყველაფერს აფუჭებს, თავად ჩემს გულსაც…

იცი, კიდევ რატომ მინდა ზეცაში? იმიტომ, რომ ცა სუფთაა… სუფთაა, რადგან ადამიანის ხელები ვერ სწვდება მას…  არა!  არ გავბრაზდები!  შენ დუმდი, როცა გტკიოდა. დუმდი და იდექი ისე მტკიცედ, როგორც ბუმბერაზი მთა. მეც სწორედ ამგვარი პატიება მინდა, რომ მასწავლო, უფალო იესო. ისეთი პატიება, როგორიც შენ იცი. ადამიანებმა უამრავი სასიკვდილო ჭრილობა და უდიდესი ტკივილი მოგაყენეს, მაგრამ შენ მაინც შესძახე: „აპატიე, მამაო, მათ!..“

მოდი და შენი სიმშვიდის ფერით შეღებე ჩემი გული, შენი სიყვარულის ფერით გამაფერადე, რომ განვიკურნო… რომ გვირაბიდან გავაღწიო… გაჩერდეს მატარებელი და ჩამოვიდე, სინათლისკენ გავიქცე, ზეცა დავინახო, ხმაური შეწყდეს…

ჯერ ისევ მატარებელში ვზივარ, მაგრამ მგონია, რომ გვერდით იესოც მომიჯდა, რადგან, ხმაურის მიუხედავად, მშვიდად ვარ, გავთბი, აღარ მცივა და მახსენდება სიტყვები, რომლებიც იესო ქრისტემ მაჩუქა: „ახლოს არის უფალი ყველა თავის მლოცველთან, ვინც მას მოუხმობს ჭეშმარიტებით.“ მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ისმის ხმაური, ჯერ კიდევ ელი სინათლეს, შენ იცი, რომ მარტო არ ხარ, რადგან დაუძახებ და შენთან მოვა, ყველაზე ერთგული მეგობარი, იესო, რომელიც არასოდეს, არასოდეს გავნებს. მხოლოდ მასთან ვარ სრულიად უსაფრთხოდ და მხოლოდ ისაა ყველაზე ძვირფასი ჩემთვის!..

მარიამ ბაიდაშვილი

ქალაქ გორის ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის წევრი.
ეკლესიის მგალობელთა გუნდის მსახური.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი

დატოვე კომენტარი პასუხის გაუქმება

შეინახე ჩემი სახელი, ელ.ფოსტა და ვებგვერდი ამ ბრაუზერში, შემდგომი კომენტარების დასატოვებლად.

შემთხვევითი ბლოგები

თანამგრძნობი მსახური

31 იანვარი, 2017

ტანჯვის ქუჩა

30 ივნისი, 2015

წერილი უფალს ბნელი ღამისას

6 მარტი, 2019

რაღა მოვითხოვო შენგან?!

31 მაისი, 2021

თუ უფლის ყურადღების მიპყრობა გსურს

23 მარტი, 2020

ისევ გათენდება…

11 ივნისი, 2015

ვისთვის რა არის თავისუფლება?!..

19 თებერვალი, 2019

მარხვა, დამარხვა…

3 დეკემბერი, 2020

თუ დაგიტოვებია კითხვა უპასუხოდ…

27 იანვარი, 2020
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    სად არის, სიკვდილო, შენი ნესტარი? სად არის, ჯოჯოხეთო, შენი ძლევა?!

    1 მაისი, 2016
  • 2

    იმედგაცრუების ძირითადი მიზეზი

    31 ივლისი, 2019
  • 3

    ღმერთი არასოდეს შეგაქცევს ზურგს…

    27 აპრილი, 2019
  • 4

    ის მოკვდა, რათა გვქონოდა საუკუნო სიცოცხლე

    20 სექტემბერი, 2021
  • 5

    ბარაბას ადგილზე რომ ვყოფილიყავით…

    14 აპრილი, 2023


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ