დღეს სრულიად მოულოდნელად გადავწყვიტე კინოში წასვლა… კინოთეატრში ოსკაროსანი რეჟისორის, მელ გიბსონის, ფილმი „ჰაქსოს გმირი“ გადიოდა, რომელსაც 2017 წელს ოსკარს უწინასწარმეტყველებენ… შინაარსი წინასწარ ვიცოდი. მოვლენები მეორე მსოფლიო ომის ფონზე ვითარდება, ამერიკელების ბრძოლა იაპონელებთან და გმირი, რომელიც ქრისტიანობის გამო იღებს გადაწყვეტილებას, წავიდეს ომში, ოღონდ არა ადამიანთა დასახოცად, არამედ მათ გადასარჩენად.
ერთი შეხედვით, ყველაფერი თითქოს ფანტასტიკას ემსგავსება, მაგრამ ვიცოდი, რომ ფილმი რეალურ მოვლენებს ეფუძნებოდა და მოკლედ, დაინტერესებული და ბევრი ბატიბუტით ხელში ჩავუჯექი ფილმს.
მთავარი გმირი ომში მოხალისედ მიდის, თუმცა უარს აცხადებს იარაღის ხელში აღებაზე და განმარტავს, რომ მისი ღმერთი მოუწოდებს „არ კლა“… მიუხედავად ამისა, არავის ესმის მისი ომში ყოფნის დანიშნულება, ვერავინ უგებს პაციფისტ დოსს, რისთვის მიდის ასეთ დიდ რისკზე.
ამის გამო ჯარისკაცები მას ამცირებენ და უპირებენ სახლში დაბრუნებას ლაჩრის იარლიყმიკრულს, თუმცა ამერიკის კონსტიტუციამ (დოსის მამის ძალისხმევით) „სულზე“ მიუსწრო ახალგაზრდა ქრისტიანს და გადაარჩინა უდანაშაულოსთვის განწესებული სასჯელისგან.
მიუხედავად ამდენი დამცირებისა, დოსი ყოველთვის პოულობდა სულიერ ძალას, მდგარიყო იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მას ხალხის წინაშე დამცირებას, შერცხვენას უქადდა და დოსის მამაც, რომელმაც შეძლო თავისი შვილისთვის უიარაღოდ ომში წასვლის ნებართვა მოეპოვებინა, თითქოს ერთგვარი პასუხი იყო მის ლოცვებზე, პასუხი, რომელიც ეუბნებოდა, სად იყო მისი ადგილი.
ომი საშინელებაა, ადამიანი კი მუდმივად განიცდის შიშს, რომელიც უსაზღვრო სისხლისღვრას, დაფლეთილი ადამიანების ყურებას, საყვარელი ადამიანების ვეღარ ნახვის საშიშროებას, სიკვდილის სუნს უკავშირდება. ომში, სადაც მხოლოდ ერთი წესი არსებობს − როგორმე გადარჩე, რიგითი დოსი იბრძვის იმისათვის, რომ როგორმე სხვა გადაარჩინოს…
ბრძოლის ადგილზე, საიდანაც ყველამ უკან დაიხია, რჩება მხოლოდ ის და მთელი ღამის განმავლობაში დაჭრილების სიცოცხლის გადასარჩენად ძალას არ იშურებს. იმ დროს, როდესაც ქვეყნის იმედად შერაცხული, იარაღასხმული ბიჭები არსად ჩანან მოძმეთა დასახმარებლად, ერთი უბრალო „ფანატიკოსი ქრისტიანი“ მთელი ღამე იბრძვის დაჭრილთა სიცოცხლისთვის.
თავიდან, როდესაც დოსი გადაწყვეტილების წინაშე დადგა, გადაერჩინა საკუთარი სიცოცხლე, დანარჩენთა მსგავსად უკანმოუხედავად გაქცეულიყო და ეფიქრა, რომ დატრიალებულ უბედურებას ვერც ერთი დაჭრილი ვერ გადაურჩებოდა, ან… ან… და ამ დროს იგი გულწრფელად ეკითხება ღმერთს, თუ რა უნდა მისგან და სწორედ ამ მომენტში ესმის დაჭრილის ხმა, რომელიც გადარჩენას ითხოვს…
ახლა მისთვის გასაგებია უფლის პასუხი… ახლა მან ზუსტად იცის, წრფელი კითხვის პასუხი, იცის, რას ითხოვს მისგან უფალი… მისი სული ნელ-ნელა ფოლადივით იწრთობა და ყოველი დაჭრილის საიმედო ხელებში ჩაბარების შემდეგ იგი მხოლოდ ერთ ფრაზას იმეორებს: „მომეცი ძალა, კიდევ ერთი გადავარჩინო“…
„მომეცი ძალა, კიდევ ერთი გადავარჩინო“… მესმოდა განუწყვეტლივ გონებაში… „მომეცი ძალა, ერთი მაინც გადავარჩინო“, – ვჩურჩულებდი ჩემთვის… რა გინდა შენ ჩემგან, უფალო? რა გინდა, რომ გავაკეთო? უშენოდ არაფერი შემიძლია, მომისწორე ბილიკები და მომეცი მიზანი, რომელიც ემსახურება შენს საქმეს. „მომეცი ძალა, ერთი მაინც გადავარჩინო…“ უცებ სინათლე აინთო დარბაზში და ხალხმა დაშლა დაიწყო. გამოვერკვიე აზრებიდან და მეც წამოვდექი…
ახლა სახლში წავალ და დავიძინებ, ხვალ ახალი დღე დაიწყება და თუ კარგად არც გავაანალიზებ ნანახს, შეიძლება ეს ყველაფერი მხოლოდ ემოციურ ფონად დარჩეს ჩემში, არც იმოქმედოს გონებაში გამუდმებულად მოტრიალე აზრებმა, ფიქრებმა იმის შესახებ, თუ რამდენი დაღუპვის პირას მისული სიცოცხლე გვაქვს ქრისტიანებს გადასარჩენი და ის, რომ ჩვენ მოწოდებულნი ვართ გადასარჩენად და არა მოსაკლავად. მე ვიცი, რომ ეს რეალური ცხოვრებაა. ვიცი, რომ ეს არ შეიძლება იყოს წამიერი ემოციის მოზღვავება…
„მომეცი ძალა, კიდევ ერთი გადავარჩინო“… მთელი ღამე მიტრიალებს ფრაზა გონებაში… „მომეცი ძალა, ერთი მაინც გადავარჩინო“, – ვიმეორებ ჩემთვის…
მე მწამს, რომ უფალი ხედავს წრფელ გულს და ისმენს გულმხურვალე ლოცვას და ისიც ვიცი, რომ ხვალინდელი დღე აღარ იქნება ისეთი, როგორიც გუშინდელი იყო…