ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ

ნინის გამო…

ნატალია ჩიქოვანი 16 თებერვალი, 2021
ნატალია ჩიქოვანი 16 თებერვალი, 2021 617 ნახვა
617

რამდენიმე დღეა, შევხედავ ჩემს მოზარდ გოგონას და გულში მწარე ტკივილს ვგრძნობ ნინის გამო… გონებაში სულ ის მიტრიალებს, რას განიცდიდა უკანასკნელ წუთებში საქართველოს კიდევ ერთი მარიტა, შერცხვენილი, მიტოვებული და სასოწარკვეთილი, ოჯახისგან უარყოფილი და საზოგადოებისგან გაკიცხული… კიდევ ერთი სიცოცხლის გადარჩენა ვერ შევძელით, პირიქით, თოკი მივაწოდეთ, ვუბიძგეთ ჩვენი უმოქმედობით, ჩვენი შეგუებით უსამართლობასთან.

ვუყურებ იმ ქაოსს, რაც მისი გარდაცვალების შემდეგ სუფევს, დამაინტრიგებელი სათაურებით გადაჭრელებულ ვებგვერდებს, თანაგრძნობისგან დაცლილ მსჯელობას, „ნწ, ნწ“-ს ძახილს მაშინ, როცა ორი დღის წინ 14 წლის გაუხარელი სიცოცხლე მიწაში ჩავდეთ. ცოტა ხანს ვივიშვიშებთ, დავინტერესდებით წესის არაგება-აგებით, და ყველა დეტალის (რა მოხდა? სად მოხდა? რატომ მოხდა?) გულიანად განხილვის შემდეგ, კვლავ ჩვენ-ჩვენს ცხოვრებას განვაგრძობთ. და ასე, „ვალმოხდილნი“ ვიცხოვრებთ მორიგ ტრაგედიამდე მანამ, სანამ არ შევიგნებთ, რომ თითოეული ჩვენგანია პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის მომავალზე, იმ აზროვნებასა და შეუწყნარებლობაზე, რაც ჩვენშია. და თუ არ შევიგნებთ, „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“ ადრე თუ გვიან ჩვენს კარზეც დააკაკუნებს, რადგან სამყაროში ყველაფერი მიზეზშედეგობრივია და ბიბლია ამბობს, რომ კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის.

გიფიქრიათ, რომ მე ან თქვენ ხართ ის მეზობელი, ვის თვალში შერცხვენასაც ვერ გაუძლო პატარა გოგონამ?.. ახლა, როცა აღარ არის, შესაძლოა თქვათ, სიკვდილი რა გამოსავალი იყოო, მაგრამ რომ ეცოცხლა, რამდენჯერ გავჭორავდით? რამდენჯერ განვიკითხავდით? რამდენი მივიღებდით? რამდენი დავუდგებოდით გვერდით?.. ალბათ, ძალიან ცოტა, ან არავინ… ჩვენ ხომ ჩარჩოებში ვცხოვრობთ, ჩვენ ხომ შვილებს საზოგადოებასთან თავის მოსაწონებელ საგნებად და ჩვენი სიბერის გარანტორებად ვზრდით, ჩვენ ხომ ასეთ მომენტებში ჩვენი ავტორიტეტი უფრო გვადარდებს ხალხში, ვიდრე ის, თუ რა ხდება ჩვენი შვილის, მეგობრის, მეზობლის, ნათესავის გულში…

უიმედობის აჩრდილი დაძრწის ჩვენს ქვეყანაში უპატრონობის, მიუსაფრობის, უპასუხისმგებლობის აჩრდილებთან ერთად და ეს აჩრდილები ყველგან ცხოვრობენ, ყველა ინსტიტუციაში: ოჯახში, სკოლაში, პოლიციაში, სასამართლოში…

კიდევ ერთი სიცოცხლის გადარჩენა ვერ შევძელით, რადგან ბავშვობიდან გვასწავლეს მდუმარება; რადგან სხვის საქმეში ჩარევა ცუდი აღზრდის ნიშანია და აღარ გვიფიქრია, რომ არსებობს ზღვარი, სადაც საზოგადოება და ინდივიდი ერწყმის ერთმანეთს; სადაც ყველა ერთად ვქმნით ჩვენს მომავალს; სადაც არ უნდა გაჩუმდე; სადაც სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი არ უნდა იყოს; სადაც თანადგომა უნდა ვისწავლოთ, დავიცვათ სუსტნი და სწორი საზოგადოებრივი აზრი შევქმნათ.

ვიცი, რა არის უუნარობის განცდა, სისუსტის, დაუცველობის, უმომავლობის… მძულდა სამყარო, სადაც ადამიანები ვერ ხვდებოდნენ, რომ ზოგჯერ ადამიანი იქამდე მთავრდები, ვიდრე უკანასკნელად ამოისუნთქავ; ზოგჯერ შენს ოცნებებთან ერთად კვდები; ზოგჯერ უთქმელ დარდთან და ვერდაცულ თუ ვერდამტკიცებულ სიმართლესთან ერთად…

ვიცი, ნინის ვერ ვუშველი, მაგრამ ნინის გამო ვილაპარაკებ: შენ, ვინც ახლა საკუთარ ყოფნა-არყოფნას წყვეტ, შეჩერდი! არ დანებდე, სიკვდილი არ არის გამოსავალი, შენ უნდა შეცვალო ეს ქვეყანა, შენ ხარ მომავალი და წარსულად ნუ იქცევი. ნუ მოიქცევი იმ უპასუხისმგებლო ინსტიტუციის და კონკრეტული ადამიანების მსგავსად, რომლებმაც იმ ადგილამდე მიგიყვანეს, სადაც ახლა დგახარ! ნუ გადადგამ ამ ნაბიჯს! შენი მოვალეობაა, იცოცხლო! აიმაღლე ხმა უსამართლობის წინააღმდეგ და არ შეგეშინდეს, რადგან უფალია ყველა ჩაგრულის მცველი!

…

შენ კი, ძვირფასო (უმეტესად ქრისტიანულო) საზოგადოებავ, ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფრაზას შეგახსენებ, რომელიც თავად უფალ იესო ქრისტეს ეკუთვნის:

როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ასევე მოექეცით მათ.

მათეს 7:12
ნატალია ჩიქოვანი

"ქრისტიანული არხის" ჟურნალისტი.
რუსთავის სახარების რწმენის ეკლესიის წევრი.
მინი-თეატრალური დასის და საკვირაო სკოლის მსახური.

დატოვე კომენტარი პასუხის გაუქმება

შეინახე ჩემი სახელი, ელ.ფოსტა და ვებგვერდი ამ ბრაუზერში, შემდგომი კომენტარების დასატოვებლად.

შემთხვევითი ბლოგები

უფლის წუხილი დაკარგულ კრავზე

15 მაისი, 2018

ნუ მომკლავ…

27 ოქტომბერი, 2020

მისი თვალები შეხვდა ჩემს თვალებს

20 დეკემბერი, 2019

ადამიანს ყველაზე ძვირფასი საკუთარი სიცოცხლე აქვს

20 სექტემბერი, 2021

წერილი ღმერთს

21 დეკემბერი, 2016

დიალოგი ღმერთთან

7 დეკემბერი, 2020

ყალბი ქრისტიანობა – სხვის ჩასაქოლად აღმართული ქვა ცოდვილის...

23 აპრილი, 2015

სიცოცხლესა და სიკვდილს შორის გადებული ხიდი

21 ივნისი, 2021

წერილი მარადისობიდან

9 ივნისი, 2016
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • საუბარი ღმერთთან

    4 მაისი, 2018
  • 3

    ენდე ღმერთს

    11 მარტი, 2021
  • 4

    სამყაროს სჭირდება ქრისტე!

    24 აპრილი, 2019
  • 5

    ნუ ცხოვრობ წარსულით, წინ მომავალია!

    24 აპრილი, 2017


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ