ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ

რას ხედავ შენ?

თამუნა ბაღდავაძე 12 იანვარი, 2021
თამუნა ბაღდავაძე 12 იანვარი, 2021 363 ნახვა
363

ბავშვობაში, როდესაც ფილმს ვუყურებდით და ჩემი მოხუცი, ტკბილი ბებიკო შინაარსით დაინტერესდებოდა და გვერდით მოგვიჯდებოდა, პირველი მისი კითხვები პერსონაჟებთან მიმართებით ჩნდებოდა: ეს კეთილია? ის ბოროტია? მშობლებიც, იმის გამო, რომ რამე მნიშვნელოვანი არ გამორჩენოდათ, ღიმილიანი სახით მოკლე პასუხებით შემოიფარგლებოდნენ: „კი“ ან „არა“.

მეც ასე ჩამებეჭდა გონებაში და ღრმა ბავშვობაში ასე მეგონა, რომ ადამიანები ორ კატეგორიად იყოფოდნენ და არსებობდნენ ან კეთილი, ან ბოროტი ადამიანები. მას შემდეგ გავიზარდე, ბევრი რამ ვნახე ცხოვრებაში, ახლაც ვსწავლობ და ვაკვირდები ჩემს თავს, ადამიანებს და რა თქმა უნდა, დიდი ხანია გამიცხადდა, რომ ასე ბანალურად არ არის ადამიანი მოწყობილი, რომ ან მხოლოდ კეთილი, ან მხოლოდ ბოროტი იყოს. ჩვენში, ყველაში, არის კეთილიც და არის ბოროტიც. ყველას გვაქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. ჩვენ ყველას შეგვიძლია ბოროტების ჩადენაც და სიკეთის ქმნაც. და გამუდმებით ასეც ხდება ჩვენს ცხოვრებაში. საკმაოდ რთული და ღრმა არსებაა ადამიანი. მაგრამ ეს კიდევ სხვა, შეიძლება ითქვას, ფილოსოფიური საკითხია. დღეს კი სულ სხვა რამეზე მინდა, რომ დავფიქრდეთ: ჩვენ რას ვხედავთ, რა გვგონია, ან რას ვამჩნევთ სხვებში?

ღმერთი სიბრძნისკენ მოგვიწოდებს და გვასწავლის – დაფიქრებულად და გონივრულად ვიქცეოდეთ, ვიყოთ ფრთხილნი და ამავდროულად, ვიყოთ ბავშვებივით წრფელნი და სუფთა გულისანი. ეს არასოდეს არ უნდა გვავიწყდებოდეს.

მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველნი, და უმანკონი, როგორც მტრედნი.

მათეს სახარება 10:16

ამიტომ, რა თქმა უნდა, გულუბრყვილოდ მინდობა ადამიანზე, როდესაც სასწორზე რაღაც მნიშვნელოვანი დევს, არასწორი და გაუმართლებელია. მაგრამ ამაზე სხვა დროს იყოს. დღეს მე დამოკიდებულებებზე, პირველ შთაბეჭდილებებზე, ურთიერთობების შენებაზე მინდა დაგაფიქროთ.

მინდა მოგიწოდო დღეს, რომ დაფიქრდე ამაზე, დააკვირდე შენს თავს ობიექტურად და გამოიკვლიო: როგორი მიდგომა გაქვს ადამიანებისადმი? ხარ ისეთი, ვინც დადებითად იმსჭვალება ადამიანისადმი და არ ფიქრობს მის შესაძლო ცუდ მხარეებზე, თუ მაშინვე უნდობლობით ხარ განწყობილი და ეს იმდენად ჩვეულებრივი გახდა შენთვის, რომ ვერც აანალიზებ, რადგან ქვეცნობიერად უკვე ასე ხარ მოწყობილი? უცხადებ თუ არა ადამიანს ნდობას და მზად ხარ, წინასწარი აკვიატებული აზრის გარეშე იქონიო ადამიანთან ურთიერთობა, თუ მაშინვე კითხვებითა და უნდობლობით ივსება შენი შინაგანი?

რას ხედავ შენ?

თუ ჩემი აზრი გაინტერესებს, გულწრფელად გეტყვი, რომ ყოველთვის ვცდილობ, წინასწარი აკვიატების გარეშე შევხვდე ყოველ ახალ ადამიანს ჩემს ცხოვრებაში და თავად მას და დროს მივცე საშუალება, გამოავლინოს, თუ როგორია ის სინამდვილეში. მანამდე კი უბრალოდ ვცდილობ, დავინახო ის დადებითი, რაც მას აქვს და არ ვეძებო ცუდი თვისებები მასში. რადგან ვხვდები, რომ სხვაგვარად ურთიერთობები განწირულია და მე, დიდი ალბათობით, შეიძლება გავხდე სტერეოტიპების თუ ჩემივე წინასწარ აკვიატებული, მცდარი აზრების მსხვერპლი.

მირჩევნია, დრომ და ცხოვრებამ მაჩვენოს ადამიანი და თუნდაც შევცდე მასში, ვიდრე ვიყო უნდობელი და ჩემივე ეჭვები მტანჯავდეს და მიღრღნიდეს გულს. და მერწმუნე, თუკი ჩვენს თავს მივაჩვევთ ასეთ დამოკიდებულებას, ეს ჩვენი განუყოფელი ნაწილი გახდება და ეჭვიანი ბუნება ნელ-ნელა ისე ჩამოგვიყალიბდება, რომ ვერც კი შევამჩნევთ ამას. მე კი ცხოვრებაში ბევრი უნდობელი და ეჭვიანი ბუნების ადამიანი მინახავს, რომლებიც ჯერ საკუთარ თავს – შინაგანს, ემოციებს, ჯანმრთელობასაც კი და მთელ ცხოვრებას ინადგურებდნენ და მერე ირგვლივ მყოფებსაც ტანჯავდნენ, ასე რომ, ნამდვილად არ მინდა, ვიყო ამგვარად.

ამიტომ მე სხვა გზას ვირჩევ: მინდა, ნდობა გამოვუცხადო ადამიანებს, რადგან მეც ასე გამიხარდებოდა, რომ მომქცეოდნენ. ვირჩევ ნდობის გზას, რომ ჩემი უნდობლობითა და ეჭვებით არ დავანგრიო პიროვნება და ურთიერთობები, არამედ თუ შემიძლია, სიკეთე ვუქნა, ან თუ ეს არაა შესაძლებელი, უბრალოდ მშვიდობით დავშორდე მას.

ჩვენ თავად ვირჩევთ გზას და ჩვენ თავად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც შემდგომში აყალიბებენ ჩვენს ბუნებას და განაპირობებენ კონკრეტულ შედეგებს ჩვენს ცხოვრებაში. ამიტომ, ჩემო მეგობარო, არ დაგავიწყდეს:

როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ.

ლუკას სახარება 6:31

ვინაიდან:

რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის.

გალატელთა 6:7
თამუნა ბაღდავაძე

საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის წევრი.
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ქრისტიანულ არხში.

დატოვე კომენტარი პასუხის გაუქმება

შეინახე ჩემი სახელი, ელ.ფოსტა და ვებგვერდი ამ ბრაუზერში, შემდგომი კომენტარების დასატოვებლად.

შემთხვევითი ბლოგები

მარხვა, დამარხვა…

3 დეკემბერი, 2020

დაბრუნდი! შენ გელოდებიან!

28 ივლისი, 2015

გადამწყვეტი წუთი

26 თებერვალი, 2020

გავცოცხლდით ქრისტეში, რათა მისი სიცოცხლით გვეცოცხლა…

14 ივლისი, 2016

კმარა, უფალო!

5 დეკემბერი, 2019

მონა თუ თავისუფალი?

31 მარტი, 2022

სინათლე მოდის ბრძოლით

3 დეკემბერი, 2020

ღმერთი არ არის საშუალება

5 დეკემბერი, 2022

იბადები, ადამიანო

1 ივნისი, 2023
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    თუ უფლის ყურადღების მიპყრობა გსურს

    23 მარტი, 2020
  • 2

    სიცარიელე, სახელად უღმერთობა

    27 ივნისი, 2019
  • 3

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 4

    ღმერთი არ არის საშუალება

    5 დეკემბერი, 2022
  • 5

    მედროვე ადამიანთა ქმედებები…

    22 მარტი, 2019


© - ყველა უფლება დაცულია

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ