ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ

რატომ, ღმერთო?!

ნატალია ჩიქოვანი 17 აპრილი, 2020
ნატალია ჩიქოვანი 17 აპრილი, 2020 406 ნახვა

რამდენ ჩვენგანს უთქვამს განსაცდელში: რატომ, ღმერთო?… რამდენჯერ გიტირიათ უძლურებისგან და რამდენჯერ დაგისვამთ ღმერთისთვის კითხვა: რაღა მაინცდამაინც მე, რატომ, უფალო?!…

ეს გარდაუვალი გზაა, ეკლიანი ბილიკი, რომელზე გადადგმული თითოეული ნაბიჯიც მტკივნეულია, მაგრამ ეს ერთადერთი სწორი გზაა ზეცისკენ მიმავალი.

ქვეყნიერებიდან რომ მოდიხარ, შენი გონება თაფლისა და რძის მოჩუხჩუხე ნაკადულებთან ქრის. გრძნობები და ემოციები პატარა ბავშვივით გამძაფრებული გაქვს, ხარობ უფლის სასწაულებით, თანდასწრების ღრუბლით და ეკლესიის მზრუნველობით, ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებ, რომ გზა ქანაანამდე გრძელ და დამღლელ უდაბნოზე გადის. თავიდან ყველაფერი იოლი ჩანს, იქამდე, სანამ გამოილევა წყალი და საგზალი გათავდება. იქამდე, სანამ ქალამანი გაცვდება და უდაბნო თავისუფლების ზონის ნაცვლად სადამსჯელო ექსპედიციად გადაიქცევა…

რამდენჯერ გაიხედავ უკან, „უზრუნველყოფილი“ მონობისკენ, ნაცვლად იმისა, რომ ხედავდე აღთქმულს და პასუხისმგებლობას იღებდე საკუთარ თავისუფლებაზე. შესაძლოა, უკან არც გაიხედო, მაგრამ თუ ეგვიპტე თან გდევს, თუ ის შენშია, ის ყოველთვის შენ თვალწინ იქნება…

მცხუნვარე მზის ქვეშ უდაბნოს უსასრულობას თვალმოჭუტული გასცქერი და ცდილობ წარმოიდგინო, რამდენი დღის სავალია მიზნამდე. შეიძლება, ეს სულ რადენიმე დღის გზა იყოს, შესაძლოა, რამდენიმე წლისაც…

ჩვენ ვუყურებთ გზის სიგრძეს, ნაცვლად იმისა, რომ ვუყურებდეთ, რა სიჩქარით მივდივართ ამ გზაზე… შესაძლოა, ამ გზაზე წრეზე სიარულიც მოგვიხდეს და ეს სრულიად რეალურია, თუ ნაცვლად კითხვისა „როგორ, ღმერთო?“, ვიკითხავთ: „რატომ, უფალო?…“

ყველა ახალწვეული გადის საბრძოლო წვრთნას საომარი მოქმედების დაწყებამდე, ყველა ჭუპრი ხოხავს, სანამ ძველი ქერქიდან გამოძვრება და ულამაზეს, ფრთებიან პეპლად გადაიქცევა, ყველა ლოდი გადის ურთულეს დამუშავებას, სანამ ქვაში ნატიფი ქანდაკება გამოიკვეთება…

ეს კანონზომიერი გზაა, რომელსაც გაივლის ყველა, ვინც წინ მიდის. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. შესაძლოა, იპოვოთ კიდეც სხვა გზა, მაგრამ მისი საბოლოო შედეგიც სხვაა. თითოეულ ჩვენგანს უპირობო დამოკიდებულება გვაქვს კანონზომიერებებთან და ვიცით, რომ თუ გვინდა წინ წასვლა, ამისათვის ნაბიჯი უნდა გადავდგათ, მაგრამ, ხშირად, კანონზომიერებად არ მივიჩნევთ მომზადების, წვრთნის პროცესს, ამიტომაც ვსვამთ კითხვას: „რატომ, ღმერთო?!“

მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავად ვაცნობიერებთ მიზეზშედეგობრივ კავშირებს, ჩვენი ხორცი გამუდმებით „გვკარნახობს“, რა სურს მას. ჩვენ უბრალოდ გვინდა, გამოვიდეთ ეგვიპტიდან და მაშინვე შევიდეთ ქანაანში და უგულებელვყოფთ მათ შორის მდებარე „კანონზომიერ“ უდაბნოს. ალბათ, ამიტომაცაა ის ასეთი გაუსაძლისი და მცხუნვარე, ამიტომაც ვიტანჯებით და ვყვირით: „რატომ, ღმერთო?!“

ჩვენ ვყვირით ყოველი მომდევნო იმედგაცრუებისას, ვნებდებით, როცა ვერ ვაბარებთ გამოცდას, ვტკბებით თვითშეცოდებით და საკუთარი ცრემლებით ვქმნით „ოაზისს“ შუაგულ უდაბნოში. მერე ვსახლდებით ამ „ოაზისში“ და მორიგი იმედგაცრუების შიშით ადგილიდანაც არ ვიძვრით, არადა დაწერილია, რომ გლოვის ველზე გამვლელნი წყაროს აღმოაჩენენ, გამვლელნი და არა ერთ ადგილას ფეხმოუცვლელად მდგომნი.

დიახ, უდაბნო ‒ ეს ცრემლების ადგილია! ტკივილისა და იმედგაცრუების, შიშისა და მოლოდინის, დაცემისა და სასოწარკვეთის… მაგრამ ღმერთის თანდასწრების ღრუბლის ადგილიცაა იგი! თუ ჩვენთვის ეს გზა არაა მოულოდნელი, თუ ეს გზა ჩვენი არჩევანია, მაშინ ჩვენ ვიტყვით: „ახლა როგორ, უფალო?!“, ისევე, როგორც ამას მოსე ეკითხებოდა მას; მაგრამ თუ ჩვენი არჩევანი ქანაანია მხოლოდ, მასთან მისასვლელი გზის გარეშე, მაშინ ჩვენ დაუსრულებლად დავსვამთ ერთსა და იმავე კითხვას: „რატომ, ღმერთო?!“, სწორედ ისევე, როგორც ამას ისრაელი აკეთებდა უდაბნოში წრეზე სიარულის დროს.

ჩვენ არ ვართ მარტონი ჩვენი ცხოვრების უდაბნოში, ისევე, როგორც მოსე არ ყოფილა მარტო. ჩვენ ვხედავთ უამრავ ბიბლიურ გმირს, რომლებსაც ღმერთი დიადი მიზნებისთვის მოუწოდებდა და ლოგიკურად, ჩვენც ველით დიდებულ მომავალს დიდებული აღთქმის შემდეგ.

უდაბნო, ხშირად, ვარდნის, ქვემოთ დაშვების გზაა, მაგრამ არაფერია საშიში, ღმერთს აქვს გეგმა თითოეულისთვის და თავის დროზე აგვამაღლებს.

იერემია 29:11: „რადგან მე კარგად ვუწყი ზრახვები, რომლებიც განვიზრახე თქვენთვის, – ამბობს უფალი, – სამშვიდობო ზრახვები, რომ მოგცეთ თქვენ მომავალი და იმედი.“

ის არ არის მითოლოგიური ღმერთი, ღმერთი, რომელიც ძველი აღთქმის ფურცლებზე დარჩა, ის უკუნისამდე იგივეა და დღესაც იგი ჩემთან და შენთან

ნატალია ჩიქოვანი

"ქრისტიანული არხის" ჟურნალისტი.
რუსთავის სახარების რწმენის ეკლესიის წევრი.
მინი-თეატრალური დასის და საკვირაო სკოლის მსახური.

დატოვე კომენტარი პასუხის გაუქმება

შეინახე ჩემი სახელი, ელ.ფოსტა და ვებგვერდი ამ ბრაუზერში, შემდგომი კომენტარების დასატოვებლად.

შემთხვევითი ბლოგები

ხელცარიელი მსახური

27 აპრილი, 2021

ნუ გეშინია უბრალოდ გწამდეს

22 თებერვალი, 2017

სად ინახავ უფლის სიტყვას?

1 თებერვალი, 2022

ღვთიური სიცოცხლე შენში

23 თებერვალი, 2017

შორიდან მოსული ფიქრი

4 ნოემბერი, 2019

რით კვებავ შენს ურთიერთობებს?

31 ივლისი, 2019

უდაბნოს იქით…

16 აპრილი, 2016

სიკვდილი არ არის დასასრული…

22 ივლისი, 2016

უფალი გჩუქნის მომავალს

21 აპრილი, 2021
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    გულში არსებული სიცარიელე

    5 მარტი, 2020
  • 2

    თვალი მიაპყარი ზეცას

    15 მარტი, 2019
  • 3

    „დაემორჩილე უფლის ხმას, წამოდექი!“

    9 ივნისი, 2022
  • 4

    ცოდვა – კაცობრიობის ერთადერთი პრობლემა

    12 თებერვალი, 2019
  • 5

    ერთ ნაბიჯში

    26 ნოემბერი, 2019


@2022 - ყველა უფლება დაცულია.

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ