მახსოვს, ბავშვობაში დედამ ურჩობის და სიჯიუტის გამო სახლის ყველაზე მიყრუებულ, ბნელ და უსიცოცხლო ოთახში დამსვა, გვერდით წიგნი დამიდო და მომახალა: „დღის ბოლომდე მზის სინათლეს ვერ ნახავ, თან წიგნს წაიკითხავ და სანამ არ დაასრულებ, აქ იჯდები მარტოდმარტო!“
ჩემი ბავშვური სიცელქის და რთული ხასიათის გამო აღმოვჩნდი იმ ოთახში. შიშმა შემიპყრო, ფაჩუნის გაგონებისას თვალებს ოთახის ყველა კუთხეში ვაცეცებდი. მეგონა, მოჩვენებები დამესხმოდნენ თავს, სინამდვილეში კი თაგვები მიიჩქაროდნენ სოროსკენ. ჯერ მთელი ძალით ვყვიროდი, იქამდე, სანამ ფილტვები არ შემეკუმშა და პასუხის მოლოდინმა საბოლოოდ არ დამღალა. მერე კართან დავჯექი და უკვე ხმადაბლა ვჩურჩულებდი, ვითხოვდი იმ წყეული კარის გაღებას.
სიბნელეს მანამ ვერ დავაღწიე თავი, სანამ დედას ბოდიში არ მოვუხადე. საბოლოოდ მზის სინათლე შევიგრძენი და პირობაც დავდე, რომ ჩემს ჯიუტ და რთულ ხასიათს გავაკონტროლებდი.
წლები გავიდა და იმ ბნელ ოთახში სწორედ სინათლის პოვნის გამო, ახლა უკვე ჩემი ნებით აღმოვჩნდი.
დედაჩემი კვლავ რთულ და აუტანელ ხასიათს აბრალებდა ჩემს „აკვიატებას“. თინეიჯერია, გადაუვლისო, ამბობდა. სხვა სიტყვებით, დედა ცდილობდა, გადარჩენის შანსი გამოეგლიჯა ჩემთვის; შანსი, რომელიც იესოს დაღვრილი სისხლით ყველა ჩვენგანისთვის გახდა ხელმისაწვდომი. ის ჭეშმარიტებას სიცრუედ, და ღმერთისკენ მიმავალ გზას უფსკრულზე გადებულ ხიდად მიიჩნევდა.
წლების შემდეგ, ღმერთის სიყვარულის გამო, იმ ოთხ საზარელ კედელს შორის გამოვიკეტე, რომელიც ბავშვობის ყველაზე ცუდ მოგონებად ჩაძირულიყო მოგონებათა ზღვაში. ის კარი ახლა თავად გავაღე და დავჯექი ჩემი ბიბლიით, რათა მეჩვენებინა ყველასთვის, რომ სინათლე, რომელიც ჩემს გულში ცეცხლივით გიზგიზებდა, იმ ოთახის სიბნელეს გამინათებდა.
გარედან ოჯახის წევრების ხმა აღწევდა ჩემამდე, სუსტია, სადამდე გაუძლებსო. დილამდე ოთახში არსებული სიბნელე და მე, ჩემი ბიბლიით ხელში, ისევ ერთად ვიყავით, მაგრამ ამჯერად ის ვეღარ გაბატონდა ჩემზე.
წლების შემდეგ სიბნელის შიში სინათლის სიყვარულმა დაამარცხა და ჩემთვის შეუძლებელი შესაძლებლად აქცია.
ბნელი ოთახის უკვე დაძველებული კარის ჭრიალმა გამომაფხიზლა, დედა ცრემლიანი თვალებით მიყურებდა.
– როდის გახდი ასეთი? მათ შეგცვალეს. შენს თავს აღარ ჰგავხარ!
– როდის შევიცვალე?! უფლისადმი ნამდვილი სიყვარული და რწმენა რომ ვიგრძენი მთელი ჩემი გულით, მაშინ შევიცვალე და ახლიდან დავიბადე.
– არ მოგცემ უფლებას, არასწორი წარმოდგენებით იცხოვრო!
– რას გააკეთებ? ისევ ამ საშინელ ოთახში ჩამკეტავ, როგორც ბავშვობაში? ნუთუ არ გიხარია, რომ საბოლოოდ მოვიხსენი სულის ბორკილები და თავისუფლება, სინათლე ვპოვე?! ნუთუ არ გახარებს, რომ ჩემი თვალები დღეს რწმენით ციმციმებს და ისევ უკუნი სიბნელე არ ბინადრობს მათში?.. ბავშვობაში, როცა ძილის წინ თმას მივარცხნიდი და ზღაპრული გმირების ისტორიებს მიყვებოდი, შენს მკლავებში მშვიდად მივიძინებდი ხოლმე. დღეს მინდა, მე მოგიყვე მსოფლიოს ყველაზე დიადი გმირის ისტორია, მაგრამ შენ არც კი მისმენ, გულს არ მიხსნი. ნუთუ სიცრუემ ასე დაგაბრმავა და სიყვარული დათრგუნა შენში?! ვწუხვარ…
ცრემლებს ვერ ვიკავებდი, ხმაში სევდა შემეპარა, გულში კი ტკივილი. ავიღე ბიბლია და წასვლა დავაპირე.
– ჩემი შვილი აღარ იქნები, თუ ასე გააგრძელებ…
ეს სიტყვები მეხის გავარდნას ჰგავდა იმ სიჩუმით სავსე ოთახში, ჩემს გულში კი ელვასავით გაიარა. თვალები დავხუჭე და ღრმად ამოვისუნთქე:
– ღვთის შვილი ხომ მაინც ვიქნები, ეგეც საკმარისია. – ვუთხარი მშვიდად და გზა განვაგრძე.