ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ
ქრისტიანის ბლოგი

www.QBlog.Ge

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ

უფალია სისავსე აღმავსებლისა ყოველივესი ყოველივეში

მარიამ ბაიდაშვილი 7 იანვარი, 2021
მარიამ ბაიდაშვილი 7 იანვარი, 2021 104 ნახვა

სამყაროს ვუგდებ ყურს და უფლის ხმა მესმის, თბილი, საამო. ეს ხმა მიზიდავს, მაცოცხლებს; გული ძგერს, როცა მამის სიყვარულს ვეხები. ბუმბერაზ, დათოვლილ მთებს გავყურებ და აქაც შენ ხარ, უფალო; ღრუბლებით მოქარგულ ზეცას ვუმზერ და აქაც შენი ხელის ნაკვალევია. სანუკვარი თილისმა ხარ ჩემს სულზე დაბჯენილი; ჩემი ახალი წელი შენ ხარ, ჩემი გადარჩენა, ჩემი სიმღერა ხარ, რომელიც უსასრულო იმედსა და სხივზე ჰყვება ამბავს.

დედამიწამ კიდევ ერთხელ შემოუარა მზეს, მეც მასთან ერთად ვდგამდი ნაბიჯებს, ხშირად ქარიშხალსა და ტალღებში შენს ხმას ვეღარ ვარჩევდი, ვიკარგებოდი. ბაბუაწვერასავით მიმოვიფანტებოდი ხოლმე ირგვლივ და დაბზარული გულით დავდიოდი, მაგრამ  განთიადს ვუცდიდი, რადგან მაიმედებდა შენი არსებობა ჩემში, სამყაროში, უსასრულო სივრცეში, მარადიულად… მზის ამოსვლის შემდეგ კი სამყარო სხვანაირი ხდებოდა, უფრო მეტად იწმინდებოდა ცა, იწმინდებოდა ჩემი გული. როგორც გამარჯვებული მეფეები ნადავლით ბრუნდებოდნენ შინ, მეც უხილავი სიმდიდრითა და ძალით აღვსილი მოვაბიჯებდი შტორმიდან… უფლის მოიმედეთა ბრძოლა ყოველთვის გამარჯვებით სრულდება, ამას მიმტკიცებ დაბადებიდან დღემდე. ნისლით და გაურკვევლობით დაფარულ დღეებში თითქოს მძერწავდი, ზედმეტ ნაწილებს აცლიდი ჩემს სულს და ახლა აქ ვარ, ახალი ქმნილება, უფლის ხელები ატყვია ჩემს სულს.

როდესაც დედამიწამ ათვლა იწყო კიდევ ერთი წლით, მე უხილავს ვუმზერდი რწმენით. სხვადასხვა გარემოება, ადამიანები, ბოროტი სულები ხავსივით ედებოდნენ ჩემს გონებას, სულს და ამბობდნენ, რომ ხილული დააყოვნებდა, მაგრამ  ახლა უხილავში დანახულ ხილულს ვეხები. აშენებდა ნოე კიდობანს, ხმაურში, დაცინვაში, ხალხთა მიერ მოტანილ ეჭვში, მაგრამ ყოველი ფიცრის დადებისას ის იხსენებდა მამის დანაპირებს, მან იცოდა, რომ უფლის სიტყვები მტკიცე დასაყრდენია. დადიოდა აბრაამი უდაბნოში, მრავალ ვარსკვლავს შესცქეროდა და ყოველ ჯერზე, როცა ზეცას შეხედავდა, შენი სიტყვები ახსენებდა თავს: „მრავალი ერის მამად გაქცევ შენ!“, როცა საკუთარ ძალებს ვეღარ დაეყრდნობოდა, შენი ძალა შეაშველე მას და სისრულეში მოიყვანე შენი დანაპირები მაშინაც, როდესაც იოტისოდენა იმედიც კი აღარ არსებობდა.

და შენ… შენც ამ მიწაზე ხარ, შეგიძლია, შენი გამარჯვების ისტორია დაწერო, არ დაეჭვდე უფალში! შენ შეგიძლია, ყველაფერში იპოვო იგი, თუნდაც სახლში მდგარ ქოთნის ყვავილში, რომელიც ყოველ დილით იღვიძებს და სილამაზით გატკბობს, ეს უფლის ხელით გამოძერწილია, ბუმბერაზი ხეები მამის დახატულია, თოვლიც, რომელიც ციდან ეცემა შენი ფანჯრის რაფაზე,  ქარი, რომელიც შენს თმას აშრიალებს, მზე, რომელიც გათბობს, დედამიწა, რომელიც ბრუნავს, ტალღების ხმაური, ხეთა ნაზი რწევა, სინათლე, ქვიშა, ყველაფერი, რასაც ეხები, ეს უფლის ჩანაფიქრია – უხილავიდან ხილულში მოსული, და როცა იმედს დაკარგავ, შეხედე მის ხელთა ნამოქმედარს და გჯეროდეს შენს ცხოვრებაში მამის არსებობის. დედამიწა კვლავ იწყებს ათვლას და შენ ახალი მოგზაურობა გელის, ყველაზე ტკბილი თავგადასავალი იესოსთან ერთად. შენი ახალი წელი მაშინ დადგება, როცა შენში კიდევ ერთხელ დაინახავ ახალ ქმნილებას, მამისაგან აღდგენილსა და დამშვენებულს!

წარმოიდგინე, რომ შენი სული ნაძვის ხეა, რომელზეც სათამაშოს ნაცვლად უფლისმიერ გამარჯვებას ჩამოჰკიდებ და იგრძნობ, როგორ მოედება მთელ სხეულს ბრწყინვალება, სინათლე და ჩაუქრობელი სიხარული.

მარიამ ბაიდაშვილი

ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეცნიერება-ხელოვნების განხრით. ვარ გორის ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის წევრი, ვგალობ ეკლესიის მგალობელთა გუნდში და ასევე, ვასწავლი საკვირაო სკოლაში. ძალიან მიყვარს კითხვა და წერა. როდესაც არ ვწერ, ცარიელი და გამოფიტული ვარ. მიყვარს აგრეთვე უცნაური ფორმის გირჩების შეგროვება და ყვავილების შენახვა წიგნებში; თითებით ხატვა და ქსოვა. მინდა, რომ მწერალი გავხდე და ვიყო ასევე რედაქტორ-კორექტორი. ჩემი საყვარელი ბიბლიური მუხლია: რომაელთა 8:38-39 „და მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო და ვერც მყოფადი, ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.“

მისწერე ავტორს ფეისბუკზე

დატოვე კომენტარი პასუხის გაუქმება

შეინახე ჩემი სახელი, ელ.ფოსტა და ვებგვერდი ამ ბრაუზერში, შემდგომი კომენტარების დასატოვებლად.

შემთხვევითი ბლოგები

“და ასე იქმნა ნათელი ჩემს უდაბურ შინაგანში…”

23 მარტი, 2020

სამყაროს სჭირდება ქრისტე!

24 აპრილი, 2019

ღმერთის ნება იყო?

5 მარტი, 2019

იქ, არც ისე შორს – შენ გვერდით…

8 მარტი, 2016

არის სხვა გზაც….

28 თებერვალი, 2015

სად არის, სიკვდილო, შენი ნესტარი? სად არის, ჯოჯოხეთო,...

1 მაისი, 2016

ნუ გეშინია!

18 დეკემბერი, 2014

იესო – ერთადერთი თავშესაფარი

28 ნოემბერი, 2019

და მაინც, მან მოგიწოდა

20 ნოემბერი, 2018
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    უფლის წუხილი დაკარგულ კრავზე

    15 მაისი, 2018
  • 2

    დაემორჩილე უფალს და დაელოდე მას

    4 ნოემბერი, 2019
  • 3

    ითოვოს ნეტავ…

    26 აპრილი, 2018
  • 4

    ზეციური სიყვარულის შეხება

    10 დეკემბერი, 2020
  • 5

    იესო – ერთადერთი თავშესაფარი

    28 ნოემბერი, 2019


@2020 - ყველა უფლება დაცულია.