ქრისტიანის ბლოგი
www.QBlog.Ge
ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ

უძღები შვილის დაბრუნება

მიმი ტიელიძე 24 ივნისი, 2021
მიმი ტიელიძე 24 ივნისი, 2021 1.7K ნახვა
1.7K

თვალებს ვახელ. არ მსურს ლოგინიდან ადგომა, ყველაფერი მეზარება. ბოლოს, როგორც იქნა, თავს ძალას ვატან, ვდგები და ჩემთვის საუზმის მომზადებას ვიწყებ. საჭმელს გემოს ვერ ვატან. სიცარიელეს ვგრძნობ. სიცარიელეს, რომელიც გამოფიტვაზე მეტია. ვგრძნობ, რომ რაღაც ჩემ შიგნით ტირის. უზომოდ მტკივნეულ სევდას განვიცდი. სევდას, რომელიც მგონია, რომ გამაგიჟებს. თავს ვერ ვაღწევ ამ გრძნობებსა და ემოციებს. გავდივარ ქალაქში, ხან რომელ პარკში ვსეირნობ, ხან რომელ ნაყინს მივირთმევ, მაგრამ არ მშველის. თითქოს ჩემი „მე“ გამებუტა და აღარ მელაპარაკება. მაინც ჯიუტად მგონია, რომ მოგზაურობა, საყიდლებზე სიარული ან ფოტოების გადაღება დამეხმარება. მინდა, ტვინი გავთიშო, მაგრამ არ შემიძლია.

დავჯექი. ხელში ჩანგალი მოვიმარჯვე მორიგი სალათის დასაგემოვნებლად, მაგრამ ნიაღვრად წამოსულმა ცრემლების ნაკადმა არ მომცა ამის საშუალება. ვტირი. მინდა, შევიკავო ცრემლები, მაგრამ არ გამომდის. ჩემ გარშემო ხალხია და არ მინდა, მათ შეამჩნიონ ჩემი ცრემლები. ისინი მაინც ვერ დამეხმარებიან. მათ არ იციან, რა მჭირს. და მეც რომ არ ვიცი? ვფიქრობ და ვერ ვხვდები, რა მატირებს. ვგრძნობ, რომ ჩემი გულის სიღრმიდან მოდის ეს უზომო სევდა. ჩემი სული განიცდის რაღაცას. შემდეგ მივხვდი – განვიცდიდი იმას, რომ რაღაც მაკლდა. მეორე დღესაც ასე გაგრძელდა. ქუჩაში გარეგნულად ლამაზი და ღიმილიანი სახით დავდიოდი, მაგრამ ჩემს შინაგანში ჩემი „მე“ რაღაცის ნაკლებობას განიცდიდა.

გადის დღეები. ისევ სულიერად ვიტანჯები. ვგრძნობ, რომ უარმყვეს. ვგრძნობ, რომ არავის ვუნდივარ, მათ შორის არც საკუთარ თავს. მივხვდი, რომ ჩემი ლამაზი კაბები ვერ მალამაზებს, ვერ მივსებს გულს ნამდვილი სიხარულით. განა აქამდე კარგად არ ვიყავი? როგორ მიხაროდა ხოლმე მოგზაურობა, ახალ ტანსაცმელში გამოწყობა, ლამაზ პარკებში გასეირნება. ახლა რა დამემართა? რატომ ვერ განვიცდი სიხარულს? ჩემში მხოლოდ სევდა დაბუდებულა და ვიცი, რომ დროზე თუ არ განვდევნე ეს სევდა, დეპრესიაში გადაიზრდება.

მერე გამახსენდა: ბოლოს როდის ვილოცე? ღმერთო, ბოლოს როდის დაგელაპარაკე? რაღაც რომ მაწუხებდა, შენ მოგიყევი თუ მეგობრებს შევჩივლე? რა თქმა უნდა, მეგობრებს. უფრო მეტიც, ჩემს პრობლემებზე მოვუყევი სრულიად უცხო ადამიანებს, რომლებსაც ჩემი დახმარება არ შეეძლოთ. რატომ შენთან არ მოვედი? არ მაქვს, ღმერთო, პასუხი… უფრო სწორად, მაქვს პასუხი, მე უბრალოდ მრცხვენია. მრცხვენია იმის, რომ გიღალატე…

და გამახსენდა, ბოლო პერიოდში რამდენი სისულელე ჩავიდინე, რამდენი შეცდომა დავუშვი, რამდენჯერ მოვიტყუე, რამდენჯერ გავლანძღე ადამიანები, მათ შორის ზუსტად ისინი, რომლებიც ამას არ იმსახურებდნენ; რამდენი დავწყევლე, რამდენის შემშურდა, რამდენ არასწორ ურთიერთობაში ჩავები, რამდენი ბილწი სიტყვა ვთქვი… მივხვდი, რომ ცოდვაში ვცხოვრობდი. და მივხვდი, რომ სულიერ სიცარიელესა და სევდას განვიცდიდი, რადგან ღვთის სული გამშორდა და ჩემმა სულმა ეს ვერ აიტანა, რადგან ის შექმნილია ღმერთთან ურთიერთობისთვის, მაგრამ ამავდროულად, ღმერთის ადგილი მხოლოდ წმინდა გულშია, იმიტომ, რომ ღმერთი ვერ ეგუება უწმინდურებას.

და როგორი იყო ჩემი გული? ზუსტადაც რომ დასვრილი, ჭუჭყიანი და უსუფთაო. ასეთ ადგილას კი სულიწმიდა ვერ ისვენებს. მას სჭირდება ისეთი გული, რომელიც მიდრეკილია უფლის მორჩილებისა და სიწმინდისკენ…

როგორც კი ეს გავაცნობიერე, მივხვდი, რამდენად ცოდვილი არსება ვიყავი, არადა მანამდე ჩემი თავი განსაკუთრებულად კარგი ადამიანი მეგონა. მივხვდი, რომ ჩემი ცოდვების გამო ჩემს ნამდვილ მამას – უფალს ვკარგავდი. განა რამდენ ხანს შეძლებდა ჩემი სული უფლის გარეშე ცხოვრებას? ამ სულიერ სიცარიელეს განა რამდენ ხანს გაუძლებდა ჩემი სუსტი სხეული? მივხვდი, რომ მონანიება და განწმენდა მჭირდებოდა. მივხვდი, იმისთვის არ დავბადებულვარ, რომ ღმერთს ვუღალატო და ჩემი ცხოვრება ცოდვაში გავატარო…

გადავწყვიტე, მელოცა. რამდენიმე წუთი ჩუმად ვიჯექი. ხმა ვერ ამოვიღე, რადგან მრცხვენოდა. ღმერთის მრცხვენოდა, რადგან ვიცოდი, რომ მას ვუღალატე და გული ვატკინე, თანაც ჩემი ნებით. ჩემში ბრძოლა მიდიოდა, ვიცოდი, რომ თუ არ მოვინანიებდი, საბოლოოდ დავკარგავდი ღმერთს და ღვთის გარეშე ცხოვრება ცოცხალ კოშმარად მეჩვენებოდა. როგორც იქნა, ხმა ამოვიღე და პატიება ვთხოვე მას, ვინც ყველაზე სამართლიანი და მოწყალე მამაა. ისიც ვაღიარე, რომ ჩემი ნებით შევცოდე, არაფერი დამიმალავს უფლისთვის, ან კი რას დავუმალავდი… ლოცვის შემდეგ ცოტა ხანში ჩამეძინა. როცა გავიღვიძე, შედარებით ენერგიულად ვიყავი და გასეირნება გადავწყვიტე. ჩავიცვი ლამაზად და გარეთ გავედი. მიხაროდა, რომ ვსეირნობდი, მომწონდა ისიც, როგორ გამოვიყურებოდი. სახლში დაბრუნებისას ვიცეკვე კიდეც, მთელი ენთუზიაზმით. შემდეგ დავფიქრდი, საიდან მოდიოდა ჩემში ამდენი ენერგია, როდესაც აქამდე სიცოცხლეც კი მეზარებოდა… გადავშალე ბიბლია და ყველაფერი, რაც წავიკითხე, სრულიად გავიაზრე. აქამდე თითქოს თვალებზე ბინდი მქონდა გადაკრული, ახლა კი ყველაფერი ნათელი იყო. აქამდე თუ მეზარებოდა, ახლა მსურდა, მელოცა. ჩემში ლოცვისა და ბიბლიის კითხვის სურვილი დაბრუნებულიყო. აქამდე ღვთისადმი მადლიერების გრძნობაც დაკარგული მქონდა. ახლა კი ნელ-ნელა მახსენდებოდა, რამდენი რამ უჩუქებია ღმერთს ჩემს ცხოვრებაში. უფრო მეტიც, აქამდე თუ ძალიან ვზარმაცობდი, ჩემი სიზარმაცე თითქმის მთლიანად გამქრალიყო, ჩემში სწავლისა და სიბრძნის შეძენის მეტი მოტივაცია აღმოვაჩინე და გამიკვირდა. კი მაგრამ, საიდან ეს ყველაფერი?

ბოლოს მივხვდი: იმან, ვისაც არ სურს ადამიანთა დაღუპვა, მაპატია ჩემი ცოდვები, რადგან არ დავუმალე არაფერი. ის ჩემგან სწორედ იმას ელოდებოდა, როდის მივიდოდი და ვეტყოდი, რომ არ მაქვს საკმარისი სიბრძნე და სიყვარული, რომ საკმარისად მომთმენი არ ვარ ამ ცხოვრებაში, რომ ძალიან სუსტი ვარ და ამიტომ ვეცემი სულიერად… მან მაპატია, თუმცა ამას არ ვიმსახურებდი… და არა მხოლოდ მაპატია, არამედ მომანიჭა მეტი სულიერი მგრძნობელობა, მადლიერების უნარი და ძალა, რომ ამ ცხოვრებაში წარმატებას მივაღწიო ყველა სფეროში.

ადამიანები გამწირავდნენ, მათთვის რომ მეღალატა, კარს მომიხურავდნენ სამუდამოდ. უფალი კი მიცდიდა, როდის დაბრუნდებოდა თავისი უძღები შვილი, რომ შორიდანვე მსახურნი გამოეგზავნა ჩემთან შესაგებებლად, შემდეგ კი ჩემკენ გამოქცეულიყო და ჩამხუტებოდა. და თქვენი აზრით, რა დამემართებოდა ამ ყველაფრის შემდეგ? განსაკუთრებული სიყვარული ვიგრძენი ჩემი ზეციერი მამისგან და მივხვდი, რომ მან მაშინაც კი არ მიმატოვა, როდესაც მე დავტოვე იგი… ის ეძებს მომნანიე გულის მქონე ადამიანებს და მათ კარზე აკაკუნებს. თქვენ მხოლოდ მისი ძახილი უნდა გაიგონოთ და მას კარი გაუღოთ, აღიარეთ მასთან ყველა ცოდვა (აბსოლუტურად ყველა) და არ შეგეშინდეთ! ის ადამიანი არ არის, რომ თქვენზე უარი თქვას! მას ყოველთვის უყვარხართ – დაცემული, ჭუჭყიანი და ბინძურიც კი. მას ყოველთვის სურს თქვენი მიღება, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ღმერთი უწმინდურებას ვერ იტანს, რადგან ის წმინდაა. ამიტომ საჭიროა ჩვენი გულების განწმენდა (ამაში დახმარება კი მხოლოდ ღმერთს შეუძლია), ამიტომ მიდით მასთან, დატოვეთ ყველაფერი და ის მოგანიჭებთ სიხარულს; ის ამოგივსებთ იმ სიცარიელეს, რომელიც გტანჯავთ; ის მოგიშუშებთ იმ ჭრილობებს, რომლებიც ადამიანებმა მოგაყენეს. ის განგაახლებთ, რადგან უფლის დაღვრილი სისხლი ჯვარზე სრულიად საკმარისია.

როგორ ტალახშიც არ უნდა იყოთ, ყოველთვის არსებობს გამოსავალი – მოუხმეთ იესოს! ისაა საუკეთესო მკურნალი და ექიმი. მასშია უდიდესი ძალა და გამარჯვება.

მიმი ტიელიძე

დატოვე კომენტარი პასუხის გაუქმება

შეინახე ჩემი სახელი, ელ.ფოსტა და ვებგვერდი ამ ბრაუზერში, შემდგომი კომენტარების დასატოვებლად.

შემთხვევითი ბლოგები

LGBT – გაუკუღმართებული გრძნობები…

20 ივნისი, 2017

მოდი, უფალო, ჩვენს დაბნელებულ ქვეყანაში

8 სექტემბერი, 2020

იფიქრე, რაზე ფიქრობ

17 მარტი, 2022

როგორ უნდა გამოიყურებოდეს ქრისტიანი სოციალურ ქსელში?!

2 ივლისი, 2018

შობის საჩუქარი

25 დეკემბერი, 2022

გაიღვიძე, მძინარავ!

29 მაისი, 2019

სამყაროში უკვალოდ არაფერი ქრება

29 ნოემბერი, 2017

შეხედე საკუთარ თავს ღმერთის თვალებით…

30 ნოემბერი, 2016

იმედგაცრუების ძირითადი მიზეზი

31 ივლისი, 2019
Facebook

პოპულარული ბლოგები

  • 1

    ცოდვა – კაცობრიობის ერთადერთი პრობლემა

    12 თებერვალი, 2019
  • 2

    პატიება

    5 დეკემბერი, 2015
  • 3

    რა ღირს ადამიანი?

    1 დეკემბერი, 2016
  • 4

    სიკეთის ენა

    6 ნოემბერი, 2018
  • 5

    მეორე ლოყის მიშვერის შესახებ

    2 აპრილი, 2019


@2022 - ყველა უფლება დაცულია.

ქრისტიანის ბლოგი
  • მთავარი
  • ახალი ბლოგები
  • ბლოგერები
  • ვიდეო
  • ჩვენ შესახებ