ცხოვრებისეულ ბალანსს შენ მიერ მიღებული თითოეული გადაწყვეტილებით ინარჩუნებ. ვფიქრობ, რომ ადამიანები არ ვიბადებით სუსტებად და ძლიერებად, ეს ჩვენს გადაწყვეტილებათა შედეგია. იყო ძლიერი, არ ნიშნავს, დაბადებიდან თანდაყოლილი გქონდეს პრობლემებზე გამკლავების უდიდესი იმუნიტეტი.
დააკვირდით ძლიერ ადამიანს, აუცილებლად გაოცდებით მისი ისტორიით; მიხვდებით, რომ მისი გულის სიძლიერეს, მისივე რთული წარსული ქმნის; დღეს კი ძლიერ, მისაბაძ ადამიანად მიიჩნევა, რადგან ტკივილის მიუხედავად აღმატებული აირჩია. მესმის, ზოგჯერ ისე ვიღლებით, რომ სასოწარკვეთილებას მივეცემით ხოლმე. ჩემს ცხოვრებაში ყოფილა ასეთი მომენტი და მინდა, დღეს ამაზე გესაუბროთ, რადგან ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს დაუდგება ცხოვრებაში მსგავსი სირთულე; უმეტესად, იმიტომ ვიღლებით, რომ არასწორ ადგილას ვიბრძვით, მე არ მინდა, რომ თქვენც ასე დაგემართოთ.
ვინც მიცნობს, იცის, რომ არ ვარ დეპრესიული ადამიანი, მაგრამ მქონია მომენტი, როცა მისკენ გზა ჩემი გადაწყვეტილებებით გავკვალე. სანამ დეპრესიას მივადგებით, მანამდე არის გზა, რომელიც სამ ეტაპად დავყავი; ამ სამი ეტაპის გავლის შედეგი გახლავთ დეპრესია.
I – გულის გაუხეშების გზა
თეორიულად ყველამ კარგად ვიცით, რომ ღმერთი ყოველთვის მზად არის, დახმარების ხელი შუაგულ შტორმშიც გამოგვიწოდოს, თუმცა, ჩვენ ხშირ შემთხვევაში საპასუხოდ ხელს არ ვუწვდით; ის გვეძახის, ჩვენ კი მაინც ვაგრძელებთ საკუთარი თვალთახედვით ცხოვრებას; გულის წადილს ვკარგავთ, რომ ჩვენი ცხოვრება რეალურად შევცვალოთ, ამას მოჰყვება გულის გაუხეშება.
II – უკმაყოფილების გზა
როცა ცხოვრების მიზანს ხარ აცდენილი, შეუძლებელია, შეძლო ხარისხიანად ტკბობა, ვგულისხმობ იმას, რომ თუ სულის სიმშვიდე დაკარგული გაქვს, მშვიდ გარემოშიც შინაგან შფოთს განიცდი; ამის გამო სრულყოფილად ვერ ხარობ, არაფერი გაბედნიერებს, ყველაფერს ეჩვევი; დილა რომ გაგითენდა, ფიქრობ, რომ ეს ასეც უნდა იყოს; მადლიერ გულს კარგავ, რაც უკმაყოფილების გზაზე აღმოგაჩენს.
III – უმიზნობის გზა
როცა აღარ აახლებ გონებას, შემეცნების დონეც იკლებს, ბურუსი ჩვენს მიზანს გარემოიცავს, რაც ხშირ შემთხვევაში მოქმედების ძალას გვიკარგავს; უმოქმედობა მიზანს ჩვენი თვალსაწიერიდან აქრობს, უმიზნობას კი დეპრესიამდე მივყავართ.
ამ საფეხურების გავლისას დეპრესია მზად არის, „შინ შეგიპატიჟოთ“. როდესაც ღმერთს აღარ უკავია თავისი კუთვნილი პირველი ადგილი შენს ცხოვრებაში, საძირკველი გეცლება, შეიძლება ყველაფერიც გქონდეს, მაგრამ შინაგანად სიცარიელეს განიცდიდე; შეიძლება ჩუმად იყო მაშინ, როცა შენი შინაგანი ყვირის, შენი დუმილი კი, ტკივილის კიდევ ერთ სიტყვად ითვლებოდეს; თვალახვეული იბრძოდე, მიმართულების გარეშე, გაურკვევლად იქნევდე მუშტებს; მე სწორედ აქ შემეშალა: შედეგს ვერკინებოდი, როცა მისი გამომწვევი მიზეზი „ტაშს მიკრავდა“. შეცდომაზე ვისწავლე და დავიწყე ფესვების ამოძირკვა:
I – შევცვალე ჩემი ცხოვრება 180°-ით.
მოვინანიე ჩემი უგუნურება. ღმერთს ჩემი არცერთი სისუსტე არ უკვირს, ამიტომ მასთან ყოველთვის 100%-ით წრფელი ვარ. ვაღიარე და ვთქვი, რომ რაღაცებში ჩემი ძალებით ვიბრძოდი. კომპრომისი ასე უეცრად არ მოდის, ჯერ იბადება აზრი, რომელსაც თუ დავეთანხმები, ავტომატურად ჩემს გულში ვუშვებ, ღმერთი კი ადამიანთა გულებს წონის; ხოლო მონანიებით ღმერთს საშუალება ეძლევა, გაუხეშებული გული დაარბილოს, რასაც ჩვენი ქმედების ცვლილება მოსდევს.
II – გადავწყვიტე, ვყოფილიყავი მადლიერი.
დავიწყე მადლიერება ყველაფრისთვის, ამით განვიცადე მადლიერებით გამოწვეული ბედნიერება, რამაც სიხარულის უშრეტ წყაროსთან შემაერთა და მასწავლა ქრისტეში კმაყოფილება.
III – განვაახლე ჩემი ხედვა.
როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყო, მისი მადლით ვცდილობ, დავრჩე ჩემი გადაწყვეტილების ერთგული. ჩემს გონებას წმინდა წერილის შუქზე ვაახლებ, რაც მეხმარება, მკაფიოდ დავინახო ჩემი მთავარი მიზანი და მიბიძგებს – ვიმოქმედო მისთვის.
მესმის შენი გრძნობების სიღრმე, მეც განმიცდია შინაგანი ტკივილი, რომელიც გულის გავლით სულს სწვდებოდა; მეც შენ მსგავსად ლაბირინთში მორბენალს ვგავდი, რომელიც რაღაცისგან გაქცევის ხარჯზე შეშინებული უმიზნოდ დარბოდა… თუ შენც გინდა, თავი დააღწიო დეპრესიას, მაშინ იმოქმედე! გადაწყვიტე და შეცვალე შენი ცხოვრება ღმერთთან პირადი ურთიერთობით; მოასწორე შენი ბილიკი წმინდა წერილის შუქზე; იყავი მადლიერი და ისწავლე კმაყოფილება იმით, რაც უკვე გაქვს; გონებაში გქონდეს მკაფიო სურათი, რომლის აღსრულებისთვისაც ძალას არ დაიშურებ! გახსოვდეს, ყოვლისშემძლე ღმერთია შენთან, ის იბრძვის შენ გამო.
ღმერთს აქვს გეგმა შენთვის!