შვილები ალბათ ბევრ თქვენგანს გყავთ. დარწმუნებული ვარ, თითოეულს ძალიან გიყვართ ისინი. სულ რომ რამე დააშავონ, თქვენი სიყვარული არ ნელდება მათ მიმართ. რატომ? იმიტომ, რომ შვილია. არ გამოდის სხვანაირად, ასეა ‒ როგორც არ უნდა გატკინოს გული, მაინც შენი ნაწილია და რაც არ უნდა მოხდეს, მაინც გეყვარება.
შვილები ვისაც გყავთ, რას გრძნობთ, მათ რომ უყურებთ? დარწმუნებული ვარ, მათში ხედავთ ყველაზე ლამაზ, ჭკვიან, ყველაზე კეთილ, კარგ ადამიანებს. მათი ყურებისას პირველად ხომ იმას ხედავთ, თუ რა კარგები არიან თქვენი შვილები და ივიწყებთ იმას, თუ რამდენჯერ უტკენიათ გული თქვენთვის? ასეა ღმერთიც. ის გიყურებთ, როგორც საკუთარ შვილებს, რომლებმაც რაც არ უნდა დააშავონ, მას მაინც ეყვარება ისინი. რატომ? იმიტომ, რომ მისი შექმნილები ვართ, ჩვენ უფლის ნაწილნი ვართ, რომელთაც ღმერთი მუდმივად იფარავს და თავისი კალთის ქვეშ ამყოფებს.
მშობლობა ამას ნიშნავს ‒ მიიღო შენი შვილი ისეთი, როგორიც არის და გიყვარდეს იგი. გიყვარდეს უპირობოდ, ანუ ყოველგვარი დამსახურების გარეშე. ერთხელ მაინც თუ დაფიქრებულხართ, მშობლებს რომ უყვარხართ, ეს რით დაიმსახურეთ? ხომ არაფრით?! მშობლების სიყვარული ჩვენ არანაირად არ დაგვიმსახურებია, ეს სიყვარული გვეძლევა უფასოდ, სრულიად უფასოდ და უანგაროდ.
და უფალზე უკეთესი მშობელი ვინ არის? ის მამაა ჩვენი, რომელმაც ჩვენს ფიზიკურ მშობლებზე უკეთესად იცის, რა გვჭირდება და როდის. მამობა უფალზე კარგად არავის ესმის, რადგან ვიდრე ვთხოვდეთ, მანამდე გვიმზადებს ყველაფერს: „რადგან თქვენმა მამამ მანამდე იცის, რა გჭირდებათ, ვიდრე ითხოვდეთ.“ (მათე 6:8).
ერთხელ მაინც თუ გითქვამთ მადლობა უფლისთვის, რომ გაგაჩინათ? რომ მოგცათ დედა და მამა, რომლებიც თქვენზე ზრუნავენ? იცით, ყველას არ ჰყავს მშობელი და ძალიან ბევრ ადამიანს საერთოდ არ განუცდია მშობლის სითბო. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი დავიწყებულნი არიან. სულ რომ დაგივიწყონ ადამიანებმა, სულ რომ უარი თქვას შენზე საკუთარმა მშობელმაც კი, უფალი არასდროს უარგყოფს. „განა დაივიწყებს ქალი თავის ძუძუთა ბავშვს და არ შეიბრალებს ძეს თავისი მუცლისას? იმათაც რომ დაივიწყონ, მე არ დაგივიწყებ შენ!“ (ესაია 49:15). ბოლო წუთამდე ღმერთი მზად არის, ხელი გამოგიწოდოს და გულში ჩაგიკრას, ოღონდ კი მოუხმო მას. სულ რომ გულის კუნჭულში წარმოთქვა მისი სახელი, უფალი იქაც გაიგონებს. გული, რომელიც შენს მკერდში ძგერს, ასევე უფლის შექმნილია და მასზე კარგად არავინ იცის შენი აგებულება: „შენ გამოსახე ჩემი თირკმელები, დედაჩემის მუცელში გამომძერწე.“ (ფსალმ. 138:13). მან გამოგძერწა, მან ჩაგბერა სული და იცის შენი სისუსტეები, იცის, თიხის ჭურჭელი რომ ხარ და ყველაფერი რომ არ შეგიძლია. მაგრამ ის თუ იცი შენ, ადამიანო, რომ უფალთან ერთად ყველაფერი შესაძლებელია?
მაშ, მიიღე გადაწყვეტილება და ჩასჭიდე ხელი შენს ზეციერ მამას, უფალსა და მხსნელს, რომელიც იმედს არასდროს გაგიცრუებს. ნუღარ ატკენ მას გულს შენი დაუფიქრებელი საქციელით, ნუღარ დაუკაწრავ ისედაც ნაიარევ სხეულს; სხეულს, რომელიც მან ჯვარზე აზიდა ჩვენი ცოდვების გამო. ის მშობელია და მას სტკივა, როდესაც ცუდად იქცევი. თუმცა ჩუმად არის, არაფერს გეუბნება, რადგან გელოდება, როდის მიხვალ მასთან და პატიებას სთხოვ, რომ გამოიქცეს შენკენ და გულში ჩაგიხუტოს უძღები შვილის მსგავსად:
„ადგა და წავიდა თავის მამასთან. ჯერ კიდევ შორს იყო, მამამ რომ დაინახა, შეებრალა, გაიქცა, კისერზე მოეხვია და დაკოცნა. უთხრა ვაჟმა: ‘მამა! შევცოდე ზეცის წინააღმდეგ და შენ წინაშე. ღირსი აღარ ვარ, შენს ძედ ვიწოდებოდე.’ მამამ კი უთხრა თავის მონებს: ‘სასწრაფოდ მოუტანეთ საუკეთესო სამოსელი და შემოსეთ, ხელზე ბეჭედი გაუკეთეთ და ფეხზე სანდლები ჩააცვით!’“ (ლუკა 15:20-22).
გაიქეცი უფალთან შესარიგებლად, თუ ჯერ კიდევ არ შერიგებიხარ მას. ნუ დააყოვნებ, ის გელოდება.